რომანი და დეტექტივი

მტაცებელთა პლანეტა

№33

ავტორი: სოსო ჯაჯანიძე 20:00 27.08, 2021 წელი

მტაცებელთა პლანეტა
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #30-32(1076)

სანამ „ჭინკა“ ამბავს ჰყვებოდა, ბიჭები თრიაქს ეწეოდნენ მორიგეობით. „ჭინკა“ „ბაზარს მორჩა“ და „მასტერკაც მოკვდა“. ერთხანს მდუმარედ იყო მინა, თითქოს მოსმენილს აანალიზებსო. შემდეგ „ჭინკას“ ახედა და თვალებმოწურული შეეკითხა:

– ძაღლებმა საიდან ისაიმეს მაგ შუხურის ამბავი?

– ალბათ, მასწავლებლებმა გააგებინეს. – მხრების აჩეჩვით თქვა „ჭინკამ“.

– იმათ ვიღამ გააგებინა? – ჩაეძია მინა.

– ცემის დროს გამექცა ის ჩემისა და კარიდორის ბოლოდან მაგინებდა, შაკო შეყილაძე შენ დედას მ...ო, მთელ სკოლას ესმოდა, ტო.

მინამ მარცხენა წარბი აზიდა, კბილებში გამოსცრა ირონიული ღიმილით:

– ჰოო, ცუდ დღეში ჩაუგდია თავი შენ ოპონენტს!

– ოპონენტი რაღა ჯანდაბაა? – დაინტერესდა „ჭინკა“.

– აი, შენი მიწასთან გასწორება რო უნდა, ეგ არი. – უპასუხა მინამ.

– დედი მაგისისამ! აი, ეს დრინი არ უნდა ტ...ში?! – გაცხარებით წარმოთქვა „ჭინკამ“ და პიჯაკის ქვეშ დამალული სკამის ფეხი გამოიღო.

– ეგ რამხელა კუნძით მოსულხარ, ბიჭო, ზამთრისათვის ხო არ ემზადები? – დაცინვით შეეკითხა თამაზი.

– აბა, რა ვქნა, ძმაო, – ხელები გაშალა „ჭინკამ“, – ტარიელ მკლავაძე მე არა ვარ, შვიდი კაცი ერთად რო ვცემო, და ჩემ თავს კიდე მუქთად არავის გავალახინებ!

– არც მე ვარ ყარამან ყანთელი, შე ჩემა, მარა შლაგბაუმით არ მოვსულვარ აქ! – მოუჭრა მინამ.

„ჭინკას“ ჩაეცინა:

– ზატო, გაზიზინებული დულა გაქვს გარჭობილი ქამარში, ხო ვიცი.

– კაი ახლა, გეყოფა მახვილსიტყვაობა. გადააგდე ეგ მორი და დავეშვათ ქვემოთ, გავაიასნოთ იმ ტიპებთან სიტუაცია.

– უკვე მოტვინე, არა, რაც უნდა ვქნათ? – დაეკითხა „ჭინკა“ ღიმილით.

მინამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და დაღმართისკენ გაემართა ტაატით. ბიჭებიც მიჰყვნენ იმავე ამპლიტუდით.

„მედიკების ბაღში“ მართლაც უამრავ ხალხს მოეყარა თავი. მინამ „ჭინკას“ მიმართა:

– შენ ჯერ არ გაიჩითო. ნაჩხუბი ხარ და შენი გამოჩენა ეგრევე დაძაბავს სიტუაციას. შეიძლება, ეგრევე შუხური აიწიოს და მერე არჩიე მტყუანი და მართალი. არადა, მაგ მასტს მაგარი ნაჭამი აქ, პარაშაშია ყელამდე, თან ისე, რო თვითონ აზრზე არ არი. თუ კაი ბიჭები არიან ჩამოსულები, მე მაგას სიტყვაში დავიჭერ და მაგათვე გავატისკინებ მაგის თავს. თუ ლახმაჩები არიან კიდე და მაგათი დედებიც მ...ნ, ჩავცხრილავთ მაგ ახვრებს და ეგ იქნება!

„ჭინკა“ უხმოდ დაიძრა ალიკას სახლისკენ.

ბიჭები ბაღთან ახლოს რომ მივიდნენ, შენიშნეს, ალიკა ავარულად ჩაცმულ ორ ჭაბუკს ესაუბრებოდა განცალკევებულად. მინამ ბიჭებს გადაულაპარაკა:

– ე, ამას ვიცნობ, ტო. კუკიელი კაი ბიჭია, ცხვირა. ქურდობა უნდა და ჩორტიკასგან ჩალიჩობს მოგვარებას. თან იცის, რომ მე ჩორტიკასთან მაგრა ვარ. ჩათვალეთ, რო ბაზარი მოყომარებულია.

მიახლოებული მინა, ხელის აწევით მიესალმა იქ მდგომთ:

– ზდაროვა ბრატვა!

– ვა, მინას გაუმარჯოს! – მიესალმა ცხვირა, გადაკოცნეს ერთმანეთი.

– რა ხდება, ძმებო, რამ შეგაწუხათ? – იკითხა მინამ.

ცხვირამ დაჯგუფებულებში ერთ–ერთ ყმაწვილს უხმო, მინას მიუთითა:

– ეს კაცი ჩვენი პატარა ძმაა, სიმონ, კაი ბიჭი, სკოლას უყურებს. შენ უბნელ ჭინკას გაულახია მაგრა ბესპაშადნად და მაგ ამბის გასარკვევად ჩამოვედით, რა მოხდა, როგორ მოხდა.

მინა ყმაწვილს მიუტრიალდა:

– შენი სახელი, ძმაო?

– თენგიზა! – გამომწვევად უპასუხა მან.

მინამ დაყვავებით მიმართა:

– მერე, თენგო, ძმაო, ჩხუბი ვის არ მოსვლია, ხელი ვის არ მოხვედრია. ჩხუბი იმის არი, ან ერთი უნდა გაილახოს, ან მეორე. მაგის გამო ამხელა შუმოკის ატეხა და ამდენი ხალხის შეწუხება, რად გინდოდა? სკოლელები ხართ, ტო, თქვენვე მოგეყომარებინათ ეგ ამბავი.

– ბესპრედელურად მომექცა, ძმაო, და იმიტომ შევაწუხე ეს ხალხი. მისაღები მაქ მაგისგან. – მიუგო თენგომ კვლავ შემტევად.

მინამ იმავე დაყვავებული ტონით განაგრძო:

– თუ ბესპრედელურად მოგექცა, ძამიკო, ბაზარი არ არი, ჩვენგანაც მოეთხოვება და შენც მიგაღებინებთ, რაც გეკუთვნის. მარა, როგორც ჭინკასგან ვიცი, მაგრა მწარედ გიგინებია, თან პაიმიონნა აგინებდი, შაკო შეყილაძე დედას მ...ო, მთელ სკოლას ესმოდა. ეგრე იყო?

– კი, ეგრე იყო, მერე რა? საგინებელი იყო და ვაგინე, და შევუსრულებ კიდევაც თუ გამომიჩნდება. რას არი, რო იმალება და დელეგაციებს მიგზავნის? – გაცხარებით წარმოთქვა თენგომ.

ავად ჩაეღიმა მინას. უცებ ცხვირას მიუტრიალდა, გამოცვლილი სახით და ხმით მიმართა:

– ხო კარგად გაიგე, ცხვირა, რა თქვა ამ კაცმა? ყველას ესმოდა ჭინკას რო ვაგინებდიო?

ცხვირას ჩაეღიმა:

– კაი რა, მინა, ჩხუბში გინება მოსულა. რას ხედავ მაგაში არასწორს?!

მინამ ხელები გაშალა:

– მაგაზე ვინ ბაზრობს, კაცო. იასნია, ჩხუბის დროს გინება მოსულა. რო გაილახები, არც ის არი გრეხი. მარა კაი ბიჭი ყველა ვარიანტში ვაჟკაცურად და დაფიქრებით უნდა მოიქცეს, ეგრე არ არი, ბრატ? ეს კიდე, გასისხლიანებული გარბოდა და გინებაში იმ კაცის სახელს გაიძახოდა, ვისგანაც გაილახა. ბოზებს კიდე ყურები აქვთ მოსასმენად და პირი საბოზაოდ. ძაღლებამდე მივიდა მაგ შუხურის ამბავი. აიყვანეს ბიჭი და მთელი ღამე პრესებში ჰყავდათ, ფეხზე ვერა დგება, ტო. ეხლა კაკრას ელიიდან ჩამოვდივართ, ბიძამისთან არი. სახლში არ მივიდა, დედამისს არ დაენახვა, ქალს გული არ გაუსკდესო. კი არ იმალება, როგორც ეს ბაზრობს! – ხელი თენგოსკენ აიქნია მინამ.

ცხვირა მიხვდა, საით მიჰყავდა მინას საუბარი. თენგოს გამართლებას შეეცადა:

– მერე ამას პირდად ხო არ ჩაუშვია, ძმაო, სხვისგან გაბოზდა ეგ ამბავი!

მინას ირონიულად ჩაეცინა, ისე მიუგო:

– კი, ძმაო, პირდაპირ არ ჩაუშვია, მაგრამ ვიღაც ნაბოზრების წინ ჭინკას სახელს გაყვიროდა – შაკო შეყილაძეო. ესე იგი, მაგის პირიდან გაბაზრდა ეგ ამბავი. ტექნიკური ბოზობა არ გამოდის?!

შემდეგ მუქარანარევი კილოთი დაუმატა:

– ეე, შენ ეგეთი რამე არ უნდა გეშლებოდეს, ცხვირა, ქურდების ძმა ხარ, მომავალი ქურდი.

„ცხვირა“ მიხვდა, თუ თენგოს დაცვას კვლავ შეეცდებოდა, მინა არ დაინდობდა და მის ქურდულ „კარიერას“ სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა.

მინამ შემტევი ტონი გაამძაფრა:

– ეგაც არი, ძმაო, კაცი უკვე თექვსმეტი წლისაა, კაიბიჭობს, თან სკოლა აბარია. ესე იგი, ბოლომდე მოეთხოვება. ამან კიდე ზეხერი იბაზრა, ჩესტის ხალხი უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ.

აშკარა იყო, მინა მოითხოვდა, რომ „ცხვირას“ თავად დაესაჯა თენგო. ეს ულტიმატუმი იყო, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში მას „ჩორტიკასთან“ გაუფუჭდებოდა საქმე. იგი მკვეთრად შეტრიალდა, მთელი ძალით სილა გააწნა ლოყაში თენგოს და დაუყვირა:

– შე ახვარო, ვაჟკაცობა და ბოზობა ვერ გაგირჩევია ერთმანეთისგან და კაი ბიჭობაზე დებ თავს?!

თენგო გახევდა, ქანდაკს დაემსგავსა. ერთი კი გახედა მინას მძულვარე თვალებით და თავი დახარა. მინამ მხარზე დაჰკრა ხელი „ცხვირას“:

– ცხვირა, ძმა, მოყომარებულია ბაზარი?

– კი, ბრატ, მოყომარებულია. იზვენი, რო ტყუილა შეგაწუხეთ.

– აბა, სბოგამ, ძმებო! – ხელი აუწია მინამ.

– სბოგამ, ბრატ! – გამოემშვიდობნენ „ძმები“.

* * *

ბიჭებმა „ჭინკას“ გაუარეს და წყაროს უბნისაკენ დაიძრნენ. გზადაგზა მინას ქებაში იყვნენ.

ერთ მიყრუებულ შუკაში რომ შეუხვიეს, თამაზმა ვიღაცის მოახლოება იგრძნო ქვეცნობიერ და შემობრუნდა. წამს თვალი ჰკიდა, როგორ ეშვებოდა მინას ზურგზე უზარმაზარი ბებუთი. ეს თენგო იყო გაალმასებული იერით. ბევრი არ უფიქრია, გადაუხტა წინ და მოსხლეტით მოქნეულ ბებუთზე აუქნია ხელი. დანის მოელვარე პირმა მის მკლავში გაიარა, უცილო სიკვდილისაგან იხსნა მინაგვერი.

თამაზის შებღავლებაზე სწრაფად შემოტრიალდა მინა. არც მას უფიქრია ბევრი, ნაგანი გაიძრო ქამრიდან და ზედიზედ სამი ტყვია დაახალა მკერდში ბებუთ–შემართულ თენგოს. იგი მოწყვეტით ჩაიკეცა და პირაღმა დაეცა.

ბიჭები გახევებულნი უცქერდნენ აგონიურად მბორგავ თენგოს. მან მალევე შეწყვიტა სულთაბრძოლა და თავი გვერდზე გადაუვარდა. იმ წამს თამაზს აღებინა და იქვე ხეს მიეყრდნო.

შალვამ იდუმალი ხმით ჰკითხა დაჭიმულ სიმად ქცეულ მინას:

– ეს რა ქენი, ტო, მოკალი ბიჭი?!

მინამ აელვარებული თვალები ჰკიდა მას:

– აბა, რა მექნა, თვითონ მკლავდა, ეს ნაბოზარი! – ამოიხრიალა უცხო ხმით. უცებ მოტრიალდა და უმოწყალო ცემა დაუწყო გვამს ფეხებით, თან აფურთხებდა და უხამსად აგინებდა.

ნუგზარი მიეჭრა, სილა გააწნა, ხაფი ხმით დაჰყვირა:

– რას აკეთებ, ბიჭო, აზრზე მოდი!

მინა ადგილზე გაშეშდა, ნუგზარს გახედა. ნაგანი მისკენ მიატრილა და კბილებში გაცრილად გამოატარა სიტყვა:

– ნუგზარ, აღარასდროს დამარტყა, თორემ, იცოდე, მაგრად განანებ, ტრაინოი აბაროტს აგიღებ! სადაც მომხვდება შენი ხელი, იქ ნიშანს დაგადებ, ბოზიშვილი ვიყო!

ნუგზარს წამწამიც კი არ შერხევია, იარაღის ლულა გაუწია, მოჭრით უთხრა:

– იარაღი შეინახე და დროზე გავიდეთ აქედან, სანამ ძაღლობა დაგვდგომია თავზე.

შალვამაც იარაღიან მკლავზე წაავლო ხელი, გაბრაზებით გამტკიცებული ხმით მიმართა:

– რაც გააკეთე, ის იკმარე. მოტეხე ახლა ეგ იარაღი! – თან თამაზზე მიანიშნა, – თამაზა გვყავს მისახედი. ვერ ხედავ, სისხლი სდის!

მინას თითქოს იმ წუთს გაახსენდაო თამაზი. მაშინვე პერანგის კალთა აიხია, სისხლდადენილ მკლავზე გადაუხვია სათუთად. ბიჭებს მიმართა:

– ლილესთან ავიყვანოთ, ჩემს ბიძაშვილთან, ჩხეიძეზე ცხოვრობს.

შალვა მოკლული ბიჭისკენ დაიხარა:

– ეს საცოდავი გზიდან მაინც გადავიყვანოთ.

მყის ნუგზარი მიეჭრა:

– ხომ არ გაგიჟდი, ბიჭო! ხელი გაუშვი, ანაბეჭდები დარჩება.

მეხუთე თავი: ლილე

ლილემ შეშფოთებით მოავლო თვალი ალანძულ ბიჭებს, თამაზის გასისხლიანებულ მკლავზე შეაჩერა მზერა. მინას მიუტრიალდა:

– რა არი, რა ხდება?

– სახლში არი ვინმე?! – უპასუხო კითხვა დაუბრუნა მინამ.

– არავინაა, ზალაში შემოდით. – მიუგო ლილემ და სასტუმრო ოთახში შეუძღვა ბიჭებს.

– ამ ყმაწვილს მიგვიხედე, ფრონტიდან გამოვიყვანეთ ახლახან. – ხუმრობა სცადა მინამ.

წარმტაცი სილამაზის გოგონა იყო ლილე, ფერიასავით ნაზი და ყვავილთაგან გაბანგულ პეპელასავით მიბნედილი, ასე გეგონებოდა კაცს, მის ნავალზე ნაკვალევი არ რჩებაო. საშუალოზე ოდნავ მაღალსა და თხელტანიანს მოხარშულთაფლისფერი ხვეული დალალები ზღვის მოქცევად ეღვრებოდა ფაქიზ ბეჭებზე. ნუშის გულისფერი სახე ჰქონდა, მარწყვისფრად მოციმციმე კოპწია ტუჩები და სიღრმისეული ლურჯ-გამჭოლი თვალები.

მან თამაზი დივანზე ჩამოსვა, გვერდით მიუჯდა და ჭრილობის დამუშავება დაიწყო. ბიჭები ირგვლივ სკამებზე ჩამოსხდნენ.

– ვა, რა მაგრა ჩალიჩობს, ტო. – გადასჩურჩულა მინას შალიკომ.

– დედამისი ექიმია და ამასაც სამედიცინოზე უნდა ჩაბარება. – აუხსნა მინამ.

ლილეს თამაზის მკლავი კალთასთან ახლოს ეკავა. მისი თლილი მარმარისებრი თითების შეხება თავბრუს ხვევდა ჭაბუკს, მის მოვარაყებულ მუხლებთან უნებური მილამუნება კი საამოდ აჩქარებულ ძარღვებში უწველ ალებს უბრიალებდა, ნეტარების ბურუსით სუდრავდა. იმასაც გრძნობდა თამაზი, რომ ეს არ იყო ის ბინძური ვნება, რომლითაც იგი ლუსიას ჩახსნილ მკერდში ჩასცქეროდა. ეს სულ სხვა რამ იყო, ზეციურიდან მონაბერი სიოსავით სალბუნი...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი