რომანი და დეტექტივი

პოლიციური რომანი

№48

ავტორი: ანა ბარამიძე 20:00 10.12, 2021 წელი

პოლიციური რომანი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #41-47(1091)

ზურამ დამაპურა, სახლის ტანსაცმელი ჩაიცვა და გვერდით დამიჯდა, მინდოდა, ყველაფერი მომეყოლა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ზურას მთელი ცხოვრება ვიცნობდი, ჩემი ახლობელი იყო და შემეძლო, თამამად გადამეშალა გული. მეც ავდექი და ჩვენი შეხვედრიდან დღემდე ყველაფერი მოვუყევი, მხოლოდ ნიკასთან ჩემი კოტრიალის ამბავი დავმალე, არ მინდოდა, სცოდნოდა, რომ მისი გაცნობის მერე სექსი მქონდა ვინმესთან, ეს რატომ დავმალე, არ ვიცი, მე ხომ მისთვის ერთგულების ფიცი არ მიმიცია?! ზურა ყურადღებით მისმენდა, თხრობას რომ მოვრჩი, ტახტს მიეყრდნო და თვალები ჭერს გაუშტერა. ფიქრობდა. არ ვინძრეოდი. შეგრძნება მქონდა, რომ ამ სახლში ვცხოვრობდი, რომ პირველად კი არა, მეათასედ ვიჯექი ასე, ზურასთან ერთად და ცხოვრების მრავალი წელი გვაკავშირებდა ერთმანეთთან და სიმშვიდეს ვგრძნობდი. ამ დღეების განმავლობაში პირველად აღმოვაჩინე, რომ არსებობს სიმშვიდე მუსიკის გარეშე. ლუკა გამახსენდა. ტირილი დავიწყე. ჯერ აქა-იქ მცვიოდა ცრემლები, მერე უკვე გულამოსკვნილი ვტიროდი და ბოლომდე მივეცი თავს უფლება, გამომეტირა ბავშვობის მეგობარი. ზურამ მკლავები მომხვია. მე ჩავეხუტე და ტირილს ვუმატე, რამდენ ხანს ვიტირე, არ ვიცი. მისი ჩახუტებაც ისეთი მშობლიური იყო, მჯეროდა და არც მჯეროდა, იმიტომ რომ აშკარად სახლში ვიყავი, ჩემს სახლში, მყუდროდ, მშვიდად, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვხვდებოდი, როგორ შეიძლებოდა, ასე მეგრძნო თავი. ახლა მივხვდი, თურმე, რა მაკლდა მთელი ცხოვრება, ადამიანი, რომელთანაც თავს ისე ვიგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში.

– გეშინია? – მკითხა ზურამ.

– მხოლოდ იმის, რომ ამ ბინძური ბიზნესისა და ფულის გამო ჩემი ბავშვობის მეგობარი შეიძლება, ძალიან დიდი ხნით მოხვდეს ციხეში და კიდევ მეშინია, რომ ვერაფერს შევძლებ, რომ უბრალო პაიკი ვარ სხვის თამაშში და მე და შენ ვერაფერს შევძლებთ. შენი დაკარგვის მეშინია კიდევ, – თავი ავწიე და ზურას თვალებში ჩავხედე, ამდენი ტირილისგან დასიებული თვალებით ცუდად ვხედავდი, მაგრამ მისი სახის ნაკვთები ახლოდან უკეთ გავარჩიე. უფრო მომეწონა, მომინდა სახეზე მოვფერებოდი, ხელები ავწიე და თითები სახეზე დავუსვი, ცხვირზე პირზე, ნიკაპზე თვალები დავხუჭე: მინდოდა, თითებით დამემახსოვრებინა მისი სახე, მაიორი უკვე მაიორი აღარ იყო, ჩემი ზურა იყო, ასე დავიმახსოვრე, ამას უკვე ვეღარაფერი შეცვლიდა. არ ვიცი, რამდენ ხანს იმახსოვრა ჩემმა თითებმა მისი სახე, თვალებდახუჭულს მისი ცხელი სუნთქვა მომხვდა ტუჩებთან. როგორ მინდოდა, რომ ეკოცნა! მაკოცა კიდეც, მერე ყველაფერი ამერია, გონებაშიც, სხეულში, მაგრამ სულმა სიმშვიდე იპოვა. შუაღამეს ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, ბოლოს ასე ტკბილად როდის მეძინა, არც მახსოვდა, ზურასაც გაეღვიძა. ლადო იყო, ხმაზე ეტყობოდა, რომ კაიფიდან ახალი გამოფხიზლებული გახლდათ, ლანა მართლა დაიჭირეს?! როგორ, ნუცა?! როგორ?! გეხვეწები, მითხარი, სად ხარ? უნდა დაგელაპარაკო! ზურას შევხედე: ამოვიდეს. ლადოს რეაქციაზე აღარ მიფიქრია, სხვა კაცთან რომ აღმომაჩენდა სახლში ღამით. ბოლოს და ბოლოს, ნიკა მისი მეგობარი იყო, მაგრამ ამბის ამ მხარისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, იმიტომ რომ მე ნიკასი აღარ ვიყავი. ცოტა ხანში ლადო ზურას ბინის მისაღებში იჯდა და თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. ზურამ სასმელი შესთავაზა, მაგრამ ლადომ ყავა ისურვა, ყავას სვამდა და ლანა–ლანას, გარდა არაფერს იძახდა: ჩემი ბრალი არაა, ნუცა, გეფიცები, რაც მედო, ყველაფერი ავიღე, აღარც აინტერესებდა, პოლიციელის წინ რომ ამბობდა ამას. მე ავიღებ ჩემს თავზე, მე მიშველიან ჩემები, ხო იცი, მოდი, რა, ზურა, ძმურად, დამიჭირე, დამაკავე და მითხარი, რა უნდა ვთქვა, სად იპოვეთ ლანასთან და რა იპოვეთ და რამდენი. ლანას სახლის გასაღებიც მაქ, თან, ნარკომანი ვარ. მოკლედ, ყველაზე კაი ვარიანტია, დამიჭირე, რა, გთხოვ. ზურა დაფიქრდა, მერე მე შემომხედა, ლანა ძალიან მიყვარდა და საოცარი ის იყო, რომ ლადუნაც შემიყვარდა. არც არასდროს მძულდა. მაგრამ დავინახე, როგორი ძლიერი გრძნობა ჰქონდა ლანას მიმართ. გვერდით მივუჯექი და ჩავეხუტე: დამშვიდდი, იქნებ ისე გამოვაძვრინოთ ლანა ამ ამბიდან, რომ შენი დაჭერა საჭირო არ გახდეს.

– თქვენ კიდე რაღაც არ იცით, – ეს რომ თქვა, თითქოს გამოფხიზლდა, მოიცა, ნუცა, შენ ამ კაცთან ნაშაობ? აბა, ნიკა? ნიკას შენი ცოლად მოყვანა უნდა, როდის დაშორდით? ვაფშე, რა ხდება?! ჩემი სიყვარულის ისტორიის მოყოლა ძალიან დამეზარა, მხოლოდ ერთი ფრაზა ვუთხარი, რა გრძნობაც ახლა შენ გაიძულებს, ციხეში ლანას მაგივრად ჩაჯდომას, იგივე დამემართა მე ამ „მენტზე“, – და ზურას გავხედე: ხო იცი, ეს არ იხსნება, ძმაო. ლადო გაჩერდა, მის ენაზე ნათქვამს ყოველთვის იგებდა. კაიო და ზურას შეხედა: კაროჩე, ძმაო, მენტს თუ რამეს ვთხოვდი, არ მეგონა, მით უმეტეს დაჭერას, მარა, მიდი, დამიჭირე, რა!

გათენდა თუ რა, ბორკილებდადებული ლადო პოლიციის განყოფილებაში მე და ზურამ მივიყვანეთ, აღიარებითი ჩვენება დავაწერინეთ და ლანა წინასწარი დაკავების საკნიდან გამოვუშვით. ლანას მე დავხვდი, ერთ ღამეში ისე გაფერმკრთალებულიყო, რომ თვალებს ვერ ვუჯერებდი, ჩამეხუტა და ტირილი დაიწყო: ნუცა, შენ არ იცი, შენ კიდევ არ იცი, რა შარში ვართ?! დაგინახე, მანქანაში რომ იჯექი, რომ მაკავებდნენ. შენი სილუეტი ჩანდა, მერე გამახსენდა, რომ მითხარი პოლიციაში ვიწყებ მუშაობასო, ყველაფერი ზვიადისა და ნიკას დაგეგმილია, მაგათ დავხოცავ, გეფიცები და ჩავჯდები. ლადო სად აგდია?! რატო არ დამხვდა?! როგორ მეთქვა, შენ იმიტომ ხარ თავისუფალი, რომ ლადო დავიჭირეთ შენ მაგივრად-მეთქი, ამიტომ კითხვა გავუტარე. მანქანაში ჩავსვი და სახლში წავიყვანე. მინდოდა, მალე მივსულიყავი განყოფილებაში და საქმის მასალები წამეკითხა. ლანა არც ავაცილე, პირდაპირ პოლიციისკენ ავიღე გეზი. ზურა სამსახურში არ დამხვდა, აღმოვაჩინე, რომ მისი ნომერი არ მქონდა თანამშრომლებს ვკითხე და რეკვა დავიწყე, ზურა არ მპასუხობდა, გაუჩერებლად ვრეკავდი, მაგრამ ამაოდ. ავნერვიულდი, სული მიშფოთავდა, გული ცუდს მიგრძნობდა. გიჟივით გამოვვარდი, ზურას სახლთან ავიარე, სასამართლოსთან გავიარე, კობას დავურეკე, დობორჯგინიძე გამოიძახეთ, სასწრაფოდ მჭირდება-მეთქი, ვერც კობამ გაარკვია ზურას ასავალ-დასავალი.

ისე გავიდა ერთი თვე, ზურა არც ცოცხალი და არც მკვდარი კაციშვილს არ ენახა, სამსახურიდან წასვლაზე პატაკი ფოსტით გამოაგზავნა, ერთი თვის მერე მის სახლში მივედი. კარი უცხო ქალმა გამიღო, ეს ზურას დედა ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო. უკაცრავად, ზურა აქ ცხოვრობს? დედამისი ხართ? მივაყარე კითხვები. არა, გენაცვალე, მე ზურას ბიცოლა ვარ, ზურა და ეთერი საზღვარგარეთ წავიდნენ, აქ აღარ ცხოვრობენ. შემოდი, გენაცვალე, ყავას დაგალევინებ, – შემიპატიჟა. შევყევი, მინდოდა, ისევ მენახა ზურას სახლი, მისი სურნელი მეგრძნო, ყველაფერი ისევ ჩვეულად იდგა, სავარძელს დავხედე, გამახსენდა როგორ იჯდა აქ ზურა, მერე ტახტს, როგორ მაკოცა ამ ტახტზე, საძინებელშიც შევიჭყიტე, მოგონებები ამიტრიალდა და ტირილი დავიწყე, ამ ბოლო პერიოდში ზედმეტად სენტიმენტალური გავხდი. ყავა დავლიე, ხმა არ ამომიღია, ცრემლები მახრჩობდა, როგორ მიმატოვა?! ხომ, შემპირდა, დაგეხმარებიო, ამ საქმეს ბოლომდე ჩავყვებითო, დაგიცავო, და გაქრა...

ლადო დაკავებიდან მართლაც 2 კვირაში გამოუშვეს, ლანას ვუთხარი, ლადოს ცოლად უნდა გაჰყვე–მეთქი. გაუკვირდა, მაგრამ ესიამოვნა. იმასაც მივხვდი, რომ ლადოს ნიკასთვის არაფერი ჰქონდა ნათქვამი, იმიტომ რომ ნიკა ისევ გამუდმებით მირეკავდა და სიყვარულებს მიხსნიდა, ისევ უნდოდა ჩემი ნახვა და ჩემთან ურთიერთიობა. ნიკას ავუხსენი, რომ ახლა ურთიერთობა არ მსურდა, მაგრამ არ მომეშვა. ზვიადი კმაყოფილი იყო, მადლობაც კი გადამიხადა: რა უქენი ამ ზურას მე არ ვიცი, მარა ასე იოლად და ასე სწრაფად თუ გზიდან ჩამოგვაშორებდი, არ გვეგონაო. ერთადერთი დამატებით იმ საქმის მასალები მთხოვა, რომელიც ზურამ პირველ დღეს შემომიტანა კაბინეტში. ზვიადს მასალები მივუტანე მაგრამ ქსეროასლები გადავიღე და ჩემთვის დავიტოვე. ოდესმე, ალბათ, მზად ვიქნებოდი მათ წასაკითხად და იქნებ ზურასა და დედამისის გაუჩინარების ამბავი და მიზეზიც მეპოვა, მაგრამ უფრო იმის მეშინოდა, რომ არ მეპოვა, ამიტომაც ვითრევდი ფეხს.

გუნება შემეცვალა, ლანას ეს არ გამოჰპარვია მე დეპრესიას ვაბრალებდი. ჩემი ზურასთან გატარებული ერთი ღამის ამბავი არავისთვის მომიყოლია, მხოლოდ ლადომ იცოდა, რომ იმ ღამით ზურასთან ვიყავი, მაგრამ ზუსტად არც მან იცოდა, სინამდვილეში რა მოხდა ჩემსა და ზურას შორის. ლანამ მასთან ერთ-ერთი სტუმრობისას ორსულობის ტესტი დამახვედრა, ან ნებით გაიკეთე, ან დაგაბამ და ძალით გაგიკეთებო. ტესტმა ორი ხაზი აჩვენა, მაგრამ ბედის ირონია ის იყო, რომ ზუსტად არც კი ვიცოდი, ბავშვი ნიკასი იყო თუ ზურასი. ცხოვრებაზე, უფრო ზუსტად, მაიორის საქციელზე დაბოღმილმა, ნიკას გამოვუცხადე, რომ ორსულად ვიყავი.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი