რომანი და დეტექტივი

ფორთოხლის ხუთი კურკა

№36

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 18.09, 2022 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • არტურ კონან დოილი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #35(1131)

ჩემი საწყალი მამა 1885 წლის იანვარში გარდაიცვალა და მას მერე ორი წელი და რვა თვე გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ჰორშემში თავს ბედნიერად ვგრძნობდი და ვიმედოვნებდი, რომ ის წყევლა, რომელმაც ჩვენი ოჯახის უფროსი თაობა ადრიანად ჩაიყვანა საფლავში, მე აღარ მდევნიდა. მაგრამ თურმე, თავს ტყუილად ვინუგეშებდი. გუშინ დილით მეც იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდი, როგორშიც ამ ორი წლისა და რვა თვის წინ მამაჩემი იყო.

ახალგაზრდა კაცმა ჯიბიდან დაჭმუჭნილი კონვერტი ამოიღო, მაგიდისკენ შებრუნდა და სუფრაზე ფორთოხლის ხუთი ცალი გამხმარი კურკა დაყარა.

– საფოსტო მარკა ლონდონისა აქვს. აღმოსავლეთი მხარე. შიგნით იგივე სიტყვები წერია, რაც მამაჩემის მიერ მიღებულ წერილში ეწერა.

– რა მოიმოქმედეთ? – ჰკითხა ჰოლმსმა.

– მე ვიყავი პოლიციაში.

– მერე?..

– ჩემი მონათხრობი სიცილად არ ეყოთ. პოლიციის ინსპექტორს ეს წერილები ხუმრობად მიაჩნია, ხოლო ჩემიანების სიკვდილი – შემთხვევითობად, რომელიც უბრალოდ, დაემთხვა ამ წერილების მოსვლის თარიღს.

– დაუჯერებელი გონებასუსტობაა, – წამოიყვირა ჰოლმსმა, – რატომ მაშინვე არ მოხვედით, როცა ეს ამბავი შეგემთხვათ?

– არ ვიცოდი თქვენი არსებობა. დღეს მაიორ პრენდერგასტს შევჩივლე ჩემი უიმედო მდგომარეობა და მან თქვენთან მოსვლა მირჩია.

– თქვენ წერილი ორი დღის წინ მიიღეთ. მოქმედებაც ადრე უნდა დაგეწყოთ. გარდა იმისა, რაც ჩვენ გვითხარით, მე ვფიქრობ, თქვენ სხვა მონაცემები არ უნდა გქონდეთ. იქნებ რაიმე ისეთი წვრილმანი გაქვთ, რაც საქმეში დაგვეხმარება?

– არის ერთი საგანი, – გვითხრა ჯონ იპენშოუმ. მან მიიჩხრიკ-მოიჩხრიკა პალტოს ჯიბეები, იქიდან ლურჯი, გამოხუნებული ქაღალდის ნაგლეჯი ამოათრია და მაგიდაზე დადო. – როცა ბიძაჩემმა ქაღალდები ცეცხლში შეყარა, ის პატარა კიდის ნაწილები, რაც ცეცხლს გადაურჩა, სწორედ ამ ფერის გახლდათ. ეს ერთი ფურცელი შემთხვევით გადარჩენოდა დაწვას და იატაკზე ეგდო. მეეჭვება, რომ ქაღალდი რამეში დაგვეხმაროს. ჩემი აზრით, ეს ქაღალდი რომელიღაც დღიურიდან ამოვარდნილი ფურცელი უნდა იყოს. ხელწერა ბიძაჩემისაა.

ჰოლმსმა ლამპა შემოაბრუნა და ორივენი ქაღალდისაკენ დაიხარნენ. ქაღალდის ცალი მხარე ისე უსწორმასწორო გახლდათ, რომ ცხადი იყო, მართლაც რომელიღაც დღიურიდან უნდა ყოფილიყო ამოვარდნილი. მაღლა ეწერა: „მარტი, 1869 წ.“. დაბლა კი გაუგებარი მინაწერები მოსდევდა:

„4-ში. ჰადსონი მოვიდა. ისევ ძველი პლატფორმა.

7-ში. მარცვლები გაეგზავნა მაკ-კოულის, პარამორს და სენტ ავგუსტინელ ჯონ სვეინს.

9-ში მაკ-კოული გაეცალა.

10-ში. ჯონ სვეინი გაეცალა.

122-ში. ესტუმრნენ პარამორს. ყველაფერი რიგზეა.“

– გმადლობთ! – თქვა ჰოლმსმა, ქაღალდი დაკეცა და პატრონს დაუბრუნა, – ახლა დრო აღარ უნდა დაკარგოთ. სახლში უნდა დაბრუნდეთ და იმოქმედოთ.

– რა უნდა გავაკეთო?

– ახლა მხოლოდ ერთი რამაა გასაკეთებელი და ისიც დაუყოვნებლივ. ის ქაღალდი, რომელიც ჩვენ გვიჩვენეთ, თითბრის ყუთში უნდა ჩადოთ და წერილში მითითებულ ადგილზე მოათავსოთ. ყუთშივე უნდა ჩადოთ წერილი, რომელშიც მკითხველს აუწყებთ, რომ თქვენმა ბიძამ ყველა სხვა ქაღალდი ცეცხლს მისცა და მხოლოდ ეს ერთადერთი გადარჩა დაუწვავი. ეს ტექსტი ისეთი სიტყვებით უნდა შეადგინოთ, რომ მათ დაიჯერონ. როგორც კი ყოველივეს მორჩებით, თითბრის ყუთი მზის საათის ქვეშ დადგით. ხომ გასაგებია, რაც გითხარით?

– გასაგებია.

– ახლა შურისძიებისა და სხვა გრძნობების აყოლის დრო არაა. ჩემი აზრით, ჩვენ შეგვიძლია, ამას კანონის სახელით მივაღწიოთ. მათ უკვე მზად აქვთ ქსელი, ჩვენ კი ახლა უნდა დავიწყოთ მახის დაგება. ამჯერად, უმჯობესია ის საფრთხე ავიცილოთ, რომელიც თქვენ გელით. მერე კი შეიძლება, ამ საიდუმლოებით მოცული ამბის გახსნა და დამნაშავეთა დასჯა.

– გმადლობთ, – უთხრა ჰოლმსს ახალგაზრდა კაცმა, – თქვენ მე სიცოცხლე დამიბრუნეთ და გულს იმედიც შთამინერგეთ. ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც მირჩიეთ.

– დრო არ დაკარგოთ და რაც მთავარია, თავს გაუფრთხილდით, ვინაიდან თქვენ მართლაც რეალური და გარდაუვალი საფრთხე გემუქრებათ.

– იარაღიც მაქვს.

– ეგ კარგია. ხვალიდანვე შევუდგები თქვენს საქმეს. თქვენი საქმის საიდუმლო გასაღები ლონდონშია და მეც აქ უნდა ვეძებო.

– მაშინ, ერთ ან ორ დღეში თვითონ მოგინახულებთ და თითბრის ყუთისა და ქაღალდების ამბავს მოგახსენებთ. ახლა კი წავალ და რაც რჩევა მომეცით, ყველაფერს სწორედ ისე შევასრულებ.

ჰოლმსი რამდენიმე ხანს გაყურსული იჯდა და ცეცხლის ენებს შეჰყურებდა. მერე ჩიბუხი გააბოლა და სავარძელში გადაწვა.

– უოტსონ, მე მგონია, რომ ასეთი ფანტასტიკური საქმე ჯერაც არ გვქონია, – წამოიწყო ჰოლმსმა, – ჯონ ოპენშოუ უფრო მეტ განსაცდელშია ჩავარდნილი და უფრო დიდი საფრთხე ემუქრება, ვიდრე შოლტოს ემუქრებოდა.

– ამიხსენით, რაშია საქმე? ვინაა ეს „კ.კ.კ.“ და რა დაუშავა ამ უბედურმა ოჯახმა?

– ჩვენს სამუშაო ჰიპოთეზად უნდა მივიღოთ, რომ ამერიკა პოლკოვნიკმა ოპენშოუმ ვიღაცის ან რიღაცის შიშით დატოვა. იმაზე, თუ რამ გამოიწვია ასეთი ძლიერი შიში, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მხოლოდ იმ ავისმომასწავებელი წერილების მიხედვით, რომლებიც მიიღეს თვითონ პოლკოვნიკმა და მისმა მემკვიდრეებმა. თქვენ ნახეთ იმ წერილებზე დაკრული საფოსტო მარკები?

– პირველი პონდიშერიდან იყო გამოგზავნილი, მეორე – დანდიდან, მესამე კი – ლონდონიდან.

– აღმოსავლეთ ლონდონიდან, – ჩაურთო მან. – რა დასკვნა შეგიძლიათ გააკეთოთ აქედან?

– ყველა ეგ დასახელებული ადგილი საოკეანო გემების სადგომი ნავსადგურებია. ალბათ, წერილების გამომგზავნი გემზე იმყოფებოდა.

– ჩინებულია! ჩვენ გასაღები თითქმის ხელთა გვაქვს. დასაშვები და სავარაუდებელია, რომ წერილების გამომგზავნი მართლაც გემბანზე ყოფილიყო. ახლა ამ საქმეს სხვა კუთხიდან შევხედოთ. პონდიშერიდან გამოგზავნილი მუქარის წერილის მიღებისა და მუქარის სისრულეში მოყვანამდე შვიდმა კვირამ განვლო, დანდიდან – კი მხოლოდ ოთხმა თუ სამმა დღემ.

– არ მესმის, რაშია საქმე.

– ისინი, ვიდრე თავისი მისიის სისრულეში მოყვანას დაიწყებენ, თავიანთ მსხვერპლს წინასწარ აფრთხილებენ. ხომ ნახეთ, დანდიდან მიღებულ მუქარას საქმეც რა მალე მოადევნეს. ისინი რომ პონდიშერიდან ორთქლით მავალ გემს გამოჰყოლოდნენ, მაშინ ინგლისში წერილი და წერილის გამომგზავნები ერთდროულად ჩამოვიდოდნენ. მაგრამ წერილის მიღებიდან მათ გამოჩენამდე შვიდმა კვირამ განვლო. ეს შვიდი კვირა კი, ჩემი აზრით, დროის ის მონაკვეთია, რა დროითაც პონდიშერიდან ორთქლით მავალმა გემმა იალქნიან გემს გამოუსწრო. ხედავთ, თუ რამდენად სახიფათო საქმესაა გადაყრილი ჩვენი ოპენშოუ და რატომ გავაფრთხილე რამდენჯერმე, თავს მოუარეთ-მეთქი? წერილის ავტორებს მუქარა სისრულეში მოჰყავდათ მხოლოდ იმ დროის უკანასკნელ მომენტში, რაც წერილის გამოგზავნის ადგილიდან, დანიშნულების ადგილამდე იალქნიანი გემის მგზავრობისათვის იყო საჭირო. ჯონ ოპენშოუს სახელზე მიღებული წერილი კი ლონდონიდანვე არის გამოგზავნილი და ამდენად, ჩვენ ვერ გავითვალისწინებთ, რამდენ ხანს აცდიან წერილის ავტორები ადრესატს დავალების სისრულეში მოყვანას. იმ დოკუმენტებით, რომლებიც ოპენშოუმ დაწვა, სასიცოცხლოდ არიან დაინტერესებულნი. ერთი კაცი არ უნდა მოქმედებდეს. ერთ კაცს არ შეუძლია ორი მკვლელობა ისე ჩაიდინოს, რომ წინასწარი გამოძიება და სასამართლო დააბნიოს და ყველას გზა-კვალი აურიოს. ამ საქმეში რამდენიმე კაცის ხელი ურევია და თანაც ძალიან მტკიცე და გამბედავი ადამიანები უნდა იყვნენ. „კ.კ.კ.“ ერთი კაცის კი არა, მთელი ორგანიზაციის ინიციალებია.

– რომელია ეს საზოგადოება?

– თქვენ არასოდეს გაგიგონიათ „კუ კლუქს კლანზე“? – ჰოლმსმა მუხლებზე დადებული ამერიკული ენციკლოპედიის ტომი სათანადო ადგილზე გადაშალა და ხმადაბლა წაიკითხა: „სახელწოდება „კუ კლუქს კლანი“ წარმოდგება შაშხანის ჩახმახის დაკეტვის დროს წარმოქმნილი ხმაურიდან. ეს საშიში საიდუმლო საზოგადოება ჩამოაყალიბეს სამხრეთის არმიის ჯარისკაცებმა სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ. ორგანიზაციამ უმალვე შექმნა თავისი ადგილობრივი განყოფილებები სხვადასხვა შტატში. იგი პრინციპულად იბრძოდა შავკანიანებისთვის საარჩევნო ხმის უფლების მიცემის წინააღმდეგ. ორგანიზაცია სდევნიდა ან კლავდა და გზიდან იშორებდა ყველას, ვინც მის შეხედულებებს ეწინააღმდეგებოდა. სიკვდილით დასჯას მუდამ წინ უსწრებდა გაფრთხილება, რომლებსაც ისინი თავიანთ მსხვერპლს უგზავნიდნენ. ეს გაფრთხილება სრულდებოდა რაღაც ფანტასტიკური, მაგრამ ისეთი გზით, რომ ყველას გაეგო ორგანიზაციის ხელწერა. მიიღებდა თუ არა ასეთ გაფრთხილებას სამსხვერპლო, ან საჯაროდ უნდა გამოსულიყო და ეთქვა, რომ გმობდა თავის ადრინდელ შეხედულებებს, ანდა ქვეყნიდან გადახვეწილიყო. თუ ასე არ მოიქცეოდა, სიკვდილი არ ასცდებოდა. თანაც ისეთ ფორმებში, ვითომ მისი დაღუპვა ბრმა შემთხვევასა და გაუთვალისწინებელ ამბავთან იყო დაკავშირებული. ორგანიზაციას თავისი არც ერთი მსხვერპლი ხელიდან არ გასხლტომია და ბოროტების ჩამდენიც არასოდეს არავის უმხელია. 1869 წლიდან ორგანიზაციის საქმიანობა მოულოდნელად შეწყდა, თუმცა ამდაგვარი ცალკეული შემთხვევები დღემდე გრძელდება.“ – აი, ხომ ხედავთ, – თქვა ჰოლმსმა, – ჯონ ოპენშოუმ ხომ თქვა, ბიძაჩემმა ქაღალდები მთლიანად დაწვაო. აქედან ცხადია, რომ პოლკოვნიკს ორგანიზაციის დოკუმენტაცია თან წამოუღია. ადვილი შესაძლებელია ოპენშოუთა დევნის საბაბი სწორედ ეს იყოს და, ალბათ, სწორედ ამიტომ ასე უმოწყალოდ ანადგურებენ მათ გვარს. ხომ გესმით, სამხრეთის რამდენ გამოჩენილ მოღვაწეს არ შეუძლია, მშვიდად იძინოს, ვიდრე დღიური და ის დოკუმენტები, რაც პოლკოვნიკმა ოპენშოუმ გამოიტაცა, ხელთ არ ექნებათ? ამაღამ ჩვენ მეტს ვეღარაფერს ვიღონებთ. ამიტომ ადამიანების უკეთურებაზე ფიქრი ჩვენი მეხსიერებიდან მუსიკის საამო ჰანგებით გავაქროთ.

დასასრული შემდეგ ნომერში

თარგმნა

ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი