რომანი და დეტექტივი

ოჯახის ზედამხედველი

№3

ავტორი: ნია დვალი 20:00 30.01

ოჯახის ზედამხედველი
დაკოპირებულია

როდესაც მარიმ თურქეთში ორკვირიანი შვებულების შემდეგ თავისი ბინის კარი გააღო, პირველი, რაც იგრძნო, უცნაური სუნი იყო. ეს არ იყო მშობლიური სახლის ნაცნობი და საყვარელი სურნელი, რომელსაც ეჩვევი და გიზიდავს, არამედ რაღაც უცხო, იაფფასიანი ჰაერის გამწმენდისა და უცნობი სუნამოს ნაზავი. სანდრო შევიდა, ჩემოდანი შეათრია და მაშინვე აივნისკენ გაიქცა, რომ კარი გაეღო და ბინა გაენიავებინა. მარი ისევ შემოსასვლელში იდგა და თავის ბინას უსმენდა, მის სიჩუმეშიც კი უცხოობა იგრძნობოდა. მისაღებ ოთახში რომ შევიდა, თითქოს ყველაფერი თავის ადგილას იდო, მაგრამ მისი მზერა წვრილმანებს ეძებდა და, მართლაც, დივანის ბალიშები ისე არ ეწყო, როგორც მან დატოვა. კომოდზე ხელოვნური ყვავილების ლარნაკიც სხვანაირად იდგა. მარი საძინებლისკენ გაემართა, კარადის კარი ოდნავ შეღებული დახვდა. მაშინვე მივიდა და ბოლომდე გამოაღო. სიცარიელე... აღარ ეკიდა მისი ცნობილი იტალიური ბრენდის შავი ტყავის გრძელი ლაბადა, არ იყო მისი ორი საუკეთესო კაბა: ზურმუხტისფერი და ბორდოსფერი. ქვემოთ ჩაიხედა – გაუჩინარებულიყო მისი სამი წყვილი ფეხსაცმელი და მისივე საყვარელი კლაჩი. „გაგვძარცვეს?!“ – გაიფიქრა შეძრწუნებულმა, მაგრამ მაშინვე უკუაგდო ეს აზრი, იმიტომ რომ ტექნიკა ადგილზე იდგა, მხოლოდ ტანსაცმლის წასაღებად კი არავინ შემოვიდოდა.

– სანდრო! – დაუძახა ქმარს, – ჩქარა მოდი აქ!

სანდრო შემოვიდა.

– სად არის ჩემი ნივთები? – ჰკითხა მარის და კარადაში გამოცარიელებულ ადგილებზე მიანიშნა. სანდროს სახე შეეცვალა და ბოლოს, თითქოს რაღაც გაახსენდაო და ცოლს მზერა აარიდა...

– დედა...

– რა დედა?! – ვერ მიხვდა მარი.

– დედაჩემმა დამირეკა, თურქეთში რომ ვიყავით, – სანდრო სწრაფად ლაპარაკობდა, – მითხრა, რომ ნინის, ჩემი მამიდაშვილის, დაბადების დღე ახლოვდება და მარის ტანსაცმელს ითხოვებსო. უარს ხომ ვერ ვეტყოდი?!

– სანამ შვებულებაში ვიყავით, დედაშენს ჩვენი ბინის გასაღები დაუტოვე?! – მარის ცოტა აკლდა, აფეთქებულიყო.

– ცოტა ხნით, სანამ ჩამოვიდოდით.

მარი შემობრუნდა და სამზარეულოში შევიდა. რატომღაც, ზედა კარადა გამოაღო, დედამთილს დიდი ხანია, თვალი ეჭირა იმაზე, რაც იქ იდო და იქაც სიცარიელე დაინახა – იქ თავისი სამზარეულოს სიამაყეს, ფოლადის იაპონური დანების ნაკრებს ინახავდა.

– დანებიც დედაშენმა წაიღო? – ჰკითხა ქმარს ისე, რომ არც შებრუნებულა. მის ზურგს უკან ჩამოწოლილი სიჩუმე ნებისმიერ პასუხზე მეტყველი იყო.

– მეზობელს უნდა ვაჩვენოო. მომავალ კვირას დააბრუნებს...

მარიმ თვალები დახუჭა და თვალწინ დაუდგა, ორი კვირის განმავლობაში მისი დედამთილი, როგორც ამ ბინის დიასახლისი, როგორ დადიოდა ოთახებში, აღებდა კარადებს, ქექავდა ნივთებს და არჩევდა, რა წაეღო.

– კიდევ რა წაიღო დედაშენმა ჩემი ნივთებიდან? – მარის ხმა მშვიდი იყო, მაგრამ რისხვით სავსე.

სანდრომ მძიმედ ამოისუნთქა.

– შენი ოქროს საყურეები მარგალიტებით. ნინი დაბადების დღეზე სამკაულის გარეშე ვერ მივიდოდა. დაგვპირდა, რომ ერთ კვირაში დააბრუნებს.

დიახ, ეს ის საყურეები იყო, რომლებიც მარის ბებიამ აჩუქა. ერთადერთი რამ, რაც მისგან მოსაგონრად დარჩა. მარიმ იგრძნო, როგორ დაუარა სხეულში ყინულოვანმა სიცივემ.

– მერე ერთი კვირა არ გავიდა?! ჩვენ ორი კვირით ვიყავით წასული. სად არის ჩემი ნივთები?

სანდრო დუმდა. მარი შემოსასვლელში გავიდა და ტელეფონი აიღო. დედამთილმა მესამე ზარზე უპასუხა, საკმაოდ ხალისიანი ხმა ჰქონდა:

– უკვე დაბრუნდით?! რა კარგია. როგორ დაისვენეთ?!

– სად არის ჩემი ნივთები?! – ყოველგვარი შესავლის გარეშე ჰკითხა მარიმ.

ყურმილში წამიერი პაუზა ჩამოვარდა, შემდეგ დედამთილმა გადაიხარხარა:

– რა ნივთები, შვილო?!

– ჩემი ლაბადა, კაბები, ფეხსაცმელები, დანები და ბებიაჩემის საყურეები. ის ნივთები, რომლებიც თქვენ ჩემი ნებართვის გარეშე წაიღეთ ჩვენი ბინიდან.

დედამთილის ტონი მყისიერად შეიცვალა და მის ხმაში მკაცრი ინტონაცია გაჩნდა.

– ჩემო გოგო, ასე აგრესიულად ნუ რეაგირებ. მე ხომ უცხო ადამიანი არ ვარ?! ნათესავებს დავეხმარე, ეს ოჯახში მიღებულია. რა გაუმაძღარი გახდი? შენ ეს სიკეთე ოხრად გაქვს, ხალხს კი არაფერი აქვს!

– თქვენ ჩემი ნივთები ჩემი ნებართვის გარეშე აიღეთ, – გაიმეორა მარიმ, – და ამას ქურდობა ჰქვია.

– ეს მე ვარ ქურდი?! ხომ არ გავიწყდება, მე შენი ქმრის დედა ვარ! მე ის გავზარდე, მე მაქვს უფლება, მის ბინაში მაშინ შევიდე, როცა მომინდება! ოჯახს უნდა დაეხმარო და მხოლოდ საკუთარ კომფორტზე არ უნდა იფიქრო!

– ჩემი ნივთები დამიბრუნეთ, – მარიმ ტელეფონს ისე ძლიერად მოუჭირა ხელი, რომ თითები გაუთეთრდა, – დაუყოვნებლივ!

– არაფერსაც არ დავაბრუნებ! – იყვირა დედამთილმა, – ნინიმ კაბები ჩაიცვა და გასარეცხია. დანები ჩემს მეზობელს მივეცი, მთხოვა! საყურეები კი გავყიდე! ნინისთვის საჩუქარი ხომ უნდა მეყიდა?! უამრავი სისულელე გაქვს. სამაგიეროდ, გოგონა ბედნიერია, იმ ფულით ქურქი უყიდეს.

მარის სუნთქვა შეეკრა.

– თქვენ ჩემი გარდაცვლილი ბებიის საჩუქარი გაყიდეთ, რომ ჩემთვის უცხო ადამიანისთვის ქურქი გეყიდათ?!

– ღმერთმა აცხონოს ბებიაშენი, მაგრამ ის გარდაიცვალა, ცხოვრება კი გრძელდება. ვფიქრობ, გაუხარდება, თუ გაიგებს, რომ მისმა საყურეებმა გოგონა გაახარა. ეს შენც უნდა გიხაროდეს და არ უნდა წუწუნებდე!

მარიმ ტელეფონი გათიშა. სანდროს მიუბრუნდა, რომელიც იმედოვნებდა, რომ მისი ცოლი უსასოობისგან ატირდებოდა, ის დაამშვიდებდა და ყველაფერი როგორღაც მოგვარდებოდა. მაგრამ მარის არ უტირია.

– შენ იცოდი, რომ საყურეები გაყიდა?!

ამ შეკითხვის გაგონებაზე სანდრო შეკრთა.

– მას შემდეგ მითხრა, რაც გაყიდა.

– ისიც კი არ უთხარი, რომ ამის უფლება არ ჰქონდა?!

– მარი, ის ხომ დედაჩემია?! ყველაფერს ახალს გიყიდი, ნუ დარდობ.

– ბებიაჩემის ნაჩუქარ საყურეებს ვერ ვიყიდი... – მარის ხმა ჩაუვარდა. სანდროც დუმდა და მარიმ მის თვალებში ამოიკითხა პასუხი: მისი ქმარი იმედოვნებდა, რომ ყველაფერი ჩაწყნარდებოდა და ცხოვრება ძველებურ კალაპოტს დაუბრუნდებოდა, იმიტომ რომ მარი ყოველთვის თმობდა და ადრეც ბევრჯერ მოუთმენია დედამთილის გამოხდომები.

– დედაშენს დაურეკე, – უცებ ხმამაღლა თქვა მარიმ, – მოიტანოს ყველაფერი და ის ფულიც, რაც საყურეებში აიღო ან ქურქი.

– მარი, რას ამბობ?! – გულწრფელად გაუკვირდა სანდროს.

– რაც გესმის, თუ არ მოიტანს, პოლიციაში წავალ და განცხადებას დავწერ. ხომ გახსოვს, რომ ჩემი ტელეფონი იწერს საუბარს?! ესეც ჩაწერილია, სადაც ამბობს, რომ ნივთები წაიღო. იმას გარდა, რომ კამერებია და მოვახერხებთ ამის დამტკიცებას.

– მოიცა, შენ გინდა, რომ დედაჩემი დაიჭირონ?! – სანდრო უზომოდ გაკვირვებული უყურებდა თავის ცოლს.

– მე მინდა, რომ ჩემი ნივთები დამიბრუნონ. დედაშენმა იქურდა.

სანდრო გაოცებული უყურებდა ცოლს: მის თვალწინ სულ სხვა ქალი იდგა. ადრე დამყოლი და მორჩილი მარი უჩვეულოდ გაკაპასებულიყო. მან იცოდა, რომ დედამისი ცუდად მოიქცა, მაგრამ, ასევე, დარწმუნებული იყო, რომ დედამისისთვის არ უნდა ეწყენინებინა, მით უმეტეს, რაღაც ნივთების გამო. სხვა ვერაფერი მოიფიქრა და მარის უთხრა:

– ახლავე დავურეკავ, ვეცდები, ავუხსნა....

მარის არაფერი უპასუხია. შებრუნდა და აივანზე გავიდა. უნდოდა, რომ დამშვიდებულიყო. ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. უსამართლობის განცდა სულს უხუთავდა. გამოუტყდა თავის თავს, რომ დედამთილი საერთოდ არ აფასებდა და ნივთად მიაჩნდა. შემდეგ ოთახში შებრუნდა, შემოსასვლელი კარი შიგნიდან ურდულით გადაკეტა და ნივთების ამოლაგებას შეუდგა. ნახევარ საათში კარზე ზარის ხმა გაისმა. მარი მიხვდა, ვინც იქნებოდა. ღრმად ჩაისუნთქა და კარი გააღო. ზღურბლზე მისი სახეაწითლებული დედამთილი იდგა, რომელმაც სახლში შემოალაჯა და რძალს მკაცრად მიმართა:

– ვინ გასწავლა უფროსებთან ასე ლაპარაკი?! პოლიციით მემუქრები? მე მემუქრები?! ვინ ხარ?! რას წარმოადგენ?! მე ამ ბინაში მაშინ ვცხოვრობდი, როდესაც შენ არც კი იყავი დაბადებული. ახლა აქ ჩემი შვილი ცხოვრობს, შენ კი დროებით ხარ და არც კი აფასებ ამას.

მარი გაიწია და დედამთილი ბინაში შემოუშვა. მისი ქმარიც გამოვიდა და დედა გადაკოცნა.

– სად არის ჩემი ნივთები? – მშვიდად ჰკითხა მარიმ.

– სახლში მაქვს! და ჯერ არ მოგცემ! ცოტა ხანს იდოს ჩემთან, ჭკუაზე რომ მოხვალ, მიიღებ! მანამდე კი იმ შენი ძონძების გარეშე იცხოვრე, მოგეხმარება გააზრებაში.

– ესე იგი, ნივთები არის, მაგრამ არ მიბრუნებთ, – დააზუსტა მარიმ: შესანიშნავია. მე თვითონ მივალ და ჩემს ნივთებს წამოვიღებ.

– არც კი გაბედო! - იყვირა დედამთილმა, – ვინ მოგცა ჩემს ბინაში შესვლის უფლება?!

– მაშინ ახლავე მოიტანეთ. თუ არადა, პოლიციაში მივდივარ. ახლავე მოიტანეთ. – მარის თავადაც უკვირდა საკუთარი სიმშვიდე. დედამთილი ყველაფერს ელოდა, გარდა რძლის ასეთი სიჯიუტისა. ელოდა სკანდალს, ცრემლებს, ბრალდებებს, მაგრამ არა ამ სიმშვიდეს, რომელიც ნებისმიერ ყვირილზე მეტად ჭრიდა მის ყურებს.

ლიანა შვილს მიუბრუნდა:

– შენ ასე იდგები და უყურებ, როგორ მემუქრება შენი ცოლი?!

სანდრო დუმდა. მხოლოდ თვალებს აცეცებდა, იმიტომ რომ არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, ცოლის საქციელი მისთვისაც მოულოდნელობა იყო და ეს აბნევდა.

– შვილო, თქვი რამე! – არ ცხრებოდა დედამთილი, – მთელი ცხოვრება შენ შემოგწირე. ეს ალქაჯი კი ბედავს და ასეთი ტონით მელაპარაკება!

– დედა, უბრალოდ, დააბრუნე ნივთები და ყველაფერი დასრულდება.

– რა?! – ლიანა ყურებს არ უჯერებდა, – შენ მის მხარეს ხარ?! საკუთარი დედის წინააღმდეგ გამოდიხარ?!

– მე არავის მხარეს არ ვარ, ის ნივთები მარის ეკუთვნოდა და არავის ჰქონდა მათი აღების უფლება, შენც კი. არც მე უნდა მომეცა თანხმობა მარის ნებართვის გარეშე.

მარიმ ქმარს გაკვირვებულმა შეხედა – არ ელოდა, თუ სანდრო, ბოლოს და ბოლოს, ხასიათს გამოაჩენდა და დედამისს დაუპირისპირდებოდა. რა თქმა უნდა, სიმართლეს ეუბნებოდა, მაგრამ ასეთი რამ მაინც პირველად მოხდა.

ლიანა სახტად დარჩა და სიტყვებს ვერ პოულობდა. მარიმ დრო იხელთა და სანდროს შეეშველა:

– ქალბატონო ლიანა, მოიტანეთ ნივთები, ახლავე მოიტანეთ, თორემ წავალ პოლიციაში. დარწმუნებული იყავით.

– აბა, გაბედე! მე თვითონ წავალ პოლიციაში და დავწერ განცხადებას, როგორ ავიწროებთ ასაკიან ქალს.

მარის გაეცინა.

– ჯერ საპენსიო ასაკიც კი არ გაქვთ. ძალიან კარგი. დაწერეთ. ერთად მივიდეთ პოლიციაში და მოვყვეთ ეს ამბავი. თქვენ თქვენი განცხადება დაწერეთ, მე ჩემსას დავწერ. ვნახოთ, ვისი ამბავი უფრო დააინტერესებთ.

ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. როგორც ჩანს, ლიანა ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო და უცებ სრულიად შეიცვალა და ხალისიანად თქვა:

– განცხადებაზე ვიხუმრე...

– მაგრამ მე არ მიხუმრია, – უთხრა მარიმ, – ზუსტად ხუთ წუთს გაძლევთ იმის სათქმელად, როდის მოიტანთ ჩემს ნივთებს. გაითვალისწინეთ, როგორც წაიღეთ, ზუსტად ისეთები უნდა დამიბრუნოთ... საყურეებიანად.

ისეთი სიჩუმე ჩამოწვა, თითქოს ყრუ კედელი აღიმართაო. ლიანა ხან შვილს უყურებდა, ხან რძალს, სავარაუდოდ, იმ იმედით, რომ სანდრო ჩაერეოდა და ისევ დედის მხარეს დაიჭერდა.

– ხვალ დილით, – ბოლოს გამოცრა კბილებში, – ხვალ ყველაფერს მოვიტან.

– საყურეებსაც? – დააზუსტა მარინამ.

– შევეცდები...

– მოიტანთ საყურეებსაც, – მარი არ ნებდებოდა, – ან საყურეების ფულს ბოლო თეთრამდე.

დედამთილი სწრაფი ნაბიჯით გაემართა კარისკენ და გაიჯახუნა.

– კმაყოფილი ხარ? - ჰკითხა უცებ სანდრომ ცოლს.

– რას გულისხმობ? – ვერ მიუხვდა მარი.

– მაიძულე, რომ შენსა და დედაჩემს შორის არჩევანი გამეკეთებინა.

– არა, მე უბრალოდ ჩემი ნივთების დაბრუნება მოვითხოვე.

მეორე დილას, ზუსტად 9 საათზე, ლიანამ პაკეტით ხელში შეაბიჯა მათ ბინაში. მარიმ პაკეტი გახსნა: იქ მისი დაჭმუჭნილი კაბები და ფეხსაცმელები ერთად ეწყო. ლაბადა არ ჩანდა, არც დანები.

– ლაბადა ნინის გაეხა შემთხვევით, დახეულს ხომ არ მოგიტანდი?! დანებს კი არ მიბრუნებს მეზობელი.

– საყურეების ფული?

– რა საყურეების? მე არაფერი გამიყიდია. შენ მოიგონე საყურეების ამბავი, – ამის გაგონებაზე მარიმ ლამის წონასწორობა დაკარგა.

– ხომ მოიტანა, მეტი რაღა გინდა?! – საუბარში სანდრო ჩაერია და მარი უცებ მიხვდა, რომ სანდრომ თვალის ასახვევად დაიჭირა მისი მხარე. გაეღიმა საკუთარ გულუბრყვილობაზე, თავისი ნივთები ისევ პაკეტში ჩაყარა და შემოსასვლელისკენ გაემართა. სანდრო უკან გაჰყვა, – სად მიდიხარ?

– პოლიციაში და შენთან განქორწინებას ვაპირებ, – არც შეუხედავს, ისე მიუგდო მარიმ ეს სიტყვები.

– რაღაც ნაჭრების გამო?!

– არა, იმის გამო... ვერც კი ხვდები, რის გამო, – მარიმ კარი გაიჯახუნა. პოლიციაში წასვლას არ აპირებდა, პაკეტს დახედა: ამ შემთხვევის მადლიერიც კი იყო, ეს რომ არა, ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს მოუწევდა დამცირებისა და შეურაცხყოფის ატანა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი