რომანი და დეტექტივი

მზრუნველი

№47

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 03.12, 2022 წელი

იდეალურის სიყალბე
დაკოპირებულია

ციმბირის მკაცრი რეჟიმის კოლონიის რეჟიმის უფროსმა ვახტიორს ანიშნა, გააღეო და გამშვები პუნქტის პატარა კარი ჭრიალით გაიღო.

36 წლის თორნიკე მახარაძე კანონიერი ქურდი იყო და შავ სამყაროში მას „თოკას“ ეძახდნენ. ის სამჯერ იყო ქურდობისთვის ნასამართლევი და საერთო ჯამში, საპყრობილეებში 12 წელი ჰქონდა გატარებული. სამჯერვე რუსეთში იჯდა. ბოლოს 6 წელი გაათავა ციმბირის ერთ-ერთ საშინელ ზონაში და ქურდადაც იქვე აკურთხეს რუსმა ქურდებმა.

თოკა წარმოშობით თბილისელი იყო, მაგრამ 18 წლისა რუსეთში გაემგზავრა, რადგან ჯარში სავალდებულო სამსახური უწევდა. ეს კი ქურდის ტიტულის მაძიებლისთვის მიუღებელი იყო. სრულიად ნორჩი თორნიკე როსტოვში ჩავიდა და პირველი სერიოზული ქურდული ნათლობა მათგან მიიღო. იქვე „აიკიდა“ პირველი „სროკი“ და ციხეში რომ შევიდა, მაშინვე ქურდულ საკანში გაამწესეს, რადგან როსტოველ ქურდებს უკვე „ქსივა“ ჰქონდათ შეგზავნილი და იქ ეწერა: თოკა მართალი კაცია და ჩვენი ძმააო.

თორნიკე მახარაძეს ძალიან მცირე ასაკში შეეძლო, ქურდი გამხდარიყო. ეს მას არაერთხელ შესთავაზეს, მაგრამ არ ჩქარობდა. და სანამ მესამე „სროკზე“ არ წავიდა და 33 წელს არ გადასცდა, ქურდობის სახელზე არ დათანხმებულა. სამაგიეროდ, სუფთა ნეპმანურ-ქურდული კანონების დაცვით დაიდგა ქურდული გვირგვინი თავზე და საპყრობილიდან დიდი სახელით გამოვიდა.

თოკა „ზონა – რაიონული ცენტრის“ სარეისო ავტობუსში, უკანა სავარძელზე იჯდა და შემდგომი მგზავრობის მარშრუტზე ფიქრობდა. ყველა შემთხვევაში, თორნიკე ან მოსკოვში უნდა ჩასულიყო, ან როსტოვში და უკვე იქ გადაეწყვიტა, სად გაემგზავრებოდა. საქმე ის იყო, რომ თორნიკე მახარაძეს ერთ-ერთი გარდაცვლილი პატიმრისთვის პირობა ჰქონდა მიცემული, რომ მის თხოვნას შეასრულებდა. ეს გარდაცვლილი პატიმარი 50 წლის ვახტანგ კასრაძე იყო. ის თაღლითობისა და ფულის გათეთრებისთვის იხდიდა ათწლიან სასჯელს. თოკა რომ ზონაში მიიყვანეს, კასრაძე იქ 2 წლის ჩასახლებული იყო. თოკასა და კასრაძის გარდა კოლონიაში სხვა ქართველი პატიმარი არ იჯდა. მათ 5 წელი გაატარეს ერთად და სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ვახტანგმა თორნიკე თავისთან მიიხმო და უთხრა:

– თოკა, შენთან სერიოზული საქმე მაქვს. ყურადღებით მომისმინე. გაიაზრე და თუკი ჭკუაში დაგიჯდება, მაშინ იმოქმედე. თუ არა და შენი საქმის შენ იცი, მაგრამ ერთს გთხოვ, ისე კაცურად მოიქეცი, როგორც აქამდე გიცხოვრია და როგორც მე შენ გიცნობ.

თოკას ვერავინ გაუბედავდა იმის თქმას – კაცურად მოიქეციო, მაგრამ ვახტანგ კასრაძისგან ეს სიტყვები არ სწყენია. თან მიხვდა, რომ მომაკვდავი კაცი ძალიან სერიოზული რამის გამხელას აპირებდა და უთხრა:

– გისმენ, ძია ვახო, თქვი.

– თორნიკე, ეს „სროკი“ ჩემი სასჯელია იმის გამო, რაც რუდოლფ რეიესს გავუკეთე. გსმენია ეს სახელი? – თქვა კასრაძემ.

– თუ არ ვცდები, რომელიღაც ფირმის მფლობელია, – მიუგო თორნიკემ და პაუზის მერე დაამატა, – ამის გამო ჩვენებს ნათანთან სერიოზული პრეტენზიები ჰქონდათ. მე მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავი ნაკურთხი ქურდი, მაგრამ მთელი ეს ბაზრები კარგად ვიცი.

– ჰო. მართალი ხარ. ნათანი დღემდე „კრიშავს“ რუდოლფს. ის ბაზრები კი, რომელიც შენ ახსენე, ქურდულ წილებზე იყო. ნათანს ობშჩიაკში შეტანას სთხოვდნენ მოსკოველი ქურდები. მაგრამ, საქმეში ოდესელები ჩაერთნენ და ყველაფერი ჩაწყნარდა. მათ საკუთარ თავზე აიღეს და ბაზარი აღარ ყოფილა, – თქვა კასრაძემ.

– ჰო. მაგრამ, ნათანზე ჯერ კიდევ მაგარი „ზუბია“ და მცირე შეცდომაც კი სიცოცხლის ფასი დაუჯდება, – დაამატა თოკამ.

– თორნიკე, მე და რეიესი დიდ მაყუთს ვჭრიდით. მე მას ფულის გათეთრებაში ვეხმარებოდი. წილს შუაზე ვტეხავდით, მაგრამ შემდეგ გავარკვიე, რომ თურმე, მაყუთს მიტეხავს და სროკიც მაგან ამკიდა. უკვე აღარ ვჭირდებოდი და ჩამიშვა. სანამ დამიჭერდნენ, მოვასწარი და რეიესის მაყუთი ძალიან სარფიანად დავაბანდე უცხოურ ფირმაში. უკვე „კაპეზეში“ ვიჯექი, როცა მან ეს ამბავი შეიტყო და შემომითვალა – ან ფული დააბრუნე, ან ფირმა გადმოგვიფორმეო. წინააღმდეგ შემთხვევაში შავ დღეში ჩაგაგდებ, არ მოგკლავ, მაგრამ სიკვდილს მოგანატრებო. მას ჩემი მოკვლა არც აწყობდა. მაშინ ხომ ვერც ფულს დაიბრუნებდა და ვერც ფირმას, სადაც მისი ფულია ჩადებული. სამაგიეროდ, აქ, ამ ჯოჯოხეთში გაამწესებინა ჩემი თავი. თან, ყოველთვე შიკრიკს მიგზავნიდა და მეკითხებოდა: გინდა სვაბოდა? მაშინ ფირმა გადმომიფორმეო. ერთი სიტყვით, ვერაფერს რომ ვერ გახდა, თავისი სიტყვის შესრულებას შეუდგა. ფული გადაიხადა და ისეთ პირობებში ჩამაგდეს, რომ მწვავე ტუბერკულოზი ამკიდეს და რომ არა ჩემი ძლიერი ორგანიზმი, აქამდე უკვე მკვდარი ვიქნებოდი. თუმცა, ვგრძნობ, რომ დიდი ხნის სიცოცხლე არ მიწერია და მინდა, ჩემი საიდუმლო შენ გაგანდო. გთხოვო, რომ რასაც გეტყვი, შემისრულო. მაგრამ, თუკი ამას ვერ შეძლებ, მაშინ იმისი პირობა მაინც მომეცი, რომ ბოლომდე კაცურად მოიქცევი, ვნება არ გძლევს და ჩემს შვილს არაფერი ცუდი არ შეემთხვევა. ბოდიში, რომ ასეთ რამეს გეუბნები, მაგრამ ნუ მიწყენ, თოკა.

– არ გიწყენ, ძია ვახო. მითხარი, რაშია საქმე, – მიუგო კასრაძეს თორნიკემ.

ვახტანგ კასრაძემ თორნიკე მახარაძეს მუყაოს ნაჭერი გაუწოდა და უთხრა:

– თოკა, აქ წერია იმ ბანკის სახელწოდება, მისამართი და იმ სეიფის ნომერი და კოდი, სადაც გამზადებული საბუთები დევს. მხოლოდ ფირმის მფლობელის ხელმოწერის ადგილია თავისუფალი და ვინც ხელს მოაწერს, მფლობელიც ის იქნება. აი, ამაზე ნადირობს რეიესი ეს წლებია. ეს ერთი. ახლა მეორე, ყველაზე მთავარი და უმნიშვნელოვანესი: მე მყავს ერთადერთი ქალიშვილი, ნატო, მაგრამ ის ახლა ნელი ბერიძის სახელზე გამოწერილი საბუთებითაა. სანამ დამიჭერდნენ, მოვასწარი, მას ყალბი პასპორტი გავუკეთე და საიმედო ადგილზე გადავმალე. მაშინ ის 13 წლის იყო. ახლა უკვე სრულწლოვანია და სწორედ ის მინდა ჩაგაბარო და გთხოვო, რომ მიხედო. მაგრამ, თუკი შენ ამას ვერ იკისრებ, მაშინ გთხოვ, რომ ფირმის საბუთების ადგილსამყოფელი გაუმხილო და უთხრა, როდესაც საკმაოდ მოძლიერდება, გამოცდილებას შეიძენს და გათხოვდება, ამ საბუთებს მაშინ მოაწეროს ხელი. აი, ესაა ჩემი თხოვნა შენთან, კაცთან, რომელსაც ვენდობი და ჩემი უძვირფასესი ადამიანის ბედს ვაბარებ. რას იტყვი?

– რა უნდა ვთქვა, ძია ვახო, ყველაფერს ისე ვიზამ, როგორც მითხარი. ნუ გეშინია, შენს ქალიშვილს თმის ერთი ღერიც არ ჩამოუვარდება და შენს ქონებას კაპიკიც არ მოაკლდება, – მტკიცედ, დამაჯერებლად მიუგო მომაკვდავ კასრაძეს თოკამ.

– მადლობა, თორნიკე. მე მჯერა შენი და ღმერთმა სიკეთე მოგცეს, – უთხრა კასრაძემ და დააყოლა, – რეიესსა და ნათანს უფრთხილდი, იცოდე! ისინი ძალიან გაიძვერები არიან და არ მოგიხელთონ. ახლა კი ძალიან დავიღალე და მარტო დამტოვე, ცოტა უნდა დავისვენო.

თორნიკე მახარაძე ვახტანგ კასრაძეს გამოემშვიდობა და ბარაკიდან გავიდა. ერთი საათის შემდეგ კი მომაკვდავმა პატიმარმა სული დალია.

კასრაძე კოლონიის სასაფლაოზე დამარხეს.

თოკა კი ზუსტად ერთი წლის მერე გათავისუფლდა ციხიდან და ავტობუსში მჯდომს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ვახტანგ კასრაძის თხოვნა შეესრულებინა. მას ჯერ ნატო უნდა მოეძებნა ციმბირის ერთ-ერთ დედათა მონასტერში, შემდგომ კი საბუთებზე ეზრუნა.

***

თორნიკემ მოსკოვს როსტოვი არჩია და ზონიდან საბჭოეთის ქურდულ დედაქალაქში ჩავიდა. კოლეგებმა მას საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს და ექვსი წლის განმავლობაში „სვაბოდამონატრებული“ ქურდი სრული დატვირთვით „აგულავდა“. თუმცა, სამი დღე იკმარა და კოლეგებს განუცხადა:

– პატივისცემისთვის მადლობა, ძმებო, მაგრამ მეყოფა. ერთი საქმე მაქვს დასამთავრებელი და უნდა გავემგზავრო.

– თოკა, ძმაო, ასე ადრე რომ გვტოვებ, რაიმე პრობლემა ხომ არ გაქვს? – ჰკითხა თორნიკეს კოლია „ლეზვიმ“, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ქურდი და როსტოვისა და როსტოვის ოლქის მაყურებელი იყო.

– არანაირი, კოლკა. პირადი საქმე მაქვს, – მიუგო ქურდების პაპას თოკამ.

– შენ იცი, ძამიკო, შენი პირადი საქმე. მაგრამ ხომ იცი, რომ თუკი დაგჭირდით, მაშინვე გაგვაგებინე და მთელი საძმო შენთან გავჩნდებით, – თქვა „ლეზვიმ“– ვიცი, ძამიკო, ვიცი. მაგრამ ახლა ამის საჭიროება არაა, – მიუგო კოლკას თორნიკემ. შემდეგ ყველას სათითაოდ გადაეხვია და წავიდა.

როსტოვიდან თორნიკე მახარაძე ციმბირში დაბრუნდა და დედათა მონასტერი, სადაც ვახტანგ კასრაძის ერთადერთ ქალიშვილს ჰქონდა თავი შეფარებული, საკმაოდ ხანგრძლივი ძიების მერე იპოვა. მონასტერი, შუაგული ტაიგაში იყო აგებული. საკმაოდ დიდი ტერიტორია ეკავა. მთელ პერიმეტრზე კი უზარმაზარი ხის მორებისგან შეკრული, ხუთი მეტრის სიმაღლის ორმაგი ღობე ერტყა. მონასტრის წინამძღოლი 55 წლის დედა მარფა იყო. თოკამ ტაიგაში 2 კილომეტრი ფეხით იარა და მონასტრის კართან საკმაოდ მოქანცული შეჩერდა. დაიჩოქა, პირჯვარი გადაიწერა. შემდეგ წამოდგა და კედელზე ამოკვეთილ ღვთისმშობლის ხატს ემთხვია. ბოლოს კარზე დაკაკუნება დააპირა, მაგრამ კარი გაიღო და ზღურბლზე მდგომმა, შავებით შემოსილმა ქალმა, რომელსაც მხოლოდ თვალები უჩანდა, ახალმოსულს ახალგაზრდული, ძალიან სასიამოვნო ხმით ჰკითხა:

– ვინ გნებავთ?

თორნიკე ქალის ხმითა და შენიღბული აღნაგობით მიხვდა, რომ მის წინ, ახალგაზრდა, ლამაზი გოგონა იდგა და უთხრა:

– ნელი ბერიძესთან მოვედი.

– დედა მარფას უნდა დაელაპარაკოთ. ის ტაძრის წინამძღოლია. დამელოდეთ. გადავცემ მას თქვენ შესახებ, – მიუგო შაოსანმა თორნიკეს. კარი ფრთხილად მიიხურა და წავიდა.

ათიოდე წუთის შემდეგ მონასტრის შესასვლელთან წინამძღოლი გამოჩნდა. დედა მარფაც შავებში იყო და მასაც მხოლოდ თვალები უჩანდა. თორნიკე რომ დაინახა, თითქოს შეკრთა, მაგრამ მიესალმა ახალმოსულს და უთხრა:

– მე ამ დედათა მონასტრის წინამძღოლი ვარ. გისმენთ, რისთვის შეწუხებულხართ?

– დედა მარფა, მე ნელი ბერიძის სანახავად ვარ მოსული. მამამისი კოლონიაში გარდაიცვალა შარშან და ეს მისი უკანასკნელი თხოვნა იყო. მე კი მხოლოდ ხუთი დღის წინ გავთავისუფლდი და მოვედი ნელის მამის თხოვნის შესასრულებლად. შეიძლება ნელის ნახვა?

– წამობრძანდით, – თქვა დედა მარფამ და თორნიკე მონასტრის ეზოში შეიპატიჟა. შემდეგ წინ გაუძღვა მას.

ორმოცდაათიოდე მეტრი უხმოდ გაიარეს. ეზოში ადამიანის ჭაჭანება არ იყო. თოკამ წინამძღოლს უთხრა:

– როგორი სიმშვიდეა. ადამიანი იფიქრებს, აქ ძეხორციელი არააო.

– აქ ას ოცნი ვართ. სწორედ სიმშვიდისა და ღვთის სამსახურისთვის მოდიან ჩვენთან, – თქვა დედა მარფამ. შემდეგ, სტუმარს თავის ოთახში შეუძღვა. სავარძელზე მიუთითა, დაბრძანდიო და დაამატა, – გისმენთ.

– როგორც უკვე ვთქვი, ცხონებულმა მამამისმა გამომგზავნა, – თქვა თორნიკემ.

– ესე იგი, მისი ნამდვილი ვინაობაც იცი, – მშვიდად თქვა წინამძღოლმა და დააყოლა, – ნატო კასრაძესთან ხარ მოსული.

– ვხედავ, რომ თქვენც ყველაფერი გცოდნიათ, – თავი დააქნია თოკამ.

– ვახტანგს, ნატოს მამას, მე ბავშვობიდან ვიცნობდი. მან ჩემზე ყველაფერი იცოდა და გოგონა შეგნებულად მომიყვანა და ჩამაბარა. ისიც მითხრა, მე თუ ვერ შევძელი, ნატოს წასაყვანად პატიოსან ადამიანს გამოვგზავნი. ხოლო თუ არავინ მოაკითხავს მას, მაშინ ბოლომდე შენ მიხედეო, – უთხრა დედა მარფამ თორნიკე მახარაძეს.

– მე მხვდა წილად ეს მისია, დედაო, – მიუგო თოკამ.

– რას აპირებ, როგორ უნდა მიხედო ნატოს? – დაინტერესდა მარფა.

– დიახ, – უპასუხა თორნიკემ.

– დედა მარფა, ნატოს მამამ მითხრა, საბუთებზე უნდა მოვაწერინო ხელი, რომ ფირმის ხელმძღვანელი, მფლობელი გახდეს და საზღვარგარეთ იცხოვროს. ფული ექნება და სრულწლოვანია. თავის ბედს კი თვითონ მიხედავს, – თქვა თორნიკემ.

– შენ? – თქვა მარფამ.

– რა მე? – კითხვა შეუბრუნა თოკამ.

– შენ რას აპირებ ამ გოგოსთან მიმართებაში. ნუთუ ვახტანგმა არ გთხოვა, ჩემს შვილს უპატრონეო, – იკითხა მარფამ.

– კი, – მიუგო თოკამ.

– მერე? როგორ აპირებ მის პატრონობას? შენ ხომ ქურდი ხარ და ქურდული საქმეები გაქვს? ამ გოგოს მანდ გარევა პატრონობა არ იქნება. თუ პატრონობაზეა საქმე, მოდი, პირდაპირ ვთქვათ, მაშინ შენ ეს გოგო ცოლად უნდა შეირთო. შენს საქმიანობას ჩამოშორდე და ბედნიერად იცხოვრო მასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხომ გაგიგონია, ორი კურდღლის მადევრის ამბავი? – თქვა მარფამ.

– შენ გგონია, რომ მე იმ გოგოს სხვანაირად შევხედავ, გამოვიყენებ, ფულს ავახევ და ასე შემდეგ? – წამოწითლდა თოკა.

– მე ეს არ მითქვამს, მაგრამ ასე ხდება ხოლმე და არ მინდა, რომ ნატოც ასეთ დღეში ჩავარდეს. ნატო ბავშვი იყო, როცა ვახომ მომიყვანა. ახლა კი პირმშვენიერი და ტანადი ქალწულია. ხუთი წელია, აქაა და კაცის სახეც კი არ უნახავს. შენ რომ დაგინახავს, თანაც კარგად მოექცევი და შენი თქმის არ იყოს – ასე შემდეგ, მას შეუყვარდები და არ მინდა, რომ მისი ეს გრძნობა მას ტრაგედიად ექცეს. გასაგებია? ამიტომ, ხატთან დაიფიცე, რომ გოგონას ნამდვილად უპატრონებ და არ გააუბედურებ. ხოლო დანარჩენი კი შენი კაცობისა და ჭკუის შესაბამისი იქნება, – თქვა და თოკას თვალი თვალში გაუყარა მარფამ.

თორნიკე მახარაძე კედელთან მივიდა. ღვთისმშობლის ხატის წინ დაიჩოქა და თქვა:

– ღვთისმშობლის წინაშე ვფიცავ, რომ ნატოს ვუპატრონებ, ღირსეულად მოვექცევი და ყოველმხრივ დავიცავ მას.

– კარგი. მასე იყოს. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ორივეს. ახალგაზრდა, გამოცდილი კაცი ხარ და იმედია, ამ წმიდა ფიცს არ დაარღვევ. ახლა კი წამოდექი და სკამზე დაჯექი. მე ნატოს მოვიყვან და გაგაცნობ, – უთხრა დედა მარფამ თორნიკე მახარაძეს. შემდეგ კვლავ უზარმაზარი თავშალი შემოიხვია და გავიდა.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

3- იანვარი - 5 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი