რომანი და დეტექტივი

პრეპარატი

№17

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 10.05

რომანი
დაკოპირებულია

ეს ისტორია ჩემმა უახლოესმა მეგობარმა მომიყვა და უფრო ეფექტური მოსასმენი რომ იყოს, პირველ პირში მოგითხრობთ. ამ ადამიანის ნამდვილ ვინაობას, მისივე თხოვნით, არ გავამხელ, ისევე, როგორც სხვა გმირების ნამდვილ ვინაობებს და თითოეულ მათგანს პირობითი სახელით მოვიხსენიებ. ჩემს უახლოეს მეგობარს ვანო ვუწოდე. ის გარკვეულ წრეებში ძალიან ცნობილი პიროვნებაა. დღემდე ცოცხალია, ნაყოფიერად ირჯება და ღმერთმა დღეგრძელობა არ მოაკლოს.

***

თავის ქება არ მიყვარს, მაგრამ სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ცხოვრებაში გარკვეულ წარმატებას მივაღწიე და ჩემს სფეროში მომუშავე ადამიანებს შორის უკანასკნელი ნამდვილად არ ვარ. ამაში კი ჩემს მშობლებს მიუძღვით ლომის წილი.

დედ-მამა ბოტანიკოსები მყავდა. ერთმანეთი ინსტიტუტში გაიცნეს და მესამე კურსზე დაქორწინდნენ კიდეც. ისეთი ნიჭიერები და შრომისმოყვარეები იყვნენ, რომ ყველაფერს ასწრებდნენ. უმაღლესი სასწავლებელი ორივეს წითელ დიპლომზე ჰქონდა დამთავრებული. სულ რაღაც, 22-22 წლისანი იყვნენ, როდესაც სადიპლომო ნამუშევრებისთვის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიენიჭათ. შემდგომ კი ორივე მეცნიერების დოქტორი გახდა და 50-50 წლის ასაკში კი აკადემიკოსობას მიაღწიეს. არ არსებობდა დედამიწის ზურგზე მცენარე, რომ მათ არ სცოდნოდათ. მათი სამეცნიერო კარიერა გაგანია კომუნისტების პერიოდში შედგა, ანუ, ეგრეთ წოდებული, „ცივი ომის“ დროს, როდესაც საბჭოთა კავშირს დანარჩენი სამყაროსგან, ეგრეთ წოდებული, „რკინის ფარდა“ ყოფდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ამ უზარმაზარი ქვეყნიდან უკონტროლოდ ბუზიც კი ვერ გაფრინდებოდა არა მარტო დასავლეთში, არამედ ლოიალურად განწყობილ სოციალისტურ სახელმწიფოებშიც კი. თუმცა, ეს აკრძალვა ჩემს მშობლებს არასდროს შეხებიათ. პირველ რიგში, იმიტომ, რომ სრულიად აპოლიტიკურები იყვნენ, მეცნიერების გარდა, არაფერი აინტერესებდათ. „კაგებეში“ კი ამის შესახებ კარგად იცოდნენ და არანაირ წინაღობას არ უქმნიდნენ უცხოეთში გასამგზავრებლად. გარდა ამისა, ჩემს დედ-მამას ქვეყნისთვის უამრავი ვალუტა შემოჰქონდათ, რასაც სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა და ამიტომ, ასეთ ადამიანებს ყველანაირ პირობებს უქმნიდნენ ნორმალური შრომა-ცხოვრებისთვის. ჩემებს ხშირად იწვევდნენ საკონსულტაციოდ თუ სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტებში მონაწილეობის მისაღებად. ეს ყველაფერი კი ანაზღაურებადი იყო და მათ დიდძალ თანხას უხდიდნენ, რა თქმა უნდა, ვალუტაში. ყოველივე ამასთან ერთად, ჩემი მშობლების სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებით განსაკუთრებული საჭიროებიდან გამომდინარე, ორივეს პერსონალური ავტომობილი ემსახურებოდა და რაც მთავარია, მათ უზარმაზარი ლაბორატორია აუშენეს თანამედროვე მოწყობილობებით. მეც, სწავლისგან თავისუფალ დროს, სულ იქ ვიყავი და ყურადღებით ვადევნებდი თვალყურს იქ მიმდინარე სამუშაოებს. გარდა ზოგადი ბოტანიკური ექსპერიმენტებისა, ლაბორატორიაში ფარმაცევტული სამუშაოებიც ხორციელდებოდა. ჩემი მშობლები მცენერეებისგან სხვადასხვა დანიშნულების წამლებს ამზადებდნენ და დიდი შვება მოჰქონდათ დაავადებული ადამიანებისთვის. ყველაზე მეტად მე სწორედ ეს მიმართულება მხიბლავდა და საბოლოოდ ქიმიო-ფარმაცევტი გამოვედი. ჩემი მოწიფულობის პერიოდი „პერესტროიკას“ დაემთხვა და რომ იტყვიან, „ფრთები გავშალე“. სწორედ მაშინ დავიწყე ბლომად ფულის შოვნა. კერძო ლიცენზია ავიღე და მცენარეულ პრეპარატებს ვამზადებდი, ვყიდდი და ძალიან გავმდიდრდი. ყველაფერთან ერთად ქველმოქმედებასაც ვეწეოდი – ეკონომიკურად შეჭირვებულ ავადმყოფებს წამლებს ვჩუქნიდი და ყველა მადლიერი მყავდა. ყველა, გარდა ჩემი ფარმაცევტი კოლეგებისა და ექიმებისა რომლებსაც ჩემ გამო ფინანსური შემოსავალი მნიშვნელოვნად შეუმცირდათ. იმ პერიოდში ჩემი მშობლები უკვე საქვეყნოდ ცნობილები და აღიარებულები იყვნენ, თუმცა საკმაოდ ხანში შესულებიც და მართალია, კვლავ განაგრძობდნენ მუშაობას, მაგრამ მალე იღლებოდნენ და ძალიან უჭირდათ. დროთა განმავლობაში იმდენად დასუსტდნენ, რომ ლაბორატორიაში ვეღარ მოდიოდნენ. მიუხედავად ამისა, ორივეს ნათელი გონება შერჩათ, არც მეხსიერება ღალატობდათ და გარდა იმისა, რომ ძვირფას რჩევებს იძლეოდნენ, ახალ-ახალი მეცნიერული იდეებით იყვნენ სავსე. ლაბორატორიიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი, დედ-მამას დაწვრილებით ვუყვებოდი დღის განმავლობაში გაწეული სამუშაოს შინაარსს. ისინი დიდი გულისყურით მისმენდნენ. შემდეგ კი ერთად ვაანალიზებდით ყველაფერს და მათ რაღაც-რაღაც კორექტივები შეჰქონდათ, რასაც შემდგომი დღისთვის აუცილებლად ვითვალისწინებდი და საქმე უკეთესად გამომდიოდა. ერთ საღამოს, როდესაც შინ დავბრუნდი, დედ-მამა სავარძელში მოკალათებულები დამხვდნენ და ჩემს მოსასმენად იყვნენ მზად. მამამ მითხრა.:

– გისმენთ, ვანიკო, აბა, მოგვიყევი, დღეს რა ხდებოდა ლაბორატორიაში?

მე ეშმაკურად გამეღიმა და ვთქვი:

– წინასწარ ბოდიშს გიხდით, რომ ამ ექსპერიმენტის შესახებ ადრე არაფერი გითხარით. მინდოდა, თქვენთვის სიურპრიზი გამეკეთებინა და არც შევმცდარვარ.

ჩემმა მშობლებმა ერთმანეთს შეხედეს. დედამ კი მითხრა:

– თქვი, აბა, ყურადღებით გისმენთ. მე ერთი იშვიათი მცენარის სახელწოდება დავასახელე და ვთქვი:

– ამ მცენარის სრული სტრუქტურა რომ შევისწავლე, იმ დასკვნამდე მივედი, რომ ფაქტობრივად, ეს იყო ის პანაცეა, რომლის მეშვეობითაც პირველ და მეორე სტადიაზე ნებისმიერი ონკოლოგიური დაავადებების სრულად შეჩერებაა შესაძლებელი. შემდგომ კი სულაც უიმედო ავადმყოფების განკურნება. დღეს სამი თვე გავიდა, რაც ამ მცენარის ეფექტურობას ვადგენდი და ამ დილით მივიღე დადებითი შედეგი. მისგან დამზადებულმა სითხემ სიმსივნის მეორე სტადიით დაავადებული მღრღნელი აბსოლუტურად განკურნა.

ჩემს ამ სიტყვებზე დედ-მამამ კვლავ ერთმანეთს გადახედა და ჩვენი ასეთი ურთიერთობის მრავალწლიანი პერიოდის განმავლობაში პირველად გამაწყვეტინეს სიტყვა და მამამ მითხრა:

– ექსპერიმენტისა და მკურნალობის მიმდინარეობა დოკუმენტირებული თუ გაქვს?

– რა თქმა უნდა. ათი ნაბეჭდი თაბახის ფურცელი გამოვიდა და ყველაფერი ზუსტად მაქვს დაფიქსირებული. განახვოთ?

ჩემს მშობლებს მრავალი უნიკალური ნიჭის გარდა, ერთი საოცარი უნარიც ჰქონდათ – ორივეს ფანტასტიკური სიჩქარით შეეძლოთ, წაეკითხათ, აღექვათ და დაემახსოვრებინათ ნებისმიერი ტექსტი, თანაც, სათვალის გარეშე, ისე რომ წერტილ-მძიმეც არ რჩებოდათ. ამიტომ, ათი ნაბეჭდი თაბახის ფურცელი მათთვის რამდენიმე წუთის საქმე იყო. მამას უცნაურად გაეცინა. დედას შეხედა, თავი გააქნია და მითხრა:

– რაც ფურცლებზე გაქვს დაფიქსირებული, ყველაფერი ზუსტად გახსოვს?

– წერტილ-მძიმის ჩათვლით, თქვენი შვილი არ ვარ?! მართალია, თქვენ ვერ შეგედრებით, მაგრამ ვცდილობ, – სიამაყით ვთქვი მე.

დიდი ბინა გვქონდა და უამრავი წიგნის კარადა, რომლებიც წიგნებითა და ხელნაწერებით იყო სავსე. ჩემს მშობლებს კარადები და წიგნები დანომრილი ჰქონდათ. ყველაფერი იდეალურ წესრიგში იყო მოყვანილი. მამამ მითხრა:

– მეორე კარადის პირველი ზემო თაროდან თხელი, წითელი ფერის საქაღალდე გადმოიღე, მოიტანე და შიგთავსი ხმამაღლა წაგვიკითხე.:

ორიოდე წუთის შემდეგ უკვე დედ-მამის წინ ვიდექი. ძველ საბეჭდ მანქანაზე აკრეფილი ტექსტი ხელში მეკავა და ხმამაღლა კითხვას შევუდექი. ოთხი წინადადება რომ წავიკითხე, თავში დამკრა. გავჩერდი. მშობლებს გაოცებული მზერა მივაპყარი და ენის ბორძიკით ვუთხარი:

– ზუსტად ისეთი შესავალია, როგორიც ჩემთან.

– ყველაფერი დანარჩენიც აბსოლუტურად იდენტური იქნება, დარწმუნებულები ვართ, – მითხრა დედამ.

უცებ ვერ „მოვტვინე“ და ვკითხე:

– კი მაგრამ, როგორ? მე ეს ფურცლები ადრე არ მინახავს. დამთხვევა კი არის შესაძლებელი, მაგრამ აბსოლუტური დამთხვევა?

– ტვინი გაანძრიე, ვანიკო, – მითხრა მამამ. დედამ კი დაამატა:

– ვანიკო, შვილო, ეს ექსპერიმენტი მე და მამამ ჯერ კიდევ ორმოცი წლის წინ ჩავატარეთ და ზუსტად ისეთი შედეგი მივიღეთ, როგორც შენ. ამიტომ, ეს დამთხვევა კი არაა, არამედ მეცნიერული მუშაობის შედეგი.

– ორმოცი წლის წინ?

– დიახ, ზუსტად ორმოცი წლის წინ, – დამიდასტურა მამამ.

– მერე?

– რა მერე? მკითხა მამამ. დედამ კი დაამატა:

– შენ, ალბათ, გაინტერესებს, რატომ არ გავაგრძელეთ მუშაობა. რატომ არ მივიყვანეთ ეს საქმე ბოლომდე, ხომ?

– დიახ, – თავი დავუქნიე.

– შენ გამო, ჩემო ვანიკო, – თქვა მამამ.

– ჩემ გამო? – მხრები ავიჩეჩე და დავამატე – ორმოცი წლის წინ ხომ ჯერ კიდევ დაბადებულიც არ ვიყავი?

დედამ სინანულით მითხრა:

– ვანიკო, შვილო, მიუხედავად იმისა, რომ მე და მამაშენი ძალიან ახალგაზრდები დავქორწინდით და უზომოდ გვიყვარდა ერთმანეთი, ისევე, როგორც დღემდე გვიყვარს. შენ მხოლოდ ოცი წლის შემდეგ გაჩნდი. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ჩვენი საქმით ისე ვიყავით გატაცებული, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, შვილის მოსავლელად და აღსაზრდელად, უბრალოდ, დრო არ გვქონდა. მუდმივ მოგზაურობაში, მუშაობასა და ახლის ძიებაში ვიყავით. წარმატებას წარმატებაზე ვაღწევდით. მსოფლიოში ლაბორატორია არ დარჩენილა, სადაც არ გვიმუშავია. სად არ ვყოფილვართ, რა არ გადაგვხდენია. ყველაზე მიუდგომელ ადგილებში გვიძრომიალია უნიკალური მცენარეების მოსაპოვებლად. ამასობაში ორმოც წელს მივუკაკუნეთ და ორივემ მტკიცედ გადავწყვიტეთ, რომ შვილი გაგვეჩინა. სწორედ იმ პერიოდში ინტენსიურად ვმუშაობდით ონკოლოგიურ პრობლემებზე და ეს ექსპერიმენტიც მაშინ დავასრულეთ. ანუ, პირველი ეტაპი წარმატებით დავძლიეთ. სწორედ მაშინ ვიყავი შენზე ფეხმძიმედ. მესამე თვეს ვასრულებდი და სპეციალური მიწვევით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ორი თვით გავემგზავრეთ. ჩვენს ამერიკელ კოლეგებს ძალიან მნიშვნელოვანი ექსპერიმენტი ჰქონდათ დაწყებული და ჩვენც ჩაგვრთეს ამაში. გავემგზავრეთ. ნაყოფიერად ვიმუშავეთ და უკან დაბრუნებამდე ორი დღით ადრე ბანკეტი გაიმართა. ბანკეტზე ყველა გამოჩენილი მეცნიერი იმყოფებოდა. მათ შორის, ცნობილი ფარმაცევტები და ფარმაცევტული კომპანიების მფლობელები. დარბაზში ძალიან კეთილგანწყობილი ატმოსფერო სუფევდა. ნაცნობები ერთმანეთს ვესაუბრებოდით. ახალ ადამიანებს ვიცნობდით და კავშირებს ვამყარებდით. ერთ-ერთი ასეთი ახალი ნაცნობი კომპანია „ვაინერ კომპანის“ პრეზიდენტი, რუდოლფ ვაინერი აღმოჩნდა. შევატყვეთ, რომ ეს კაცი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა ჩვენ მიმართ. ისიც აშკარა იყო, რომ ჩვენი გაცნობა მისი ინიციატივით მოხდა. ეს კომპანია, ძირითადად, შვეიცარიაში ფუნქციონირებდა, მაგრამ მთელ მსოფლიოში ჰქონდა ფარმაცევტული საწარმოები და ონკოლოგიურ პრეპარატებს ამზადებდა. ვაინერი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო. მოკლედ, გავიცანით. მან საკმაოდ დიდი დრო დაუთმო ჩვენთან საუბარს. გამომშვიდობებისას კი ვახშამზე დაგვპატიჟა თავის ვილაში, რომელიც ოკეანის პირას მდებარეობდა. მეორე დღეს მან მანქანა გამოგვიგზავნა და ჩვენც სტუმრად ვეწვიეთ. ის ვილაში მარტო იყო, თუ არ ჩავთვლით მომსახურე პერსონალს, რომლებიც ფაქტობრივად, არც კი ჩანდნენ. შუა ვახშმის დროს ვაინერმა გვითხრა:

– ძვირფასო მეგობრებო, თქვენთან ერთი დილაკატური თხოვნა მაქვს და იმედია, გამიგებთ.

– ბრძანეთ, ბატონო, – უთხრა მამაშენმა ვაინერს და სმენად ვიქეცით. მან კი უცნაურად გაიღიმა და თქვა:

– უდავოთ დიდი მიღწევები გაქვთ თქვენს სფეროში და ჩემი ფარმაცევტული კომპანია სულ მალე სარფიანი წინადადებით მიმართავს საბჭოთა მთავრობას, რომ თქვენი ნაშრომების პატენტი მოგვყიდოს, რათა შესაბამისი წამლები დავამზადოთ. გარწმუნებთ, რომ თანხა ძალიან მსუყე იქნება. თუმცა, სანამ ოფიციალურ თხოვნას გავგზავნით, ჯერ თქვენთან გადავწყვიტე მოლაპარაკება და თანხმობის მიღება.

– ბრძანეთ, ბატონო ვაინერ, რომელ პატენტებზეა საუბარი, – უთხრა მამაშენმა მილიარდერს.

ვანერმა დაასახელა ეს პატენტები და დააყოლა:

– ვვარაუდობ, თქვენი წილი ამ თანხებიდან ძალიან დიდი პროცენტი იქნება.

– ამას უკვე ჩვენი სახელმწიფო გადაწყვეტს და მოლაპარაკების საგანია, – მიუგო მამაშენმა.

– გასაგებია. თქვენს ქვეყანას ოდნავ განსხვავებული პოლიტიკური სისტემა აქვს და ამიტომ, – თქვა ვაინერმა. მამაშენმა კი ხელის მოძრაობით გააჩერა და უთხრა.

– ბატონო ვაინერ, ჩვენ მეცნიერები ვართ და პოლიტიკაში არ ვერევით. თუმცა, ჩვენი პოლიტიკური, სამართლიანი და კაცთმოყვარე სისტემით ფრიად კმაყოფილები ვართ.

– რა თქმა უნდა, თემას გადავუხვიე. თანახმა ხართ, რომ ჩემმა კომპანიამ ეს პატენტები მიიღოს?

– თუ ჩვენი ქვეყნის მთავრობა უარს არ იტყვის, მაშინ ჩვენ პრობლემა არ გვექნება, – თქვა მამაშენმა.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა