რომანი და დეტექტივი

მტაცებელთა პლანეტა

№36

ავტორი: სოსო ჯაჯანიძე 20:00 18.09, 2021 წელი

მტაცებელთა პლანეტა
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #30-35(1079)

* * *

მეორე დილას თამაზი, მინა და ნუგო შალვას მეზობელ ნაქურდალის შემსყიდველ ზაზასთან გაემართნენ, რომელიც მინამ „კუპი-პრადაიდ“ „მონათლა“.

ხევის უბანში ჩასულებს შალვა და ზაზა დახვდნენ. ერთმანეთში საუბრობდნენ.

– ზდაროვა კუპი! – შორიდანვე შეეხმიანა მინა გამოკვეთილად აგდებული ტონით.

ზაზას სახე დაეჭმუხნა:

– კარგი რა, მინა, ხომ გთხოვე კუპი აღარ დამიძახო–მეთქი.

მინამ შესაბრალისად შეხედა, კიდევ უფრო მეტი უკმეხობით მიუგო:

– კუპი-პრადაი ხარ, შე ჩემისა, და იულიუს კეისარს ხო არ დაგიძახებ, აბა?!

ზაზამ ხელი ჩაიქნია და საქმეზე გადავიდა:

– აი, ბეყესგან გავიგე, რაღაც ტავარი გქონიათ.

მინამ ფასი დაადო თავის საქონელს:

– აი, ესე პროსტო რაღაც ტავარი არ არი რა, შენ როგორც ბაზრობ. სუ თაზა შმოტკებია, ორი დღის უკანაა ჩამოტანილი მოსკოვიდან. ყველაფერი ზედა აქვს – ნაკლეიკები, ფასები. გაიგე?!

– კანკრეტნა რეებია? – დაინტერესდა ზაზა.

მინამ ჩამოუთვალა წინა დღის „ნატური“ ნადავლი.

– ვა! – თავისდაუნებურად, გულწრფელად გამოთქვა ზაზამ.

მინას ჩაეღმია:

– მოგეწონა სპისოკი, ბიჭი?.. ვა კი არა, რამდენს იძლევი?

ზაზა ერთხანს დაფიქრდა, ბოლოს თავის ქნევით უთხრა:

– თუ მართლა თაზა საქონელია, თავისი იარლიყებით და ყველაფრით, ჰა, ჰა, ოთხი ათასს მოგცემთ და ეგ არი.

მინა გაცხარდა:

– ბებიაშენის წაბლა პ...მა, კრემიანი პონჩიკები არ გინდა დესერტად?! ოც–ათასიან ტავარში, ოთხ ათასს როგორ ამბობ, შე მართლა ბარიგა?! მერე გწყინს, კუპი-პრადაის რომ გეძახი!

– მა რამდენი გინდათ, ტო? – გაიკვირვა ზაზამ.

– რაც ღირს, იმის ნახევარი, ათი ათასი.

– ათი, ტო?! ხომ არ გაგიჟებულხარ, მოპარულ საქონელში ათი ათასი მანეთი როგორ მოგცე? რო დაიწვას, ხო ჩემ კისერზე უნდა გადავიდეს ყველაფერი? ხუთი ათასს მოგცემთ... ჰა, ჰა, ხუთი ათას ხუთასს და აი მთელი მაგის ყაირათი. გაწყობთ, გაწყობთ, არ გაწყობთ და თქვენც კარგად იყავით და მეც.

მინამ ნუგოს მიხედა:

– რა ვქნათ, კნიაზ? – თან თვალი ჩაუკრა, კაი ფასს გვაძლევსო.

– მივცეთ და ეგ არი, სხვა რა გზა გვაქ. – მიუგო ნუგომ.

მინა ზაზას მიუტრიალდა:

– ჯანდაბას შენი წურბელა თავი. საღამოს ამოგიტან სახლში ტავარს, არსად გახვიდე. ოღონდ ნაღდი ფული დამახვედრე, მატრაბაზობა არ დამიწყო!

– მოსულა. – უთხრა კუპიმ და ხელი გაუწოდა.

ზედაც არ შეხედა მინამ, ისე შეტრიალდა.

ზაზასთან საქმის მოგვარების შემდეგ, ბიჭებმა ლუდი აიღეს, ტაქსი გააჩერეს და თავიანთი „ხატისაკენ“ გაეშურნენ. იქ მისულებმა, ფული და ძვირფასეულობა სარდაფიდან ამოიტანეს და ისევ მაგიდაზე დაახვავეს. ერთხანს უხმოდ ისხდნენ, ბოლოს მინამ იკითხა ყველას საკითხავი:

– რა ვქნათ, ძმებო, რა ვუყოთ ამ ფულს და ძვირფასეულობას?

ნუგომ ღრმა ნაფაზი დაარტყა, კვამლს ამოაყოლა თქმული:

– მე ასე ვფიქრობ, ძმებო. დანნი მამენტ, ამხელა მაყუთი ჩვენ არც ერთს არ გვჭირდება. მოდი, რაღაც ნაწილი გავიყოთ, დანარჩენით კიდე საძმოს საერთო გავაკეთოთ და ცაცკებთან ერთად სადმე დავაზაგაჟნიკოთ. როცა საჭირო გახდება, მაშინ გამოვიყენოთ.

– ნაღდი ხარ, კნიაზ, მეც ეგრე ვფიქრობდი! – დაუმოწმა მინამ, – მოდი, თავიდან ორ–ორი ათასი გადავიყოთ, დანარჩენი ორმოცი ათასი კი აბშიაკში გავუშვათ და ძვირფასეულობასთან ერთად ნადიოჟნი ადგილზე დავმალოთ. რამეში დაგვჭირდება, ავიღოთ და გამოვიყენოთ. მარა, ერთმანეთი საქმის კურსში ჩავაყენოთ. ხო იცით, „აბშიაკ სვიატოე დელა“.

– მაიცა, მაიცა! – წამოიმართა ნუგზარი, – შენ რომ იძახი, ორმოცი ათასი გადავდოთ საერთოშიო, ათი ათასი ნავოდჩიკზე რომ გაქვს მისაცემი, დაგავიწყდა?

მინამ წარბი აზიდა:

– არა, ძმაო, მე ვაფშე არაფერი მავიწყდება. მაგრამ ახლა ეგეთი გადაწყვეტილება მივიღე, აღარ უნდა მივცე მაგას ეგ ფული!

ნუგო აშკარად გაცხარდა:

– მერე ეგეთ გადაწყვეტილებას რომ იღებ, ჩვენთან არ უნდა შეათანხმო, ძმაო?! მაგ საქმეში ხო ერთად ვიყავით!

– ხო და, გითანხმებთ რა, და პირდაპირ გეუბნებით, მე მაგ კაცზე ფულის მიმცემი არა ვარ! რაში მივცე ათი ათასი, ტო, ხელი არაფერზე გაუნძრევია, ჩვენ კიდე რამხელა რისკზე წავედით.

– დაგავორს რო უდებდი, მაშინ არ იცოდი, რა რისკზეც მიდიოდი?! – ჩაეძია ნუგზარი.

მინამ ხელი აიქნია, აგდებულად წარმოთქვა:

– ამ შემთხვევაში, დაგავორის დედაც მ...ნ, ტო. მარტო მე და მაგან ვიცით ეგ დაგავორი. გავასუხარებ მაგ ახვარს და არც აღარავის ეცოდინება!

– ესე იგი, ათი ათასის გულიზა კაცი უნდა დაბრიდო?! – ჩაეკითხა ნუგზარი.

მინას ირონიულად ჩაეცინა:

– ათი ათასის გულიზა კი არა, თუ საქმეს დასჭირდება, მანეთიანის გულიზაც დავბრიდავ.

– პროსტო რო გადავაგდოთ ეგ მასტი, არ გამოვა? – შეეკითხა ახლა თამაზი.

– არ გამოვა, თამაზიკო, ძალიან შავია. რო გადავაგდოთ და ცოცხალი დავტოვოთ, ოთხივეს გადაგვაგდებს პარაშაზე!

– ვინ არი ამისთანა, ტო? – გულწრფელად დაინტერესდა ნუგზარი.

მინამ პიროვნება დაასახელა. ბიჭებს თითქოს ზაფრა ეცათო, ერთხანს უბრად ისხდნენ. ბოლოს ისევ ნუგზარმა მიმართა:

– განაბი უნდა დაბრიდო, ტო. ვერა ხარ შენ ჭკუაზე?!

მინამ ხელი აიქნია და აგდებულად წარმოთქვა:

– რაღა განაბი ეგ არი, ბიჭო, პრაშლიაკია. თან თავის ღვიძლ ბიძაშვილზე მომცა ნაკოლი, მაგ გნიდამ. ეგ არის ქურდული საქციელი, ძმაო? სუფთა სახლის კრისაა, ეგ ახვარი! ეხლა ზის აკოფში და თავის ვირთხულ წილს ელოდება. დასაბრედია ეგ დამპალი, მა რა არი!

მინას ნათქვამმა დააფიქრა ნუგზარი.

– ჩემ თვალში მაგის საქციელი სწორი არ არის, ძმაო. მარა არც ის იქნება მართალი, მაგის გამო დაგავორი რომ დაარღვიო და სახელიანი კაცი... თუნდაც პრაშლიაკი, რო დაბრიდო!

მინა წამოდგა და დეკლარირებული პათოსით განაცხადა:

– ხო და, აი, ახლა მე, მინაგვერ გოშთელიანი, კაი ბიჭი, პრისტუპნიკი კაცი და ქურდების ძმა, თქვენ წინაშე – ჩემი ძმების წინაშე ვაცხადებ, რო ეგ გნიდა ქურდის სახელის ტარების ღირსი არ არის, მე მაგას ქურდად არა ვთვლი, ეგ არის ვირთხა და ისე მოვექცევი, როგორც ვირთხას ეკუთვნის! მე მაგას გავაფარჩაკებ!

ნუგომ ესღა წარმოთქვა გაოცებით:

– შენ, ძმაო, მართლა არანორმალური ხარ, გიჟი ხარ, ბოზი ვიყო!

მინას ამჯერად აღარ მოუთმენია, მაგიდაზე ჩამოჰკრა მთელი ძალით ხელი, ქშენით წარმოთქვა:

– მაგეთ რამეს ნუ მეუბნები, ნუგო! მე გიჟი არა ვარ, მე მაგარი ჭკვიანი ვარ, ყველა თქვენგანზე ჭკვიანი, გაიგე!

ნუგზარს დამცინავად ჩაეცინა, არ დაინდო გაშმაგებული მინაგვერი:

– ძალიან ჭკვიანი კი არა, „მანია გრანდიოზა“ გჭირს, შე საცოდავო!

მყის მინამ მოჭრა გაცხარებით:

– კაროჩე, ძმებო, მე ჩემი გადაწყვეტილება გითხარით და აბისნენიაც მოგეცით, რატომაც ვაკეთებ მაგას. ხვალე ვხვდები იმ კაცს და იმას მიიღებს, რაც ეკუთვნის. ძმები ხართ და საბოლაოდ გეკითხებით – ხართ თუ არა ჩემთან ამ საქმეში?!

– მე მამაჩემს ისე არ გავუზრდივარ, ფულის გულიზა ყველაფერი რო ვიკისრო. მე მგელი ვარ, ძმაო, შაკალი კი არა. ეგეთ პოდლურ საქმეში პირადად მე მონაწილეობას არ მივიღებ! – მკაცრი ტონით წარმოთქვა ნუგზარმა.

მინამ ხელი აიქნია აგდებულად:

– არც მე ვარ შაკალი, ძმაო, მეც მგელი ვარ, მაგრამ დღევანდელ დროებაში მარტო მგლობა აღარ კმარა, თან ვამპირის ღოჯები უნდა გქონდეს, რომ გაქაჩო. აი, ეგ არ გესმის, ნუგო და ამიტომ ამ ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევ.

– არა-მეთქი, ხომ გითხარი. მორჩი ახლა ჩემთან მაგ თემაზე ბაზარს! – გაცხარებით მიუგო ნუგზარმა და სიგარეტს მოუკიდა.

მინამ შალვას მიხედა მკვეთრად.

– არც მე! – პასუხი მისცა შალვამ მის უხმო შეკითხვას.

ახლა თავჩაღუნვით მჯდომ თამაზს მიუტრიალდა მინა:

– შენ თამაზიკო, შენც გვერდზე დარჩები?

თამაზმა მზერა მოავლო იქ მსხდომთ. ეს სთქვა ბოლოს:

– მართალია, სახელით იყო ის კაცი, მარა ამ შემთხვევაში მაგრა პოდლურად მოიქცა, როგორც დამაშნი ისტრებიტელი. რატომ უნდა მივცეთ ჩვენი რისკით ნაშოვნი ფული ვიღაც ვირთხას! ჩემი აზრით, მინა მართალია, წილი ნაღდად არ ეკუთვნის.

მინას სახე გაებადრა:

– ზნაჩიტ, ხარ ამ საქმეში, ბრატ?

თამაზმა ნუგოს გამჭოლ მზერას აარიდა თვალი, თავის დაქნევით უპასუხა:

– კი, ვარ!

– ძმა ხარ! – წამოიძახა მინამ და მხარზე ჩამოჰკრა ხელი. შემდეგ ნუგოსა და შალვას მიუტრიალდა, თითქოსდა ნიშნისმოგებით უთხრა:

– მაშინ რამსი იცვლება, ძმებო! რადგან თქვენ ამ საქმეში არ ხართ, აი, ამ ფულის ათი ათასი მანეთი საერთოს აღარ ეკუთვნის, იმიტომ რომ სხვა საქმისაა. მაგ მაყუთს მე და თამაზიკო გადავიყოფთ!

მერვე თავი: ძმად გაფიცვა

საღამოზე „კუპისგან“ ფულის აღების შემდეგ, მეგობრები ახლად შეძენილ კოსტიუმებში გამოიწკიპნენ და „სალხინოსკენ“ გაეშურნენ. რესტორნში რომ შევიდნენ, მინამ ხელით ანიშნა ლუსიას, დროულად მოდიო. ბიჭებმა ნაირგვარი კერძები და შამპანიური შეუკვეთეს.

თითო ბოთლ შამპანიურს ძირი რომ დაანახვეს, ოფიციანტების ოთახში შევიდნენ და თრიაქი მოწიეს. მინამ ჰკითხა ორაზროვანი ღიმილით:

– ეხლა კაი ქალები გაასწორებდა, არა, ძმებო?

– კი, ტო, ქალები ნაღდად გაასწორებდა. – გაიბრიქა შალიკო.

– ხო და, მივცეთ ზაკაზი ლუსიას. – ღიმილითვე წარმოთქვა მინამ, თან კარი გამოაღო და ლუსიას გასძახა ხმამაღლა.

– ლუსია რა შუაშია, ტო? – გაიკვირვა თამაზმა.

– ჰო, თქვენ ეგ არ იცით, არა? – ჩაიცინა მინამ, – პა ხოდუ მამაშაა, ეს ნაბოზარი, „კოლხეთის“ ბარდელთან აქვს სვიაზი. აქ მოელაპარაკება კლიენტებს და მერე იქ უშვებს. ოცმანეთიანი ქალებიც ჰყავს, სამთუმნიანებიც და ხუთთუმნიანებიც. აი, ეგ ხუთთუმნიანები არიან, რაც არიან. ჰო და, აი დღეს, მაგ შიკარნი პუტანებში უნდა გავიჩითოთ. თუ არ გვეკუთვნოდეს, ბოზიშვილი ვიყო!

ამ დროს ლუსიაც შემოვიდა.

– ლუსიჩკა, გენაცვალე, დღეს დიდი დღე გვაქვს. ორი ცალი ორმოცდაათიანი პუტანა უნდა გაგვიჩითო! – მიმართა მინამ. ლუსიამ ბიჭებს მოავლო ღიმილით თვალი:

– კი ბატონო, რაზეა საუბარი. – თქვა მან, მაგიდასთან დაჯდა და რაღაცის წერას შეუდგა.

– კი მარა, ორი რატო, ოთხნი არა ვართ? – გაიკვირვა შალვამ.

– იფიქრე, ორზე ერთიო, არა? – ჩაეცინა მინას, მოქუფრულად მიმართა შემდგომ – მე და თაზოს ერთი საქმე რომ გვაქვს მოსაგვარებელი, დაგავიწყდათ?!

ლუსიამ წერა მოამთავრა და ფურცელი მინას მიაწოდა.

– „კოლხეთი“, 202 ოთახი. შესასვლელში ნაზიმა. ორი ორმოცდაათიანი. ლუსიასგან“ ,– წაიკითხა მინამ და ნაწერი ნუგოს მიაწოდა:

– კაროჩე, კნიაზ, სასტუმროს შესასვლელში ნაზიმას იკითხავთ, ამ წერილს და ოც მანეთს მისცემთ. მერე მეორე სართულზე ახვალთ, 202 ოთახში. იქ ორი ნაშოჩკა დაგხვდებათ. იმათაც ორმოც-ორმოც მანეთს მისცემთ და საქმესაც შეუდგებით. აბა, თქვენ იცით, სბოგამ, არ შემარცხვინოთ, იცოდე. – დაასრულა ღიმილით.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი