რომანი და დეტექტივი

ოჯახი

№43

ავტორი: ნიკა ლაშაური 16:30 29.10

რომანი 2
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #42 (1242)

ციხეში რომ ვიჯექი, სულ ლიკაზე ვფიქრობდი. მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ კრიმინალურ გზაზე არასდროს დავმდგარიყავი, თუმცა, ციხეში უამრავი ავტორიტეტული ნაცნობობა გავიჩინე და ისინი თავისთან მეძახდნენ. მართალია, „შავ სამყაროში“ კრიმინალური სტატუსი არ მქონდა, მაგრამ რუსეთის საპყრობილეებში „სწორად ჯდომით“ ამ ხალხის პატივისცემა დავიმსახურე. ლიკასგან წამოსულს კი უკვე ყველაფერზე ხელი მქონდა ჩაქნეული. თავის მოკვლაზეც კი ვფიქრობდი, მაგრამ გადავიფიქრე და გადავწყვიტე, ბოლომდე მივწოლოდი ერთ საქმეს და ამ საქმედ მე ქურდული ცხოვრება ავირჩიე. თბილისიდან მოსკოვში გავემგზარე და ავტორიტეტულ ქურდებს განვუცხადე, რომ მათი ოჯახის წევრობა მინდოდა. მათ კი სიამოვნებით მიმიღეს და შევუდექი საქმეს... ორჯერ დამიჭირეს. პირველად 7, მეორედ კი 8 წელი მომისაჯეს და სწორედ მეორე „სროკის“ დროს მივიღე ქურდის სტატუსი ციმბირის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. სწორედ იქ შევხვდი „ჯემოს“, იგივე ჯემალ ფაღავას. მისგან „განდობილი მისიით“ დავბრუნდი სამშობლოში 15 წლის შემდეგ და ლიკას მივადექი... ერთხანს ვყოყმანობდი, შემდეგ ზარი დავრეკე და დაველოდე. კარი რომ გაიღო, ზღურბლზე ლიკა გამოჩნდა. თხელ, საზაფხულო სამოსში იყო გამოწყობილი და ძალიან უხდებოდა. დამინახა თუ არა, მიცნო. ჩემდა გასაკვირად, ძალიან გაუხარდა. გადამეხვია. შემდეგ ხელი ჩამკიდა და მითხრა:

– შემოდი, ზვიო, რა ზღურბლზე დგახარ?

– შენი ქმარი არ იეჭვიანებს?

– არა, ზვიო. მეუღლე რა ხანია, გარდამეცვალა და აქ მხოლოდ მე და ზვიადი ვცხოვრობთ.

– შენი ვაჟი?

– ჰო. ჩემი ვაჟი. ზვიადი ჰქვია და ოცდაოთხი წლის ვაჟკაცია. ძალიან მაგარი იურისტია და ამჟამად ამერიკაშია სასწავლებლად.

– ესე იგი, მარტო ხარ?

– ესე იგი, მარტო ვარ, – მითხრა ლიკამ და დაამატა, – აქ რა ქარმა გადმოგაგდო?

– „პაბეგში“ ვარ, ლიკუნია, „პაბეგში“ და პოლიცია მეძებს. ალბათ, ახლა მთელი საქართველოს „ძაღლობა“ დგას ფეხზე.

– რა დააშავე ასეთი?

– არც არაფერი, სიმართლე რომ გითხრა, – ვუთხარი ლიკას და დაწვრილებით მოვუყევი ლარსიდან დაწყებული ჩემი სახლიდან გაქცევის ამბით დამთავრებული. ბოლოს კი დავამატე, – ფულს მთხოვენ, დიდ ფულს. ასე მითხრეს, ფულის „დასათრევად“ ხარ აქ ჩამოსულიო. მოკლედ, აქაურ „ძაღლებს“ გინდა, პოლიცია დაარქვი და გინდა – ჟანდარმერია, მაინც არაფერი შველით. როგორებიც იყვნენ, ისეთებად დარჩნენ.

ლიკამ შემათვალიერა და მითხრა:

– თუ სწორად მივხვდი, დასამალი ადგილი გჭირდება, რომელიც არ გაქვს.

– კი. სწორად მიხვდი.

– ჰოდა, იყავი აქ, სანამ შენს საქმეებს არ მოაგვარებ. მე ახლა სადილს მოგიმზადებ, მშიერი იქნები, – მითხრა ლიკამ და სამზარეულოში გავიდა.

საკმაოდ გაოცებული ვიყავი ლიკას საქციელით. ეჭვიც კი შემეპარა, რამეს ხომ არ მიჩალიჩებს-მეთქი და ამ ჩემმა ეჭვებმა სამიოდე დღის შემდეგ ჰპოვეს გაგრძელება. დილა იყო. ლიკა სურსათის საყიდლად სუპერმარკეტში ჩავიდა, მე ტელევიზორს ვუყურებდი. ამ დროს სახლის ტელეფონმა დარეკა და ვუპასუხე:

– გისმენთ.

– თუ შეიძლება, ქალბატონ ლიანას სთხოვეთ? – მომესმა ახალგაზრდა კაცის ხმა.

– გასულია და მალე მოვა, – ვთქვი მე.

მან კი ნერვიულად განაგრძო:

– ბოდიშს გიხდით, რომ გაწუხებთ, მაგრამ ქალბატონ ლიანას მობილური გამორთული აქვს და სახლში ამიტომ დავრეკე. როგორც კი მოვა, გადაეცით, რომ გენერალი ძნელაძე იბარებს. მე ბატონი ანზორის თანაშემწე ვარ და მითხრა, პოლკოვნიკს დაუკავშირდი და გადაეცი, მოვიდესო.

– უკაცრავად, ბოლო სიტყვები ვერ გავიგონე, ვის დაუკავშირდიო, რა ბრძანა გეგნერალმა? – ჩავეკითხე მე.

– პოლკოვნიკს, ქალბატონ ლიანას, – გამიმეორა თანაშემწემ. კიდევ ერთხელ მომიბოდიშა და ტელეფონი გათიშა.

– გამოდის, რომ ლიკა პოლკოვნიკია? – ჩავილაპარაკე და დავაყოლე, – აქ, რაღაც ხდება, მაგრამ რა?

ამასობაში ლიკაც მოვიდა. პროდუქტი მოიტანა, შემდეგ გათიშული მობილური ტელეფონი შეაერთა, ჩართო და ეკრანს ათვალიერებდა. მე ყურადღებით ვადევნებდი თვალყურს და ხმას არ ვიღებდი. ლიკამ ტელეფონი დადო და მითხრა:

– ზვიო, უნდა გავიდე და ვეცდები, მალევე დავბრუნდე. შენ კი უჩემოდ ისადილე.

მე არც ვაციე, არც ვაცხელე და ვუთხარი:

– გენერალ ძნელაძესთან მიდიხარ?

ლიკუნა არც კი შემცბარა, გამიღიმა და მითხრა:

– ტელეფონზე დამირეკეს, ხომ?

– დიახ. მე ველაპარაკე და შევიტყვე, თურმე, პოლკოვნიკი ყოფილხარ. პოლიციის, სამხედრო თუ ასე შემდეგ?

– ასე შემდეგ. უშიშროებაში ვმსახურობ და კონტრდაზვერვის ანალიტიკური სამსახურის უფროსი ვარ. გენერალი ანზორ ძნელაძე კი მინისტრია და როგორც ჩანს, გადაუდებელი საქმე გამოჩნდა, თორემ შვებულებაში ვარ და ტყუილუბრალოდ არ შემაწუხებდა.

ორივე ხელი ავწიე და ვთქვი:

– მეტი კითხვა არ მაქვს.

– რა ხელებს სწევ, ბიჭო, კი არ გაპატიმრებ.

ლიკუნას ბოლო სიტყვებზე წამოვწითლდი, რადგან მე მასში ეჭვი შემეპარა, ის კი ჩემს ეჭვებს მიხვდა და ამგვარად მიპასუხა. ლიკუნა წავიდა. სამიოდე საათში დაბრუნდა და მითხრა:

– არ დაიჯერებ, მაგრამ ანზორ ძნელაძემ შენ გამო დამიბარა.

– ჩემ გამო? – გულწრფელად გამიკვირდა, რადგან ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.

– მართლაც რომ, თავგამოდებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გეძებენ და მთელი აგენტურული ქსელი ფეხზე დგას. შენი საქმის შესწავლისას მე ამოვტივტივდი, როგორც შენი თანაკლასელი და რამდენიმე კითხვის დასასმელად დამიბარა გენერალმა.

– მაინც, რა აინტერესებს უშიშროებას, მე ხომ ქურდი ვარ და არა ტერორისტი ან პოლიტიკოსი?

– ეჭვი აქვთ, რომ მოსკოვიდან საქართველოში მთავრობის საწინააღმდეგო მისიის შესასრულებლად გამოგგზავნეს. პრეზიდენტს იდეაფიქსი აქვს, რომ ქურდების მეშვეობით მისი დამხობა ან ლიკვიდაცია მზადდება.

– რას ამბობ, რა სისულელეა?! მე წესიერადაც კი არ ვიცი, თუ რა არის შენახული იმ სამალავში, რომელიც „ჯემომ“ გამიმხილა. მან მითხრა, – შენ თვითონ განკარგე ყველაფერი. ჩვენს საძმოში როგორ გაანაწილოო და ესაა სულ. იქ ან მაყუთი დევს, ან ძვირფასეულობა და ეს ყველაფერი ქურდებს უნდა მოხმარდეს და არა ვიღაც გიჟის მოკვლას ან დამხობას.

– ვიცი, ზვიო, კარგად ვიცი. მაგრამ ამ შიზოფრენიკს ვერაფერს გააგებინებ, ისეა შეშინებული და ამიტომაც გეძებენ ასე გულმოდგინედ.

– ესე იგი, ლარსზე უშიშროების ხალხი დამხვდა?

– არა. პოლიციელები იყვნენ. და, როცა შენ გაიქეცი და შინაგან საქმეთა მინისტრმა პრეზიდენტს ეს ამბავი შეტყობინა, მხოლოდ მას მერე მოება ამ ყველაფერს ასეთი კუდი.

– რა ვქნა? რას მირჩევ?

– ცოტა ხანი მაინც ფსკერზე უნდა იწვე. შემდეგ კი შენი ობშჩიაკი აიღე და შევეცდები, საქართველოდან მშვიდობიანად გაგიყვანო რუსეთში.

– ეგ ძალიან სახიფათო რამეა. ღმერთმა არ ქნას და რომ გაგიგონ, თუ არ მოგკლავენ, ციხეში ამოგალპობენ. ამიტომ მე აქედან ახლავე წავალ და ორივემ დავივიწყოთ, რომ აქ ვიყავი.

ლიკუნას გაეცინა და მითხრა:

– როგორც კი გარეთ გახვალ და პირველივე ვიდეოთვალი დაგაფიქსირებს, ერთი საათიც არ იქნება გასული, რომ „აგაგდებენ“. ტოტალური ვიდეოკონროლის რეჟიმზე ხარ გადაცემული და ეგრევე დაიწვები. ამიტომ ჯერჯერობით აქ უნდა იჯდე.

– როდემდე?

– ეგ არ ვიცი, მაგრამ მოვიფიქრებთ, როგორ დავაღწიოთ თავი ამ კოშმარს.

– სხვა რა გზაა, – ავიჩეჩე მხრები და გავჩუმდი.

გადიოდა დღეები, მაგრამ სასიკეთო სიახლე არ ჩანდა. მე ისევ ინტენსიურად მეძებდნენ და როგორც ლიკუნამ მითხრა, პრეზიდენტს მკაცრად უბრძანებია ძალოვანი მინისტრებისთვის ცოცხლად აიყვანეთ და ყველაფერი დააყაჭინეთ, ვისი და რა კონკრეტული დავალებითაა აქ გამოგზანილი. მას მე პირადად დავკითხავ და თუ საჭირო გახდა, არც მის წამებას მოვერდებიო. ერთი სიტყვით, შიზოფრენიის უმაღლეს მწვერვალზე იმყოფებოდა და უკიდურესად საშიში იყო. ერთ დღეს ლიკუნამ მითხრა:

– მე მგონი, შენი აქედან გაყვანის საშუალებას მივაგენი. რას იტყვი, რომ პანკისიდან ჩეჩნეთში გადახვიდე. იქიდან კი მოსკოვში დაბრუნდები.

– რა უნდა ვთქვა, ლიკუნა. თანახმა ვარ, მაგრამ ჯერ საიდუმლო სამალავი უნდა ვნახო, – ვთქვი მე.

– კარგი, ერთად ვნახოთ. ჩემი მანქანით წავიდეთ, მაგრამ ძალიან ფრთხილად, – მითხრა ლიკუნამ.

როგორც კი დაღამდა, ლიკუნამ მანქანა სადარბაზოსთან მოაყენა. ჩავსხედით და კუკიის სასაფლაოსკენ გავემართეთ. იქ ერთი ძველი ქურდის საფლავი-აკლდამა იყო და საიდუმლო სამალავიც ამ აკლდამაში ინახებოდა. შევედით. ფანრით მინიშნებული ადგილი მოვძებნეთ და იქიდან უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული, ინკუსტრირებული ყუთი ამოვიღეთ. რომ გავხსენით, მასში რამდენიმე სქელი ქაღალდი იდო, რომლებზეც მოკლე ინგლისური ტექსტი იყო დაბეჭდილი.

– სულ ესაა? – ვთქვი მე და სამალავი დავათვალიერე, მაგრამ იქ მეტი არაფერი აღმოჩნდა.

ლიკუნამ კი ფარნის შუქზე გადახედა ტექსტს და მითხრა:

– ამაზე უკეთესს აქ ვერაფერს ვიპოვით. ყველაფერი წესრიგშია. წავედით!

სახლში მშვიდობიანად დავბრუნდით. ლიკუნამ ქაღალდებიანი ყუთი საიმედოდ შეინახა და ჩემი იქ ყოფნის განმავლობაში მე და ლიკუნამ პირველად გავიყავით სარეცელი და 25 წლის წინ მივიწყებული მხურვალე სიყვარულიც განვაახლეთ.

ქაღალდების აღმოჩენისა და გაცნობის შემდეგ ჩვენი თადაპირველი გეგმა შეიცვალა, რადგან ლიკუნამ მითხრა:.

– რას იტყვი, მეც შენთან ერთად რომ წამოვიდე? რუსეთში გამგზავრებას აზრი არ აქვს და აქედან გამომდინარე, შტატებში უნდა ჩახვიდე, ხოლო შემდგომ რუსეთშიც შეგეძლება ჩასვლა.

– მართლა ჩემთან ერთად წამოხვალ? – ვკითხე ლიკუნას.

– რა, არ გინდა? – გაეღიმა ლიკუნას.

– უბრალოდ, არ მჯერა.

– რატომ?

– რაც მე შენ გაგიკეთე, თანაც ნათქვამი გაქვს, – მოღალატე ხარ და თვალით არ დამენახვოო.

– ეს მაშინ იყო. ახლა კი გარემოება შეიცვალა, თანაც შენთვის სიურპრიზი მაქვს მომზადებული.

– რა სიურპრიზი?

– რომ ჩავალთ, იქ ნახავ.

– სამსახურს კარიერას რას უპირებ?

– ერთ კვირაში ხელშეკრულება მეწურება და აღარ განვაახლებ.

– აქედან როგორ გავემგზავრებით?

– თურქეთის გავლით. შენთვის საბუთები უკვე გავამზადე. სტამბოლში ოდნავ გარეგნობაშეცვლილი, მოლას სტატუსით ჩახვალ. იქიდან კი საოკეანო ლაინერით გავემგზარებით, – განმიმარტა ლიკუნამ.

ათი დღის შემდეგ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ლიკუნამ თქვა და მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე, როცა საოკეანო ლაინერი ამერიკისკენ დაიძრა. ათი დღე გზაში გავატარეთ. ნიუ–იორკში გამთენიისას ჩავედით და საბაჟოს გავლის მერე რომ ხმელეთზე გადავედით, ლიკუნამ მითხრა:

– წავედით ფირმაში, საქმეები უნდა ჩაიბარო.

საქმე ის იყო, რომ ქაღალდები, რომლებიც სამალავიდან ამოვიღეთ მსხვილი ნავთობკომპანიის მფლობელობას ადასტურებდა და შიგნით მხოლოდ სახელისა და გვარის ჩაწერა იყო საჭირო. მე მინდოდა, რომ ლიკა ჩამეწერა, მაგრამ მან ზვიად მალანია ჩაწერა და უზარმაზარ ცათამბჯენს რომ მივადექით, სწორედ ის აღმოჩნდა ამ კომპანიის ცენტრალური ოფისი. ავედით, საქმეთა მმართველი ვნახეთ და აღმოჩნდა, რომ ის ყველაფრის საქმის კურსში იყო. მან 33-ე სართულზე აგვიყვანა. უზარმაზარ კაბინეტში შეგვიძღვა და იქ მჯდომ ახალგაზრდას უთხრა:

– სერ, ეს საბუთები მოიტანეს და მიიღეთ. ჩაიბარეთ ოფისი.

ამ სიტყვების მნიშვნელობა ლიკუნამ მოგვიანებით ამიხსნა, მანამდე კი ჯერ ახალგაზრდას ჩაეხუტა, შემდეგ კი მე მომიბრუნდა და მითხრა:

– გაიცანი, ჩემი შვილია, 24 წლის ზვიად მალანია და ამ საბუთებში მისი ვინაობაა მითითებული.

თუ გული არ გამისკდებოდა არ მეგონა. ეს მშვენიერი ყმაწვილი ჩემს დაპატიმრებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩასახულა და 25-წლიანი განშორების შემდეგ ჩვენი ოჯახი შეიკრა.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა