რომანი და დეტექტივი

მტაცებელთა პლანეტა

№51

ავტორი: სოსო ჯაჯანიძე 20:00 01.01, 2022 წელი

მტაცებელთა პლანეტა
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #30-50(1094)

თამაზმა სიგარეტს მოუკიდა, დინჯად გააბოლა და დამშვიდებულად განაგრძო თხრობა, აღსარებასავით თქმული:

იმავე ღამეს გავეშურე იმ მონასტერში, სადაც ნუგო უკვე ბერად იყო აღკვეცილი. მთელი გზა ორჭოფული კითხვები მიბურღავდა ტვინს: „მართალი ხო არ იყო ნუგო? იქნებ მეც მასავით უნდა მეპატიებინა და ღმერთისთვის მიმენდო მინას განსჯა?.. არა და არა, არანაირი პატიება ძმების მოღალატეს! სწორედ, ჩემი ხელიდან უნდა მომკვდარიყო, ეგ არაკაცი!“. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ვნანობდი ჩემს საქციელს, მაგრამ ჩემს თავთან გამოტეხვა არ მინდოდა.

უცებ ნუგოს ნათქვამი გამახსებდა: „თუ მართალი ხარ, მარტოც გაგამარჯვებინებს ღმერთი!“

„ჰოდა, გავიმარჯვე, მოვკალი ძმების მოღალატე!“ – ხმამაღლა გავიმხნევე თავი. უმალ მინას სიტყვები ჩამესმა ყურში: „ხომ მოგაკვლევინე თავი, ძმაო!“ და ჩემი ორეულიც შემეხმიანა: „შენ კი არ გაიმარჯვე, მინამ გაიმარჯვა! შენ კი არ მოკალი, იმან მოგაკვლევინა თავი!“. ზაფრამ დამკრა, მკვეთრად დავამუხრუჭე მანქანა.

„ნუთუ შევცდი? ნუთუ უნდა დამეჯერებინა ნუგოსთვის და კიდევ ერთი ცოდვა არ დამედო კისერზე?!“ უმალ სასტიკად გავბრაზდი ჩემს თავზე: „არა-მეთქი, არანაირი სინანული! რაც ეკუთვნოდა, ის მიიღო იმ არაკაცმა! ნუგოსაც უნდა შევაგნებინო, რომ მინა, სწორედ, ჩვენი ხელიდან იმსახურებდა სიკვდილს!“ – მკვეთრად დავძარი მანქანა.

შუადღე იქნებოდა, როდესაც მონასტერთან მივედი. მანქანა ეზოს შესასვლელთან გავაჩერე და შიგნით შევედი. ეზოში ვიღაც ბერი შეშას ჩეხდა. რომ დამინახა, შეწყვიტა ჩეხა და ცნობისმოყვარედ მომაჩერდა. ახლოს მივედი და მივესალმე:

– გამარჯობა!

– გამარჯობა, ღმერთმა მშვიდობა მოგცეს! – დამიბრუნა პასუხად.

– ნუგზარ შალიკაშვილის ნახვა მინდოდა, თუ შეიძლება, – ვუთხარი მე.

– ა, მამა გაბრიელის, – კორექტულად შემისწორა მან, – ახლავე დავუძახებ.

ორიოდ წუთში ნუგო ეზოში გამოვიდა და ჩემკენ გამოემართა. მოახლოებისთანავე თვალებში ჩამაკვირდა, მკვეთრად მომმართა:

– შენ კაი ამბის მაუწყებლად არ ხარ აქ ამოსული. გავიდეთ მონასტრის ეზოდან, – თქვა და დაიძრა ჭიშკრისკენ. უხმოდ მივყევი.

ოცდაათიოდე ნაბიჯზე წიწვოვანი ტყე იყო, იქ შევაფარეთ თავი. ერთხანს ჩუმად ვუმზერდით ერთმანეთს. ვიფიქრე, დაინტერესდება და თვითონ მკითხავს მისვლის მიზეზს-მეთქი, მაგრამ ნუგზარი დუმდა. გავბრაზდი და მკვახედ მივახალე:

– მინაგვერი დავბრიდე, ნუგო!

ნუგზარს ყინული დაედო სახეზე.

– როგორ მოხდა ეგ ამბავი, დაწვრილებით მომიყევი! – გაყინულივე ხმით მითხრა მან და მე დავრწმუნდი, რომ ჩემი დანახვისთანავე მიხვდა, რის გამოც ვიყავი ასული.

ისიც კი ვიფიქრე, რადგან თავიდანვე ჩხუბი არ ამიტეხა და დააინტერესა ამ ამბავმა, ალბათ, ადამიანურად ესიამოვნა კიდეც-მეთქი მინას მოკვლა. ამ აზრით წახალისებულმა სიტყვა სიტყვით მოვუყევი მინასთან ჩემი ბოლო შეხვედრის ყველა დეტალი. რომ დავასრულე, ნუგოს თვალებში ალივლივებული ცრემლი დავლანდე. მან კვლავ დინჯი, ოღონდ ოდნავ ბზარნატყობი ხმით მითხრა:

– მაინც რას მიაღწიე მინას მკვლელობით, თაზო? ნინიკო წამოდგა საფლავიდა, თუ შალიკო გაცოცხლდა? თუ სამყარო გაკეთილშობილდა და ჩვენ ვერ გავიგეთ?

ერთდროულად გამაკვირვეს და გამაცხარეს მისმა სიტყვებმა და შეტევით მივმართე:

– როგორ თუ რას მივაღწიე?! შური ვიძიე!

დანანებული ხმით მომიგო ნუგომ:

– აი, ეგ არი, თამაზ, შენი პიროვნული ჟინი აისრულე და მეტი არაფერი! არანაირი სიკეთე ამ შენს შურისძიებას არ მოჰყოლია. პირიქით, კიდევ ერთი დიდი ცოდვა დაიდე კისერზე. მინასაც ყველანაირი შანსი მოუსპე, მის მიერ ჩადენილი ცოდვები თვითონვე მოენანიებინა ბოლომდე.

რაღაც მენიშნა, მაგრამ ბოლომდე ვერ მივხვდი და დაჟინებით ვკითხე:

– კარგად ამიხსენი, ნუგო, რას ამბობ, მინას რომელ მონანიებაზე მელაპარაკები? მინა და სინანული ვის გაუგია, ბიჭო?!

ნუგომ დაყვავებული ხმით მომმართა:

- აბა, კარგად დაფიქრდი, თამაზ, რადგან მინა ასეთ უიმედობაში იყო და სიკვდილს ნატრობდა, ესე იგი, შინაგანად განიცდიდა თავის არაკაცურ საქციელებს, ნანობდა, და შენ რომ არ მოგეკლა, ეს სინანულის გრძნობა კიდევ უფრო გაუღვივდებოდა. შესაძლოა, ეკლესიის კარამდეც კი მიეყვანა ამ სინანულს და მაშინ უკვე მე კი აღარ მომიწევდა მაგისი სულისათვის ლოცვა, თვითონ ილოცებდა თავისი უკვდავი სულის გადასარჩენად. შენ კი მას ამის საშუალება მოუსპე. არა, არ უნდა მოგეკლა! – თქვა ბოლო სიტყვები ისე, თითქოს თავის თავსაც არწმუნებსო ამაში და გზად ადევნებული ჩემი ორეულის სიტყვები გამიმეორა მაშინვე, – გაიხსენე, ბოლოს რა გითხრა მინამ: „ხომ მოგაკვლევინე თავიო!“ ესე იგი, შენ კი არ მოკალი, იმან მოგაკვლევინა თავი, ის გაგაკეთებინა, რაც თვითონ უნდოდა და კიდევ ერთხელ გაიმარჯვა შენზეც და თავის თავზეც იმ საცოდავმა. შენ კი მას ამაში მიეხმარე.

დამზაფრა მისმა ნათქვამმა, გზად კვლავ აკვიატებულმა კითხვამ დამიარა ელვად: „ნუთუ მართალა არ უნდა მომეკლა მინა და კიდევ ერთი ცოდვა არ უნდა დამედო ჩემს კისერზე?! იქნებ მართალია ნუგო, მართლაც მხოლოდ პირადი ჟინი დავიკმაყოფილე და ვერავის ვერაფერი ვარგე ამ მკვლელობით?! ნუთუ მართლა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა მინამ და ამაში ხელი მე შევუწყე?!“

სრულად გავიაზრე, რასაც ნუგო მეუბნებოდა. მაინც არ მინდოდა ბოლომდე იმის აღიარება, რომ ის მართალი იყო. იხტიბარი არ გავიტეხე და მასზეც და ჩემზეც ერთბაშად გაღიზიანებულმა მივმართე – ხავსმოჭიდებულის თავის მართლებას უფრო ჰგავდა ჩემი განწირული ხმით ნათქვამი:

– რა ვქნა, ძმაო, ვერ ვაპატიე, რაც ჩაიდინა და მოვკალი, მოსაკლავი იყო ეგ არაკაცი და მოვკალი!

ნუგომ თვალებში შემხედა და ჩემი სიჯიუტით თავადაც გაღიზიანებულმა ულმობელი განაჩენი გამომიტანა გამოსაფხიზლებლად:

– შენ მაინც შენსას გაიძახი, თამაზ! მე ვაპატიე მინაგვერს და შენც უნდა გეპატიებინა. ეს იქნებოდა ყველას საშველი. ახლა კი ხელებიდან სისხლი გდის!

უმალ ხელებზე დავიხედე და თვალნათლივ მეჩვენა, რომ თითებიდან სისხლი მდიოდა, წვეთ-წვეთად. ამ დროს მინას ადრინდელი ნათქვამი ამომიტივტივდა: „ეშმაკი გამორიცხავს პატიებას!“ მთელი სხეული გამყინავმა ისრებმა დამისერეს. „დავმარცხდი!“ – ლახვრის პირივით გამჭოლა ფიქრმა გონებაში და დაზაფრული ხმით დავყვირე ნუგზარს:

– როგორ ვისწავლო პატიება, ნუგო?

– ქრისტე შეუშვი გულში და ის გასწავლის, – მითხრა სიყვარულით ნაჯერი ხმით, მომიახლოვდა და მკერდში ჩამიკრა.

მისგან გადმომდინარი სულიერი სითბოს ნაკადი სალბუნად მედებოდა გაქვავებულ გულზე, თითქოს მართლაც ქრისტე შემოდიოდა ჩემში წვეთ-წვეთად. შემდეგ გამცილდა, მხოლოდ მხრებზე შემატოვა ხელები.

– ახლა კი, ჯობია, მე წავალ, თაზო, ვილოცებ. შენც წადი და იფიქრე იმაზე, რაც გითხარი. თუ მოიფიქრებ, მაზეგ საღამოს ამოდი და მესამე დღის პანაშვიდი ერთად გადავუხადოთ მინას, – მითხრა, შეტრიალდა და მონასტრისკენ დაიძრა.

იმწამს მივხვდი, რომ ტყუილად არ იქადნებოდა მინა. რომ ნუგო... არა, მამა გაბრიელი თავის სენაკში განმარტოვდებოდა და მისი სულის სახსნელად ილოცებდა. მაგრამ იმაშიც დავრწმუნდი, რომ მინაგვერ გოშთელიანი ყველაზე მთავარში ცდებოდა! მამა გაბრიელი არის იმის უტყუარი დასტური, რომ იმქვეყნადაც და ამქვეყნადაც, ცოდვით დაცემულ ადამიანშიც კი, ღმერთი უფრო ძლიერია, ვიდრე ეშმაკი, რადგან ღვთიურ ადამიანს სინანული, პატიება და თავისი მოსისხლისთვის ლოცვა შეუძლია.

ამ ფიქრში ვიყავი ჩაძირული, როდესაც მონასტრის კარიბჭესთან მისული მამა გაბრიელის ხმა მომესმა:

– იცი ვინა ზრდის მინაგვერის ვაჟს?

– კი, ვიცი, ბიჭებისგან გავიგე, – გავძახე ხმამაღლა, ჩემთვის კი ჩავილაპარაკე, – მინამაც იცოდა.

– ჰოდა მიხედე, თაზო, ჩვენ ყველას ერთად გვევალება მაგ ბავშვის აღზრდა, – ეს მითხრა და მონასტრის ეზოში გაუჩინარდა.

იმავ წამს იმასაც მივხვდი, რა ძირითადი განსხვავება იყო მინაგვერ გოშთელიანსა და ნუგზარ შალიკაშვილს შორის: მინა ბავშვობაში მიყენებულმა შეურაცხყოფამ გააბოროტა, მთელი სამყარო ბოროტების საბუდრად წარმოადგენინა და შეაძულა ადამიანი; ნუგო კი, მის თავს დატეხილმა ვერანაირმა ენით აუწერელმა უბედურებამ ვერ გააბოროტა, სიკეთის რწმენა ვერ დააკარგვინა და ვერ შეაძულა ადამიანი, რადგან კეთილშობილი ღვთიური სული ჰქონდა.

* * *

უკვე საკმაოდ გათენებულიყო, მზე მთის ბილიკებს სხივებით ჰმოსავდა. თამაზი წამოდგა, თავის ხელჯოხს დაეყრდნო. მეც ავყევი, იდუმალი ხმით ვკითხე:

– ახლა რას აპირებ, თაზო?

– ახლა? – ჩემს კითხვას ჩაუფიქრდა თამაზი, შემდეგ მზერა მის გვერდით დადებულ შავი ტყავის ჩანთაზე გადიტანა, – ჯერ ამ ფულს მოვუძებნი თავის მისამართებს, როგორც მინამ მიანდერძა. მერე კი ლილე უნდა ვნახო, მინას ბიძაშვილი, ჩემი პირველი და ერთადერთი სიყვარული. ხომ გითხარი, ლილე ზრდის-მეთქი მინას ვაჟს. სუსლიკამ მითხრა, წერეთელზე, დიდუბის ეკლესიასთან ახლოს ცხოვრობენო ორნი, უყურადღებოდ არ ვტოვებთო ბიჭები. პატიოსნად ცხოვრობსო ლილე, დღემდე შენ გელოდებაო, შენ უყვარხარო ისევ. ზეგ კი მინდა, ორივენი წავიყვანო ნუგოსთან მონასტერში და მესამე დღის პანაშვიდი ერთად გადავუხადოთ მინას.

მის ამ სიტყვებზე საამო სიმმა გამიწკრიალა თამაზის მონათხრობით უხვად დამძიმებულ გულში. ეს გავივლე აზრად – იქნება ბედნიერი დასასრული მოვუძებნო-მეთქი ამ საშინელი ტრაგედიით ნაჯერ ისტორიას.

– რა ჰქვია ნინიკოსა და მინას ბიჭს? – ვკითხე ცნობისწადილით.

– გარდაცვალების წინ ნინიკოს უთხოვია მინასთვის, შალვა დაარქვიო ჩვენს ვაჟს. შეუსრულებია მინას ეს თხოვნა, შალვა გოშთელიანს ზრდის ახლა ლილე, – თქვა თამაზმა აკანკალებული ხმით და თვალებში კვლავ ცრემლი აუციმციმდა.

მოვეხვიე თამაზს, მკერდში ჩავიკარი, თვალთაგან ცრემლი გადმომდინდა მეც. ვაჟკაცური ცრემლი იყო ეს, ადამიანური დრამის განცდის და ბედნიერი დასასრულის იმედით ნაჯერი.

გამომშვიდობების დროც დაგვიდგა. თამაზმა ჩაღიმებით მითხრა:

– ვიცი, შენ ახლა ისე არ გაჩერდები, წერას ჰყავხარ ატანილი. ოღონდ იცოდე, შენებურად არ გააბუქო ჩემი მონაყოლი.

ხელები გავშალე, მეც ღიმილით მივუგე:

– ამ ამბავს რაღა გაბუქება უნდა, ტო?

თამაზმა ხელი გამომიწოდა:

– აბა, კარგად იყავი, სოსო, ძმა. ღმერთი იყოს შენი მფარველი.

ხელი შევაგებე მეც:

– კარგად, ძმაო. ღმერთს ებარებოდეთ შენ, ლილე და თქვენი პატარა შალიკო. უფალმა მოგცეთ ძალა, ნება და გონება ნამდვილ ქართველ ვაჟკაცად აღზარდოთ შალვა გოშთელიანი.

კიდევ ერთხელ გადავეხვიეთ ერთმანეთს. თამაზმა უცაბედი მოძრაობით ერთი ფულის შეკვრა ჩამიცურა ჯიბეში, – ეს წიგნის გამოსაცემადო, – მითხრა და, სანამ პასუხის გაცემას მოვასწრებდი, მკვეთრად შეტრიალდა და თავქვე დაეშვა მგლური სვლით, მგლის თავით ვერცხლად-მოვარაყებულ ხელჯოხს ეყრდნობოდა გზადაგზა.

თვალს ვაყოლებდი მიმავალ თამაზს და თანდათან ვრწმუნდებოდი, რომ ის, ლილე და მამა გაბრიელი ახალი სიცოცხლის გზაშესაყართან შეიყრებოდნენ და უთუოდ ისე აღზრდიდნენ შალვა გოშთელიანს, რომ, მიუხედავად მამისეული სისხლის ყივილისა, მინაგვერ გოშთელიანს იგი არასოდეს დაემსგავსებოდა.

დ ა ს ა ს რ უ ლ ი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი