რომანი და დეტექტივი

პოლიციური რომანი

№46

ავტორი: ანა ბარამიძე 20:00 26.11, 2021 წელი

პოლიციური რომანი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #41-45(1089)

ზურამ ხანგრძლივი პაუზა აიღო, რაზე ფიქრობდა, არ ვიცი.

– თქვენს პროფესიულ ეთიკაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ დასაზუსტებლად კითხვა უნდა დაგისვათ, შეფ, – საქმიანად მესაუბრებოდა, ჩვენ შორის სქესთა სხვაობა გაქრა, შიშველიც რომ ვიდგე, ახლა ზედ არ შემომხედავს-მეთქი, გავიფიქრე, ხმამაღლა კი მეც საქმიანი ტონით ვუთხარი: აცილების არანაირი კანონიერი საფუძველი არ არსებობს, ნათესაურ კავშირში ლანასთან არ ვიმყოფები და პასუხის მოლოდინში დავიძაბე. ვიცოდი, რასაც ზურა ამის შემდეგ მეტყოდა, ჩემთან უნდა მომკვდარიყო და არავისთვის აღარ უნდა მეთქვა. მოლოდინში გავიტრუნე.

– ჩვენი ბიჭები ბოლო სამი თვეა, ერთი მსუყე ნარკოტიკული ქსელის გაშიფრვაზე მუშაობენ და ლანას სახელიც ამ პროცესში ამოტივტივდა, ლანას სახლის ჩხრეკის განჩინებაზე ვმუშაობთ ამ მომენტში, მაშინ სიტუაციის დასაზვერად და ლანას პიროვნების გასაცნობად ვიყავი გამოგზავნილი, საქმის დეტალებს და მასალებს სამსახურში გამოსვლის დღესვე შემოგიტანენ. ყველაზე პრიორიტეტული საქმე ეგ გვაქვს ახლა, – და მაიორი გაჩუმდა.

– ჩხრეკა რაში გჭირდებათ? გგონიათ, რომ ლანას შეიძლება, სახლში ნარკოტიკი ჰქონდეს და გასაღებაში სდებთ ბრალს?

– არა არა! პირველს არ გამოვრიცხავთ, მაგრამ იმას ნამდვილად არ ვფიქრობთ, რომ ყველაფრის სათავეში ლანა იქნება, უბრალოდ, საქმის გამოძიებისთვის ასეა საჭირო, მასალებს რომ გადახედავთ, ამაში თავად დარწმუნდებით.

ამასობაში ლანას სახლთანაც მოვედით, უფრო ზუსტად, კარგა ხანია, ლანას სადარბაზოსთან ვიდექით. უბრალოდ, მისმა ნათქვამმა შემძრა და გარემო ვერ აღვიქვი. ცოტა ხანს ჩუმად ვიჯექი, ლადოს გულში ბევრჯერ შევაგინე, შემდგომ კი გაირკვა, რომ ლადო საერთოდ არაფერ შუაში იყო, და ის, ისევე, როგორც ლანა, გარემოების მსხვერპლი აღმოჩნდა, მაგრამ მე განტევების ვაცი მჭირდებოდა, ლადოც დიდად გულზე არ მეხატებოდა თავისი ამოწითლებული თვალებითა და მოძველბიჭო საუბრის მანერით. მაიორი მიყურებდა და, რაც უფრო უემოციო ხდებოდა ჩემი სახე, მით მეტად რწმუნდებოდა, რომ პროფესიულ ეთიკასთან ვმეგობრობდი. ეს ინფორმაცია გულში საგულდაგულოდ უნდა შემენახა და ლანასთვის არაფერი მეთქვა, რაც სათქმელად ადვილია, შენ შესრულება თქვი?! ვინც მსგავს სიტუაციაში არ აღმოჩენილა, წარმოდგენაც არ აქვს, რა მორალური დილემები იჩენს თავს. ისე გადმოვედი მანქანიდან, მაიორს არც დავმშვიდობებივარ, კიბეზე ნელა ავედი, ლიფტი არ გამომიძახებია, ჯიბეები მოვისინჯე, ლანას სახლის გასაღები ნიკასთან დამრჩენოდა. ლანას გაღვიძება არც ღირდა და არც გამოვიდოდა, ტელეფონი ამოვიღე, ლადოს დავურეკავ, მერე რა რომ 8 საათია, იმდენჯერ დავურეკავ, რამდენჯერაც საჭირო გახდება, ლადო უნდა ვნახო, – მტკიცედ გადავწყვიტე. გაბმულად ვურეკავდი ლადოს. მეშვიდე ცდაზე, ხუთი ზარის შემდეგ ლადომ ნამძინარევი ხმით უპასუხა ტელეფონს: რა იყო, ომი დაიწყო, გოგო, რა სირენასავით რეკავ, საათს არ უყურებ?!

– ვუყურებ და საქმე მაქვს, სად ხარ? – მოკლედ მოვუჭერი.

– სახლში ვარ, ყავა და სიგარეტი გამოაყოლე, რა, თუ ჩემი ძმა ხარ, – მითხრა ლადომ და ტელეფონი გათიშა. მანქანის გასაღებიც ნიკასთან დამრჩენოდა. ნიკას კი გავუვლიდი შუადღეს და ორივე გასაღებს ავიღებდი, მაგრამ ტაქსის ფულიც არ მქონდა. კიბეებზე ჩავირბინე: მანქანას გავაჩერებ და გაყვანას ვთხოვ, დიდი ამბავი! – უცებ მოვიფიქრე გამოსავალი, მართლაც, ხელის მესამე აწევაზე შავი „ნისანი” გაჩერდა, სასიამოვნო შუახნის მამაკაცმა რით დაგეხმაროთო, – მკითხა,

– ვერაზე მინდა მოვხვდე რამენაირად, ტაქსის ფული არ მაქვს, ფეხით მეშორება და ხომ ვერ გამიყვანდით? – ისე გაკრეჭილმა ვუთხარი, სტომატოლოგი რომ ყოფილიყო, ჩემი კბილების უმცირესი დეფექტიც კი არ გამოეპარებოდა. რა თქმა უნდა, ქალბატონოო და მეც მაშინვე შევუხტი მანქანაში.

– აუ, ახლა ოღონდ ამან დაკერვა არ დამიწყოს-მეთქი, მაგრამ სასიამოვნოდ გამაკვირვა. ხმაც კი არ ამოუღია, მხოლოდ ქუჩა მკითხა. 5 წუთში ადგილზე მიმიყვანა. ლადოს დანაბარები სიგარეტი და ყავაც გამახსენდა გონებაში.

– ახლა ამას კიდევ 10 ლარიც რომ ვთხოვო, ალბათ, ძალიან თავხედი ვიქნები-მეთქი, მაგრამ, რაკი ვიცი, რომ სითავხედე გოდოლებს ლეწავს, თან, შესაძლოა, ზრდილობის გამო ნათქვამმა ფრაზამ: სხვა რამ დახმარებაც ხომ არ გჭირდებათო, ფრთები შემასხა. ოღონდ ამჯერად ნაზად გავიღიმე და მორცხვად ვუთხარი, 10 ლარი ხომ არ გექნებათ–მეთქი. მაქვსო და ათლარიანი გამომიწოდა. არც სახელი უკითხავს, არც არაფერი, დამემშვიდობა და ათლარიანით ხელში ლადოს სახლთან დამტოვა, მანქანის ნომრები სწრაფად ჩავიწერე მობილურ ტელეფონში, გიპოვი და პატივისცემა ჩემზე იყოს, კარგო კაცო, გავიფიქრე და იქვე ახალგაღებულ მარკეტში სიგარეტი და ყავა ვიყიდე და ლადოს კარს მივადექი. ვაკაკუნებდი და თან, ვურეკავდი. 5-წუთიანი შტუმრის შემდეგ ლადო ისე მაინც გამოვაფხიზლე, რომ კარისთვის მიეგნო და ჩემთვის გაეღო. უკმაყოფილო ლადო რაღაცებს ბუტბუტებდა მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, ჩემი მთავარი მიზანი ახლა ლანას გადარჩენა იყო და ალღო მკარნახობდა, რომ ლადო ამაში დამეხმარებოდა. ეს მე არ მეპიტნავებოდა ლადო, თორემ მას მართლა გულით უყვარდა ლანა, მიუხედავად იმისა, რომ უიმედო სიბრიყვე იყო. სწორედ მის მაგალითზე დავასკვენი, რომ სიყვარული ბრიყვებსაც შეუძლიათ. ლადომ იმდენი იბუტბუტა, რომ საბოლოოდ გამოფხიზლდა. შევთავაზე: ახლა, ყავას გავაკეთებ და ვისაუბროთ,

– ხო, ხო, – დაბურტყუნებდა და მაისურის მოძიებას ცდილობდა იმ არეულობაში, რაც მის ბინაში ხდებოდა. ჩანაფიქრს მივუხვდი, მაისურს აქ რა უნდა, წადი საძინებელში, იქ გექნება რამე და ჩაიცვი. ლადო ზომბივით გაბლაყუნდა საძინებლისკენ. მე ყავის მოდუღებას შევუდექი, გაზს კარგა ხანს ვუჩხიკინე, ძლივს ავანთე და ამ პროცესში დავინახე, რომ ხელი მიკანკალებდა, ლადო 2 წუთში გამობუნძულდა ოთახიდან, მაისური უკუღმა ეცვა და გაბრუებული მზერით ათვალიერებდა სამზარეულოს, თვალში ახალმოდუღებული ყავა მოხვდა, იქვე, სკამზე, მიესვენა და ნეტარებით დაეწაფა შავ სითხეს. სიგარეტიც გახსნა, მოვუკიდე და სახეზე ისეთი ნეტარება აღებეჭდა, ფრაზა: დროზე გამოფხიზლდი, შე მართლა ბრიყვო, ჩემს ტუჩებს არ გასცდენია. ოლიმპიური სიმშვიდით ველოდებოდი, როდის დაასრულებდა ლადო ყავის სხლუპვას სიგარეტის გაბოლების პარალელურად და მისი ცნობიერება დედამიწას დაუბრუნდებოდა. ცოტა ხანში ლადომ, სავსებით გამოფხიზლებულმა, თუ მის ჩასისხლიანებულ თვალებს ავარიდებდით თვალს, რატომღაც, ჩურჩულით დაიწყო ლაპარაკი: ნუცა, შენთან საქმე მაქვს; მოკლედ, ლანა არ მინდა, გავშარო, ხო იცი, რა დებილი ვარ, კაროჩე, ჩემი ხოდებით გავიგე, რომ პოლიცია დასდგომია თავზე, მაშინ, ლუკა რო მოკვდა და საგურამოში მყავდა, სადაც მოაკითხე. ვიღაც დობორჯგინიძე, ჩემმა ძმაკაცმა მიშკამ დაინახა, იცნობს მაგ ნაბოზვარს, საზიზღარი მენტია, ეგრევე დავიზმენდი, რა ჯანდაბა უნდოდა ჩემს ლანუკასთან. ვიფიქრე, ლუკას ამბავზე ხო არ იყო გამოკითხვაზე-მეთქი, მარა მერე მივხვდი, რო ეგ არაა მაგათი საქმე. მაგას მცხეთა იძიებს.

– საქმეზე გადადი, – უკმეხად შევუღრინე.

– კაი, ხო, მოკლედ, ლანასთან ხანდახან ჩემს რაღაცებს ვინახავ, ოღონდ იმდენს არა, რო გასაღება ან რამე ეგეთი შეტენონ, რა, მე, ხო იცი, წელიწადში ასჯერ მშმონავენ, მარა ვიცი ხოლმე წინასწარ, რა და როგორ, ამიტო ვარ სუ სვაბოდაზე, ჩემი ოჯახის ვლასტიც იცი, ხოდა, უცებ თავში დამკრა, ლანასთან რამდენიმე დღის წინთ რაღაცა დავმალე, რა, ოღონდ ლანამ არ იცის და მაგ პონტში ხო არ აადგნენ–თქო, გეხვეწები, გეტყვი, ზუსტად სად დევს, აიღე და ლანას სახლი გაასუფთავე, რა, ოღონდ ლანას არ უთხრა, მაგის ისტერიკების თავი არ მაქ.

– ისე გავცოფდი, ყავის ნარჩენი ლადოს სახეში როგორ შევასხი, ვერც გავიაზრე, ისეთი უშვერი სიტყვებით დავიწყე ლანძღვა-გინება, ამდენი ბილწი სიტყვის მარაგი თუ მქონდა, არც მეგონა. ლადო იჯდა გაწუწული, სახიდან ყავის წვეთები ჩამოსდიოდა. იჯდა და ხმას არ იღებდა, იმიტომ რომ იცოდა, სამართლიანად ვჩხუბობდი. მისი არც ერთი ნათესავი რომ აღარ დამრჩა მოუკითხავი და ბრაზიც სრულად გამოვუშვი, ღონეგამოცლილი სკამზე დავებერტყე.

– მითხარი, სად გიდევს და ავიღებ ან საერთოდ ლანასთან რომ რამეს ინახავდი, ვინმემ იცოდა?– მაინც დავაზუსტე.

– რავი, შეიძლება, ნიკა ხვდებოდა ან ზვიადი, სხვა ვინ?!

– სუ ჩვენები, რა, ხო, აბა, სუ ჩვენები, სუ კაები და კი მოკვდა კაცი!

– აუ, ხო, ლუკა, საწყალი ლუკა, – და ლადოს თვალზე ცრემლი მოადგა, გავოცდი, მე გამოუსწორებელი იდიოტი ნარკომანი მეგონა, მაგრამ, თურმე, ემოციები ჰქონია. შემეცოდა ლადო. გვერდით მივუჯექი: ხომ იცი, ჩემი ძმა ხარ, ლადუნა, დამშვიდდი, – დავუყვავე. ჩემს ამ სიტყვებზე ტირილს უმატა, ბოლოს ქალივით აქვითინდა, მეც მიმტყუნა ნერვებმა და ახლა უკვე ორივენი ვტიროდით.

ყველაფერს ერთად დავტიროდი: ლუკას სიკვდილს, ზნეობრივ დილემას, რის წინაშეც დავდექი, მაიორ დობორჯგინიძესაც, რომელიც დავასკვენი, რომ შემიყვარდა, მაგრამ ყველაზე მეტად ლანაზე ვნერვიულობდი. იცით, რომ ტირილი არ მიყვარდა, თუ ვტიროდი, მარტო, ისიც უხმოდ, ახლა კი ორი წლის ბავშვივით ვიჯექი და ვბღაოდი. გრძნობები მაწვებოდა, ბევრი დამიგროვდა და საკუთარი თავი ბოლომდე მივუშვი. არ ვიცი, რამდენ ხანს ვტიროდით მე და ლადო, მაგრამ ერთობლივმა ტკივილმა მიმახვედრა, რომ ლადო ჩემი ახლობელი ადამიანი იყო, იმასაც მივხვდი, რომ ლანა უყვარდა. უბრალოდ, შტერი იყო. ცრემლები მოვიწმინდე, ლადოს ხელსახოცი გავუწოდე, მანაც მოიწმინდა ყავანარევი ცრემლები.

– ყავა კიდევ მოადუღე, რა, – მთხოვა. უხმოდ ავდექი და ყავა ისევ გავაკეთე, უხმოდ დავლიეთ, სიგარეტიც დავაყოლეთ.

– ლადო, ლანასთან ერთად ავიდეთ, ოღონდ წაღმა ჩაიცვი ეგ მაიკა.

– კაი ხო, გავიდეთ, პროსტა გადავივლებ, რა, გთხოვ. დამელოდე, ასე არ მინდა, ლანამ მნახოს. თან უფრო მოვფხიზლდები, – მთხოვა ლადომ. თანხმობის ნიშნად თავი დავუკარი, მისაღებში გადავინაცვლე და ტელევიზორი ჩავრთე, რისთვის, არ ვიცი. ზურას კი მივეცი სიტყვა, რომ ლანას არაფერს ვეტყოდი, ლადოსაც ვუთხარი, სინდისი რომ სუფთა მქონდეს, თავად აეღო, რაც ლანასთან შეინახა, ანუ ფორმალურად არანაირ ეთიკას არ ვარღვევდი. პანაშვიდზეც ვართ წასასვლელები. ლანასთან რომ მივალთ, გამოვიცვლი, რამე მოკრძალებულს ჩავიცვამ და ლუკას ოჯახს მივუსამძიმრებ, გადმოსვენებულიც იქნება უკვე ექსპერტიზიდან, – ეს გავიფიქრე და ნიკამაც დარეკა. ტყუილები არ მიყვარდა, ვერც იმას ვეტყოდი, რომ ლადოსთან ვიყავი, ამიტომ არ ვუპასუხე. ნიკამაც გათიშა, მაგრამ მისგან ორიოდ წუთში მესიჯი მომივიდა: სად გაქრი, ცოტა ხანში გამოგივლი, სადაც ხარ, ლუკას ოჯახთან ავიდეთ, უკვე გადაასვენეს. მომწერე ან დამირეკე, როცა მოახერხებ.

გადავწყვიტე, ნიკასთვის დამერეკა, ლანასთან რომ ავიდოდით. თვალები დავხუჭე და ჩემი დახუჭული თვალების უკან თვალწინ მაიორის სილუეტი ამოიზარდა. ამჯერად აზრებსა და ფანტაზიას აღარ შევეწინააღმდეგე, ვერ ვხვდებოდი, რა მიზიდავდა ზურაში, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ ჯერ არ მქონდა გარკვეული, ზურა მტერი იყო თუ მოყვარე, არავის ვენდობოდი, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, რომ ზურა მომწონებოდა, რაც ჩემი პიროვნებისთვის სრულიად უცხო იყო. ძალიან მინდოდა, გამესინჯა, შევხებოდი, ხელით მომესინჯა მისი სხეული და დიდხანს მეყურებინა თვალებში. სანამ მე ჩემს წარმოსახვაში მაიორის სილუეტით ვტკბებოდი, ლადომ შხაპიც მიიღო და გაწკეპილიც გამობრძანდა საძინებლიდან.

– წავედით, ხო? – მკითხა.

– წავედით, – უცებ გამოვერკვიე ფიქრებიდან. ლანას ისევ ეძინა, ამიტომ ლადომ კარი თავისი გასაღებით გააღო.

– მოიცა და, ლანას სახლის გასაღები გაქვს?

– ხო, რა იყო, რა გაიკვირვე?! – მკითხა არანაკლებ გაკვირვებულმა ლადომ, – მექნება, აბა, არ მექნება?! შენც რა მაგარი ძმა ხარ?! – საკეტმა გაიჩხაკუნა და ლანასთან შევედით. ჩაპი ყეფით გამოიქცა, მაგრამ ნაცნობების დანახვაზე კუდის ქიცინი დაიწყო. ლადოს უყვარდა ჩაპი, მოეფერა და შემდეგ ლანას საძინებლისკენ დაიძრა, რომ გაეღვიძებინა თავის გულის სწორი. გავაჩერე: ავიღოთ, რაც შეინახე და მერე გააღვიძე; კარგიო, დამთანხმდა და აბაზანისკენ დაიძრა. უნიტაზის უკანა მხრიდან, მილებში გაჩხერილი შავი ფერის პაკეტი ამოიღო და ჯიბეში ჩაიტენა.

– უკეთესი ადგილი ვერ ნახე, ხო, დასამალად? – წავგესლე, – წადი, ლანა გააღვიძე, მანამდე მე ვიბანავებ. ეს ვუთხარი, სააბაზანოდან გავაგდე და მივაძახე: უთხარი, რო, მეც აქ ვარ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი