რომანი და დეტექტივი

ოჯახი

№8

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 04.03, 2023 წელი

ოჯახი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #7 (1155)

– ეს არაა პრობლემა. პირად ანაბარზე ორმოცდაათი ათასი დოლარი მიდევს. შემიძლია, ნებისმიერ დროს გამოვიტანო. ხოლო თუ ეს ფული არ გვეყო, მაშინ ჩემს ძვირფას სამკაულებსა და მანქანასაც გავყიდი და ერთი ამდენსაც აქედან შევაგროვებ. ხოლო თუ არც ეს ეყო, მაშინ საირმის გორაზე რომ მეორე სახლია, იმას გავყიდი. ჩემზეა გაფორმებული. – უთხრა ნატომ ეთოს.

ქალს ჩაეცინა და ნატოს უთხრა:

– ამდენი ნამდვილად არ დაგვჭირდება, ჩემო ნატუკა. თუმცა, ბონდო რომ ჩამოვა, ყველაფერს მაშინ დავაზუსტებთ.

ეთომ და ნატომ კაფეში ოთხ საათზე მეტი დაჰყვეს და ნატუკამ დედამისის თანაკლასელი ჯერ სახლში მიიყვანა, შემდგომ კი სწრაფი სვლით მთაწმინდის პარკისკენ აიღო გეზი, რომ ნერვები ფუნიკულიორის ასწლოვან ნაძვებში სეირნობით დაემშვიდებინა. იმავდროულად კი, მობილური ჩართო, რომელიც ეთოსთან შეხვედრის დროს გამორთული ჰქონდა. ეგრევე ზარი შემოვიდა, დურუ რეკავდა. გოგონამ ზიზღით დახედა ეკრანს. შემდეგ მთელი ნებისყოფა მოიკრიბა და უპასუხა:

– ჰო, მამა.

– მადლობა ღმერთს, შვილო. სად ხარ ამდენ ხანს. ტელეფონი რატომ გქონდა გამორთული? – იკითხა დურმიშხან კობერიძემ.

– დამჯდარი ყოფილა და ახლა შევნიშნე. ჩემს ჯგუფელებთან ერთად ვიყავი და ისე გავერთე, რომ ვერც კი შეგეხმიანეთ, – მიუგო ნატომ.

– არ მოდიხარ? – იკითხა დურუმ.

– რაღაც დავიგრუზე და ფუნიკულიორზე ავდივარ განსატვირთავად. მაქსიმუმ, ორ საათში მოვალ, – თქვა ნატომ.

– მოხდა რამე? – დაინტერესდა დურუ.

– ისეთი არაფერი. ჩემს დაქალს შეყვარებული გაექცა. სხვა გოგოზე იქორწინა და ვამშვიდებდით, – თქვა ნატუკამ, თუმცა დაქალის ისტორია არ გამოუგონია, სიმართლე იყო.

– კარგი, კარგი, მე და დედა გელოდებით, შვილო. ფრთხილად იმოძრავე და მალე მოდი, – თქვა დურუმ და ტელეფონი გათიშა.

ნატო ორ საათში სრულიად დამშვიდებული დაბრუნდა სახლში, თუმცა დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ ტრადიციული რიტუალი ჩაეტარებინა და დურუსა და ოლოს ჩახუტებოდა.

***

ეთოსა და ნატოს პირველი შეხვედრიდან ხუთი დღე რომ გავიდა, ეთერ მამალაძემ გოგონას დაურეკა და უთხრა:

– ნატუკა, ბონდო დაბრუნდა მოსკოვიდან და შეგიძლია, დღეს ჩვენთან მოხვიდე?

– დიახ. რომელ საათზე და სად მოვიდე? – იკითხა ნატომ.

– მე სადაც მიმიყვანე, იქ. მეხუთე სართულზე რომ ამოხვალ, ლიფტიდან მარჯვენა, შავი კარია. ერთ საათში მოხვალ?

– დიახ. ერთ საათში მოვალ.

ერთი საათის შემდეგ ნატო უკვე ეთოსა და ბონდოს სახლში იყო. ბონდომ ყურადღებით შეათვალიერა გოგონა და ცოლს უთხრა:

– ზედგამოჭრილი ლადიკო მესხია, ტყუპისცალივით ჰგავს მამამისს.

ნატო სავარძელში მოთავსდა. ეთომ მას ყავა მიართვა, ბონდომ კი პირდაპირ დაიწყო:

– საქმე მთლად კარგად არაა, ჩემო ნატო. როგორც ეტყობა, ბაბუაშენმა იჩქარა და ლადიკოს სროკის დამთავრებამდე ორი თვით ადრე მოუწყვეს პროვოკაცია, თანაც, როგორი?

– როგორი, ბონდო ბიძია? – იკითხა გოგონამ.

„ბონდო ბიძიაზე“, ბონდოს გაეღიმა და გოგონას უთხრა:

– უმჯობესია, ბონდო დამიძახო. რაც შეეხება პროვოკაციას, პროვოკაციაცაა და პროვოკაციაც. ამჯერად ლადიკოს ქათმები მიუგზავნეს.

– ქათმები? – ვერ მიხვდა ნატო.

– თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, გეები. ციხეში მათ ქათმებს ეძახიან. ჰოდა, ქათმები მიუგზავნეს და მათ ლადიკოსთვის ხელი უნდა ჩამოერთმიათ. ციხეში კი ხელის ჩამორთმევა კი არა, ქათამმა თითი რომ დაგადოს სხეულზე, აღარავინ მოგეკარება და გაგრიყავენ. გარიყული კი იქ დაღუპული კაცია. ქათმები სამნი იყვნენ და საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ ლადიკოს ძალით შეეხებოდნენ. მამაშენმა კი ეს რომ არ მომხდარიყო ქათმებს არმატურის დრინით დასცხო და ახლოს არ გაიკარა. სამივე ძირს დაყარა და ასე დაიცვა თავი. ის სამნი კი საშინელ დღეში არიან. ორ მათგანს ტვინის მძიმე შერყევა და მრავლობითი მოტეხილობები აქვთ. მესამე კი უფრო მძიმედაა, გათიშულია, კომაშია და თუ მოკვდა, ლადიკოს უვადო პატიმრობა არ ასცდება. თუმცა, რომც გადარჩეს, მამაშენს, მინიმუმ, ათ წელს დაუმატებენ. აი, ასეთი სიტუაციაა. ამჟამად ის ურალში, სოლიკამსკის ცნობილი „ბელი ლებედის“ ერთადგილიანშია მოთავსებული და სასამართლოს ელოდება. როგორც კი ზონაში ეს ამბავი მოხდა, ორ საათში „ბელი ლებედში“ გადაიყვანეს. ეს ზონა ციხიდან ორმოცდაათ კილომეტრშია. ექვსი თვე ვიჯექი იქ, – თქვა ბონდო კვაჭაძემ და სიგარეტი გააბოლა.

– როგორ უნდა ვუშველოთ? – ხმის კანკალით იკითხა ნატომ.

– მხოლოდ პაბეგით. ანუ გაქცევით. გაქცევა უნდა მოვუწყოთ. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დურუ დიდ ფულს იხდის მამაშენის ციხეში ამოლპობისთვის, – თქვა ბონდომ.

– ალბათ, ფული უნდა გადავუხადოთ, ვინც მამაჩემს გააქცევს. მითხარით, რამდენია საჭირო და მოვიტან, – თქვა თვალებაწითლებულმა ნატომ.

– ეს, ჩემო გოგონა, არც თუ ისე ადვილი საქმეა, – თქვა ბონდომ და დაამატა, – რიგით ზონაზე ან რიგით ციხეზე რომ იყოს ლაპარაკი, ეს საქმე იოლად და თავად გაკეთდებოდა. რამდენიმე ათასს გადაიხდიდი და გააქცევდნენ. თუნდაც კარცერში რომ ჩაესვათ, გაქცევის უფრო მეტი შანსი იქნებოდა. ლადიკო კი „ბელი ლებედშია“ გამომწყვდეული. ეს კი უსერიოზულესი პრობლემაა. ძალიან დიდი ხანია, რაც ეს ციხე არსებობს და იქიდან ჯერ არავინ გაქცეულა. თუმცა არაერთი მცდელობა იყო.

– ესე იგი, გაქცევის შანსი არაა? – თქვა ნატომ და ცრემლები წამოუვიდა.

– „ბელი ლებედიდან“ – თითქმის არა, მაგრამ ერთი ვარიანტია და შეიძლება იმან გაამართლოს, თუკი კარგ შემსრულებლებს ვიპოვით, – თქვა ბონდომ და დაამატა, – მათ შეიძლება მოახერხონ მაშინ, როდესაც მამაშენს სასამართლოზე წაიყვანენ ან იქიდან წამოიყვანენ, ან, სულაც, სასამართლოზე. მთავარია, ისეთი ბრიგადა ვიპოვოთ, ვინც ამ საქმეს ხელს მოჰკიდებს.

– თქვენ შეგიძლიათ ასეთი ხალხის პოვნა? – იკითხა ნატომ.

– პრინციპში, ვიცნობ ასეთ ხალხს, მაგრამ აიღებენ თუ არა ამ საქმეს, ვერ გეტყვი. ან რამდენს მოითხოვენ, არც ეს ვიცი, – მხრები აიჩეჩა ბონდომ.

– რამდენიც არ უნდა მოითხოვონ, მე თანახმა ვარ. მილიონ დოლარზე მეტს ხომ არ მოითხოვენ? ამდენის მოტანა ერთ კვირაში შემიძლია, – თქვა ნატომ, ეთოს გახედა და დაამატა, – ეთოს ვუთხარი იმ დღეს, სახლი მაქვს საირმის გორაზე და კლიენტიცაა, რომელიც ნახევარ მილიონს ეგრევე გადაიხდის.

– ამდენი არ დასჭირდება. მთავარია, ხელი მოჰკიდონ ამ საქმეს და გააკეთონ.

– სასამართლო როდის უნდა იყოს? – იკითხა ნატომ.

– ალბათ, მაქსიმუმ, ერთ თვეში. საერთოდ, ასეთი ტიპის სასამართლო ერთ კვირაზე გვიან არ ტარდება. მაგრამ, როგორც ეტყობა, იმ ქათმის სიკვდილს ელოდებიან, რომ უვადო მისცენ და ამიტომაც წელავენ, – თქვა ბონდომ. პაუზის მერე კი დაამატა, – როგორც არ უნდა იყოს, ამ საქმის გადადება არ შეიძლება, დროზე უნდა მოვძებნოთ შესაბამისი ბრიგადა. ამისთვის კი ისევ რუსეთში უნდა გავემგზავრო.

ნატომ ჩანთიდან ასდოლარიანების ხუთი დასტა ამოიღო, მაგიდაზე დაალაგა და თქვა:

– აქ ორმოცდაათი ათასი დოლარია. ანაბარზე მქონდა და აქ რომ მოვდიოდი, გამოვიტანე. აიღეთ და რუსეთში გაემგზავრეთ. მე კი, როგორც გითხარით, თუკი საჭირო იქნება, კიდევ დავამატებ. ნახევარი მილიონის შოვნა უპრობლემოდ შემიძლია. მყიდველს უკვე ველაპარაკე და ასე მითხრა: თუ სახლის გაყიდვას გადაწყვეტ, მაშინ სამ დღეში ფულს ჩაგაბარებო.

ბონდო კვაჭაძემ ფული პატარა ტყავის ჩანთაში ჩადო და ორიოდე საათის მერე უკვე ცხინვალისკენ მიემართებოდა. შუაღამეზე ბონდო ვლადიკავკაზში ჩავიდა. გამთენიისას კი უკვე მოსკოვში ჩაფრინდა და თავის ძველ მეგობარს დაურეკა, რომელიც საჭირო ხალხს იცნობდა, ისეთებს, ვისაც მსგავსი რთული შეკვეთების შესრულება შეეძლოთ და რაც მთავარია, არ გადააგდებდნენ და არც გაყიდდნენ. თუ შეკვეთას აიღებდნენ, თითქმის ასპროცენტიანი ვარიანტით შეასრულებდნენ კიდეც.

***

ბონდო კვაჭაძის მოსკოვში გამგაზავრებიდან ერთი კვირის შემდეგ ნატო ბერლინში ლიკუნასთან ჩავიდა. შემდგომ კი „დებმა“ ჩეხეთისკენ აიღეს გეზი და კურორტ კარლოვი-ვარში ჩავიდნენ.

დურუსთვის ნატუკას საზღვარგარეთ გამგზავრება უცხო ხილი არ იყო და „შვილს“ წელიწადში რამდენჯერმე უშვებდა უცხოეთში ხან სამოგაზუროდ და ხან დასასვენებლად. ამჯერად კი რატომღაც არ მოეწონა ნატოს დაჟინება – ბერლინში, ლიკუნასთან უნდა ჩავიდე, ჩემი საყვარელი დაიკო მომენატრაო... თუმცა, უარი ვერ უთხრა და გაამგზავრა.

– ნატუკა, საყვარელო, რა მოულოდნელად ჩამოხვედი. ძალიან გამიხარდა შენი ნახვა! – შეეგება ლიკა ნატოს.

– საყვარელი დაიკო მომენატრა და მოულოდნელად ამიტომაც დაგადექი. დედიკო და მამიკო კი გავაფრთხილე, რომ შენთვის არაფერი ეთქვათ. მოკლედ, სიურპრიზი გაგიკეთე, დაიკო, – უთხრა ნატომ ლიკას და დედიკო, მამიკო და დაიკო ხაზგასმით წარმოთქვა.

ლიკუნას არ ესიამოვნა ეს ხაზგასმები, თუმცა, არც კი უფიქრია, რომ ნატო ყველაფრის საქმის კურსში იყო. ნატომ კი ლიკას უთხრა:

– კარლოვი ვარში ვიპ სასტუმროს ნომერი დავჯავშნე და უნდა წამომყვე, ჩვენებმა ეს არ იციან და იცოდე, არაფერი წამოგცდეს!

– რა ხდება მაინც? – იკითხა ლიკამ.

– გოგო, ცოტა თირკმელმა შემაწუხა და ჩუმად გავესინჯე ექიმს. იმან კი კარლოვი ვარში მირჩია სამკვირიანი დასვენება, – თქვა ნატომ.

– რამე სერიოზულია? – იკითხა ლიკამ.

– არა, უბრალოდ, მჩხვლეტს ხოლმე. თუმცა არც კენჭი მაქვს და არც სილა. სურათი გადავიღე და ვიცი, – თქვა ნატომ და დაამატა, – ექიმმა მითხრა საჭესთან ჯდომამ და გადაღლილობამ იცისო. მოკლედ, დიდი არაფერია. სამ კვირაში ფორმაში ვიქნები.

„დები“ მეორე დღეს უკვე მსოფლიოს საუკეთესო კურორტის ვიპ სასტუმროს აპარტამენტებში ნებივრობდნენ და ლიკუნას ისე მოეწონა იქაურობა, რომ გულჩათხრობილობამ და უხალისობამ საერთოდ გაუარა და ბედნიერად გამოიყურებოდა.

– როგორ მიხარია, დაიკო, რომ ასეთ კარგ ხასიათზე ხარ. მე მგონი, პირველად გხედავ ასეთს, – უთხრა ლიკუნას ნატუკამ ერთი კვირის შემდეგ და დაამატა, – იცი, რას გეტყვი, დაიკო?

– რას მეტყვი, დაიკო? – გაიმეორა ლიკუნამ.

– რას და უნდა დაქორწინდე. ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ხარ. კი, ბატონო, ვალტერი მართლა კარგი კაცი იყო და ღმერთმა აცხონოს, მაგრამ საფლავში ხომ არ უნდა ჩაჰყვე? ერთი შვილი მაინც არ უნდა გააჩინო? – უთხრა ნატომ ლიკას.

– რაღა დროს ჩემი შვილია, – ხელი ჩაიქნია ლიკამ. ნატო კი არ მოეშვა:

– არა, მართლა, ნუთუ დედობის ინსტინქტი არ გაწუხებს? წაკითხული მაქვს, რომ ეს ინსტინქტი ყველა ქალს აქვს, განურჩევლად იმისა, გათხოვილია ის თუ არა.

„დედობის ინსტინქტი“ – ამ ფრაზამ ლიკა შეაცბუნა და სახეზე წითელმა ფერმა გადაჰკრა. „დას“ მიუბრუნდა და უთხრა:

– რას ჩამაცივდი, გოგო, რა გინდა ნეტავ?

– ერთი კარგი კაცი მყავს შეთვალიერებული და უნდა გაგირიგო, – სახუმარო ტონით თქვა ნატომ.

ლიკუნას შინაგანად ყველაფერი ეწვოდა და ყმუილი უნდოდა. მაგრამ თავს მოერია და ნატოს უთხრა:

– კარგი, გამირიგე, მხოლოდ მერე. აქ კი მოდი, დავისვენოთ და სხვა თემებზე ვილაპარაკოთ.

– მოსულა. მერე იყოს, – თქვა ნატუკამ და ლიკუნას ბადმინტონის თამაში შესთავაზა, რასაც ლიკა სიამოვნებით დათანხმდა.

დასვენების მეორე კვირა ილეოდა. ნატო და ლიკა შეხმატკბილებული ატარებდნენ დროს და თავს კარგად გრძნობდნენ. იმ დილით ჯერ ბადმინტონი ითამაშეს, შემდეგ მინერალური აბაზანები მიიღეს, წყალიც მიირთვეს და დასასვენებლად აპირებდნენ წამოწოლას, რომ კარზე დააკაკუნეს.

– ნატუკა, ნახე, ვინაა, – უთხრა ლიკამ ნატოს.

ნატომ კარი გააღო და ლიკას გასძახა:

– შენ გკითხულობენ.

– მე?

– ჰო.

– შემოიყვანე, ვინ არიან?

ნატომ სტუმრები წინ გაუშვა, თავად კარი გამოხურა და მათ უკან გაჰყვა. ლიკამ ახალომოსულები რომ დაინახა, გაშრა და პირში ენა ჩაუვარდა. თუმცა თავი მოთოკა და უთხრა:

– ეთო, ბონდო, თქვენ? აქ როგორ გაჩნდით?

– ჩვენს მეგობართან ერთად დასასვენებლად ვართ ჩამოსული. ამ დილით თვალი მოგკარით, ბადმინტონს რომ თამაშობდით, მაგრამ გვეჩქარებოდა და ვერ მოვედით. ახლა კი გესტუმრეთ. შენ არ გაგიხარდა? – თქვა ეთომ.

– უი, კი, როგორ არა? დავიბენი უცებ. ნატუკა, ესენი ბონდო და ეთო არიან, ჩემი ბავშვობის მეგობრები, გაიცანი, – თქვა ლიკამ. შემდეგ ცოლ-ქმარს გადაეხვია და სავარძლებზე მიუთითა, დასხედითო.

– მეგობარი გველოდება გარეთ. უხერხულია, ლიკუნა. როგორც ვხედავ, დასვენებას აპირებდით და ხელი შეგიშალეთ. მოდი, ახლა წავალთ და მერე შემოგივლით, – უთხრა ეთომ ლიკას და წამოდგომა დააპირა.

– არა, რა დასვენება, თქვენ მეგობარსაც დაუძახეთ. სადაა? – თქვა ეთომ.

– დერეფანში დგას, – თქვა ეთომ და ნატოს უთხრა, – რომ გახვალ, ხელმარცხნივ წითელპერანგიანი კაცი დგას და შემოიყვანე.

ნატო მკვირცხლად გავიდა დერეფანში და ორიოდე წუთში წითელპერანგიან მამაკაცთან ერთად დაბრუნდა, რომლისთვისაც ხელკავი ჰქონდა გამოდებული. ლიკამ რომ ახალმოსული დაინახა, თვალები გაუფართოვდა და ერთიანად გათეთრდა. უნდოდა, მთელი ხმით ეკივლა, ლადიკოო, მაგრამ მისმა ყელმა ხრიალი გამოსცა.

ლადიკო ოცი წლის უნახავ საყვარელ ქალთან მივიდა, გულში მაგრად ჩაიკრა და კოცნა დაუწყო, თან ცრემლებად იღვრებოდა. ბონდო და ეთო ხმით ტიროდნენ. მხოლოდ ნატუკა იღიმებოდა და ამბობდა, როგორც იქნა, დედ-მამა მეღირსა და ახლა ნამდვილი ოჯახი ვართო.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი