რომანი და დეტექტივი

მტაცებელთა პლანეტა

№42

ავტორი: სოსო ჯაჯანიძე 20:00 30.10, 2021 წელი

მტაცებელთა პლანეტა
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #30-41(1085)

ტანში გასცრა მინას ნინოს სიტყვებზე. წამოდგა სავარძლიდან, ნერვიულად გაიარ–გამოიარა, ფილტრამდე ჩამწვარი სიგარეტი ფანჯრიდან მოისროლა და ნინოსკენ მიტრიალდა მკვეთრად:

– ერთი ეს ამიხსენი, ნინო, რითია ნუგო ჩემზე უკეთესი, გარეგნობით, ვაჟკაცობით თუ მაყუთით? რატომ არ შეგიძლია, რომ მე შემიყვარო?!

ნინოს ალმურად აეტკეცა სახეზე სიბრაზე, ფეხზე წამოხტა, მკაცრად მიუგო:

– გაგიჟდი, მინა, რას ლაპარაკობ? შენ და ნუგო ხომ მეგობრები ხართ, ეგეთ რამეს როგორ მეუბნები?!

მინა მიეჭრა, მხრებში ჩაავლო ხელები, დაჰყვირა თვალებაჭრილმა:

– ხო, გავგიჟდი, შენმა სიყვარულმა გამაგიჟა! იმის მერე მიყვარხარ, ნინო, რაც პირველად გნახე სკოლაში. იმის მერე ვცდილობ, შენც შეგაყვარო თავი, მაგრამ შენ მაინც ნუგზარა გიყვარს, ის მეოცნებე ბრიყვი, ვარდისფერ ღრუბლებში რომ დაფრინავს თავის დღე და მოსწრება! კარგად დაფიქრდი, რა შეუძლია ნუგზარას, რომ მოგცეს ამ ცხოვრებაში?.. არც არაფერი, მარტო ლამაზი სიტყვების ფუჭი რახარუხი. გახდი ჩემი ნინო და არაფერს მოგაკლებ, ხელის გულზე გატარებ დედოფალივით!

ნინომ ხელი ჰკრა მთელი ძალით, გაგულისებით მიახალა:

– იდიოტო, გარეწარო ნაძირალავ, ამდენი ხანია, ნუგზარის მეგობრად მოგაქვს თავი და თურმე, რა ბოღმას ინახავ გულში! ახლავე წაეთრიე აქედან და მეორედ აღარ გაბედო ასეთი ლაპარაკი ჩემთან, თორემ ნუგზარს ვეტყვი ყველაფერს და, ხომ იცი, ცოცხალი ვერ გადაურჩები, შე საცოდავო!

მინას ბოროტი ელვით ჩაეღიმა, თავის ქნევით მიმართა სარკასტული ტონით:

– ეგრე ჯობია, ნინიკო, უთხარი ნუგზარას დღევანდელი ამბავი, ყველაფერი სიტყვა სიტყვით მოუყევი და ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ ამ ჩვენს გაუთავებელ კამათს ამ ცხოვრებაში. მე და მაგის ადგილი ამ პლანეტაზე ერთად მაინც არ არის! – ეს თქვა და კარისკენ დაიძრა. გარეთ აპირებდა უკვე გასვლას, როდესაც ნინოს ხმა მისწვდა:

– იცი, რითია ნუგო შენზე უკეთესი?

მინა მყის შემოტრიალდა:

– რითი? – ჰკითხა ბოროტად.

– იმით, რომ ამნაირ საქციელს, რაც შენ ჩაიდინე, არასოდეს ჩაიდენს, თავისი მეგობრის შეყვარებულზე აზრადაც კი არ გაივლებს იმას, რაც შენ წეღან მითხარი. იმით, რომ მეოცნებეა და ღრუბლებში დაფრინავს, შენ კი, მთელი შენი ცხოვრება ჭიაყელასავით მიწაზე იხოხიალებ, რაც უნდა ბევრი ფული იშოვო და რაც უნდა ძალაუფლება მოიპოვო!

– ეგ ხომ ისედაც ვიცოდი! – გასცრა მინამ კბილებში და კარი გაიჯახუნა.

მისი ფეხის ხმა რომ მიწყდა, მთელი სხეულით აძაგძაგებული ნინო სკამზე დაეშვა, სახე ხელებში ჩარგო და აქვითინდა. ქეთინო მიუახლოვდა, მის გვერდზე ჩამოჯდა და მკერდზე მიიყრდნო თავისი ასული. ეტყობოდა მთელი საუბარი სიტყვა სიტყვით მოესმინა, დაყვავებით უთხრა:

– კაი, შვილო, დაწყნარდი. ხანდახან ხდება ხოლმე ცხოვრებაში ასეთი რამ. რას იზამ, ადამიანები ვართ. ოღონდ ერთ რამეს გთხოვ, არ გაგიჟდე და ნუგოს მართლა არ მოუყვე ამის შესახებ, თორემ ძალიან ცუდი ამბავი დატრიალდება.

ნინომ ცრემლიანი თვალები შეანათა დედას:

– არც ის ვუთხრა, მეგობარი რომ ეგულება და სინამდვილეში მტერი რომ ჰყავს გვერდით?!

ქეთინომ კვლავ დაყვავებით მიუგო:

– არა, შვილო, მაინც არ უნდა უთხრა. ხომ იცი, ნუგზარის ფიცხი ხასიათი? რომ გაიგოს, ნამდვილად არ აპატიებს. არ მინდა შენმა ნათქვამმა ვინმე ცოდვაში ჩააგდოს. ახლა მთვრალი იყო მინაგვერი, თვითონაც არ იცოდა, რას ლაპარაკობდა. ხვალ მოვა და ბოდიშს მოგიხდის. შენ და ნუგოს სიყვარულს კი, აბა, ვინ დაუდგება წინ?!

ნინოს უნდობლად ჩაეცინა:

– მინა რომ როდისმე მოდიშს მოიხდის, მაგისი შენ არ დაიჯერო, დედა, ეგ სულ სხვა ტიპის ადამიანია. ხომ ხედავ, წლების განმავლობაში, თურმე, რა დებია გულში და მხოლოდ დღეს გამოამჟღავნა. რაღაცას კი ვხვდებოდი, სულ ისეთი თვალებით მიყურებდა, თითქოს შეჭმას მიპირებსო, მაგრამ ამდენს თუ გაბედავდა, მაგას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. კარგი, დაგიჯერებ და არ ვეტყვი ნუგზარს, მაგრამ...

V თავი: ბოლო საქმე

მინამ მოსვენება დაკარგა. ნინოსთან საუბრის შემდეგ ორი კვირა გადაბმულად სვამდა და ნარკოტიკებს იღებდა, ვეღარაფერს უდებდა გულს. შფოთავდა, ვაითუ ნინო მართლაც მოუყვეს ნუგზარს გარდახდილის შესახებო.

არა, მას არ ეშინოდა, არც სინდისი ქენჯნიდა, მისი შფოთვის მიზეზი სულ სხვა რამ იყო. მან კარგად იცოდა, ეს ამბავი რომ გამჟღავნებულიყო, თამაზს დაკარგავდა უთუოდ, ერთადერთ კაცს, რომელსაც იგი მერაბის სიკვდილის შემდეგ მეგობრად იგულვებდა და მაშინ სულ მარტო დარჩებოდა. ამ უსახური სიცარიელის ეშინოდა სწორედ მინას.

სინდისი ქენჯნიდა კი არა, ნინოსთან საუბრის შემდეგ მტკიცედ გადაწყვიტა, როგორმე გზიდან ჩამოეცილებინა ნუგზარი და ხელთ ეგდო ნინო, ის ერთადერთი ქალი ამ ქვეყანაზე, რომელიც წლებია, უყვარდა. ოღონდ, თავიდანვე განსაზღვრა, ეს ამბავი ისე უნდა მოეხრხებინა, რომ მასზე ეჭვი არავის აეღო. მალე ამის შესაძლებლობაც მოუვლინა მის ვერაგ ხასიათზე თარგად მორგებულმა განგებამ.

* * *

იმ დილას ტელეფონის გაბმულმა ზარმა გამოაღვიძა მინა. თავი ძლივს წამოსწია, ნაბახუსევმა ხრინწიანი ხმით ჩასძახა ყურმილში:

– ალო, გისმენთ!

– ზდაროვა მინა, ნუგო ვარ. – ნუგზარის ხმამ უმალ გონს მოიყვანა მინა, საწოლზე წამოჯდა, გაბზარული ხმით გაეპასუხა:

– ვა, ნუგო, შენა ხარ? რა არი, ძმაო?

– სერიოზული საბაზრო გვაქვს შენთან და თაზოსთან, ისნის ხატაზე გამოვალთ მე და შალიკო! – მოესმა ნუგზარის მტკიცე ხმა.

უსიამოდ გაჰკენწლა მინას, დაფარული შეშფოთება ეტყობოდა მის თანხმობას:

– ხარაშო, ძმა, ერთ საათში მად ვიქნებით.

– კაი, ჩვენც ეგრე.

მინამ ყურმილი ძლივს მოარგო მის საბუდეს, შფოთიან ფიქრს გაჰყვა: „ნუთუ ნინომ ყველაფერი მოუყვა?.. მაგრამ, არა, რამე რომ სცოდნოდა, პირდაპირ ტელეფონში ამიტეხავდა შუხურს, ეგ იდიოტი, მაგას ხო ზადნი ბაზარი არა აქ. ნა ვსიაკი სლუჩი, მაინც მზად უნდა ვიყო!“ – ამ ფიქრით მინამ რევოლვერი გადატენა, დამცავზე დააყენა და წელს უკან ქამარში გაირჭო, ზემოდან პიჯაკი მოისხა.

– ბერეჟონნავა, ბოხ ბერეჟოტ, ა ნე ბერეჟონნავა კანვოი სტერეჟოტ! – ჩაილაპარაკა თავისთვის და კიბეებზე დაეშვა.

არც გზაში მიატოვა შფოთმა მინაგვერი, არეულად მიჰყავდა მანქანა. ეჭვიანმა ფიქრმა გაჰკენწლა – თამაზიც ხომ არ შეითქვაო ჩემ წინააღმდეგ, მოლაპარაკებულნი ხომ არ არიანო წინასწარ, ერთად ხომ არ მიპირებენო გასამართლებას ძველი მეგობრები?

ამ ფიქრით გაავებულმა, თამაზს წარბშეკვრით ჰკითხა:

– შენ არ იცი, რა უნდა ნუგზარას, რაზე დაგვიბარა?!

თამაზმა გაკვირვებით მიხედა, ჩაცინებით უპასუხა:

– მე რა ვიცი, ტო, ხო არ დამესიზმრებოდა. შენგან არ გავიგე ეგ ამბავი?.. რა არი რო, რატო ნერვიულობ?

თამაზის გულწრფელმა კილომ ეჭვები ჩაუცხრო მინას, გულდამშვიდებულმა მიუგო:

– არა, არაფერი, რა მაქ სანერვიულო.

ისნის ბინაზე ასულებს უკვე იქ დაუხვდნენ ნუგზარი და შალვა. ორივენი გულღიად მიესალმნენ, გულთბილად გადაჰკოცნეს კაი ხნის უნახავი მეგობრები. მინა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ნუგომ არაფერი იცოდა ნინოსთან მისი საუბრის შესახებ. სავარძელში ლაღად ჩაეშვა, დამხვდურებს ჰკითხა:

– რა არი, ძმებო, რა გასაჭირი დაგვდგომია?

ნუგზარმა თვალი მოავლო მინასა და თამაზს და დინჯად მიუგო:

– მოკლედ, ეგეთი ამბავია, ძმებო, მე და შალიკო რუს ოფიცრებზე გავედით, არსენალზე ჩასტი რო დგას. იარაღის დიდ პარტიას ყიდიან, ავტომატებია, გრანატამიოტები და ტყვია–წამალი. დიდი ფულია საჭირო, ორასი ათასი. ჩვენმა საძმომ სამოცი ათასი მოვაგროვეთ, დანარჩენს ჯერჯერობით ვერ ვშოულობთ. არადა საჩქარო ამბავია, ერთ კვირაში მიდიან ეს ოფიცრები, სლუჟბა უთავდებათ. იქნება თქვენ წაგვახმაროთ ეხლა ფული. ორ კვირაში ფაიზაღი პონტები გვეჩითება და სტაპრაცენტი დაგიბრუნებთ.

მინას ჩაეღიმა, ისე უპასუხა:

– ბიჭო, თქვენ ზვიადასთან ხართ, ჩვენ კიდე ჯაბასთან, ერთმანეთში გრიზნია გვაქ, იარაღის ფულს კიდე ჩვენგან ჩალიჩობთ. ეგ როგორ იქნება, ტო?!

ნუგზარმა წარბშეკრული სიდინჯით მიუგო:

– ამ მომენტში არ არი მაგაზე ბაზარი, მინა, ვინ ვისთანა ვართ, ჩვენი სამშობლოს ბედზეა საუბარი. ერთმანეთში ხიპიშის დრო აღარ არის! ფაიზაღი ინფორმაცია გვაქვს, რომ რუსები აფხაზეთშიც იმავე ამბავს ამზადებენ, რაც სამაჩაბლოში მოაწყვეს. მალე მაგარი არეულობა დაიწყება იქაც, მომზადებულები უნდა შევხვდეთ!

მინამ ხელით მოიზილა ნიკაპი, მანაც დინჯი ტონი შეიძინა:

– კი, ძმაო, გასაგებია, რასაც ბაზრობ, მარა ამ მომენტში ლიჩნად არც მე და არც თამაზას მაგხელა ფული არა გვაქვს. საძმოს საერთოში კი არი მაყუთი, მარა ხო იცი, „აბშიაკ სვიტოე დელა“, იმას ხელი არ ეხლება! ვერც ავუხსნით, ისინიც აჭრილები არიან ზვიადაზე.

– ჰო, არ არის კაი ამბავი! – თქვა ნუგზარმა და სიგარეტს მოუკიდა.

მინა ნუგოსკენ გადაიწია, იდუმალი ხმით უთხრა:

– ნუგზარ, ბრატ, ერთი სერიოზული საქმე შემიძლია შემოგთავაზო, მაგარი ფული იჭრება. ყველა პრობლემას ერთიანად მოგვიხსნის თქვენც და ჩვენც.

– რა საქმე? – უნდოდ ჰკითხა ნუგზარმა.

– კაროჩე, ერთი ებრაელი ნაცნობი მყავს, საგარეოში მუშაობს. კაკრაზ გუშინ შემხვდა და ერთი პუტიოვი საქმე დამინაკოლა, დიდ მაყუთზეა ბაზარი. მასტია, სიმონ, ყოფილი რაიკომის მდივანი, ფაშისტი, ჩაქცეული ნაბოზარი, მაგასთან საგარეოშია ეგაც. სახლში მეთექვსმეტე საუკუნის ირანული სერვისი აქვს, თავისი სურებით, ჩაიდნებით, ფინჯნებით და ორი ჩილიმით, ერთტუჩიანით და სამტუჩიანით. მოკლედ, მაგარი ვეშია, ანტიკვარი. დაჟე იმაზეა ბაზარი, რო ეს სერვისი შაჰ–აბასის ნაქონი ყოფილა, მილიონები ღირს შავ ბაზარზე. ხო და, ერთი ებრაელი მელეხი არი ჩამოსული ისრაელიდან, სამასი ათას დოლარს ნაღდ ფულს იძლევა მაგ სერვისში. აი, ეგ საქმე გავაკეთოთ, ბრატ, ჩვენ ოთხმა და ეგ ფული იარაღზეც გვეყოფა და სხვა რაღაცებზეც.

ნუგზარმა თვალებმობურვით უთხრა:

– შენ ხო იცი, მინა, რომ მე აღარ ვიპარავ, სკანცამი შევეშვი მაგ საქმეს!

მინამ ხელები გაშალა, მომდურავი ხმით მიუგო:

– კი ვიცი, ძმაო, მაგრამ, აბა, მაგხელა მაყუთს სხვანაირად როგორ იშოვი? მთელი პარტია იარაღის ყიდვა გინდა, ხელის გასვრა კიდე არა. ეგრე არ გამოვა, ბრატ! თუ ქვეყნისთვის რამე სერიოზული გინდა გააკეთო, რისკზედაც უნდა წახვიდე!

ნუგზარი შალვას მიუტრიალდა;

– შენ რას იტყვი, შალომ?

შალვამ დინჯად მიუგო:

– მგონი, არ ღირს მაგ საქმის ხელიდან გაშვება. ფულის შოვნის სხვა ვარიანტი ჩვენ არა გვაქვს.

ნუგო ერთხანს ჩაფიქრდა, შემდეგ მოწყვეტით წარმოთქვა:

– კაი, გავაკეთოთ ეგ საქმე. მაგრამ ერთი რამე მაინტერესებს, ან ტავარი სად უნდა წავიღოთ, ან ფული როგორ უნდა მივიღოთ?

მინამ გულმშვიდად მიუგო:

– ის ტიპი, ვისთანაც ეს სერვისი დევს, ხვალ ოჯახთან ერთად საგარეჯოში მიდის ორი დღით. ტავარს რომ მოვხსნით, იმ ებრაელის ბაითზე ავიტანთ ეგრევე. ის კიდე ნაღდ ფულს მაშინათვე იძლევა.

ნუგზარი ფეხზე წამოდგა:

– კაი, გავაკეთოთ ეგ საქმე. მაგრამ, ღმერთს ვფიცავ რა, ეს ჩემი ბოლო საქმე იქნება!

* * *

მომდევნო დღეს, ღამის თერთმეტ საათზე თამაზი, შალვა და ნუგზარი ისნის „ხატაზე“ მივიდნენ. მინას დაგვიანება არ ახასიათებდა, მაგრამ იმ დღეს ოცი წუთით დააგვიანა.

– ცუდი ამბავია, ძმებო! – თქვა მან შემოსვლისთანავე შეწუხებული იერით და სავარძელში ჩაეშვა.

– რა ხდება, არ წავიდა ის ტიპი საგარეჯოში? – დაეკითხა თამაზი.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი