ორმაგი მმართველი
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 22.05, 2021 წელი

ბენო ფეხაკრეფით შევიდა ბინაში და ორიოდე წუთით შედგა. სიბნელეს რომ თვალი შეაჩვია, მიმოიხედა და საძინებლისკენ აიღო გეზი. ამ დროს კედლის საათმა მძიმედ ერთხელ ჩამოჰკრა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ღამის პირველი საათი შესრულდა. ის იყო საძინებლის კარი უნდა გაეღო, რომ ქუჩიდან ხმაური შემოესმა. ბენო ფანჯარასთან მივიდა და რამდენიმე მანქანა დაინახა, საიდანაც სწრაფად გადმოდიოდნენ პისტოლეტმომარჯვებული მამაკაცები. „ძაღლები“, – გაიფიქრა ბენომ. შემდეგ შემოსასვლელი კარისკენ წავიდა, გააღო და ძველი, მდიდრული ხუთსართულიანი სახლის მესამე სართულის დერეფანში აღმოჩნდა. ქვევიდან უკვე ისმოდა ოპერების ხმები და ბენო სხვენისკენ გაიქცა. ორი სართული თვალის დახამხამებაში აირბინა. შემდეგ სხვენს რკინის კარი „ატმიჩკით“ გააღო და შევიდა. ქვევით რომ ჩაიხედა, იქაურრობა პოლიციელებით იყო სავსე და სახლისთვის ალყა შემოერტყათ. გაქცევა თითქმის შეუძლებელი იყო. თუმცა გამოცდილმა ქურდმა რისკზე წასვლა გადაწყვიტა. მეზობელ სახლამდე მანძილი თვალით გაზომა. შემდეგ უკან დაიხია, მთელი ძალით გაიქცა, სხვენის ფანჯრიდან ისარივით გავარდა და მეზობელი სახლის მეხუთე სართულის ფართო აივანზე დაეშვა. დახტომისას მარჯვენა მხარი დაიზიანა, მაგრამ მნიშვნელოვანი ის იყო, რომ პოლიციელებმა ვერც კი შეამჩნიეს ღამის წყვდიადში „მფრინავი ბენო“. ქურდმა ცოტა სული მოითქვა. შემდგომ აივნის კარიც ჩვეული ოსტატობით გააღო და ჩაბნელებულ ოთახში დაოთხილი, ფრთხილი კატისებური ნაბიჯებით შევიდა. ოთახი, რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციას ეკუთვნოდა, ცარიელი იყო. ბენომ იქაურობასაც მშვიდობიანად დააღწია თავი და სათადარიგო გასასვლელით ვიწრო ქუჩაზე გავიდა. შემდეგ სწრაფი ნაბიჯებით გაშორდა საშიშ ზონას და ტაქსით ლიკა მონიავასკენ გაემართა. გლდანში, ყოველი შემთხვევისთვის, ბენომ ტაქსი ოროდე კვარტლის მოშორებით გააჩერებინა და გზა ფეხით განაგრძო. ადგილზე რომ მივიდა, უკვე ღამის ორი საათი სრულდებოდა. ბენო ფრთხილად შევიდა ბინაში. მძინარე ქალს დახედა და სამზარეულოსკენ გაემართა, მაგრამ ლიკას მშვიდი ხმა მოესმა:
– მოდი, არ მძინავს. მოხდა რამე?
– მომენატრე და მოვედი. რა, არ შეიძლება? – სიტყვა ბანზე აუგდო ბენომ ქალს.
ლიკამ მხრები აიჩეჩა და უთხრა:
– შეიძლება, როგორ არა. უბრალოდ, დილით გელოდებოდი. შენი ნებაა. თუ თქმა არ გინდა, ნუ იტყვი, ხომ არ გშია?
– ცოტას შევჭამ.
– ახლავე გაგიმზადებ, – თქვა ლიკამ და ასადგომად წამოიწია, შიშველი სხეული მარმარილოსავით გამოჩნდა ფანჯრიდან შემოსულ სინათლეზე. ორმოც წელს მიტანებული ქალის ჩამოქნილი ტანი ოცი წლის მოდელ გოგონასაც კი შეშურდებოდა.
– იწექი, ლიკუნა. მე – თვითონ, – ხელით შეაჩერა ბენომ. მაგრამ ლიკა საწოლიდან წამოდგა. ხალათი მოიცვა და ბენოს ჰკითხა:
– აქ მოგიტანო, თუ სამზარეულოში გაგიშალო?
– სამზარეულოში, – თქვა ბენომ და ლიკას უკან გაჰყვა.
ხუთიოდე წუთის შემდეგ სუფრა უკვე გაშლილი იყო და ბენო მადიანად შეექცეოდა ლიკას მომზადებულ ვახშამს. ქალი კი სიგარეტს აბოლებდა, თან ბენოს არ აცილებდა თვალს. ჭამა რომ დაასრულა, ბენომ ჯერ მადლობა გადაუხადა, შემდეგ სიგარეტი გააბოლა, ქალს მიმართა:
– შეიძლება, რამდენიმე დღე შენთან დავრჩე?
– რას მეკითხები?! თუ გინდა, სამუდამოდ გადმოდი აქ საცხოვრებლად, – თქვა ლიკამ.
– მარჯვენა მხარი დამეჟეჟა და ძალიან ამტკივდა. მიშველი რამეს? – უთხრა ბენომ.
– კომპრესს დაგადებ. თუ ტკივილს ვერ უძლებ, გამაყუჩებელსაც დაგალევინებ, – მშვიდად მიუგო ლიკამ და დაამატა, – აბა, მაჩვენე?
ბენომ პერანგი გაიხადა და წელსზემოთ გაშიშვლდა. ლიკამ ყურადღებით დაათვალიერა ნატკენი მხარი და ბენოს უთხრა:
– საკმაოდ ძლიერი დაჟეჟილობაა. რაღაცისთვის ძლიერად მიგირტყამს. დაწექი და დამელოდე. კომპრესს გავამზადებ და მოვალ.
– შენ კომპრესი გაამზადე. მე კი შხაპს მივიღებ და მოვალ, – თქვა ბენომ და სააბაზანოსკენ გაემართა.
თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ ლიკა ბენოს კომპრესს ადებდა მხარზე და რომ დაასრულა, უთხრა:
– ეს მალამო გამაყუჩებლიანია და თხუთმეტ წუთში თუ არ დაგიამა, მაშინ ტკივილის მოსახსნელად აბსაც მოგცემ.
– გამივლის. ეგ არაფერი. ძაღლი კოჭლობით არ მოკვდება, – თქვა ბენომ და დააყოლა, – არ გაინტერესებს, რა შემემთხვა?
– მაინტერესებს, – უთხრა ლიკამ.
– ხუთსართულიანი სახლის სხვენიდან მეზობელი სახლის მეხუთე სართულის აივანზე გადავხტი და მხარი დაშვებისას დავიზიანე.
– კიდევ კარგი, თავი არ მიარტყი.
– ჰო, გადავრჩი, – თქვა ბენომ და დაამატა, – მოკლედ, საქმეზე ვიყავი, ერთი ტიპის ბინიდან რაღაც ქაღალდები უნდა წამომეღო. როგორც ვფიქრობდი, ერთმა კონკურენტმა ფირმამ, მეორე კონკურენტ ფირმას საიდუმლოს მოპარვა დაუპირა. ბედ ხუთი ათასი „ბაქსი“ მომცეს და ერთი ამდენსაც საქმის მერე ავიღებდი. „ბაითი“ ცარიელი უნდა ყოფილიყო. ოთახების განლაგება და სეიფის ადგილი ზუსტად აღმიწერეს. მოკლედ, სეიფი საძინებელში იყო. უკვე „საჩალიჩოდ“ უნდა შევსულიყავი, რომ შემთხვევით ფანჯარაში გავიხედე და „პუშკებიანი“ ძაღლები არ „გაიჩითნენ“? ეგრევე „მოვტყდი“ იქიდან და მერე რაც მოხდა, უკვე გითხარი.
– რა იცი, იქნებ სხვას იჭერდნენ? – იკითხა ლიკამ.
ბენომ თავი გააქნია და ქალს უთხრა:
– სწორედ, მე მეძებდნენ. „ბალკონზე“ რომ ჩავხტი და ოთახში შევძვერი, იქიდან დავინახე, რომ ძაღლები იმ „ბაითში“ იყვნენ, საიდანაც მე „მოვტყდი“.
– გამოდის, რომ „დაიწვი“ და ვიღაცამ პოლიცია გამოიძახა? – თქვა ლიკამ.
– არა. ნამდვილად არ „დავმწვარვარ“, – თავი გააქნია ბენომ და დაამატა, – სუფთად შევედი. უბრალოდ, პოლიცია დამასვეს კუდზე და ჩემი აყვანა უნდოდათ, თანაც, სწორედ, იმ „ბაითში“.
– შენ ფიქრობ, რომ შემკვეთმა „გაგიჩალიჩა“? – იკითხა ლიკამ.
ბენომ თავი დაუქნია და უპასუხა:
– სწორედ რომ, მან.
– რატომ, რისთვის. შენი დაჭერის რა ინტერესი უნდა ჰქონოდა. თანაც ამხელა ფული გადაგიხადა.
– აქ პირადად ჩემზე არ უნდა იყოს საქმე. ვიღაცას რაღაცის „ატვოდი“ სჭირდება და „კაზიოლივით“ ცდილობდა ჩემს გაბმას.
– თუ სწორად მივხვდი, დანაშაულის შენზე გადაბრალებას?
ბენოს გაეცინა და ლიკას უთხრა:
– კი. სწორად მიხვდი.
– მაინც, რა დანაშაულის?
– ამას მოგვიანებით გავიგებ, – თქვა ბენომ და დაამატა, – ამიტომ, საყვარელო, ჩემი სახლში ან ძაღლებისთვის ცნობილ სხვა მისამართზე გამოჩენა არ შეიძლება. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა პოლიცია ჩემს სახლშიც მეძებს და ძმაკაცებთანაც. შენზე კი არავინ არაფერი იცის. და იქ ძებნას არ დამიწყებენ... თუ, რა თქმა უნდა, შენ არ გითქვამს ვინმესთვის ჩემ შესახებ.
– არა. მე არავისთვის მითქვამს შენზე, – მშვიდად მიუგო ლიკამ.
– ჰოდა, ძალიან კარგი. აქედან დავაკვირდები მოვლენებს. ხოლო, ცოტას შენც თუ დამეხმარები, კიდევ უკეთესი.
– რა თქმა უნდა, დაგეხმარები. რაც გინდა, დამავალე. არაფრის მეშინია, – მტკიცედ თქვა ლიკამ.
ბენომ სიყვარულით სავსე თვალებით შეხედა ქალს და უთხრა:
– სახიფათოს არაფერს გთხოვ. უბრალოდ, მაინც ყურადღებით უნდა იყო და სულ ესაა. ხვალ დილით ვაგზალზე წადი და ავტომატური შემნახველი საკნიდან ათი ათასი დოლარი წამოიღე. ბანკის „კარტებს“ არ ვენდობი, სახლშიც არაფერს ვინახავ და ისევ ძველებურად მირჩევნია „ჩალიჩი“.
– კარგი, საყვარელო. როგორც შენ მეტყვი, ისე მოვიქცევი, – უთხრა ლიკამ ბენოს და დაამატა, – მე შენ გამო ყველაფრისთვის მზად ვარ.
ბენომ უხმოდ მოხვია ხელი საყვარელ ქალს და თავისკენ მიიზიდა.
***
41 წლის ბენო კვაშალი, მეტსახელად – „ჭოტი“, მაღალი კლასის ქურდი–რეციდივისტი იყო, ოთხი პატიმრობა ჰქონდა და საერთო ჯამში, ციხეში 19 წელი გაატარა. ბენო ძირითადად რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მოღვაწეობდა და თავისი საქმიანობა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში დაიწყო. „ჭოტი“ საქართველოში თითქმის არ მჯდარა და რუსეთის არაერთი ცნობილი საპყრობილე ჰქონდა მოვლილი. თუმცა, ბოლო „სროკი“ მაინც სამშობლოში დაასრულა. მეოთხე პატიმრობის პერიოდში „ჭოტი“ მოსკოვიდან თბილისში ჩამოიყვანეს და დარჩენილი რამდენიმე თვე ჯერ კიდევ მოქმედ ორთაჭალის ციხეში გაატარა და სწორედ, იქიდან გათავისუფლდა. ბენო კვაშალს არასოდეს ჰყოლია ცოლ–შვილი. მოხუცი დედა კი მაშინ გარდაეცვალა, როდესაც ციხიდან სულ რაღაც სამი დღის გამოსული იყო. ბენომ დედა მამის გვერდით დაასაფლავა და ორმოცი დღე წესისამებრ იგლოვა. შემდეგ ჩვეულ საქმიანობას დაუბრუნდა და „ნაკოლზე“ „ჩალიჩს“ შეუდგა. რამდენიმე ბინა ჩვეული ოსტატობით „გაასუფთავა“ და დასასვენებლად ბათუმში გაემგზავრა. სწორედ, იქ გაიცნო ლიკა მონიავა. თუმცა, მათ შორის ბათუმში სერიოზული არაფერი მომხდარა. „ჭოტმა“ მხოლოდ ერთხელ დაპატიჟა ლიკა რესტორანში და ბოლოს სასტუმრომდე მიაცილა. მასთან ნომერში შესვლა არც კი უცდია და ლიკა მეორე დღეს თბილისში დაბრუნდა. სამაგიეროდ, ერთი კვირის შემდეგ დედაქალაქში დაბრუნებული ბენო „ფრანტივით“ გამოეწყო. ვარდების უზარმაზარი თაიგული მოიმარჯვა, იღლიაში ძვირფასი კონიაკი ამოიდო და ლიკას სახლში მიადგა. იმ ღამეს „ჭოტი“ ლიკასთან დარჩა... ასე დაიწყო მათი ურთიერთობა, რაც უკვე ექვსი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. 38 წლის ლიკა მონიავა ძველი ტანმოვარჯიშე იყო. მას სამედიცინო ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული, პროფესიით ტრავმატოლოგი იყო და ერთ-ერთ კერძო კლინიკაში ექიმ-კონსულტანტად მუშაობდა. ლიკა ადრე გათხოვილი იყო და ხუთწლიანი უშვილობის მერე დაფეხმძიმდა, უკვე მეოთხე თვეზე იყო, როდესაც მეუღლე საავტომობილო ავარიაში დაეღუპა და ნერვიულობის ნიადაგზე მუცელი მოეშალა. მაშინ ლიკა 28 წლის იყო და მეუღლის მშობლებთან ცხოვრობდა. თუმცა, ერთი წლის მერე მათი სახლიდან წამოვიდა. ვაკეში მშობლების მიერ დანატოვარი ბინა გაყიდა და გლდანში შეიძინა ბინა. პატარა „ჯიპი“ იყიდა, ცოტა ხელზეც დაიტოვა, დანარჩენი თანხა კი ბანკში შეიტანა და ფაქტობრივად, გარე სამყაროს მოსწყდა. ეს ტანმშვენიერი და პირმშვენიერი გოგონა ისე დათრგუნა საყვარელი მეუღლის დაღუპვამ და ნაყოფის დაკარგვამ, რომ არც არაფერი ახარებდა და არც არავის ნახვა უნდოდა. ერთი პერიოდი თავის მოკვლაც კი გადაწყვიტა, მაგრამ საკუთარ თავს სძლია და ამ განზრახვაზე ხელი აიღო. ასეთ ყოფაში იყო 6 წლის განმავლობაში. შემდეგ ნელ-ნელა სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდა და მუშაობა დაიწყო. თუმცა, ძველ ნაცნობ-მეგობრებს ისევ გაურბოდა, რადგან ისინი წარსულს ახსენებდნენ. წარსული კი მას უდიდეს ტკივილს აყენებდა. ლიკა, არც ახლადგაცნობილებს წყალობდა და მიუხედავად იმისა, რომ სამსახურში თანამშრომლებთან კორექტული ურთიერთობები ჰქონდა, საკუთარ სულში არავის ახედებდა. ზღვა „პაკლონიკებს“ კი ზედაც არ უყურებდა და საერთოდ, კაცის გაგონებაც არ უნდოდა. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ბენო კვაშალს არ შეხვდა. ლიკას პატარა, გამოუცდელი გოგოსავით თავბრუ დაახვია „ჭოტის“ ნატურამ და ათწლიანი პაუზის შემდეგ, ქალმა კვლავ შეიგრძნო მამაკაცის გემო. ბენოს არაფერი დაუმალავს ლიკასთვის და თავის ცხოვრებაზე დაწვრილებით მოუყვა. ასეთივე გულწრფელობით უპასუხა ქალმა საყვარელ მამაკაცს და ისინი იდეალურად შეეწყვნენ ერთმანეთს. ლიკა არასოდეს უკითხავდა „ჭოტს“ მორალს და არც ზედმეტ კითხვებს უსვამდა. ასე იქცეოდა ბენოც და მათ ცხოვრებასა და ურთიერთობებში თითქმის სრული ჰარმონია სუფევდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან