ნამდვილი ტყუილი
ავტორი: ნინო მდივანი 20:00 27.10

– ლევან, ჩამოგიწერე, რაც უნდა მოიტანო დღეს, – გასძახა ცოლმა ქმარს, რომელიც სახლიდან გასასვლელად ემზადებოდა. ქმარმა თავი დაუქნია და გაუღიმა. ირინას გული რაღაცნაირად შეეკუმშა. შინაგანი შფოთი არ ტოვებდა, იმდენად ბედნიერად გრძნობდა ხოლმე თავს ასეთ მომენტებში. მით უმეტეს, როდესაც საკუთარ საახლობლოს მოავლებდა ხოლმე გონებაში თვალს: ზოგის ქმარი სვამდა, ზოგის უსაქმური იყო, ზოგის ჯიჯღინა, ზოგის უხეში, ზოგის უქონელი. და ირინას ხშირად უფიქრია, რით დაიმსახურა ის ბედნიერება, რაც ჰქონდა, ამიტომ საპასუხოდ თვითონაც გაუღიმა ქმარს და ბავშვებისთვის სადილის მომზადება განაგრძო.
შემდეგ სახლს მოავლო თვალი და გონებაში გადაითვალა, საიდან უნდა დაეწყო დალაგება. საათს ახედა:
– ერთ საათში მოვასწრებ და ბავშვებსაც ვასადილებ.
ერთ საათში, მართლაც, ყველაფერი მოასწრო, მხოლოდ სარეცხი ირეცხებოდა ისევ.
– ამასაც გავფენ და დამთავრდა, – ირინამ კმაყოფილებით გაიფიქრა და სკამზე ჩამოჯდა. ცოტა ხანში მასთან უმცროსმა გოგონამ მიირბინა და ტელეფონი მიუტანა. დედამისი ურეკავდა, რაც ირინას, თუ სიმართლეს ვიტყვით, დიდად არ ესიამოვნა, მაგრამ, ჩვეულებისამებრ, ხალისიანად უპასუხა.
– ისევ ალაგებ? – მისალმების გარეშე ჰკითხა დედამისმა.
ირინამ ამ შეკითხვის კონტექსტი არ შეიმჩნია და ხალისიანად უპასუხა: არა, დავამთავრე. შენ როგორ ხარ?
– მე კარგად. შენ როგორ ხარ?
– კარგად, – ისევ ხალისიანად უპასუხა ირინამ.
– შენ ყოველთვის კარგად ხარ, განსაკუთრებით, თუ ალაგებ, – ისევ დაიგესლა დედამისი.
– მართალი ხარ. დალაგება მსიამოვნებს, იმიტომ რომ სისუფთავე მიყვარს, – ირინა არ ნებდებოდა წყენას.
– ამისთვის გადაგაკვდი, რომ სახლი გელაგებინა და ქვაბები გეხეხა? – ირინას ხალისიანი და აუღელვებელი ტონი დედამისზე ნელი მოქმედების ნაღმივით მოქმედებდა.
– მე მომწონს, დედა და მთავარი ხომ ისაა, მე რა მომწონს?
– რა მოგწონს?! ყველას ჰყავს დღეს დამხმარე, შენ ხარ მხოლოდ შუა საუკენეებში ჩარჩენილი. არ ჯობია, სხვასაც ფული აშოვნინო, დაასაქმო, შენ კი დრო გამოითავისუფლო, რაც მოგწონს, ის გააკეთო, – დედამისმა მოულოდნელად დაუყვავა ირინას.
– მე ეს მომწონს, დედა, – არ დაეთანხმა ირინა.
– ხანდახან ეჭვი მეპარება ხოლმე, სამშობიაროში ხომ არ შეგცვალეს?! მაგრამ ბებიაშენის ასლი ხარ, – ირინას მოეჩვენა, რომ დედამისმა დააყოლა: სამწუხაროდო, მაგრამ ამაზე თავს ვერ დადებდა.
– კარგი, როგორც გინდა, მერე გვიან არ იყოს, – ჩაილაპარაკა დედამისმა.
– რა არ იყოს გვიან? – ირინა დაიძაბა.
– არაფერი. ბავშვები ჩამიკოცნე. წარმატებულ დალაგებას გისურვებ, – ირინამ თითქოს დაინახა, როგორი გამეტებით დააჭირა ხელი დედამისმა ტელეფონზე გათიშვის ღილაკს და მაინც გაეღიმა.
– რა უცნაური ქალია, – ხმამაღლა თქვა ირინამ და გაახსენდა სადღაც მოსმენილი, რომ ქალები, მიუხედავად იმისა, მისი შვილია, ამხანაგი, დედა, ნათესავი, და, მეგობარი, ყოველთვის კონკურენციას უწევენ ერთმანეთს. ამდენად, ირინას აზრით, დედამისი გაუაზრებლად ეპაექრებოდა თავის შვილს, ამიტომ, მას შემდეგ დედამისის მიერ ნათქვამი არც ერთი სიტყვა აღარ სწყინდა, ვინაიდან დარწმუნებული იყო, რომ თავად იპოვა ის ბედნიერება, რაც დედამისს არ ჰქონდა. თუმცა, ერთი შეხედვით (მე რომ მკითხოთ, უფრო საფუძვლიანად დათვალიერებითაც კი), დედამისი საკმაოდ საინტერესოდ ცხოვრობდა. მუშაობდა, ახლა როგორც უწოდებენ, პრესტიჟულ გამომცემლობაში, რედაქტორად; სახლის საქმე არასდროს გაუკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ ორი შვილი ჰყავდა; ძირითად დროს საკუთარი თავის მოვლასა და სამსახურს ანდომებდა; შვილები დედამთილმა გაუზარდა, ანუ ირინას ბებიამ; ქმარი, ანუ ირინას მამა არაფერს უშლიდა, ოღონდ არც დიდ მზრუნველობასა და ყურადღებას იჩენდა ცოლისადმი. ამას ირინა მერე და მერე მიხვდა, რომ გაიზარდა, თორემ პატარაობისას ეგონა, რომ მის მშობლებს იდეალური ურთიერთობა ჰქონდათ. ახლა უკვე იცოდა, რომ იდეალური ურთიერთობა სულ სხვა რამ იყო. ბუნებრივია, დედამისისთვის ეს არასდროს უთქვამს, არ უნდოდა, მისთვის გული ეტკინა. ასე რომ, საკუთარი თავი გაცილებით უპირატეს მდგომარეობაში ეგონა, რაც დიდსულოვნებით ტკბობის საშუალებას აძლევდა და დედამისის მიერ ნასროლ კენჭებს ყურადღებას არ აქცევდა. პირიქით: ეს „კენჭები“ კიდევ უფრო არწმუნებდა, რომ გაუმართლა.
– ჭამის დროა, ხელები დაიბანეთ, – გასძახა ირინამ თავის ორ გოგონას და ახლაღა მიხვდა, რომ ფიქრებში გართულს სარეცხი ისე გაეფინა, ვერც მიმხვდარიყო. იჯდა და სიყვარულით უყურებდა თავის გოგონებს, რომლებიც ცდილობდნენ, ერთმანეთისთვის დაესწროთ წვნიანის შეჭმა. იცოდნენ, რომ დედა სურათებს გადაუღებდა მათ და გამარჯვებული მამიკოსგან საჩუქრად ორჯერ მეტ ტკბილეულს მიიღებდა. ირინამ მაგიდა აალაგა და ვახშმისთვის მზადებას შეუდგა. ეს საქმიანობა განუზომელ სიამოვნებას ანიჭებდა და ამიტომ სახეზე მუდამ ბედნიერი ღიმილი ჰქონდა გადაფენილი. ტელეფონი აიღო და ლევანს დაურეკა. ლევანმა არ უპასუხა, მაგრამ მისწერა: „მომწერე, თათბირი მაქვს“. ირინას ისევ გაეღიმა (და, იმავდროულად, ტვინის რომელიღაც ხვეულში ამოუტივტივდა დედამისის სიტყვები: სულ რატომ იღიმები?!) და საპასუხოდ მისწერა: „არ დაგავიწყდეს, რაც დაგაბარე. გელოდებით“.
„არ დამავიწყდება. გოგოებს აკოცე.“ – მიიღო პასუხად. კმაყოფილმა ჩაიდო ტელეფონი ჯიბეში და სანელებლების არჩევას შეუდგა, რა თქმა უნდა, ისეთების, ლევანს რომ უყვარდა.
***
ქეთი ისეთი სისწრაფით შემოიჭრა ოთახში და თავისი ნათლულისკენ გაიქცა, რომ ირინა ჯერ ვერც მიხვდა, რა მოხდა:
– ჩემი პრინცესა, როგორ გაზრდილა. ნათლიას სიყვარული, – და ნინი აიტაცა ხელში. ნატა იქვე იდგა და ელოდებოდა, როდის მოაღწევდა მისი რიგი.
ქეთიმ ჯერ თავისი ნათლული ჩაკოცნა, დასვა და შემდეგ ნატას აკოცა, – პატარა პრინცესა როგორ არის? – ნატამ თავი დაუქნია, კარგადო.
ქეთიმ საჩუქრები ამოალაგა, მაგიდაზე დაახვავა და მხოლოდ ამის შემდეგ მოუბრუნდა ირინას:
– დაო, როგორ ხარ? მოდი, შემოგხედო.
ირინა ქეთის გადაეხვია.
– გიჟი ხარ.
– ჰო, მერე ცუდია? – გადაიკისკისა ქეთიმ, – მომიყევი, რა ხდება თქვენკენ? ოო, რა სურნელია. ქმარს ვახშამს ვუმზადებთ? – ქეთი გაზქურასთან მივიდა და ქვაბს თავსახური უცერემონიოდ ახადა.
– გეუბნები, რა, კაცი რომ ვიყო, ცოლად მოგიყვანდი და ნაღდად წავართმევდი შენს ქმარს შენს თავს, – ქეთი უცებ შეტრიალდა და ირინა შეათვალიერა:
– ფერმკრთალი მეჩვენები და ცოტა დაღლილი, – ირინამ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ქეთიმ არ დააცადა: ვიცი ყველაფერი, მაგრამ ყველას დამხმარე ჰყავს და შენ რატომ აკლავ თავს ამ სამზარეულოს, ადამიანო?! – მაგრამ ირინას სახის გამომეტყველება რომ შენიშნა, ქეთიმ მაშინვე შეცვალა საუბრის მიმართულება:
– თუმცა შენნაირი ქმარი რომ მყოლოდა ერთი მაინც, სამჯერ კი არ გავთხოვდებოდი?! – ირინამ ბავშვებისკენ მიანიშნა ქეთის და ქეთიც გაჩუმდა, მაგრამ ცმუკავდა და ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა, – ოჯახის უფროსი სად არის?
– სამსახურშია.
– კვირას?! კლავ ამ კაცს? კვირაობითაც ამუშავებ? – ქეთიმ გაიკვირვა.
ირინამ სიტყვა ბანზე აუგდო:
– გშია?
– არა, ყავას დავლევ, შენს საფირმო ყავას.
– ძალიან კარგი, ნამცხვარიც მაქვს, – შესთავაზა ირინამ.
– შენ ამასობაში ცხობაც დაიწყე თუ ნაყიდია?! ან ეს ბავშვები როგორ ჰყავს ასე ჯარისკაცებივით, დამჯერეები, სუფთა ხელებით და ცხვირ-პირით. მოკლედ, სამოთხეა, რა! – ქეთი სავარძელში მოკალათდა და ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს მართლაც სამოთხეში მოხვდა.
ირინას გაეცინა და ყავადანი აიღო ხელში, ამასობაში ქეთის მობილურმა დაიწკრიალა და ისიც უცებ წამოხტა:
– ვერ მოვასწრებ ყავის დალევას, კურსელთან უნდა ავიდე. ახლა გამახსენდა. კიდევ კარგი მომწერა. კიდევ ერთ კურსელს უნდა გავუარო და ერთად წავიდეთ. პრინცესებო, აბა, გადაეხვიეთ ქეთი ნათლიას და დედიკოს და მამიკოს დაუჯერეთ.
ქეთი ისეთივე სისწრაფით გაიჭრა ირინას ბინიდან, როგორც შემოიჭრა, მხოლოდ ეს გადაუჩურჩულა გასვლისას:
– ლევანს დააფარე, არ გაგიცივდეს. მგონი, მართლაც, განძი იპოვე, – ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა დიასახლისს და გაუჩინარდა.
ირინას ისევ იღიმებოდა: რა თავქარიანია და რა საყვარელი, – ფიქრობდა თავისთვის.
***
დინა ქეთის სადარბაზოსთან ელოდებოდა, ქეთი აქაქანდა:
– მაპატიე, ცოტა შემაგვიანდა, საცობი იყო, სახლში რატომ არ დამელოდე, მოვიდოდი და დაგირეკავდი, – ტყვიამფრქვევივით მიაყარა ქეთიმ: სად იყავი, კი მარა?! – ქეთიმ ახლაღა გაიაზრა, რომ ეს დინას სახლი არ იყო.
დინა გაწითლდა და სასიყვარულო ამბებში ფრიად გამოცდილი ქეთი ყველაფერს მიხვდა:
– ოჰ, შე ცელქო, ვისთან დადიხარ? აბა, მოყევი, ვინაა, სად მუშაობს, რამდენი ხანია, რაც ერთმანეთს ხვდებით და ეთერიმ თუ იცის?! – ეთერი დინას დედა იყო, მეტად და მეტად პურიტანი ქალბატონი.
– ეთერიმ არ იცის, თორემ ვერ გადავურჩებოდი, – შეშფოთებით გადახედა დინამ.
– ვის ვერ გადაურჩებოდი, გოგო?! რა დროს ეთერის ნებართვებია, ყვავებს გავუსწარით უკვე?! – თეატრალურად გაოცებული გამომეტყველება მიიღო ქეთიმ.
– ხომ იცი, რა ტიპია, მასთან კამათის თავი არ მაქვს.
– კარგი, რომეოზე მომიყევი, – შესთავაზა ქეთიმ: და რაც შეიძლება, დაწვრილებით, ხომ იცი, ეგეთ საქმეებში პროფესიონალი ვარ. ბოლოს და ბოლოს, უკვე სამი ქმარი მყავდა.
– ძალიან კარგი ადამიანია... ძალიან უყვარს ვანიკო, სულ საჩუქრებს უგზავნის, – ქეთი მოწონების ნიშნად თავს უქნევდა:
– მშვენიერია. ეს მნიშვნელოვანი დეტალია. კაცს, ვისაც ხვდები, შენი შვილიც უნდა უნდოდეს. ეთერი როგორ გადაიტანს, შენ და ვანიკო თუ მისგან გადახვალთ? – დააზუსტა.
– ეს ასე მალე მაინც ვერ მოხდება, – უთხრა დინამ ენის ბორძიკით.
– რატომ ვერ მოხდება? რა გიშლით ხელს, არ მითხრა, ეთერის ვერ დავტოვებ მარტოო. – ხელები გაშალა აღშფოთებულმა ქეთიმ.
– საჭე, – გასძახა შეშინებულმა დინამ, – გზას უყურე,
– დაზღვეულია, შენ ამაზე არ იდარდო, რატომ ვერ მოხდება ასე მალე?
– იმიტომ რომ ცოლი ჰყავს ავად და ახლა ვერ დაშორდება – ქეთიმ კოპები შეიკრა:
– ეს არაა კარგი ამბავი. დარწმუნებული ხარ, რომ არ გატყუებს?! – დაეჭვებით შეხედა დინას.
– რას ამბობ?! როგორ მომატყუებს?! რაში სჭირდება.
– აბა, მე რა ვიცი?! ეს რომ ვიცოდე, სამჯერ კი არ მოვტყუვდებოდი.
– არა, ასეთი არ არის, – დარწმუნებით თქვა დინამ, – მასთან თითქოს თავიდან დავიბადე. ხომ გახსოვს, ზალიკოსთან რამდენი ვიწვალე. სრული ჯოჯოხეთი გამოვიარე. ასე მშვიდად და დაცულად პირველად ვიგრძენი თავი, – დინამ თავი დახარა.
– რაც იყო, იყო, მაგის გამო ნუ გაიფუჭებ ხასიათს. არაჩვეულებრივი ვანიკო გყავს ამის წყალობით, აგერ რომეოც გიპოვია.
– დამცინი?! – ახლა დინამ შეხედა დაეჭვებით.
– ჩემი დასაცინი რა გჭირს? ან საიდან გაგიჩნდა ეს აზრი? ახლა ვიყავი ჩემს ბავშვობის მეგობართან. ორი შვილი ჰყავს, უფროსის ნათლია ვარ. მე არ ვიცი, შევძლებდი თუ არა ასე ცხოვრებას, მაგრამ კარგი ქმარი ჰყავს. ისეთი იდეალურია, ხანდახან ვფიქრობ, შპიონი ხომ არ არის? – ქეთი ხარხარებდა. დინასაც გაეცინა.
– იქნებ არის კიდეც, – აჰყვა ქეთის.
– შპიონია თუ აგენტი, ისეთი იდილია აქვთ, კედლებიდანაც კი სიმშვიდე იღვრება. დამუხტული მოვდივარ მათგან. – ამის გამგონე დინამ ამოიოხრა. ქეთიმ შეაგულიანა:
– აი, გავა მარილზე შენი რომეოს ცოლი და შენც ეგეთ სამოთხეს მოიწყობ.
დინამ ხელები გაასავსავა:
– რას ამბობ, ცოდვაა?!
– შენი ვერ გავიგე. მის ქმართან რომ წევხარ, ცოდვა არაა და მარილზე თუ გავა, ცოდვაა?! – ქეთი ახარხარდა, – როგორი სათნონი ვართ.
– შენ არ გესმის... მე მესმის, ადამიანურად ძნელია ახლა ავადმყოფი ადამიანის მიტოვება. ნივთი ხომ არ არის?!
– ალბათ, მართალი ხარ, მე ამდენს არ ვფიქრობ ხოლმე: სანამ კომფორტულად ვარ, ვარ, თუ აღარ ვარ კომფორტულად, აღარ ვარ. ირაც მაგარია ოღონდ.
– ირა ვინაა? – ჰკითხა დინამ.
– ჩემი მეგობარი, კარგი ქმარი რომ ჰყავს. ირაა თვითონ კარგი, რბილი, ქალური, დამთმობი, მზრუნველი. ამიტომაც შეხვდა კარგი ადამიანი, ისეთივე, როგორიც თვითონაა.
დინამ ქეთის ნათქვამზე მოწყენილად გაიღიმა:
– ჩემი თვითონაა ასეთი. არც კი ვიცი, როგორ დავიმსახურე ასეთი ბედნიერება.
უცებ ქეთის მანქანამ უცნაური ხმა გამოსცა და ძრავი ჩაქრა:
– რა სჭირს?! სულ ახალია, ტაოტიანი გამოვიყვანე და გაფუჭდა. – ქეთიმ უხამსად შეიკურთხა. დინამ კი ტელეფონი ამოიღო და ქეთის ეშმაკურად გაუცინა:
– ცუდ დროს ხომ არ გირეკავ, საყვარელო? გცალია? მანქანა გაგვიფუჭდა და შუა გზაში გავჩერდით... კარგი... ჩაგიგდებ ლოკაციას. მეც მიყვარხარ, – ოდნავ ლოყებშეფაკლულმა დინამ ტელეფონი გათიშა.
– რომეო მოდის? – ქეთიმ ტაში შემოჰკრა: ორი იდეალური კაცი ერთ დღეში ნამეტანია, – ქეთი ცმუკავდა: ხომ არ წაგართვა ეგ კაცი?! ნუ დაკარგე ფერი, ვიხუმრე, – ქეთის ხასიათი გამოუკეთდა და ზუსტად 5 წუთში. ქეთის მანქანის უკან მოზრდილი „ჯიპი“ გაჩერდა. დინა მაშინვე გადავიდა მანქანიდან და „ჯიპისკენ“ გაემართა. ქეთიმ სარკეში გაიხედა და მოულოდნელობისგან პირზე ორივე ხელი აიფარა. მოზრდილი ჯიპიდან დინას შესახვედრად ირინას ქმარი, ლევანი გადმოვიდა...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან