რომანი და დეტექტივი

მტაცებელთა პლანეტა

№46

ავტორი: სოსო ჯაჯანიძე 20:00 27.11, 2021 წელი

მტაცებელთა პლანეტა
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #30-45(1089)

მინას ერთ-ერთმა თანმხლებმა ავტომატის კონდახი ჩასცხო თავში, ადგილზე დააგდო გონდაკარგული.

როდესაც თამაზი გონს მოეგო, პირველად მის წინ დივანზე მჯდომი მინაგვერი შენიშნა, მშვიდად ეწეოდა სიგარეტს და თამაზს უცქერდა ირონიული ღიმილით. იქვე ზაზა ეგდო იატაკზე თავისივე სისხლის გუბეში. გვერდითა სავარძელში კი გულგანგმირული შალვა ჩაწოლილიყო, თავი გვერდზე მოჰქცეოდა. რომ არა სისხლის ანაბეჭდები, ასე იფიქრებდი, სძინავსო უთუოდ. თამაზის გარშემო მინას სამი თანმხლები ჭაბუკი იდგა, ავტომატები მიეშვირათ მისკენ. თამაზმა უნდოდ გაივლო ქამარზე ხელი, სადაც იარაღი ეგულებოდა. გაწბილებული მინას მიუტრიალდა, კბილებში გაცრა:

– ეს რა ქენი, შე ნაბოზარო, ეს რა გააკეთე?! – წამოიძახა და კვლავ მისკენ გაექანა. მინას რაზმელებმა სავარძელზევე მიაგდეს.

მინაგვერი მშვიდად დაელოდა მის ჩაწყნარებას, ეს უთხრა მერე:

– ზედმეტ გაქაჩვებს თავი დაანებე, თამაზიკო. ხომ იცი, შენ ჩემთან არაფერი გამოგივა! რას იზამ, ძმაო, ასეთია ეს ცხოვრება. ადრეც გეუბნებოდი, ძლიერები სუსტებს ჭამენ და მათ კუთვნილს თვითონ იღებენ–მეთქი. მე არ მომიწყვია ეს სამყარო ასე, ღმერთმა მოაწყო, ის კიდე ჩვენზე ათასწილად ჭკვიანია. ზნაჩიტ, ეგრეც უნდა იყოს.

თამაზმა მოჭრით მიმართა:

– მახსოვს, ერთხელ სწორედ ასეთი სპორი გქონდათ შენ და ნუგოს და გითხრა: ადამიანები თვითონ ჩავდივართ ბოროტებას და მერე ღმერთს ვაბრალებთ ჩვენ სიბოროტესო. ასე რო, ტყუილა ცდილობ მინა, შენი გოთვერნობა ღმერთს შეტენო! რა ნაბოზვრობაც გქონდა გულში, ის გააკეთე და ამაზე ატვეჩაი მარტო შენა ხარ!

მინას ჩაეღიმა:

– რაღაც-რაღაცები გისწავლია იმ გამოქლიავებული ნუგზარასგან, აი. მაგრამ მეორე ისაა, რომ მაგეთი აზროვნებით ამ ცხოვრებაში შორს ვერ წახვალ. შენც ხო იცი, საქმე ისე წავიდა, რომ ნუგო და შალვა დაგვიპირისპირდნენ, ჩვენ წინსვლას ხელს უშლიდნენ, ან ისინი უნდა ყოფილიყვნენ, ან ჩვენ. მე მაგათ ორივეს დავასწარი და შენი გასაკეთებელიც მე გავაკეთე. ტაკ შტო, თავი დაანებე მაგ სისულელეებს და წამოდი ჩემთან, ისევ ერთად ვიყოთ. დამიჯერე რა, ახლა ჩვენი დრო მოდის, არაფერი მოგვაკლდება ამ ცხოვრებაში, ვიგრიალებთ ჩვენს გემოზე.

თამაზი გაშრა, გაოცებული გაბრაზებით მიმართა:

– მაგას როგორ მეუბნები, შე ახვარო, ძმების ღალატს როგორ მთავაზობ?! შენნაირი არაკაცი გგონია ყველა?! შენთან როგორ უნდა წამოვიდე, ბიჭო, ბავშვობის ძმები დამიხოცე. შენი მტერი ვარ დაუძინებელი. რომ შემეძლოს, ახლავე დაგბრიდავდი!

მინამ ხმიანად გაიცინა, ფეხზე წამოდგა და ირონიულად მიმართა თამაზს:

– მე რომ გულში ეგეთი რამე მქონოდა, რაც შენ გაქვს ჩემ მიმართ, რას ვიზამდი იცი?.. დავთანხმდებოდი შენს წინადადებას, მერე დროსა და მომენტს ვიპოვიდი და გაგტრუპავდი. მაგრამ შენც ნუგზარასა და ამ დებილი შალიკოსავით მიამიტი მეოცნებე ხარ, რაღაც აბსტრაქციულ კაცურ ღირსებას გამოდევნებული იდიოტი, ვერ გიშველა ჩემთან ურთიერთობამ და მაგიტომ ასეთ რაღაცას ვერასოდეს მოიფიქრებ! – ეს თქვა და თავის მხლებლებს მიუტრიალდა – დავაი, წავედით აქედან!

თამაზმა კარში გასვლის წინ მიაძახა მინას:

– მე რატომ არა მკლავ, მინა!

იგი შემოტრიალდა, ჩაღიმებით მიუგო:

– შენ მე ერთხელ, ბავშვობისას, სიკვდილს გადამარჩინე, სიცოცხლე მაჩუქე, ეს მე კარგად მახსოვს. ვალში ვარ შენთან. ახლა მე გჩუქნი სიცოცხლეს, თამაზიკო!

თამაზს სისხლი მოაწვა სახეზე, გაცხარებით წარმოთქვა:

– შენი ნაჩუქარი სიცოცხლის დედაც მ...ნ, შე არაკაცო! მიდი, გეუბნები, დამბრიდე მინა, თორემ იცოდე რა, შალიკოს სისხლს ვფიცავ, მე მოგკლავ!

მინაგვერს მის სიტყვებზე უხამსად გაეცინა:

– შენ რო მე მომკლა, თამაზიკო, მანამ ათასობით კაცის მოკვლა მოგიწევს. მე იმხელა ძალა შევიძინე, ჩემამდე შენ ხელი აღარ მოგიწვდება! – ეს თქვა, მკვეთრად შეტრიალდა და გავიდა.

XI თავი: შურისმაძიებელი

მართალი აღმოჩნდა მინა, თამაზს მის მოსაკლავად ხელი არ მიუწვდებოდა. მუდამ ხალხმრავლობა იყო მასთან, შეიარაღებული რაზმელებით გარშემორტყმული დაიარებოდა ყველგან. მისმა ახლობელმა ქურდებმაც უარი უთხრეს ამ ამბავში ჩარევაზე: „მხედრიონი“ ყველა „რამკის“ გარეთა დგას, „ბესპრიდელები“ და „ლახმაჩები“ არიან, ჩვენ ამ საქმეს არც გაგვარჩევინებენო.

სწორედ იმ პერიოდში მეტად დრამატული მოვლენები განვითარდა საქართველოში. ჯერ იყო, 90–ში ზვიად გამსახურდია მოვიდა ხელისუფლებაში. ამან იმედი გაუღვიძა ბიჭებს, ზვიადის მაშინდელი გარემოცვიდან ცდილობდნენ ნუგზარის ციხიდან დახსნას. თავიდან მხოლოდ ის მოახერხეს, რომ უკრაინის ზონიდან – რუსთავის ზონაში გადმოიყვანეს, აქედან უნდა მოეხდინათ მისი საბოლოო გათავისუფლება. მაგრამ ამ დროს ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხება დაიწყო და ნუგზარისთვის აღარავის სცხელოდა.

მინაგვერი თავისი რაზმით აქტიურად ჩაერთო ამბოხებაში, განსაკუთრებულ სისასტიკეს იჩენდა ზვიადის მომხრეთა მიმართ. თამაზი, მორფიკა, წოპე და შალვას ბიძაშვილი სუსლიკა მთავრობის სახლში შევიდნენ თავიანთი იარაღით. თუმცა, თამაზს მაშინ იმდენად ეროვნული ხელისუფლების დაცვა არ ანაღვლებდა, რამდენადაც ის აზრი, რომ იქნება ამ ომის დროს მაინც გადაყროდა სადმე მინაგვერს და ამგვარად ეძია შური.

არც ამაში გაუმართლა თამაზს. 1992 წლის 7 იანვარს, შობის ღამეს, ეს ღალატიანი ომი საქართველოს მტრების გამარჯვებით დამთავრდა. ბიჭებმა მათ საერთო მეგობართან, ქუჩაში „მუნჯად“ მონათლულ ვახოსთან „დაყვინთეს“ მისაქციელში, ერთი ლამაზი სოფელია მცხეთასთან ახლოს.

მათ შორის ყველაზე „შეუნიშნავი“ ფიგურა სუსლიკა იყო, მის მიერ ზვიადის მხარეს ომში მონაწილეობაზე წარმოდგენა არ ჰქონდათ მეამბოხეებს. ამიტომ სწორედ იგი ჩადიოდა ხოლმე თბილისში სანოვაგისა და სხვა საჭირო ნივთების ჩამოსატანად.

ერთ-ერთი ასეთი რეისის შემდეგ, სუსლიკა ძალიან მალე დაბრუნდა, თან ხელცარიელი. მთვარეულივით შემოვიდა ოთახში, სკამზე დაეშვა უმალ და თავი ხელებში ჩარგო.

– რა არი, სუსლიკ, რა მოხდა? – შეშფოთებით ჰკითხა წოპემ და სავარძლიდან წამოხტა.

სუსლიკამ ძლივს წამოსწია თავი, კბილებში გაცრილად ამოთქვა:

– მინა გოშთელიანის კეთილებს შ...ი! ნინიკო მოიტაცა მაგ პიდარასტმა!

ელვასავით დაკრა ტანში თამაზს. სუსლიკას მივარდა, მხრებში სტაცა ხელი და დაზაფრული ხმით დაყვირა:

– როგორ, რანაირად?!

სუსლიკამ ამოხედა, ელვა უკრთოდა თვალებში ავად:

– უბანში მითხრეს ბიჭებმა, სამი დღის წინ პირდაპირ სახლიდან მოუტაცია ნინიკო. ჩვენ ვერაფერი ვქენით, სამი მანქანით იყო ამოსული, სულ ავტომატებით შეიარაღებული ხალხი ახლდა თანო. ერთი კი გავიწიეთ, მაგრამ ეგრევე დაგვიშვეს. ნოდარჩიკა დაგვიჭრეს, ახლაც საავადმყოფოშიაო.

მისმა ნათქვამმა თავზარი დასცა ბიჭებს. ერთხანს უჩუმრად ისხდნენ დაზაფრულები, თვალს ვერ უსწორებდნენ ერთმანეთს. უცებ მორფიკა წამოხტა ფიცხლად, იარაღს დასტაცა ხელი, გასასტიკებული იერით ამოიხრიალა:

– ეს რაებს აკეთებს, ეგ მართლა ნაბოზარი?! დავაი, მაგის დედაც მ...ნ, დავეშვათ თბილისში და კრესტი დავადოთ მაგ პიდარასტს!

ბიჭები თითქოს ამას ელოდნენ, სხარტად წამოდგნენ და შმაგად დაიწყეს მზადება. ამ დროს ვახომ მიმართა დაყვავებით:

– მაიცათ, ძმებო, ერთ რამეს გეტყვით, და თუ წასასვლელია, მერე ყველა ერთად წავიდეთ. მეც თქვენთანა ვარ, იასნია. აი, ამ მომენტში მცხეთიდან თბილისის ყველა შესასვლელში მხედრიონისა და გვარდიის პიკეტები დგას, პაგალოვნა შმონავენ მანქანებს. ასეთი შეიარაღებულები, თან გრუპა., თბილისში შევალთ კი არა, მცხეთის ტეკს ვერ გავცდებით, მაგის დედა მ...ნ, ტყუილაუბრალოდ დავიღუპავთ თავს. ამიტომ, ჯობია, დაველოდოთ, სანამ სიტუაცია ჩაწყნარდება, სანამ ამ ნაბოზრების პიკეტები მოიხსნება; მერე კიდე შევიდეთ ქალაქში და გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი, წინ რაღა დაგვიდგება!

მისმა სიტყვებმა თამაზი გონს მოიყვანეს. წამს იაზრა, რომ ამგვარი შმაგი საქციელით ვერც მინას მისწვდებოდა და მეგობრებსაც დაღუპავდა. მყის რაღაც მოიაზრა და ბიჭებს მიმართა:

– ვახო მართალია, ძმებო. რა აზრი აქ, თუ ტყუილა დავიხოცებით და ჩვენ საქმეს ვერ გავაკეთებთ?! მართლა ჯობია, სიტუაციის ჩაწყნარებას დაველოდოთ, მინა კიდე ვერსად წაგვივა! – ეს თქვა და იარაღი ტახტზე მიაგდო.

* * *

მომხდარით დაზაფრული ბიჭები ღვინოს მიეძალნენ. ცუდად ვარო, მოიმიზეზა თამაზმა და სამი ჭიქის მეტი არ დალია. შუაღამე გადასული იყო, გაბანგულივით ჩაძინებულ ბიჭებს თვალი მოავლო თამაზმა, ავტომატი მხარზე გადაიკიდა და კიბეებზე დაეშვა ფეხაკრეფით. ჩუმადვე გააღო ჭიშკარი და მანქანით თბილისისკენ დაიძრა. ქურთუკის ჯიბეში ბედად შემორჩენილი „მხედრიონის“ ბეჭედდასმული და მინაგვერის ხელმოწერილი საბუთი ედო. სწორედ ამით აპირებდა თბილისამდე მშვიდობით ჩაღწევას.

მცხეთის ტეკს რომ მიუახლოვდა, ორი ბეტეერი და შეიარაღებული რაზმელები დალანდა. ავტომატის ლულა ფანჯრიდან გადმოყო დასანახად, ვითომდაც არა ედარდებოდა რა, და მათკენ დაიძრა. ახლოს მისულს მოპიკეტეებმა ავტომატები მოუშვირეს, დაძაბული შეძახილები მოესმა:

– გააჩერე, ბიჭო, თორემ გესვრით!

თამაზმა სვლა შეანელა. რომ მიუახლოვდა პიკეტს, ფანჯრიდან თავი გადმოყო და მკვახედ შესძახა:

– რა არი, ტო, ძმებს ვერა ცნობთ, მაგის დედა მ...ნ!

რამდენიმე რაზმელმა მანქანა ალყაში მოაქცია.

– ვინა ხარ? – ჰკითხა წინ მდგომმა, ეტყობოდა რაზმის მეთაური იყო.

– მხედრიონელი ვარ, გოშთელიანის რაზმიდან. თქვენ თვითონ ვინა ხართ? – გაეპასუხა თამაზი იმავე მკვახე ტონით.

– ჩვენ გვარდიელები ვართ. აბა, ერთი ეგ ავტომატი სიდენიაზე დააგდე და გადმოდი მანქანიდან! – მიმართა მეთაურმა და მანქანის კარი გამოაღო.

თამაზმა ავტომატი გვერდითა სკამის საზურგეზე მიდო, თავად გადმოვიდა და იმავე აგდებული ტონით მიმართა:

– მერე ძმები არა ვართ, ტო, ეგრე ნაგლად უნდა გამაჩეროთ?!

მეთაური ეტყობა გააცხარა მისმა უხეშობამ, თავადაც უკმეხად უთხრა:

– კაცო, რა ბევრს ლაპარაკობ შენ?! თუ ჩვენიანი ხარ, საბუთი გვაჩვენე მაშინ!

თამაზმა „მხედრიონელის“ საბუთი ამოიღო და მიაწოდა. მეთაური ყურადღებით დააკვირდა, მერე თამაზი შეათვალიერა. ბოლოს საბუთი გაუწოდა და დადინჯებული ტონით უთხრა:

– მერე ჩვენ რა ვიცით მხედრიონელი ხარ, თუ ვინა ხარ. იქნება ზვიადისტი ყოფილიყავი და ჩვენი დაბრედვა გინდოდა. თან ავტომატის ლულა გქონდა ფანჯარაში გამოყოფილი.

– ახლა ჩვენი დროა, ძმაო, როგორც გაგვისწორდება, ისე უნდა ვიაროთ! – გაღიმებული ამპარტავნებით მიუგო თამაზმა.

მეთაურმა თავი დაუქნია:

– კი, ძმაო, ეგ ეგრეა, მარა მაინც არ გინდა ამ იარაღის მარიაჟი. კინაღამ გესროლეთ, ტო. რა იცი, ვინ გხვდება გზაში და ვის უმტყუნებს ნერვები. ხო იცი, რა დაძაბული სიტუაციაა?

– ხარაშო, კაი! – მიუგო თამაზმა და მანქანაში ჩასაჯდომად მოემზადა.

უცებ, თითქოს რაღაც გაახსენდაო, მეთაური მიუტრიალდა, ეჭვნარევი ხმით ჰკითხა:

– კი, მაგრამ, ამ შუაღამისას აქ რა გინდოდა, ტო?

თამაზმა თავმოწონებით მიუგო:

– ნაშა მყავს მცხეთაში და იმასთან ვიყავი. ერთი საათის უკან გოშთელიანმა დამირეკა, შვიდ საათზე ოფისში იყავი, ოპერაციაზე გავდივართო და იმიტომაც მივდივარ.

– ჰოოო! – მრავალაზროვნად გაიღიმა მეთაურმა, შემდეგ პიკეტთან მდგარ რაზმელებს გასძახა, – ეს გაატარეთ, ჩვენიანია, გოშთელიანის რაზმიდან!

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი