რომანი და დეტექტივი

პორტი

№37

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 21.09

რომანი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #33-36 (1236)

ამ სიტყვებმა ჟრუანტელი მომგვარა. უცებ წარმოვიდგინე, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო ვიქტორის პოლიტიკიდან სამუდამოდ წასვლის შემდეგ და შეურაცხყოფა რომ არავისთვის მიმეყენებინა, ვცადე, დიპლომატიურად მეპასუხა და ვუთხარი:

– ბატონო ვიქტორ, მართალია, ახალგაზრდა მთავრობა გვყავს, მაგრამ საკმაოდ გამოცდილები და სწორად მოაზროვნეები არიან. თუმცა, ჩემი აზრით, თქვენ რომ პოლიტიკას თავი დაანებოთ, ამ ხალხის ძალა განახევრდება.

ჩემი აზრით, განახევრდებოდა კი არა და 20 პროცენტი დარჩებოდა, მაგრამ მე ნახევარზე, 50 პროცენტზე შევჩერდი.

– განახევრდება, ცოტა არ იყოს, გადაჭარბებული მგონია, მაგრამ 15-20 პროცენტი ნამდვილად მოაკლდება და მათი დასუსტება ნამდვილად არ შეიძლება.

– ჰოდა, თქვენს კითხვას თქვენვე უპასუხეთ, ბატონო ვიქტორ. ახლა ნამდვილად არ შეიძლება თქვენი პოლიტიკიდან წასვლა.

– გეთანხმები. ჩემი მხრიდან დღეს ეს ღალატი იქნება, მაგრამ შენ ვერ წარმოიდგენ, თუ რამხელა ზეწოლას განვიცდით მე და ჩემი ოჯახი, რაც ტელევიზორში ჩანს და ჭორის სახით ვრცელდება, არაფერია იმასთან შედარებით, რასაც პირდაპირ და ირიბად მეუბნებიან. თანაც ისეთი ხალხი ან ისეთი ხალხის პირით, ვინც ჩვენს კეთილისმსურველად ითვლებიან. შენ წარმოიდგინე, ლიკვიდაციითაც კი მემუქრებიან.

– ლიკვიდაციით?

– ჰო. ლიკვიდაციით. პირადად ჩემთვის ეს ჯერ არ უთქვამთ, მაგრამ ჩემი მტერი ვერ მიხვდა ამას. ერთმა ოკეანისგაღმელმა ემისარმა პირად საუბარში შემაპარა და მითხრა, ამ პორტის მშენებლობის საკითხი სიკვდილ-სიცოცხლის თემა გახდა და ღირს კი მისი აშენებაო?.. წარმოგიდგენია, რა მითხრა? ამ პორტს თუ ჩვენ გარდა სხვა ააშენებინებთ, მოგკლავთო. არადა მათ ამ პროექტს ვერ ჩავუგდებ ხელში, რადგან კიდევ უფრო მეტად მოგვაქცევენ წნეხის ქვეშ და ეს არც გეოპოლიტიკურად გვაწყობს.

პორტის მშენებლობის თემა საკმაოდ ყბადაღებული საკითხი იყო და მთელი ბრძოლა სწორედ ამ პროექტის ირგვლივ ვითარდებოდა. თუმცა, რაც ბატონი ვიქტორისგან შევიტყვე, ჩემთვის სიახლე იყო და ნამდვილად არ მეგონა, თუ ამ თემის გამო ჩვენი „კეთილისმყოფელები“ პოლიტიკურ მკვლელობებზე წავიდნენ. ბატონმა ვიქტორმა ჩემი აზრები ამოიკითხა. გაეღიმა და მითხრა:

– რა გიკვირს, მერაბ, ამ ხალხმა თავიანთი პრეზიდენტი მოკლა და მე რატომ დამინდობენ? ცოცხალი ხომ მათთვის გადაულახავი წინაღობა ვარ. ამიტომ ეს იყო გზავნილი.

– ბატონო ვიქტორ, იმედია, აქამდე არ მივა საქმე, მაგრამ მაქსიმალურად უნდა იზრუნოთ თქვენს უსაფრთხოებაზე.

– ვიზრუნებ. გეთანხმები, მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს. ჩვენი ეს საუბარი ჩვენ შორის დარჩეს.

– რა თქმა უნდა, ბატონი ვიქტორ, – ვუთხარი მე. ხელი ჩამოვართვი და წამოვედი.

მთელი გზა ბატონი ვიქტორის სიტყვებზე ვფიქრობდი და თვალწინ მედგა ჯერ კიდევ აუშენებელი პორტი, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის საგნად იყო გადაქცეული და როგორც დიდი სიხარულის, ასევე დიდი უბედურების მოტანა შეეძლო.

ბატონ ვიქტორთან შეხვედრის შემდეგ ერთი კვირა იყო გასული. ჩემს ახალ კლინიკაში ვიმყოფებოდი და ერთ-ერთი პაციენტის მონაცემებს ვშიფრავდი. ამ დროს ჩემმა მდივანმა დამირეკა და მითხრა:

– ბატონო მერაბ, თქვენთან ვიზიტორია. ასე ამბობს, ძველი ნაცნობი ვარო.

– რა ჰქვია?

– ჯემალ ციხისელიო.

ამ სახელის გაგონებაში ტანში გამაჟრჟოლა და მდივანს ვუთხარი:

– შემოვიდეს.

ვიზიტორი ყურადღებით შევათვალიერე. მართალია, ჯემალი 25 წელიწადზე მეტ ხანს არ მენახა, მაგრამ ჯემალ ციხისელის მას არაფერი ეტყობოდა. ვიზიტორს გაეცინა და მითხრა:

– ტყუილად ცდილობთ ჩემში ჯემალ ციხისელის ამოცნობას. ის ხუთი წლის წინ გარდაიცვალა ნიუ-იორკში. მე კონან კონანი ვარ.

– დაბრძანდით, ბატონო კონან. გისმენთ. რისთვის გარჯილხართ?

– თქვენთან ერთი დელიკატური საქმე მაქვს და იმედია, უარს არ მეტყვით.

– თუკი ჩემს ძალებს არ აღემატება, მიმსახურეთ.

– ბატონო მერაბ, მიუხედავად იმისა, რომ სპა-ს წევრებიდან მხოლოდ თქვენ დარჩით ცოცხალი, უნდა შეგახსენოთ, რომ საქმე, რომელიც თქვენ მრავალი წლის წინ შეასრულეთ, დღემდე არ დახურულა და დღემდე ეძებენ „გრუს“ მაღალჩინოსნის მკვლელს. ხოლო თუკი ის მოიხელთეს, შურისძიება უსასტიკესი იქნება.

– თქვენი მონოლოგის მიზანი?

კონან კონანს ირონიულად გაეცინა და მითხრა:

– ჩვენი პატარა დავალება უნდა შეასრულოთ.

– მე არ ვიცი, რა მისია გინდათ დამაკისროთ, მაგრამ თქვენი მუქარა ჩემზე არ იმოქმედებს და ვერ მაიძულებთ, თქვენს ჭკუაზე მატაროთ.

– ნუთუ ასეთი მამაცი, უფრო სწორად, უგუნური ხართ, რომ სიკვდილის არ გეშინიათ?

– სიკვდილის როგორ არ მეშინია, მაგრამ გარკვეულ ზღვრამდე. თანაც, როგორ დაამტკიცებთ იმას, რაშიც ბრალს მდებთ?

ვიზიტორმა ფლეშკა მომაწოდა და მითხრა:

– აქ თვალნათლივაა გადაღებული, თუ როგორ კლავთ „გრუს“ ოფიცერს, როგორ ტოვებთ მაყუჩიან პისტოლეტს და მიდიხართ. სხვათა შორის, პისტოლეტსაც, ფირთან ერთად „გრუს“ გადავცემთ და მათ არ გაუჭირდებათ ყველაფერ ამაზე რეაგირება. თქვენ საკმაოდ მამაცი ადამიანი ხართ და მე ამას ვაფასებ. თუმცა, არ მგონია, რომ თქვენი ერთადერთი შვილის სიცოცხლე გაწიროთ. მართალია, ის ჩვენთან სწავლობს, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ „გრუ“ მას იქაც მისწვდეს. თუ „გრუმ“ ეს ვერ მოახერხა, მაშინ სხვები იზამენ...

– რა უნდა გავაკეთო?

– აი, ეს სულ სხვა ლაპარაკია, – სახე გაებადრა კონან კონანს და დაამატა, – ყოვლად უხიფათო საქმეა თქვენთვის, მაგრამ ზოგადად; საჭირო და აუცილებელი.

– ბრძანეთ.

კონანმა პატარა ბოთლი მომაწოდა და მითხრა:

– როდესაც ვიქტორთან მიხვალთ პროფილაქტიკური ღონისძიების ჩასატარებლად, გასინჯვის წინ თქვენს ფონენდოსკოპში ამ ფლაკონიდან ერთი წვეთი ჩაასხით. შემდეგ ვიქტორი გასინჯეთ და ფრთხილად, ყოველგვარი მღელვარების გარეშე დაბრუნდით უკან. ესაა და ეს სულ.

– და რისთვისაა ეს საჭირო?

– მაგას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, საჭირო საქმეს გააკეთებთ. რას მიპასუხებთ, გააკეთებთ ამ საქმეს?

– ვიფიქრებ.

– პასუხი ორ წუთში გამეცით. წინააღმდეგ შემთხვეავში გახსოვდეთ „გრუ“ და თქვენი სტუდენტი ვაჟი.

– თანახმა ვარ, – ვთქვი მე.

– ძალიან კარგი. როდის გაქვთ მორიგი ვიზიტი ვიქტორთან?

– ორ კვირაში.

– ძალიან კარგი. ორი კვირის შემდეგ გინახულებთ. შეხვედრამდე!

აშკარა იყო, რომ კონან კონანი ბატონი ვიქტორის ლიკვიდაციას მავალებდა. ხსნარი საწამლავი იყო, რაც ფონენდოსკოპით სხეულზე უნდა გადამეტანა. რამდენიმე დღის მერე ორგანიზმში შეღწეული შხამი გულ-სისხლძარღვთა სისტემის პარალიზებას მოახდენდა და „ობიექტი“ ინსულტისგან ან ინფარქტისკან გარდაიცვლებოდა. წამითაც არ შევყოვნებულვარ. ჯერ სახლში წავედი და ფლეშკაზე ჩაწერილი მკვლელობის კადრები ვნახე. შემდეგ ტანსაცმელი გამოვიცვალე. ფლეშკა და საწამლავიანი ბოთლი ჩიბეში შევინახე და ბატონ ვიქტორთან გავემართე. ჩემდა საბედნიეროდ, ის თბილისში აღმოჩნდა. დაცვა მიცნობდა და მასთან მიმიყვანეს. ბატონმა ვიქტორმა ყურადღებით შემათვალიერა და მითხრა:

– მოხდა რამე?

– თქვენთან პირისპირ მინდა ლაპარაკი.

– დაჯექი, გისმენ.

– ბატონო ვიქტორ, ტელეფონით იმიტომ არ დაგირეკეთ, რომ გამორიცხული არაა, გვისმენდნენ და არ მინდოდა, ვინმეს შეეტყო ჩემი აქ ვიზიტის შესახებ.

– რატომ? რა ხდება?

ბატონ ვიქტორს კონან კონანთან საუბრის შინაარსი დაწვრილებით მოვუყევი. შემდეგ საწამლავიანი ბოთლი და ფლეშკა დავუდე წინ და ვუთხარი:

– აი, ეს ფლეშკა და ეს საწამლავი.

ბატონი ვიქტორი ჩაფიქრდა და მითხრა:

– ჩემი გეგმა ასეთია, პირველ რიგში, შენი ვაჟი უნდა გამოვაპაროთ ოკეანის გაღმიდან. აქ კი თქვენი უსაფრთხოების ასპროცენტიან გარანტიას ჩემს თავზე ვიღებ. შევეცდები „გრუსთანაც“ მოგიგვარო ურთიერთობა და გარანტიები მივიღო. თუ არ გამოვიდა, მაშინ მათგანაც მომიწევს შენი და შენი ოჯახის დაცვა.

– დანარჩენს რას უზამთ, ბატონო ვიქტორ?

– ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებას გაულისხმობ?

– დიახ.

– ჩვენს „კეთილისმსურველებს“ კულუარებში დაველაპარაკები და ჩვენი სიცოცხლის გარანტიის სანაცვლოდ შევთავაზებ, რომ ამ ამბავს არ გავახმაურებ. ვფიქრობ, რომ ამაზე წამოვლენ.

– პორტის ამბავი როგორ იქნება?

– ისევ ისე. მას უკვე სხვები აპროექტებენ და ესეც დამატებითი გარანტიაა ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ვფიქრობ, შეელევიან იმ აზრს, რომ საქართველო მათი მონაა და მეტი არაფერი.

– ღმერთმა ქნას.

– იზამს, იზამს. აი, ნახავ, თუ არა.

ბატონმა ვიქტორმა რამდენიმე მილიონ დოლარად შესაბამისი კერძო სტრუქტურა დაიქირავა და ამ ხალხმა, რომ იტყვიან, ცხვირწინ ააცალეს ჩემი ვაჟი სახელმწიფო სპეცსამსახურს და თბილისში ჩამოიყვანეს. აქ კი ბატონმა ვიქტორმა ჩვენი უსაფრთხოება მართლაც ასი პროცენტით დაიცვა. შემდგომ ბატონმა ვიქტორმა თავისთან მიხმო და მითხრა:

– „გრუსთან“ მოგვარებულია საქმე და რუსეთშიც რომ ჩახვიდე, თითსაც კი არავინ დაგაკარებს.

– თქვენი საქმეები როგორაა?

– არც თუ ისე ცუდად. მას მერე, რაც ოკეანისგაღმელ კომპეტენტურ ადამიანებს პირისპირ ვესაუბრე და დაწვრილებით დავულაგე ყველაფერი, ხელები გაშალეს და ეს ამბები შემთხვევითობასა და გაუგებრობას მიაწერეს.

– შედეგი?

– პირველადი შედეგი ისაა, რომ რადიკალური რიტორიკა და რადიკალური გამოსვლები უნდა შეწყდეს. პრინციპში, უკვე სამი დღეა, რაც არც გამოსვლები ყოფილა და ოპოზიციურმა ტელევიზიებმაც მოუკლეს ლანძღვა-გინებას.

– ამათ რომ ჰკითხო, ოპოზიციას ვგულისხმობ, დემონსტრანტებით თვითორგანიზებულები არიანო.

– კი, როგორ არა, თუ იმას არ ჩათვლით, რომ მათ ოკეანისგაღმიდან უგზავნიან თანხებს. რომ იტყვიან, მორატორიუმი გამოვაცხადეთ არჩევნებამდე და შევთანხმდით, რომ დანარჩენს არჩევნების შემდეგ გავარკვევთ.

– პორტზეც მორატორიუმია გამოცხადებული?

– არა. მისი მშენებლობა არჩევნებამდე დაიწყება და რაც არ უნდა მოხდეს, ვეღარ გააჩერებენ.

– ღმერთმა არ ქნას და არჩევნები რომ მოიგონ?

– ვერ მოიგებენ. მაგრამ, მასეც რომ იყოს, მაინც ვერ გააჩერებენ, – თქვა ბატონმა ვიქტორმა და დაამატა, – წამოდი, რაღაცას გაჩვენებ.

ორიოდე ოთახი რომ გავიარეთ, ფართო დარბაზს მივადექით. შესასვლელის მოპირდაპირე კედელზე, ცენტრში უზარმაზარი ფერადი სურათი ეკიდა და ბატონმა ვიქტორმა მითხრა:

– აი, ეს პორტი ახალი საქართველოს კარიბჭე და ჩვენი დამოუკიდებლობის სიმბოლოა.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა