რომანი და დეტექტივი

ორი ცოლი

№26

ავტორი: ნია დვალი 20:00 11.07

ორი ცოლი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“#25 (1278)

– აი, სკოლაში რომ დასდევდა უკან, ის გოგო, – მარის უჭირდა ამის თქმა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, ის მოწვევა აჩვენა ადმინისტრატორს, მე რომ მოგეცი. მოკლედ, მე მივედი ჩვენს ექიმთან, რომ მოეყოლა, რა მოხდა მის კაბინეტში. წინააღმდეგობას მიწევდა, მაგრამ ბოლოს გატყდა. დავემუქრე, რომ პაციენტებს აღარ გავუგზავნიდი და აი, რა მომიყვა, ოღონდ დამპირდი, რომ არ ინერვიულებ.

– გპირდები, – ირინას ფერი დაეკარგა, მაგრამ ცდილობდა, ხმა მხნე ჰქონოდა.

– არა, მოვალ და მოგიყვები. ტელეფონით არ ივარგებს. დამელოდე. 15 წუთში შენთან ვარ.

ირინას ის 15 წუთი საუკუნედ მოეჩვენა. თავში ათასგვარი ეჭვი უტრიალებდა. როგორც იქნა, მარიც მოვიდა. ირინა გაფითრებული დახვდა.

– მომიყევი.

– შენ მე დამპირდი, რომ არ ინერვიულებდი. მოდი, დავსხდეთ, – უთხრა მარიმ მასპინძელს. ირინას ორივე ხელი ჩასჭიდა, თვალებში ჩახედა და მოყოლა დაიწყო, – შენმა ქმარმა უთხრა, რომ კოპაძე მისი ცოლია და მოიყვანა კვლევაზე, იმიტომ რომ მეორე ბავშვიც უნდა, ერთი უკვე ჰყოლიათ, მაგრამ ვერაფრით ფეხმძიმდება, თუმცა ადრე პრობლემები არ ჰქონდა. სოსოს გამოკვლევის საბუთიც მოიტანეს, ისიც ჯანმრთელია.

– ვერ მივხვდი, რა ცოლი?! – ირინა ვერ იაზრებდა გაგონილს, – რა კოპაძე, რის ბავშვი?! მარი რას ყვები?! მე ვარ მისი ცოლი.

– კარგი, შენ ცოლი ხარ, კოპაძე კი – საყვარელი, – მარის ძალიან სტკიოდა გული, რომ ამის თქმა უწევდა: რას იზამ?!

– არ ვიცი, – ამოილუღლუღა ირინამ.

***

ამ დროს იმავე ქალაქის მეორე ბოლოში, ნაქირავებ ბინაში წყვილი ჩხუბობდა და ჭურჭლის ლეწვის ხმა ისმოდა.

– მე და შენ ხომ შევთანხმდით, რომ ორი შვილი გვეყოლებოდა? – ყვიროდა ქალი და თეფშებს მიყოლებით ამსხვრევდა.

– თინიკო, რად გვინდა მეორე ბავშვი?! სამნი ცუდად ვართ? ვერ გარჩენთ სამივეს, – სოსო თავის გამართლებას ცდილობდა.

– შენ ვერა, მაგრამ შენს ცოლს აქვს ბევრი ფული და შენ მე დამპირდი, რომ ფულს გამოართმევდი, იმიტომაც დავთანხმდი, რომ იმ სულელზე დაქორწინებულიყავი, მაგრამ მე მეორე შვილიც მინდა. რატომ არ ვფეხმძიმდები?!

სოსო ვეღარ აწყნარებდა ქალს და უკვე ნანობდა, რომ გამოკვლევაზე წაიყვანა. სოსოს სკოლიდან უყვარდა მაშინაც თავნება და კაპასი გოგო. თინიკომ ეს იცოდა და ამიტომ თავის ჭკუაზე ატრიალებდა და ვერავინ ხვდებოდა, რატომ აძლევდა ამის ნებას სოსო.

– ეტყობა, ჯადო გაუკეთა, – დაასკვნეს ბოლოს.

სოსო თინიკოს ნებისმიერ ახირებას ასრულებდა, მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ თინიკო გაქრა. სოსო ადგილს ვერ პოულობდა, სანამ ოთხი წლის შემდეგ თინიკომ თავად არ დაურეკა. სოსომ მაშინვე აპატია გაქცევაც, გადაკარგვაც, ქორწინებაც და ისიც, რომ მხოლოდ მაშინ გაახსენდა ის თინიკოს, როდესაც ფულისა და ბინის გარეშე დარჩა. ეს, მართლაც, უცნაური სიყვარული იყო და უფრო შეპყრობილობას ჰყავდა, ვიდრე ჯანსაღ ურთიერთობას ორ ადამიანს შორის.

სოსომ თინიკოს ბინა დაუქირავა. ორიოდ წელიწადში შვილიც ეყოლათ, მაგრამ თინიკო არ აპირებდა, ცოლად გაჰყოლოდა სოსოს.

– ვიყავი გათხოვილი და ამაში კარგი არაფერია, – ეუბნებოდა სოსოს ღიმილით, – თუ ცოლის მოყვანა გინდა, შეგიძლია, ცოლად მოიყვანო ის სულელი, ბავშვობიდან რომ უყვარხარ.

ერთ დღესაც თინიკომ სოსოს ირინას პროფილი აჩვენა, სოსოს კი წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ ირინას მოსწონდა.

– ეგონა, არავინ იცოდა, შენს დანახვაზე რომ ლამის გული მისდიოდა. სხვათა შორის, მისი ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, საკმაოდ კარგად უნდა ცხოვრობდეს. ბრენდები აცვია და კაცის ფოტოს წამლად ვერ ნახავ. ესე იგი, ქმარი არ ჰყავს. ხვდები, რას ვგულისხმობ?!

სოსო ვერაფერს მიხვდა.

– რა, ყველაფერი მე უნდა აგიხსნა?! – გაბრაზდა თინიკო, – მოიყვან ცოლად და ფულს გამოსძალავ. ამასობაში მე მეორესაც გავაჩენ.

– მაგრამ ორ ადგილას მომიწევს ცხოვრება. ამას როგორ მოვახერხებ? – თავის დაძვრენას ცდილობდა სოსო.

– მერე რა?! კაცი არ ხარ?! ჩვენ ფული გჭირდება, ჩვენ გამო უნდა გააკეთო ეს, – თინიკოს არაფრის გაგონება არ უნდოდა და თავად დაიწყო მოქმედება და თვითონ მისწერა სოსოს პროფილიდან პირველი შეტყობინება ირინას, შემდეგ კი საქმეში სოსო ჩაერთო და ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც თინიკო გეგმავდა.

ირინაზე დაქორწინების შემდეგ სოსო იშვიათად მიდიოდა თინიკოსა და მათ შვილთან. ხოლო, როდესაც მათთან მიდიოდა, ირინას ეუბნებოდა, რომ მივლინებაში იყო. ირინა კი ბრმად ენდობოდა ქმარს. ოღონდ სოსო დაღალა ორ ოჯახად ცხოვრებამ, მით უმეტეს, რომ ირინა ბავშვს მოითხოვდა, რის დაშვებასაც სოსო არ აპირებდა, ისევე, როგორც თინიკოსთან მეორე ბავშვის გაჩენას. საგონებელში იყო ჩავარდნილი, იმდენად არ უნდოდა კიდევ შვილები და ამდენ კითხვა-კითხვაში მიაგნო საშუალებას, რაც მას დაიცავდა, რის შესახებაც არც ერთმა მისმა ცოლმა არ იცოდა და ძალიან კარგადაც გრძნობდა თავს, სანამ მისი ორივე ცოლი არ დაინტერესდა სერიოზულად, თუ რატომ არ ფეხმძიმდებოდნენ.

ირინამ უთხრა, რომ გამოკვლევა ჩაიტარა და ყველაფერი რიგზე ჰქონდა, ახლა თინიკოს დამშვიდების ჯერი იყო, მაგრამ სოსოს გამოკვლევაში ფულის გადახდა ეძნელებოდა, ამიტომ ლამის ზეციდან მინიშნებად ჩათვალა ელფოსტაზე მისული მიწვევა. მაშინვე ჩაწერა იქ თინიკო, იფიქრა, რომ ქალი გულს დაიმშვიდებდა და ცოტა ხნით თავს დაანებებდა, მაგრამ სრულიად საპირისპირო ეფექტი მიიღო. თინიკომ სკანდალი მოუწყო და სოსო მიხვდა, რომ ზღვარზე იყო.

***

ირინა კარგა ხანს იყო ჩუმად. მარი გვერდიდან არ მოშორებია, ელოდებოდა, როდის დაულაგდებოდა მეგობარს თავში მიღებული ინფორმაცია.

– შეგიძლია, იმ ქალის მისამართი გამიგო? – ჰკითხა ირინამ მარის.

– რა თქმა უნდა, შემიძლია. მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ გინდა, შეხვდე? – მარი ეცადა, გადაეფიქრებინა.

– მისი მისამართი მჭირდება! – გაიმეორა ირინამ.

მარიმ ამოიოხრა და ფურცელზე დაწერილი მისამართი გაუწოდა.

– გინდა, წამოგყვე? – შესთავაზა მეგობარს.

– არა, მარტო უნდა წავიდე. სოსოც იქ იქნება. ეტყობა, მივლინებებს იგონებდა.

– თუ გინდა, მიგიყვან მაინც, – შესთავაზა მარიმ.

– ტაქსით წავალ, საჭესთან არ დავჯდები, – ისევ იუარა ირინამ.

– თუ დაგჭირდები, დამირეკე. მპირდები? – მარიმ თვალებში შეხედა ირინას.

– გპირდები, – მტკიცედ უთხრა ირინამ და შეეცადა, გაეღიმა.

***

– ეს ამბავი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავარკვიო, – ფიქრობდა ირინა გზაში და თავადაც უკვირდა საკუთარი სიმშვიდე. არ შეეძელო, სახლში დალოდებოდა სოსოს. ტაქსი ელიტური დასახლების წინ გაჩერდა. სადარბაზო დაკეტილი დახვდა. ირინას ჩიპი არ ჰქონდა, ამიტომ იძულებული გახდა, დალოდებოდა, რომ ვინმე გამოსულიყო ან შესულიყო.

ბინა ადვილად იპოვა, ფეხით ავიდა და ზარის ღილაკს თითი დააჭირა.

– ირინა?! – კარი გაოგნებულმა სოსომ გააღო.

ირინას არაფერი უპასუხია, ქმარი გვერდზე გასწია და შევიდა. ჭურჭლის ნამსხვრევებს არ გაუკვირვებია, ვინაიდან თავადაც დიდი სიმოვნებით დაალეწავდა სოსოს თავზე ჭურჭელს.

– მობრძანდა. რისთვის მიხვედი?! – აგდებით ჰკითხა თინიკომ, როდესაც ირინა დაინახა.

– განმარტებები მინდა, – მშვიდად მიუგო ირინამ და თავადაც გაკვირვებული იყო, საიდან იღებდა ძალას, რომ ასე მშვიდად ელაპარაკა.

– რა არის აქ გაუგებარი?! ჩემი კაცი მოგაქირავე. რამე არ გაწყობს?! მშვენივრად ცხოვრობდით, – თავხედურად უთხრა დიასახლისმა.

– აი, რატომ არ გინდოდა შვილი, – მიმართა ირინამ სოსოს, როდესაც მაცივარზე ბავშვის ფოტოები დაინახა: უკვე გყავს შვილი.

– რა წამიღეთ ტვინი ორივემ ბავშვებით, – ვეღარ მოითმინა სოსომ, – საერთოდ არანაირი შვილები არ მჭირდება. ეს თქვენ გაქვთ რაღაც ინსტინქტები, მე კიდევ ისინი არაფერში მჭირდებიან. ერთს დავთანხმდი და მივქარე და კიდევ კარგი, მერე თადარიგი დავიჭირე, თორემ ახლა ვიქნებოდი მრავალშვილიანი მამა.

– მაშინ ცოლად რატომ მომიყვანე? – მაინც ვერ ხვდებოდა ირინა და იმან, რაც სოსომ თქვა, ორივე ქალი გააოგნა:

– რომ დამესვენა „ბედნიერი ოჯახური“ ცხოვრებისგან, – არ დამალა სოსომ, – მაგრამ იქაც ბავშვებზე დაიწყეს ლაპარაკი.

– სიმართლე თქვი, – არ დაუთმო თინიკომ: დასვენება მოუნდა. თურმე, – და ირინასკენ მიტრიალდა:

– შენი ფული უნდოდა, რომ ჩვენ ვერჩინეთ. აბა, რა გეგონა, შენი სიყვარული ჩაუვარდა გულში?! არც კი ახსოვდა შენი არსებობა, სანამ მე არ გიპოვე. ძლივს გაგიხსენა, ვინ იყავი, – დამცინავად უთხრა თინიკომ ირინას. ირინამ უცებ იგრძნო, რომ ძალიან დაიღალა და ეძინებოდა.

– სახლის გასაღები მომეცი, – ირინამ ხელისგული გაშალა.

– ირ, არ უსმინო, რაღაცებს ბოდავს, – სოსო ცდილობდა, სიტუაცია შემოეტრიალებინა.

– გასაღები! – გაიმეორა ირინამ.

სოსო გავიდა და გასაღები მოიტანა. ირინამ ჩანთაში ჩაიდო და კარი უხმოდ გამოიხურა.

***

ორი დღის განმავლობაში ვერავინ უკავშირდებოდა ირინას. მარი საათში ერთხელ ურეკავდა, მაგრამ ირინას ტელეფონს არავინ პასუხობდა, შემდეგ კი ტელეფონი, უბრალოდ, გამოირთო. ირინა არც სამსახურში გამოჩენილა. მარიმ გადაწყვიტა, მისულიყო.

მასთან ერთად სადარბაზოში უცნობი მამაკაციც შევიდა და მარის გასაკვირად, ისიც ირინას კართან გაჩერდა.

– თქვენც აქ მოდიხართ? – ჰკითხა უცნობმა მამაკაცმა მარის.

– თქვენც ირინასთან ხართ? – არანაკლები ცნობისმოყვარეობით შეხედა მარიმ.

უცნობი მამაკაცი 40 წლამდე იქნებოდა, სიმპათიური და წარმოსადეგი იყო.

– დიახ, ორი დღეა, სამსახურში არ მოსულა, ტელეფონიც გამორთულია და გადავწყვიტე, გამეგო, რა მოხდა, – მამაკაცი აშკარად ღელავდა.

– და თქვენ ვინ ბრძანდებით? – ჰკითხა მარიმ.

– გენერალური დირექტორი ვარ, ილია. ირინა ჩემთან მუშაობს. თქვენ?

– მე ბავშვობის მეგობარი ვარ. არ პასუხობს ტელეფონს და უკვე შემეშინდა. – მარი ზარს რეკავდა, მაგრამ კარს არავინ აღებდა, ამიტომ ჯიბიდან გასაღები ამოიღო და ჩაილაპარაკა, – იმედი მაქვს, რამე უბედურება არ მომხდარა.

მარის ჰქონდა ირინას სახლის გასაღები, რადგან, როდესაც ირინა დასასვენებლად მიდიოდა, ყვავილებს რწყავდა ხოლმე.

ორივენი შევიდნენ ბინაში. ირინა დივანზე იწვა, პირით კედლისკენ. მარი მას მიუახლოვდა და მხარზე შეეხო:

– ირ, გძინავს?! მე მარტო არ ვარ. შენი უფროსია აქ.

მარის შეხებამ და ხმამ ირინა თითქოს გააცოცხლა და თავს ნება მისცა, დაგუბებული ცრემლები ამოეშვა. ირინამ თავი მარის მუხლებში ჩარგო და არც კი მორიდებია, რომ ბინაში მისი უფროსიც იყო. მარიმ მამაკაცს ხელით ანიშნა, რომ წყალი მიეტანა.

ირინა დაწყნარდა და ყველაფერი უამბო მარის.

– ვირთხები! – აღშფოთებას ვერ მალავდა მარი.

ირინას უფროსი კი გაკვირვებული ისმენდა მომხდარის შესახებ.

– ორი დღე დაისვენე და გელოდებით, – უთხრა ირინას და წავიდა.

***

გაყრის პროცესი სწრაფად ჩატარდა და ირინას თანდათან გაუნელდა კიდეც ტკივილი. თავით გადაეშვა სამუშაოში და ისევ ვერ ამჩნევდა თავისი უფროსის გულისხმიერ დამოკიდებულებას. ილია კი ცდილობდა, არაფერი დაეძალებინა და დაეჩქარებინა, რადგან ხვდებოდა, რომ ასეთი ღალატის შემდეგ ირინას დრო დასჭირდებოდა, ვინმეს მინდობოდა. ამიტომ ხანდახან სთავაზობდა ხოლმე, ყავა ერთად დაელიათ ან გაესეირნათ.

თავის მხრივ, არც მარი ცხრებოდა და მომენტს არ უშვებდა, რომ ირინას უფროსი არ შეექო:

– რა კარგი კაცია და რა უცნაურია, რომ უცოლოა, როგორ გადაურჩა ქალებს?! – აწვეთებდა ხოლმე ირინას ყურში. საბოლოოდ, ამან თავისი შედეგი გამოიღო და ირინამ ნელ–ნელა დაიწყო შემჩნევა, როგორი თვალებით უყურებდა მას ილია.

– არ უნდა გაუშვა ხელიდან შანსი, ბოლოს და ბოლოს, ღმერთი სამობითაა, – ეშმაკურად უცინოდა მეგობარს მარი.

– ბევრი არ არის? – მაინც ეკითხებოდა ირინა.

– ბევრი რატომ არის?! ზუსტად სამართლიანია, – არწმუნებდა მარი მეგობარს და ირინაც გალღვა. შეიძლება, იმიტომ, რომ, ღმერთი მართლაც სამობითაა და განსაცდელების გამოცდილებას მივყავართ ნამდვილ მიზნამდე.

წელიწად-ნახევრის შემდეგ, ირინას პირველი ქალიშვილის ნათლობაზე გაბრწყინებული მარი ჩვილს ანანავებდა და ირინას ეუბნებოდა:

– აი, ასე ხდება სურვილები, ხომ გეუბნებოდი?!

– თუ ცუდს კარგი მოსდევს, პირიქითაც ასეა? – ეკითხებოდა ირინა მარის.

– არა, პირიქით ასე არ არის. კარგი რომ იწყება, იწყება და აღარ სრულდება.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა