რომანი და დეტექტივი

ფორთოხლის ხუთი კურკა

№35

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 11.09

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • არტურ კონან დოილი

(იბეჭდება შემოკლებით )

საღამოს უფრო მეტი სიძლიერით დაქროლა ქარმა და ბუხრის თავებში ბავშვივით ტირილი გააბა. შერლოკ ჰოლმსი მოწყენილი მისჯდომოდა ბუხარს და დანაშაულებათა მემუარული ჩანაწერები მოჰყავდა წესრიგში.

– ვიღაც რეკავს, – უთხრა უოტსონმა ჰოლმსს, – ვინ უნდა იყოს ამ შუაღამისას? ალბათ, ვინმე თქვენი მეგობარი იქნება.

– თქვენ გარდა მე მეგობარი არა მყავს, – მიპასუხა ჰოლმსმა, – და ჩემთან სტუმრებიც არ დაიარებიან.

– აბა, კლიენტი ყოფილა და ისაა, – ვთქვი მე.

– თუ ასეა, მაშინ ძალიან სერიოზული საქმე იქნება. აბა, თუ რამე დიდი უბედურება არ სჭირს, ასეთ ამინდში და ამ დროს კაცს რა მოიყვანდა?!

ახალგაზრდა, რომელიც ოთახში შემოვიდა, ასე, ოცდაორი წლის იქნებოდა. კარგად ჩაცმულ-დახურული იყო და დახვეწილი მიხრა-მოხრა ჰქონდა. ხელში ჯერ კიდევ გაშლილი ქოლგა ეჭირა, რომლიდანაც წყალი წურწურით ჩამოდიოდა. ტანზე კი წყალგაუმტარი ლაბადა ეცვა. აღელვებული ჩანდა და დამფრთხალი ადამიანივით აცეცებდა თვალებს.

– ბოდიში უნდა მოგიხადოთ, – თქვა მან, – მაპატიეთ, რომ თქვენს წყნარ ბინაში ქარიშხლისა და წვიმის კვალი შემოვიტანე. თქვენზე, მისტერ ჰოლმს, მაიორმა პრენდერგასტმა ყველაფერი მიამბო. მითხრა, როგორ იხსენით ცილისწამებისგან. მანვე მითხრა, რომ თქვენ შეგიძლიათ ყველაფერში გაერკვეთ.

– ამ ლაპარაკს აჯობებს, სკამი ბუხრის წინ მოაჩოჩოთ და საქმის ყოველი წვრილმანი მიამბოთ.

– მე ჯონ ოპენშოუ გახლავართ. ეს უფრო მემკვიდრეობით გადმოცემული საქმეა და ამიტომ, თავს ნებას მივცემ, ჩემი მამა-პაპათა ისტორიაც გაგაცნოთ.

ჩემს პაპას ორი ვაჟიშვილი ჰყოლია. ჩემი ბიძა – ელიასი და მამაჩემი – ჯოზეფი. მამაჩემს ქოვენტრიში ჰქონდა პატარა ფაბრიკა, რომელიც ველოსიპედების წარმოების დაწყებით გააფართოვა.

მამამ გამოიგონა უცვეთი სალტეები, წარმოების საქმე მშვენივრად წაიყვანა და როცა იგი გაყიდა, კარგა დიდი თანხის პატრონი შეიქნა.

ბიძაჩემი ელიასი ახალგაზრდობაში ამერიკაში წავიდა და ფლორიდის შტატში მდიდარი პლანტატორი გახდა. სამოქალაქო ომის დროს იგი ჯექსონის არმიაში იბრძოდა და მერე, როცა ლიმ იარაღი დაყარა, სამშობლოში დაბრუნდა და ჰორშემის სიახლოვეს, სასექსში იყიდა პატარა მამული. ამერიკაში საქმეები კარგად მიუდიოდა და დიდი ქონებაც შეიძინა, მაგრამ მიატოვა ის ქვეყანა და სამშობლოში დაბრუნდა, რადგან შავკანიანები არ უყვარდა და მათი გათავისუფლების გამო რესპუბლიკური მთავრობის უმადური გახლდათ. მკაცრი და ფიცხი კაცი იყო. ჰორშემში, ჩემი აზრით, ისე იცხოვრა, რომ ქალაქში ფეხი არ გაუდგამს. ჰქონდა ბაღი, სახლს გარშემო ორი თუ სამი მინდორი ეკრა, სადაც სეირნობდა ხოლმე. მის ცხოვრებაში იყო ისეთი დღეები, როცა ოთახიდან ორი-სამი კვირა არ გამოდიოდა. ბევრს სვამდა და ეწეოდა, საზოგადოებას გაურბოდა, საკუთარ ძმასაც კი ერიდებოდა. მე შემეჩვია და ძალიანაც შევუყვარდი. მამაჩემს შეეხვეწა, რომ მასთან მეცხოვრა. მამამ ნება დამრთო და ბიძასთან გადავსახლდი. როცა ფხიზელი იყო, მეთამაშებოდა ხოლმე. მევე მომანდო მოსამსახურეებისა და ვაჭრებთან ურთიერთობის საქმეც, ასე რომ, თექვსმეტი წლისა მის სახლში ყველაფრის ბატონ-პატრონი ვიყავი. მე მებარა ყველა გასაღები, შემეძლო, სადაც მსურდა, იქ ვყოფილიყავი, მხოლოდ ერთი პირობით: ხელი არ უნდა შემეშალა ბიძის სიმარტოვისათვის. სხვენზე მას ერთი პატარა ოთახი ჰქონდა, რომელიც მუდამ დაკეტილი იყო და შიგ შესვლა მის გარდა ყველას ეკრძალებოდა.

ერთ დღეს ბიძაჩემმა წერილი მიიღო, რომელსაც საზღვარგარეთული საფოსტო ნიშანი ეკრა.

– ინდოეთიდანაა, – თქვა მან, როცა წერილს დახედა. – პონდიშერის მარკა! რას უნდა ნიშნავდეს? – მან სასწრაფოდ გახსნა წერილი და იქიდან ფორთოხლის ხუთი კურკა გადმოცვივდა და მის თეფშზე დაიყარა. მე სიცილი ამივარდა, მაგრამ ბიძაჩემის გაფითრებულ სახეს რომ შევხედე, იმწამსვე დავდუმდი. ტუჩი დაბლა ჩამოვარდნოდა, თვალები დაეჭყიტა და სახეზე მკვდრისფერი დასდებოდა. აცახცახებულ ხელში კვლავ კონვერტი ეჭირა და ზედ დაჰყურებდა.

– „კ.კ.კ“! – წაიჩურჩულა მან და მერე დაუმატა, – ო, ღმერთო! აი, სად მიწია ჩემმა ცოდვებმა.

– რა იყო, ძიავ? – ვკითხე მე.

– სიკვდილი, – მიპასუხა მან, მერე წამოდგა და თავისი ოთახისკენ გაემართა. შეშინებული ადგილზე გავქვავდი, არ ვიცოდი, რა მეღონა და ვისთვის მიმემართა.

კონვერტი ავიღე და დავხედე. თვალში მეცა წითელი მელნით კონვერტის შიდა მხარეს წარწერილი „კ.კ.კ.“. კონვერტში მარტო ფორთოხლის ხუთი კურკა აღმოჩნდა. კიბეს ზედა სართულისაკენ შევუყევი. კიბეზე ზევიდან ჩამომავალ ბიძაჩემს გადავეყარე. ერთ ხელში ძველი დაჟანგული გასაღები ეჭირა, მეორეში – თითბრის პატარა ყუთი.

– რაც უნდათ, ის ქნან! მე მაინც მტკიცედ ვადგავარ ჩემს აზრს, – თქვა მან და ლანძღვაც მიაყოლა. მერე მე მომიბრუნდა და მითხრა, – მერის ჩემს ოთახში ცეცხლი დაანთებინე და ჰორშემში კაცი გაგზავნე, რათა იქაური ნოტარიუსი ფორდჰემი მოიყვანოს.

ყოველივე ისე გავაკეთე, როგორც ბიძაჩემმა მიბრძანა. როცა ნოტარიუსი მოვიდა, ზევით, ბიძის ოთახში მიხმეს. ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა და ცხაურზე ჩაშავებული ფერფლი ეყარა, ალბათ, ბიძაჩემმა ქაღალდები თუ დაწვა. მაგიდაზე იდგა სახურავახდილი ცარიელი ყუთი, რომლის შიგნითა მხარეს სამი ისეთივე „კ“ ამოვიკითხე, როგორც დილით მიღებულ კონვერტზე ეწერა.

– ჯონ, მინდა, რომ მოწმედ დაესწრო ჩემი ანდერძის შედგენას. მთელ ჩემს ქონებას ვუტოვებ ჩემს ძმას, რომლის ხელიდან იგი, ალბათ, შენ გადმოგეცემა. თუ ყოველივე ამას მშვიდობით მოიხმარ, კეთილი და პატიოსანი. ხოლო, თუ ნახო, რომ ამ ქონებას თან რაიმე ხიფათი სდევს, მაშინ მიჰყევი ჩემს რჩევას და იგი შენს ყველაზე უბოროტეს მტერს უანდერძე. ძალიან ვწუხვარ, რომ ამნაირი მემკვიდრეობა გხვდა წილად, მაგრამ იქნებ საქმე სულ სხვაგვარად დატრიალდეს. ახლა კი, ხელი მოაწერე ანდერძს იმ ადგილას, სადაც ფორდჰემი მიგითითებს.

მე ხელი მინიშნებულ ადგილზე მოვაწერე და ქაღალდი ნოტარიუსმა თან წაიღო. ამ საოცარმა ინცინდენტმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. მომხდარ ამბავს ვერავითარი ახსნა ვერ გამოვუძებნე. იმ დღის მერე ბიძაჩემმა სმას კიდევ უფრო უმატა და კიდევ უფრო განმარტოვდა. ხანდახან მთვრალი, რევოლვერით ხელში ბაღში გამოვარდებოდა და ხმამაღლა გაიძახოდა, რომ არავისი ეშინია და არც კაცსა და არც ეშმაკს იმის საშუალებას არ მისცემს, რომ ცხვარივით დაკლან.

ერთ ღამეს, როცა ახირებამ კვლავ წამოუარა და მთვრალი, რევოლვერით ხელში გარეთ გამოხტა, უკან აღარ დაბრუნებულა. გუბურაში პირქვე ჩამხობილი ვიპოვეთ. სხეულზე ძალადობის არავითარი ნიშანწყალი არ აჩნდა, მაგრამ წყლის სიღრმეც გუბურაში ორ ფუტს არ აღემატებოდა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, მხედველობაში მიიღო რა ბიძაჩემის ექსცენტრიკული ხასიათი, დაადგინა, საქმე თვითმკვლელობასთან გვაქვსო. მაგრამ, მე, რომელმაც კარგად ვიცოდი, როგორ თრთოდა და კანკალებდა ბიძაჩემი სიკვდილის უბრალო ხსენებაზეც კი, ვერაფრით დავიჯერე, რომ მან თავი მოიკლა. მამაჩემმა მემკვიდრეობით მიიღო თოთხმეტი ათასი ფუნტი სტერლინგი.

შეუდგა თუ არა მამაჩემი სამკვიდროს მართვას, მაშინვე დაჟინებით მოვთხოვე, მეორე სართული, რომელიც მუდამ დაკეტილი იყო, კარგად გავჩხრიკოთ-მეთქი. ჩვენ იქ თითბრის ყუთი ვიპოვეთ, მაგრამ ცარიელი დაგვიხვდა. ყუთს შიგნითა მხარეს პატარა ქაღალდი ჰქონდა მიკრული და ზედ იგივე ინიციალები „კ.კ.კ.“ ეწერა. პატარა მიკრულ ქაღალდს ქვევით კიდევ იყო ერთი წარწერა: „წერილები, სამახსოვრო ბარათები, ხელწერილები და რეესტრო“. ჩვენი აზრით, პოლკოვნიკმა ოპენშოუმ სწორედ ეს ქაღალდები დაწვა.

1885 წლის 4 იანვრამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა. ამ დღეს სასაუზმოდ რომ დავსხედით, მამაჩემმა უცებ წამოიყვირა. მას ერთ ხელში კონვერტი ეჭირა, მეორე ხელისგულზე კი ფორთოხლის გამხმარი ხუთი კურკა ეყარა. იგი მუდამ დაცინვით იგონებდა პოლკოვნიკის გარშემო არსებულ ჭორებს, მაგრამ იმნაირი ამანათი რომ თვითონაც მიიღო, შეეშინდა.

კონვერტის დანახვაზე გული გამეყინა.

– ისევ ის წყეული „კ.კ.კ.“ არის, – ვუთხარი მე.

მამამ კონვერტის შიგნით ჩაიხედა.

– დიახ, კონვერტის შიგნითაც იგივე ასოებია გამოყვანილი, მაგრამ მათ ქვეშ რაღა წარწერაა. ქაღალდები მზის საათის ქვეშ დააწყვეთ.

– რა ქაღალდები ან მზის საათის ქვეშ სად უნდა დავაწყო? – წარმოთქვა გაკვირვებულმა.

– მზის საათი კი ბაღში გვაქვს, მაგრამ ქაღალდები რომ განადგურებულია? – ვუთხარი მე.

– ფუჰ! – გულადად წარმოთქვა მამამ, – ჩვენ ცივილიზებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ასეთი სისულელის არ უნდა გვეშინოდეს. საიდანაა გამოგზავნილი წერილი?

– დანდიდან, – ვუპასუხე მე, როცა საფოსტო მარკას დავხედე.

– ვიღაცის უკბილო ხუმრობა იქნება, – თქვა მან, – რა საქმე მაქვს მზის საათსა და რაღაც ქაღალდებთან. ამნაირ სისულელეს კაცმა ყური არ უნდა ათხოვოს.

– მე თქვენს ადგილზე პოლიციას შევატყობინებდი, – გავაფრთხილე მშობელი.

– რომ მასხარად ამიგდონ, ეშინიაო, არა? ამნაირ რამეს მე არ ვიზამ. ასეთ სისულელეზე ხმაურის ატეხვა არ ღირს.

წერილის მიღებიდან მესამე დღეს მამა ერთი თავისი კარგი მეგობრის, მაიორ ფრიიბოდის სანახავად გაემგზავრა. მამის გამგზავრების მეორე დღეს მაიორის ხელით გამოგზავნილი დეპეშა მივიღე, მთხოვდა, მალე ჩამოდიო. მამა ცარცის ერთ-ერთ მაღაროში ვნახე თავგაჩეხილი. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არ გასჭირვებია მიეღო დადგენილება: უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი. ძალადობის ნიშნები არ ჩანდა, კვალი არსად იყო, გაძარცული არ გახლდათ და გზაზეც უცხო არავინ ყოფილა. ჩემს გონებას კი არ შორდებოდა ის აზრი, რომ მამაჩემს ხაფანგი დაუგეს და მოკლეს.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თარგმნა

ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №49

5–11 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიშა ცაგარელი

კვირის პროგნოზი 7 – 13 ნოემბერი