რომანი და დეტექტივი

მტაცებელთა პლანეტა

№50

ავტორი: სოსო ჯაჯანიძე 22:00 25.12, 2021 წელი

მტაცებელთა პლანეტა
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #30-49(1093)

თვალებში ჩაეჭიდა მინაგვერი, მოწყვეტით ჰკითხა:

– გახსოვს რესტორანში ფიცი რომ დავდეთ – ძმობის მოღალატეს ტყვია არ ასცდეს გულშიო?

– კი, მახსოვს. მერე? – მოჭრით მიუგო თამაზმა.

– ხოდა მაგის მისაღებად ჩამოვედი, ჩემო ნაღალატებო ძმაო! გულში ტყვია მეკუთვნის შენგან! – მტკიცე ხმით მიუგო მინამ.

ცნობისწადილი გაუმძაფრდა თამაზს:

– ესე იგი, გინდა, რომ მე მოგკლა? რატომ?!

ხმაგატეხილი კილოთი მიუგო მინამ:

– შენც კარგად იცი, თამაზიკო, რომ არაფერი დამიკლია ამ ცხოვრებაში. ყველანაირი სიამე ვიგემე, რაც კი ადამიანს შეუძლია, იგემოს ამ მყრალ პლანეტაზე. მით უმეტეს, რაც საქართველოდან გავედი, იმის მერე. იმხელა მაყუთი წავიღე, ბრატ, სამ თაობას ეყოფოდა კისრამდე. ლიპა საბუთებიც ისეთი გავაშვანშვალე, ვერც ძაღლები მომაგნებდნენ და ვერც ქურდები. თან ისეთ ადგილას დავყვინთე, ვერავინ მოტვინავდა, სად ვიყავი. ეგაც წინასწარ მქონდა გამზადებული. რომ ჩავედი, იქაც ყველაფერი ხუთიანზე ავაწყვე. მაგარ მაყუთსაც ვშოულობდი, ვიყავი ჩემთვის ტაშ–ხოშიანად. მაგრამ ამ ბოლო დროს სიცარიელის გრძნობა დამეუფლა, ბიჭო, სრული უიმედობა, კაეშანი. თითქოს შიგნიდან ვიღაცამ, თუ რაღაცამ მთელი შიგნეულობა ამომირეცხა, ჯიგარი ამომაჭრა და ცარიელ უსულგულო ფიტულად მაქცია. თითქოს ყველაფერი მაქვს, რასაც კი კაცი ინატრებს, არაფერი მაკლია; მაგრამ, რომ გავიხედ–გამოვიხედე, სულ მარტო დავრჩი, ბიჭო, აღარავინა მყავს გვერდზე, ვინც მე მიყვარს, ან ვისაც მე ვუყვარვარ. აღარც მშობელი დამრჩა, აღარც მეგობარი და აღარც შეყვარებული, მხოლოდ და მხოლოდ საქმიანი ნაცნობები – „პადდელნიკები“ და პარტნიორები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აქაც ისეთი ამბები მაქვს დათენებული, რომ ვერ ჩამოვდივარ და აგერ უკვე თორმეტი წელია, საკუთარი შვილიც კი არ მინახავს. ერთი ეს ვიცი, რომ ლილე ზრდის... მოკლედ, სიცოცხლე მომბეზრდა, თამაზიკო, სიკვდილი მომენატრა, – მწარე ღიმილმა გაუკვეთა ბაგენი მინას, – გახსოვს, ძმად რომ გავეფიცეთ მე და შენ, მაშინ რომ ვთქვი: ძმობის მოღალატე ცოცხლობდეს და სიკვდილი ენატრებოდეს-მეთქი?

თამაზმა თავი დაუქნია დანანებით. მინამ მიაძახა:

– ჰოდა ზუსტად მაგ დღეში ვარ, ბრატ, თავი დამიწყევლია, თურმე! აი, მაგიტომაც ჩამოვედი თბილისში, ჩემო ძმადნაფიცო, ჩემი სისხლის თანაზიარო, მინდა ძმობის მოღალატე შენი ხელიდან მოვკვდე და შენი მრავალწლიანი ხვაშიადიც გაგასწორებინო, შალვასა და ნინიკოს სისხლი აგაღებინო!

შენიშნა თამაზმა, მინას თვალები მწარე წყლით აუბრწყინდა. იმ წამს ირწმუნა, რომ მინა ნანობდა მის მიერ მათ მიმართ ჩადენილ ბოროტებებს და თამაზის ხელიდან სიკვდილით ფიქრობდა ამის გამოსყიდვას. გული მოელბო გასასტიკებულს, იარაღიანი ხელი მოუდუნდა, ხმაგაბზარულმა ჰკითხა:

– ნანობ, მინა, რაც გააკეთე? რაც ჩვენ გაგვიკეთე – შენს საძმოს და ნინიკოს?

თამაზის ნათქვამმა მაშინდელივით მყისიერად შეცვალა მინა, თითქოს კვლავ თავის თავს დაუბრუნდაო. თვალთ მომდგარი ცრემლი უხეშად ჩამოიწმინდა, მკვეთრად მოხედა ბოროტღიმილიანი მზერით და მისთვის ჩვეული უკმეხი ტონით მიმართა თამაზს, თითქოს ცდილობდა, მისი ხმის ბზარი ბრაზით ამოევსო და იარაღიანი ხელი გაემტკიცებინა ისევ:

– ერთხელ უკვე ხო გითხარი, ბიჭო, რომ მე არასოდეს არ ვნანობ-მეთქი იმას, რასაც ვაკეთებ! – მისმა კილომ კიდევ უფრო მეტი სარკაზმი შეიძინა, თითქმის უყვირა თამაზს, – აი, შენ კი, ნაღდად ვიცი რა, ძალიან მაგრად ნანობ, მედიკების სახლთან სიკვდილს რომ გადამარჩინე მაშინ, ბავშვობისას!

მინა შეყოვნდა, თითქოს დაელოდაო თამაზის რეაქციას. რომ შეატყო, მისმა მცდელობამ სასურველს მიაღწია და ბზარმა ბრაზით შევსება დაიწყო, ბოროტად ჩაეღიმა ამ ბოროტების ფსიქოანალიტიკოსს და ხმამომატებული დამცინავობით მიაძახა:

– შე მართლა კრეტინო, იმ ბიჭს რომ არ აფარებოდი მაშინ მატროსოვივით და მოვმკვდარიყავი, ამდენ უბედურებას ხომ არ დაგატეხდით თავს შენ და შენს მეგობრებს. ნინიკოც ცოცხალი იქნებოდა, ის გამოსირებული შალიკოც და ეს იდიოტი ნუგოც გვერდზე გეყოლებოდა. თან ნუგო და ნინიკო ნაღდად ცოლ–ქმარი იქნებოდნენ და იცხოვრებდით ერთად დიდხანს და ბედნიერად. ახლა კი, შენც ჩემსავით მარტოსული ხარ და აჩრდილივით დაიარები ამ ქვეყანაზე. ამის მიზეზი კი მე ვარ, მე, მინაგვერ გოშთელიანი! – მინამ საზარლად გადაიხარხარა. შემდეგ მისებურად თვალებში ჩაეჭიდა თამაზს – ჰა და, თქვი, ხო მწარედ ნანობ, მაშინ რომ გადამარჩინე სიკვდილს?!

მინამ თავისას მიაღწია. ბრაზმა ბზარი ამოავსო სრულად, იარაღიანი ხელიც კვლავინდებურად გაუმტკიცდა თამაზს, თვალებანთებულმა გაცხარებით დაჰყვირა:

– ხო, ვნანობ, ვნანობ! მაშინ უნდა მომკვდარიყავი, შე არაკაცო!

მინა კვლავ შესაზარად ახარხარდა, წინ გადმოიწია და ბოროტად გახარებულმა შეჰყვირა:

– აი, ეგ არის ადამიანი, თამაზიკო, ამას ვუმტკიცებდი იმ კრეტინ ნუგზარას. რამდენი ბოროტება გაქვს ჩადენილი შენს ცხოვრებაში, რამდენი ადამიანი გყავს გამწარებული და გაუბედურებული... ამ დროს ერთი კეთილი საქმე ძლივს გააკეთე, მეგობარი გადაარჩინე სიკვდილს და იმასაც ნანობ. ამიტომაც გეუბნებოდით შენ და ნუგოს, რომ ამ დამპალ ქვეყანაზე სატანა უფრო ძლიერია-მეთქი, ვიდრე ღმერთი. თქვენ კიდე არ გჯეროდათ!

მინა ისევ სავარძელში მიწვა, მყისიერად დამშვიდებული ხმით მიმართა თამაზს:

– ეშმაკისთვის აღსარება უკვე ნათქვამი მაქვს, თამაზიკო. ადექი ახლა და ის გააკეთე, რისთვისაც აქ მოხვედი, გაათავე ჩემი ცხოვრება!

თამაზმა გამართა იარაღი, მაგრამ უეცარმა ცნობისწადილმა შურისძიების გრძნობა დაუოკა დროებით. მოინდომა, ბოლომდე გარკვეულიყო მინას გროტესკულ ტვინში წარმოშობილ მზაკვრულ გეგმაში, თვალებმობურვით ჰკითხა:

– თუ სიკვდილი ეგრე გეჩქარებოდა, თბილისში რას ჩამოდიოდი, იქვე მოგეკლა თავი, სადაც იყავი? თუ თავის მოკვლის ტ...ი არა გაქვს?

მინამ გამოხედა, მწარე ჩაღიმებით მიუგო:

– აგრძელებ ამ უსარგებლო დისკუსიას, არა? ბოლომდე გინდა, რომ გამშიფრო, ხო, შე ახვარო?! კარგი, გეტყვი. დედაჩემის წყალობით ეგ ამბავი მე მაგრა ვიცი, თამაზიკო, დაჟე იმაზე მაგრა, ვიდრე ნუგომ. თავი რომ მოვიკლა, არასოდეს მეპატიება, მარადიულ სატანჯველში ვიქნები. მაგრამ თუ ვინმე მომკლავს, მით უმეტეს შენ, ფაიზაღს გეუბნები რა, ჩემი ცოდვილი სულისთვის ნუგზარა ილოცებს, ის ბალვანი ბერი, ჩემნაირი მოსისხლე მტერიც რომ უყვარს და ყველას ყველაფერს პატიობს. ჰოდა იქნება ოდესმე მეშველოს რამე, ნუგზარას ლოცვებით იქნება როდისმე გამომიხსნას ღმერთმა ჯოჯოხეთიდან. აი, ამას ვფიქრობ. როგორც ყოველთვის, ახლაც პრაგმატული გათვლა მაქვს და არანაირი თვალცრემლიანი სინანული. მაგიტომაც მოვედი შენთან, ვიცი, არ გჯერა ამ ტოლერანტული იწილო-ბიწილოსი და ხელიც არ აგიკანკალდება, ისე დამაჯენ ტყვიას შუბლზე. იქაც შემეძლო, ვინმესთვის გადამეხადა და დამევალებინა ჩემი მოკვლა, მაგრამ მინაგვერ გოშთელიანის მოკვლის უფლება მარტო შენ, ნუგოს და შალვას გაქვთ, სხვას არავის ამქვეყანაზე. შალვა დაბრედილია, ნუგო მაგას არ იზამს, ისევ შენ რჩები. მაგის გარდა, სხვას რომ მოვეკალი, ნუგო ვერ გაიგებდა ჩემს სიკვდილს და არ ილოცებდა ჩემი სულისთვის. ეს ამბავიც არ მაწყობდა.

თამაზი გააცოფა მინას დარწმუნებულობამ, რომ ნუგზარი მისი სულის სახსნელად ილოცებდა. გაოცებული გაბრაზებით შესძახა:

– ბიჭო, ნუგზარა როგორ ილოცებს შენი სულისთვის, ამდენი უბედურება დაგვატეხე თავს, ბოლომდე გაგვანადგურე ხალხი!

მინამ რაც შეიძლება მეტი გამომწვევი ირონიულობით მიუგო:

– ხომ გითხარი რა, თავდაყირა დაბერდი კაცი და ადამიანის ცნობა ჯერაც ვერ გისწავლია. შენ საკუთარ ბავშვობის დროინდელ ძმაკაცსაც კი არ იცნობ. რა იდიოტიც იყავი, ის იდიოტი დარჩი. აი, მე კი, შენც, შალიკოსაც და ნუგზარასაც თქვენს დედ–მამაზე უკეთესად გიცნობდით. მთელი ცხოვრება გიყენებდით შენც და შენს საყვარელ მეგობრებსაც და ახლაც გამოგიყენებთ: შენ მე მომკლავ, ნუგზარა კიდე ჩემი სულის გადარჩენისათვის ილოცებს. ხახვივით შემრჩება იმ ბეყე შალიკოს დაბრედვაც და ნინიკოს გაბახებაც...

რისხვის მწვერვალმა ცა გახია! თვალთ სისხლიანი ბური ჩამოეფარა თამაზს, მკვეთრად მიმართა იარაღი მინასკენ:

– მოკვდი/ შენი! – ამოიხავლა მაშინდებური ხაფი ხმით და მთელი მჭიდი დააცალა სავარძელში ჩაწოლილ მინაგვერს.

ყოველი ტყვიის მოხვედრაზე მინას სახე ემანჭებოდა, სხეულის გარღვეულ ნაწილზე ხელს იტაცებდა და თამაზს ის ნაწილი მასავით სტკიოდა. სულთამბრძოლი მინაგვერი ადგილზე იკლაკმებოდა, მაგრამ ბუნებასთან გაჯიქებულს სატკივარი ხმა ერთხელაც არ გაუღია. თამაზი მიუახლოვდა და დააცქერდა. მინამ ხელის ხელზე მოკიდება სცადა, მაგრამ ვერ ასწია. ამის თქმაღა მოასწრო მწარე ღიმილით:

– ხომ მოგაკვლევინე თავი, ძმაო! – ამოიხრიალა და თავი ჩაჰკიდა.

უცებ თამაზმაც საშინელი სიცარიელე იგრძნო. სიმარტოვის, ეულობისა და უიმედობის გრძნობა ერთბაშად დააწვა გულზე და გულში სისხლი ცრემლად ჩაუღვარა. მინაგვერივით მასაც სიკვდილი მოუნდა თუ მოენატრა იმ წამს. დაემხო ძმადნაფიცის უსულო სხეულს და თავისი სისხლიანი ცრემლი მინას ცრემლიან სისხლს შეუერთა. მყისიერად გაითიშა და მოწყდა გრძნობად სამყაროს.

ხელის კვრამ გამოაფხიზლა თამაზი. მკვეთრად შემოტრიალდა, იარაღჩაბღუჯული გია და „სუსლიკა“ ადგნენ თავზე. ცოცხლი რომ დაიგულეს, ორივემ შვებით ამოისუნთქა.

– მადლობა ღმერთს, ცოცხალი რომ ხარ. – უთხრა გიამ, – ასე რომ გნახეთ, ვიფიქრეთ, ერთმანეთი ჩახოცესო.

წამოდგა თამაზი. მაშინღა დაინახა, მინას სისხლი პერანგზე გადმოღვროდა. დახედა თავის ძმადნაფიცს, მისი სისხლის თანაზიარს და მის მოსისხლე მტერს – მის მიერვე მოკვდინებულს. მოეჩვენა, თითქოს გახსნილი ბაგენი დამცინავად უღიმოდა მინას და ღია თვალებიდანაც კვლავ მისებურ ირონიას აფრქვევდა. სწრაფი მოძრაობით თვალები დაუხუჭა და ბაგენიც მოუკუმა.

– იქიდანაც დამცინის, ეს ახვარი, – ჩაილაპარაკა თავისთვის.

– რა თქვი? – ჰკითხა გაკვირვებით „სუსლიკამ“.

– არაფერი, არაფერი. – მიუგო თამაზმა და უცებვე ორივეს მიმართა:

– ნუგოსთან უნდა წავიდე, ძმებო, უნდა გავაგებინო ეს ამბავი.

– ჩვენც წამოვიდეთ? – ჰკითხა „სუსლიკამ“.

თამაზმა თავი გაიქნია, დამაჯერებლად მიუგო:

– არა, ჯობია, მარტო წავალ.

გიამ თავი დაუქნია:

– მართალი ხარ, ეგრე ჯობია!

გასვლის წინ თამაზმა კიდევ ერთხელ მოხედა მინას სულმიტოვებულ სხეულს, თითქოს ენანებაო ძმადნაფიცთან საბოლოო განშორება. კვლავ სისხლი ჩაეღვარა გულში. არ დაერიდა ბიჭებთან გულის სიჩვილის გამოვლენას. მიბრუნდა, დაიხარა და თავზე აკოცა, თვალთაგან სისხლიანი ცრემლი გადმოსდინდა ორ მდაღავ ნაკადად.

გიამ „სუსლიკას“ გადაუჩურჩულა:

– აქ ტრაგედიაა, ძმაო, მიმიქარავს „მეფე ლირი“, ტო!

ბოლოთქმა: სიცოცხლე გრძელდება – გზაშესაყარი

მთიებმა ღამის მრუმე გაჰკვეთა, ალისფრად შეფეთქა ზეცა. თამაზმა მომხედა და მე ცხადად შევნიშნე მის თვალთაგან ორ მდაღავ ნაკადად გადმოდენილი ცრემლთა ნაკადული, თხრობას გამოყოლილი. გული მომეწურა, შინაგან შევიგრძენი მისი უსივრცო სიცარიელე.

– დავლიოთ, თამაზ, თორემ ყელი გაშრა! რას იზამ, ძმაო, ასეთია ეს მურტალი წუთისოფელი, მის ავანჩავანს რას გაუგებს კაცი! მთავარია, ყველა ვარიანტში ჩვენ დავრჩეთ ვაჟკაცებად და ჩვენი ნამუსი ეშმაკს არ მივცეთ სათახსიროდ. ეგრე არ არი, ძმა?

თამაზმა ცრემლი ჩამოიწმინდა, ჭიქა მომიჭახუნა და გაღიმებით მითხრა:

– ეგრეა, ეგრე, ძმაო. მთავარი ჩვენი კაცური ნამუსია!

შემდეგ ცისკრისფრად მოელვარე მთიებს გახედა და ზეშთაგონებით ამოთქვა თითქოს:

– ღმერთმა მოგვიტევოს ქართველებს ჩვენი შეცოდებები. გული გაგვიხსნას, გონება გაგვინათოს, ქრისტეს გზით გვატაროს. სხვაგვარად ვერ გადავრჩებით, გაგვთელავს ეს ვერაგი წუთისოფელი, – შემდეგ მომიტრიალდა, – ჩემი არ გეგონოს, ნუგოს სიტყვებს ვამბობ! – თქვა და ღვინოს ისე დაეწაფა, როგორც ქვის მარილით ყელჩამწვარი ირემი ანკარა წყაროს.

– ამინ, ეგრე იყოს! – დავძინე მე და მეც სულმოუთქმელად გამოვცალე სასმისი.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი