რომანი და დეტექტივი

ორმაგი აფერა

№48

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 07.12

რომანი
დაკოპირებულია

დენისმა მაგიდაზე გაშლილი ლარები, დოლარები და ევროები დაახარისხა და ცელოფნის პაკეტში ჩაალაგა. შემდეგ მას რეზინა გადაუჭირა და კუთხისკენ გააცურა. მაგიდაზე დახვავებული რკინის მონეტებიც დათვალა. ტყავის ტომსიკაში მოათავსა. თავი მოუკრა და ცელოფნის პაკეტთან დადო. შემდეგ მეორე ოთახში გავიდა და სავარძელში მჯდომ ახალგაზრდა კაცს მხარზე ხელი შეახო. ახალგაზრდა უმალ წამოხტა. დენისისკენ შეტრიალდა. თავი დაუკრა მას და თვალებში მიაჩერდა. დენისმა, ახალგაზრდას ყრუ-მუნჯის ჟესტებით უთხრა:

– დღევანდელმა შემოწირულობამ 200 დოლარი, 120 ევრო, 100 ლარი ქაღალდის ფულებითა და 200 ლარი რკინებით შეადგინა. ლარები და ევროები გადაადოლარე, 200 დოლარს დაუმატე და ფონდში შეიტანე. ჩეკები არ დაგავიწყდეს.

ახალგაზრდამ ჟესტებითვე უპასუხა:

– გასაგებია, წმიდაო მამა დენის, – შემდეგ ცელოფნის პაკეტი და ტყავის ტომსიკა მცირე ზომის სპორტულ ჩანთაში ჩააწყო და ბინიდან გავიდა. როგორც კი ორმაგი ფოლადით შეკრული კარი გაიღო, რომელსაც ასევე ხმაგაუმტარი ბადეები ჰქონდა დატანებული და ოთახში ჰაუბიცის გასროლის ხმაც კი არ ატანდა, ბინას კიბალჩიჩის მრევლის გალობის ხმები მოედო – მეხუთე სართულიდან პირველამდე კიბეებზე ორ მწკრივად მდგომი ადამიანები მღეროდნენ.

კიბალჩიჩის მრევლის ეს საგალობელი პერმანენტულ ხასიათს ატარებდა და წამითაც არ წყდებოდა. მის თაყვანისმცემლებს სპეციალური გრაფიკი ჰქონდათ შემუშავებული, რომელიც დიდი სიზუსტით სრულდებოდა და თითოეულ მგალობელს ყოველ 20 წუთში ახალი ცვლიდა. მრევლი მხოლოდ მაშინ დუმდებოდა, როდესაც თავად კიბალჩიჩი გამოვიდოდა ხოლმე გარეთ და მგალობლებს ხელის აწევით ადუმებდა. ასეთ დროს სამარისებული სიჩუმე ისადგურებდა სადარბაზოში და ყველა მოძღვრის სიტყვას ელოდებოდა. ამ დროს კი კორპუსის ეზოში მდგომნი, მასობრივად, მაგრამ ძალიან ორგანიზებულად შედიოდნენ შენობაში და პირველიდან მეხუთე სართულამდე ყველა საფეხურს ავსებდნენ, რათა მოძღვრის ერთი სიტყვაც არ გამოჰპარვოდათ. კიბალჩიჩი ათწუთიან ლოცვას იტყოდა, მრევლს დალოცავდა და ბინაში ბრუნდებოდა. მგალობლები კი სიმღერას აგრძელებდნენ და დანარჩენები ისევე ორგანიზებულად ბრუნდებოდნენ კორპუსის ეზოში, როგორც შენობაში შედიოდნენ. კიბალჩიჩის საათივით ჰქონდა აწყობილი საქმე და ეს არა მხოლოდ მოქმედებებში იყო გამოხატული. მთავარი იყო ის სულიერი ასპექტები, რომლის წყალობითაც მას ამდენი ადამიანი ჰყავდა „დაბოლებული“. ეს ადამიანები თავიანთი მოძღვრის ნებისმიერი ბრძანების შესასრულებლად იყვნენ მზად. „წმიდა დენისს“ რომ მათთვის ეთქვა – იერიშით აიღეთ ესა თუ ის შენობაო, ეს ადამიანები თვალის დაუხამხამებლად შეასრულებდნენ ამ მოწოდებას, რადგან იცოდნენ, რომ მათი მფარველი და წინამძღოლი ცოცხალი წმიდანი იყო და არაფერი დაუშავდებოდათ. კიბალჩიჩი კი, რა თქმა უნდა, არასოდეს მოუწოდებდა ამ ხალხს ძალადობისკენ. დენისს მხოლოდ ფული სჭირდებოდა, ბევრი ფული და საკმაოდ ოსტატურადაც „წველიდა“ მათ. კიბალჩიჩს ფულის შოვნის არაერთი ხერხი ჰქონდა შემუშავებული და ყველა ქმედითი იყო. ფულის „ახევის“ ეს მეთოდები „შემოწირულობის“ სახელით იყო შეფუთული. „შემოწირულობა“ კი „მოძღვარს“ სოფლის ასაშენებლად სჭირდებოდა, სადაც მისი მრევლი მასთან ერთად იცხოვრებდა და მთელ ხანგრძლივ სიცოცხლეს სიამტკბილობაში გაატარებდნენ. სინამდვილეში კი, დენის კიბალჩიჩი სოლიდური თანხის შეგროვებას აპირებდა, რომ შემდგომ საზღვარგარეთ გამგზავრებულიყო და თავის გემოზე ეცხოვრა. შემოწირულობები, ეგრეთ წოდებულ, ფონდში მიდიოდა. „ფონდის“ ანგარიში კი ნუგზარ ბიბილურის სახელზე იყო გახსნილი. დენის კიბალჩიჩს ყველა ბანკის ვალი ჰქონდა და იქ რომ ფული მისი სახელით შესულიყო, უმალვე ჩამოაჭრიდნენ. 30 წლის ბიბილური კი სწორედ ის ახალგაზრდა იყო, ვისაც „მოძღვარი“ ყრუ-მუნჯთა ენით ელაპარაკებოდა.

ნუგზარი დაბადებიდან ყრუ-მუნჯი არ ყოფილა, ეს უბედურება ჩვიდმეტი წლისას დაემართა. იმ ზაფხულს, ნუგზარი სოფელში ისვენებდა. ერთ საღამოს მეზობელი სოფლიდან სახლში ბრუნდებოდა. გზად პატარა ტყე უნდა გაევლო. უკვე შებინდებული იყო. ნუგზარმა ნაბიჯს უმატა და სიჩქარეში გზააბნეულ ხბოს დაეჯახა, რომელიც აქეთ-იქით აწყდებოდა. ნუგზარი წაიქცა, შეშინებულმა ხბომ კი დაიბღავლა, წაქცეულ ბიჭს გადაურბინა და ჭალაში გაიჭრა. ნუგზარმა გონება დაკარგა, ენა ჩაუვარდა, სმენა წაერთვა. უგონო ბიჭი ხბოს პატრონმა აღმოაჩინა ტყის პირას და სახლში მიიყვანა. თუმცა, ის ისე იყო შეშინებული, რომ იმ დღიდან სიტყვაც არ დაუძრავს, არც არაფერი ესმოდა და ჩვეულებრივი ყრუ-მუნჯი გახდა. ეს ისტორია დენის კიბალჩიჩს თალიკომ, ნუგზარის დამ მოუყვა. მანვე მიიყვანა ნუგზარი დენისთან. კიბალჩიჩს ახალი დაწყებული ჰქონდა თავისი საქმიანობა და ჯერ კიდევ ქულებს აგროვებდა, თუმცა, მკურნალის სახელი უკვე გავარდნილი ჰქონდა. თალიკომ თავშალი შემოიხვია და თვალებაცრემლებულმა მიაჭირა ზარის ღილაკს თითი. დენისმა კარი გააღო და როდესაც აცრემლებული გოგონა და ლამაზი ახალგაზრდა ვაჟი დაინახა, ზღურბლთან მდგომებს უთხრა:

– რა გაგჭირვებიათ, ღვთის შვილნო?

თალიკომ თავი ვერ შეიკავა, თავჩაღუნული ნუგზარი გულში ჩაიკრა და აქვითინდა. კიბალჩიჩი მათთან გავიდა. ქალ-ვაჟს მხარზე მოჰხვია ხელები. ბინაში შეიყვანა, სავარძლებზე მიუთითა, დასხედითო და მოთმინებით ელოდა, სანამ გოგონა დამშვიდდებოდა. თალიკომ თავს სძლია. ტირილი შეწყვიტა. თვალები ცხვირსახოცით შეიმშრალა და კიბალჩიჩს უთხრა:

– მაპატიეთ, მოძღვარო, ჩემი საქციელისთვის, მაგრამ ძმის უბედურებამ ისე დამთრგუნა, რომ ემოციების შეკავება მიჭირს.

– გისმენ, შვილო, ისეთი რა გჭირთ, რომ ვერ დაგეხმაროთ?

ალიკომ კიბალჩიჩს ნუგზარის ისტორია მოუყვა და ბოლოს უთხრა:

– სად და ვისთან არ მყავდა ეს ჩემი უბედური ძმა, ბინაც კი გაყიდეთ მის სამკურნალოდ და ახლა ნაქირავებში ვცხოვრობთ, მაგრამ არაფერი ეშველა. ექიმები იმედს მაძლევდნენ, განიკურნებაო. თუმცა, როგორც გვიან მივხვდი, მათ მხოლოდ ფული აინტერესებდათ და მეტი არაფერი. ბოლოს, თქვენი სასწაულმოქმედების ამბავი შევიტყვე და მოვედით, რომ გვიშველოთ.

კიბალჩიჩმა სათნო ბრძენის სახით უთხრა თალიკოს:

– გიშველით კიდეც. თუმცა, ეს არც თუ ისე იოლია და დრო სჭირდება.

– მოძღვარო, თქვენი ჭირიმე, ოღონდ ნუგზარი განკურნეთ და სიცოცხლის ბოლომდე თქვენი ერთგული მსახურები ვიქნებით.

კიბალჩიჩს სწორედ ასეთი პირადი მსახური სჭირდებოდა, რომელიც ვერც ვერაფერს გაიგონებდა, ვერც ვერაფერს იტყოდა და თავის, ჯერ კიდევ, მცირერიცხოვან მრევლში ეძებდა ასეთ ადამიანს. მას რამდენიმე კანდიდატურა შერჩეულიც ჰყავდა, მაგრამ ნუგზარის სასარგებლოდ ყველა უარყო და გოგონას უთხრა:

– შენს ძმას მე ვიბარებ ამ წუთიდან, უფლის ნებით და მშვიდად იყავი. შენს საქმეს მიხედე და როდესაც სურვილი და შესაძლებლობა გექნება, შემოგვიარე. ახლა კი შეგიძლია, წახვიდე და არაფერზე იდარდო.

– მოძღვარო, საზვარგარეთ ერთი წლით სამუშაოდ წასვლას მთავაზობენ, მაგრამ ნუგზარის გამო უარი ვთქვი. ახლა კი, თუ ამის ნებას დამრთავთ, გავემგზავრები და რასაც ვიშოვი, იმის დიდ ნაწილს შესაწირად გამოგიგზავნით, თუ, რა თქმა უნდა, თქვენი კურთხევა იქნება, – თქვა თალიკომ.

– კურთხევას გაძლევ, შვილო. შეგიძლია, გაემგზავრო. ხოლო თუკი რამეს გამოგზავნი, ჩვენი სოფლის ასაშენებელ ფონდში ჩაიდება – უთხრა დენისმა გოგონას.

თალიკო სავარძელში მჯდომ თავჩაღუნულ ნუგზარს ჩაეხუტა და თავზე ეამბორა. შემდეგ დენისის წინ დაიჩოქა. გამოწვდილ ხელზე ეამბორა და დენის კიბალჩიჩის ბინა წელში მოხრილმა, უკუსვლით, დატოვა.

***

დენის კიბალჩიჩი, ასაკის მიუხედავად, ჯერ კიდევ ძალიან ჯანმრთელი კაცი იყო და იმედი ჰქონდა, რომ მინიმუმ, 70 წლამდე შეინარჩუნებდა ამ ფორმას. იმავდროულად, ახალგამომცხვარ მოძღვარ მკურნალს კანონთან არანაირი წინააღმდეგობა არ ჰქონდა. ის არც სისხლის სამართლის კოდექსს არღვევდა, რომ რამეში შედავებოდნენ და მართალია, მისი მრევლი დენისის მეზობლებს გაუთავებელი გალობებით აწუხებდნენ, მაგრამ ადმინისტრაციული ორგანოები ამ ფაქტს არ აფიქსირებდნენ. კიბალჩიჩს ისე ჰქონდა რეიტინგი აწეული, რომ „ღვთის სახელით მოლაპარაკე“ ადამიანს ერიდებოდნენ. ერთი სიტყვით, დენისის გეგმა წარმატებით ხორციელდებოდა და ორწლიანი მოღვაწეობის მერე კიბალჩიჩი უკვე „მოსატყდომად“ ემზადებოდა. მისი „ფონდის“ ანგარიში უკვე 850 ათას დოლარს შეადგენდა.

***

ოთახში შესულ მეუღლეს თამო ღიმილით შეეგება, ჩაეხუტა და ჰკითხა:

– როგორაა საქმეები, ნოდიკო. საბუთები მზადაა?

– ყველაფერი რიგზეა. ვიზები და პასპორტები ერთ კვირაში იქნება, – მიუგო ცოლს ნოდარმა.

– ფულის ამბავი როგორაა?

– დროულად მოესწრება ყველაფერი. ნუ დარდობ, საყვარელო. მერწმუნე, რომ ათი დღის შემდეგ ზღაპრულ სამყაროში ვიქნებით.

თამომ ხელი მუცელზე გადაისვა და საყვარელ მეუღლეს ახარა:

– ფეხმძიმედ ვარ, საყვარელო, პატარა გვეყოლება!

საყვარელი მეუღლის ამ სიტყვებმა მრავალტანჯვაგამოვლილ ნოდარს წამში დაავიწყა ყველაფერი ცუდი, მეუღლეს მიუახლოვდა და სახე დაუკოცნა. შემდეგ ძალიან ნაზად მიეფერა მუცელზე, კიდევ უფრო ნაზად კი თავის მომავალ პირმშოს ეამბორა. ბოლოს წამოდგა და სანამ ნაქირავებ ბინას დატოვებდა, ცოლს უთხრა:

– ერთ კვირაში მივფრინავთ. თავს გაუფრთხილდი და მოემზადე!

***

ზუსტად ერთი კვირის შემდეგ თამო და ნოდიკო თბილისის აეროპორტში სტამბოლის რეისზე ჩასასხდომად ემზადებოდნენ. ცოლ-ქმარს ბარგი არ ჰქონდათ და მთელ მათ ავლადიდებას თამოს ხელჩანთა წარმოადგენდა, რომელშიც ორი საბანკო ბარათი იდო. ნოდარს კი ხელში ერთბარათიანი მობილური ტელეფონი ეჭირა.

დიქტორმა სტამბოლის რეისზე ჩასხდომა გამოაცხადა. თამომ ჩანთიდან ორი ავიაბილეთი ამოიღო, რომლებზეც ინგლისურად ეწერა – თბილისი–სტამბოლი–რიო-დე-ჟანეირო.

– წევედით, ნოდიკო, გვეძახიან! – მხიარულად თქვა თამომ და წამოდგა.

– მიდი და ახლავე მოვალ, – მიუგო ნოდარმა და შველივით მიმავალ ცოლს ალერსიანი მზერა გააყოლა. შემდეგ მობილურზე ტელეფონის ნომერი აკრიფა და დაელოდა.

– გისმენთ, – მოესმა ნოდარს ნაცნობი ხმა.

ნოდარმა პაუზა გააკეთა და მოულოდნელად ამღერდა:

– „ფულებო, ფულებო, ჩემო ფულებო...“

– რომელი ხარ, კაცო? – მოესმა ნოდარს ნაცნობი, თუმცა გაბზარული ხმა.

– მოკლედ ასე, – თქვა ნოდარმა და დაამატა, – მილიონი მოვხსენი და მარტო ათასი დაგიტოვე. ვფიქრობ, გეყოფა ეს ფული. მშვიდობით! მე წავედი...

ყოფილმა ნუგზარმა ტელეფონი გათიშა. სანაგვე ყუთში ჩააგდო და თამოსკენ გაემართა, რომელიც სიყვარულით აღსავსე მზერით ელოდა მეუღლეს.

დენის კიბალჩიჩმა კი მძიმე კარი გააღო, რომ ბინაში ჰაერი შესულიყო და ზღურბლზე ჩაფიქრებული ჩამოჯდა. კიბეებზე ჩამწკრივებული ადამიანები კი მღეროდნენ „მკურნალი მოძღვრის“ საგალობელს, რომელსაც „ფონდის“ ანგარიშზე სულ რაღაც ათასი დოლარი ჰქონდა დარჩენილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა