ორი ცოლი
ავტორი: ნია დვალი 20:00 04.07

– სულ იმაზე ვოცნებობ, რომ ტესტი მიჩვენებს ორ ხაზს და, ბოლოს და ბოლოს, გვეყოლება შვილი, – ირინა ემოციურად უზიარებდა თავის გულისნადებს მეგობარს, – სოსოს კი არასდროს უთქვამს, რომ შვილები უნდა. ორი წელია, ვცდილობ, დავფეხმძიმდე და არაფერი.
– ექიმთან იყავი? – მაინც ჰკითხა მარიმ, – ყველაფერი რიგზე გაქვს? – მარი ოდნავ ნასვამი იყო, წვეულებიდან ახალდაბრუნებული, ამიტომ საკმაოდ მხიარულად რეაგირებდა მეგობრის გულისტკივილზე.
– მარი?! – ნაწყენი სახით შეხედა ირინამ მეგობარს, – გამოფხიზლდი! შენ თვითონ არ ჩამწერე ექიმთან?! ჯანმრთელი ვარ! დაგავიწყდა?!
– დამავიწყდა, – თავი ჩაქინდრა მარიმ, – დამნაშავე ვარ. ნახევარი ქალაქი მყავს ჩაწერილი იმ გასაოცარ ექიმთან. წესით, პროცენტი უნდა მომცეს, – მარი სიცილს ვერ იკავებდა.
მარი სადაზღვევო კომპანიაში მუშაობდა და შეიძლება, ითქვას, ლობირებდა ოჯახის დაგეგმვისა და რეპროდუქციის ცენტრს.
– მოდი, ჩვენს სოსიკოს მივცეთ სავიზიტო ბარათი და ჩავწეროთ მიღებაზე. მივიდეს და გამოიკვლიოს. რა იცი, რა სჭირს?!
– რას ამბობ?! არ დათანხმდება, – ნაღვლიანად თქვა ირინამ.
– შენც ადექი და რაღაცნაირად შეუცურე წერილებში, თუ რა ვიცი, ელფოსტაზე გაუგზავნე, მოიფიქრე რამე. მოწვევას გაგიკეთებ, ვითომ მოიგო უფასო გამოკვლ;ვა. და ენა არ გაქვს?! უთხარი, რომ ბავშვის გაჩენა გინდა, – სერიოზული სახით ურჩია მარიმ მეგობარს.
– ალკოჰოლს არ წაურთმევია შენთვის საღად მსჯელობის უნარი, – გაუღიმა ირინამ მასპინძელს, – ვცდი. მომეცი მოწვევა, ხომ მომცემ?! – შეეხვეწა მეგობარს.
– არა, არ მოგცემ, – გამოაჯავრა მარიმ, – მას შემდეგ, რაც გადაიტანე, ნაღდად გაქვს უფლება, იყო ბედნიერი, – უთხრა სერიოზული სახით ირინას, მაგრამ მაშინვე გაეცინა.
***
ირინა და მარი სკოლიდან მეგობრობდნენ და რაც თავი ახსოვდათ, ერთმანეთიც ახსოვდათ: ერთად დაამთავრეს 12 კლასი, ერთად ჩააბარეს, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში – მარი ექიმი გახდა, ირინა კი – ფინანსისტი, მეგობრობას მაინც განაგრძობდნენ.
როდესაც ირინას ღამით თავს დაესხნენ და მისი დაჭრა სცადეს, მარის ის ერთ წამითაც არ მიუტოვებია გამოჯანმრთელებამდე. როდესაც ირინას პირველმა ქმარმა ეჭვიანობის გამო მასზე პირველად აღმართა ხელი, მარი ისევ მის გვერდით იყო, სანამ საფრთხემ არ გადაიარა.
– მარ, რატომ არ მიმართლებს? – შესჩიოდა მაშინ ირინა მეგობარს, – თითქოს ვიღაცამ დამწყევლა. დედაც ადრე მომიკვდა, მამაჩემს ჩემთვის არასდროს ეცალა. მუშაობდა. ვიცი, ჩემთვის მუშაობდა, რომ არაფერი დამკლებოდა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, კვირაში ერთხელ მაინც გაეტარებინა საღამო ჩემთან ერთად და უბრალოდ, გვესაუბრა?! ნოდიკო კი ისეთი ალერსიანი და ყურადღებიანი იყო, რომ ცდუნებას ვერ გავუძელი, სინამდვილეში კი პათოლოგიურად ეჭვიანი აღმოჩნდა.
– დამშვიდდი, არავის დაუწყევლიხარ, უბრალოდ, ცუდი პერიოდი გაქვს და ეს კარგია, იმიტომ რომ მუდმივი არაფერია და ცუდი პერიოდის უპირატესობა ის არის, რომ მას აუცილებლად უნდა მოჰყვეს კარგი. აი, ნახავ, – თავზე ხელს უსვამდა მარი ირინას და ამშვიდებდა.
და მართლაც, ირინას ცხოვრებაში აღმასვლაც დაიწყო, როდესაც მოულოდნელად და იღბლიანი შემთხვევითობის წყალობით, საკმაოდ პრესტიჟულ კომპანიაში დაიწყო მუშაობა. ეს არც იყო გასაკვირი, ვინაიდან ირინას გამჭრიახი გონებაც ჰქონდა და არც ალღო ღალატობდა, ღმერთს კარგი მეხსიერებითაც დაეჯილდოებინა და სტრატეგიული აზროვნებითაც. ირინა სწრაფად ადიოდა კარიერულ კიბეზე და საკმაოდ კარგ ანაზღაურებასაც იღებდა.
აი, მარის კი სამსახურში ნაკლებად გაუმართლა, იმიტომ რომ, ძირითადად, ექთნების ვაკანსიებს პოულობდა. ამიტომაც ირინამ მთელი თავისი ნაცნობობა და გავლენა ჩართო და მარის სამსახური უპოვა:
– ესე იგი, სადაზღვევო კომპანიაა და პარალელურად, ოჯახის დაგეგმვის კერძო ცენტრს გაუწევ კურირებას. მშვენიერი ხელფასია. ასე რომ, ჩაგიგდებ ნომერს, ახლავე დარეკე, მე უკვე ველაპარაკე, ვისაც საჭიროა და გაქანდი.
ასე მოეწყო ახალ სამსახურში მარი და ზუსტად იქ გაიცნო თავისი მომავალი ქმარიც. ირინა მეტად კმაყოფილი იყო თავისი წვლილით მეგობრის პირადი და სამსახურებრივი ცხოვრების მოწყობაში, მაგრამ თავად მას პირადი ცხოვრება არა და არ ეწყობოდა, სანამ ერთ შვენიერ დღეს მესენჯერში თავისი ყოფილი თანაკლასელისგან შეტყობინება არ მიიღო. სოსო კასრაძე სკოლაში სწავლის პერიოდში მოსწონდა, მაგრამ მორიდებული გოგონა იყო და თავისი გრძნობები აშკარად არასდროს გამოუხატავს.
– შენ ხომ ირინა ხარ? ვერ მიცანი? – წაიკითხა შეტყობინება ირინამ და გული შეუფართხალდა. მაგრამ, სანამ პასუხს მისწერდა, სოსოს გვერდზე შევიდა და დიდხანს ათვალიერებდა მის ფოტოებს: სოსო საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი დამდგარიყო და, რაოდენ უცნაურიც უნდა ყოფილიყო, ირინას ის კვლავ ძველებურად მოსწონდა.
მიმოწერიდან ირინამ გაარკვია, რომ სოსო ახლახან გადმოვიდა თბილისში, მანამდე სამსახურის გამო ბათუმში ცხოვრობდა, ბინაც იქ ჰქონდა, იმიტომ რომ აქ გაყიდა, რადგან იმედოვნებდა, რომ საბოლოოდ ბათუმში დამკვიდრდებოდა.
– შემთხვევით ვნახე შენი გვერდი და ვიფიქრე, რომ აუცილებლად უნდა მომეწერა. შენკენ რა ხდება? ანდა ამდენ წერას, მგონი, სჯობს, შევხვდეთ, – შესთავაზა ირინას სოსომ და ირინაც დათანხმდა.
– შესანიშნავად გამოიყურები, არც კი შეცვლილხარ, თითქოს 10 წელი არ გასულიყოს, – სოსო რესტორნის კართან დახვდა ირინას და დაჯავშნილი მაგიდისკენ წარუძღვა.
– შენც ძალიან კარგად გამოიყურები, – უთხრა ირინამ და არც მოუტყუებია, სოსო, მართლაც, ლამის აპოლონს დამსგავსებოდა და ამ აპოლონმა, რატომღაც, პირველივე საღამოს გადაუშალა გული ირინას.
– დავქორწინდი, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ დავიშალეთ, ბავშვები არ გვყავს. ვმუშაობდი და შემდეგ არც მიფიქრია დაქორწინება და აი, შემთხვევით შენც გნახე. არც კი მიკითხავს, შენ დაოჯახდი? – ჰკითხა უცებ ირინას.
– ვიყავი, – ნაღვლიანად უთხრა ირინამ, – მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მინდა.
სოსომ ოსტატურად გადაიტანა საუბარი სხვა თემაზე და მშვენიერი დროც გაატარეს. შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში იმავეს გაიმეორებდნენ.
***
– მარ, აბა, გამოიცანი, ვის შევხვდი დღეს? – მაშინვე მობილურს ეცა ირინა, როგორც კი სახლში შევიდა, – ერთი სული ჰქონდა, მეგობრისთვის ახალი ამბავი მოეყოლა.
– კიანუ რივზს?! – გაიცინა მარიმ.
ირინასაც გაეცინა: უკეთესს, სოსო კასრაძეს.
– მეექვსე კლასში რომ გიყვარდა, ის კი კოპაძეს დაჰყვებოდა კუდში? – გაუკვირდა მარის, – და რით ჯობია კიანუ რივზს?!
– ჯერ ერთი, არა მარტო მეექვსეში, მეშვიდე და მერვე კლასშიც და, რაც მთავარია, განქორწინებულია და კარგ ადგილას მუშაობს, თუმცა ბინა თბილისში აღარ აქვს და ქირაობს, მაგრამ ჯერჯერობით.
– და შენ ისევ შეგიყვარდა? – ჰკითხა მარიმ.
– სულ ცოტათი და მგონი, მასაც, – მარი ვერ ხედავდა ირინას, მაგრამ ნათლად წარმოიდგინა, როგორი გაცისკროვნებული სახე ჰქონდა.
– ძალიან მიხარია, – უთხრა მარიმ. ცოტა ხანს კიდევ ისაუბრეს და შემდეგ დაემშვიდობნენ ერთმანეთს.
***
ირინასა და სოსო შეხვედრები კი გახშირდა. ლამის ყოველდღე ხვდებოდნენ ერთმანეთს. ირინას ყველაფერი აინტერესებდა, რასაც სოსო უყვებოდა და ირინამ თავისი თავი დაიჭირა ფიქრებში, როგორ ოცნებობდა, როგორი ოჯახი ექნებოდა სოსოსთან ერთად. სოსომაც თითქოს წაიკითხა ირინას ფიქრები და ერთ მშვენიერ დღესაც ხელი სთხოვა.
– მარი, როგორ ფიქრობ, უბრალოდ რომ მოვაწეროთ ხელი, ქორწილისა და წვეულების გარეშე, ძალიან ცუდი იქნება?
– რატომ უნდა იყოს ცუდი? – მხარი აუბა მეგობარმა.
– იცი, ერთი პომპეზური ქორწილი უკვე მქონდა და კი იცი, როგორც დამთავრდა.
– სოსო რას ამბობს?
– სოსო ამბობს, როგორც შენ გინდა, ისე გავაკეთოთო.
– მაშინ რაღაა საფიქრალი?! – დაამშვიდა მარიმ მეგობარი, – წადით და მოაწერეთ ხელი.
– და შენ არ გეწყინება, რომ წვეულება არ იქნება? – ჰკითხა ირინამ.
– რატომ უდა მეწყინოს? ჩვენ კიდევ უამრავ საბაბს ვიპოვით, რომ შევხვდეთ და დავლიოთ,– მარი იცინოდა.
– შენ ხომ სულ დალევა გელანდება, – აჰყვა მეგობარს ირინაც.
– რატომ არ უნდა მომელანდოს? – და ორივეს სიცილი აუტყდა.
***
ირინამ და სოსომ იუსტიციის სახლში მოაწერეს ხელი და სოსო ირინასთან გადავიდა საცხოვრებლად:
– არ მომწონს შენს სახლში რომ ვცხოვობ ჩასიძებულივით, მაგრამ მალე ვიყიდით ახალ ბინას და უფრო დიდს, – აიმედებდა სოსო ცოლს.
ირინას სიამოვნებდა ამის მოსმენა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ოროთახიანი ბინა წყვილისთვის სავსებით საკმარისი იყო.
– აი, ბავშვები რომ გვეყოლება, მოგვიწევს გაფართოება, – ოცნებობდა ირინა.
ორი წლის თანაცხორების შემდეგ ირინა მიხვდა, რომ წლები მიდის, მაგრამ ბავშვების გაჩენას პირი არ უჩანდა. არც სოსო ახსენებდა შვილებს, ამიტომ თავად მას მოუწია ამ თემაზე საუბრის დაწყება:
– იცი, დრო გადის და, მოდი, ბავშვი ვიყოლოით. მერე გვიანი არ იყოს.
– სად გეჩქარება?! ერთად ცუდად ვართ?! ჯერ არ ვარ მზად მამობისთვის, – უცნაური არგუმენტები მოჰქონდა სოსოს, – თან, ხშირად დავდივარ მივლინებებში.
და, მართლაც, სოსო საკმაოდ ხშირად მიდიოდა მივლინებებში. ირინას ესმოდა, რომ ეს სოსოს სამსახურის გამო იყო, მაგრამ ბავშვის თემა აიკვიატა. ითვლიდა ოვულაციას და ცდილობდა, რომ იმ დღეებში აუცილებლად ჰქონოდათ სექსი, იმ იმედით, რომ აუცილებლად დაფეხმძიმდებოდა, მაგრამ ნანატრი ფეხმძიმობა არა და არ ჩანდა ჰორიზონტზეც კი. მაშინ გადაწყვიტა, სრული გამოკვლევა ჩაეტარებინა, მარიმ ყველაფერი დაუგეგმა და ირინაც გულისფანცქალით გაემართა კლინიკისკენ. ეშინოდა, ვაითუ, უშვილო აღმოჩენილიყო. მაგრამ გამოკვლევების შედეგები ამცნობდა, რომ ირინა აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო.
– ესე იგი, სოსომაც უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა. მაგრამ როგორ ვაიძულო? იქნებ მოგონილი ელფოსტიდან გავუგზანო მიწვევა კლინიკაში კვლევებზე, ვითომ მოიგო გათამაშებაში? – ირინას მარის რჩევა გაახსანდა.
ბევრი იფიქრა თუ ცოტა, ასეც მოიქცა და, პარალელურად, მარიც შეიპირა, რომ ყურადღება მიექცია, როდის მივიდოდა კვლევაზე სოსო, მით უმეტეს, რომ სოსოც იმავე სადაზღვევო კომპანიაში იყო დაზღვეული, სადაც ირინა. ირინამ თავისი ქმედების გამყარება სიტყვებითაც სცადა და ამიტომ მეორე დილასვე, საუზმობისას, ბავშვებზე ჩამოაგდო სიტყვა:
– სოსო, ექიმთან ვიყავი.
– რამე მოხდა? ავად ხარ? – სოსოს ხმაში შფოთი შეეტყო, რაც ირინას აშკარად ესიამოვნა.
– არა, მე აბსოლუტურად ჯანმრთელი ვარ, მაგრამ ექიმმა მითხრა, რომ აუცილებლად უნდა გავაჩინო ბავშვი, რომ ყოველთვის ჯანმრთელი ვიყო, – ერთი ამოსუნთქვით ჩაარაკრაკა ირინამ.
– მაგრამ, ირ, ჩვენ ხომ ვილაპარაკეთ ამაზე, – სოსოს ხასიათი წაუხდა, – ისევ მომიწევს მივლინებაში წასვლა და უნდა მოვემზადო. სამსახურში მივდივარ.
სოსომ ბოლომდე არც კი დალია ყავა და წამოდგა. მთელი დღის განმავლობაში ფიქრობდა ირინა, როგორ მოეწყო ისე, რომ ქმარი გამოკვლევებზე წასულიყო და იმუშავებდა თუ არა მის მიერ გაგზავნილი მიწვევა.
– არ ვიცი, რა გამოვა აქედან, – ვერ მოითმინა და მარის დაურეკა, – თუ მოვა გამოკვლევაზე, შენ ხომ გაიგებ ამას?!
– რა თქმა უნდა, გავიგებ, კარგია, რომ არ იცის, აქ რომ ვმუშაობ. თუ იცის? – ჩაეკითხა მარი.
– არა, არ იცის, არასდროს გვისაუბრია ამ თემაზე.
– ჰოდა, ძალიანაც კარგი, დაველოდოთ. ჯერ ხომ დარეკავს ჩაწერაზე, მე კი მაშინვე დაგირეკავ.
გავიდა რამდენიმე დღე, მარისგან კი არაფერი ისმოდა.
– ვითომ არ მიაქცია ყურადღება? – ფიქრობდა ირინა და, ბოლოს, ვერ მოითმინა და თავად დაურეკა მარის.
– მგონი, კუდიანი ხარ, – უთხრა მეგობარმა, – ახლა ვაპირებდი შენთან დარეკვას. არ დაურეკავს, არ ჩაწერილა მიღებაზე, მაგრამ რამეს მოვიფიქრებთ აუცილებლად.
ირინას გული სულ უფრო და უფრო უმძიმდებოდა, მით უმეტეს, რომ სოსო მივლინებაში წავიდა და მარტოობამ კიდევ უფრო დათრგუნა, იმდენადაც კი, რომ სამსახურშიც ვერ ახერხებდა კონცენტრაციას, რაც მალევე შეამჩნია მისმა ხელმძღვანელმა:
– სახლში წადი, ხომ ვხედავ, რომ რაღაც პრობლემა გაქვს, გადაჭერი და მშვიდად განაგრძე პროექტზე მუშაობა, – ირინამ შეამჩნია, რომ მათი ახალი გენერალური დირექტორი ყოველთვის ითვალისწინებდა თანამშრომლების მდგომარეობას და საკმაოდ ლოიალურიც იყო, მაგრამ იმას კი ვეღარ ამჩნევდა, რომ ასეთ დამოკიდებულებას მხოლოდ ირინას მიმართ ამჟღავნებდა.
თანამშრომელი ქალები ეჭვით უყურებდნენ ირინას, მაგრამ ვერაფერს ამბობდნენ, იმიტომ რომ ქცევით არავის აღუძრავდა ეჭვს და გენერალური დირექტორის გულისხმიერებას ყურადღებასაც არ აქცევდა. ირინა მართლაც წავიდა სახლში და თავის ლეპტოპს მიუჯდა. ჩართო ფილმი და ჩაფიქრდა. ფიქრებიდან სატელეფონო ზარმა გამოაფხიზლა:
– ირ, ოღონდ არ ინერვიულო. სოსო მოვიდა კლინიკაში.
– როგორ თუ მოვიდა? სოსო მივლინებაშია, – არ დაიჯერა ირინამ, მაგრამ მაინც გაუხარდა, – რა კარგია, რომ მოვიდა.
– ოღონდ შენ არ ინერვიულო, – ახლაღა შეამჩნია ირინამ, რომ მარის აღელვებული ხმა ჰქონდა.
– რატომ უნდა ვინერვიულო? – ვერ მიხვდა ირინა.
– კოპაძე მოიყვანა...
– კოპაძე ვინ არის? – ვერ მიხვდა ირინა.
დასასრული შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან