რომანი და დეტექტივი

ნოკაუტი

№26

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 12.07

ნოკაუტი
დაკოპირებულია

საკნის კარი გაიღო და ზედამხედველმა მიხმო:

– კობა, გამოდი, შენთან არიან!

პაემნის ოთახში რომ შევედი, იქ გიზო დამხვდა, ჩემი სეკუნდანტი იყო. გადამეხვია და მკითხა:

– როგორ ხარ?

– ჩვეულებრივად. შენ?

– ცუდად.

– რა გჭირს, მოხდა რამე?

გიზომ თავი გააქნია და მიპასუხა:

– მეტი რაღა უნდა მოხდეს, ჩემი საუკეთესო მოკრივე რომ „სროკზეა“.

– ხდება ხოლმე.

– კი, მაგრამ, რამე უნდა ვიღონოთ.

– რას გულისხმობ?

გიზომ ყურადღებით შემათვალიერა და მკითხა:

– ფორმაში თუ ხარ?

– ძველებურად არ ვეწევი და არ ვსვამ... ან აქ ვინ დაგალევინებს. შეძლებისდაგვარად ვვარჯიშობ კიდეც, რომ კუნთები არ მომიდუნდეს. რინგზე კი ვინ ამიშვებს ან აქ რინგი სადაა?!

– რომ იყოს?

– რა?

– რა და რინგი.

– ვერ ვხვდები.

– რას ვერ ხვდები, რინგი არ მოგენატრა?

– კი. როგორ არა. მაგრამ რა?

– რა და, რამე რომ იყოს, რინგს არ დაუბრუნდები? – გამომცდელად მკითხა გიზომ.

– რვა წლის მერე რაღა რინგი იქნება?

– მოკლედ, ერთი ვარიანტია და აქ ამიტომ მოვედი.

– მერე, თქვი, რა ვარიანტია.

– მოკლედ, არიან ადამიანები, რომლებსაც სროკიდან შენი გამოყვანა შეუძლიათ.

– ვინ ადამიანები.

– კაკოა ერთი. ძველი მოკრივე და აქ მისი დავალებით მოვედი.

– რა დავალებით?

– ნუ მაწყვეტინებ და ყურადღებით მომისმინე. კაკო არალეგალურ ორთაბრძოლებს აწყობს. დიდი ფულის პატრონია და ძალიან გავლენიანი ადამიანი. თვითონ მოვიდა ჩემთან და მთხოვა, შენ შეგხვედროდი. შემოგთავაზა, თუ დათანხმდები ბრძოლაში მონაწილეობას, მაშინ სროკიდან გამოგიყვანს.

– რვაწლიანი სროკიდან როგორ გამომიყვანს, თანაც ნარკოტიკების დიდი რაოდენობით შენახვისთვის?

– ფულითა და გავლენით, კობა. ეგ თვითონ უკეთ იცის. შენ ის მითხარი, თანახმა თუ ხარ.

– თანახმა როგორ არ ვარ. ექვსი თვეა, რაც აქ ვარ და მგონია, რომ საუკუნე გავიდა. კიდევ რვა წელიწადში კი, ალბათ, ათი საუკუნე გავა, – ირონიით ვუთხარი გიზოს.

– ესე იგი, თანახმა ხარ.

– რა თქმა უნდა, – მხრები ავიჩეჩე.

– ჰოდა, ძალიან კარგი. კაკოს გადავცემ შენს თანხმობას და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.

– იმედია, – ვუთხარი გიზოს.

– წავედი, აბა, შენ იცი! ღმერთი ჩვენკენ! მოემზადე სვაბოდისთვის და რინგზე დასაბრუნებლად! – მითხრა გიზომ, გადამეხვია და წავიდა.

***

„სროკზე“ როგორ მოვხვდი, ბოლომდე არც კი მქონდა გაცნობიერებული და ყველაფერი შემთხვევითობას მივაწერე. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ აბსოლუტურად უდანაშაულო ვიყავი. რუსეთში მივდიოდი, რომ ხუთწლიან სარფიან კონტრაქტზე მომეწერა ხელი ერთ ცნობილ კრივის კლუბთან. რადგან რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობა გაწყვეტილი იყო და პირდაპირი რეისები არ არსებობდა, ერევნის გავლით მივფრინავდი. თბილისი-ერევნის ავიარეისზე რეგისტრაცია რომ გავიარე და ჩემოდანი ბარგში ჩავაბარე, მხოლოდ მხარზე გადაკიდებული პატარა, ტყავის ჩანთა დავიტოვე და ისე გავედი კონტროლის ხაზზე. ორიოდე ნაბიჯი რომ გადავდგი, უნიფორმიანმა მებაჟემ მიხმო და მთხოვა, მისთვის მხარზე გადაკიდებული ჩანთა გადამეცა შესამოწმებლად. რომ შეამოწმა, თქვა:

– სუფთაა.

– შემიძლია, წავიდე? – ვკითხე მებაჟეს.

– მიბრძანდით, – ხელი წინ გაიშვირა უნიფორმიანმა.

კიდევ ორიოდე ნაბიჯი რომ გადავდგი, ორი სამოქალაქოსამოსიანი მამაკაცი მომიახლოვდა და ერთ-ერთმა, უფრო მაღალმა მკითხა:

– კობა ბრძანდებით?

– დიახ.

– თუ შეიძლება, გამოგვყევით.

– სად?

– საბაჟო კონტროლზე, თქვენი ბარგი უნდა შევამოწმოთ.

– ამ წუთას არ შეამოწმეს? – მხრები ავიჩეჩე და იქით გავიხედე, სადაც უნიფორმიანი მებაჟე მეგულებოდა, მაგრამ ის სადღაც გამქრალიყო.

– წამობრძანდით, თუ შეიძლება, – გამიმეორეს მამაკაცებმა და მათ უკან გავყევი.

საბაჟო კონტროლის უზარმაზარ ოთახში შევედით. იქ უამრავი ადამიანი დამხვდა და მხოლოდ ერთი კაცი იყო გამოწყობილი საბაჟო უნიფორმაში. დანარჩენებს კი სამოქალაქო სამოსი ეცვათ. ერთ-ერთს კი მოზვერისხელა ძაღლი ეჯდა გვერდით. რკინის პრიალა მაგიდაზე კი ჩემი გორგოლაჭებიანი სამგზავრო ჩემოდანი იდო. ერთ-ერთმა იქ მყოფმა შემომხედა და მკითხა:

– კობა თქვენ ბრძანდებით?

– დიახ, – მივუგე მე.

მამაკაცმა ჩემს სამგზავრო ჩემოდანზე მიმითითა და მკითხა:

– ეს თეთრი სამგზავრო ჩემოდანი თქვენია?

– დიახ, – ვთქვი მე, რადგან ჩემს ჩემოდანს მილიონი სხვა მსგავსი ჩემოდნისგანაც კი გამოვარჩევდი. მე მის სახელურებზე წითელი კრივის ხელთათმანები მქონდა ამოტვიფრული.

– ახლოს მობრძანდით და კარგად დააკვირდით, ნამდვილად თქვენი ჩემოდანია? – გამიმეორა მამაკაცმა.

– დიახ. ნამდვილად ჩემია. აი, ნახეთ, სახელურებზე კრივის ხელთათმანებია ამოტვიფრული.

– ესე იგი, ადასტურებთ, რომ ჩემოდანი ნამდვილად თქვენია.

– ვადასტურებ, – მტკიცედ ვთქვი მე და მამაკაცს შევხედე.

– რა გიდევთ შიგნით?

– პირადი ნივთები, სპორტული ფორმა და ხელთათმანები.

– თუ შეიძლება, ზუსტად აღგვიწერეთ ჩემოდნის შიგთავსი.

ყველაფერი ზუსტად ჩამოვუთვალე და ბოლოს ვთქვი:

– ფული იქ არ მიდევს. ათასი დოლარი საფულეში მაქვს. განახვოთ?

– არაა საჭირო. მითხარით, ჩამოთვლილი ნივთების გარდა, რაიმე აკრძალული ხომ არ გაქვთ?

– რა აკრძალული?

– იარაღი, რადიაციული ნივთიერება, ძვირფასი ქვები, ძვირფასი ლითონები, ნარკოტიკები.

– არა, ბატონო, არც ტერორისტი ვარ და არც ნარკომანი. სპორტსმენი ვარ, ძვირფასეულობა და ატომური ბომბი როგორ უნდა მქონდეს?! – მიამიტური გულწრფელობით ვთქვი და რადიაციული ნივთიერებები ატომურ ბომბთან გავაიგივე.

ჩემს მიამიტობაზე მამაკაცს ჩაეცინა და მკითხა:

– ესე იგი, აცხადებთ, რომ ჩემოდანში მხოლოდ ის ნივთები გაქვთ, რაც ჩამოთვალეთ და მეტი არაფერი?

– დიახ, ბატონო, მეტი არაფერი.

– კარგი. გასაგებია, – თქვა მამაკაცმა. შემდეგ ძაღლს გახედა და უთხრა:

– შეუდექი!

ძაღლიანმა თავისი კოლეგა აუშვა. ძაღლმა ჩემს ჩემოდანთან მიირბინა, მაგიდაზე წინა თათებით შედგა და ყეფა ატეხა.

– მობრძანდით და ჩემოდანი გახსენით, – მითხრა მამაკაცმა.

– მივედი და გავხსენი.

– ახლა კი შიგთავსი ამოალაგეთ, – თქვა მანვე.

შიგთავსი ბოლომდე ამოვალაგე და იქ მხოლოდ და მხოლოდ ჩემ მიერ ჩამოთვლილი ნივთები აღმოჩნდა. ამიტომ ისევ უკან ჩალაგება დავაპირე, თან მხრები ავიჩეჩე და ვთქვი:

– ხომ გითხარით, აკრძალული აქ არაფერია.

– არ ჩაალაგოთ! – მითხრა მამაკაცმა. შემდეგ თვითონ მოვიდა ჩემოდანთან და იქ მყოფების დასანახად ხელები მიაფათურ-მოაფათურა. ფსკერს შავნაჭერგადაკრული პლასტმასის სიმაგრე ამოაძრო და იქ ცელოფნის ბრტყელი პაკეტი აღმოჩნდა თეთრი ფხვნილით.

– ეს რა არის? – მკითხა მან.

– არ ვიცი, ბატონო. ჩემი არ არის, – გულწრფელად ვთქვი მე და ჯერ კიდევ მიამიტურად ვერ წარმომედგინა, თუ რა ხდებოდა.

მჩხრეკავმა მამაკაცმა თეთრფხვნილიანი პაკეტი ზევით ასწია იქ მყოფებისა და ვიდეოთვალის დასანახად. აგრეთვე, ვიდეოკამერიან კაცსაც დაანახვა, რომელიც მთელ ამ პროცესს აფიქსირებდა და ბოლოს თქვა:

– სავარაუდოდ, ჰეროინია. ას გრამამდე უნდა იყოს.

– ჰეროინი?! – შევიცხადე მე.

– ახლავე ვნახავ, – საზეიმოდ თქვა მჩხრეკავმა. პაკეტი დანით გაჭრა. ნეკა თითით ამოიღო, ენით გასინჯა და გადააფურთხა. ბოლოს კი დააყოლა, – კი, ნამდვილად ჰეროინია და მაღალი კონცენტრაციის.

– კი მაგრამ, საიდან? ეგ ჩემი არაა! – ვთქვი მე.

– ამას გავარკვევთ, თუ ვისია და საიდან, – თქვა მჩხრეკავმა და დაამატა, – თქვენ დაკავებული ხართ.

ერთ-ერთმა იქ მყოფმა ხელბორკილები დამადო. ჩხრეკისა და ჰეროინის ამოღების ოქმი შეადგინეს და ორ მოწმეს ხელი მოაწერინეს, ასევე, მეც. თუმცა, ვამბობდი, რომ ჰეროინი მე არ მეკუთვნოდა და ჩემს ჩემოდანში საიდან მოხვდა, არ ვიცოდი.

მჩხრეკავ მამაკაცს ბონდო ერქვა. ის უშიშროების პოლკოვნიკი იყო და ოპერატიულ ჯგუფს ხელმძვანელობდა. აეროპორტიდან პირდაპირ უშიშროების შენობაში წამიყვანეს. დასაკითხ ოთახში გამომძიებელი, ვინმე ზეზვა დამხვდა და ჩემი დაკითხვაც დაიწყო. გამხდარი, ოცდაათიოდე წლის კაპიტანი იყო. სახეზე ირონია ეხატა. შემომხედა და მითხრა:

– აბა, თქვი, საიდან გქონდა მაღალი კონცენტრაციის ასი გრამი ჰეროინი ჩანთაში?

– ჩემი არაა, – ვთქვი მე.

– აბა, ვისია?

– არ ვიცი.

ზეზვას სარკასტულად გაეცინა და მითხრა:

– რატომ არ იცი?

– არ ვიცი. მე ის იქ არ ჩამიდევს.

– კარგი. მაშინ მითხარი, ჩემოდანი შენია?

– დიახ, ჩემია.

– ჩემოდანი თუ შენია, მაშინ ჰეროინი ვისია?

– ხომ გითხარით, არ ვიცი.

– ეგ ზღაპრები სხვას მოუყევი. თუ ჩემოდანი შენია და შიგნით ჰეროინი აღმოჩნდა, ვისი უნდა იყოს?

– არ ვიცი. ჩემი არაა.

– კარგი. მაშინ სხვანაირად გკითხავ, ვინ გადმოგცა ჰეროინი ერევანში წასაღებად?

– არავინ.

– შენ, რა, მაგიჟებ? – თვალები აენთო ზეზვას და დაამატა, – შენი არაა, არავის გადმოუცია წასაღებად, ჩემოდანი შენია და ის შენს ჩემოდანში აღმოჩნდა. მაშინ როგორ აღმოჩნდა იქ?

– არ ვიცი. ალბათ, ვიღაცამ ჩამიდო.

– ვინ ვიღაცამ, ბიჭო, ვის ატყუებ? დებილები გგონივართ?

– ეგ არ მითქვამს. მართლა არ ვიცი, საიდან აღმოჩნდა ჩემს ჩემოდანში ჰეროინი.

– მორკედ, გვადებილებ...

– არა.

– მაშინ, შენ ხარ დებილი, რომ გგონია, ეს გაგივა. უვადო პატიმრობის მუხლი გაქვს და ციხეში ამოლპები. ამიტომ, ჯობია, აღიარო დანაშაული და სასჯელი შეგიმსუბუქდება. ოცდაათი წლის მაგივრად თხუთმეტს მიიღებ. ეგეც საქმეა. მერე კი ამნისტია შეგეხება.

– არაფერსაც არ ვაღიარებ. ცხოვრებაში ნარკოტიკი ხელში არ მჭერია. ჩემი არაა და მორჩა, – თვალები ამენთო და სკამზე წამოვიმართე.

ზეზვას შეეშინდა. უმალვე სამი იქ მყოფი მამაკაცი მომვარდა და მხრებზე ხელები დამადეს, თუმცა, არც ვაპირებდი რაიმე მოქმედებას. გამომძიებელმა კი დაკითხვის ოქმი ამობეჭდა. გამაცნო და ხელი მომაწერინა იმაზე, რომ კატეგორიულად ვაცხადებდი, რომ ჰეროინი მე არ მეკუთვნოდა. პროცედურა რომ დაასრულა, ზეზვას გაეცინა და მითხრა:

– აი, ამ აბსურდს რომ მოსამართლე გაეცნობა, შეიძლება, ოცდაათი წლით სროკზე კი არა, საგიჟეში გამოგამწყვდიოს. იქ კი ციხეზე უარესია.

სასამართლოზე, ჩემდა გასაკვირად, მოსამართლემ მხოლოდ რვა-ნახევარი წელი მომისაჯა და ბრალმდებელი გიჟს ჰგავდა. თუმცა, რატომღაც ეს განაჩენი აღარ გაუსაჩივრებია. მე გულწრფელად ვიმეორებდი, რომ ჩემს ჩემოდანში მართლა აღმოჩნდა ჰეროინი, მაგრამ, მე არ ჩამიდევს და არც არავის გადმოუცია ჩემთვის. სასამართლოზე საბუთებს საკმაოდ ავტორიტეტული სპორტსმენებისა და სხვა ცნობილი ადამიანების რეკომენდაციებიც დაერთო, თუმცა არც ამან გაჭრა და არც ძველი, სახელოვანი მოკრივის გამოსვლამ. ერთი სიტყვით, „გამსროკეს“ და საკანში რომ შევედი, თითქმის ყველა მიცნობდა, რადგან არაერთი ტურნირი მქონდა მოგებული და გაუკვირდათ ჩემი იქ ყოფნა. ჩემს საკანში ერთი ცნობილი, ყოფილი ქურდი იჯდა, მეტსახელად „ხუცო“. სამოც წელს იყო გადაცილებული. კრივის დიდი მოყვარული იყო და თურმე, არაერთი ჩემი ბრძოლა ჰქონდა ნანახი. რომ დამინახა, თვალები გაუფართოვდა და მითხრა:

– შენ კობა არ ხარ?

– დიახ. კობა ვარ.

– ბოქსიორი.

– დიახ.

– აქ როგორ მოხვდი?

– ნარკოტიკებზე.

– კონკრეტულად?

– რვა-ნახევარი მომისაჯეს ასი გრამი მაღალკონცენტრირებული ჰეროინისთვის, რომელიც ჩემოდანში აღმომაჩნდა.

– მაგრად ხარ გადარჩენილი. მინიმუმ, ოცდაათ წელს მოგცემდნენ. ალბათ, დიდი ფულია გადახდილი.

– არა, უბრალოდ, ჩემი არ იყო.

– კარგი. აი, შენი კოიკა. მიდი, მოთავსდი! – მითხრა „ხუცომ“ და თავის გვერდით დამასახლა.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა