რომანი და დეტექტივი

ორმაგი კუბო

№32

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 22.08, 2021 წელი

ორმაგი კუბო
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #31(1075)

(იბეჭდება შემოკლებით)

ჰასტინგსი ერთ საღამოს აღელვებული მოვარდა.

– ხელში ჩაგვივარდა, ხელში ჩაგვივარდა. ამჯერად ცოლი მობრძანდა და ზუსტად ისეთივე ყელსაბამი მოიტანა, როგორიც პირველად. მაღალი, ფერმკრთალი ქალია... გავყევი. კენინგტონ-როუდზე შეუხვია, კუდში მივდევდი. უცებ მეკუბოვის დუქანში შევიდა...

ჰოლმსი შეკრთა.

– შევყევი. ლედი დახლთან მდგარ ქალს ელაპარაკებოდა, ჩემს ყურს მოსწვდა მისი სიტყვები: „რა დიდხანს აყოვნებთ!“ იმანაც თავი იმართლა: „ყველაფერი სათანადო მისამართზე მოვა. ჩვენ ხომ საგანგებო შეკვეთით მოგვიხდა დამზადება, ამან ოსტატები შეაფერხა“... ამ დროს მე დამინახეს და გაჩუმდნენ.

– ქალიც გამოვიდა, მაგრამ ვერ დამინახა, მეზობელ სადარბაზოში დავიმალე. ალბათ, ეჭვი აიღო, რადგან სულ აქეთ-იქით იყურებოდა. დავედევნე. ბრიკსტონზე ამოვყავით თავი. სადაც შევიდა. შემიძლია, მისამართი გითხრათ: პოულტნი-სკვერი, სახლი 36.

ფარდა დაშვებული იყო და ვერაფერი გავარჩიე. ვიდექი და ვფიქრობდი, უცებ აივანთან დახურული ფურგონი გაჩერდა. ორი მამაკაცი ქვაფენილზე გადმოხტა, რაღაც გადმოათრიეს ფურგონიდან და აივანზე აიტანეს... მისტერ ჰოლმს, ეს კუბო იყო.

– ეჭვმიტანილის დასაპატიმრებლად ორდერი გასცენ! წვრილმანებს, ალბათ, ლესტრეიდი გაარკვევს. აბა, სწრაფად პოულტნი-სკვერისაკენ! ჩვენ ერთი გამოსავალი გვაქვს: ჯიქურ შევიჭრათ სახლში. თქვენ შეიარაღებული ხართ?

შავი, დიდი სახლის კართან ზარის თოკი ჩამოქაჩა. კარი მაშინვე გაიღო. ნახევრად ბნელი ჰოლის კართან, ზღურბლზე, მაღალი ქალი იდგა.

– რა გნებავთ? – იკითხა ცივად, თან ცდილობდა, ბნელში კარგად შევეთვალიერებინეთ.

– დოქტორ შლეზინგერს მინდა დაველაპარაკო, – მიუგო ჰოლმსმა.

ქალს უნდოდა კარი მოეხურა, მაგრამ ჰოლმსმა კარს ფეხი დაუხვედრა.

– რა გაეწყობა, შემოდით, ჩემი ქმარი მშიშარა არ არის.

მან სადარბაზო კარი ჩაკეტა, სასტუმრო ოთახში შეგვიძღვა და შუქი აანთო. მისტერ პიტერსი ახლავე აქ გაჩნდებაო, გვითხრა და ოთახიდან გავიდა.

ნახევარი წუთის ლოდინიც არ დაგვჭირვებია, რომ კარი გაიღო და სასტუმროში მსუბუქი ნაბიჯით შემოვიდა სუფთად გაპარსული, მაღალი, მელოტი კაცი.

– აქ უთუოდ რაღაც შეცდომაა, ბატონებო, – ძალდაუტანებლად მოგვმართა, სიტუაციის შემსუბუქება რომ სურთ ხოლმე, ისეთი ტონით, – ჩანს, მისამართი შეგეშალათ.

– ჩვენ არა გვაქვს ზედმეტი დრო, ადელაიდელო მისტერ ჰენრი პიტერს, წარსულში დოქტორო შლეზინგერო, ბადენიდან და სამხრეთ აფრიკიდან. თქვენი პერსონა ამოცნობილია და ეს ისე უეჭველია, როგორც ის, რომ ჩემი სახელია შერლოკ ჰოლმსი. რა უყავით ლედი ფრენსის კარფექსს, რომელიც ბადენიდან ჩამოიყვანეთ.

– ლედი ფრენსისი მე და ჩემს ცოლს ბადენში აგვეკიდა. იქ მართლაც სხვა სახელით ვცხოვრობდი. ლონდონამდე არ ჩამოგვცილდა. მე გავასწორე მისი ანგარიში სასტუმროში, გადავიხადე, აგრეთვე; ბილეთის საფასური. ლონდონში კი სადღაც გაუჩინარდა, და ვალში, როგორც მოგახსენეთ, რაღაც ძველმოდური სამკაულები დაგვიტოვა.

– მანამდე განვაგრძობ მის ძებნას ამ სახლში, სანამ არ ვიპოვი, – ჰოლმსმა ჯიბიდან პისტოლეტს ამოაყოფინა თავი და პიტერსს უჩვენა.

პიტერსმა შემოსასვლელის კარი გააღო.

– ენი, პოლიციაში გაიქეცი!

– პიტერს, თუ ჩვენს ხელის შეშლას განიზრახავთ, უარესი იქნება. სადაა კუბო, რომელიც დღეს მოგიტანეს?

– რად გინდათ კუბო? მასში მიცვალებული ასვენია.

– უნდა ვნახო!

– არასოდეს! ნებას არ მოგცემთ!

– თქვენი ნებართვის გარეშეც იოლად გავალთ, – ჰოლმსმა ელვის სისწრაფით უბიძგა პიტერსს, გვერდზე მიაგდო და ჰოლში შევიდა. სასადილოში, მაგიდაზე კუბო იდგა. ჰოლმსმა გაზის სანათის შუქს აუწია და კუბოს სახურავი ახადა. კუბოს სიღრმეში საცოდავი და დამჭკნარი არსება ესვენა. ბებრულ, დანაოჭებულ სახეს გაზის კაშკაშა შუქი მოხვდა. ვერც სნეულება და ვერც ყოვლად მხეცური წამება ასე მოკლე დროში მიხრწნილ გვამად ვერ აქცევდა აყვავების ასაკში მყოფ ლამაზ ქალს.

– ეს ის არ არის!

– დიახ, ეს ქალი ჩემი ცოლის მოხუცი ძიძაა, სახელად როუზ სპენდერია. გაგიკვირდებათ, და გარდაიცვალა. მოწმობაში წერია „ბებრული მარაზმით“, მაგრამ ეს ექიმის აზრია, დაკრძალვა ხვალ, რვა საათზე გვაქვს დანიშნული. რამე საჩოთიროდ ხომ არ გეჩვენებათ, მისტერ ჰოლმს? მხედრულად რომ შემოიჭერით აქ და კუბოში მისის ფრენსისის ნაცვლად ოთხმოცდაათი წლის ბებერი დაგხვდათ.

ჰოლმსი ჩვეული სიმშვიდით იდგა. ალბათ, ფიქრობდა, დაცინვას კაცი არ მოუკლავსო, მხოლოდ ხელებს მუშტავდა და ამით ვხვდებოდი, რომ ღელავდა.

– მე განვაგრძობ ჩხრეკას.

– ამასაც ვნახავთ! – შესძახა პიტერსმა. ამ დროს შემოსასვლელში ქალის ხმა გაისმა, რომელსაც მძიმე ნაბიჯების ხმაც მოჰყვა: – აქეთ, ბატონებო, ეს ორი კაცი ძალით შემოიჭრა ჩვენს სახლში და ვერაფრით მოვიშორეთ თავიდან. გთხოვთ, დამეხმაროთ!

ზემდეგი და კონსტებლი კართან დადგნენ. ჰოლმსმა საფულიდან სადარბაზო ბარათი ამოიღო და გაუწოდა.

– როგორ გეკადრებათ, სერ, რად გვინდა თქვენი სადარბაზო ბარათი! ბრიყვები როდი ვართ, არ გიცნობდეთ! – თქვა ზემდეგმა.

– ქალია დაკარგული, ზემდეგო, და გვაქვს ეჭვი, რომ ამ სახლში ჰყავთ დამალული, წუთი წუთზე ველი ორდერს.

– მაშინ აქაურობას თვალს არ მოვაცილებ, მისტერ ჰოლმს და თუ რამე შევნიშნე, მაშინვე გაცნობებთ.

საღამოს ცხრა საათი იყო და მე და ჰოლმსი, დრო რომ არ დაგვეკარგა, დაუყოვნებლივ გავუდექით გზას.

ექიმ ჰორსს მივაკითხეთ. მან გვითხრა, რომ წინადღით გამოიძახეს ავადმყოფთან, რომელიც, მისი აზრით, სიბერის მიხრწნილობით კვდებოდა. სწორედ, ჩემ თვალწინ განუტევა სული, მოწმობა ყველა წესისა და რიგის დაცვით შევადგინე და ხელიც მოვაწერეო.

– როდისაა დაკრძალვა? რვაზე, არა? ახლა რვის ოცი წუთია, – ლაპარაკობდა ნაწყვეტ-ნაწყვეტად, – ჩქარა, უოტსონ, ჩქარა! ახლა წყდება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. სიცოცხლის გადარჩენის შანსი ერთია, სიკვდილისა კი – ასი.

კებმენმა გაოფლილი ცხენები შეაჩერა აივანთან, რომელთანაც ჯერ კიდევ იდგა კატაფალკა, კარში კი სამ მუშას კუბო გამოჰქონდა. ჰოლმსი წინ გაიჭრა და მათ გზა გადაუღობა.

– შეჩერდით! – დაიყვირა და კუბოს პირველსავე მზიდავს მკერდზე ხელი მიაბჯინა, – დაუყოვნებლივ წაიღეთ უკან!

– სადაა ორდერი, ახლავე მიჩვენეთ! – დაიღრიალა ჰოლიდან ჭარხალივით გაწითლებულმა პიტერსმა.

– ორდერი იქნება. კუბო კი სახლში დარჩება, სანამ მოიტანენ.

ჰოლმსის მბრძანებლულმა ხმამ ტვირთმზიდავებზე ზეგავლენა მოახდინა. პიტერსი შეუმჩნევლად გაქრა რომელიღაც კარში. კუბო კი უკანვე შეიტანეს.

– მალე, მალე, უოტსონ, აგერ სახრახნისი! – წყვეტილი ხმით ბრძანებდა ჰოლმსი და მაგიდაზე დადგმულ კუბოს გარშემო უტრიალებდა, – თქვენც აიღეთ სახრახნისი. თუ ერთ წუთში სახურავს ახდით, სოვერენს მიიღებთ, მეგობრებო. არავითარი კითხვები! ჩქარა, ჩქარა! ასე, კარგია! ერთი ხრახნიც!... უკანასკნელი. ყველამ ერთად ავქაჩოთ, აჰა, სახურავი ეხდება, უფ! როგორც იქნა!

ხუთმა ავხადეთ კუბოს სახურავი და ქლოროფორმის მწვავე სუნმა ლამის მაშინვე გაგვაბრუა. განსვენებულის თავი ნარკოტიკებით გაჟღენთილი ბამბის სქელი ფენით იყო შეხვეული. ჰოლმსმა მოაშორა იგი და ჩვენ დავინახეთ ორმოციოდე წლის მშვენიერი ქალის სახე.

ეთერს ვუშხაპუნებდით, ხელოვნურ სუნთქვას ვუტარებდით, ვაკეთებდით ყველაფერს, რასაც ასეთ შემთხვევაში ავადმყოფს მედიცინა უნიშნავს ხოლმე. ბოლოს ქალის ქუთუთოები ოდნავ შეირხა, ტუჩებთან მიტანილი სარკე დაიორთქლა – მას სიცოცხლე უბრუნდებოდა!

გამოჩნდა ლესტრეიდი ორდერით. დამნაშავეები დააკავეს.

– უოტსონ, რაც მალე წაიყვანთ აქედან ლედი ფრენსისს, მით უკეთესი იქნება. დაკრძალვის ცერემონია კი გაგრძელდეს, ოღონდ ახლა ეს საწყალი დედაბერი, კუბოში რომ დარჩა, თავის უკანასკნელ გზაზე მარტოკა წავა.

– სრულიად შესაძლებელია, ასეთი რამ ყველაზე ფხიზელ გონებასაც კი დაემართოს, – დაიწყო მოყოლა ჰოლმსმა, – მთელი ღამე არ მასვენებდა აზრი, რომ იყო რაღაც დეტალი, რომელსაც სათანადო ყურადღება ვერ მივაქციე. უეცრად მომაგონდა მეკუბოვის ცოლის სიტყვები. „დამზადება მოგვიხდა განსაკუთრებული შეკვეთით და ოსტატებსაც იმიტომ შეაგვიანდათ“. ისინი კუბოზე ლაპარაკობდნენ. კუბოს ამზადებდნენ განსაკუთრებული შეკვეთით. თქმა არ უნდა, მისი ზომებიც განსაკუთრებული იქნებოდა. მაგრამ რისთვის? თითქოს ხელახლა დავინახე უჩვეულოდ მაღალი კუბო, რომლის ფსკერზეც საცოდავი, მილეული დედაბერი ესვენა. რატომ შეუკვეთეს ასეთი პატარა ადამიანისთვის ამხელა კუბო? რომ შიგ კიდევ ერთი გვამისთვის დარჩენილიყო ადგილი! ორივეს ერთი მოწმობით დამარხავდნენ. დილის რვა საათზე ლედი ფრენსისს კუბოში ჩაასვენებდნენ და კატაფალკაზე დადებდნენ. ვარაუდი, რომ ქალი ჯერ კიდევ ცოცხალი იქნებოდა, სიგიჟე იყო, მაგრამ შანსი მაინც არსებობდა. რამდენადაც ვიცი, იმ ადამიანებს მკვლელობა არასოდეს ჩაუდენიათ. ისე მოიწადინებდნენ ქალის დამარხვას, რომ არ დაეტოვებინათ კვალი, რითაც შესაძლებელი გახდებოდა ლედი ფრენსისის ძალადობით მკვლელობის დადგენა, თუნდაც შემდეგ გვამი საფლავიდან ამოეღოთ.

კარგად მოფიქრებული გეგმაა, ვერაფერს იტყვი! არაფერი მსგავსი დანაშაულობათა ანალებში მე არ შემხვედრია.

თარგმნა

ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი