რომანი და დეტექტივი

პოლიციური რომანი

№47

ავტორი: ანა ბარამიძე 20:00 03.12, 2021 წელი

პოლიციური რომანი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ # 41-46(1090)

ნიკას სუნი ამდიოდა და მაღიზიანებდა, გიჟივით ვიხეხე კანი, იმდენჯერ შევისხი სუნამო, უკვე გული მერეოდა, მაგრამ ნიკას სუნი მაინც ცხვირში მიტრიალებდა და მაიორის სილუეტს ამღვრევდა, რაც ნერვებს მიშლიდა. ჩემთვის განკუთვნილი ხალათი ავიღე, მოვისხი და მისაღებში გავედი. ლანა და ლადო გვრიტებივით ჭუკჭუკებდნენ. ლანას სახეზე მხოლოდ მე თუ შევატყობდი, რომ საერთოდ არ ჰქონდა რომანტიკისა და ენის ჩლექის თავი, მაგრამ ლადო უყვარდა და გულს არ უტეხავდა.

– პანაშვიდზე უნდა წავიდეთ, – ვთქვი და სავარძელს დავებერტყე, – ნიკასაც დავურეკავ, მაგასაც უნდა პანაშვიდზე წამოსვლა. ნიკას ხსენებაზე ლანას სახე დაეჩრდილა. არ შევიმჩნიე. გავემზადეთ და ერთ საათში ლუკას სახლთან ვიყავით, ნიკაც მოვიდა. უხმოდ ავედით. არ მიყვარდა პანაშვიდები, ამიტომ კართან შევჩერდი, ოჯახის წევრებს მივუსამძიმრე, ზვიადი მომხვდა თვალში, მე მას ორგანულად ვერ ვიტანდი. ჩემსა და ნიკას შორის წლების განმავლობაში იყო უსიამოვნების წყარო. არ მინდოდა, მასთან რამე კავშირი ჰქონოდა, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ ადამიანის იძულება არ შეიძლებოდა, ამიტომ ბედს შევეგუე. ზვიადისთვის მისამძიმრების არანაირი სურვილი არ მქონდა, მაგრამ ზრდილობა მოითხოვდა, თან, ხომ ვიცოდი, რომ ჩემი თანამდებობის დანიშვნის საქმეში მარტო ნიკას ხელი არ ერია, ამიტომ თავს, ასე თუ ისე, ვალდებულებადაც ვუთვლიდი, მივსულიყავი და სამძმარი მაინც მეთქვა. ზვიადმა ყალბი მადლობა გადამიხადა, შემდეგ კი ოდნავ კუთხისკენ მიმწია და ხმადაბლა მითხრა: დღეს წახვალ, ხომ, ახალ სამსახურში? სისტემაში დაბრუნებას გილოცავ, ნუცა! გამიხარდა, რომ ნიკას შეთავაზებას დათანხმდი, გამოგვადგები და შენი ზევით-ზევით აწევაც ჩვენზე იყოს. ხო იცი, ჩვენი გოგო ხარ, – ეს რომ მითხრა, მხარზე დამიდო ხელი. გამეღიმა, ვიცოდი, რომ ნიკასა და ზვიადს ჩემი თანხმობის გარეშეც ჰქონდათ საქმე გაჩარხული. გული მომივიდა, ზვიადის დაგესვლის შესაძლებლობას კი არასდროს ვუშვებდი ხელიდან, ამიტომ უკმეხად ვუთხარი: ხო, მაგრამ ჩემი თანხმობა ფორმალური რომ იყო, მივხვდი. როგორც ვხედავ, თქვენ უფრო გჭირდებით მე, ვიდრე მე – თქვენ ან თქვენი ნაჩუქარი თანამდებობა. ზვიადმა გაიღიმა, ჩემი სიტყვები არასდროს ხვდებოდა გულზე, ან ხვდებოდა და ოსტატურად მალავდა, რაც საშინლად მაცოფებდა. ისე, თითქოს რომ ჩემი სიტყვები არც გაუგიაო, გააგრძელა, – დღეს რომ სამსახურში მიხვალ, ზურა დობორჯგინიძე დაგხვდება, შენი ქვეშევრდომია, მოკლედ, ჩვენი კამანდის არაა, სხვა ფრონტზე თამაშობს, კონტრაშია, რამენაირად გააფუჭე, გეტყვი, რომელ საქმეს შეიძლება, წააკვდეს ცოტა ხანში და მანდ გაუშვი, ეგ არის ერთადერთი, რაც შენგან გვჭირდება, დანარჩენზე არ შეგაწუხებთ. მერე იბლატავე, რამდენიც გინდა. ის-ის იყო, პირი გავაღე, რომ რაღაც მეთქვა, ზვიადი უცებ მკვეთრად გატრიალდა და სამძიმრის მიღება განაგრძო. ისე დავიბოღმე, აღარც მახსოვდა, რომ სამძიმარზე ვიყავი და ლამის ყვირილი დავიწყე; უცებ ლანას ხელი ვიგრძენი, წამოდი, აქ ისტერიკა არ გინდა. დერეფანში გამიყვანა: მანქანაში ჩავიდეთ.

– ნეტავ, გაიგო, რაზე ვსაუბრობდით? – ვფიქრობდი კიბეებზე ჩასვლისას. ლანას ბედი აღარ მაშფოთებდა, მისი სახლი „სუფთა“ იყო. რაც მთავარია, ხელს ვერ ახლებდნენ.

– ლან, ძალიან მიყვარხარ!

– ვიცი, ნუცა. ის-ის იყო მანქანაში ვსხდებოდით, რომ ნიკა დაგვეწია, ჩამეხუტა, ლანა მოიკითხა და ყურში მითხრა: ზვიადმა მითხრა, რომ ყველაფერი იცი, დღეს გაივლი ახალ სამსახურში?

კითხვა დავუბრუნე: რაო ექსპერტიზამ? რა იყო სიკვდილის მიზეზი?

– გულის გაჩერება, პერედოზი, რა, ნუცა, რა უნდა ყოფილიყო? – ამის გაგონებაზე ლანას ააკანკალა.

– გაგიყვანო სახლში? – მკითხა ნიკამ.

– არა, ლანასა და ლადოს გავყვები, ჩემს მანქანასაც ავიყვან, ლანას სახლთან მიყენია, მეც სახლში მივალ, გამოვიცვლი, მოვწესრიგდები და შეიძლება, ახალ სამსახურშიც შევიარო. ნიკამ შუბლზე მაკოცა და პანაშვიდზე აბრუნდა.

ლანასთან მანქანა ავიყვანე, დავქოქე და მივხვდი, როგორ მომენატრა ჩემი მუსიკა. ყველაზე მეტად მუსიკის მოსმენა მინდოდა, როდესაც უზომოდ ვიღლებოდი. მაგრამ ვიცოდი, რომ სამსახურში უნდა მივსულიყავი და ზურას პიროვნება უკეთ შემესწავლა.

– თუ იმ სირ ზვიადას ჰგონია, მაგის სიტყვაზე ავითვალწუნებ ვინმეს და გავაფუჭებ, ძალიან ცდება, თუ მართლა მტყუანია, კიდევ დაფიქრდებოდა კაცი, – საკუთარ თავს ხმამაღლა ველაპარაკებოდი. სახლამდე არანორმალური სიჩქარით ვიარე, უცებ ავირბინე კიბეებზე, სახლში შევვარდი და ოთახს მივაშურე. დედაჩემის ქოთქოთიც მომესმა, სად იყავი ეს ორი დღე, შენ ეს სახლი სასტუმრო ხომ არ გგონია?

– ლუკა გარდაიცვალა, – მივაძახე და ოთახში შევიკეტე, სიჩუმემ დაისადგურა. ცოტა ხანს მაინც დამასვენებს, მერე გავალ, მოვუყვები. კარადა გამოვაღე, ტანსაცმელს ისე გულდასმით ვარჩევდი, გეგონებოდა პირველ პაემანზე უნდა წავსულიყავი, მიხაროდა ისევ სამსახურში დაბრუნება და ვცქმუტავდი. ადრენალინი მიყვარდა, გამოცანები, ადამიანებთან ურთიერთობა, მათზე დაკვირვება. პოლიცია იყო ის ადგილი, სადაც თავს ისე ვგრძნობდი, როგორც თევზი წყალში. ბიჭად მაინც დავბადებულიყავი-მეთქი, ხშირად მიფიქრია, მაგრამ გოგოდ დავიბადე. არ ვნანობდი, უბრალოდ, ხანდახან დარდი გამკრავდა, ბიჭს უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს-მეთქი, ასე მეგონა. ძლივს ავარჩიე ტანსაცმელი, მოტკეცილი ნაჭრის შარვალი, თეთრი სადა მაისური, იმაზე ვერ ვყალიბდებოდი: ოფიციალური სტილის მისაცემად ქუსლიანი კლასიკური ფეხსაცმელი ჯობდა თუ დაბალძირიანი. მოდი, რაცაა, იყოს: მოტკეცილ შარვალზე ქუსლები ძალიან მიხდება და ქუსლიანები გადავწყვიტე, თან მაიორსაც, ხომ, ვეპრანჭებოდი. ასე გამოწყობილი გავემართე სამზარეულოსკენ, კაი გვარიანად მომშიებოდა: დე, მაჭამე, რა, რამე.

– მაცივარშია, გამოიღე და გაიცხელე, შენი მონა აქ არავინაა, – მომესმა ხმა. უხმოდ გავაცხელე საჭმელი და ჭამა დავიწყე, დედაჩემი შემოტუსტუსდა სამზარეულოში: საწყალი ლუკა, რით გარდაიცვალა, რა დაემართა?

– გული გაუსკდა?!

– ვახ! – ამოიგმინა დედჩემმა, – ასეთი ახალგაზრდა... რა ჰქონდა ამდენი სანერვიულო?! ღმერთმა ნათელში ამყოფოს, – და თავი გადაიქნია.

– დედა, სამსახური დავიწყე, პოლიციაში ვბრუნდები, – დედაჩემს გაუხარდა, – რა კარგია, საღამომდე საწოლში არ ეგდები და ცხოვრებას ძილში აღარ გაატარებ. დავეთანხმე და საჭმლის ღეჭვა გავაგრძელე. გასვლისას შემათვალიერა, რამე სხვა რომ ჩაგეცვა, აჯობებდაო, მომაძახა და კარიც გამოვიჯახუნე.

შენობაში შესვლისას მორიგეს სახელი და გვარი ვაუწყე და პირადობა გადავეცი, იქ მან ამბები დაატრიალა და ილეთები გამოიყენა, გეგონებოდა, თვით დიდი ბრიტანეთის დედოფალი მიბრძანებულიყოს. ვიცოდი, რომ ეს მთლად ჩემს თანამდებობას არ უნდა გამოეწვია, მართლა კარგად გამოვიყურებოდი და გარეგნობისა და თანამდებობის ასეთ ტანდემს რიგითი კუხიანიძე ნამდვილად არ ელოდა. ფრთხაფურთხით ამაცილა და პირდაპირ უფროსთან შემიყვანა. კობა თავიდანვე მომეწონა, წლები არ ეტყობოდა, არადა ასაკოვანი უნდა ყოფილიყო. ნათელი ლურჯი თვალები ჰქონდა და სანდომიანი ღიმილი. გოთვერანი რომ იქნებოდა, შევატყვე, მაგრამ მთლად შუბლძარღვგაწყვეტილიც არ უნდა ყოფილიყო, ნუ, ყოველ შემთხვევაში, მე ასე დავასკვენი. ბიუროკრატიულ საკითხებს რომ მოვრჩით, თათბირს მოვიწვევ და წარგადგენო, – მითხრა და თანაშემწეს დაურეკა: ყველანი ჩემთან გამოცხადნენ, ახალი მოადგილე უნდა გავაცნო პირად შემადგენლობას. 5 წუთის განმავლობაში ოთახი მამაკაცებით აივსო. აი, ამ დანაყოფს ნამდვილად მკაფიოდ ეტყობოდა გენდერული დისბალანსი. ოთახში მაიორიც შემოვიდა, ისე შემომხედა, ლამის მევე დავიჯერე, რომ ამ დილით ყავა მასთან ერთად კი არა, საერთოდ სხვა პიროვნებასთან ერთად დავლიე. ფორმის ჟილეტი ისე უხდებოდა, წამით მზერა გამიშტერდა, შეატყო, მაგრამ არ შეიმჩნია. მოკლე წარდგენის შემდეგ, ჩემს კაბინეტში აღმოვჩნდი. ეტყობოდა, რომ წინა მეპატრონე ავეჯს უვლიდა, სისუფთავის სურნელი იდგა. მესიამოვნა. სავარძელი მოვიზომე, სასიამოვნო იყო მასში ჯდომა, ნეტავ, დინამიკები თუ აქვს ჩემს კომპიუტერს-მეთქი და თვალიერება დავიწყე. ამ დროს კარი გაიღო: შეიძლება, – მორიდებულად მკითხა ზურამ. ხელის მოძრაობით მოვიხმე და გულიც ამიფანცქალდა, დილით რომ გითხარი, მასალებს შემოგიტან-მეთქი, იმ საქმის მასალები მოგიმზადე და აქვე დაგიტოვებ, როცა გინდა, გადახედე, – მასალები მაგიდაზე დამიდო და გასვლა დააპირა. არ მინდოდა, წასულიყო. თან, მაინტერესებდა, ვისი კადრი იყო, ვინ „კრიშავდა“ და რატომ უნდა გამეფუჭებინა ეს უფროსი დეტექტივი ან ჩემ გარდა მაგის გასაფუჭებლად ვერავინ ნახეს?!

– დაჯექი მაიორო, შენზე მომიყევი, მინდა, ყველაფერი ვიცოდე, – მეც შენობით მივმართე.

– დაკითხვაზე ვარ? – ჩემი ფრაზა გაიმეორა და ბრიყვივით ამომხედა, ვატყობდი, რომ ჩემი მოტკეცილი შარვალი თვალს ჭრიდა: ვერც მზერას მარიდებდა და ვერც მიყურებდა, მიყვარდა კაცების წვალება, ამიტომ უფრო თამამად ავუარ-ჩავუარე ცხვირწინ: მართლა მაინტერესებს, ვინ ხარ, საიდან მოხვედი, ვისი ბიჭი ხარ... მოკლედ. შენ გარდა არც არავის ვიცნობ, ბუსავით უნდა ვიყო ამ კაბინეტში.

მაიორმა მოკლედ მიამბო თავის შესახებ: დედისერთა იყო, მამა არ ჰყავდა, ომში დაეღუპა, არც ნათესავების სიმრავლით გამოირჩეოდა, კარგი მოსწავლე ყოფილა, კარგი სტუდენტი, ყველაფერს თავისით მიაღწია–მეთქი, დავასკვენი: ვისი რეკომენდაციით მოხვედი სამსახურში? – ვკითხე და თვალი თვალში გავუყარე.

– ჩემს პირად ანკეტაში წერია.

– მე შენგან მინდა პასუხი, თან გულწრფელი, თორემ ჩემს ანკეტაში იმდენი რამ წერია... მაგრამ ყველაფერი სიმართლე კი არაა?! ზურამ ისეთი პიროვნების სახელი და გვარი მითხრა, რომელიც ნიკასგან ბევრჯერ გამიგია, ზვიადი და ნიკა მართლები იყვნენ, ზურა მართლაც სხვა ჯგუფის კადრი იყო. გამიკვირდა, აქამდე როგორ მოვიდა, ალბათ, საქმეს მართლა კარგად იძიებს, ამდენი ბალასტის სათრევად ერთი კარგი მუშაკი აუცილებელია. ასეთი კი სავსებით შესაძლებელია, ზურა აღმოჩენილიყო. მე და ზურა საუბარს ისე შევყევით, დრო გაგვეპარა, ტელეფონის ზარმა გამოგვარკვია ბავშვობის მოგონებების გახსენებიდან. მორიგე რეკავდა ლანას ბინის ჩხრეკის თაობაზე სასამართლო განჩინება მოვიდაო.

– წამოხვალ? – მკითხა ზურამ

– სად? დაქალის სახლის ჩხრეკაზე? – „შენ ხომ ის ხარ პროფესიულსა და პირადულს ერთმანეთში რომ არ ურევ“, – ვუთხარი ჩემს თავს გულში, – წამოვალ. ეს ის ადგილია, სადაც აუცილებლად უნდა წამოვიდე, ოღონდ ზევით არ ამოვალ. მანქანაში ვიქნები. 3 მანქანით დავიძარით, ლანას სახლს მივუახლოვდით. გულს ბაგაბუგი გაჰქონდა, ვიცოდი, რომ ვერაფერს იპოვიდნენ – დღეს ლადომ ხომ აიღო, რაც უნდა აეღო. ესე იგი, ლანა სუფთაა და სანერვიულოც არაფერია, – ვიმშვიდებდი თავს. მანქანები გაჩერდნენ, ოპერატიული მუშაკები და მაიორი ლანას სახლში ავიდნენ, დრო უსაშველოდ გაიწელა და რას ვხედავ?! სადარბაზოდან ბორკილებდადებული ლანა გამოიყვანეს. გულმა ისე მომიჭირა, მეგონა, გამისკდებოდა: ლანა დააკავეს! მანქანის შუშაც კი არ ჩამომიწევია. არ ვიცოდი, ლანასთვის რა უნდა მეთქვა; ისიც არ ვიცოდი, რა იპოვეს ლანასთან, როდესაც დღეს მე და ლადომ ერთად ავიღეთ ის, რაც ლანასთვის საფრთხეს წარმოადგენდა. ლანა უჩვეულოდ მშვიდად გამოიყურებოდა, ჩაპიზე დარდობდა, მარტოდ დარჩებაო, ხმამაღლა ოხრავდა. მანქანაში ჩასვეს და განყოფილებისკენ წამოიყვანეს, მაიორი მე ჩამიჯდა მანქანაში, დაინახა, რომ ფერი არ მედო და ყველაფერს მიხვდა. ჩემი ხელი აიღო და გულზე დაიდო: გეფიცები, ნუცა, არაფერი ჩაგვიდია, სამზარეულოში ვუპოვეთ, ლამინატის ქვეშ, ჩვენ რა, ჩვენმა კინოლოგიურმა სამსახურმა, სუფთა ჰეროინია, ერთი შეხედვით, მაგრამ ახლა ქიმიურ ექსპერტიზაზე გავუშვებთ და ზუსტად გვეცოდინება, ისიც ვიცი, რომ ლანასი არაა, დარწმუნებული ვარ, მე ამ საქმეზე ჩემი აზრი მაქვს, რომელსაც, სხვათა შორის, საქმის მასალებში ვერ ნახავ. ისიც ვიცი, ჩემს გასაფუჭებლად რომ დაგნიშნეს და შენ რომ უნდა დაგეჭირა ლანა. ჩემი აზრით, ეს ერთი დიდი მზაკვრული გეგმის ნაწილია და შენ, მეც და ლანაც და კიდევ ბევრი ამ საქმეში უბრალო პაიკების როლს ვთამაშობთ; წარმოდგენა არ გაქვს, რა დონის თამაშია. რამხელა ფულზე და ძალაუფლებაზეა საუბარი. ლანას კარგ საკანში გადავიყვან და გარანტიას გაძლევ, რომ გამოვა, უბრალოდ, უნდა დამცალდეს ამ საქმის ბოლომდე მიყვანა; თუ დამეხმარები, ამას ერთად უფრო მალე შევძლებთ. გული ისევ მტკიოდა, ზურას გარდსახვაც მაოცებდა, როგორ გადმოალაგა ყველაფერი, თუ იცოდა, რომ მის გასაფუჭებლად ვიყავი დანიშნული, ორმაგ თამაშზე მიწვევდა?! და რა გამოდიოდა: უნდა ვენდო მაიორს და არა ნიკას?! ნიკას წლებია, ვიცნობ მაიორს – დღე-ნახევარი?! მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ მაიორი არ იტყუებოდა, გრძნობდი. ტირილი დავიწყე და თავი მხრებზე დავადე. ვხვდებოდი, რომ იმაზე, რაც ხდებოდა, გავლენას ვერ ვახდენდი და ერთადერთი, ვისაც მინდოდა, მივნდობოდი ზურა იყო. ვენდე. საღამოს ჩემი მანქანით სახლში წამიყვანა. მივხვდი, რომ სახლში ასვლა არ მინდოდა, შემატყო, წამო, თუ გინდა, ჩემთან ავიდეთ, დედაჩემი სოფელშია წასული ნათესავთან, სხვანაირად არ გაიგო, მე დედაჩემის ოთახში დავიძინებ, შენ ჩემს საძინებელს დაგითმობ. უხმოდ დავუქნიე თავი. ზურას ლამაზი და სადა სახლი ჰქონდა, ზედმეტი ნივთებისა და აღკაზმულობის გარეშე. სახლში სასიამოვნო სურნელი იდგა და დედამისის პარფიუმერია და სამკაულები ყველგან იყო მიმოფანტული. კაბებსაც მოვკარი თვალი: პრანჭია დედა გყოლია. კიიი, – მითხრა ზურამ: იცი, რა ლამაზი ქალია?! მთელი ცხოვრება მე შემომწირა. მაწუხებს, რომ არ გათხოვდა, ახლაც არ არის გვიან, ისე გამოიყურება, მაგრამ არ მტოვებს, მეორე ბინაც გვაქვს, მაგრამ მარტო ცხოვრება არ უნდა, მეც არ მაწუხებს, მიყვარს, სახლში რომ მხვდება. თუმცა მითხრა, ცოლს რომ მოიიყვან, ცალკე გადავალო, მაგრამ მაგის მოსაწონი ცოლი რანაირად უნდა მოვიყვანო, ეგ ჩემთვის ჯერ გამოუცნობია.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი