რომანი და დეტექტივი

მტაცებელთა პლანეტა

№32

ავტორი: სოსო ჯაჯანიძე 20:00 21.08, 2021 წელი

მტაცებელთა პლანეტა
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ 30-31(1075)

თამაზმა და შალვამ ნუგზარს მიხედეს. მიხვდა მინა, მეგობრებს შორის „სტასავოი“ ნუგზარი რომ იყო და მას მიმართა:

– თან, ჩვენც ერთმანეთში ბოლომდე გავარკვიოთ ურთიერთობა.

ამ სიტყვაზე უარი აღარ ითქმებოდა.

– კარგი, წავიდეთ! – თქვა ნუგზარმა და მოკეცილი „პაპკა“ შარვლის ქამარში გაირჭო.

ის იყო წასვლა დააპირეს, რომ ფეხაჩქარებით მათკენ მომავალი ნინიკო შენიშნეს.

– სად დაიკარგეთ?! ნანა გიჟსა ჰგავს, ახლავე ამოვიდნენ გაკვეთილზეო! – აღელვებით წარმოთქვა მან, თან სამდურავი მზერით მისკენ ქვემომზირალ მინას გახედა.

მინამ საათზე დაიხედა. ასე გეგონებოდა, მხოლოდ თავისთვის წარმოთქვაო ეს:

– რაღა დროს გაკვეთილებია, ტო, უკვე თორმეტი საათი ხდება. – ამ სიტყვებზე ნუგზარს მიხედა გამომცდელი იერით.

ნუგზარმა თავისი სურვილის გარეშე მიუგო ნინოს:

– ნანას უთხარი, ვერ ვნახე ბიჭები-თქო. ვერ ამოვალთ, რაღაც საქმეზე ვართ გასასვლელები.

ნინომ სიბრაზით ბიჭებს მიმართა:

– დღეისთვის კინოში წაყვანას რომ დამპირდით, დაგავიწყდათ?

– აუ, ჩემი. – თავზე ხელი შემოირტყა თამაზმა, ნინოს შეეხვეწა მუდარით, – გვაპატიე რა, ნინიჩკა, დღეს მართლა მაგარი სერიოზული საქმე გვაქვს. მოდი, ხვალ წავიდეთ კინოში.

მაშინვე შეტრიალდა ნინიკო და ბიჭებს აჩქარებული ნაბიჯებით დასცილდა.

მესამე თავი: გარიგება

„პლეხანოვზე“ ადრე ერთი კოპწია რესტორანი იყო, „სალხინო“, იქ შევიდნენ ბიჭები. მინამ კუთხის მაგიდისკენ მიუთითა:

– იქ დავჯდეთ, სიმონ, მაგრად მევასება ეგ ადგილი. მთელ ზალას უყურებს, სუფთა „ვარავსკოი უგალოკია“.

ბიჭები მაგიდას შემოუსხდნენ და სიგარეტი გააბოლეს. ორიოდე წუთში ოფიციანტი მეტად მოხდენილი გარეგნობის რუსის ქალი მიუახლოვდა.

– პრივეტ, ლუსიჩკა, კაკ დელიშკი? – მიმართა ავარულად სკამზე გადაწოლილმა მინამ.

ლუსიამ გაუღიმა, რუსული აქცენტით მიუგო:

– გამარდჯობა, მინა-დჟან. პურს შეჩამთ?

– პურსაც შევჭამთ და ღვინოსაც დავლევთ. აბა უჯიშოები ხო არა ვართ, ცარიელ პურზე რო ვიქეიფოთ! – აგდებულად უპასუხა მინამ.

ლუსია მისკენ დაიხარა და შიშნარევი ხმით რუსულად მიმართა:

– იცი მინა, ახლახან დირექტორი მოვიდა, ეგ კიდე ნებას არ გვაძლევს სკოლის მოსწავლეებს ღვინო გამოვუტანოთ. მე მოგიტანთ, მაგრამ თქვენ მაგიდის ქვეშ დადგით ბოთლები.

მინა სკამიდან წამოიწია, მეტი უკმეხობით მიუგო რუსულადვე:

– იქნებ ჩვენც, როგორც შნირები, ბლიად, მაგიდის ქვეშ შევძვრეთ?!

ლუსიამ ხელის კანკალით საწერ-კალამი მოიმარჯვა:

– რა მოგიტანოთ? – იკითხა ყრუ ხმით.

ლუსია რომ წავიდა, თამაზმა უთხრა მინას:

– რა იყო, როგორ გატისკე ეგ ქალი, ტო. გოთვერანი ვიყო, მაგრა შემეცოდა.

– მეტის ღირსია, მაგის ნაბოზარი დედაც მ.....ნ! – ძარღვებდაჭიმვით წარმოთქვა მინამ.

ლუსია მალევე მობრუნდა ხორაგით დახვავებული სინით. მინამ ღვინის ჩამოსხმა დაიწყო. უცებ ბოთლი დადგა და ბიჭებს მოავლო გამჭოლი მზერა:

– სანამ დავლევდეთ, მანამ ვთქვათ ჩვენი სათქმელი. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, დალეულზე დუხი აიღო და ისე ბაზრობსო.

– აბა, რას გვეტყვი ერთი! – გაამხნევა ნუგზარმა.

მინას ჩაეღიმა, ღვინის ჩამოსხმა განაგრძო, თითქოს მორაკრაკე ღვინოს ეპასუხებაო:

– რას გეტყვი, ჩემო ძმაო და, აი, სულ რაღაც ორი საათია ვიცნობთ ერთმანეთს და უკვე აზრზე ვარ, რა მასტის ხალხიცა ხართ. რაც მე, ისიც თქვენ, ხიშნიკები ხართ და ხიშნიკურად ცხოვრობთ ამ ქვეყანაზე. მეც ეგეთ ხალხთან მინდა ძმობა, დავიღალე მარტო ყოფნით, ტო. სადაც მივედი, ყველგან ჩხუბი და კაჩაობა მაქ, ყელში ამოვიდა! – გულწრფელობა იკვეთებოდა მის თქმულში, შენიშნეს ბიჭებმა, ერთმანეთს მოავლეს თვალი. მან კი სიგარეტს მოუკიდა და განაგრძო:

– ჩემი გაგებით, ძმებო, ამ ცხოვრებაში სამი მასტის ხალხი არსებობს: მგლები, ძაღლები და ცხვრები. მგლებსა და ძაღლებს ერთმანეთში პასტაიანი გრიზნია აქვთ, ორივენი კიდე ცხვრებს ჭამენ. ოღონდ მგლები პირდაპირ ესხმიან თავს, ვაჟკაცურად იღებენ თავის მისაღებს; ძაღლები კი ბოზურად, ვითომდაც მგლებისგან იცავენ, მარა ცვეტში ეგენიც ცხვრების მჭამელები არიან. ამ სამი მასტიდან ცხვარი ნაღდად არ ვიქნები, არავის შევაჭმევინებ თავს; ძაღლობას კიდე მშიერი სიკვდილი თუ არ მერჩივნოს, ბოზის გაზრდილი ვიყო! ისღა დამრჩენია მგლურად ვიცხოვრო ამ ქვეყანაზე. განა თქვენც ეგრე არა ხართ?.. მაშ რაღა გვიდგას წინ? შევკრათ კამანდა და ერთად ვიჩალიჩოთ. გაცნობისას კი მოგვივიდა პატარა სტიშკა, მარა მთავარია, რომ იაღლიში არ მოგვსვლია ერთმანეთში და სამტროც არაფერი გვაქვს. ვაკეთოთ ერთად საქმეები და ვიგრიალოთ, მეტი რა შეგვრჩება ამ დამპალი ცხოვრებიდან!

ბიჭებს გულში სწვდათ მინას სიტყვები, სიმპათიითაც კი განეწყნენ მის მიმართ. ნუგზარმა მეგობრებს მოავლო თვალი, თითქოს თანხმობას იღებს პასუხზეო, შემდეგ მინას მიუტრიალდა:

– მინა, აი, აქ ვისაც გვხედავ, ბავშვობის ძმაკაცები ვართ სამივენი. რაც ცხოვრების აზრზე მოვედით, იმის მერე შავი ცხოვრებით ვცხოვრობთ. ჩემზეც უვერენი ვარ და აი, ამ ჩემ ძმებზეც, ათი სიცოცხლე რომ მოგვცეს ღმერთმა, ათივეს ქურდულად გავივლით, სხვა ჩვენთვის არ არსებობს. ჩვენი პატარა კამანდა უკვე გვყავს და ვჩალიჩობთ კიდეც რაღაც-რაღაცებს. შენი სიტყვა კიდე, მოგვეწონა, ძმაო, ვაჟკაცური სიტყვა გვითხარი. თუ ეგეთი სურვილი გაქვს, იყავი ჩვენი ძმა. რასაც ვიჩალიჩებთ საძმო, ერთად ვიჩალიჩოთ.

მინაგვერს გულღიად გაეღიმა, ჭიქა ასწია და ომახით წარმოთქვა:

– მაშინ, ძმებო, ჩვენი გაცნობის დავლიოთ... მარტო გაცნობისა კი არა, დაძმაკაცებისა. ამის შემდეგ ჭირი და ლხინი ერთი გვქონდეს, მტერი და მოყვარე საერთო გვყავდეს, ძმობის მოღალატეს კიდე ტყვია არ ასცდეს გულში!

ბიჭებს ეუცნაურათ მინაგვერის მაღალფარდოვანი ნაუბარი, მათსავით ავარასგან, სწორედ რომ, არ მოელოდნენ ამგვარს. თავადაც ასწიეს ჭიქები, მინაგვერის სასმისს მიუჭახუნეს.

– ეგრე იყოს! – წარმოთქვა ნუგზარმა, ოთხივემ ძირამდე გამოსცალა ღვინო.

ღამისპირულამდე ბიჭებმა სამ–სამი ბოთლი დალიეს, კარგა გვარიანად შეთვრნენ.

– წავიდეთ ახლა, გვეყოფა დალევა! – ენა ძლივს მოატრიალა პირში ნუგზარმა.

– მართალი ხარ, გავიდეთ უკვე, თორემ გასატანები გავხდებით. – თავის დაქნევით დაეთანხმა მინა, თან ლუსიას ანიშნა მათთან მისულიყო.

გარეთ გამოსულებმა მალევე გააჩერეს ტაქსი. პირველი მინა ჩამოვიდა ჩუღურეთის აღმართის დასაწყისში, შემდეგ შალიკო მიიყვანეს ხევის უბნის ჩასახვევთან, ბოლოს კი თამაზი და ნუგო ავიდნენ წყაროს უბანში.

დამშვიდობებისას თამაზმა უთხრა ჩაფიქრებით ნუგზარს:

– ეს მინა გოშთელიანი რა კაცია, მაინც ვერ გავიგე, სიმონ!

ნუგზარმა გახედა დაკვირვებით, ეს უთხრა ბოლოს:

– მაგას ცხოვრება გვიჩვენებს, თაზო!

მეოთხე თავი: საბედისწერო შემთხვევა

მინაგვერ გოშთელიანის მისვლა საგრძნობლად დაეტყო სკოლის ცხოვრებას. უცებვე გავრცელდა ხმა, რომ თურმე, მას წინა სკოლაში ორი მისებრ ავარდნილი ყმაწვილი დანით დაეჭრა და მხოლოდ ახლო ნაცნობობის მეშვეობით გადარჩენილიყო ციხეში მოხვედრას.

მართლაც, ბუნებით მეტად სასტიკი ადამიანი იყო მინაგვერი, მცირე შეცდომასაც კი არავის აპატიებდა. იმავდროულად, მეტად ვერაგული აზროვნება ჰქონდა. ადვილად შეეძლო, ნებისმიერი საქმის ვითარება პოლარულად საპირისპირო სახით წარმოეჩინა, მტყუანი გაემართლებინა, ხოლო მართალი გაემტყუნებინა, უსამართლოდ გამტყუნებული კი უმოწყალოდ დაესაჯა.

ამასთანავე, ფრიად ძლიერი ნებელობისა და მომნუსხველი ქარიზმის მფლობელი იყო მინა. მან მეტად ოსტატურად მოახერხა ნუგზარი, თამაზი და შალვა თავისი გავლენის ქვეშ მოექცია და მათი მეშვეობით სკოლა ემართა. განსაკუთრებულად თამაზი მოხიბლა მინას პიროვნებამ. მისი დაუნდობლობა და ვერაგული აზროვნება სამაგალითოდ იქცა მისთვის, ცდილობდა, ყველაფერში მინასთვის მიებაძა. შეიძლება ითქვას, რომ მინა მისი კუმირი გახდა, ეტალონი „შავი ტიპობისა“. მათი კიდევ უფრო დაახლოება კი ერთმა საბედისწერო შემთხვევამ განაპირობა.

* * *

ღვინობისთვე იწურებოდა, წყაროს მაღლობ უბანში სასიამოვნოდ გრილოდა. სკოლიდან მობრუნებული ბიჭები უბნის ბირჟაზე ლუდს წრუპავდნენ. ამ დროს აღმართზე ამომავალი ხევისუბნელი შაკო შეყილაძე შენიშნეს, ქუჩაში „ჭინკად მონათლული“, ეძმაბიჭებოდა მეგობრებს. ერთი ხელი წელზე მოეკიდა და სახე–დაღრეჯილი კოჭლობით მოაბიჯებდა.

– რა ახალნახმარივით მოდიხარ, შე ჩემისა, მაიდანში იყავი? – გამარჯობის სანაცვლოდ შეაგება თამაზმა და ნახევრად ჩაცლილი ლუდის ბოთლი მიაწოდა.

„ჭინკამ“ იმწამს მოიყუდა და ბოლომდე ჩაცალა. მისი პასუხის მომლოდინე ბიჭებს მიუგო:

– ძაღლებმა მცემეს, მაგათ დედებს შ....ი! – გინებას ამოაყოლა გამწარებული ჯავრი.

ეს იმდენად ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ იმ დროს, რომ ბიჭები ცოტა არ იყოს გახალისდნენ კიდეც.

– დაგბუყნეს, შე საცოდავო! – გაიღრიჭა შალიკო.

– ხი, ხი, რა სასაცილოა! – გამოაჯავრა ნაწყენად ჭინკამ.

– კაი, ეხლა, გეყოფათ ბალამუტი! – თქვა ნუგზარმა და მას მიმართა თანაგრძნობით:

– რა არი, რა მოგიხდა, ბიჭო?

ჭინკამ მადლიერებით შეხედა და ხუთოსანი მოწაფის მონდომებით დაიწყო მოყოლა:

– ჩემი სკოლის მაყურებელია ერთი, კუკიელი მასტი, ქერიმათი. იმასთან მომივიდა გუშინ სტიშკა. მაგრამ დავასისხლიანე ეგ ჩემისა, სულ აჩკოში ვარტყმევინე თავი. საღამოს კიდე სახლიდან ძაღლებმა ამაგდეს და მთელი ღამე სმენობით მირტყამდნენ ეგ ნაბოზრები. დილას ძლივს გამომიშვეს, ბიძაჩემმა ორასი მანეთი ჩამოუტანა. ეხლა კიდე ქერიმამ ჩამომაყენა უბანში ხალხი, იმდენი არიან, ქელეხი გეგონება, ტო. უბანში კიდე კაციშვილი არაა. განაბი გივიას ბიჭი როა, ალიკა, იმან მითხრა, შენ არ გამოუჩნდე ამათ, თორემ სიტუაცია ეგრევე დაიძაბებაო. მე დავებაზრები, შენ კიდე დააწექი და ჩუღურეთიდან ბიჭები ჩამოიყვანე, თორე ხომ ხედავ რამდენი არიან, ჩვენივე უბანში მ...ნ კეთილებს, გარეთ გამოსაჩენი პირი არ გვექნებაო.

– ჰოდა, დავაი, ჩავიდეთ, მაგათ დედებს არ შ....ი! ეგღა გვაკლია ჩვენ უბანში უცხოებმა იბლატაონ! – ტროტუარიდან წამოხტა გაბრაზებული თამაზი.

– არა, ტო, ძალიან ბევრნი არიან. ჯერ მინას დაველოდოთ. სახლიდან დავურეკე და აქ მოვა ბირჟაზე. – თქვა „ჭინკამ“.

– თუ ეგრე ცუდად არი საქმე, ძმაო, მინა რას გიშველის, ბაყბაყ დევია?! – იწყინა თამაზმა.

– რა შუაშია ბაყბაყ დევი, ტო. პროსტო მინას მაგარი ბაზარი აქვს. – ადრესატისადმი აშკარა პატივისცემით წარმოთქვა „ჭინკამ“.

ნუგზარში ლიდერის შელახულმა პატივმოყვარეობამ იფეთქა:

– ჩვენ რა, ბალკონზე გაზრდილები ვართ, შე ჩემა?! ბაზარი არ ვიცით, თუ სიტყვა-პასუხი გვეშლება?!

– ეე, – ორივე ხელი აიქნია „ჭინკამ“, – რას მეხიპიშებით, ტო?.. თქვენ მინა არ იცით რა არი. ეგ ჯერ რაზბორკიდან მტყუანი არ გამოსულა.

სწორედ ამ დროს მინაც გამოჩნდა. ორივე ხელი საყელო–აწეული პიჯაკის ჯიბეებში ჩაეწყო და თრიაქით მოდუნებული იოგებისთვის დამახასიათებელი ტაატით მოაბიჯებდა დინჯად.

– ვა, მოხვედი მინა? – სახე გაებადრა „ჭინკას“.

მინამ გულის ჯიბიდან შეკეთებული პაპიროსი ამოიღო და ნუგზარს მიაწოდა.

– ქურდული გრევია, კნიაზ, ჩორტიკას პირადი ზაგაჟნიკიდან, ჯარიდან აკომისიებს ხალხს. – უთხრა შენელებული კადრიდან გამომავალი ხმით და „ჭინკას“ მიუტრიალდა:

– აბა, ჭინკა-ჯან, მოყევი ერთი, რაშია საქმე!

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი