რომანი და დეტექტივი

ოსტატური მახე

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 19.06, 2021 წელი

ოსტატური მახე
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #22(1066)

***

მიუხედავად იმისა, რომ სვეტას ერთადერთი ვაჟი მოსტაცეს, ამაყ ქალს ღირსეულად ეჭირა თავი, თუმცა ძალიან ნერვიულობდა. ცდილობდა, არ გაემჟღავნებინა. ჯანო რომ წავიდა და კოკიმ მობილურზე საუბარი დაასრულა, სვეტა სასტუმრო ოთახში გორგოლაჭიანი მაგიდით დაბრუნდა და ყოფილ ქმარს უთხრა:

– ყავა მიირთვი.

– ცოტა კონიაკსაც გადავკრავ, – თქვა კოკიმ, ყავას კონიაკიც მიაყოლა და თან გააბოლა. სვეტას კი უთხრა:

– მოწევა ხომ არ დაგიწყია?

– არა, – მიუგო სვეტამ.

კოკიმ სავარძელში მოკალათებული მეუღლე შეათვალიერა და უთხრა:

– შენთან ძალიან დამნაშავე ვარ და ყველაფრისთვის ბოდიშს გიხდი. არ უნდა მეღალატა. სონა ცუდი გოგო ნამდვილად არაა და არც მისი ბრალია, რაც მოხდა. შევუჩნდი. მოვატყუე – ცოლს გავშორდი-მეთქი და იმანაც დაიჯერა. ბოდიში, სვეტა, მაპატიე.

ქალს ხმა არ ამოუღია და უხმოდ უმზერდა ყოფილ მეუღლეს. კოკის კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ მისმა მობილურმა დარეკა. კოკიმ ეკრანს დახედა. სვეტამ ოთახიდან გასვლა დააპირა, მაგრამ კოკიმ მას ხელით ანიშნა, დარჩიო და ზარს უპასუხა:

– გისმენ, ჯანო.

– ვატო უკვე ჩალიჩობს. სონას კი კოკიტოს ამბავი რომ გაიგო, ისტერიკა დაემართა და შენთან დარეკვა უნდოდა, მაგრამ არ დავანებე. ვუთხარი, თავად დაგირეკავს-მეთქი, – თქვა ჯანომ.

– გასაგებია, – მიუგო კოკიმ და ჰკითხა, – სად ხარ ახლა?

– ოფისში. როგორც შენ მითხარი და შენს ზარს ველოდები, – თქვა ჯანომ.

– კარგი, როგორც მოვილაპარაკეთ, – თქვა კოკიმ და შვილს ტელეფონი გაუთიშა. შემდეგ სვეტას მიუბრუნდა:

– თუ რამის გაკეთება არ გინდა, აქ იყავი. შენგან დასამალი არაფერი მაქვს.

სვეტა კვლავ უხმოდ უმზერდა ყოფილ მეუღლეს. კოკიმ სონას დაურეკა და უთხრა:

– როგორ ხარ?

– ძალიან ცუდად, – მოკლედ მიუგო სონამ, რაც მისთვის დამახასიათებელი არ იყო და მსგავს სიტუაციებში ისტერიკაში ვარდებოდა ხოლმე.

– ჯანომ ხომ აგიხსნა ყველაფერი? – იკითხა კოკიმ.

– კი, – ისევ მოკლედ თქვა სონამ.

– ძალიან კარგი. არაფერზე ინერვიულო და მშვიდად იყავი. სანამ ყველაფერი არ მოგვარდება, სახლში ვერ მოვალ, – თქვა კოკიმ.

– ვიცი, ვიცი. მშვიდად ვარ. ჯანომ ამიხსნა უკვე, – უჩვეულო სიდინჯით თქვა სონამ.

– გული რომ გადააყოლო, შეგიძლია, გაისეირნო ან ვინმესთან სტუმრად წახვიდე. ოღონდ ტელეფონი არ გამორთო, რომ საჭიროების შემთხვევაში დაგიკავშირდე, – თქვა კოკიმ.

– კარგი. ალბათ, მანქანით გავისეირნებ ბუნებაში, თორემ გამისივდა გული, – თქვა სონამ.

– მიდი, მაგრამ ფრთხილად იყავი, ყურადღებით. ნახვამდის! – თქვა კოკიმ და სონას ტელეფონი გაუთიშა. შემდეგ კონიაკი ისევ გადაჰკრა და სვეტას უთხრა:

– ყველაფერი კარგად იქნება. კოკიტოც მალე დაგვიბრუნდება. არ ინერვიულო.

სვეტამ უხმოდ დაუქნია თავი. კოკიმ კი მესამე ჭიქაც გამოსცალა და ყოფილ ცოლს უთხრა:

– ხმა ამოიღე სვეტა. ჩუმად ნუ ხარ. ან ისე თქვი, ან – ასე. თორემ გამისკდა გული დარდით.

– კონიაკი მერე დალიე, კოკიტოს რომ დააბრუნებენ. ახლა კი გეყოფა სმა, – თქვა სვეტამ და გაჩუმდა.

– სულ ესაა? თქვი რამე, კიდევ თქვი, თორემ შევიშალე კაცი, – ნერვიულად თქვა წონასწორობიდან გამოსულმა კოკიმ.

– რა გითხრა, რას ელოდები ჩემგან? შენთან სათქმელი მას შემდეგ აღარ მაქვს, როდესაც შენ თავისუფალი არჩევანი გააკეთე. სონა აირჩიე და ღმერთმა შეგარგოს, ჩემგან კიდევ რას მოითხოვ? – თქვა სვეტამ. შემდეგ მაგიდიდან კოკის სიგარეტის კოლოფს დასწვდა. ერთი ღერი ამოიღო და გააბოლა.

– წეღან ხომ თქვი, არ ვეწევიო? – თვალები გაუფართოვდა კოკის.

– ცხოვრებაში პირველი ღერია. აქამდე ერთი ნაფაზიც არ დამირტყამს, – მიუგო სვეტამ კოკის.

– მაპატიე, სვეტა. ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი. მინდა, იცოდე, რომ ახლაც უზომოდ მიყვარხარ, – თქვა კოკიმ.

სვეტამ თავი გააქნია და მიუგო:

– გვეყოფა ამაზე ლაპარაკი. ახლა ამის დრო არაა და სხვა საქმეები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. თუ გინდა, წამოწექი და ცოტა წათვლიმე. თუ დარეკეს, გაგაღვიძებ.

– რა დროს ძილია, სვეტა? – თქვა კოკიმ. ხელი ჩაიქნია და თავი ჩაღუნა.

სვეტა ისევ სავარძელში ჩაჯდა და ყოფილ ცოლ-ქმარს კარგა ხნის განმავლობაში ხმა აღარ ამოუღია. ასე განვლო სამმა საათმა და ქუჩაში ჩამობნელდა. სვეტა, რომელიც მანამდე თითქმის ოლიმპიურ სიმშვიდეს ინარჩუნებდა, ცოტა არ იყოს, აღელდა, სიგარეტს წაატანა ხელი და თქვა:

– რატომ არ რეკავენ ეს ნაძირლები. ნეტავ, ხომ მშვიდობაა?

ამ დროს სვეტას მობილურმა დარეკა. ქალმა სიგარეტის ღერი მაგიდაზე დადო და უპასუხა:

– გისმენთ.

– შენ ყოფილ ქმარს დამალაპარაკე, – ბრძანება გასცა უცნობმა მამაკაცმა.

კოკიმ ტელეფონი გამოართვა სვეტას და უპასუხა:

– გისმენთ.

– მთაწმინდის პარკში ძველი, მიგდებული სტადიონია. ტრიბუნის ბოლო რიგში, მარცხენა კუხთეში, ქვის ქვეშ ბარათია და რაც იქ წერია, ისე გააკეთე. იცოდე, წამიც რომ გადააცილო, შენს შვილს ცოცხალს ვეღარ ნახავ. გაიგე? – თქვა უცნობმა.

– გავიგე, – მიუგო კოკიმ.

– იჩქარე. დროის ათვლა ცხრა საათიდან იწყება. ახლა კი ცხრას ოცი აკლია, – თქვა უცნობმა და ტელეფონი გათიშა.

კოკი სავარძლიდან წამოხტა და გარეთ გასვლა დააპირა, მაგრამ მას ვატომ დაურეკა.

– გისმენ, – უპასუხა კოკიმ.

– ყველაფერი რიგზეა. ჩავავლეთ და ვაკონტროლებთ. შენი მიზერული ეჭვი ასი პროცენტით გამართლდა. ყველა სამხილი ხელში გვაქვს და შეგიძლია, ძალისმიერი მეთოდებიც გამოიყენო, – თქვა ვატომ.

ძმაკაცის სიტყვებზე კოკი გაფითრდა, ნიკაპი აუცახცახდა და თქვა:

– მართლა?

– რა მართლა, ყველა ფაქტი გვაქვს.

– კარგი. გეგმის მეორე ნაწილზე გადავდივარ და ჯანოს დავურეკავ, – თქვა კოკიმ და ტელეფონი გათიშა.

სვეტამ ვეღარ მოითმინა და ყოფილ ქმარს აღელვებულმა ჰკითხა:

– რა ხდება, კოკი, აღარ მეტყვი?

– ცოტაც მოითმინე. ყველაფერი კარგადაა. ხმა არ ამოიღო. უნდა დავრეკო, – თქვა კოკიმ და მობილურზე დარეკა.

– გისმენ, კოკი, – უპასუხა ქმარს სონამ.

– სად ხარ, საყვარელო? – იკითხა კოკიმ. სვეტას შეხედა და თითით ანიშნა, კრინტი არ დაძრაო.

– სახლში მივდივარ, ძვირფასო, რა ხდება, რამე სიახლე ხომ არაა?

– კი არის. სად ხარ ახლა შენ? – იკითხა კოკიმ.

– წყნეთში ვიყავი ასული, სუფთა ჰაერზე და ქვევით ვეშვები.

– ძალიან კარგი, საყვარელო. მოკლედ, ასე ქენი, შენ ახლა მთაწმინდის პარკში გავარდი და სანამ „სტაიანკამდე“ მიხვალ, ხელმარჯვნივ ძველი, მინი-ფეხბურთის სტადიონია. ტრიბუნის ბოლო რიგში, მარცხენა კუთხეში ქვა დევს. მის ქვეშ კი წერილია და აიღე. როგორც კი დაითრევ, დამირეკე და წამიკითხე, რა წერია. იმ ნაძირლებმა დამირეკეს. მე ვერ ვასწრებ ასვლას და ამიტომ დაგირეკე, დროში შეზღუდულები ვართ. მიდი, იმოქმედე! – უთხრა კოკიმ და ტელეფონი გათიშა.

სვეტას თითქმის ბოლომდე ჰქონდა დაკარგული მოთმინება და ყოფილ ქმარს აღელვებულმა უთხრა:

– აღარ მეტყვი, რა ხდება? გასკდა გული!

– ყველაფერი კარგადაა. ცოტაც მოითმინე, – მიუგო კოკიმ სვეტას და ჯანოს დაურეკა.

– გისმენ, მამა, – უპასუხა ჯანომ კოკის.

– სასწრაფოდ ვატოსთან მიდი და ყველაფერს ის გეტყვის. შემდეგ კი შენს ბიჭებთან ერთად იმოქმედე, მაგრამ იცოდე, არ გადაამლაშო. არავინ დაშავდეს. მიდი, შენს ზარს ველოდები, – თქვა კოკიმ და მობილური გათიშა. შემდეგ გააბოლა. კონიაკი გადაჰკრა და ყოფილ ცოლს უთხრა.

– სვეტა, ძვირფასო, საყვარელო, არ ინერვიულო. სულ მალე ჯანო კოკიტოს მოიყვანს. გამტაცებლებზე გავედით.

– ვინ არიან? – იკითხა სვეტამ.

– ჯერჯერობით ერთი ვიცით, მაგრამ სხვებსაც მალე დავადგენთ, – თქვა კოკიმ, გააბოლა და დაამატა, – სვეტა, საყვარელო, მაპატიე, რომ ამდენი ტკივილი მოგაყენე, გიღალატე და უღირსად მოვიქეცი. ნაძირალა ვარ და ვაღიარებ ამას. მე შენ ძალიან მიყვარხარ.

– სონაა? – კბილებში გამოსცრა სვეტამ და კოპებშეკრულმა მწველი მზერა ესროლა ყოფილ ქმარს.

– კი, – მიუგო თავჩაღუნულმა კოკიმ.

– როგორ დაადგინე? – იკითხა სვეტამ.

– ამ საქმეში რომ შინაურის ხელი ერია, აშკარა იყო. „ნაკოლი“, ადგილი და ყველაფერი იდეალურად იყო გათვლილი. თანაც, იმ ადგილზე, სადაც ვიდეოთვალი არ აყენია. კლავდია პეტროვნა ხომ ყოველთვის სხვადასხვა ადგილებში ასეირნებს კოკიტოს. მოკლედ, ეჭვმიტანილები იყვნენ, ძიძა, სონა და... ყოფილ ქმარს სვეტამ დაასწრო:

– და მე, ხომ?

– ლოგიკურად – კი, – მიუგო კოკიმ სვეტას და დაამატა, – ვატოს ხომ იცნობ?

– კი, – თქვა სვეტამ.

– მას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჯაშუშური აპარატურა აქვს. მოკლედ, – ვიდეოთვალიანი მინიდრონი დავასვი კუდზე სონას, ამ ნაძირალას. დრონი მის ყველა გადაადგილებას აფიქსირებდა და იწერდა. მანქანასა და სახლში კი „მინი-ჟუკები“ დავამონტაჟებინე და ამოსუნთქვასაც კი აფიქსირებდნენ. ამ ყველაფერს კი ვატოს ხალხი აკონტროლებდა და აანალიზებდა. ერთი სიტყვით, ახლა ჯანო და მისი ბიჭები ჩაავლებენ ფუნიკულიორზე სონას, ათქმევინებენ ყველაფერს და კოკიტოსაც მოიყვანენ, – თქვა კოკიმ და დაამატა, – აი, ასეა ეს საქმე.

– ხომ არ მოკლავენ, კოკი? – შეწუხდა სვეტა.

– ღირსი კი არის, მაგრამ არა. ყველას პოლიციას ჩავაბარებთ სამხილებიანად და მაგათ ბედს კანონი გადაწყვეტს, – მიუგო სვეტას კოკიმ და პაუზის შემდეგ დააყოლა, – სვეტა, რაღაც ძალიან სერიოზული მინდა, გითხრა.

სვეტა მიხვდა, რისი თქმა უნდოდა ყოფილ ქმარს და უთხრა:

– კოკი, ჯერ კოკიტო მოგვიყვანონ და მერე ვილაპარაკოთ. ახლა ამ საქმის გარდა სხვა რამეზე ლაპარაკი არ შემიძლია.

კოკიმ უხმოდ დაუქნია თავი ყოფილ მეუღლეს. ამ დროს სასტუმრო ოთახის უზარმაზარი კარი გაიღო და ჯანომ კისერზე დასმული კოკიტო შემოიყვანა, იატაკზე ჩამოსვა და თქვა:

– აი, ჩაიბარეთ თქვენი ვაჟკაცი.

დედ-მამამ შვილის ფერებით რომ გული იჯერეს და პატარას პირდაპირ უზარმაზარ სათამაშო დათუნიაზე ჩაეძინა, კოკიმ შვილს უთხრა:

– აბა, მოგვიყევი, რა და როგორ.

– ძუკნა სონას გარდა კიდევ ორნი იყვნენ – მისი ორი საყვარელი მოდელი ბიჭი ჯოკა და „ლესბიანკა“ ნორა.

– ორივე სონას საყვარელი იყო? – თვალები გაუფართოვდა კოკის.

– კი. ორივე. ერთი საზიზღარი „შაიკა“ ყოფილა. სამივე უცხოეთში აპირებდნენ მოტეხვას, ჰოლანდიაში ცხოვრებასა და სექსოპათოლოგობას. ფული კი სონას უნდა წაეღო მთაწმინდის ტყეში და უსაფრთხოებაც მას გაეკონტროლებინა. ბავშვი კი ლესბიანკას ჰყავდა სახლში გამომწყვდეული, – თქვა ჯანომ და დაამატა, – სამივე უშიშროებას ჩავაბარეთ. ვატოც იქაა და მეც უნდა დავბრუნდე. კოკიტოს გამო გამომიშვეს და სხვათა შორის, შენც უნდა მისცე ჩვენება.

– დილამდე მოიცდიან, – ხელი ჩაიქნია კოკიმ.

– კარგი. მაშინ მე წავედი! – თქვა ჯანომ და წავიდა.

კოკი ოთახის შუაგულში გაჩერდა და ყოფილ ცოლს უხმოდ მიაჩერდა. სვეტამ კი გაუღიმა და უთხრა:

– თუ არ ვცდები, სერიოზული რამ უნდა გეთქვა, ხომ არ გადაიფიქრე?

– არა, – თქვა კოკიმ და თავი ჩაღუნა.

– თქვი, – მიუგო სვეტამ.

– შემირიგდები? – ჰკითხა კოკიმ.

– თუ არ მიღალატებ!.. – აღარ დაასრულა სვეტამ.

კოკი სვეტასთან მივიდა სევდიანად, თუმცა მტკიცედ უთხრა:

– აღარასოდეს გიღალატებ, საყვარელო!

სვეტამ კოკის თავზე დაადო ხელები და მიუგო:

– მაშინ შეგირიგდები...

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №34

25–31 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა