რომანი და დეტექტივი

მტაცებელთა პლანეტა

№43

ავტორი: სოსო ჯაჯანიძე 20:00 06.11, 2021 წელი

მტაცებელთა პლანეტა
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #30-42(1086)

გაცხარებული კილოთი უპასუხა მინამ:

– ის ტიპი კი წავიდა, სიმონ, მარა ეს ჩვენი ებრაელი, ვისაც ტავარი უნდა აეღო ხატაზე, ესეც მაინცდამაინც დღეს წასულა ისრაელში. იმ ჩემმა ნაცნობმა მითხრა, სამი დღით გაუგზავნიათ რაღაც დიპლომატიური მისიით.

– მაგ ებრაელის ჩამოსვლას რომ დაველოდოთ და მერე შევიდეთ ბაითში? – იკითხა შალვამ.

მინამ თავი გაიქნია:

– არ გამოვა, შალიკო, ძმა. მაგ დროში ის ტიპიც ჩამოვა საგარეჯოდან და მერე უკვე დაყაჩაღება მოგვიწევს. ეგ კი სუფთა დაწვაა, სიგნალიზაციის მოხსნასაც კი ვერ მოვასწრებთ.

– აბა, რა ვქნათ, ტო? – დაინტერესდა ახლა თამაზი.

– ჩემი აზრით, დღესვე უნდა გავაკეთოთ ეგ საქმე, თორემ ასეთ მომენტს მერე უკვე ვეღარ ვნახავთ! – მიუგო მინამ.

– მერე, ტავარს რა ვუყოთ?! – იკითხა შალვამ.

– სანამ აქ მოვიდოდი, კუპი ვნახე, მაგიტომ შემაგვიანდა. გაფრთხილებული მყავს, ღამე სახლში იყავი-მეთქი. არ დავიძინებ, დაგელოდებითო. ტავარი მაგასთან მივიტანოთ და იმ ებრაელის დაბრუნებამდე იქ გავაჩეროთ. მერე კი იმასთან გადავიტანოთ და ჩვენი ფულიც მივიღოთ. ჩემი აზრით, ეგ ერთი შანსი გვაქვს, დანარჩენი აწი თქვენ გადაწყვიტეთ! – თქვა მინამ და სიგარეტს მოუკიდა.

ფიქრიანი დუმილი ჩამოწვა ერთხანს. ბოლოს თამაზმა თქვა:

– მეც მაგ აზრზე ვარ, სიმონ, მაგ საქმის გადადება არ ივარგებს, დღესვე უნდა გავაკეთოთ.

შალვაც დაემოწმა:

– მეც ეგრე ვფიქრობ, „გადადებული – გადაგდებულიო“. კუპისთან შევინახოთ ტავარი. მე იქ არა ვარ, ტო, პად კანტროლ მეყოლება.

ნუგზარმა თვალი მოავლო სამივეს და თქვა:

– კარგი, რაც არის, არის, დღეს გავაკეთოთ ეგ საქმე!

ღამის ოთხი საათი იქნებოდა, როდესაც ამფსონები „დასაბომბ“ სახლს მიადგნენ. ნუგზარი გადმოვიდა მანქანიდან, საჭირო ხელსაწყოებით სავსე ჩანთა მხარზე გადაიკიდა და ძველნაჩვევი იდუმალი ხმით წარმოთქვა:

– აბა, წავედი, ძმებო!

– ს ბოგამ! – მიაყოლეს „დალოცვა“ ამფსონებმა.

თხუთმეტი წუთი იქნებოდა გასული, ნუგზარმა დათქმული „მაიაკით“ ანიშნა, კარიბჭის სიგნალიზაცია მოვხსენიო.

ბინაში შესულებმა მალევე მიაგნეს უნიკალურ სერვისს. ბევრი ჭურჭელი იყო, სამ დიდ ტომარაში ძლივს ჩატიეს. შემდეგ ზურგზე მოიკიდეს სათითაოდ და სახლიდან გამოვიდნენ. შალვა გულისყურით დაუხვდათ, უმალ საბარგული გაუხსნა. ბიჭებმა ერთიმეორის მიყოლებით ჩააწყვეს ტომრები და თავადაც მანქანაში ჩასხდნენ.

– ტროგაი! – მიმართა მინამ შალვას.

დაახლოებით ოც წუთში უკვე ხევის უბანში იყვნენ. შალვამ ზაზას სახლიდან ოციოდე ნაბიჯის მოშორებით გააჩერა მანქანა. მინამ კარი გამოაღო და გაცხარებით წარმოთქვა:

– ფანჯარაში შუქი დამიტოვე–მეთქი, ვუთხარი მაგ გამოსირებულს, და ვაფშე ჩაბნელებულია, ტო. შიგ ხო არა აქ ამ ჩემისას!

– იქნება ჩაეძინა? – იკითხა შალვამ იდუმალ.

– დავაძინებ ეხლა მაგას სამუდამოდ! – გაბრაზებით თქვა მინამ და მანქანიდან გადმოვიდა სხარტად, ბიჭებს მიმართა – მივალ, კარებს გავაღებინებ მაგ სირიკოს და მერე ავიტანოთ!

მინა ფრთხილი ნაბიჯებით ავიდა კიბეებზე და ასევე ფრთხილად მიაკაკუნა ზაზას სახლის კარზე. იქიდან კი ჩამი–ჩუმი არ ისმოდა. მაშინ მინამ უფრო მძლავრად მიაკაკუნა და ზარიც მირეკა. ბინიდან კვლავ არავინ გამოხმაურებია. ბოლოს მთელი ძალით მიაბრახუნა. ზაზას ბინის ნაცვლად, მის მეზობელ სახლში აინთო შუქი, ფანჯრიდან ხნოვანი ქალის სილუეტი გამოიკვეთა.

– ვინა ხარ, შე ოხერო, რა ჩამოიღე კარები?! – მოისმა ქალის გაბრაზებული ხმა.

– ზაზა მინდოდა, მაგის მეგობარი ვარ! – გაეპასუხა მინა.

– ზაზას ცოლი სოფელშია წასული და ალბათ ზაზაც იქ წავიდა. ხო ხედავ, რო არავინაა სახლში, რა ბრაგაბრუგი ატეხე ამ შუაღამისას! – კვლავ ბრაზიანად მიუგო ქალმა.

– ჰო, კაი, შედი, დაიძინე! – მიმართა აგდებით მინამ და კიბეებს დაუყვა.

ქალმა თავი გამოყო ფანჯრიდან, კითხვა დაადევნა:

– რა ვუთხრა ზაზას, ვინ იყოო?

მინამ უკმეხად მიუგდო სიტყვა:

– შენი დედის მტ...ელი იყო მოსული–თქო, ეგრე გადაეცი იმ ნაბოზვარ ზაზას!

– უი, შენ პირში კი ჩავასხი ცხელი კუპრი, შენ კი შეგიჭამოს შავმა მიწამ ეგ ენა! – მიაყოლა ქოქოლა ქალმა.

– წადი შენი ბებერი დედაც მ...ნ! – ასძახა მინამ გაცხარებით და მანქანისკენ დაიძრა.

– რას აკეთებ, ტო, გინდა დავიწვათ?! – უთხრა ნუგზარმა გაცხარებით:

მინამ ხელი აიქნია:

– აბა, რა მექნა, ტო, წყევლა ამიტეხა მაგ ნაბოზარმა! დავაი ახლა, დავაწვეთ აქედან, ძაღლობას არ გამოუძახოს მაგ სუჩარამ.

ამფსონები ჩუღურეთის აღმართს აუყვნენ, წყაროს უბანში გააჩერეს მანქანა. მინამ უთხრა ბიჭებს:

– რა ვქნათ, ტო, ეს რა დღეში ჩაგვაგდო მაგ გოთვერანმა! მოს...ვი არ არი ეხლა, ეგ პიდარასტი!

– გინება საქმეს არ უშველის. ჯობია, რამე მოვიფიქროთ! – დინჯად თქვა ნუგზარმა.

მინამ ხელები გაშალა:

– მაგას რა მოფიქრება უნდა, ტო! იასნია, რომ ორი დღით სადმე უნდა გავაჩეროთ ეს ტავარი, სანამ ის ებრაელი ჩამოვა.

– ჩემთან რო შეგვენახა? – იკითხა შალვამ.

მინამ ხელი აიქნია, ფიცხნარევი ხმით მიუგო:

– შენთან, აბა, როგორ, შე ჩემა?! ჯერ ერთი, ყველანი სახლში არიან. რას ეტყვი, რა მოვიტანე ამ შუაღამისას ამხელა ტომრებითო? თან, იმ შენმა სუჩარა მეზობელმაც დამწვა. ძაღლობას რო გამოუძახოს, ხო იცი, პირდაპირ შენ დაგადგებიან. თამაზასთანაც არ გამოვა, მაგის სახლამდე იმ ნაბოზარი სონიკას სახლი უნდა გავიაროთ. ამ ტომრებით თუ დაგვწვა, ეგრევე ჩაშვებულები ვართ, თამაზას ოჯახზე ისედაც ზუბი აქ.

ამ დროს ნუგზარმა მიმართა ბიჭებს:

– კაი, აღარ გინდათ ზედმეტი ბაზარი, ჩემთან შევიტანოთ ტავარი. არც არავინაა სახლში და პირველ სართულზეც ვარ, ვერავინ გაგვჩითავს.

მინამ მიხედა:

– ნანული დეიდა და ლიკა სად არიან, რო?

– ბულგარეთში არიან წასულები პუტიოვკით, – უპასუხა ნუგზარმა.

– ბიჭო, ნუგო, თუ გულზე გეთანაღრება, ძმა, ვაფშე მანქანაში დავტოვოთ ეს ბარახლო, მაგის დედაც მ...ნ! – უთხრა მინამ.

ნუგზარმა თავი გაიქნია:

– ხო ვთქვი, აღარ არი საჭირო მაგაზე ბაზარი-მეთქი! დავაი ეხლა, შუსტრად შევიტანოთ, სანამ ბოლომდე გათენებულა!

VI თავი: ავი ზმანება

საზარელი სიზმარი ეზმანა იმ ღამით თამაზს. ის, ნუგო, შალვა და ნინიკო ყმაწვილები იყვნენ ისევ, მეათეკლასელები. ზურმუხტოვანი მოლით მოსილ მინდორზე მოსეირნობდნენ, თეთრი ქულებით მოპენტილი ბივრილისფრად მობიბინე ცა დაჰნათოდათ თავზე. მხიარულად იყვნენ მეგობრები, ლაღად მიუყვებოდნენ ნიავისფრად მოლივლივე მოლს...

უცებ ცა მოიქუფრა ავდრად, შედედებულ სისხლისფრად აითქვიფა, თეთრი ქულებიც საზიზღარ ჯოჯო არსებებს დაემსგავსნენ. მათ ქვე მოლმაც ტალახისფერ წუმპედ იწყო ქცევა. უცებ მიწიდან რკინის ეკლებიანი ბადეები ამოიზარდა ნუგზარის, შალვასა და ნინიკოს ირგვლივ, მთელ ტანზე შემოესალტათ ბასრი მარწუხებით, სისხლდადენილნი მიწისკენ ჩაითრია.

სრულიად მარტო დარჩა თამაზი, შეძრწუნებული, უსასო. არავინ სულიერი არ ჩანდა ირგვლივ, თითქოს მხოლოდ ის დარჩენილაო ერთადერთი ფარასაგად გარდაცვლილ სამყაროში. დაყვირება მოინდომა თამაზმა, მშველელის მოხმობა მეგობრების სახსნელად, მაგრამ ბგერებიც თითქოს ყინულის ლოლოებად ჰქცევიაო, ჩქამიც კი არ გაისმა მისი განწირული ძახილიდან.

ზმანებიდან გამოყოლილ ოფლში გამოეღვიძა თამაზს. ფეხზე წამოდგა, ციებაშეყრილივით უკანკალებდა მთელი სხეული. დაფეთებული თვალნი მოავლო იქაურობას, თითქოს ვერ გაერკვაო, სად იმყოფებოდა. ამ დროს რუსუდანი შემოიჭრა, აკანკალებული ხმით შესძახა:

– თამაზ, დავიღუპეთ, ნუგზარი მიჰყავს მილიციას!

თამაზმა სასწრაფოდ ჩაიცვა და უბანში გამოვარდა. ნუგზარის სახლთან მიახლოვებულმა გარეთ „გამოფენილი“ უბნელები და მილიციის სამი მანქანა შენიშნა, ერთ–ერთი „ჩორნი ვარონა“ იყო. სიგარეტი ამოიღო და ხელის კანკალით მოუკიდა. სწორედ, ამ დროს ავტომატებით შეიარაღებულმა მილიციონერებმა ხელშებორკილი ნუგზარი გამოიყვანეს. ამის შემხედვარე ყელში ცრემლის ბურთულა მოებჯინა თამაზს. „ვარონკაში“ შეყვანის წინ, ნუგზარმა უკან მოიხედა და დათქმულივით თამაზის მწარე წყლით ალივლივებულ თვალებს გადააწყდა. ნაღვლიანად გაიღიმა და მძიმედ ააბიჯა „კრესტებით“ აჭედილ საბადრაგო მანქანაში.

სახლში ასულს თავის ოთახში დაუხვდა რუსუდანი თამაზს, მის საწოლზე ჩამომჯდარიყო. ცრემლმორეული ხმით ჰკითხა:

– თამაზ, გამაგებინე, რა ხდება? მეზობლები ამბობენ, ნუგზარს ბინაში მოპარული ნივთები უპოვნესო. აკი მან დაანება თავი მაგ საქმეს?

– არ ვიცი, დედა, არაფერი არ ვიცი! – არეული კილოთი უპასუხა თამაზმა.

რუსუდანს უნდობი მზერა არ მოუცილებია მისთვის, ისე წამოდგა, მკვეთრი ტონით უთხრა:

– არ მჯერა შენი!

– რა ვქნა ახლა, თუ არ გჯერა! – გაეპასუხა უნდილად თამაზი, სიგარეტს მოუკიდა და ზურგი შეაქცია დედას.

როგორც კი რუსუდანი გავიდა, თამაზი ტელეფონს დასწვდა. მინაგვერთან და შალვასთან დარეკა, გააგებინა ყველაფერი. შემდეგ სავარძელში ჩაეშვა მოწყვეტით, თავი ხელებში ჩარგო. ათი წუთიც არ იქნებოდა გასული, შალვა შემოვარდა ოთახში, გადარეულის მსგავსი ხმით ჰკითხა:

– რა ხდება, რა ჭირი გვჭირს, თამაზ?!

თამაზმა მძიმედ წამოსწია თავი, დამძიმებულივე ხმით მიუგო:

– რაც გითხარი, ის ჭირი გვჭირს. ნუგზარა აიყვანეს ძაღლებმა!

– ვახ, ჩემი! – წამოიყვირა შალვამ და ოთახში დაიწყო სიარული მძიმე ნაბიჯებით.

ამ დროს მინაც მოვიდა. ოთახში შემოსულმა თავდაჯერებული კილოთი წარმოთქვა:

– ბოზიშვილი ვიყო, ჩაშვებული პონტია, ვიღაცა გაბოზდა თქვენ უბანში!

შალვამ გაიკვირვა:

– როგორ, ტო, ისე შევედით ნუგზარას სახლში, კაციშვილს არ ვუნახივართ.

– შენ რა იცი, ვინ როგორი თვალით იყურებოდა ფანჯრიდან?! – დამცინავი ტონით დაეკითხა მინა.

– იმ შუაღამისას, ტო? – არ ცხრებოდა შალვა.

– ხო, შუაღამისას! ბოზებისთვის შუაღამეს და შუადღეს მნიშვნელობა არა აქვს, პასტაიანი ბოზობენ. ეგ უნდა იცოდე უკვე ამხელა ბიჭმა! – დამცინავად მიუგო მინამ და სავარძელში ჩაჯდა.

თამაზმა თავი წამოსწია, შალვას მიმართა:

– მინა მართალია, შალომ, სტრაპრაცენტი უბანში გაბოზდა ვიღაცა. აბა, ამ საქმის შესახებ მარტო ჩვენ ოთხმა ვიცოდით!

– და კიდე კუპიმ, მაგ ბოზის გაზრდილმა! – ზიზღნარევი გაცხარებით წამოიღრინა მინამ.

თამაზმა მიხედა:

– ჰო, მარა კუპიმ რა იცოდა, ტავარი სად შევინახეთ? ძაღლები კიდე პირდაპირ ნუგზარს დაადგნენ თავზე.

მინამ ფიქრიანად დაიქნია თავი:

– კი, მართალი ხარ, მაგრამ მაინც მაგ დედამო...ლის ბრალია. სახლში რო დაგვხვედროდა ეგ პიდარასტი, მაშინ კნიაზასთან აღარ შევიტანდით ტავარს და ეს ამბავიც არ მოხდებოდა. სადაც ვნახავ, იქ გავტრუპავ მაგ ნაბოზარს!

შალვა წამოიჭრა, ოთახში მძიმე ბოლთის ცემა დაიწყო:

– კუპის კი არა, ჩემი ბრალია, ჩემი. მე რომ არ ამეკვიატებინა, ეგ ნაღდად არ დათანხმდებოდა მაგ საქმეს. აუ, ენა მაქ მოსაჭრელი ძირში! – ამ სიტყვებზე თავზე ხელები იტაცა შალვამ, უიმედო გმინვა აღმოხდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი