რომანი და დეტექტივი

პოლიციური რომანი

№43

ავტორი: ანა ბარამიძე 20:00 05.11, 2021 წელი

პოლიციური რომანი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #41-42(1086)

ლანა ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო, თუმცა მეგობრად ვერც აღვიქვამდი, უფრო ოჯახის წევრად, სიტყვა „მეგობარი“ ლანასადმი ჩემს დამოკიდებულებას თითქოს აკნინებდა. მისთვის არასდროს მითქვამს, თუ როგორ მიყვარდა და რას წარმოადგენდა ჩემთვის, საერთოდ, ემოციების გამოხატვის პრობლემა ყოველთვის მქონდა და ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი. სანამ მცხეთას არ მივუახლოვდით, ლანას კრინტი არ დაუძრავს, მუსიკის ჰანგებს იყო აყოლილი და გაშტერებულ მზერას არ აცილებდა მანქანის საქარე მინას, მის შეგრძნებებს თითქოს ვხედავდი, მაგრამ ხმას არ ვიღებდი, მინდოდა, საუბარი თავად დაეწყო. იმაზე ფიქრიც არ მასვენებდა, თუ რა უნდა ეთქვა ხვალ ლადუნას ისეთი, რომ ლანას არ უნდა გაეგო. მაიორი დობორჯგინიძის ამბავიც აუცილებლად უნდა მომეყოლა, მაგრამ ახლა ისედაც ნანერვიულებ ლანას ამ ინფორმაციის ცოდნა-არცოდნა არაფერს შეუცვლიდა, ამიტომ დუმილი ვამჯობინე. ისევ გონება გავთიშე და მთელი ყურადღება გზაზე გადავიტანე. თბილისში შევედით და ჩემმა ტელეფონმა დარეკა, ეკრანზე „ნიკა“ დაეწერა:

– უი, ხო, ნიკა, ისევ დამავიწყდა, – გავიფიქრე, ლანამ მუსიკას ჩაუწია და მკითხა, ნიკა გირეკავს? – თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე: არ უთხრა, რომ ერთად ვართ, გამიკვირდა, მაგრამ არ შევიმჩნიე და თანხმობის ნიშნად ისევ თავი დავუქნიე.

– სად გაქრი მთელი დღე? – მკითხა ხმამ ტელეფონიდან.

– არსად, თბილისში ვარ, მე რამ უნდა გამაქროს, ნიკა?!

– შენი ნახვა მინდა, გამოგივლი, სახლში ხარ?

– არა, გამოსული ვარ, მშვიდობაა?

– ლანასთან ერთად ხარ?

– არა, მარტო ვარ, ლანას მთელი დღეა, ვურეკავ და ვერ დავუკავშირდი, ალბათ, სადმე ბოდიალობს თავის სათაყვანებელ შეყვარებულთან ერთად.

– შენთან სალაპარაკო მაქვს.

– გთხოვ, ახლა ისევ ჩვენს ურთიერთობაზე საუბარი არ დაიწყო, მაგის ნერვი არ მაქვს.

– არა, სხვა რამეზე, ნუცა, ჩვენს ურთიერთობაზე საუბარს უკვე აზრი აღარ აქვს, მივხვდი.

– ევრიკა! – წამოვიყვირე, ანუ გვეშველა და გამეცინა.

– სასაცილო არაფერია, მაგრამ ახლა გაცილებით მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს მოსაგვარებელი მე და შენ.

– რა საქმე, მითხარი, აბა? – ვუპასუხე ხალისიანად. არ ვიმჩნევდი, რომ ვიცოდი ნიკას გუშინდელი ვოიაჟის ამბავი, ისიც, რომ ლუკა ცოცხალი აღარ იყო.

– ტელეფონით სასაუბრო არ არის, ნუცა, ნახევარ საათში სად იქნები, გამოგივლი და გეტყვი ყველაფერს.

ლანას სახლამდე 20 წუთში მივიდოდი, მაგრამ მისი მარტო დატოვება არ მინდოდა, ინტუიცია მეუბნებოდა, რომ ნიკა აუცილებლად უნდა მენახა, ლანასთვისაც მინდოდა მეკითხა, თუ რატომ დამამალინა ჩვენი ერთად ყოფნის ფაქტი, მერე ვკითხავ-მეთქი, გადავწყვიტე და ლანას მივუბრუნდი, რომელმაც ტელეფონის გათიშვისთანავე მუსიკა ისევ მაღალ ხმაზე ჩართო.

– ლაან, სახლში დაგტოვებ და ნიკას ვნახავ, ერთი საათი, მაქსიმუმ და ისევ შენთან ამოვალ, ხომ არ გეწყინება?

– არა, არ მეწყინება, – გულგრილად მიპასუხა ლანამ და ისევ საქარე მინას მიაშტერდა.

შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ აისბერგის მხოლოდ თავი ჩანდა და გაცილებით ბევრი იმალებოდა ლუკას გარდაცვალების მიღმა. იმაზეც გავბრაზდი, ნიკამ რომ არ მითხრა, გუშინ საგურამოში რომ იყო. იქნებ მითხრა და მესიჯი არ წამიკითხავს? – გავიფიქრე, ამოვიღე ტელეფონი და შემომავალ შეტყობინებებს თვალი გადავავლე. მსგავსი არაფერი იყო, მხოლოდ ნიკას 32 გამოტოვებული ზარი დღის განმავლობაში, ამოვიოხრე.

– არაა ეს ბიჭი ნორმალურად, – რატომღაც, ხმამაღლა ვთქვი. ლანას ყურადღებაც არ მოუქცევია ჩემი ნათქვამისთვის. თავისუფლების მოედანზე ჩამოვსვი, იქვე ცხოვრობდა, დადიანზე, – ადი სახლში, ამოგივლი ერთ საათში. იბანავე, მოწესრიგდი... – თვალი მის „შპილკებს“ შევავლე და გავეხუმრესავით, – გაიხადე ეგ კაკუნები! ლანამ ნაძალადევად გაიღიმა და მანქანიდან გადავიდა: აუცილებლად მოდი, ისე არ ქნა, როგორც იცი ხოლმე, შემპირდები და სულ „მაგდებ“, დღეს ღამე მართლა ძალიან მჭირდები.

– აუცილებლად, ხომ შეგპირდი, ვნახავ ამ დაქლიავებულს და მოვალ. – დავპირდი და გავუღიმე.

ჩემი ტვინი კი დინჯად მუშაობდა და ვერსიებს ამუშავებდა: რა ჯანდაბა უნდა გავიგო დღეს? ავუფეთქებივარ, იმდენჯერ დაურეკავს ნიკას!

– არ უთხრა, რომ ლუკას გარდაცვალება გაიგე, არც ის, რომ სახლში დამტოვე და არც ის, რომ ჩემთან მოდიხარ, დღეს ვითომ არ შეგხმიანებივარ, – მომაძახა ლანამ და მანქანიდან გადავიდა.

ტელეფონი ავიღე და ნიკას დავურეკე: რუსთაველზე ვარ, რამდენ ხანში იქნები? მოდი მანქანაში ვისაუბროთ. მერე კიდევ გასასვლელი ვარ, საქმე მაქვს.

– 10 წუთში ოპერასთნ ვიქნები, – მითხრა ნიკამ. დათქმულ ადგილას მივედი და მანქანა დავაყენე, მუსიკა არ ჩამირთავს, ქალაქს ვუყურებდი, ვუსმენდი, ტვინი მიდუღდა, არადა, რომ გეკითხა, იმ წამს თითქოს არაფერზე ვფიქრობდი.

ფანჯარაზე კაკუნის ხმა გავიგე, შევკრთი. ნიკა უკვე მოსულიყო, გამოაღო კარი და მანქანაში ჩამიჯდა. სახეზე ეწერა, რომ ნერვიულობდა, რასაც მთელი მონდომებით მალავდა. მიუხედავად ჩვენი გაუგებარი ურთიერთობისა, ერთმანეთს ხუთი თითივით ვიცნობდით და ყოველთვის ვხვდებოდი, რა ხდებოდა მის თავს, ანალოგიურად – ისიც.

ის-ის იყო პირი უნდა გამეღო და მეკითხა, რა ხდება შენს თავს–მეთქი, რომ თავადაც იგივე მკითხა. არაფერი, – ვუპასუხე მე და ვცდილობდი, ყველა აქამდე გაგებული, წაკითხული და გამოცდილი ფსიქოლოგიური ხერხი გამომეყენებინა, რომ ნიკას ჩემი დაძაბულობა არ შეემჩნია.

– დღეს დედაჩემმა ადრე გამაღვიძა, ისევ დავიძინე და იმის მერე აღრენილი ვარ. ხომ იცი, ძილს რომ ვიბრუნებ, მერე კაი ხანს ვერ ვფხიზლდები, რომ გამომეღვიძება, – ეს ისე დამაჯერებლად ვთქვი, ნიკას ჩემი სიტყვების ჭეშმარიტებაში ეჭვიც არ შეჰპარვია. თან, ჩემი ძილისადმი სიყვარული ისედაც იცოდა.

ნიკა ჩემკენ გადმოიხარა და შუბლზე მაკოცა: შენ ჩემი უერთგულესი ადამიანი ხარ, ხომ იცი?! ძალიან მიყვარხარ, შენი იმედი მაქვს და გეყრდნობი, – ეს სიტყვები ისე უცნაურად წარმოთქვა, ცოტა დავიბენი. მისი ჩემდამი დამოკიდებულება ვიცოდი, მაგრამ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მისი ეს ნათქვამი ცოტა კონტექსტიდან ამოვარდნილად მეჩვენა. არ შევიმჩნიე. ხელი ხელზე მოვკიდე და თვალებში ჩავხედე:

– მიდი, მომიყევი, აბა, რა ხდება, ხომ მითხარი, საქმე მაქვსო, გისმენ.

ნიკამ მთხოვა, თავი მის მხარზე დამედო და მანქანაში დარჩენა შემომთავაზა. უარი არ მითქვამს, მინდოდა, მალე დაეწყო საუბარი, რომ მალევე დაემთავრებინა და ლანასთან ავსულიყავი. სხვა რა გზა იყო, თავი უხალისოდ დავადე მხარზე, მერჩივნა, თვალებში მეყურებინა, რომ რამე არ გამომპარვოდა, იმიტომ რომ ვგრძნობდი, ლუკას გარდაცვალების ამბავი უნდა მოეყოლა. ნიკამ ღრმად ამოისუნთქა და ლაპარაკი შემდეგი სიტყვებით დაიწყო: არ გამაჩერო და არც მეჩხუბო. ჯერ ბოლომდე მომისმინე და მერე მითხარი, თუ რამის თქმა მოგინდება. მის მხარზე დადებული თავი ოდნავ დავუქნიე დასტურის ნიშნად, ნიკამ თავზე მაკოცა და კიდევ ერთხელ გამიმეორა, როგორ ძალიან ვუყვარდი. იმ მომენტში ისევ მაიორი დობორჯგინიძე ამომიტივტივდა გონებაში, – გავიფიქრე, ნეტავ, როგორია მის მხარზე თავის დადება–მეთქი ან ჰყავს ვინმე, ვისთან ერთადაც ასე ზის ხოლმე და თავზე კოცნის? – ამ გაელვებულმა ფიქრმა თავად შემაკრთო.

„რა დროს ესაა“, – გავუბრაზდი საკუთარ გულს და თავი უაზრო ფიქრების გადასაყრელად გავაქნიე. ნიკამ გაოცებულმა შემომხედა, ჩემი ხელი ხელში აიღო და მშვიდი ტონით გამომიცხადა:

– ნუცა, პოლიციაში უნდა დაბრუნდე, – ყველაფერს ველოდი ამ სიტყვების გარდა. გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა და სახეზეც შემეტყო, რომ ამას არ ველოდი. ნიკას ყურადღება არ მიუქცევია ჩემი სახის გამომეტყველებისთვის: მოკლედ, ხომ იცი, ახლობლებში არ გვიჭირს, მაგრამ ძალიან მჭირდება, რომ პოლიციაში დაბრუნდე, კარგ პოსტზე დაგნიშნავენ, მაგას მე მოვაგვარებ. შენგან, უბრალოდ, თანხმობა მჭირდება. კარგი კადრი ხარ, ეგ ყველამ იცის, არც განათლება გაკლია და ჭკუაც საკმარისზე მეტი გაქვს, ქალისთვის – მით უმეტეს, – უფრო და უფრო მაოცებდა ნიკას მონოლოგი. პირი გავაღე, რომ მეკითხა, შენ ის არ ხარ, 3 წელი ტვინი რომ მიბურღე, პოლიციაში რატომ მუშაობ, წამოდი, პოლიცია ქალის საქმე არაა, ბინძური სისტემაა და რამე ბიზნესი გააკეთეო.

ნიკა თითქოს მიხვდა და ხელები ტუჩებზე დამადო, ისიც კი გავიფიქრე, რომ ჩემი არნათქვამი სიტყვები გაიგო.

– ვიცი, რომ წინააღმდეგი ვიყავი, მანდ რომ გემუშავა, მაგრამ მაშინ იმის შნო არ მქონდა, კარგ პოსტზე გადამეყვანე ან რამე რომ მომხდარიყო, დამეცავი, ახლა შემიძლია. ამიტომ გთავაზობ. თან, რაღაც პატარა საქმე იქნება მოსაგვარებელი; მაგასაც გეტყვი, უბრალოდ დამპირდი, რომ, ჩემი ხათრით, ამას იზამ. ვიცი, გულის სიღრმეში შენც გინდა მანდ დაბრუნება. თან, მთაწმინდა-კრწანისის პოლიციის უფროსის მოადგილე იქნები, მეტი „ვლასტი“ რა გინდა?! დაბურულმინებიანი მანქანითაც იშხუილებ და იარაღსაც გაირჭობ ქამარში. ხომ ვიცი, როგორ გიყვარს ეგეთები; მიდი, დამთანხმდი! – განაგრძობდა ნიკა ჩემს დაყოლიებას.

სიმართლე გითხრათ, მთაწმინდა-კრწანისის პოლიციის შემდეგ ვეღარაფერი გავიგე, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ზურა დობორჯგინიძის უფროსი გავხდებოდი. არ მეგონა, ჩემ მიერ მისთვის დილით ნათქვამი: „მშვიდობით არა, ნახვამდის“, ასე მალე თუ ამიხდებოდა, თანაც – ამ სახით. ტვინი გამეთიშა, მხოლოდ მაიორზე შემეძლო ფიქრი. ნიკამ კიდევ ბევრი ილაპარაკა იმისთვის, რომ დავერწმუნებინე და უარი არ მეთქვა შემოთავაზებაზე, მაგრამ მისი სიტყვებიდან არაფერი გამიგია, მხოლოდ ზურა დობორჯგინიძეზე ვფიქრობდი და ვცდილობდი, მისი სახე წარმომედგინა, როცა თავისი უფროსის ამპლუაში მნახავდა.

ქალი მაინც ქალია და იმის მაგივრად, რომ დავინტერესებულიყავი, რა მიზნით უნდოდა ამხელა თანამდებობაზე ჩემი დანიშვნა ან ვისი რეკომენდაციითა და პატრონაჟით აპირებდა ჩემს იქ მოწყობას და რა საქმე უნდა ყოფილიყო, რაც მე მისთვის უნდა გამეკეთებინა, მხოლოდ მაიორის ჭაობისფერი თვალები მედგა თვალწინ და გული მიცემდა.

– კი, თანახმა ვარ, – ისე დაუფიქრებლად წამოვიძახე, ნიკასაც გაუკვირდა. გულწრფელად გაუხარდა, მაგრამ ასე იოლად ჩემს დათანხმებას ნამდვილად არ ელოდა. ცოტა ხანს ეჭვის თვალით მათვალიერებდა, თუმცა, როცა დარწმუნდა, რომ არ ვიტყუებოდი და ნამდვილად ვიღებდი მის შემოთავაზებას, სიხარულით ლამის ცეკვა დაიწყო: ჩემი დახატული გოგონა, ჩემი ჭკვიანი, – იმეორებდა და თან, სახეს მიკოცნიდა.

უცებ შეჩერდა, და თითქმის ჩურჩულით ლუკას გარდაცვალების ამბავი მამცნო, ოღონდ ლანასა და ლადუნასგან განსხვავებით, ეს ისტორია საერთოდ სხვანაირად მოყვა, რამაც არანაკლებ გამაოცა, ისევე, როგორც მისმა ცოტა ხნის წინანდელმა შემოთავაზებამ. ნიკას თქმით, გარდაცვალებისას სახლში მხოლოდ ზვიადი და ლუკა იყვნენ, ლუკა მას და ლადუნას აუყვანიათ აგარაკზე, ლანა საერთოდ არ უხსენებია, რამაც უფრო გამაოცა, მაგრამ ძალისხმევას არ ვიშურებდი, გაოცება არ შემტყობოდა ან კი როგორ შემატყობდა, როდესაც ლუკას გახსენებაზე ცრემლები თავისთავად წამომცვივდა და ვინ, თუ არა ნიკამ იცოდა, რომ მე და ცრემლები კატეგორიულად ვერ ვმეგობრობდით. ნიკას წლებია, ვიცნობდი და არასდროს ასე დამაჯერებლად არ მოვუტყუებივარ. ისე ოსტატურად ნიღბავდა ტყუილს, დღეს ლანა და ლადუნა რომ არ მენახა, ალბათ, ეჭვიც არ შემეპარებოდა მისი სიტყვების ნამდვილობაში. ან იტყუებოდა კი?! ვერაფერი გავიგე ამიტომ მოსმენა და ჩუმად სლუკუნი ვარჩიე.

მოკლედ, ნიკას ვერსიით: აგარაკზე ასვლის შემდეგ ცოტა დალიეს და ნიკა ლადოსთან ერთად თბილისში მალევე დაბრუნდა. ლადო ლანას სახლში დატოვა, თვითონ კი სახლში წავიდა. დილით, რომ გაიღვიძა, ზვიადისგან გამოტოვებული ზარები ნახა და მესიჯი, ლუკა აღარ არისო. გიჟივით გამოვარდა, გაუარა ლადოს, ლანაც მანქანაში ჩაისვა და ისევ საგურამოში წავიდნენ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი