ოპერაცია
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 08.02

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ ორი ოცდაათწლიანი პატიმრობა მომისაჯა. მოსამართლემ საზეიმოდ გამოაცხადა:
– განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გამო, რაც ოთხი ადამიანის მკვლელობით გამოიხატა, საქართველოს მოქალაქეს, ნოდარ სისაურს მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა ორი ოცდაათწლიანი ვადითა და სასჯელის მოხდით სპეციალურ საპყრობილეში. განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ოცდაათი დღის ვადაში.
ოთხი ადამიანის მკვლელობა, რისთვისაც მე ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ ასე მკაცრად დამსაჯა, რიგითი მკვლელობა და კრიმინალური შემთხვევა არ ყოფილა, რაც ამერიკაში ყოველდღიურად ასეულობით ხდება. მე არც განზრახ მომიკლავს ვინმე, არც ანგარებით ან ნებისმიერი ბოროტი განზრახვით. ეს შემთხვევა სპეციალური ოპერაციის დროს მოხდა, თანაც, არა შეერთებულ შტატებში, არამედ მის საზღვრებს გარეთ. კონკრეტულად კი ავღანეთში. მე საქართველოს უშიშროების სამსახურის ვიცე-პოლკოვნიკი ვიყავი და ავღანეთში სპეციალურ, საიდუმლო მისიას ვასრულებდი ერთი მსხვილი ტერორისტის აღმოსაჩენად და მოსაცილებლად. უკიდურეს შემთხვევაში კი მისი ნეიტრალიზება უნდა განმეხორციელებინა. ამ ოპერაციას ამერიკის ცენტრალური დაზვერვა ატარებდა. მე მათი სკოლა მაქვს დამთავრებული და მთელი რიგი გარემოებების გამო ამ ოპერაციის ცენტრალურ პერსონაჟად ამირჩიეს. გარდა სპეციალური მომზადებისა, ჩემი არჩევა იმან გამოიწვია, რომ პროფესიით ფიზიკოსი ვარ და ტერორისტებთან სწორედ ამ კუთხით მოვხვდი. ამ პროფესიის მეშვეობით ჩამნერგეს მათთან. თანაც, ენებსაც საუცხოოდ ვფლობ. წელიწადნახევრიანი მუშაობის შემდეგ, როგორც იქნა, სამიზნეზე გავედი. ჩემს კურატორს კი გადავეცი გეგმა, თუ როგორ უნდა დაგვესვა წერტილი ამ ოპერაციისთვის. ყველაფერი დაგეგმილად ვითარდებოდა. სამიზნესთან ერთად, მთებში ერთ-ერთ სამალავში ვიმყოფებოდი და „დელტას“ სპეცჯგუფს ველოდებოდი, რომ ვერტმფრენით წაგვეყვანა ის. თუმცა, გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. როდესაც „დელტას“ სამი ვერტმფრენი გამოჩნდა, ერთ-ერთი საველე მეთაურის დაჯგუფებამ მათ ცეცხლი გაუხსნეს და ამერიკული სტინგერებით ჰაერშივე გაანადგურეს. მე და სამიზნე ამ დროს სამალავში ვიმყოფებოდით და მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ ვინ ვიყავი. თავისიანი ვეგონე და მშვიდად იყო. ამ დროს სამალავში მოჯაჰედების სამოსში გამოწყობილი ოთხი მებრძოლი გამოჩნდა და ცეცხლი გახსნეს. სამიზნე იქვე გაანადგურეს. მე კი ისინი დავხოცე და მათი მკვლელობისთვის გამასამართლეს, რადგან სწორედ ეს ოთხეული აღმოჩნდა გადაცმული ცეერუელი, საგანგებოდ მომზადებული აგენტი. როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, თურმე სხვა განყოფილებაც ჩემს სამიზნეზე ნადირობდა. ჩემგან განსხვავებით კი, მათ სამიზნის განადგურება ჰქონდათ დავალებული. ერთი სიტყვით, „ცეერუ“ ორ, დაახლოებით, ერთნაირ ოპერაციას ატარებდა და მათ შორის კოორდინაცია არ იყო. ზოგჯერ ასეთი რამეც ხდება ხოლმე ჩვენს სისტემაში. თუმცა, ამ ფაქტებს იძიებენ და სამართლიანად განგსჯიან. ჩემს შემთხვევაში ასე არ მომხდარა. როგორც ეტყობა, „ძაფები“ ძალიან მაღალი თანამდებობის პირამდე მიდიოდა და განტევების ვაცად გამომიყენეს. იოლად გამწირეს. მე ხომ პატარა ქვეყნის მოქალაქე ვიყავი და დამცველი არ მყავდა. ჩემს უწყებას თითიც არ გაუნძრევია ჩემს გადასარჩენად და დასაცავად. მხოლოდ ერთხელ შემახვედრეს კონსულს. იმან კი მონური მორჩილებით ყველაფერზე ისე დაეთანხმა მათ, ჩემთვის არც კი შემოუხედავს. ერთი სული ჰქონდა, სწრაფად გასცლოდა იქაურობას და 15 წუთში წავიდა კიდეც. ერთი სიტყვით, აბსოლუტურად დაუცველი, მათ ხელში აღმოვჩნდი და როგორც უნდოდათ, ისე ჭრეს და კერეს... შემდგომ, როდესაც უკვე მივხვდი, რომ განტევების ვაცი ვიყავი, ვნანობდი, რომ ჩემი ფეხით მივედი და ცხვარივით ჩავბარდი მათ. როდესაც სამიზნე მკვდარი იყო და ცეერუელებიც ჩემ მიერ დახოცილები, იქაურობას გავშორდი. ორი დღე და ღამე ვიარე და ამერიკულ ბაზაზე მივედი. ჩვენი უწყების წარმომადგენელი მოვითხოვე და პირისპირ ყველაფერი მოვუყევი. მას კი უკვე ჰქონდა ინფორმაცია ამის შესახებ და არც მე ვეგონე ცოცხალი. აბა, რას წარმოვიდგენდი, რომ მას უკვე გამოძახებული ჰყავდა ბადრაგი, რომელმაც ჩემთვის მოულოდნელად დამაპატიმრა. გამკოჭეს, ტომარაში ჩამაგდეს და როგორც „აბუ-გრეიბისა“ და „გუანტანამოს“ ტერორისტი პატიმარი, სამხედრო სატვირთო თვითმფრინავით ჩამიყვანეს ვაშინგტონში. თავდაპირველად ჯერ კიდევ ვფიქრობდი, რომ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, მაგრამ როდესაც სამხედრო პროკურორმა საბრალდებო დასკვნა გამაცნო, მივხვდი, რომ მახეში გავები. მოკლედ, სუფთად შემისრულეს და სამოცწლიანი „სროკიც“ ამკიდეს. ჩემმა ადვოკატმა აპელაცია დაწერა, მაგრამ ეტყობოდა, რომ უიმედოდ იყო და ეს ყოველივე ფორმალობას წარმოადგენდა. დადგა სააპელაციო სასამართლო სხდომის დღეც. ბადრაგმა ხელ-ფეხზე ბორკილებდადებული და თავზე ტომარაწამოცმული წამიყვანა. ოცწუთიანი სხდომა იმავე შედეგით დასრულდა და უკან წამიყვანეს. თავზე კვლავ ტომარა მქონდა წამოცმული და ხელ-ფეხზე ბორკილდადებული ვიყავი. სასამართლოდან ციხემდე გზას 30 წუთი სჭირდებოდა. საშინლად ვნანობდი, რომ ამერიკელებს გადავეყარე. უკვე საბადრაგო მანქანაში ყოფნისას ვფიქრობდი ციხიდან გაქცევაზე. მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ ყველაფერი საფუძვლიანად შემესწავლა. ციხის სუსტი წერტილები აღმომეჩინა. მესარგებლა ამით და გავქცეულიყავი. თუმცა, ასე მხოლოდ „ჰოლივიდურ“ ფილმებში ხდება. სინამდვილე კი სულ სხვაა. ამ ფიქრებში ვიყავი, როდესაც საბადრაგო მანქანას მძიმე რაღაც დაეჯახა. შემდგომ გაზის კვამლმა გამთიშა. თვალები რომ გავახილე, დახურულ ფურგონში ვიწექი. იქვე ოთხი კუნთმაგარი მამაკაცი იმყოფებოდა. არც ტომარა მქონდა ჩამოცმული, არც ბორკილები მქონდა ხელ-ფეხზე და პირველი სიტყვა, რაც გავიგონე იყო: თვალები გაახილა. როგორც ეტყობა, გამოფხიზლდა და ხუთ წუთში ძალები დაუბრუნდებაო. ეს ასეც მოხდა. წამოვჯექი და ვიკითხე:
– სად ვარ და ვინ ხართ?
– მეგობრებთან ხართ. ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ, – მითხრა ერთ-ერთმა.
– გაქცევა მომიწყვეთ?
– ბოროტი ძალების უსამართლო კლანჭებიდან გიხსენით.
– სად მივდივართ?
– სამშვიდობოზე. ნუ ღელავთ. ყველაფერი კარგად იქნება.
რამდენიმე საათის შემდეგ გემის ტრიუმში ჩამსვეს. სანამ ჩამკეტავდნენ, მკაცრად გამაფრთხილეს, არ მეხმაურა და წავიდნენ. ორიოდე საათის შემდეგ ტრიუმში მომაკითხეს და სამალავიდან გამომიყვანეს. თუმცა ზემოთ არ ავუშვივართ. საჭმელი მომიტანეს და სავარაუდოდ, მავახშმეს, რადგან არ ვიცოდი დღის რომელი მონაკვეთი იყო. ორდღიანი მგზავრობის შემდეგ გემი პორტში შევიდა და გემბანზე რომ ამიყვანეს, საშუალო ასაკის კუნთმაგარმა მამაკაცმა გამიღიმა, ხელი ჩამომართვა და რუსულ ენაზე მითხრა:
– კეთილი იყოს თქვენი მშვიდობიანი გამოხსნა უსამართლო ტყვეობიდან, ნადარ! – ნოდარის ნაცვლად რუსულ ყაიდაზე, მახვილით მიწოდა სახელი.
მთელი გზა ინგლისურ ენაზე მეკონტაქტებოდნენ და რას წარმოვიდგენდი, თუ რუსულ გემზე ვიმყოფებოდი. დავიბენი და ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. აშკარა იყო, რომ გაქცევა რუსებმა მომიწყვეს. მათთან მჭიდრო კავშირი არ მქონია.
მხოლოდ ხუთი წლის წინ ვიმყოფებოდი რუსეთში სამი თვით. მაშინ ჩემმა უწყებამ რუსეთის საგარეო დაზვერვის ლექციებზე გამაგზავნა ერთობლივი საკოორდინაციო პროგრამის ეგიდით და სულ ეს იყო. მაშინ, მასპინძლების მხრიდან გადაბირების მცირე მცდელობაც კი არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ „ცეერუს“ სკოლადამთავრებული ვიყავი, ამერიკელებისა და „ცეერუში“ სწავლის შესახებ ერთი კითხვაც კი არ დაუსვამთ ჩემთვის.
– როგორ მოგმართოთ? – ვკითხე შუახნის მამაკაცს.
– ვადიმ სემიონოვიჩი დამიძახეთ.
– ვადიმ სემიონოვიჩ, თუ შეიძლება, გამაგებინეთ, რა ხდება და სად ვიმყოფები?
– ნადარ, ვლადივოსტოკში იმყოფებით. ხოლო დანარჩენს კი მოსკოვში გაიგებთ. წავედით, თვითმფრინავი გველოდება.
ვლადივოსტოკის პორტიდან სამხედრო აეროდრომზე გავემგზავრეთ. იქიდან კი პატარა, სწრაფი თვითმფრინავით – მოსკოვში და რამდენიმე საათის შემდეგ რუსეთის დედაქალაქში ჩავფრინდით. საღამო იყო. საკმაოდ თბილოდა და ვადიმ სემიონოვიჩმა ტყის სიმწვანეში ჩაფლულ აგარაკზე მიმიყვანა და მითხრა:
– ორი დღე აქ იქნებით, ნადარ. ციხის მერე რეაბილიტაცია გჭირდებათ. შემდგომ კი დანიშნულების ადგილზე მიგიყვანთ და საქმის კურსში ჩაგაყენებენ.
მწვანე აგარაკი რუსეთის საგარეო დაზვერვის კუთვნილება იყო. იქ მართლაც კარგად დავისვენე. ორი დღის მერე კი ვადიმ სემიონოვიჩმა მომაკითხა და მოსკოვში გავემგზავრეთ. რუსეთის საგარეო დაზვერვის შტაბ-ბინაში რომ მივედით, ჩემმა თანმხლებმა მესამე სართულზე ამიყვანა. საკმაოდ ახალგაზრდა, მაგრამ ჭაღარათმიანი გენერალი გულთბილად შემხვდა. სავარძლებში მოვთავსდით და კაბინეტის მასპინძელმა მკითხა:
– ნადარ (ისევ ნადარი, ნოდარის ნაცვლად), ალბათ, გაკვირვებული ხართ, რომ აქ ხართ.
– სიმართლე გითხრათ, კი, ბატონო გენერალო.
– თუ მაინცდამაინც წოდებით გინდათ, მომმართოთ, მაშინ ამხანაგო გენერალო დამიძახეთ. ისე კი ვარლამ მიხაილოვიჩი ვარ.
– ვარლამ მიხაილოვიჩ, რა ხდება? რას უკავშირდება ჩემი გაქცევა?
გენერალს გაეღიმა და მითხრა:
– პირველ რიგში, სამართლიანობის აღდგანას, ნადარ. თანაც ძალიან გვჭირდებით და თუ ამის სურვილი გექნებათ, დაგვეხმარეთ. თუ არა და რასაც აირჩევთ, ისე იქნება.
– ეგ როგორ გავიგო, ამხანაგო გენერალო?
– შეგიძლიათ, რუსეთში დარჩეთ, თავშესაფარს მოგცემთ და იმუშავებთ.
– ესე იგი, არჩევანის უფლება მაქვს.
– რა თქმა უნდა, არჩევანის უფლება გაქვთ.
– ბრძანეთ, გისმენთ.
– საქმე ისაა, რომ ერთი თვის წინ ერთ-ერთი ჩვენი საწყობიდან ურანის დიდი რაოდენობა დაიკარგა, გამდიდრებული ურანის ექვსი კაფსულა. დამნაშავე აღმოვაჩინეთ და მისი ჩვენებების საფუძველზე დავადგინეთ, რომ მან ეს კაფსულები ექვს მილიონ დოლარად მიჰყიდა საერთაშორისო ძებნილ ტერორისტს, უმარ საიდოვს. ჩვენი ინფორმაციით, თქვენ მას კარგად იცნობთ.
– დიახ, მქონდა ამის ბედნიერება. ის თბილისში დავაპატიმრეთ და ამ ოპერაციაში პირადად ვმონაწილეობდი. თუმცა, ძველმა მთავრობამ ის გაუშვა.
– ვიცით. სამწუხაროდ, ასე მოხდა და მოგვიანებით მან და მისმა ჯგუფმა ჩრდილო კავკასიასა და რუსეთის ორ ქალაქში ტერორისტული აქტები მოაწყვეს. მისი ჯგუფი თითქმის სრულად გავანადგურეთ. მხოლოდ ერთი შევიპყარით და ის ახლა ციხეშია. თავად საიდოვი კი გაგვექცა და ამჟამად საერთაშორისო ძებნაშია. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მხარეა. ამ ორი კვირის წინ გაქრა ორი ფიზიკოსი, ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი აარონ კლოსი და ბოდო მიულერი. ისინი გერმანიაში ცხოვრობდნენ და გაუჩინარდნენ. აქედან გამომდინარე, საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ურანისა და ფიზიკოსების გაუჩინარებას ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი უნდა ჰქონდეს. ჩვენი აზრით, რომელიღაც ტერორისტული დაჯგუფება, ეგრეთ წოდებულ, ბინძურ ატომურ ბომბს ამზადებს. ეს კი უკიდურესად საშიში რამაა. მათ ეს იარაღი შესაძლოა, ნებისმიერ ქვეყანაში გამოიყენონ. ამიტომ, თქვენ, როგორც ამ საქმის შესანიშნავი სპეციალისტი, იქნებ დაგვეხმაროთ, თუ, რა თქმა უნდა, ამის სურვილი გექნებათ. გიმეორებთ, ჩვენი მხრიდან არანაირი ძალდატანებას არ ექნება ადგილი და თუ უარს იტყვით, თავშესაფარსა და სამსახურს მაინც მოგცემთ.
– ალბათ, მოქმედების გეგმაც გექნებათ.
– დიახ. ჩონჩხი არსებობს. ხოლო თუ თანამშრომლობაზე დაგვთანხმდებით, მაშინ დეტალებს ერთად შევიმუშავებთ.
– თანახმა ვარ, ამხანაგო გენერალო. როდის დავიწყოთ მუშაობა?
– დღესვე, ნადარ, დღესვე. დრო არ ითმენს, – მითხრა ვარლამ მიხაილოვიჩმა და დაამატა, – დარწმუნებული ვიყავი, რომ უარს არ გვეტყოდი და მადლობა ამისთვის.
ორი დღის განმავლობაში დიდი გულისყურით დავამუშავეთ მომავალი ოპერაციის თითოეული დეტალი და ყველა შესაძლო ვარიანტი, ასევე, კავშირის საშუალებები და ყველა ის მოულოდნელობა, რაც კი შეიძლებოდა შეგვხვედროდა. ძირითადი ჩონჩხი კი ასე გამოიყურებოდა: მე უნდა გადავესროლეთ ავღანეთში და ყანდაღარში დავკავშირებოდი ერთ-ერთი დაჯგუფების ხელმძღვანელს, სახელად შამილ იუზგანს. მას მე კარგად ვიცნობდი და იმას მხოლოდ ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი ვეგონე. როდესაც ამერიკულ მისიას ვასრულებდი, მაშინ გავიცანი. თავის მხრივ, იუზგანი საიდოვთან იყო ადრე კავშირში და ეს სქემა უნდა გაგვეთამაშებინა. თუკი საიდოვი საქმის კურსში იყო ბინძური ბომბის დამზადების შესახებ, არსებობდა დიდი ალბათობა, რომ ეცადათ ჩემი ამ საქმეში ჩართვა და სწორედ ამ გზით უნდა გავსულიყავი ამ ქსელზე. ხოლო იმის საშიშროება, რომ საიდოვს გავეშიფრე, არ არსებობდა. როდესაც ის თბილისში დააპატიმრეს, მას მე სახეზე არ ვუნახივარ. თუმცა, რისკი მაინც არსებობდა. ჩვენს პროფესიაში რისკის გარეშე არაფერი გამოდის და ეს ჩვეულებრივი ამბავია. როდესაც ყველაფერი დავალაგეთ, გენერალმა ხელი ჩამომართვა და წარმატება მისურვა. შემდგომ კი, ტაჯიკეთის გავლით, ავღანეთში გადამისროლეს და ორდღიანი ვოიაჟის მერე ყანდაღარში აღმოვჩნდი. შამილ იუზგანის პოვნა არ გამჭირვებია. ის არც იმალებოდა და ძებნაშიც კი არ იყო. რომ დამინახა, გადამეხვია. ოთახში განვმარტოვდით და ვისაუბრეთ. იუზგანისთვის მე ნადიმი ვიყავი და მან მითხრა:
– ნადიმ, შენს ხილვას აღარ ველოდი. როგორც ხმა გავრცელდა, სამი თვის წინ დაიღუპე, ამერიკელების მსხვერპლი გახდი.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან