რომანი და დეტექტივი

პოლიციური რომანი

№44

ავტორი: ანა ბარამიძე 20:00 12.11, 2021 წელი

პოლიციური რომანი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #41-43(1087)

მწუხარება არც კი გამითამაშებია, იმიტომ რომ ლუკას წასვლამ მართლაც დამწყვიტა გული, მაგრამ ისიც შევამჩნიე, რომ ნიკა, მაინცდამაინც, არ დარდობდა ძმაკაცის სიკვდილს, თუმცა მე გაოცებული მიყურებდა: იცოდა, რომ გრძნობების სახალხოდ გამოჩენას ვერიდებოდი.

– სახლშია უკვე? – ვკითხე და მევე გამიკვირდა, რომ ხმა ამიკანკალდა..

– ექსპერტიზაზე ჰყავთ „სამხარაულში“, როცა მორჩებიან, გამოგვატანენ ცხედარს და პანაშვიდზეც წავალთ, – მიპასუხა აუღელვებლად.

– საწყალი ლანა, რა დღეში ჩავარდებოდა, მკვდარ ლუკას რომ დაინახავდა?! – ვითომ ჩემთვის ჩავიჩურჩულე.

– ჰო, საწყალი გოგო, ისტერიკა დაემართა, ძლივს დავაწყნარეთ, მერე ლადომ წამოიყვანა სახლში. ისე, ლანას არ დაურეკავს დღეს შენთვის? გამიკვირდა, აქამდე რომ არ იცოდი ლუკას ამბავი, – გამომცდელად დამაკვირდა ნიკა სახეზე, თუმცაღა ჩემმა ცრემლებმა უკვე მოახდინა მასზე გავლენა და დიდი ძალისხმევა არ დამჭირვებია, რომ წარბშეუხრელად მეცრუა: არა, არ დაურეკავს, ან რომ დაერეკა, ვუპასუხებდი რო?! 2 საათის წინ გავიღვიძე. მე თვითონ დავურეკავ, მოვიკითხავ ან, საერთოდაც, გავუვლი, აქვე არ ცხოვრობს?

– კი, გაუარე, საწყალი გოგო, შენი თანადგომა კი დასჭირდება, იოლი კი არაა გარდაცვლილი მეგობრის ნახვა. მე გავიქეცი ახლა, ნუცი. ღამე, თუ ძალიან არ შეჰყვებით შენ და ლანა საუბარს, გამოგივლი და ერთად დავრჩეთ, მომენატრე ძალიან, ახირებულო ქალბატონო, – ნიკამ სახე ახლოს მომიტანა და ცხვირის წვერზე მაკოცა. სანამ მანქანიდან გადავიდოდა, საფულიდან ფული ამოიღო, გადაცემათა კოლოფზე დადო და გაახმოვანა: სამსახურს მალე დაიწყებ, უფროსო და რამე შესაფერისი იყიდე პირველი სამუშაო დღისთვის, ასე, თინეიჯერი ბავშვივით რომ არ იარო. მალე დაგირეკავენ და მზად იყავი.

ისე სწრაფად გადავიდა, რომ ხმის ამოღებაც ვერ მოვასწარი. კარგა ხანს ვიჯექი მანქანაში და ვცდილობდი, მომხდარი გამეანალიზებინა, ვინ იტყუება? ლანაში ეჭვი არასდროს შემპარვია, დაბადებიდან ვიცნობდი; კი არ ვიცნობდი – ვგრძნობდი, ამიტომ მანქანა სწრაფად დავქოქე და ლანასკენ წავედი. გზად მაღაზიაში შევიარე, მისი საყვარელი შოკოლადები ვიყიდე, ორი კოლოფი სიგარეტიც და სულ ცოტა ხანში ლანას მისაღებ ოთახში ყავის ფინჯნით ხელში წამოვიპლაკე. ლანას გამოცვლა და გადავლება მოესწრო, უცნაურად მშვიდი მეჩვენა, რამდენჯერმე ვცადე ლაპარაკის დაწყება ლუკას ამბავზე, მაგრამ პასუხებს თავს არიდებდა, სერიალი ჩართო და ყურება დაიწყო, სიგარეტს სიგარეტზე ვუკიდებდი, თავში აზრები მერეოდა და გაუჩერებლად ვლაპარაკობდი: – ლანა, იცი, შენთან დღეს პოლიციელი იყო მოსული, გასაუბრება უნდოდა, შენს კართან შევხვდი, მომეწონა, მას, მგონი, არა. არადა, მისი უფროსი უნდა გავხდე უახლოეს მომავალში. ეს წინადადება ამ ფორმით იმიტომ ვთქვი რომ ლანას ბევრი კითხვა გასჩენოდა და ლაპარაკი დაეწყო, თუმცა, ჩემდა გასაოცრად, ოჰოს, – გარდა პასუხად არაფერი მიმიღია. გავშრი, მაგრამ იხტიბარს არ ვიტეხდი.

„ისეთი ცნობისმოყვარეა, ორ წუთში დამიწყებს დეტალების გამოკითხვას“, – უფრო თავს ვიიმედებდი. იმიტომ რომ ლანა უფრო კომფორტულად მოთავსდა ჩემ გვერდით ტახტზე, ბალიშიც გემრიელად მოიგდო და დიდი ინტერესით განაგრძო სენტიმენტალური დრამის ცქერა. მეც ცისფერ ეკრანს მივაშტერდი, მაგრამ შინაარსის ჩაწვდომაში ხელს მოძალებული ფიქრები მიშლიდა. რაზე ვფიქრობდი, არ ვიცოდი, უბრალოდ ვიცოდი, რომ ვფიქრობდი. ასეთი ჩვევა მქონდა: როცა მეგონა, რომ არაფერზე ვფიქრობდი, სწორედ, მაშინ მებადებოდა გენიალური აღმოჩენები, იდეები და აზრები, „გენიალურს“ მე ვუწოდებდი, თორემ საერთოდ ყოფაცხოვრებისეულ საკითხებს არ სცდებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში თავს სხვანაირად ვგრძნობდი, ვიცოდი, რომ სულ მალე ჩემს ტვინში მომხდარის სრული სურათი დაიხატებოდა, შინაგანი რწმენით მივხვდებოდი, რა ხდებოდა ჩემ გარშემო, იმასაც გაგვიგებდი რატომ შემხვდა მაიორი დობორჯგინიძე, ცხოვრების რა ეტაპზე ვიყავი და რა გაკვეთილი უნდა გამევლო, მე ყოველთვის მჯეროდა, რომ ადამიანები ამ ცხოვრებაში სასწავლად მოვდივართ, გამოცდებს ვაბარებთ და შემდეგ კლასში გადავდივართ, ზოგს საშემოდგომოს გამოაყოლებენ, ზოგი იმავე კლასში რჩება და სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრების ინჩიბინჩს კი არა, ანბანსაც ვერ სწავლობს. მე კარგა ხანია, აღარ ვიცოდი, რომელ კლასში ვიყავი, ჩავრჩი სადმე, თუ საშემოდგომო გამომყვა (ის ეტაპი, როცა ყველაფერი იცი, გავიარე). „მგონი, უნივერსიტეტში ჩავაბარე და აკადემიური ავიღე“, – ხშირად გამიფიქრია და გამღიმებია, იმიტომ რომ თავს ბოლო რამდენიმე წელი ცხოვრებიდან შვებულებაში გასულს ვეძახდი, რაც სტუდენტობის დროს აკადემიურის აღებას ნამდვილად წააგავს. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, შინაგანად ვგრძნობდი, რომ რაღაც ახალი მელოდა, რაც აუცილებლად მოითხოვდა ჩემს ძირეულ გარდაქმნას და შემცვლიდა კიდეც. ამ ფიქრებიდან ლანას ხმამ გამომაფხიზლა, შევხედე: ჩიტივით მობუსხულს სავარძელზე ფეხები აეკეცა და დიდი, ლურჯი თვალებით მიყურებდა. უცებ მკითხა:

– ნუცა, ნიკა გიყვარს?

– გავშრი, მან ზუსტად იცოდა ნიკასადმი ჩემი დამოკიდებულება, და ეს კითხვა ამ ვითარებაში საერთოდაც ალოგიკური იყო, მაგრამ, ლანა ლანაა–მეთქი, გავიფიქრე, თან, გამიხარდა, რაღაც მაინც რომ თქვა და ამიტომ ხალისიანად ვუპასუხე:

– ხომ იცი, მიყვარს ადამიანურად, წლებია, ვიცნობ, ბავშვობიდან, ძმასავით მყავს, უბრალოდ, სექსი გვაქვს ხოლმე. ისიც იცი, როგორც კაცი, შორსაა ჩემი იდეალისგან, მე თვითონ არ ვიცი, ჩემი იდეალი რანაირი კაცია, მით უმეტეს, „იდეალს“ მხოლოდ ნამცხვარს ვიცნობ...

– ნუცა, მგონი, ლუკა ნიკამ მოკლა.

დრამის ასე შემობრუნებას არ ველოდი, ლანას ნიკა არ მოსწონდა, სულ დებილს მეძახდა, რამდენ დროს კარგავ ამ ბიჭთანო, მაგრამ თვითონაც ბავშვობიდან იცნობდა ნიკას; ყველა სიკეთესთან ერთად, მამამისი კი ნიკას ნათლია იყო. ასე რომ, თუ მართლა არ ჰქონდა საფუძველი, ლანა ნიკას არაფერს დააბრალებდა.

– რატომ გგონია მასე? – ვკითხე და გაკვირვებულმა შევხედე,

– რატომ და იმიტომ, რომ არაადეკვატურად იქცეოდა, მანქანაში რომ ვისხედით და საგურამოში რომ ავდიოდით მაშინაც უცნაური თვალებით უყურებდა და საერთოდ, რამდენს მახსნევინებ, უბრალოდ, ვგრძნობ, რომ ლუკა ნიკამ მოკლა და მორჩა.

– მიზეზი? ლანა, ყველა მკვლელობას თავისი მოტივი აქვს, ხომ იცი, გაიგებ მოტივს, მიაგნებ მკვლელს, რა მოტივით უნდა მოეკლა ნიკას ლუკა, ძმაკაცები იყვნენ ბოლოს და ბოლოს?! – გულწრფელად გაკვირვებულმა დავანამუსე. აზრები უფრო ამებნა, ისიც ზუსტად ვიცოდი, რომ ლანამ ამ ტრიადის: ლადუნა-ნიკა-ზვიადის, ნარკობიზნესთან კავშირის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდა, თან, ნიკა მაგ საქმეებში რამდენიმე წელია, აღარც ერეოდა, ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ამბობდა, – ეს ჩემთვის გავიფიქრე, ლანას კი დავუყვავე: ექსპერტიზის პასუხიც მალე იქნება, ლუკას სიკვდილის მიზეზს მალე დაადგენენ, ხომ გითხარი, პოლიციაში ვბრუნდები და იქნებ მერე ჩემი საკუთარი, არაფორმალური გამოძიებაც ჩავატარო, თუ რაიმე კითხვები დაგვრჩება ლუკას გარდაცვალების გამო.

ლანას ჩემი მშრალი და რაციონალური პასუხი აშკარად არ ეპიტნავა, ამიტომ ცარიელი მზერით ისევ სერიალის ყურება განაგრძო, ვიცოდი, რომ აღარ უყურებდა, უბრალოდ, ეკრანს მიშტერებოდა და ჩემს ცხოვრებაში პირველად, ვერაფრით ვხვდებოდი, რაზე ფიქრობდა. ჩემი ტელეფონი აწკრიალდა. დავხედე. ნიკა რეკავდა, ისე, რომ ეკრანისთვის მზერა არ მოუშორებია, ლანამ გადმომძახა: ნიკა გირეკავს, უპასუხე, თუ არ უპასუხებ, აქ ამოგვადგება, მისი ნახვა კიდევ საერთოდ არ მინდა.

ტელეფონი ავიღე.

– ნუცი, – გაისმა მეორე მხრიდან, წამოხვალ დღეს ჩემთან? ლანა, თუ ძალიან ცუდად არაა, დატოვე და დავრჩეთ, რა, ერთად, მომენატრე, ადამიანო – გამახსენდა, რომ კაი ხანია, სექსი არ მქონია, ამიტომ ნიკას დავეთანხმე: ერთ საათში მომაკითხე – ლანამ გადმომხედა: წესიერად ჩაიცვი და გადაივლე, ყარხარ. ეგ მკვლელი დაბანილ ქალს საერთოდ არ იმსახურებს, მაგრამ შენ არ გეკადრება ეგეთ ფორმაში ყოფნა, ახალი დუშგელები და ლოსიონები მაქვს. ვერ მივხვდი, როგორ მიხვდა ლანა, რომ ახლა ნიკასთან ჩემი შეხვედრის ერთადერთი მიზეზი ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება იყო, რასაც სექსიც არ ერქვა: უბრალოდ, ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება, როგორიცაა, მაგალითად, ჭამა, არანაირი რომანტიკა, უბრალოდ, საქმე. უხმოდ ავდექი, შხაპის ქვეშ ისევ ლანას ნათქვამი „მკვლელი“ მიტრიალებდა, ანუ ლანა დარწმუნებულია, რომ ლუკას სიკვდილში ნიკას ხელი ურევია, თუ მაინცდამაინც მაგ სამში დავუწყებთ მკვლელს ძებნას, ყველაზე მეტად ზვიადზე უნდა იფიქროს კაცმა; ძმაა, მაგრამ მისნაირი გარეწარი იშვიათად შემხვედრია, მაგრამ ნიკა?! ნუთუ ნიკას მკვლელის როლში დანახვაში ჩემი ემოცია მიშლიდა ხელს?! თან, სურნელოვან დუშგელიან ღრუბელს ისეთი ძალით ვისვამდი ტანზე, თითქოს ტყავს ვიძრობდი. იქნებ ნიკა მართლა მიყვარს და არ მინდა, საკუთარ თავს გამოვუტყდე?! ან ისე შევეჩვიე, ადამიანი ყოველდღე დელიკატესის ჭამას რომ შეეჩვევა და მის პიკანტურ გემოს ვეღარც გრძნობს?! იქნებ ნიკა ჩემი შეგრძნებების დელიკატესია და გარანტირებული რომ მყავს, ამიტომაც აღარ აქვს პიკანტური გემო?! არადა ადრე მიყვარდა, მახსოვს, რომ მიყვარდა, გულისცემაც მიხშირდებოდა, პეპლებიც დამიფრენდნენ მუცელში, ახლა პეპლებიც გაფრინდნენ და გული საერთოდ თუ მიცემდა, მარტო ნიკასთვის კი არა, ზოგადად, მაგაშიც აღარ ვიყავი დარწმუნებული. ბანაობას მოვრჩი, გავიმშრალე და პირსახოცშემოხვეული გამოვტანტალდი. მაშინვე ლანას საძინებელს მივაშურე, რამე „სარაფანს“ ამოვარჩევ-მეთქი და კარადაში ფათური დავიწყე. ფერად, ატლასის სარაფანს მივაგენი. მიუხედავად სიჭრელისა, საკმაოდ სადა იყო, ლანას გარდერობისთვის შეუფერებლად სადა.

– ჰოდა, ამას წავართმევ, – გავიფიქრე და ჩავიცვი. მართლაც, მომიხდა, სარკის წინ გავიარ –გამოვიარე, სველი თმა უკან გადავივარცხნე, სუნამოც ვიპკურე და მისაღებში გავედი, ლანა ტელევიზორს აღარ უყურებდა. ტელეფონი ეჭირა ხელში და რაღაც ვიდეოს, ქიმიურ რეაქციებსა და ნივთიერებებზე, დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. ამან, მგონი, სულ დააცურა, სად ლანა და სად ქიმია, – და ხმამაღლა გამეცინა. ლანამ შემომხედა: ეგ სარაფანა გიხდება, რომ ვიყიდე, შენზე გავიფიქრე, ნუცას ვაჩუქებ-მეთქი და კი მიგიგნია, შენი იყოს.

გამიხარდა: მადლობა–მეთქი, გავიქეცი და ლოყაზეც ვაკოცე.

– ოჰო. სუნამოც დაგისხამს, ხო, „შანელზე“ ნაკლები არ აკადრო ნიკას, როგორ შეიძლება? – წამკბინა ლანამ, მაგრამ ვიცოდი, რომ ყოველთვის უხაროდა, ქალს რომ ვემსგავსებოდი და მოვლილი იერი მქონდა. უბრალოდ ნიკასთვის ვენანებოდი ბოლო პერიოდი. ტელეფონმა კვლავ დარეკა და ნიკამ მამცნო, რომ ლანას სადარბაზოსთან მელოდა. ლანას დავემშვიდობე: თუ ვერ დავიძინე ნიკასთან, ღამე დაგადგები, მეორე გასაღები გამატანე, რა! ლანამ ისე, რომ ტელეფონში ვიდეოსთვის თვალი არ მოუშორებია, მეორე გასაღების ადგილსამყოფელი მამცნო და, აბა, შენ იცი, იშრიალე ბოლომდეო, – მომაძახა. გასაღები ავიღე, კარს გარედან ჩავკეტავ-მეთქი, მივაძახე საპასუხოდ. ლიფტს არ დავლოდებივარ, კიბეებზე ჩავირბინე, ემოციების მოზღვავებას ვგრძნობდი: ლუკას სიკვდილი, ახალი სამსახური, მაიორი დობორჯგინიძე, ლანას უცნაური დასკვნა ნიკაზე... ზოგადად, ადამიანებს გაურკვევლობა თრგუნავთ და აპათიაში აგდებთ, მე კი პირიქით ვიყავი, უცნობი ჰორიზონტები ყოველთვის მაღელვებდა, მაფორიაქებდა და მოლოდინის სასიამოვნო ჟრუანტელს მგვრიდა. მდორე, მშვიდი ცხოვრება მოსაწყენად მეჩვენებოდა. მეგონა, რომ მშვიდი ცხოვრებით მხოლოდ მოსაწყენი ადამიანები ცხოვრობდნენ, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხს ვერასდროს გავიგებდი, იმიტომ რომ მშვიდი ცხოვრება არც მე მქონია არასდროს და არც ჩემ გარშემო ვინმეს. ნიკუშას მანქანაში ჩავუხტი და ისე ვნებიანად ვაკოცე, მევე გამიკვირდა. ნიკამაც არანაკლებ. ნასიამოვნებმა ჩაიღიმა და გაზს მიაწვა. ათიოდ წუთში ნიკას საძინებელში ტრუსის ამარა, ხოლო შემდეგ უტრუსოდაც ისეთი სასწაულები ჩავიდინე, თავი სტაჟიანი მეძავი მეგონა, მაგრამ ამ დროს მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობდი. ტვინს, ალბათ, იმდენად უნდოდა, რომ უბრალოდ დაესვენა უკანასკნელ 24 საათში მომხდარი მოვლენებისგან, რომ მხოლოდ ფიზიკურ სიამოვნებაზე გადაერთო და მართლაც დაისვენა. მაგრამ, როცა დუნდები, ეშმაკს, სწორედ, მაშინ ეღვიძება და სიმართლეს თუ ვიტყვით, მას არც არასდროს სძინავს და სექსის მიწურულს მე და ნიკამ აღმოვაჩინეთ, რომ თავი არ დაგვიცავს. ნიკას ეს საერთოდ არ შეუმჩნევია. ამას მისი სახის გამომეტყველებით მივხვდი და მეც ხასიათი არ გავუფუჭე, ამ ერთხელ რატომღა იქნება–მეთქი. ამიტომ მშვიდად გადავტრიალდი, საწოლზე გავიშხლართე და ნიკას ხუმრობანარევი ტონით ცივი ყავის გაკეთება და მოტანა ვუბრძანე. იმდენად სასიამოვნოდ გაოცებული და აღტაცებული იყო ჩემი ფლეგმა ხასიათის ასეთი რადიკალური ცვლილებით, ყავაზე კი არა, უკვდავების წყალზეც გამეგზავნებოდა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ცივი ყავით შემოვიფარგლე, ნაყინი არ დაგავიწყდეს-მეთქი, მივაძახე დერეფანში მიმავალს და როდის ჩამეძინა, არც ვიცი, ალბათ, სანამ ნიკა ყავას მოიტანდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი