რომანი და დეტექტივი

პრეპარატი

№18

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 24.05

რომანი 2
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #17 (1270)

ამის შემდეგ ჩვენი საუბრის თემა შეიცვალა და ვაინერს ფულსა და პოლიტიკაზე სიტყვაც აღარ დაუძრავს. თუმცა, ისე წაიყვანა საუბარი, რომ ჩვენს ექსპერიმენტებს შეეხო და ჩვენდა გასაკვირად, უმეტეს მათგანს კარგად იცნობდა. გვითხრა კიდეც:

– იძულებული ვარ, რომ ყველა სიახლეს გავეცნო და შეძლებისდაგვარად, ძალიან სწრაფად დავნერგო. წინააღმდეგ შემთხვევაში კონკურენტები დამასწრებენ.

– შეიძლება, ითქვას, რომ თქვენი კომპანია უკონკურენტოა და ყველაზე წარმატებული, – უთხრა მამაშენმა.

ვაინერმა კი მიუგო:

– გეთანხმებით. მეტიც, ეს ჩემი ერთპიროვნული დამსახურებაა, – ვაინერმა საათს დახედა და დააყოლა, – ბოდიშს გიხდით, მეგობრებო, მაგრამ ნახევარ საათში მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს.

ჩვენ წამოვდექით და წასასვლელად მოვემზადეთ. მამაშენმა ხელი ჩამოართვა მას და უთხრა:

– ნახვამდის, ბატონო ვაინერ.

მან კი კვლავ უცნაური ღიმილით გვითხრა:

– კიდევ ორიოდე, მაგრამ მნიშვნელოვანი სიტყვა მაქვს თქვენთან სათქმელი. განსაკუთრებით კი ქალბატონთან.

– გისმენთ, ბატონო ვაინერ. ბრძანეთ, – ვთქვი მე და თვალებში მივაცქერდი.

– ქალბატონო, როგორც ვიცი, ფეხმძიმობის მესამე თვე დაასრულეთ.

– დიახ. თქვენ საიდან იცით?

– მე ბევრი რამ ვიცი.

– ჩემს ფეხმძიმობას რა კავშირი აქვს ჩვენს საქმესთან?

– პირდაპირი.

– პირდაპირი?

– დიახ. პირდაპირი და კარგად მომისმინეთ, მეგობრებო. თქვენი ექსპერიმენტების მსვლელობას დიდი გულისყურით ვადევნებ თვალყურს. უტყუარად ვიცი, რომ მცენარეებისგან ისეთი პრეპარატი გაქვთ შექმნილი, რომელიც მეორე სტადიის სიმსივნეს სრულად აქრობს. ზუსტად ისე, როგორც შარშანდელი თოვლი ქრება ხოლმე.

– დიახ. მართალს ბრძანებთ. მერე რა? – საუბარში მამაშენი ჩაერთო.

– მერე ის, ჩემო მეგობარო, რომ ერთი პირობა უნდა შეასრულოთ, რომელსაც მე დაგიდებთ.

– რა პირობა?

– რა და ეს პრეპარატი წარმოებაში არ უნდა გავიდეს და სასურველია, რომ ამ ტიპის სამუშაოები ან სრულად შეწყვიტოთ, ან დროებით გაყინოთ.

– რა უფლებით ამბობთ ამას?

– სიცოცხლის უფლებით, ჩემო მეგობარო.

– რას გულისხმობთ?

– თქვენს შვილს, რომელიც ამ მშვენიერ ქალბატონს მუცელში უზის.

ამ სიტყვებზე მამაშენს თვალები აუელვარდა და შევატყვე, რომ მზად იყო ვილის მასპინძელ მილიარდერს ყელში სცემოდა. მაგრამ მე გავაჩერე და ვაინერს ვუთხარი:

– ესე იგი, სიცოცხლის მოსპობით გვემუქრებით.

– ეს უკიდურესი ზომაა და იმ შემთხვევისთვისაა გამიზნული, თუკი ჩემს პირობას არ შეასრულებთ. პირობა კი ასეთია, – თქვენს სახელზე ჟენევის ბანკში ოცდახუთი მილიონი დოლარი დაიდება მომთხოვნის სახელზე და ნებისმიერს შეეძლება ამ თანხის აღება, ვინც კოდს წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერად. კოდი კი, ქალბატონო, თქვენი და თქვენი მეუღლის დაბადების თარიღებია, ამ თანმიმდევრობით. ძალიან მარტივი კომბინაციაა და დამახსოვრება არ გაგიჭირდებათ.

– თქვენი ფული არაფერში გვჭირდება, მშვიდობით! – თქვა მამაშენმა. ხელკავი გამომდო და გასასვლელისკენ გავემართეთ.

ვაინერმა მოგვაძახა:

– ჩემო მეგობრებო, ჩემს სიტყვებში ნუ დაეჭვდებით, ეს თანხა მუდმივად იდება ჟენევის ბანკში და რაც უფრო გვიან გამოიტანენ, მით უფრო მეტი პროცენტი დაემატება. მთავარი და დამაჯერებელი კი ისაა, ანუ ჩემი სიტყვები რომ ყოველთვის მართლდება და ეჭვი რომ არ შეგეპაროთ ჩემს ნათქვამში, იცოდეთ, ხვალ ტრანსატლანტიკური რეისი ოკეანის თავზე კატასტროფაში მოხვდება და სამასი მგზავრი და ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპება. ყურადღებით იყავით და ჩემი ეს პროგნოზი არ გამოგეპაროთ. ყყელაფერი კარგად გაიაზრეთ და სწორი დასკვნები გამოიტანეთ. ახლა კი შეგიძლიათ, წაბრძანდეთ და დიდ მადლობას გიხდით ჩემთან სტუმრობისთვის.

როგორც რუდოლფ ვაინერმა თქვა, თვითფმრინავმა მართლაც საშინელი კატასტროფა განიცადა – ოკეანის თავზე აფეთქდა და ყველანი დაიღუპნენ. აშკარა იყო, რომ ეს ყოველივე ვაინერის ბრძანებით მოეწყო და და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მე და მამაშენი მის სიტყვებში დავრწმუნებულიყავით. ეს საშინელება იმის მყარი დასტური იყო, რომ ვაინერი ჩვენც გაგვანადგურებდა და ექსპერიმენტის გაგრძელებაზე ხელი ავიღეთ.

დედაჩემის მონათხრობმა სულით ხორცამდე შემძრა და ვუთხარი:

– თუ სწორად მივხვდი, მთელი ეს საშინელება ვაინერმა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოაწყო, რომ მის კომპანიას შემოსავალი არ დაეკარგა და ის წამლები არ ჩაწოლოდა, რომლებსაც სიმსივნის შესაჩერებლად აწარმოებენ და არავის შველის?

– ამას რა დიდი მიხვედრა სჭირდება, ვანიკო? – თქვა მამამ.

– ესე იგი, მთავაზობთ, რომ მეც თქვენნაირად მოვიქცე?

– კი! – მტკიცედ მითხრა მამამ.

– მერე?

– რა მერე?

– რა და ჩემი პრეპარატი ხომ ასეულ მილიონობით ადამიანს განკურნავს?

– ვერ განკურნავს.

– კი მაგრამ, რატომ?

– იმიტომ, ვანიკო, რომ პირს შეგიკრავენ და ურჩობის შემთხვევაში, ცოცხალიც რომ დაგტოვონ, რაც გამორიცხულია, ამ პრეპარატის წარმოებას, უბრალოდ, არ დაუშვებენ. ასეულ მილიონობით ავადმყოფის განკურნებას საწარმოო პოტენციალი სჭირდება. მთელი ეს რესურსი კი ამ კომპანიების ხელშია და უბრალოდ, არ დაამზადებენ.

– მფარველობა რომ ვთხოვო სახელმწიფოს?

– საქართველოს მთავრობას გულისხმობ? – გაეცინა მამას.

– მაგალითად, რუსეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, ერთი სიტყვით, ძლიერ სახელმწიფოებს.

– გამორიცხულია, ვანიკო. არცერთი არ დაგთანხმდება. ამ ტრანსნაციონალურ კომპანიებს და კორპორაციებს ყველა სახელმწიფოს მთავრობა ჯიბეში უზით და ყველგან საკუთარი ხალხი ჰყავთ.

– მამა, არ გეწყინოს, მაგრამ, ჩემი აზრით, შეთქმულების თეორიაა ეს ყველაფერი და მეტი არაფერი.

საუბარში დედა ჩაერთო და მითხრა:

– არა, ვანიკო, მამაშენი მართალია. შენც ისევე გაგაჩერებენ, როგორც ჩვენ გაგვაჩერეს, ან, სულაც, გაგაქრობენ.

– გამაქრობენ?

– ჰო, ღმერთმა დაგიფაროს. თვითმფრინავის ისტორია არაა ამის ნათელი მაგალითი?

– კი. არის.

– ჰოდა, აგაშენა ღმერთმა. თავი დაანებე ამ პრეპარატზე მუშაობას და სხვა პრეპარატებს დაუბრუნდი. შენ არც ფული მოგაკლდება და არც შენი სიცოცხლე დადგება უდიდესი რისკის ქვეშ.

– კარგი. მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს.

– ესე იგი, დაგვიჯერებ?

– სხვა გზა არ მაქვს, – ვუთხარი დედ-მამას, რადგან მათი განერვიულება არ მინდოდა. გულში კი მტკიცედ გადავწყვიტე მუშაობის გაგრძელება და ისეთი პრეპარატის შექმნა, რომელიც უამრავ სიმსივნიანს იხსნიდა გარდაუვალი სიკვდილისგან.

ამ საუბრიდან ორი კვირის შემდეგ ჩემი დედ-მამა გარდაიცვალნენ. დასაძინებლად დაწვნენ და დილით გარდაცვლილები ვნახე. ერთმანეთთან ჩახუტებულებს დაულევიათ სული და სახეზე ღიმილი შეჰყინვოდათ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დედ-მამა ხანდაზმულ ასაკში ასე ტკბილად წავიდნენ ამქვეყნიდან, მათმა გარდაცვალებამ სულით ხორცამდე შემძრა. გავაპატიოსნე და დიდი პატივით დავკრძალე. მაგრამ თავად, ისეთ ღრმა განცდებში ვიყავი, რომ კარგა ხანს მუშაობასაც დავანებე თავი და ლაბორატორიაშიც კი აღარ მივდიოდი. ყველა ექსპერიმენტი ჩემს უნიჭიერეს მოსწავლეს, დემნას მივანდე და სამუშაოებს ის უძღვებოდა. ასე გაიარა რამდენიმე თვემ. ბოლოს კი ნებისყოფა მოვიკრიბე და ლაბორატორიას დავუბრუნდი. დემნა სულ რაღაც 28 წლის იყო, ძალიან ნიჭიერი და ყველაფერს უმალვე უღებდა ალღოს. თუმცა დემნას ერთი დიდი ნაკლი ჰქონდა. ის უზომოდ ამბიციური იყო. დიდების მიღწევის დაუოკებელი სურვილი ჰკლავდა. თანაც, ამ დიდების მიღწევა უმოკლეს დროში უნდოდა. მე მას ყოველთვის მივუთითებდი ამ ნაკლზე. მოვუწოდებდი, რომ გამოესწორებინა. აშკარად ეტყობოდა, რომ საშინლად სწყინდა, მაგრამ თავს იკავებდა და ჩემს შენიშვნებზე მიღიმოდა. თუმცა რამდენიმეჯერ შევნიშნე, რომ ამ ღიმილში ბოროტი სხივი გამოსჭვიოდა. ალბათ, უფრო მეტი სიმკაცრე უნდა გამომეჩინა მის მიმართ და ჩემი ლაბორატორიიდან გამეშვა კიდეც, მაგრამ ერთი მხრივ, მჭირდებოდა ის, მეორე მხრივ კი, მეცოდებოდა. მისი გაშვების აზრი მაშინ მომივიდა თავში, როდესაც შევასწარი, თუ რა ცუდად ექცეოდა ლაბორატორიის თანამშრომლებს. წესით, იმ დღეს იქ არ უნდა მივსულიყავი და რომ დამინახა, შეცბა. მე ის იმ დღეს სახლში გავუშვი და მოვუწოდე, რომ თავის საქციელზე დაფიქრებულიყო. ლაბორატორიის თანამშრომლები კი შევკრიბე და დემნას შესახებ გამოვკითხე. თავდაპირველად არაფერს მეუბნებოდნენ და შევატყვე, რომ რაღაცას მიმალავდნენ. შემდგომ კი ყველამ ერთხმად ამოიღო ხმა და თქვეს: ძალიან ცუდად გვექცევა. არაფრად გვაგდებს, უდიერად გვექცევა სულ გვამცირებს და არარაობას გვიწოდებსო. თანამშრომლები სახლებში გავუშვი დასამშვიდებლად და ლაბორატორიაში მარტო დავრჩი. ერთ საიდუმლო პროექტს ვახორციელებდი, რომლის შესახებაც მხოლოდ მე ვიცოდი და სწორედ იმ ღამეს დავასრულე მასზე მუშაობა. ყველაფერი თანამიმდევრულად აღვწერე, დავბეჭდე და ჩემს საიდუმლო სეიფში შევინახე, რომელიც ლაბორატორიაში მქონდა დამონტაჟებული. დილით დემნა მოვიდა და ვუთხარი:

– დემნა გადავწყვიტე, რომ სტაჟირებაზე საზღვარგარეთ გაგიშვა ექვსი თვით. ეს შენთვისაც კარგი იქნება და ჩვენი კოლექტივისთვისაც. რას იტყვი, თანახმა ხარ?

– შევატყვე, არ ესიამოვნა, მაგრამ დამეთანხმა და ერთი კვირის შემდეგ, ჩემი რეკომენდაციით, დემნა შვეიცარიაში, ერთ-ერთ ფარმაცევტულ კომპანიაში გაემგზავრა.

ექვსი თვის შემდეგ დემნა სრულიად შეცვლილი დაბრუნდა. დინჯი და კეთილგანწყობილი ჩანდა. ლაბორატორიის თანამშრომლებს ლოიალურად და კეთილად ექცეოდა, თუმცა მათთვის ბოდიში არ მოუხდია წარსული დამოკიდებულების გამო. მიუხედავად ყველაფრისა, მის სახეზე ზოგჯერ მაინც ვამჩნევდი იმ ბოროტ ნაპერწკალს, რომელიც უმალვე უქრებოდა. ერთ დღეს დემნამ მითხრა:

– ბატონო ვანო, თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს და იმედია, უარს არ მეტყვით.

– გისმენ, დემნა.

– ბატონო ვანო, ცოლი მომყავს და მინდა, ჩემი საცოლე გაგაცნოთ. ამ საღამოს ჩემთან, მცხეთაში მოვა სტუმრად და მინდა, თქვენი აზრი გავიგო მის შესახებ.

ცოტა არ იყოს უცნაური კი მეჩვენა დემნას თხოვნა, არასდროს უხსენებია, თუ საცოლე ჰყავდა, მაგრამ დავთანხმდი და მცხეთაში, აგარაკზე გავყევი. რომ შევედით, სუფრა უკვე გაშლილი იყო სამ ადამიანზე და დემნამ მითხრა, – მალე მოვაო.

– წყალი დამალევინე, თუ ღმერთი გწამს, თორემ წყურვილი მომკლავს და შენ საცოლეს ვერ გავიცნობ, – ნახევრად ხუმრობით ვუთხარი მასპინძელს.

დემნამ ბროლის დიდი ჭიქით მომიტანა წყალი. დავლიე თუ არა, მაშინვე თავბრუ დამეხვა და გონება დავკარგე. თვალები რომ გავახილე, ვიგრძენი, კიდურებითა და ტანით რაღაცაზე მაგრად ვიყავი მიბმული. წინ კი დემნა მედგა და სწორედ ის ბოროტი, ირონიული ნაპერწკალი უკიაფებდა თვალებში.

– სად ვარ? – ვკითხე დემნას.

– ჩემს სარდაფში, ვანიკო, უფრო სწორედ კი ჩემი აგარაკის ღრმა ბუნკერში.

– რა ხდება, დემნა, რა ბოროტი ხუმრობაა?

– ვგავარ ახლა მე ხუმარას? – სარკაზმით თქვა დემნამ და დააყოლა, – პროფესორო, დღეიდან ჩემზე იმუშავებ. შენს გენიალურ იდეებს გადმომცემ, მე კი განვახორციელებ და სახელის მოხვეჭასთან ერთად ძალიან დიდ ფულსაც ვიშოვი.

მივხვდი, რომ ვერაგულად გამაბა. ასეთ სიბილწეს ნამდვილად არ ველოდი. ერთი სიტყვით, იმ დღიდან მოყოლებული, დემნას ჩემს იდეას ვუზიარებდი. ის კი ჩემს ლაბორატორიაში პრაქტიკულად ახორციელებდა და ჯიქურ მიიწევდა იმ მიზნისკენ, რომელიც დიდი ხნის წინ ჰქონდა დასახული. ასე გაიარა ექვსმა თვემ და როდესაც საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ იმ ბუნკერში მომიწევდა სიკვდილი, ერთ ფანდს მივმართე. ერთ დღეს, როდესაც დემნა ახალი იდეების მოსაპარად ბუნკერში მოვიდა, ვუთხარი:

– როდემდე აპირებ ჩემს აქ გამომწყვდევას?

– სანამ სული არ ამოგხდება, – უტიფრად მიპასუხა ჩემს უბეში ჩაბუდებულმა გველის წიწილმა.

– ოდნავი ადამიანობა თუ გაქვს შერჩენილი, პირობა მომეცი, რომ აქედან გამიშვებ, სამაგიეროდ კი, ისეთ ნაშრომს გადმოგცემ, რომელიც მსოფლიოში გაგითქვამს სახელს და დიდი ალბათობით, ნობელის პრემიას მოგანიჭებენ. იმავდროულად კი, თუკი მის პატენტს ცნობილ ფარმაცევტულ კომპანიას მიჰყიდი, როგორც მინიმუმ, 100 მილიონ დოლარს გადაგიხდიან.

– რა ნაშრომს?

– ჯერ პირობა მომეცი.

– გპირდები, რომ თუკი მართლა ასეთ ნაშრომს მომცემ, აქედან ცოცხალს გაგიშვებ.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, დემნას ის პრეპარატი გადავეცი, რომელიც სიმსივნის ყველაზე ბოლო სტადიას სრულად კურნავდა. თან, ვუთხარი, რომ 100 მილიონ დოლარს კომპანია „ვაინერ კომპანი“ გადაუხდიდა, რომელსაც რუდოლფ ვაინერ მესამე თავკაცობდა, ანუ იმ რუდოლფ ვაინერის შვილიშვილი, რომელმაც ოკეანის თავზე თვითმფრინავი ააფეთქებინა. დემნას ფსიქოლოგია კარგად მქონდა შესწავლილი და ვიცოდი, რომ ჯერ ამ პრეპარატის გაყიდვას შეეცდებოდა, ანუ „ვაინერ კომპანის“ მიაკითხავდა.

შემდგომ კი გამოაქვეყნებდა, რომ ნობელის პრემია მოეპოვებინა. როდესაც დემნამ ჩემი პრეპარატი ლაბორატორიულად შეამოწმა და დარწმუნდა მის ეფექტურობაში, ბუნკერში მოვიდა და მითხრა:

– ეჰ, ბატონო ვანიკო, ბატონო ვანიკო, რა გოიმი ხარ. ნუთუ მართლა დაიჯერე, რომ აქედან ცოცხალს გაგიშვებდი?

– უკიდურესი ნაძირალა ყოფილხარ, დემნა და შენში ადამიანობის ნატამალი არ არსებობს. ღმერთმა გაგებინოს პასუხი, შე გველის წიწილო!

ჩემს სიტყვებზე დემნამ დემონურად გადაიხარხარა და მითხრა:

– ხვალ შვეიცარიაში მივფრინავ და პრეპარატი მიმაქვს, შენ კი, თუ არ გინდა, საშინელ წამებაში ამოგხადო სული, ახალ-ახალი იდეები მოიფიქრე.

დემნა წავიდა და მოლოდინის რეჟიმში გადავედი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ფანდი გამართლდებოდა და ასეც მოხდა. დემნას გამგზავრებიდან მეხუთე დღეს ბუნკერში თავად რუდოლფ ვაინერ მესამე მესტუმრა, რომელიც ინკოგნიტოდ იყო თბილისში ჩამოსული. მას ოთხი მცველი ახლდა. შემომხედა. გამიღიმა და მითხრა:

– მადლობა ღმერთს, რომ ცოცხალს გხედავთ, ბატონო ვანო. როგორ გრძნობთ თავს?

– მშვენივრად, ჩემო კარგო, მშვენივრად. თქვენ რომ დაგინახეთ, თავისუფლების სიომ დამიბერა,

მილიარდერმა თავის მცველებს ჩემი თავი აახსნევინა და იქაურობას მოვშორდით. მის აპარტამენტებში რომ განვმარტოვდით და ოდნავ გონზე მოვედი, მითხრა:

– როგორც კი იმ ნაძირალამ თქვენი პრეპარატის ყიდვა შემომთავაზა, მაშინვე ჩემს მცველებს დავაკიდინე ფეხებით და ერთი წამორტყმაც კი არ დაგვჭირვებია, ყველაფერი დაფქვა.

საქმე ის იყო, რომ როდესაც დემნა სტაჟირებაზე მყავდა გაგზავნილი, მე თავად ჩავედი ვაინერთან. ჩემი პრეპარატი მივყიდე და შევპირდი, რომ არასდროს არავის გავუმხელდი მის ფორმულას. ვაინერი ბაბუამისზე მეტად ჰუმანური ადამიანი აღმოჩნდა. მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება დავდეთ და ასე დავშორდით ერთმანეთს. ხოლო, როდესაც დემნამ მას იგივე პრეპარატი შესთავაზა, ვაინერი ყველაფერს მიხვდა. ჩემს საშველად პირადად ჩამოვიდა და გადამარჩინა.

– ის გველის წიწილი სადაა? – ვკითხე ვაინერს.

მან კი ღიმილით მითხრა:

– თავისუფლებას გილოცავთ, ვანო! მშვიდობით...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

26 მაისი - 1 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა