რომანი და დეტექტივი

ოჯახი

№7

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 25.02, 2023 წელი

ოჯახი
დაკოპირებულია

– ნატო, როგორც მოვილაპარაკეთ, ისე გავაკეთოთ და შეთანხმებას არ გადავუხვიოთ, ხომ? – თქვა ეთომ და გოგონას გაუღიმა.

– დიახ, დეიდა ეთო, – მიუგო გოგონამ ქალს და მანაც გაიღიმა.

– აი, უკვე არღვევ შეთანხმებას. ჩვენ ხომ ისიც ვთქვით, რომ ყოველგვარი დეიდისა და ქალბატონის გარეშე, მხოლოდ ეთოს დამიძახებ?! – თქვა ეთომ.

– ბოდიში, ეთო, – თქვა ნატომ.

– აბა, დროებით, ჩემო გოგონა, ფრთხილად იარე! ნახვამდის, – თქვა ეთომ. ნატოს აკოცა და მანქანიდან გადავიდა.

გოგონამ ავტომობილი ნელა დაძრა ადგილიდან და მხოლოდ მაშინ „აიწყვიტა“, როდესაც ეთო სადარბაზოში გაუჩინარდა. მათ შეთანხმებაში სიფრთხილე და მოძრაობის წესების დაცვაც შედიოდა. თუმცა 20 წლის გოგონასთვის შეუძლებელი იყო სიმშვიდის შენარჩუნება მას მერე, რაც ეთოსგან მოისმინა.

***

38 წლის ეთერ მამალაძე ნატო კობერიძეს ფიტნეს კლუბში დილით დაადგა თავზე და უთხრა:

– ნატო, ჩემო ლამაზო, ვარჯიშსა და პროცედურებს რომ დაასრულებ, იქნებ ერთი საათი დამითმო. შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს.

ნატო პირველად ხედავდა ამ ქალს და წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ იყო და რა უნდოდა. გოგონამ ყურადღებით შეათვალიერა უცნობი და უთხრა:

– კარგი, ქალბატონო. მალე მოვრჩები. მაქსიმუმ, ოც წუთში.

– მოსაცდელში დაგელოდები, ჩემო კარგო. ნუ იჩქარებ, – თქვა ეთომ და წავიდა.

ნატო ზუსტად ოც წუთში გამოვიდა დარბაზიდან და მოსაცდელში მჯდომ უცნობ ქალს უთხრა:

– გისმენთ, ქალბატონო, ჩემთან საქმე გქონდათ.

– აქ ვერ ვისაუბრებთ. წამოდი, ერთი მყუდრო ადგილი ვიცი. პატარა კაფეა და იქ გეპატიჟები. ხომ მანქანით ხარ?

– დიახ. წავიდეთ.

თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ ნატო და ეთო მყუდრო კაფეს პატარა კუპეში ისხდნენ. ყავასა და წვენს შეექცეოდნენ.

– მე ეთო მამალაძე ვარ. შენი მშობლების თანაკლასელი, – უთხრა ეთომ გოგონას.

– უკაცრავად, ქალბატონო ეთო, თანაკლასელი? – გაიმეორა ნატომ.

ეთოს გაეცინა და დაადასტურა:

– ჰო, ნატო, მე შენი მშობლების თანაკლასელი ვარ. თერთმეტი წელიწადი ერთად ვსწავლობდით.

გოგონამ ყურადღებით შეათვალიერა ეთო და უთხრა:

– ბოდიში, მაგრამ, თქვენ ჩემს დედ-მამაზე, ალბათ, ოცი წლით უმცროსი მაინც იქნებით და როგორ შეიძლება, თანაკლასელები ყოფილიყავით?

ეთოს სახიდან ღიმილი გაუქრა და გოგონას სერიოზული, საკმაოდ მკაცრი გამომეტყველებით დინჯად უთხრა:

– სწორედ ამის თაობაზე უნდა დაგელაპარაკო, ჩემო გოგონა. ყურადღებით მომისმინე. არ აღელდე და ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღო. მპირდები?

– დიახ. გპირდებით, – დინჯად მიუგო ნატომ და სახეზე შესამჩნევად აღებეჭდა ინტერესი.

ეთომ სიგარეტი გააბოლა და თქვა:

– დურუ კობერიძე და ოლო ოსაძე, ანუ ისინი, ვინც შენ დედ-მამა გგონია, სინამდვილეში შენი ბებია-ბაბუაა.

– რა ბრძანეთ? – იკითხა შემცბარმა ნატომ.

– შენ ხომ შემპირდი, რომ აუღელვებლად მომისმენდი?

ნატომ ეთოს სიტყვა გააწყვეტინა:

– ქალბატონო, ნუთუ შეიძლება, რომ ასეთი რამ აუღელვებლად მოისმინოს ნორმალურმა ადამიანმა. დურუ და ოლო ჩემი დედ-მამა არაა და ბებია-ბაბუაა? უფრო სწორად კი ბაბუა-ბებია?

– კი. ასეა.

– ჩემი დედ-მამა ვინღაა?

– ლიკა დედაშენია, მამაშენი კი ლადოა, გვარად მესხი.

– ლიკუნა? ჩემი და ლიკუნა დედაჩემია? – ირონიით იკითხა ნატომ და ეთოს ისეთი მზერა შეავლო, როგორც შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანს უყურებენ.

ეთოს მწარედ გაეცინა, ჩანთას დასწვდა, სურათების დასტა ამოიღო, თან ნატოს უთხრა:

– გიჟი არ ვარ. აი, ეს ჩვენი კლასია. აი, ლიკა კობერიძე. ეს კი ლადიკო მესხია – მამაშენი. აი, კიდევ ოთხი სურათი. აქ ლიკუნა და ლადიკო ვაკის პარკში არიან. სწორედ იმ დღეს გაიპარნენ. მაშინ ლიკუნა უკვე შენზე იყო ფეხმძიმედ.

გაფითრებული ნატო დაძაბული ათვალიერებდა სურათებს. ეთო კი თვალს არ აშორებდა გოგონას და მზად იყო, პირველადი დახმარება აღმოეჩინა მისთვის, თუკი გოგონა მიღებული სტრესისგან ცუდად გახდებოდა. ნატომ ღირსეულად გაუძლო ამ დარტყმას. ფოტოსურათები მაგიდაზე დააწყო და ეთოს უთხრა:

– ბოდიშს გიხდით შეურაცხყოფისთვის, ქალბატონო ეთო. ალბათ, აპირებთ ჩემი მშობლების ისტორია მომიყვეთ და გისმენთ.

ეთომ კვლავ გააბოლა და თქვა:

– დურუ და ოლო, ანუ შენი ბებია-ბაბუა და ლიკუნა ქუთაისში ცხოვრობდნენ, საფიჩხიაზე. მეც ქუთაისელი ვარ და მამაშენი ლადიკოც. მე და ლიკუნა ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით. ლადიკო კი – პარალელურ ქუჩაზე. სამივე ერთ კლასში ვსწავლობდით. ლიკუნასა და ლადიკოს პირველი კლასიდან უყვარდათ ერთმანეთი. დურუმ და ოლომ ეს ამბავი მაშინ გაიგეს, როცა სკოლას ვამთავრებდით და გადაირივნენ. ლიკუნამ – დედაშენმა თქვა ეს სახლში: ლადო მესხი მიყვარს და ცოლად უნდა გავყვეო. გაგიჟდა ბაბუაშენი, ჭკუიდან გადავიდა ბებიაშენი. მოკლედ, ლიკუნა და ლადიკო თბილისში გამოიპარნენ და ორი თვე ბიძაჩემის ბინაში ცხოვრობდნენ. ბიძაჩემს ვარკეთილში დაკეტილი ბინა ჰქონდა და ჩემი თხოვნით, ისინი იქ შეუშვა. თუმცა, ბაბუაშენმა იმდენი ქნა, რომ მათ მიაგნო და დედაშენი ძალით წამოიყვანა. ლიკუნა ფეხმძიმობის მეხუთე თვეზე იყო. მუცელი საკმაოდ ეტყობოდა. ოლოს და დურუს მისთვის აბორტის გაკეთება უნდოდათ, მაგრამ ხელი არავინ მოჰკიდა და ოთხი თვის მერე შენ გაჩნდი. თბილისშივე ამშობიარეს, რადგან ფიქრობდნენ, ეს რომ ქუთაისში გაეკეთებინათ, ყველა გაიგებდა და თავი მოეჭრებოდათ. სხვათა შორის, შენს დაბადებამდე იყიდა ბაბუაშენმა სახლი საირმის გორაზე და ქუთაისიდან თბილისში გადმოსახლდა.

– მამა? მამაჩემს რა დაემართა? – სიტყვა გააწყვეტინა ეთოს ნატომ.

ეთომ თავი გააქნია და თქვა:

– დურუმ და ოლომ ლიკუნა რომ ვარკეთილიდან წაიყვანეს, მამაშენი იმ დროს მაღაზიაში იყო გასული. ერთი სიტყვით, უთვალთვალებდნენ და დრო სპეციალურად შეარჩიეს. ხოლო როცა ლადიკო ბინაში დაბრუნდა და ლიკუნა იქ არ დახვდა, მის მოსაძებნად გარეთ გამოვარდა. სადარბაზოში კი დურუს დაქირავებული ხალხი დახვდა და მამაშენი ისე სასტიკად სცემეს, რომ პოლიციას ის მკვდარი ეგონა და მორგში მოეთავსებინათ, მაგრამ რომ გაირკვა, ცოცხალი იყო, საავადმყოფოში გადაიყვანეს და მადლობა ღმერთს, სიკვდილს გადაურჩა. თუმცა, სამი თვის მერე გამოწერეს და კიდევ ხუთ თვეზე მეტი სახლში, უკვე ქუთაისში გადიოდა მკურნალობის კურსს. შენ დაბადებული იყავი, როცა ლადიკო პირველად გამოვიდა გარეთ და ლიკუნას ძებნა დაიწყო. მე და ბონდოც ვეხმარებოდით და ბოლოს საირმის გორაზე მივაგენით. ბონდო კვაჭაძეც ჩვენი თანაკლასელი იყო. ახლა იგი ჩემი ქმარია. კი მივაგენით, მაგრამ დურუს შენ და ლიკუნა სახლში ჰყავდით გამოკეტილი და მამაშენი არ გააკარეს. ლიკუნას კი უთხრეს: ლადოს არც მოუკითხიხართო და დედაშენს ეს დააჯერეს. სულ მალე კი ლადო გაქრა და მისი ასავალ-დასავალი არავინ იცოდა.

– მამაჩემი მოკლეს?! – წამოიძახა ნატომ.

– დამშვიდდი, ნუ გეშინია, – თქვა ეთომ და დაამატა, – თვრამეტი წლის განმავლობაში ჩვენც ასე გვეგონა, მაგრამ საბედნიეროდ, ასე არ ყოფილა.

– მამა ცოცხალია?

– კი. საბედნიეროდ, ცოცხალია და ციხეში ზის, მაგრამ რუსეთში, – თქვა ეთომ.

– თქვენ საიდან იცით?

– ბონდო, ჩემი ქმარი შეხვდა მას შემთხვევით შარშანწინ. ბონდო სროკზე იყო. ხულიგნობისთვის 4 წელი მოიხადა და შემთხვევით ეტაპზე შეხვდა, როცა ლადიკო სხვა ზონაში გადაჰყავდათ. სულ რაღაც ხუთი წუთი ილაპარაკეს და ლადიკომ ბონდოს მოუყვა, რომ ბაბუაშენმა დურუმ მამაშენი ცრუ კვალზე დააყენა, ვითომ მოსკოვში იყავით და ლადიკო თქვენს საძებნად რუსეთში გაემგზავრა. იქ კი დაიჭირეს, რადგან დურუს წინასწარ ჰქონდა მომზადებული ყველაფერი და როგორც ეტყობა, დიდი ფულიც გადაიხადა. მოკლედ, ლადოს ნარკოტიკები ჩაუდეს და თორმეტი წლით ჩასვეს. იმის მერე კი ერთი სამწლიანი სროკი დაუმატეს ზონაში, მეორედ კი ხუთწლიანი. ეს მეორე დამატებული სამ თვეში გადის. როგორც ლადიკოს უთქვამს, მას, თურმე, შეგნებულად უწყობდნენ პროვოკაციებს. როგორც კი სროკის გასვლის დრო ახლოვდება, ერთი კვირით ადრე მიუგზავნიან პატიმრებს, ისინი შეურაცხყოფას აყენებენ. ჩხუბში ითრევენ და სროკს უმატებენ. ლადიკოსაც უთქვამს და არც მე და არც ბონდოს ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ ყველაფერს ბაბუაშენი აკეთებს. ფულს იხდის, რომ მამაშენი ციხეში დაალპონ. ალბათ, მორიგ პროვოკაციასაც სულ მალე მოუწყობენ და სროკს მესამედ დაუმატებენ. ან, შეიძლება, სულაც, მოკლან კიდეც. რუსეთში ამის გაკეთება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. მთავარია, ფული გადაიხადო. ფული კი ბაბუაშენს, რომ იტყვიან, ჩეჩქივით აქვს. რაც მაგან მილიცია-პოლიციაში მაყუთები ღუნა, ფულს რა გამოულევს? მოკლედ, ჩემო ნატო, ამ ყველაფრის საქმის კურსში იმიტომ ჩაგაყენე, რომ იქნებ ლადიკოს რაიმე ვუშველოთ. მე და ბონდოს ფინანსები არ გვაქვს, თორემ ჩვენ თვითონ ვიჩალიჩებდით. თუ შენ მოახერხებ და საჭირო თანხას იშოვი, ჩვენ ყოველმხრივ გვერდში დაგიდგებით, – თქვა ეთომ. ნატოს აცრემლებულ თვალებს მზერა შეავლო და დაამატა, – ვიცი, რომ ეს შენთვის ძალიან მძიმე მოსასმენი იყო, მაგრამ უნდა გცოდნოდა.

– ლიკუნამ თუ იცის ეს ყველაფერი? – იკითხა ნატომ.

– რა თქმა უნდა, არა, – თავი გააქნია ეთომ და დაამატა, – ბაბუაშენმა ლიკუნა დაარწმუნა, რომ ლადომ მიგატოვათ და მას ეს დღემდე ასე ჰგონია.

– თქვენ ეს საიდან იცით?

– თავად ლიკუნასგან. ხომ გახსოვს, ქმარი რომ მოუკვდა გერმანიაში და თბილისში იყო ჩამოსული, აი, მაშინ შევხვდი მას, სხვათა შორის ამ კაფეში და თვითონ მითხრა, – ლადიკომ თხუთმეტი წლის წინ დაკრა ფეხი და მიგვატოვა, ახლა კი გერმანელი ქმარიც მომიკვდა. მოკლედ, კაცებში არ მიმართლებსო.

– კი. მახსოვს. მაშინ თხუთმეტი წლის ვიყავი. მეც კარგად ვიცნობდი ვალტერს. კარგი ადამიანი იყო და ლიკუნაც ძალიან უყვარდა, მაგრამ სულ იმაზე დარდობდა, ლიკუნას შვილი არ უჩნდებაო, არადა მე მგონი, თავად მისი ბრალი იყო. – თქვა ნატომ.

ეთოს გაეღიმა. თავი გააქნია და ნატოს უთხრა:

– არა, ნატო, ვალტერს არაფერი სჭირდა. ლიკუნას არ უნდოდა ბავშვის გაჩენა და ეს დედაშენმა აქ, ამ კაფეში მითხრა. მას მხოლოდ ლადიკო უყვარდა და იცი, კიდევ რა მითხრა? რა და ვნანობ, რომ ჩემებს დავუჯერე და ნატუკა მათ გავაფორმებინე შვილად, ხოლო მე კი ვალტერს გავყევიო. მართალია, ის ძალიან კარგი ადამიანი იყო, მაგრამ არასდროს მყვარებია და მისგან არც ბავშვი მინდოდა. და, საერთოდ, არავისგან მინდოდა ბავშვი, რადგან ის უკვე მყავს და მყავს ჩემი ერთადერთი სიყვარულისგან, მან კი მიმატოვაო. ხვდები, ნატუკა, თუ რა დღეშია დედაშენი? მამაშენი დღემდე ახლაც ისევე უყვარს, როგორც მაშინ, მაგრამ დღემდე ჰგონია, რომ მან მიატოვა. დედაშენმა ისიც მითხრა, „ფეისბუქზეც“ ვეძებ, ისეც და ასეც გავიკითხ-გამოვიკითხე, მაგრამ ვერსად მივაგენიო. აბა, რა იცის, რომ ის რუსეთის ციხეშია? მაშინ ეს არც მე ვიცოდი და მეგონა, რომ დურუმ მოაკვლევინა, მაგრამ ამას ხომ არ ვეტყოდი დედაშენს?

– ისე, ლიკუნამ ჩემზე უარი როგორ თქვა? – იკითხა ნატომ და ცრემლები მოიწმინდა.

– უარი არ უთქვამს. უბრალოდ, ბაბუაშენმა აიძულა. დიდი ზეწოლა მოახდინა. ძველი „ძაღლია“ და ასეთი რამ კარგად ეხერხება. ვალტერზეც ასეთი მეთოდით გაათხოვა. ის გერმანელი ხომ პოლიციის მაღალჩინოსანი იყო, თან შთამომავლობით გრაფი და ისე მოაწყო, რომ ერთმანეთს შეახვედრა. მაშინ ვალტერი თბილისში იყო ჩამოსული ერთი კვირით და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ლექციებს კითხულობდა. მოკლედ, დედაშენს ნურაფერში დაადანაშაულებ. მთავარი აქ დურუა, ის სატანა, – თქვა ეთომ და დაამატა, – ბოდიში, ნატუკა, რომ ასე ვამბობ. დურუს და ოლოს უყვარხარ, მათ გაგზარდეს და ცივ ნიავს არ გაკარებდნენ, მაგრამ ასეთი საშინელება რომ ჩაიდინეს, ბაბუაშენს ამიტომ ვუწოდებ სატანას. შენ კი ბოდიშს გიხდი, ჩემო გოგონა.

– რის ბოდიში? მძულს დურუ და ოლო, ჭირივით მძულს ორივე და მათი დანახვაც კი არ მინდა! – ზიზღნარევი ტონით თქვა ნატომ. პაუზის მერე კი დაამატა, – მაინც, რატომ აითვალწუნეს მამაჩემი?

– ღარიბია, უპოვარი და უბრალო ოჯახის შვილიო, ასე უთქამთ ლიკუნასთვის ოლოს და დურუს და თურმე, იმერეთის გუბერნატორზე უნდოდათ ლიკუნას გათხოვება. ოცი წლით უფროსი იყო ის კაცი დედაშენზე, თან ორჯერ ცოლგანაშვები და ოთხი შვილი ჰყავდა, მათ შორის ორი ლიკუნაზე უფროსი იყო. მამაშენმა კი დურუს ეს გეგმა ჩაუშალა და ორმაგად გაამწარა.

– სატანა, ნამდვილი სატანაა დურუ და მეზიზღება. მეზიზღება ოლოც და ორივე ჭირსაც წაუღია! – მტკიცედ, ზიზღით თქვა ნატომ და დადუმდა.

ეთომ გოგონას თავზე გადაუსვა ხელი და უთხრა:

– დამშვიდდი, საყვარელო, თუ გინდა, რომ ლადიკო ციხიდან დავიხსნათ, მაშინ ოლომ და დურუმ ვერ უნდა შეგნიშნონ, რომ ყველაფრის საქმის კურსში ხარ. თორემ ჩვენი გეგმა ჩაგვეშლება. შეძლებ ამას?

– შევძლებ! – მტკიცედ თქვა ნატომ.

– იცოდე, მართლა უნდა შეძლო, თორემ დურუსგან ყველაფერია მოსალოდნელი, – თქვა ეთომ და დააყოლა, – ახლა, შენზეა დამოკიდებული მამაშენის ბედი, ლადიკო რომ ციხიდან გამოვიხსნათ, დურუმ და ოლომ ვერაფერი უნდა შეგნიშნონ.

– ლიკუნას ეს ყველაფერი არ უნდა გავაგებინოთ? – თქვა ნატომ.

– ახლა ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, თორემ დედაშენი ყველაფერს ჩაგვიშლის. ის თავს ვერ შეიკავებს და რომც შეიკავოს კიდეც და არაფერი უთხრას ოლოს და დურუს, ბაბუაშენი მაინც გაშიფრავს, ის ხომ ყოფილი „ძაღლია“. ასე რომ, სანამ ლადიკოს არ დავიხსნით, ლიკუნამ არაფერი უნდა იცოდეს. და მერეც, მას ეს ყველაფერი ნელ-ნელა უნდა შევაპაროთ, რომ გული არ გაუსკდეს, – მიუგო ეთომ გოგონას და გაუღიმა.

– გასაგებია. როგორ უნდა მოვიქცეთ? – თქვა ნატომ.

– ბონდო ახლა მოსკოვშია წასული. ორ-სამ დღეში ჩამოვა და მოქმედების ზუსტ გეგმასაც მაშინ დავსახავთ. პირველ რიგში, მთავარია, რომ შენ არ გაიშიფრო. ყველა ვარიანტში კი საკმაოდ მსხვილი თანხა იქნება საჭირო და მოიფიქრე, ფული სად უნდა მოიძიო, როგორ უნდა იშოვო – უთხრა ეთომ გოგონას.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი