რომანი და დეტექტივი

მტაცებელთა პლანეტა

№49

ავტორი: სოსო ჯაჯანიძე 20:00 18.12, 2021 წელი

მტაცებელთა პლანეტა
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #30-48(1092)

XI თავი: ბედი მდევარი

„სუსლიკას“ გამარჯობა არ უთქვამს, მისმა გაყინულმა ხმამ ტელეფონი გაუცივა ხელში თამაზს:

– მინა ჩამოვიდა თბილისში, ეგ ნაბოზარი!

უმალ თავადაც ყინულის ქანდაკად იქცა თამაზი, დრო და სივრცე დაკარგა, წარსულში გადაიჭრა. ყოველივე გარდახდილი თვალწინ დაუტრიალდა წამიერად და რაც წლების განმავლობაში ჯერჯერად მიიღო შხამად – მყისიერად ერთბაშად დაატყდა თავს.

– როდის ჩამოვიდა?! – გაყინული ხმით ჰკითხა თავადაც.

– გუშინწინ ღამე უნახიათ ნოდარჩიკას და ტარზანას. უბანში ვიდექით გვიანობამდეო. ორი საათი იქნებოდა, მინას სახლში შუქი აინთო და დავინახეთ ვიღაცა ფანჯარასთან სიგარეტს ეწეოდაო. მერე ფანჯარა გამოაღო, ბიჩოკი გადმოაგდო და შუქი ჩააქროო. კარგად ვერ გავარჩიეთ, მაგრამ მგონი მინა იყოო. მეც ეგრევე ვისაიმე, მოსაპარად შესული კაცი მაგეთ რამეს არ იზამდა, ნაღდი მინა იქნებოდა. მაგრამ გუშინვე არ დაგირეკეთ, მე თვითონ მინდოდა ბოლომდე გავრკვეულიყავი.

– მერე?! – კითხვით დააჩქარა თამაზმა.

– დავუსატკავე ღამე და ზუსტად ორ საათზე ისევ აინთო შუქი. ჩრდილი ჩანდა. ტიპმა სიგარეტი მოწია, მერე ფანჯარა გამოაღო, ბიჩოკი გადმოაგდო და შუქი ჩააქრო. თვითონ არ გამოჩენილა. რას ჩალიჩობს, ეგ ახვარი, ვერ გავიგე, ბრატ.

„რას გაიგებ, მინა რას ჩალიჩობს, კიდე რა გოთვერნობა აქვს მოფიქრებული!“ – გონებაში გაივლო თამაზმა, „სუსლიკას“ კი ეს უთხარა:

– კარგი, მოვდივართ!

* * *

თამაზი და გია მეორე დღესვე გადმოფრინდნენ თბილისში. მთელი გზა თამაზს კითხვები სტანჯავდა. რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ „აჩრდილი“ უცილოდ მინა იქნებოდა, მაგრამ რატომ გამოჩნდა ამდენი ხნის შემდეგ? რისთვის ჩამოვიდა თბილისში? ამდენი ბოროტების ჩამდენს ხომ აქ ვიღაცის ხელით უეჭველი სიკვდილი ელოდა, რამ აიძულა ასე უპრეტენზიოდ გამოჩენილიყო? – ვერაფრით ვერ გასცა ამ კითხვებს პასუხი.

თბილისში გვიან ღამე ჩამოფრინდნენ. აეროპორტში „სუსლიკა“ დახვდათ და მასთან მივიდნენ კიბალჩიჩზე. „სუსლიკამ“ თათარიახნი სუფრა გააწყო. მაცივრიდან შეციებული კონიაკი გამოიღო და მაგიდაზე დადგა, თვითონაც დაჯდომა დააპირა. თამაზმა ბოთლი აიღო და „სუსლიკას“ გაუწოდა:

– ჯერ არ დაჯდე, სუსლიკ! ეს ბოთლი ისევ მაცივარში შედგი, უფრო კარგად გაცივდეს. ჯერ საქმე დავამთავროთ და მერე დავლიოთ, – მინასთან ბავშვობისდროინდელი რესტორანში „შარაფი“ გაახსენდა თამაზს, მწარე ჩაღიმებით დაუმატა, – თორემ მინა „პა პიანკე“ საქმეს არ მიესალმება.

„სუსლიკამ“ გიას გახედა.

– ჰო, ეგრე ჯობია. – დაუმოწმა გიამ.

ცოტა წაიხემსეს, ცოტა ისაუბრეს. თამაზისავით, გიასაც და „სუსლიკასაც“ წარსულის მოგონებები უმღვრევდნენ სულს. ოთხის ნახევარი რომ შესრულდა, გიამ „სუსლიკას“ მიმართა:

– შენ ამბობ, რომ უკვე ორი ღამეა ზუსტად ორ საათზე შუქს ანთებს, სიგარეტს ეწევა და მერე ისევ აქრობს.

– ჰო, ეგრე შვება. – თავი დაუქნია „სუსლიკამ“.

– ესე იგი, დღესაც იგივეს იზამს. უკვე ორის ნახევარია, დავაი გავედით.

ფეხაკრეით ჩაიარეს „სუსლიკას“ კიბეები, დაღმართზეც უხმოდ დაეშვნენ და მინას სახლის პირდაპირ მიყუჩებულ ადგილას ჩასხდნენ. ეს ის ადგილი იყო, საიდანაც ღამღამობით „საქმეზე“ გასვლის წინ ბიჭები მინას „მაიაკით“ აგებინებდნენ – უკვე მოსულები ვართ და დროზე გამოდიო. კვლავ ბავშვობის მოგონებები წარმოუდგა თამაზს მროკავ ლანდებად, გული მოეწურა.

ამ დროს გიამ ხელი მიკრა, ჩურჩულით უთხრა:

– შეხედე რა, ისედაც ჩანს, რო ფანჯრის უკან ვიღაცა დადის.

ყურადღებით დააკვირდა თამაზი. სავსე მთვარის შუქით განათებული ფანჯრის მიღმა მართლაც ილანდებოდა აქეთ–იქით მოსიარულე ადამიანი.

„ეგაც ნერვიულობს“, – ფიქრმა გაჰკენწლა თამაზს.

მალე საწადელმა წუთმაც უწიათ. მინას ფანჯარა ვოლფრამის სხივმა გაანათა და ფარდებს მიღმა თამაზისთვის კარგად ნაცნობი სილუეტი აჩრდილად გამოიკვეთა.

გიამ საათს დახედა და იდუმალად წარმოთქვა:

– ზუსტად ორი საათია, ტო. გადამრევს ეს კაცი. რაღაც მაგიურ რიცხვად ხომ არ მიაჩნია ეს ორიანი.

„ორი, ორი, რატომ მაინცდამაინც ღამის ორი საათი?“ – ტვინს უბურღავდა ფიქრი თამაზს. უცებ სხეული ცივი ისრებით დაუსერა გააზრებულმა. ღამის ორი საათი იყო მაშინაც, როდესაც პირველად სცადა მინას მოკვლა და იდუმალმა განგებამ ხელი მოუცარა.

– მეტი ეს აღარ განმეორდება! – წარმოთქვა კბილებში გაცრილად განგებასთან მოპაექრემ.

– რა აღარ განმეორდება? – დაინტერესდა „სუსლიკა“.

– ის, რაც ცამეტი წლის უკან მოხდა. – მიუგო თამაზმა.

ამ დროს „აჩრდილმა“ ფანჯარა გამოაღო და ზუსტად იქით გაიხედა, საიდანაც ჭაბუკობაში ელოდა ხოლმე „მაიაკს“. შემდეგ რაფაზე ჩამოეყრდნო მთელი ტანით, თითქოს იგუმანაო, რომ სწორედ ის ათვალყურებდა, ვინც მას ეწადა, და განგებ აჩვენებდა თავს. შემდეგ სიგარეტს მოუკიდა და ნება–ნება გააბოლა.

– ის არის, მინაა! – წაიჩურჩულა თამაზმა დაძაბული ხმით და სწორედ ისეთი კანკალი აუვარდა, როგორც ცამეტი წლის უკან, ღამის ორ საათზე, როდესაც პირველად სცადა თავისი ძმადნაფიცის მოკვლა.

– რა გჭირს, ტო?! – შეშფოთებით ჰკითხა გიამ და აძაგძგებულ ბეჭებზე მოხვია ხელები.

– არაფერი! – გამოსცრა კბილებში თამაზმა და გიას ხელები მოიცილა.

ამ დროს მინამ ჩამწვარი სიგარეტი გარეთ მოისროლა, ფანჯარა ხმაურით მიხურა და სინათლეც ჩააქრო.

თამაზმა ქამრიდან იარაღი გააძრო და მაყუჩი გაუკეთა. ბიჭებს მიხედა:

– წავედი! – თქვა და წამოდგა.

„სუსლიკაც“ აჰყვა:

– მაიცა, ტო. სად წახვედი? მეც მოვდივარ! – უთხრა და იარაღი მოიმარჯვა თავათაც.

– არა, სუსლიკ, შენ არ წამოხვალ, ეს მე და მინას პირადი საქმეა! – უთხრა თამაზმა კატეგორიული ხმით.

„სუსლიკა“ აშკარად გაცხარდა:

– რას ჰქვია თქვენი პირადი საქმეა, ტო?! შენ თუ ძმაკაცი მოგიკლა, მე ბიძაშვილი მომიკლა, მაგ ნაბოზარმა. ისევე მეხება პირადად, როგორც შენ!

მიხვდა თამაზი, კატეგორიულობით „სუსლიკასთან“ ვერას გააწყობდა. ახლა დაყვავებით მიმართა:

– მომისმინე, ბრატ, შენ ეგ ამბები არ იცი. ერთხელ მე ვაჩუქე მაგას სიცოცხლე, ერთხელ კიდე მაგან მაჩუქა. რასხოდში ვართ. ახლა ერთი ერთზე უნდა შევხვდეთ და ღმერთმა გადაწყვიტოს, ვინ დარჩება ამქვეყანაზე და ვინ კიდე იმქვეყნად გაემგზავრება. დამიჯერე, ბრატ, უპირველეს ყოვლისა, ჩემი ხელიდანაა მოსაკლავი ეგ არაკაცი. აი, თუ რამე სხვანაირად წავა, მერე შენ და გიამ იცოდეთ. ეგ იქნება ვაჟკაცური! – ამ სიტყვებზე გიას გახედა თამაზმა, მას მოუხმო დასტურყოფად, – ეგრე არ არი, გია, ძმა?

გიამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად, სუსლიკას მიმართა:

– ეგრეა, ძმაო, თამაზა მართალია. ესენი ბავშვობის ძმაკაცები იყვნენ, ერთად გაიზარდნენ, შავი ცხოვრებაც ერთად დაიწყეს. ამიტომ, მინას ნაბოზვრული სული თუ ვერ დაინახეს და სუკა გვერდზე დაიყენეს, პასუხისმგებლობაც უპირველეს ყოვლისა ამათზე მოდის. მით უმეტეს თამაზაზე, რადგან ეს მაგასთან ბოლომდე იყო, ბავშვობის ძმაკაცები, ვაჟკაცი ხალხი კი მიატოვა. ამიტომ თამაზას ხელიდან უნდა მოკვდეს, ეგ ნაბოზარი!

თამაზს გული მოუწურა გიას პირდაპირმა ნათქვამმა, მაგრამ მწარე სიმართლე უხმოდ მიიღო.

– ეგ არი შენი ქურდული სიტყვა?! – დაეკითხა მწყრალად „სუსლიკა“.

– კი, ძმა, ეგ არი ჩემი ქურდული და ჩემი ვაჟკაცური სიტყვა! – დაუდასტურა გიამ.

თამაზმა შემრიგრებლურად დაჰკრა მხარზე ხელი „სუსლიკას“. შემდეგ ორივეს მიმართა:

– კარგი, აბა, წავედი! – ეს თქვა, პიჯაკის საყელო აიწია და სასხლეტზე თითგამოდებული იარაღი მკვიდრად ჩაბღუჯა

– ს ბოგამ! – მიაძახეს დაძაბული ჩურჩულით ბიჭებმა და თამაზი მიხვდა, რომ მის გამოჩენამდე მათი პულსაცია გაორმაგებულ ტემპს შეიძენდა.

– ამინ! – მიაძახა მანაც ჩურჩულით და მინას სახლისკენ დაიძრა.

ფეხაკრეფით შეუდგა ნაცნობ კიბეებს. „რამდენჯერ ხმაურით ამირბენია და ჩამომირბენია ეს კიბეები, ახლა კი ჩუმად ავდივარ, რაც შეიძლება ჩუმად, რომ ჩემს ძმადნაფიცს ჩემ მიერ ნაჩუქარი სიცოცხლე წავართვა“, – გაიფიქრა მან და გულში სისხლი ბალღამად ჩაექცა. „რამდენჯერ ერთად გამოვსულვართ მისი სახლიდან ან საავკაცოდ, ან... რა ან, რის ან? როდის იყო, რომ საკარგკაცოდ გამოვსულიყავით?! ჩვენი კარგი კაცობის ფურცელი ცარიელია, შავად ცარიელი, არც ერთი თეთრი ასო არ წერია მასზე... ყოველი გამოსვლის წინ კი მინას დედა ლოცვას გამოგვაყოლებდა, – ჯვარი გწერიათ ბიჭებო, მშვიდობით იარეთ. დედის დალოცვაზე მინა მისთვის ჩვეული ირონიით გვეტყოდა: დედაჩემმა ჯვარი დაგვწერა, ძმებო. ახლა შეგვიძლია, ტკბილად და ბედნიერად ვიცხოვროთ სიცოცხლის ბოლომდე, სანამ სიკვდილი არ დაგვაცილებს“. ამ მოგონებაზე კი, უნებური ღიმილი გაუკრთა ტუჩებზე თამაზს.

უცებ თავი მინას ბინის კართან აღმოაჩინა და უნებური ღიმილიც მყისიერად აესხლიტა. გულმა უკარნახა, კარი ჩარაზული არ უნდა ყოფილიყო. სახელური დასწია და ოდნავ მიაწვა. გულისკარნახმა გაუმართლა, კარი დაჰყვა და უხმოდ შეიღო. „ნეტავ რა აქვს ჩაფიქრებული?“ – გაჰკრა გონებაში და შფოთმა აიტანა, – ვაითუ რამე ვერაგული აქვსო მოფიქრებული ამ მზაკვრობის დიდოსტატს და მაშინდელივით ისევ მომეცაროსო ხელი.

ფრთხილად შევიდა შიგნით და კარი უხმაუროდ მიხურა. იარაღი წინ გაიშვირა და კედელზე აკრულმა გაფაციცებით მოავლო თვალი ოთახს. ამ დროს მინას უცნაურად წყნარი ხმა მოესმა:

– შენა ხარ, თამაზიკო?

მყისიერად შეცბა თამაზი და იარაღი ამ უცნაურად წყნარი ხმისკენ მიმართა. იმწამს მინა დალანდა. სავარძელში ჩაწოლილს ფეხი ფეხზე გადაედო და ასევე უცნაურად მშვიდად უყურებდა თამაზს.

– ხო, მე ვარ! – გამოცრა ყრუ ხმით თამაზმა

– ჰო, აბა ვინ იქნება, თუ არა შენ, – წარმოთქვა მინამ, წამოდგა და კედლისკენ გაიწვდინა ხელი.

– ხელი დაწიე, ბიჭო. – შეუღრინა თამაზმა და ახლა ხელგაწვდილად მიმართა მისკენ იარაღი.

– შუქი უნდა ავანთო, ბიჭო, რა პანიკაში ხარ! – შეუღრინა აქეთ მინამ მისთვის ჩვეული აგდებული კილოთი და სანათს ჩამოკრა ხელი.

ვოლფრამის შუქმა სრულად წარმოუდგინა თამაზს მისი ძმადნაფიცი, მისი სისხლის თანაზიარი და იმავდროულად, მისი მოსისხლე მტერი. მინა ისეთივე მოხდენილი იყო, როგორც ადრე, მამაკაცურად მომხიბლავი იერით და ასხლეტილი ტანით. ოღონდ ეგ იყო, სახეზე ნაოჭები შეპარვოდა და თმაც ვერცხლისფრად შეფეთქოდა. ისიც შეამჩნია თამაზმა, თვალებში მისთვის უცხო ნაღვლიანი გამოხედვა ჩასდგომოდა მინას.

ერთხანს უხმოდ ათვალიერეს ერთმანეთი, თითქოს წონიანო მათზე ასახული დროის კვალს. ბოლოს მინამ თამაზის ხელში მაყუჩიან იარაღს დახედა და ჩაღიმებით უთხრა:

– ვა, უხმაუროდ გინდა მომკლა, ბრატ?

– აბა, შენ რა ხმაურის ღირსი ხარ! – გამოცრა კბილებში თამაზმა.

მინას ჩაეცინა, ისევ სავარძელში ჩაჯდა და სიგარეტს მოუკიდა. შემდეგ ამოხედა თამაზს და ღიმილით უთხრა:

– შენ საერთოდ არ გამოცვლილხარ, თამაზიკო. ისევ ის მიამიტი ბიჭი ხარ, რაც დაგტოვე.

თამაზმა ყურადღება არ მიაქცია მის შეფასებას, მკვეთრად ჰკითხა:

– რატომ ჩამოხვედი, მინა?!

მინას სახეზე შეეყინა ღიმილი. ერთხანს მდუმარედ იყო, თითქოს წონისო სათქმელს. ბოლოს მიუგო მისთვის იშვიათი გულწრფელობით, დამეგობრება რომ შესთავაზა ჭაბუკობისას ბიჭებს, იმისი მსგავსით:

– დამიჯერე, თამაზ, გაჭირვებას არ ჩამოვუყვანივარ თბილისში. შენც კარგად იცი, რამხელა ფული ვიშოვე „მხედრიონობის“ დროს. სადაც ვიყავი, იქაც ბლომად ვშოულობდი. ხო იცი, მაგი არ შემეშლება მე. – ამ სიტყვებზე მის გვერდით დადებულ შავი ტყავის ჩანთაზე მიუთითა, – აი აქ, ნახევარი მილიონია, მე რომ აგახიეთ წილი საძმოს, იმის სანაცვლო. – თან ჩაეღიმა, – პროცენტებით გიბრუნებთ და არ გაჭედო ახლა, პროცენტი არაქურდულიაო.

რომ ნახა, არ აყვა თამაზი ხუმრობაში, თავათაც სერიოზული იერი დაიბრუნა:

– მოკლედ, ამ მაყუთს შენ გიტოვებ, თამაზიკო და შენ თვითონ განსაზღვრე – ვის რა და როგორ ერგება. ეგ კიდე შენ არ შეგეშლება.

– ფულის მოცემას სხვანაირადაც შეძლებდი. რისთვის ჩამოხვედი-მეთქი აქ, მაგაზე გამეცი პასუხი?! – დაეკითხა წარბებშეკრული თამაზი.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი