პორტი
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 14.09
პოლიტიკის სიბინძურეს პირველად ზვიადის დროს ჩავწვდი.
ჩვენი ერისკაცი პრეზიდენტი „კეთილისმყოფელებმა“ ისე გააბითურეს, დაამხეს და მოკლეს, რომ თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარით.
მაშინ ყველაფერი მხოლოდ რუსეთს დაბრალდა. თუმცა, მთლად ასეც არ ყოფილა საქმე.
იმ დროს გულანთებული პატრიოტი ვიყავი, ცხელი გულით და გონებას არაფერს ვატანდი. ერთადერთ კაცობრიულ ბოროტებად მხოლოდ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი მიმაჩნდა და ამ ხაზს მტკიცედ მივუყვებოდი. ძაღლის თავი მხოლოდ და მხოლოდ იქ მეგონა დამარხული. თუმცა, ვცდებოდი. სინამდვილეში სულ სხვაგვარად ყოფილა საქმე და ამაში წლების შემდეგ დავრწმუნდი.
რუსეთი რომ მამა აბრამის ბატკანი არაა, ბევრი ცოდვა აწევს კისერზე და საფრთხილოა, მთელმა მსოფლიომ იცის, მაგრამ ბევრს ის არ სჯერა, რომ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს ჩვენი „კეთილისმყოფელები“ მსოფლიოს საფრთხობელად იყენებენ. ეს კომბინაცია ფილიგრანულად აქვთ „დამუღამებული“ და საჭირო მომენტში გამოჰყავთ კიდეც მსოფლიო ასპარეზზე. ხატოვნად რომ ვთქვათ, რუს დათვს აღვიძებენ და ის კი ამ დროს ისეთ ქაოსს ქმნის, რომ ძარღვებში სისხლი გაგეყინებათ. ეს ქაოსი, რა თქმა უნდა, მართვადია და იმისთვისაა გამოწვეული, რომ იმათზე იმოქმედონ, ვისი შეშინებაც სურთ. ერთი სიტყვით, ასეთი მდგომარეობა იყო, როდესაც ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობით არჩეული პრეზიდენტი დაამხეს და სიცოცხლეს გამოასალმეს. ეს ამბავი რომ შევიტყვე, ისედაც გაყინული სისხლი კიდევ უფრო მეტად გამეყინა. სიმწრისგან ტუჩებს ვიკვნეტდი. გონებაში კი ზიზღით ვიმეორებდი : „ძირს პუტჩი! სიკვდილი პუტჩისტებს! ძირს რუსეთი! სიკვდილი რუსეთს!..“
ასეთ ტალღაზე მყოფმა ამოვყავი თავი იატაკქვეშა ტერორისტულ ჯგუფში სახელწოდებით, სპა – საქართველოს პატრიოტთა არმია... არმიის რა მოგახსენოთ, სულ რაღაც ექვსნი ვიყავით. მე და კიდევ ხუთი ახალგაზრდა კაცი. გვქონდა წესდება. მასში ეწერა, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე უნდა გვებრძოლა დამპალი რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. ამ ბრძოლაში გამოგვეყენებინა ყველაზე სასტიკი მეთოდებიც კი – დივერსია, საბოტაჟი, აფეთქება, მკვლელობები და ასე შემდეგ. ფიცი დავდეთ, რომ არასდროს ვუღალატებდით არჩეულ საქმეს და ერთმანეთს. ყველაფერთან ერთად გვქონდა, ეგრეთ წოდებული, იმ პირთა შავი სია, ვისი ლიკვიდაციაც უნდა განგვეხორციელებინა. ჩვენი ხელმძღვანელი იყო ჯემალ ციხისელი. სწორედ მან შეგვკრიბა და ის იყო სპა-ს დამფუძნებელი. ჯემალი ძველი „გვარდიელი“, თბილისის ომგამოვლილი, შემდგომ სამეგრელოში „მოღვაწეობდა“. ერთი სიტყვით, ძალიან გამოცდილი იყო ასეთ საქმეებში. მე მას თბილისის ომიდან ვიცნობდი. ერთ-ერთი ქუჩური შეტაკების დროს ჯემალი დაჭრეს. გადაადგილება არ შეეძლო. მე ის ჩემს ეზოსთან აღმოვაჩინე, მთაწმინდაზე. შევიფარე და რადგან სამედიცინო ინსტიტუტში ვსწავლობდი, დახმარება აღმოვუჩინე და სიკვდილისგან ვიხსენი. ჯემალის ჭრილობა სასიკვდილო არ ყოფილა. ტყვია მას ფეხში ჰქონდა მოხვედრილი, მაგრამ ბევრი სისხლი დაკარგა და სწორედ რომ, დროზე მივუსწარი გონებამიხდილს. კიდევ კარგი, რომ სახლში რაღაც-რაღაც წამლებიც მქონდა. ჭრილობაც დავუმუშავე და გავუკერე. ანტიბიოტიკებიც ვასვი და ფეხზეც დავაყენე. მაგრამ ერთი სერიოზული პრობლემა შეიქმნა. თბილისის ომი დამთავრებული იყო, ქალაქში დამოუკიდებლობა სუფევდა. პრეზიდენტის მომხრეებზე ნადირობა იყო გამოცხადებული. თბილისის შესასვლელ-გასასვლელებს პუტჩისტების შენაერთები იცავდნენ. ჯამალი წარმოშობით თბილისელი იყო, მაგრამ სამეგრელოსკენ მიუწევდა გული, რომ თავისიანებს შეერთებოდა. ამის გაკეთება კი იმ სიტუაციაში ძალიან სარისკო იყო. მით უმეტეს, რომ ჯემალი აპირებდა, სამეგრელოში იარაღიც წაეღო. ჯემალს მთელი არსენალი ჰქონდა თან, როდესაც მე ის ჩემს ეზოსთან აღმოვაჩინე: ავტომატი 6 მჭიდით, პისტოლეტი და 20 ცალი ხელყუმბარა, რომლებიც ზურგჩანთაში ჰქონდა ჩალაგებული. კიდევ კარგი, რომ არავინ დამინახა, ჯემალი რომ სახლში შემყავდა, თორემ პუტჩისტები ორივეს დაგვხვრეტდნენ. ჯემალის ავლადიდება სხვენში საიმედოდ დავმალე და როდესაც მოიკითხა, დავამშვიდე, ვუჩვენე და ვუთხარი, რომ ასეთი აღჭურვილობით ქალაქიდან ვერ გააღწევდა. თავიდან რქებით მაწვებოდა. ბოლოს დამეთანხმა და მითხრა:
– რა გაეწყობა, მერაბ, ეს იარაღები და „ლიმონკები“ შენთან იყოს. მოვა დრო და მოვაკითხავ.
ერთთვიანი მალვის შემდეგ ჯემალი სამეგრელოს გზას დაადგა და კარგა ხნის განმავლობაში მე მასზე არაფერი გამიგია. ამასობაში ცხოვრება ნელ-ნელა ლაგდებოდა. ინსტიტუტში განვაგრძე სწავლა, მაგრამ პრეზიდენტის დამხობას ვერაფრით ვეგუებოდი და იმედი მქონდა, რომ სამართლიანობა იზეიმებდა და პრეზიდენტი კვლავ დაბრუნდებოდა. ზვიადის დაღუპვის ამბავმა ჩემზე კატასტროფულად იმოქმედა. შოკში ჩავვარდი და ლამის სულიც კი გამძვრა. პუტჩისტები და მათი მხარდაჭერები კიდევ უფრო მეტად შემძულდა და მზად ვიყავი, ყველა მათგანი ერთ დიდ შენობაში შემეყარა და ამომეხოცა. გეგმაც კი შევიმუშავე. რუსთაველის გამზირზე პუტჩისტების მთავარი შტაბი იყო. იქ მუდმივად ტრიალებდნენ შეიარაღებული ადამიანები. ვფიქრობდი, რომ ჯემალის არსენალიდან რამდენიმე „ლიმონკა“ მესროლა მათთვის მოპირდაპირე შენობის სახურავიდან. მთაწმინდაზე დაბადებულ-გაზრდილი ვარ, ჩემი უბნის ყველა კუთხე–კუნჭული, „კრიშა“ და „ტუპიკი“ ზეპირად ვიცოდი და ამის გაკეთება არ გამიჭირდებოდა. თანაც ისე სუფთად, რომ ვერც კი მომკრავდნენ თვალს. ერთი სიტყვით, ყველაფერი გათვლილი მქონდა და საქმეზეც წავედი. სახურავზე მოვკალათდი. ხუთი ცალი „ლიმონკა“ გავამზადე და მოქმედება უნდა დამეწყო, რომ ამ დროს შტაბის შენობიდან ავტომატგადაკიდებული ახალგაზრდა კაცი გამოვიდა, ხელში 3-4 წლის ბავშვი ეკავა, გვერდით კი ახალგაზრდა ქალი მოჰყვებოდა. სატყორცნად გამზადებული ხელი ჰაერში გამიშეშდა. ძარღვებში სისხლი გამეყინა და სახლში დავბრუნდი. „ლიმონკები“ სამალავში დავაბრუნე და იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ რამხელა ცოდვას დავიდებდი, დროზე რომ არ „დამეტორმუზებინა“. მიუხედავად იმისა, რომ ჩაფიქრებული ტერორისტული აქტი ჩამეშალა, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ მქონდა. ამ ამბიდან ორი კვირის შემდეგ მოულოდნელად ჯემალი მესტუმრა. უცებ ვერც კი ვიცანი – ის ფრანტივით იყო გამოწყობილი. კარის ზღურბლზე იდგა და მიღიმოდა. მიხვდა, რომ ვერ ვიცანი და მითხრა:
– სტუმარს არ მიიღებ?!
– ჯემალ, შენ? – ვთქვი. ოთახში შემოვიყვანე. კარი მივიხურე და გადავეხვიე.
– მე გახლავარ, მე!
– რა ქარმა გადმოგაგდო აქ?
– გროზნოდან ჩამოვედი.
– გროზნოდან?
– კი. გროზნოდან. იქ ახლა საშინელი არეულობა დაიწყო და გამოვერიდე.
– რას აპირებ?
– სწორედ ამიტომ გეახელი.
– გისმენ.
– ჩემი იარაღები ხომ ადგილზეა?
– უკლებლივ.
– ჰოდა, ძალიან კარგი. ახლა კი ერთი ძალიან სერიოზული და საიდუმლო საქმე უნდა გაგანდო.
– გამანდე.
– პოლიტიკური მრწამსი ხომ არ შეგიცვლია?
– შემიცვლია კი არა და, პირიქით, მას მერე, რაც პრეზიდენტი მოკლეს, შურისძიების სურვილი არ მასვენებს, – ვუთხარი ჯემალს და ჩაშლილი ტერაქტის ამბავი მოვუყევი.
ჯემალ ციხისელი თვალებგაფართოებული მისმენდა. ბოლოს კი მითხრა:
– ისე, რომ იცოდე, ჩემო მერაბ, ჩვენმა საქმემ დიდი, პატარა, მოხუცი, ახალგაზრდა, ქალი, ბავშვი არ იცის. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ უდანაშაულოთა სისხლიც იღვრება. მაგრამ ამის გარეშე არაფერი გამოდის.
ჯემალის ასეთი „იდეინობა“, განსაკუთრებით ბავშვთან მიმართებაში, არ მომეწონა და ვუთხარი:
– ესე იგი, ბავშვიც უნდა მომეკლა.
– არა, რა თქმა უნდა, მაგრამ მასეც რომ მომხდარიყო, ძალიანაც არ უნდა გედარდა, – მითხრა ჯემალმა და დაამატა, – ეს იქით იყოს, შენთან კი იმიტომ მოვედი, რომ ჩვენს ორგანიზაციაში გაწევრიანება შემოგთავაზო და იმედია, უარს არ გვეტყვი.
– რა ორგანიზაციაა?
– იატაკქვეშა ორგანიზაცია საქართველოს პატრიოტთა არმია, შემოკლებით კი – სპა. ჩვენი მიზანია საქართველოს მტრებთან ბრძოლა, ძირითადად, რუსებთან და მათთან შეკრულ ქართველ მოღალატეებთან.
– რა გზით ბრძოლა?
– შეიარაღებული ტერორის გზით.
– და ვინ და როგორ უნდა დავატეროროთ?
– პირველადი სია უკვე მზად გვაქვს. საბრძოლო მასალაც – თავზე საყრელად. კიდევ მეტს ვიშოვით. შენ ის მითხარი, თანახმა თუ ხარ?
– პრინციპში, კი.
– ძალიან კარგი. მალე სხვებსაც გაგაცნობ და საქმესაც შევუდგეთ.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, შესაბამისი რიტუალური პროცესი გავიარეთ. ბოლოს ფიციც დავდეთ და პირველი ოპერაციისთვის მოვემზადეთ. სამიზნე ერთი კაცი იყო, რომელიც ფიზიკურად უნდა გაგვენადგურებინა და ეს მისია მე მხვდა წილად. „ობიექტი“ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში თავში ორი გასროლით მოვკალი. მაყუჩიანი „მაკაროვი“ მქონდა, რომელიც შემთხვევის ადგილზე დავტოვე და იქაურობას სასწრაფოდ გავეცალე. საღამოს სახლში ჯემალ ციხისელმა მომაკითხა, „ნამუშევარი“ შემიქო და მითხრა:
– ეს ერთი და სხვა მრავალი! გილოცავ ნათლობას, ყოჩაღ, მერაბ გავაშელო!
– მიანც ვინ იყო ის კაცი?
– ტელევიზორი ჩართე და გაიგებ.
ტელევიზორიდან შევიტყვე, რომ „ზაკვოს“ შტაბის „გრუს“ პოლკოვნიკი მომიკლავს. მთელი მილიცია-პოლიცია ფეხზე იდგა და მკვლელს ეძებდნენ.
– რამხელა სკანდალი გამომიწვევია, – ვთქვი მე.
ჯემალს გაეცინა და ირონიით მითხრა:
– ჯერ სად ხარ. სკანდალები და ხმაური შენ მაშინ ნახე, ფრთებს რომ გავშლით. ახლა კი ცოტა ხნით ფსკერზე უნდა დავწვეთ. ყველაფერი რომ მიწყნარდება, შემდგომ ნაბიჯს მერე გადავდგამთ.
ჯემალი წავიდა და აღარც გამოჩენილა. მასზე ჭორის სახით შევიტყვე, ოკეანის გაღმა გაიქცა და ჩრდილოეთ ამერიკაში ცხოვრობსო. სპა-ს დანარჩენი ოთხი წევრი კი სამეგრელოში შეიარაღებული შეტაკების დროს მოკლეს. მათი სურათები ტელევიზორში ვნახე და ვიცანი. ისე გამოვიდა, რომ ორგანიზაცია სპა-დან მე დავრჩი, თუ, რა თქმა უნდა, ჯემალ ციხისელი ცოცხალი არ იყო, რაც დანამდვილებით არც კი ვიცოდი.
ამასობაში სამედიცინო ინსტიტუტიც დავამთავრე. შემდგომი ხანგრძლივი პრაქტიკაც გავიარე და საკმაოდ კარგი ექიმიც გამოვედი. დავქორწინდი. ვაჟი შემეძინა და ისე გავიდა 25 წელიწადი, რომ თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი. მე უკვე ცნობილი ექიმი ვიყავი და საკმაოდ მდიდარი პაციენტებიც მყავდა. ერთ-ერთი მათგანი ცნობილი მეცენატი, ქველმოქმედი და საქვეყნოდ ცნობილი ადამიანი იყო. ისე მოხდა, რომ მე მისი ოჯახის ექიმი გავხდი. მათთან, რომ იტყვიან, უპრობლემოდ შემესვლებოდა და ამ კაცისა და მისი ოჯახის წევრების აბსოლუტური ნდობით ვსარგებლობდი. სწორედ ამ კაცმა მაჩუქა ფეშენებელური სახლ-კარი, ჩემი ერთადერთი ვაჟი კი შეერთებულ შტატებში ყველაზე პრესტიჟულ, ყველაზე ძვირად ღირებულ უნივერსიტეტში მომიწყო და სწავლის ფულიც წინასწარ ჰქონდა გადახდილი. ამ ადამიანს, ბატონ ვიქტორს, მთელი საქართველო ემადლიერებოდა და ლოცავდა. თავდაპირველად ბატონი ვიქტორი პოლიტიკაში არ ერეოდა და მხოლოდ საქველმოქმედო და სოციალური პროექტებით იყო დაკავებული, მაგრამ იძულებული შეიქნა, რომ პოლიტიკოსი გამხდარიყო და ერთპიროვნული, ანტიხალხური მმართველობის გზაზე დამდგარ მთავრობასა და მის მეთაურებს დაპირისპირებოდა. ამან შედეგი გამოიღო. არჩევნებში ვიქტორის მიერ შერკებილმა გუნდმა გაიმარჯვა და ქვეყანა ნორმალური განვითარების გზას დაადგა. თუმცა, რევანშისტებმა და ოკეანისგაღმელმა „მოკეთეებმა“ ძირის ამოთხრა დაუწყეს ვიქტორსა და მის მთავრობას. სცადეს, ეიძულებინათ, რომ სასიკეთო კურსიდან გადაეხვია და „შავი ფიარი“ აუგორეს. მიუხედავად სიმტკიცისა, ბატონი ვიქტორი საკმაოდ განიცდიდა ამ ყველაფერს და ზოგჯერ მიზიარებდა კიდეც თავის აზრებს. ერთხელ ბატონი ვიქტორის ოჯახში პროფილაქტიკურ შემოწმებაზე ვიყავი. პროცედურები რომ დავასრულე, სახლში წასვლას ვაპირებდი, რომ ამ დროს ბატონმა ვიქტორმა თავის კაბინეტში მიხმო და მკითხა:
– ძალიან ხომ არ გეჩქარება?
– არა, ბატონო ვიქტორ.
– მაშინ, მოდი, თითო ჭიქა გადავკრათ – კარგი კონიაკი მაქვს.
ერთმანეთის პირისპირ მოვკალათდით, შესანიშნავ ფრანგულ კონიაკს ვსვამდით, თან ვსაუბრობდით. აშკარა იყო, რომ ბატონ ვიქტორს განმუხტვა უნდოდა და საამისოდ დამიბარა. ჩვენი საუბარი აპოლიტიკურ, განყენებულ თემებს შეეხებოდა. ბატონი ვიქტორი უფრო მეტად ჩემი ოჯახის, ჩემი ცოლ-შვილისა და ჩემი წინაპრების შესახებ მელაპარაკებოდა. უცებ მან პაუზა გააკეთა და შემომხედა, შემდეგ თავი გააქნია და მითხრა:
– რჩევა მინდა, გკითხო.
ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, მაგრამ არ შევიმჩნიე და ვუთხარი:
– ბრძანეთ, ბატონო ვიქტორ. თუკი რამ შემიძლია, თქვენს სამსახურში ვარ.
– მერაბ, რას იტყვი, ხელი ხომ არ ჩავიქნიო ყველაფერზე და პოლიტიკაში აღარასოდეს ჩავერიო?
დასასრული შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან