პოლიციური რომანი
ავტორი: ანა ბარამიძე 20:00 29.10, 2021 წელი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #41(1085)
„ნეტავ, თუ გაიგო?“ – გავიფიქრე და ისევ ჩამოვჯექი, საერთოდ, მიყვარდა იატაკზე ჯდომა, ჩემთვის ყველაზე ბუნებრივი მდგომარეობაა, საფიქრელადაც ამ პოზას ვარჩევ ხოლმე.
რა კავშირი შეიძლებოდა ჰქონოდა ლანას ერთი საათის წინანდელ ზარს, პოლიციის თანამშრომელს, ჩემს ცუდ წინათგრძნობას და საერთოდ, სად ჯანდაბაში გაქრა ლანა?!
ისევ ტელეფონი ავიღე და ლანას ნომერს დავაჭირე თითი. ტელეფონი ახლა უკვე გამორთული ჰქონდა.
– ბლინ, იდიოტკა! – უცებ გავბრაზდი, წამოვხტი და ისევ კიბეებით დავეშვი, მანქანაში ჩავჯდები, სახლში წავალ და ძილს შევიბრუნებ, სუფთა დეგენერატია ეს გოგო! იმის გაფიქრებაც მაცოფებდა, რომ მაინდამაინც ასე ბომჟივით ჩაცმული მნახა იმ პოლიციელმა დობორჯგინიძემ. სახელი რა ერქვა, არ დამამახსოვრდა, მაგრამ გვარი მეუცნაურებოდა. „ჩემს ძველ თანამშრომლებს შევეხმიანები, ვისი ტიკი ტომარაა, ერთი უნდა გავიგო“. ამ ფიქრებში გართული ჩემს მანქანასაც მივუახლოვდი. კარი გამოვაღე, ტელეფონი AUX–ზე შევაერთე და ჩემი საყვარელი ტრეკის ძებნას შევუდექი, აი, ისეთის, ამ განწყობას რომ მოუხდებოდა, ვიპოვე, ჩავრთე, მანქანა დავძარი, მთავარ გზაზეც გამოვედი და ის–ის იყო, მუსიკის ჰანგებში უნდა ავთქვეფილიყავი, რომ უცხო ნომრიდან შემოვიდა ზარი. მეზიზღება უცხო ნომრები, არასდროს ვპასუხობ, არც ახლა ვაპირებდი და უნდა გამეთიშა კიდეც, რომ უცებ თავში დამარტყა, იქნებ ლანაა?! ვუპასუხე და მართალიც აღმოვჩნდი: ნუცა, ნუცა, ლანას ნამტირალევი ხმა ჰქონდა, ახლა ლოკაციას ჩაგიგდებ და გთხოვ მოდი, მჭირდები, უნდა დამეხმარო, არავის უთხრა, რომ გელაპარაკე, მოდი და ყველაფერს გაგაგებინებ. ეს მითხრა და ტელეფონი გაითიშა. მუსიკა გამოვრთე, მანქანა გადავაყენე და მესიჯის მოლოდინში გავირინდე, რომელსაც ლანას ადგილსამყოფელი უნდა ეცნობებინა. ასეთ დროს ყოველთვის თავს ვიკავებ წინასწარი დასკვნების გამოტანისგან, გონებაში ყველა ფიქრი და ვარაუდი გავაქრე. მესიჯიც მოვიდა, საგურამოს მიჩვენებდა ადგილმდებარეობად. „რა ჯანდაბა უნდა საგურამოში?“ – მანქანა დავქოქე, ბენზინის ნიშნულს შევხედე, საგურამომდე კი არა ბათუმამდე ჩამიყვანს–მეთქი, გავიფიქრე, ისევ მუსიკა ჩავრთე და გზას დავადექი.
დიღომს რომ გავცდი, ცოტა რომანტიკულმა ფიქრებმა გამიტაცასავით, ისე, რა ხანია, ბიჭი არ მომწონებია, გავიფიქრე, რამ მომაწონა მაიორი დობორჯგინიძე, ანდა მომეწონა კი?! საერთოდ, აღარც ვიცი, რა არის, კაცი რომ მოგეწონება. მაგრამ აი, 7–წლიანი რუტინული ურთიერთობის მერე ეგ გასაკვირი არცაა. ისიც კი არ მახსოვს, თავის დროზე ნიკა რამ მომაწონა. ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, არც მომწონებია, რომ მომწონებოდა, ცოლადაც გავყვებოდი, ალბათ. ნიკაზე ფიქრი არ მესიამოვნა: გამახსენდა, რომ დღეს საერთოდ არ გამხსენებია და საერთოდაც, ძალიან ხშირად მავიწყდებოდა მისი არსებობა.
– არა, ასე აღარ უნდა გავაგრძელო. დავჯდები, დაველაპარაკები და ვეტყვი, რომ მავიწყდება, თავმოყვარე კაცს ამის მერე ჩემთან რაღა გააჩერებს? არადა, ნიკა მთელი გულით მიყვარდა, ოღონდ ეს სიყვარული სწორედ მოწონებას იყო მოკლებული. ან შეიძლება კი, კაცი გიყვარდეს და არ მოგწონდეს?! ნიკას თემას აღარ ჩავუღრმავდი და საგურამოს გადასახვევიც გამოჩნდა. კვლავ ავიღე ტელეფონი და „ჯი პი ესის“ ხმა ჩავრთე, რომ ზუსტად ეცნობებინა, სად იმყოფებოდა ლანა. საგურამოს გადასახვევიდან ზუსტად საათ–ნახევარი ვიარე, დანგრეულ გზებზე ჩემი გაზიზინებული მანქანა ყველა ორმოში სულს ღაფავდა, თავს იმით ვიმშვიდებდი, „მერსედესია“, აიტანს, გერმანელები მაგრები არიან-მეთქი, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ ახალი მოდელები ძველი გერმანული გამძლეობით არ გამოირჩევიან.
– თუ გამიფუჭდა, ნიკა კარგ ხელოსნებს იცნობს, – ამ ჯერზე ნიკას გახსენებას ცუდი შეგრძნება არ გამოუწვევია. ჩემი თავი რომ ამ მდგომარეობაში გამოვიჭირე, გავბრაზდი, აი, გამომყენებლობითი მიდგომა! ბოზობა ის კი არაა, კაცთან რომ დაწვები, მანქანის გასაკეთებლად კაცზე ფიქრი რომ არ გაღიზიანებს და ისე არ მოგწონს ეგაა–მეთქი, – საკუთარ თავს ვეუბნებოდი, თან გულში ისევ ლანაზე ვბრაზობდი, იმავდროულად, ვშფოთავდი: მართლაც, რა უნდა უჭირდეს ისეთი, რომ უცხო ნომრიდან დასჭირდა დარეკვა. ბევრი ვიარე თუ ციტა, უფრო კი ბევრი, ვიდრე ცოტა, საბოლოოდ, მიგდებულ, ნახევრად აშენებულ სახლისმაგვარ შენობას მივადექი. მანქანიდან გადმოსვლისას შევამჩნიე, რომ გვარიანად შეღამებულიყო, მონგრეულ ჭიშკარს დავეჭიდე და ვერ გავაღე, გაღებაზე დროის დაკარგვა დამეზარა და ღობეს მსუბუქად გადავაფრინდი. აჩქარებული ნაბიჯით გავემართე კარისაკენ. კარის სახელურს ხელი მოვკიდე და განათებულ ოთახში შევედი.
– ნუცაა! – ჩემი დანახვისთანავე წამოხტა ლანა ძველებური, გაქუცული ტახტიდან, წამოდგომის დროს ტახტი ისეთი საზარლად აღრჭიალდა, გული შემიღონდა.
– ნუცა, ნუცა, რა კარგია, აქ რომ ხარ, – ლანა მომვარდა და ჩამეხუტა, ვიგრძენი, როგორ უცემდა გული, ოთახის კუთხეში ლადო შევნიშნე, გამარჯობა მივუგდე და ლანას მივუბრუნდი: არ მეტყვი, რა მოხდა? გული გამიხეთქე.
– დაჯექი, – სერიოზული სახით მითხრა ლანამ და განაგრძო: კარგად მომისმინე, ახლა ამბავს გეტყვი და მენტურად მიუდექი, ვითომ პოლიციელი ხარ და საქმე უნდა გამოიძიო. დავიძაბე, სიტყვა „მენტი“ არ მიყვარდა, სახეზე შემეტყო. ოთახის კუთხეში მიყუჟულ ლადოს ჩემი გამომეტყველება არ გამოჰპარვია და გესლიანად ჩაიბურტყუნა: ხო, რა იყო, პოლიციელები ძაღლები არიან, „მენტი“ კიდევ კარგი სიტყვაა მაგათთვის. მასთან დავის თავი არ მქონდა, მით უფრო, იმ მომენტში ლადო საერთოდ არ მაინტერესებდა. მთელი ყურადღება ლანაზე მქონდა გადატანილი. ამიტომ სკამზე დავჯექი, ლანა ისევ წინა საუკუნის ტახტზე მოთავსდა და საუბარი დაიწყო:
– გუშინ ღამე მე და ლადუნა (და თბილად გადახედა თავის, პლანის წევით გამოთაყვანებულ შეყვარებულს), ხომ იცი, ზვიადთან ვიყავით აგარაკზე, აქვე, ქვევით, საგურამოში, შენ არ წამოხვედი, ნეტა ყოფილიყავი ისე, იქნებ ავცდენილიყავით რაც მოხდა იმას, – და გაჩუმდა.
– მოკლედ მოყევი და საქმეზე გადადი! – უხეში ტონით მივმართე ლანას.
– მოკლედ, კაცი მოკვდა, ესაა მთელი საქმე! – გაბუტული ტონით მიპასუხა ლანამ და ვხვდებოდი, რომ ცრემლები ყელში ებჯინებოდა. ტანში გამცრა, მკვლელობა, პოლიცია, ნელ-ნელა ყველაფერი მილაგდებოდა, კარგად ვიცოდი, ზვიადი რა კაციც იყო და ყოველთვის ვერიდებოდი მასთან ურთიერთობას, მით უმეტეს, ახლო ურთიერთობას, გამარჯობა-ნახვამდის. მაგრამ ეს კი გავიფიქრე: ნეტავ, ზვიადი მოკვდა?
– ვინ გარდაიცვალა?
– ზვიადის ძმა, ლუკა, – მიპასუხა ლანამ.
ლუკა ზვიადის სრული ანტიპოდი იყო, ზრდილობიანი, წესიერი, სიტყვის კაცი, პრინციპული, მეოჯახე... ძალიან მეწყინა, გული მომეწურა, მაგრამ ახლა ემოციების აყოლის დრო არ იყო, საკუთარი თავი მოვთოკე, ცრემლი რომ არ წამომსვლოდა ლუკას გარდაცვალების გამო და ლანას კითხვა ჩვეულებრივი ტონით დავუსვი:
– რით გარდაიცვალა? შენ შეესწარი გარდაცვალების ფაქტს?
– აი, ხედავ, მოკლედ არ გამოდის? მოდი, მომისმინე და ყველაფერს თავიდან ბოლომდე მოგიყვები, – თავი დავუქმიე და ლანამ თხრობა დაიწყო:
– გუშინ, საღამოს. როგორც გითხარი, მე და ლადუნა, ლუკაც ჩვენთან ერთად იყო და შენი შეყვარებული ნიკაც, სხვათა შორის, ზვიადის დავადექით აგარაკზე, შუადღეზე დარეკა, ამოდით, კაი ევროპული „ტავარი“ მაქ და გავერთობითო. ავედით, მუსიკა ჩავრთეთ, ცოტა დავლიეთ და მერე ცოტა კრისტალებიც შევიყნოსეთ, წყნარი საღამო იყო, ვარსკვლავიანი ცა და მე და ლადუნა გარეთ გამოვედით, ცის ყურება მოგვინდა, ჰამაკში ჩავწექით, არ ვიცი, რამდენი დრო გავიდა, ხომ იცი მაგ დროს დროის შეგრძნებას კარგავ, მერე შემცივდა და სახლში შევბრუნდით. მისაღებში ყველას ეძინა, ჩვენც იქვე წამოვწექით, და ჩავიძინეთ. დილით პირველს ზვიადს გაეღვიძა და ყვიროდა: ლუკა, ლუკა გაიღვიძეო, ჩვენც გაგვეღვიძა, ნიკა მაშინვე მივარდა, ლუკას პულსი გაუსინჯა და თქვა, მკვდარიაო, ყველას ფერი გადაგვივიდა, „პერედოზი“ მოუვიდა, ალბათ, ლადომ, ზვიადმა და ნიკამ ეგრე თქვეს, მეც ეგრე მგონია, თან ლუკა რა იშვიათად კაიფობდა, ხომ იცი, შეჩვეული რომ არ იყო და ალბათ, გულმა ვერ გაუძლო, – ლანას ყველა ემოცია ერთად მოაწვა და ისეთი გულის მომკვლელი ქვითინი დაიწყო, მეც ცრემლი ჩამომიგორდა. ვეღარ გავუძელი.
– ნუცა ნუცა! – უხმოდ შემოვუძახე საკუთარ თავს: დამშვიდდი, რაღაცები კიდევ უნდა გაარკვიო.
ლანასთან გადავჯექი და ხელი მოვხვიე.
– პოლიციას ან „სასწრაფოს“ თუ დაურეკეთ?
– ლადუნამ დაურეკა „სასწრაფოს“ და პოლიციაც მოვიდა, მე ამასობაში აქ ამომიყვანა ლადომ, რატო უნდა გნახონ პოლიციელებმა. დასტრესილი ხარ და ჯობია, ვითომ იქ სულ არ ყოფილხარ, ეგრე მოვაწყოთო. მთელი დღეა, აქ ვზივარ, ლადოც ახლა ამოვიდა. პოლიციაში იყო დილიდან. საჭმელი ამომიტანა და შენ გელოდებოდი, რომ სახლში წამიყვანო. ხომ არ დამტოვებ მარტო. ხომ დარჩები დღეს ღამე ჩემთან? – მკითხა ლანამ, უარს ვერ ვეტყოდი და დავთანმხდი: კი დღეს შენთან დავრჩები.
ცოტ ხანს ლანა გაჩუმდა, მე კი ლუკას სიკვდილს ვიაზრებდი, მაგრამ კითხვა კითხვაზე მებადებოდა. როგორ გაიგო პოლიციამ, რომ ლანა ლუკას სიკვდილს შეესწრო, თუ მათ ადგილზე არ დახვედრია? ნიკამ რატომ არ მითხრა, რომ ზვიადის კრისტალებს ისევ ყნოსავდა? ლადომ რატომ ამოიყვანა ლანა ამ დანგრეულ სახლში და არ წაიყვანა თბილისში? რატომ დამირეკა ლანამ უცხო ტელეფონიდან? რატომ ამიკრძალა თავისი ადგილსამყოფლის ვინმესთვის გამხელა?
– ლადო! – გავძახე „ლადუნას“: ჩემი „მენტური“ ტვინი ამ უბედური შემთხვევის გააზრებას რაში სჭირდება? უბედური შემთხვევაა, მოხმარება სისხლის სამართლის პასუხისგებას აღარ იწვევს და თქვენ კი იცით, არაფერი გემუქრებათ. არ გინდა, ბოლომდე ამოღერღო, რა ხდება და პირდაპირ თქვათ, რისი გეშინიათ?
მე ხომ ვიცოდი, რომ ლანას სიყვარული „ლადუნა“ ერთ-ერთი მსხვილი ნარკორეალიზატორი იყო საქართველოში ზვიადთან ერთად. ეს ამბავი, ლანასთვის, რა თქმა უნდა, არასდროს მითქვამს, მაგრამ ლადომ იცოდა, რომ ვიცოდი და ხვდებოდა, რატომ ვარიდებდი თავს ზვიადთან ურთიერთობას.
– მე აი ცხოვრებაში არაფრის მეშინია, ნუცა, კი იცი ეგ შენ! – მიპასუხა ლადომ.
– რის შეგეშინდება?! შენნაირი მამა რომ მყავდეს, მეც არაფრის შემეშინდებოდა. სამჯერ გამოგიშვეს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან, ახლა რაღაც შეშფოთებული ხარ და არ მგონია, რამის არ გეშინოდეს, რაღაც ისეთში გაყავი თავი, მამიკო რომ ვერ გიშველის, ლადუნიკო? შენნაირებისა და მამაშენისნაირების გამო წამოვედი სამსახურიდან, სამართალს რომ ვერ იპოვის კაცი! – ჩემი პირადი ბოღმაც ამოვანთხიე. თან, ცრემლს ძლივს ვიკავებდი. მიყვარდა ლუკა. ბავშვობიდან ვიცნობდი მასაც, ზვიადსაც, ამ იდიოტ ლადოსაც და ყველაზე ნაკლებად სწორედ ლუკა იმსახურებდა სიკვდილს. ტანში მცრიდა ლუკაზე ფიქრისას. მინდოდა, ლადო მიმეხრჩო, მაგრამ ლანას ფსიქიკურ მდგომარეობას ჩემი და ლადოს ჩხუბი ახლა ყველაზე ნაკლებად წაადგებოდა, ამიტომ თავი მოვთოკე და ლანას მივუბრუნდი:
– წამო სახლში, ლან, გზაში დონატებს და ყავასაც გიყიდი. შენთანაც დავრჩები და იმ იდიოტურ სერიალსაც ვუყურებ შენთან ერთად, ამდენი ხანია, რომ მეხვეწები, ნახეო.
ლანას ხელი მოვკიდე, წამოვდექით და ჩემი მანქანისკენ დავიძარით, ლადოს დავუძახე, რომ ჭიშკარი გაეღო, იმიტომ რომ ჩემგან განსხვავებით, ლანა ღობეზე ასე მსუბუქად ვერ გადავიდოდა თავისი 10-სანტიმეტრიანი ქუსლებითა და მინი ქვედაბოლოთი. ლადო უხალისოდ წამოგვყვა, ჭიშკარი ძლივს გააღო და როცა ლანა მანქანაში ჩასვა და კარი მიუკეტა, ჩემს მხარეს მოვიდა, ფანჯარაში თავი შემოყო და ყურთან ახლოს ჩამჩურჩულა ისე, რომ ლანას ვერ გაეგო:
– ხვალ დილით მოვალ ლანასთან, შენც მანდ იყავი, ერთი ერთზე მაქვს შენთან სალაპარაკო.
თავი ლანასთვის შეუმჩნევლად დავუქნიე და მანქანა დავქოქე, დღემდე ვერ ვხვდებოდი, როგორ შეიძლებოდა, ლანას ლადო ჰყვარებოდა, ისევე როგორც ლანა ვერ ადგენდა, რას ვაკეთებდი ნიკასთან 7 წელი.
– შენი მუსიკა ჩართე, – შევთავაზე ლანას, მეზიზღებოდა მისი მუსიკალური გემოვნება, მაგრამ, ლანას მდგომარეობიდან გამომდინარე, გამონაკლისის დაშვებისთვის მზად ვიყავი. ლანამ თავისი ტელეფონი აუქსს მოარგო და გაურკვეველი ჟღერადობისა და ენის ჰანგებმა ჩემი მანქანა შთანთქა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან