ფორთოხლის ხუთი კურკა
ავტორი: „თბილისელები“ 20:00 25.09, 2022 წელი

- არტურ კონან დოილი
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #35-36(1132)
***
... ყავის მოლოდინში უოტსონმა დილის გაზეთის გადათვალიერება დაიწყო და უცებ ისეთ სათაურს მოჰკრა თვალი, რომ ძარღვებში სისხლი გაეყინა.
– ჰოლმს, დააგვიანეთ! – წამოიყვირა მან.
– რას ამბობთ? – შესძახა ჰოლმსმა და ფინჯანი ხელიდან გააგდო, – მეშინოდა და ველოდი, რომ ეს უბედურება მოხდებოდა.
გაზეთი იუწყებოდა:
„დაახლოებით ათის ნახევარზე, პოლიციის კონსტებლმა, კუკმა, რომელიც ვატერლოოს ხიდთან მორიგეობდა, გაიგონა ვიღაცის ყვირილი – მიშველეთო და წყალში ჩავარდნის ტყლაშუნსაც მოჰკრა ყური. ღამე ძალიან ბნელი იყო, ქარიშხალი მძვინვარებდა და, მიუხედავად რამდენიმე გამვლელის თავგამოდებული ცდისა, განწირული ვერ გადაარჩინეს. საგანგაშო ნიშანზე მთელი სამდინარო პოლიცია ფეხზე დადგა და გვამი იპოვეს. დამხრჩვალს ჯიბეში უნახეს კონვერტი, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ იგი ჰორშემელი ჯონ ოპენშოუა. ვარაუდობენ, რომ იგი ვატერლოოდან გამავალ ბოლო მატარებელზე მიიჩქაროდა, სიბნელეში გზა დაკარგა და სამდინარო ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ბილიკზე მოხვდა.
სხეულზე ძალადობის ნიშანი არ აღმოჩნდა და უეჭველია, რომ მთლად ახალგაზრდა კაცი უბედური შემთხვევის მსხვერპლი შეიქნა“.
– ეს ამბავი თავმოყვარეობას მილახავს, – წარმოთქვა ჰოლმსმა, – ოპენშოუს საქმე ახლა ჩემს პირად საქმედ იქცა და თუ შემოქმედმა ჯანმრთელობა არ წამართვა, მთელ ბანდას გამოვიჭერ. სატანასავით გაქნილი ავაზაკები ყოფილან. რაკი აგრეა, ვნახოთ, ბოლოს ვინ დარჩება გამარჯვებული. მე თვითონ ვიქნები მაგათთვის პოლიცია. ისეთ ბადეს მოვქსოვ, რომ ვეღარსად გამიფრინდნენ და პოლიციის ხელში თვითონვე ჩაცვივდნენ.
უოტსონი მთელი დღე საქმით იყო დაკავებული და ბეიკერ-სტრიტზე გვიან ღამით დაბრუნდა. შერლოკ ჰოლმსი ჯერ კიდევ არ მოსულიყო. ღამის ათი საათი იქნებოდა, როცა დაღლილ-დაქანცული ოთახში შევიდა. კარადასთან მივიდა, პური მოიტეხა, ჭამა დაიწყო და თან წყალს აყოლებდა.
– მშიერი ხართ? – ჰკითხა ექიმმა.
– მგელივით. სულ გადამავიწყდა, რომ მეჭამა. დილიდან ლუკმა არ ჩამსვლია პირში.
– დილიდან?
– ჰო, მაგის დრო არ მქონდა.
– საქმე, საქმე როგორღაა?
– კარგად.
– იპოვეთ გასაღები?
– დიახ და ახალგაზრდა ოპენშოუ მალე შურნაძიები იქნება. ამ ავაზაკებს მათივე იარაღით უნდა ვებრძოლოთ და მათივე სატანური დაღი უნდა დავასვათ. ცუდი აზრია?
– რას გულისხმობთ? ვერ მივხვდი.
მან კარადიდან ფორთოხალი გამოიღო, დაჭრა და კურკები გამოაცალა. მერე ხუთი გადათვალა და კონვერტში ჩაყარა. კონვერტის შიგნით „შ.ჰ.“ წააწერა, ხოლო კონვერტზე – „კაპიტან ჯეიმს კოლჰაუნს, იალქნიანი ორჩხომელი „მარტოხელა ვარსკვლავი“, სავანა, ჯორჯია“.
– ეს წერილი კოლჰაუნს ნავსადგურში დაუხვდება და ამაღამ აღარც დაიძინებს, – ჩაიხითხითა ჰოლმსმა. – იგი ამ წერილს, რაღა თქმა უნდა, თავისი ბედისწერის აღსასრულად მიიჩნევს.
– ვინაა კაპიტანი კოლჰაუნი?
– ესაა მეთაური იმ ბანდისა, რომელმაც ოპენშოუთა ჯილაგი ამოწყვიტა. მე სხვებსაც მოვუვლი, მაგრამ კოლჰაუნი პირველი იქნება.
– როგორ მიაგენით?
ჰოლმსმა ჯიბიდან ქაღალდი ამოიღო, რომელზეც სახელებისა და თარიღების მეტი არაფერი ეწერა.
– მთელი დღე ლოიდის რეგისტრაციის ჟურნალის ჩხრეკასა და ძველი ქაღალდების ქექვას მოვუნდი. რამდენი გემიც კი პონდიშერიდან 1883 წლის იანვარ-თებერვალში ლონდონში შემოსულა, ყველას ასავალ-დასავალი შევიტყვე. სულ ოცდათექვსმეტი გემი ყოფილა ისეთი წყალწყვისა, რომელიც მე მაინტერესებდა. მათ შორის ერთ-ერთმა – „მარტოხელა ვარსკვლავმა“ – უცებ მიიპყრო ჩემი ყურადღება, რადგან პონდიშერიდან მას კურსი პირდაპირ ლონდონისაკენ აუღია. ამასთანავე, ამ გემის სახელი ამერიკის ერთ-ერთი შტატის მეტსახელია.
– მგონი, ტეხასისა, არა?
– კარგად არ ვიცოდი და არც ახლა ვიცი, რომლისა, თუმცა ვეჭვობდი, რომ ასე იყო. მაგრამ ის კი ვიცოდი, რომ გემი ამერიკული წარმოშობის უნდა ყოფილიყო.
– მერე?
– მერე 1885 წლის იანვარში დანდის ნავსადგურში გავსინჯე გემების მისვლა-მოსვლა და დავადგინე, რომ იალქნიანი გემი „მარტოხელა ვარსკვლავი“ 1885 წლის იანვარში დანდიში შემოვიდა. ჩემს ეჭვებში თანდათან ვრწმუნდებოდი. ამის მერე ამჟამად ლონდონში მყოფი გემების სია გადავსინჯე.
– და მერე?
– და აღმოვაჩინე, რომ „მარტოხელა ვარსკვლავი“ ლონდონის ნავსადგურში წინა კვირას შემოვიდა. იმწამსვე ელბერტის დოკებისაკენ დავეშვი, მაგრამ ადგილზე მისულს მითხრეს, დღეს დილით „მარტოხელა ვარსკვლავმა“ აფრა აუშვა, მდინარის დინებას გაჰყვა და გეზი სავანისაკენ აიღოო. იმწამსვე დეპეშა გავუგზავნე გრევეზენდს, მაგრამ იქაც ვერ მივუსწარი და, ვინაიდან აღმოსავლეთის ქარი უბერავს, ალბათ, „მარტოხელა ვარსკვლავი“ ახლა კუნძულ უაიტთან იქნება მისული.
– ახლა რა უნდა ქნათ?
– მთელ გემზე მხოლოდ კოლჰაუნი და ორიც სხვა მეზღვაურია – ამერიკელები. ახლა ისინი თაგვებივით მყავს გამოჭერილი. ვიცი, რომ წუხანდელი ღამე გემზე არც ერთს არ გაუტარებია. ეს გემის მტვირთავმა მუშამ მითხრა. ვიდრე „მარტოხელა ვარსკვლავი“ სავანას მიაღწევდეს, იქ უმალ საფოსტო გემით ჩემი წერილი მივა, ხოლო პოლიცია ტელეგრაფის საშუალებით შეიტყობს, რომ გემზე მყოფ სამ ჯენტლმენს ბრალი ედებათ ადამიანის განზრახ მკვლელობაში.
მაგრამ, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, ნამდვილად ისეა. ჯონ ოპენშოუს მკვლელებმა ვეღარ იხილეს ჰოლმსისაგან გაგზავნილი ფორთოხლის გამხმარი კურკები, რომელიც მათ შიშის ზაფრას დასცემდა და გააგებინებდა, რომ მათზე უფრო საზრიანი და გამბედავი ადამიანი ჩაუდგათ კვალში. იმ წელიწადს ბუნიობის ქარიშხალი ძალზე ხანგრძლივი და ძლიერი გამოდგა.
„მარტოხელა ვარსკვლავზე“ სავანიდან ამბის გაგებას ჰოლმსი ბევრს ელოდა, მაგრამ ამაო იყო მისი ლოდინი. ბოლოს შეიტყო, რომ „მარტოხელა ვარსკვლავი“ ქარიშხალსა და ღელვას სამუდამოდ დაეტოვებინა ატლანტიკის ოკეანეში.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან