რომანი და დეტექტივი

პოლიციური რომანი

№45

ავტორი: ანა ბარამიძე 20:00 19.11

პოლიციური რომანი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #41-44(1088)

ნიკას ჩურჩულმა გამაღვიძა, მაგრამ უფრო მკაფიოდ ზვიადის ხმა მესმოდა, ძილბურანში ვერც მივხვდი, სად ვიყავი, მაგრამ ინტუიციამ მიკარნახა, რომ მკვეთრი მოძრაობები არ უნდა გამეკეთებინა, თვალი სულ ოდნავ გავახილე, შეუმჩნევლად, უცებ გამახსენდა, რომ ნიკასთან საძინებელში ვიწექი. ჩამძინებია–მეთქი, – გავიფიქრე. ნიკა საწოლზე იყო ჩამომჯდარი ჩემკენ ზურგით და ტელეფონზე საუბრობდა, სიტყვებს ჯერ ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვარჩევდი: ლადო, ლანა, ექსპერტიზა, ნუცამ რამე ხომ არ იეჭვა... სიტყვები ბუნდოვნად ჩამესმოდა, მაგრამ გონება დავძაბე, უცბად მოვიფხიზლე თავი და საუბარს მივაყურადე. ზვიადი ამბობდა: მოკლედ, ნუცა პოლიციაში მოეწყობა, სამხარაულშიც ყველაფერი აჟურშია, ისეთი დასკვნა იქნება, ჩვენ რომ გვინდა.

– ეგ კარგი, გასაგებია, – უპასუხა ნიკამ, ლანას რა ვუყოთ?

– ლანას რა უნდა ვუყოთ, – შეეპასუხა ზვიადი, მაგ ტვინცარიელმა რა უნდა ქნას, ბევრს თუ იხტუნავებს და ლადოსაც ტვინს შეუჭამს, კი ვიცით, რაც უნდა გავაკეთოთ, თან, მაგისი საყვარელი დაქალის ხელით.

– ნუცა არ გარიო მაგ ამბავში, ზვიად, – დაიძაბა ნიკა, – ისედაც მეზიზღება საკუთარი თავი იმის გამო, რაც ვთხოვე, მაგრამ ვიცი, რომ ყველასთვის ასეა უკეთესი, თუ რამე, ლანას ამბავში მაინც არ გარიო.

– კარგი, კარგი, შეყვარებულო რომეო, ნუცა ისედაც თბილად მოჯდება, თან, კარგა ხანს, მაგ პოსტზე, სისხლსაც გადაუსხამენ, ლანას კი არა, ოჯახის წევრს საკუთარი ხელით დაიჭერს, მაგის პოტენციალი სულ ჰქონდა, – ზვიადმა შემზარავად გადაიხარხარა. ერთმანეთს დაემშვიდობნენ და ნიკა ისევ საწოლზე წამოწვა. მისი გახშირებული სუნთქვა და გულის ბაგაბუგი მესმოდა, მეც საკმაოდ ავღელდი. გულს ვიმშვიდებდი, რომ ჩემი აჩქარებული გულისცემაც არ მისწვდენოდა ნიკას ყურს. რამდენიმე წუთში ნიკას მკვდარივით დაეძინა. ავდექი, ფეხაკრეფით გავედი საძინებლიდან, ლანას ნაჩუქარი სარაფანა ვიპოვე, კედები ამოვიცვი და სახლიდან უჩუმრად გამოვედი. ვიცოდი, ნიკას არ გაუკვირდებოდა, დილით თუ მის გვერდით არ აღმომაჩენდა, მჩვეოდა შუაღამეს გამოპარვა, ვერსად ვიძინებდი ისე, როგორც საკუთარ ლოგინში, მაგრამ ახლა არც ძილი მინდოდა, არც ლოგინი, არც სახლი, არც ლანა, არც ნიკა და არც არავინ დედამიწის ზურგზე. არც მანქანა მყავდა, ლანას სახლთან დავტოვე. ტაქსი გამოვიძახო თუ ფეხით ჩავიდე? – საცაა წამომათენდებოდა. სასიამოვნოდ გრილოდა. მოდი, ფეხით გავალ, რა ხანია, ალიონს ქუჩაში არ შევხვედრივარ; თან, სიარულში დავმშვიდდები, იქნებ უკეთ გავიაზრო, რაც მოხდა და მოვისმინე, – გავიფიქრე და მთაწმინდიდან დაღმართს ჩამოვუყევი. რუსთაველის გამზირზე რომ ჩამოვედი, მივხვდი, რომ ფიქრს აზრი არ ჰქონდა, მით უმეტეს, ახალგაღვიძებულზე, – რაღა მე და რაღა უხერხემლო ორუჯრედიანი არსება... ქუჩაში მეეზოვეების გარდა, კანტიკუნტად თუ ჩამოივლიდა მანქანა. ბავშვობას გავიხსენებ - მეთქი, მაგრამ ყურსასმენები თან არ მქონდა, ამიტომ ტელეფონში მუსიკა ჩავრთე და ქუჩას დავუყევი. რატომღაც კლასიკა ავირჩიე. მივდიოდი და ვცდილობდი, ჩემი შინაგანი რიტმი ჰარმონიული მუსიკის ჰანგებისთვის შემერწყა, ფეხსაც იმ ტაქტით ვადგამდი, თვალებსაც ვხუჭავდი და მხოლოდ შიგადაშიგ ვახელდი, რომ ფეხი არაფრისთვის წამომეკრა ან არ დავჯახებოდი. თითქმის ქაშუეთს გავუსწორდი, რომ მანქანის სიგნალმა გამომაგდო სასიამოვნო ნირვანიდან.

– აუ, გზაზე გადავედი აშკარად, – თვალი გავახილე და ჩემი ფეხებიდან, სულ რაღაც, ნახევარ მეტრში შავი „შკოდა“ შევნიშნე, შუშები დაბურული ჰქონდა, ამიტომ ვერ გავარჩიე, შიგნით ვინ იჯდა. თავი თავაზიანად დავუკარი ბოდიშის ნიშნად და გზა განვაგრძე. არ მინდოდა, იმ შინაგანი წონასწორობის დარღვევა, რასაც ძლივს მივაღწიე ბოლო ათ წუთში, მაგრამ ვინ გაცალა?! მუხთალია წუთისოფელი!

– ქალბატონო ნინო, – მომესმა ნაცნობი ხმა, უფრო კი, ნაცნობი ირონია ხმაში.

ქალბატონო, თან ნინო?! რა ოფიციალური ტონია, არც კი მახსოვდა, ბოლოს როდის მომმართეს ნინოთი, ამიტომ უკან გაოცებულმა მოვიხედე. ხმაც მეცნო: ჩემ წინ მაიორი დობორჯგინიძე იდგა. ისე გადავიხარხარე, მაიორი ზურა ცოტათი შეცბა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა. ყოველთვის მიყვარდა, კაცები რომ იბნევიან და არ იმჩნევენ.

– ქალბატონო ნინო, – გაიმეორა ჭაობისფერთვალება მაიორმა.

– რა ნინო, – უკმეხად ვუპასუხე, არ გითხარი, ნუცა მქვია-მეთქი?! – შევუტიე.

– დიახ, უკაცრავად, მაშინ ფეხის საწმენდზე ჩამომჯდარი ნუცათი გამეცანით, მაგრამ ახლა ჩემთვის ქალბატონი ნინო ბრძანდებით, ჩვენი სამმართველოს უფროსის ახალი მოადგილე, ამიტომ მოგმართავთ ოფიციალურად.

იმდენად გამიკვირდა, ნიკამ რომ ასე სწრაფად მოაგვარა ჩემი დანიშვნის ამბავი, რომ მაიორის მიერ ნათქვამი „ფეხის საწმენდი“ გავატარე, ჩემი ტვინი ახლა სულ სხვა რამეს იაზრებდა: ესე იგი, ჩემი თანხმობა არც არაფერს წყვეტდა, – მწარედ ჩამეღიმა, მაგრამ ზურას დანახვამ იმდენად გამახარა, იმავდროულად, დამაბნია და ჩემს ისედაც არეულსა და გამოუძინებელ ტვინზე ისეთი ზეგავლენა მოახდინა, რომ მონუსხულივით ვიდექი. ხმას არ ვიღებდი, აზრები ქაოსურად მიტრიალებდა, თუმცა, გონება ნელ-ნელა ყველაფერს ალაგებდა.

ნუთუ, მაიორიც ამ ამბავშია გარეული? მოდი, გავარკვიოთ, ესეც ახალი გამოცანა, – ამან მომაცოცხლა, თან, ამჯერად უკვე ჯეროვანზე უკეთ გამოვიყურებოდი, ამიტომ თამამად მივუახლოვდი ზურას და ყავას ხომ არ დაალევინებდით საკუთარ უფროსს-მეთქი, – ჯიქურ შევთავაზე. პასუხს არც დავლოდებივარ, მანქანაში ჩავსკუპდი, თანაც საჭესთან. კარიც ღია დავუტოვე, რომ თავად დაეხურა ჩემთვის და თვითონ კი მგზავრის ადგილას დამჯდარიყო. ზურა ოდნავ დაიბნა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ შეიმჩნია, კარი ნაზად მომიხურა და დაამატა, ქალბატონო, გთხოვთო. შემდეგ მანქანას წინიდან მოუარა, თვალში მისი საოცარი აღნაგობა მომხვდა, პერანგი, მით უმეტეს, თეთრი, აწეული სახელოები ყოველთვის ჩემი სისუსტე იყო. ელვასავით დამიარა მთელ სხეულში, გულ-მუცელი ამიწვა, საშინლად მინდოდა, ზურას მაჯებზე შევხებოდი.

„რა მაჯები, სულ გამოქლიავდი?!“ – გონებაში შევუკურთხე საკუთარ თავს. მაგრამ ამ აზრებს თავიდან ვერ ვყრიდი. ზურა მანქანაში ჩაჯდა. მექანიკის ტარება იცით? – თავაზიანად მკითხა. მხოლოდ ახლაღა აღმოვაჩინე, რომ მექანიკის ტარება მომიწევდა, მე და მექანიკური გადაცემის კოლოფი, დაახლოებით, ისეთ ურთიერთდამოკიდებულებაში ვიყავით, როგორც მაიმუნი და სათვალე, მაგრამ სითავხედე გოდოლებს ლეწავსო, ერთმა ბრძენმა თქვა და ამიტომ იხტიბარი არ გავიტეხე. გონება დავძაბე და მართვის მოწმობის ასაღებ გამოცდაზე გასასვლელად მომზადებისას ნასწავლი ყველა მოძრაობა გავიხსენე. მანქანა არც თუ ისე ცუდად დავძარი, მაგრამ ზურას არ გამოჰპარვია ჩემი ნერვიულობა, უტიფრად მიყურებდა დაძაბულ სახეზე და არც ფეხების თვალიერებას ერიდებოდა, რომელიც კარგად ჩანდა მინი სარაფნიდან. მზერა მწვავდა, მაგრამ იმდენად ვიყავი ორიენტირებული, რომ ძრავი არ ჩამქრობოდა და არ შევრცხვენილიყავი, რომ არც მის უტიფარ მზერასა და არც ჩემს ემოციებზე ფიქრისთვის დრო არ მრჩებოდა. გასაოცარი ის იყო, რომ მისი მზერა არ მაღიზიანებდა, თუმცა იმაზე ფიქრს მაინც ვახერხებდი, ნეტავ, ყველაზე ახლოს ამ დილაუთენია ყავა სად უნდა დალიოს კაცმა–მეთქი. უცებ თავში ჩემეული „გენიალური იდეა“ მომივიდა: სადმე ჯიხურთან მივაჩერებ და 50– თეთრიან ყავაზე დავპატიჟებ, ეს რომ გავიფიქრე, გულიანად გამეცინა. მაიორმა ჩემი ფეხებიდან მზერა სახეზე გადმოიტანა და ცოტა დაბნეულად შემომხედა.

– მე შენ ახლა ისეთ ყავას დაგალევინებ, ცხოვრებაში გასინჯული არ გექნება, – ვუთხარი და მანქანა სადღეღამისო ჯიხურთან მივაყენე.

– ხედავ, როგორი იოლად შესანახი ვარ, შენს ბიუჯეტსაც ვუფრთხილდები, ჩემნაირ ქალს ხელიდან ნაღდად არ გაუშვებდა კაცი, – ეს ბოლო ფრაზა რატომღა დავამატე, თავადაც ვერ მივხვდი. ალბათ, ქვეცნობიერის გამოძახილი უფრო იყო. მაიორი დობორჯგინიძე ძალიან მომწონდა და როდესაც გულწრფელად მოგწონს, ჩვულებისამებრ უჩვეულოდ იქცევი ადამიანი. მანქანიდან ცოცხალი თავით არ გადავიდოდი, არც იმის თქმა მინდოდა, ადექი, კარი გამიღე–მეთქი, მაგრამ თქმა არც დასჭირვებია. ზურა უხმოდ გადავიდა მანქანიდან და ჩემი კარისკენ გამოემართა იმ თავისი მკლავებზე აწეული თეთრი პერანგით. სპეციალურად მაგიჟებს–მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ ვიცოდი, რომ სისულელეს ვფიქრობდი, მას ხომ წარმოდგენაც არ ჰქონდა ჩემს რომანტიკულ ფანტაზიებზე და მით უმეტეს, ჩემს მისადმი დამოკიდებულებზე?! კარის სახელურს დასწვდა, გამოაღო და გამიღიმა, მე გაბედულად წამოვხტი მანქანის სავარძლიდან, გადმოსვლისას მაიორის სურნელი მეცა, უცებ ვერ გავარკვიე – მისი სუნამოს სურნელი იყო თუ კანის. თავი კიდევ ერთხელ გადავიქნიე ამ უაზრო აზრების გასაფანტავად.

ცოტა შემრცხვა კიდეც, ალბათ კანტუზიანი რომც ვეგონო, არც გამიკვირდება–მეთქი, – ვბუტბუტებდი ჩემთვის. მაიორმა კარი დახურა და გვერდით დამიდგა, თვალებში ჩამაცქერდა და მკითხა: რომელ ყავას ინებებს ყველაზე ლამაზი უფროსი?

– მეფლირტავები თუ რას აკეთებ?! პროფესიულ ეთიკაზე გსმენია რამე ან სუბორდინაციაზე?! – მართალია, ავიფოფრე, მაგრამ გულში მესიამოვნა მისი ნათქვამი. ვიგრძენი, რომ დაიბნა. აშკარად არ აპირებდა „ლამაზის“ შერევას ამ შემოთავაზებაში, მით უმეტეს, ყველაზე ლამაზის. ამიტომაც სიტყვებით ვკენწლე და ვკენწლე და სანამ ყავის ჯიხურამდე მივიდოდით, ირონიის ქარცეცხლში გავატარე. პატარა ბავშვივით თავჩაქინდრული მომყვებოდა გვერდით და ოდნავ უკან. რომანტიკული ყავის სმა ზუსტად ერთი ლარი და 80 თეთრი დაგვიჯდა, ზურამ იმარჯვა და გადაიხადა, მე კი გადავიხარხარე, როცა გაწოდებულ ორლარიანის ხურდად გამყიდველმა 20 თეთრი დაუბრუნა. თვითონაც ჩაეღიმა. იქვე, ბორდიურზე ჩამოჯდა. მე მანქანას მივეყრდენი/ ორივენი ჩავფიქრდით და ყავა მოვწრუპეთ. მიყვარდა დილის თბილისი და კიდევ, მეეზოვეები მიყვარდნენ ძალიან. მეეზოვეებს თბილისი, ალბათ, საკუთარი სახლივით უყვართ, – რატომღაც, ხმამაღლა გავიფიქრე, ისე, რომ ვერც ვიგრძენი.

– რატომ გგონია მასე? – მკითხა ზურამ

– იმიტომ რომ საკუთარი სახლივით ასუფთავებენ, რასაც უვლი, ის გიყვარს, – და ლანას უდღეური ძაღლი გამახსენდა: – აბა ისე რანაირად უნდა გიყვარდეს, თუ მოუვლი გეყვარება.

ზურამ სიგარეტს მოუკიდა და ამომხედა:

– ამ დილაადრიანად სად მიბრძანდებოდი, ნუცა?

– „ა“ პუნქტიდან „ბ“ პუნქტში გადავადგილდებოდი, – ვუპასუხე მე.

ნიკასთან გატარებული ღამე გამახსენდა და უსიამოვნოდ შემაჟრჟოლა, ნეტავ, სხვა კაცის სუნი ხომ არ ამდის? გამახსენდა, რომ შხაპი არ მიმიღია, არდა, ეს წესად მქონდა. სხვის კვალს ვერ ვიტანდი საკუთარ სხეულზე. პანიკურმა შიშმა ამიტანა, შეგრძნება გამიკვირდა, მაგრამ მაინც უკან დავიწიე, დავიწიე არა, უფრო კაპოტზე ავიწიე. ისედაც მოკლე კაბა ჩემი ამ მოძრაობით უფრო ზევით–ზევით ავიდა, მაიორის მზერამ ფეხები დამიწვა, უცნაური მზერა ჰქონდა, არ მაღიზიანებდა, ისე არ მიყურებდა, როგორც ხორცს, უფრო ღრმა მზერა ჰქონდა, ვნებით გაჯერებული, მაგრამ არა ცხოველური, ამიტომ არ მაწუხებდა, პირიქით, მსიამოვნებდა. უფრო თამამად მოვკალათდი მანქანის კაპოტზე, ყავის წრუპვა განვაგრძე, და კითხვა შევუბრუნე: თქვენ სად მიბრძანდებოდით, ბატონო ზურაბ?

– სამსახურში, ქალბატონო ნინო.

– ქალბატონო არა, საქალბატონე, – ჩავუსწორე: ჩემი დანიშვნის ბრძანება როდის მოვიდა?

რომანტიკა და სიყვარული კი კარგი რამაა, მაგრამ გარდაცვლილი მეგობარი, სავარაუდო ბრალდებული და დეპრესიული დაქალი რომანტიკის განვითარების შესაძლებლობას თუ არ მისპობდა, არც მოტივაციად გამოდგებოდა.

– გუშინ, ნუცა, გუშინ გავიგეთ, დღეს გელოდებიან ბიჭები, ისე როდის მობრძანდებით? – ისევ საქმიან ტონში გადაიყვანა საუბარი მაიორმა.

– ალბათ, დღეს ან ხვალ, რაღაც პირადი საქმეები მაქვს მოსაგვარებელი, თუ მოვასწარი, დღესვე გამოგივლით, – ლადო გამახსენდა, ლანას წამოყვანისას რომ მითხრა, დაგირეკავო და არ გამოჩენილა.

– მაიორო, – მივმართე ოდნავ ხმამაღლა, აქვე უნდა დამტოვოთ, ლანას სახლთან, აი, პირველად რომ შევხვდით ერთმაენთს.

– არის! – მიპასუხა, ბორდიურიდან ადგა და ყავის ჭიქა ნაგვის ურნაში ჩააგდო, მე ამჯერად მანქანის მეორე მხარეს, მგზავრის ადგილას ჩავსკუპდი, მანქანა დაიძრა.

– ლანასთან რა საქმე გქონდათ იმ დღეს? ახლა უკვე თქვენი უფროსი ვარ და მომახსენეთ, აბა, საქმის ვითარება? – ვკითხე საქმიანად.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

29 ნოემბერი- 5 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ერმალო მაღრაძე

ერმალო მაღრაძე: ჩემი წინაპრები გამოყარეს სამოთხიდა...