რომანი და დეტექტივი

ოჯახი

№42

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 26.10

რომანი
დაკოპირებულია

როგორც კი ლარსს გამოვცდით და საქართველოში შემოვედით, ჩვენი „მარშრუტკა“ სამოქალაქო სამოსიანებმა გააჩერეს. „როჟებზე“ ეტყობოდათ, რომ „ძაღლები“ იყვნენ. ვივარაუდე, რომ მე მელოდებოდნენ და არც შევმცდარვარ. ერთ-ერთმა სალონში შემოიხედა და მითხრა:

– გადმობრძანდით!

გადავბრძანდი. უხმოდ დავდექი და დაველოდე.

„ძაღლებმა“ „მარშრუტკა“ გაუშვეს. იმ ერთ-ერთმა კი ოციოდე მეტრში მდგომ მიკროავტობუსზე მიმანიშნა და მკითხა:

– იცით, იმ „მარშრუტკაში“ ვინ სხედან?

– არა, – თავი გავაქნიე.

– ტელევიზიები. ჩვენს ნიშანს ელოდებიან, რომ გადმოვიდნენ და გადაგიღონ. ჩვენ კი გკითხავთ, კანონიერი ქურდი ხართ? თუ კის იტყვით, მაშინ 283-ე პრიმათი ათწლიან „სროკზე“ წახვალთ. თუ – არას, მაშინ ამ კადრებს „ინტერნეტით“ გაგივრცელებთ და კოლეგები მოგხედავენ. აბა, რას იტყვით ამის შესახებ?

– რა უნდა ვთქვა, უფროსო, „იასნია“, რომ „მიჩალიჩებთ“, მაგრამ რატომ, არ ვიცი.

– მე აგიხსნი, ზვიო-ჯან, – საუბარში მეორე „ძაღლი“ ჩაერია, რომელსაც ეტყობოდა, რომ დანარჩენების უფროსი იყო და დაამატა, – აქ რის გამოც ჩამოხვედი, ჩვენ უნდა ჩაგვაბარო.

– რის გამო ჩამოვედი?

„დანარჩენების უფროსს“ გაეცინა და „გამიიასნა“:

– თბილისში გადამალული ძველი ქურდული „ობშჩიაკის“ „დასათრევად“.

– არა, უფროსო, ვიღაცას მოუტყუებიხართ. მე სამშობლოში ჩამოვედი. თხუთმეტი წელია, აქ არ ვყოფილვარ და აქაურობა ძალიან მომენატრა. ჩემი უბანი, სახლი...

– კი, ბატონო, მასე იყოს. მაშინ ჟურნალისტებს ვუხმობ. შენ კი პასუხისთვის მოემზადე ან ათწლიანს აიკრავ, ან არაქურდობას. ხოლო აქაურ ციხეში რომ შეგასახლებენ, იატაკზე მოგიწევს ძილი, პარაშასთან. ქურდული საკნები აღარ გვაქვს. გავაუქმეთ და არ გამოვრიცხავ, რომ „პიდარასტების“ გვერდით აღმოჩნდე. რას იტყვი, გხიბლავს ასეთი პერსპექტივა?

სიმართლე რომ ვთქვა, გაგონილი კი მქონდა, თუ რა მძიმე ვითარებაში იმყოფებოდა ჩემი საძმო აქ, მაგრამ ასეთ „ბესპრეძელს“ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. „სროკის“, რა თქმა უნდა, არ მეშინოდა, მაგრამ ასეთი პირობით ციხეში ჩაჯდომას სიკვდილი სჯობდა. სიკვდილი კი ნამდვილად ნაადრევი იყო. ქურდობაზე უარის თქმაც სიკვდილის ტოლფასი იყო, თანაც, ციხეში მაინც ჩამსვამდნენ და სხვა „პრიჩინით“, ამიტომ სხვა გადაწყვეტილება უნდა მიმეღო და „ძაღლს“ ვუთხარი:

– არ გინდა. ჟურნალისტებს არ დაუძახო. თანახმა ვარ, მხოლოდ ერთი პირობით.

– რა პირობით?

– ჩემს სახლში უნდა მივიდეთ და ეს „ქსივა“ პირადად მე უნდა მოვძებნო.

– რა „ქსივა“? – გაუკვირდა „ძაღლს“.

– სადაც ობშჩიაკის ადგილსამყოფელია აღნიშნული.

– შენ რა, ზეპირად არ იცი?

– არ ვიცი. ჩემს სახლში ყოფილა შენახული და „ჯემოს“ „დაუზაგაჟნიკებია“, სანამ „სროკზე“ წავიდოდა.

– ესე იგი, შენ არ იცი, „მაყუთი“ სადაა შენახული?

– არ ვიცი, „ჯემომ“ რომ ეს „ქსივა“ დამალა, მე ჯერ ქურდად ნაკურთხიც არ ვიყავი და ვინ მეტყოდა? ეს ამბავი შარშან შევიტყვე. ციმბირის ზონაში ერთად ვიხდიდით „სროკს“ და სიკვდილის წინ მითხრა მან. თუმცა, თქვენც ხომ კარგად იცით ეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირდაპირ მე ხომ არ მომადგებოდით?

– კი. ვიცოდით. მოგვიტანა ამბავი ჩიტმა.

– და ეს ჩიტი „ბეღურაა“ ხომ?

– აბა, ბეღურა? – ვითომ გაუკვირდა „ძაღლს“.

– ბადრი ჩიტაძე, მეტსახელად „ბეღურა“. მაგის მეტი ვერავინ მოგიტანდათ ამ ამბავს. სულ ჩვენ გვიტრიალებდა ირგვლივ. ამ ექვსი თვის წინ გათავისუფლდა და ჩაგიკაკლათ ხომ ყველაფერი?

– ზვიო-ჯან, ზედმეტ ლაპარაკს მოვეშვათ და საქმეს მივხედოთ. ყველასთვის ასე აჯობებს, – მითხრა „ძაღლმა“, მე კი დავაყოლე:

– საინტერესოა, იმ „ბოზმა“ საიდან შეიტყო, რომ ობშჩიაკის მაყუთის „ბაზარი“ იყო.

– მალანია, შეეშვი ძიებას და საქმეს მივხედოთ. ასე აჯობებს, – ცინიკურად მითხრა მთავარმა და უცებ თავში ერთმა აზრმა დამკრა: „ცხონებული ჯემალ ფაღავა, იგივე „ჯემო“, კი იყო ხანში შესული, მაგრამ საკმაოდ ჯანზე იყო და უცებ, მოულოდნელად გარდაიცვალა. მე რომ საიდუმლო გამანდო, ხუთ დღეში დალია სული. მკვდარი რომ ვნახე, გაშავებული იყო და თქვეს, ინფარქტიაო. თუმცა, ერთმა პატიმარმა, პროფესიით ექიმმა, ივარაუდა, ხომ არ მოწამლესო? ჩიტაძემ ხომ არ მოწამლა? მანამდე კი საიდუმლო ათქმევინა?..“ ერთი სიტყვით, ეს ვერსია საკმაოდ დამაჯერებელი ჩანდა და ყელში სისხლმა ამომასხა. თუმცა თავი შევიკავე და ვთქვი:

– მართალი ხარ, უფროსო, წავედით. „ქსივა“ მოვძებნოთ.

„ძაღლები“ რაკეტასავით გამოფრინდნენ თბილისისკენ. გზაში იმ „მარშრუტკასაც“ კი გამოვასწარით, რომლთაც ვლადიკავკაზიდან გამოვემგზავრე. ჯერ კიდევ შუადღე არ იყო, რომ მთაწმინდაზე, ჩემი სახლის ეზოში შევედით. თხუთმეტწლიანი განშორების შემდეგ მშობლიურ ქალაქში, უბანსა და სახლში დაბრუნებამ გული ამიჩუყა, მაგრამ ამის დრო არ იყო. წინასწარ მოფიქრებული გეგმა წარმატებით უნდა განმეხორციელებინა და ამისთვის მობილიზება იყო საჭირო. სახლის გასაღები კვლავ კარის მარცხენა კუთხეში ეკიდა. სანამ ციხეში ვიჯექი, დედ-მამა ერთმანეთის მიყოლებით გარდამეცვალა და გასაღები, ალბათ, ჩემმა მეზობლებმა დააბრუნეს თავის ჩვეულ ადგილზე. ჩამოვხსენი, საკეტს მოვარგე და კარი გავაღე. ჩემდა გასაკვირად, არც შუქი იყო ჩაჭრილი, გაზიც ფუნქციონირებდა და ბინაც დალაგებული იყო. ერთი მხრივ, გამიხარდა ასეთი ყურადღება. აშკარა იყო, რომ სახლს მეზობლები უვლიდნენ, მეორე მხრივ კი, ცოტა არ იყოს, ვნერვიულობდი. სასწრაფოდ გავემართე ბიბლიოთეკისკენ და უზარმაზარ ბროლის სარკესთან შევჩერდი, რომელსაც კედლის დიდი ნაწილი ეკავა. ეს სარკე 150 წლის იყო და ჯერ კიდევ მამაჩემის დიდი ბაბუის მიერ იყო მოტანილი. სარკის ბროლი პრიალებდა. მის წინ შევჩერდი. საკუთარი თავი შევათვალიერე და ჩემი ბავშვობა გამახსენდა. ბაღში და სკოლაში წასვლის წინ, ყოველთვის ამ სარკის წინ ვდგებოდი. თმასა და ტანსაცმელს შევისწორებდი ხოლმე და მხოლოდ ამის შემდეგ გავდიოდი სახლიდან.

სარკეში ხუთი პოლიციელის ფიგურა რომ დავინახე, ჩემი მოგონებებიც ამაზე შეწყდა. ისინი ჩემს უკან იდგნენ და შემომყურებდნენ.

– რაზე ჩაფიქრდი, მალანია? – მკითხა „ძაღლების“ უფროსმა.

– ბავშვობა გამახსენდა, უფროსო.

– მაგარი გოთვერანი ვინმე იქნებოდი, – მითხრა პოლიციელმა.

სარკისგან ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე, დავიხარე, ვითომ შარვლის ტოტი გამესწრებინა და ვუპასუხე:

– სამართლიანი და ძალიან „შუსტრი“ ბავშვი ვიყავი.

– შუსტ... – პოლიციელს სიტყვა გაუწყდა, რადგან სპრინტერის სასტარტო პოზიციიდან ადგილს მოვწყდი. უზარმაზარი ბროლის სარკე მარჯვენა ბეჭით შევანგრიე და საიდუმლო ღია კარში ისარივით შევვარდი. რკინის კარი სწრაფად მივხურე და ჩავრაზე. წამით გავჩერდი. კარს მიღმა მდგომ პოლიციელებს ვუთხარი: მშვიდობით, ძაღლებო, წავედი-მეთქი და სწრაფი ნაბიჯებით გავუყევი ოცმეტრიან გვირაბს, რომელიც ჭონქაძის ქუჩაზე უზარმაზარ საკანალიზაციო კოლექტორს უერთდებოდა. ეს საიდუმლო გვირაბი მამაჩემის ბაბუის მიერ იყო გათხრილი 1901 წელს. ჩემი წინაპარი ძველი ბოლშევიკი იყო. თავის სახლში დევნილ კატორღელებს მალავდა. აქვე იმართებოდა არალეგალური შეკრებები და რევოლუციონრები ამ საიდუმლო გვირაბით მოძრაობდნენ. ჩვენს სახლში, თურმე, თავად სტალინიც დადიოდა და ბაბუაჩემის მამა მას კობათი მიმართავდა. პირველად ამ გვირაბის შესახებ 17 წლის ასაკში შევიტყვე. ერთ დღეს მე და ჩემი ძმაკაცი კოტიკო მიქაძე ერთი „ფაშისტი ცეხავიკის“ ბინაში შევძვერით და მაყუთი მოვიპარეთ. 900 მანეთი იყო და იმ პერიოდში ეს დიდ თანხას წარმოადგენდა. კოტიკოს თავანი ჰქონდა ჩასაბარებელი, სეკაში 80 მანეთი წააგო სოლოლაკელებთან და დილით უნდა მიეტანა. „ბაითიდან“ რომ გამოვედით, „ცეხავიკის“ ცოლმა დაგვწვა, ყვირილი ატეხა და მოვტყდით. ქუჩაში კი კალინინის რაიონის მილიციის ოპერები იყვნენ შემოვლაზე და გამოგვეკიდნენ. მე და კოტიკომ სულ ჩორნი ხოდებით ვირბინეთ და ჩემთან მივედით. ძაღლებიც უკან არ მოგვყოლიან? მხოლოდ მამაჩემი იყო სახლში. ბრაგუნი რომ ატყდა, კოტიკომ მამაჩემს უთხრა:

– მილიცია მომდევს. გუშინ ჩხუბი მომივიდა და ერთი ბიჭი ვცემე. დედამისმა მიჩივლა. დღეს სახლში დამადგნენ. ზვიოც იქ იყო და გამოვიქეცით, რომ ჩამავლონ ცემით მომკლავენ. იმ ბიჭის ბიძა მილიციელიაო.

ბრახუნი ძლიერდებოდა მამაჩემმა ბიბლიოთეკაში შეგვიყვანა, კედლის საათი გააღო, პატარა ღილაკს თითი დააჭირა და ბროლის სარკე უხმაუროდ გაიღო. გამოჩნდა გვირაბი და მამამ გვითხრა:

– შედით და გაისუსეთ, რომ წავლენ, გამოგიყვანთ.

შევედით. სარკე კვლავ თავის ადგილს დაუბრუნდა, ჩვენ გავისუსეთ და თავიდან ბოლომდე მოვისმინეთ მილიციელების ლაპარაკი და გაბრაზებული ფუსფუსი. ისინი უშედეგოდ გვეძებდნენ და ბოლოს წავიდნენ.

სამალავიდან რომ გამოვედით, კოტიკომ წასვლა დააპირა, მაგრამ მამამ უთხრა:

– ამაღამ აქ დარჩი. შეიძლება, მილიციელები შორიახლოს არიან ჩასაფრებულები. შევატყვე, არ დამიჯერეს, რომ აქ არ შემოსულხარ და იქნებ, გელოდებიან კიდეც.

კოტიკომ დაუჯერა მამას და ჩვენთან დარჩა. დილით კი გვირაბის მეშვეობით გავედით ჭონქაძის ქუჩაზე. ეზო-ეზო, მალულად ვიარეთ. სოლოლაკელებს თავანი ჩავაბარეთ და 820 მანეთიც დაგვრჩა. იმ ფულით „პაბეგში“ წასვლა არ გვქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ გადავრჩით. მილიციამ და „ცეხავიკმა“ არ იცოდნენ, რომ ქურდები ჩვენ ვიყავით და მხოლოდ ზურგიდან ვყავდით დანახული. ჩვენს ტანსაცმელს ცნობდნენ. ამიტომ, ის სამოსი შევკარით და მტკვარში გადავყარეთ. ფულის ნაწილით კი ვერცხლის ქუჩაზე ებრაელებთან ახალი „შმოტკები“ შევიძინეთ, დარჩენილი 220 მანეთით ორი კვირა ვგულაობდით ძმაკაცებთან ერთად.

ეს ყველაფერი მაშინ გამახსენდა, როდესაც პოლიციისგან გამოქცეული კანალიზაციის გვირაბში მივაბიჯებდი. გაქცევა ერთია, მაგრამ ბევრად უფრო რთულია „პაბეგში“ ყოფნა, მით უმეტეს, როცა წინასწარ არ გაქვს შერჩეული საიმედო კონსპირაციული ბინა. სულ რაღაც დღის 2 საათი იყო, როდესაც კოლექტორის გვირაბიდან ფრთხილად გამოვედი ნიაღვრის ქუჩაზე. სიტუაცია დავზვერე, შემდეგ მარჯვნივ გავუხვიე და სოლოლაკში ჭონქაძის ქუჩით დავეშვი, ჯიბეში 1 500 დოლარი და 300 ლარი მედო. ასევე, რუსეთის მოქალაქის პასპორტი. ფეხებს თავისით მივყავდი მაჩაბლის ქუჩისკენ და მაშინ მოვედი აზრზე, როცა ლიკა მახარაძის სადარბაზოსთან აღმოვჩნდი. შევჩერდი და მესამე სართულის ფანჯრებს ავხედე, სადაც ლიკა ცხოვრობდა. ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. ძალიან ცხელოდა და ადამიანები სიგრილეში შეყუჟულიყვნენ. „ავიდე თუ არ ავიდე?“ – ვიმეორებდი გუნებაში. ლიკას წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობდი და კარგად მახსოვდა ის სიტყვები: ზვიო, შენ მოღალატე ხარ და თვალით არ დამენახოო. ეს რომ გამახსენდა, ლიკასთან ასვლა გადავიფიქრე, მაგრამ ამ დროს ქუჩაზე პოლიციის საპატრულო მანქანამ შემოუხვია. მე სადარბაზოში შევედი და მძიმედ ავუყევი კიბეებს მესამე სართულისკენ, თან წარსულს ვიხსენებდი...

ლიკა მახარაძე ჩემი თანაკლასელი იყო და მეხუთე კლასიდან გვიყვარდა ერთმანეთი. გამოსაშვები ბანკეტიდან გაპარვა გვქონდა გადაწყვეტილი. უკვე თითქმის ცოლ-ქმარი ვიყავით. გრანდიოზული სამომავლო გეგმები გვქონდა დაწყობილი, მაგრამ ნათქვამია, კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო... სწორედ ბანკეტის ღამეს მოხდა ის ამბავი, რამაც მთელი ჩვენი გეგმები არია. სუფრას უნდა მოვსხდომოდით, რომ ამ დროს ქუჩიდან წივილ-კივილის ხმა შემოგვესმა. ფანჯრიდან გადავიხედეთ და ვიღაც ბიჭს ექვსი კაცი ურტყამდა. მე გასაშველებლად, უფრო სწორად კი მისაშველებლად, გავვარდი. ლიკა კართან დამხვდა, გზა გადამიღობა და მითხრა:

– ზვიო, ძალიან გთხოვ, არ წახვიდე. შარია, მილიცია მოვა და მიხედავენ.

– ახლავე მოვალ, ცოდოა, მოკლავენ იმ საცოდავს, – ვუთხარი ლიკას. გვერდით გავწიე და ქვევით გავვარდი.

ქუჩაში რომ გავედი, იმ საცოდავ ბიჭს გამეტებით ურტყამდნენ, უკვე ფეხებით. ის კი გათიშული ეგდო და არ რეაგირებდა. მე შუაში ჩავდექი და მოძალადეებს ვიგერიებდი, თან ვცდილობდი, სიტყვითაც გამეჩერებინა. უცებ ღამის ლამპიონის შუქზე დანამ გაიელვა, რომელიც ერთ-ერთმა მოძალადემ მომიქნია. მე ხელის დაჭერა და ხელის კვრა მოვასწარი, მაგრამ დანიანი წაიქცა და თავის დანას წამოეგო. მართალია, ის ცოცხალი გადარჩა, მაგრამ ოთხი თვე ებრძოდა სიკვდილს. როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, მე გამამტყუნეს, 10 წელი თავისუფლების აღკვეთა მომისაჯეს და ციხეში გამიშვეს... განაჩენი რომ გამომიცხადეს, სწორედ მაშინ მომაძახა ლიკამ ეს საშინელი სიტყვები: ზვიო, მოღალატე ხარ და თვალით არ დამენახოო... შემდეგ მწარედ ატირდა და სასამართლო დარბაზიდან გაიქცა. ციხეში ათი წელიწადი, რომ იტყვიან „ოტ ზვონკა დო ზვონკა“ მოვიხადე. თბილისში დავბრუნდი და პირდაპირ ლიკას მივადექი, მაგრამ მას უკვე ქმარი ჰყავდა და ათიოდე წლის ქერათმიანი ბიჭი.

– დააგვიანე, ზვიო. ქმარ-შვილი მყავს, – მითხრა ლიკამ. თვალებზე ცრემლები მოადგა და დააყოლა, – წადი, ზვიო, ძალიან გთხოვ, წადი!

– ლიკუნა, ვინაა? – მომესმა ოთახის სიღრმიდან მამაკაცის ხმა.

– არავინ. სანთლების გამყიდველია, – გასძახა ლიკამ და კარის დახურვა დააპირა. მე არ დავანებე და ვკითხე:

– ქმარია?

– ჰო. წადი, ზვიო, – მითხრა ლიკამ და კარი დახურა.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა