რომანი და დეტექტივი

მტაცებელი

ავტორი: ბაია თაბაგარი 17:40 18.11, 2020 წელი

რომანი მტაცებელი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #44-45(1036)

ეს ბიჭი ჩემი ქმარი უნდა გახდეს, რადაც არ უნდა დამიჯდეს. შანსი არ არის, ვინმეს დავუთმო“, – გადაწყვიტა და შეუდგა კიდეც მიკას გასაბმელად ბადის ქსოვას: ხან აგარაკზე მოაყვანინა იმავე დაქალის ძმას, ხან კი თბილისში, სახლში; ხან სამსახურთან შეხვდა „შემთხვევით“ და ხანაც ქუჩაში, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, რადგან მიკა მას პატარა ბავშვად აღიქვამდა და, თანაც, ყველგან და ყოველთვის საცოლესთან ერთად დადიოდა. ერთადერთი, რასაც სალომემ მიაღწია, ის იყო, რომ სესილის ჯერ დაუახლოვდა, მერე კი, ასაკში განსხვავების მიუხედავად, დაუდაქალდა და იმდენი მოახერხა, რომ მეგობარი გოგოები „მისწი-მოსწია“ და მისი უახლოესი დაქალი გახდა. ამ ყველაფერს კი ერთი მიზანი ჰქონდა: „როგორმე „ჩორტი ჩაეგდო“, ანუ განხეთქილება მოეხდინა მიკასა და სესილის შორის, მაგრამ ამის მისაღწევად მხოლოდ დამეგობრება არ გამოდგა საკმარისი და სალომემ ახალი მიმართულებით განაგრძო მოქმედება: საერთო ნაცნობების მეშვეობით გაიცნო ორივეს რამდენიმე არაკეთილმოსურნე ახლობელი, მათგან მიკასა და სესილის ყველა სისუსტე და საიდუმლო ამბები გაიგო და საქმეს შეუდგა. რადგან შეიტყო, რომ მიკას, ზოგადად, ძალიან უყვარდა ქალები და შიგადაშიგ პატარ-პატარა „გაგულავებები“, ვითომ შემთხვევით „წამოსცდებოდა“ სესილისთან, მიკას მანქანაში ვიღაც ლამაზი გოგო ეჯდა და აშკარად ძალიან რომანტიკული საუბარი ჰქონდათ, ისეთი თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს. შენ ძალიან გულუბრყვილო და მიმნდობი გოგო ხარ და მოტყუებული არ დარჩეო. მერე, მიკას როცა ნახავდა „შემთხვევით“, სესილის გარეშე, ეტყოდა, ძალიან მიყვარს სესილი, მაგრამ ცოტა უცნაური გოგოაო. რატომო, მიკა რომ ჰკითხავდა, მხრების აჩეჩვით, „გულუბრყვილოდ“ პასუხობდა: რა ვიცი, როცა მასთან ვარ და ტელეფონზე ვინმე ურეკავს, ჩემი თანდასწრებით კი არ დაელაპარაკება, ეუბნება, მერე მე თვითონ გადმოგირეკავო. ალბათ, ვინმე ბიჭი ურეკავს და ჩემთან მალავს, თორემ, რატომ იქცევა ასეო. მოკლედ, ძალიან აქტიურად ცდილობდა, შეყვარებულებს შორის ეჭვი დაეთესა, მაგრამ ბევრს ვერაფერს მიაღწია, რადგან, მართალია, მიკა და სესილი სალომეს მიტანილ-მოტანილი ენების გამო ერთი-ორჯერ წაკინკლავდნენ, მაგრამ მაშინვე შერიგდნენ და გადაწყვიტეს: ამ პატარა და ბრიყვი ბავშვის სულელურ პრუტუნს ყურადღება აღარ მივაქციოთო და ასეც მოიქცნენ.
დამარცხებულმა სალომემ გადაწყვიტა, რაღაც პერიოდის განმავლობაში არცერთს აღარ დაჰკონტაქტებოდა და რამდენიმე თვე მართლაც აღარც დაურეკავს მათთვის და აღარც მისულა. სესილი კი შეეხმიანა რამდენჯერმე ტელეფონით, რატომ დაგვეკარგეო, მაგრამ სალომე საკმაოდ თავშეკავებით და ცივად დაელაპარაკა და სესილიმაც თავი დაანება.
მერე კი ისე მოხდა, რომ, სწორედ სალომეს „გაბუტვის“ პერიოდში, მიკა და სესილი გაიპარნენ და ჩუმად დაიწერეს ჯვარი. ის კი არა, საკმაოდ სერიოზული ქორწილიც გადაუხადეს მშობლებმა და საქორწინო მოგზაურობაში იტალიაშიც გაუშვეს ერთი თვით.
სალომემ გვიან გაიგო ეს ამბავი და სიბრაზისგან ლამის კანიდან ამოვარდა. ნაწყენიც იყო და განრისხებულიც – არც კი გააგებინეს, ქორწილშიც კი არ დაპატიჟეს! ეს როგორ გამორჩა, როგორ ვერ გაიგო? ქორწილის დღე რომ სცოდნოდა, დაუპატიჟებლად მივიდოდა და იქ ისეთ ამბებს ჩახლართავდა, იმ დღესვე დააშორებდა ერთმანეთს. ახლა კი რაღა ქნას, როგორ მოიქცეს?
ერთი კვირა იტირა და ივაგლახა. იმ დონეზე გაუჭირდა ამ ამბის გადატანა, რომ ჯერ გადაწყვიტა, დედისთვის გაენდო: ბიჭი შემიყვარდა, მან კი სხვა შეირთო ცოლადო, მაგრამ მერე ბებია ამჯობინა მესაიდუმლედ, მასთან წავიდა და თითქმის ყველაფერი უამბო.
ბებია გადაირია, როცა მიხვდა, რასაც ჩალიჩობდა მისი შვილიშვილი და გადაწყვიტა, ისევ მოფერებითა და დაყვავებით მოეშუშებინა მისთვის წყენა და ტკივილი:
– რაში გჭირდება, ბებო, ამდენი წლით უფროსი ბიჭი და, საერთოდ, რა დროს გათხოვებაზე ლაპარაკია 15 წლის ასაკში? შენ ჯერ უნდა ისწავლო, სტუდენტობის გემო გაიგო. ლამაზი გოგო ხარ, უამრავი თაყვანისმცემელი გეყოლება და ეგ შენი მიკაა თუ ვიღაც, აღარც კი გაგახსენდება. დაანებე მაგაზე ფიქრს თავი, დამიჯერე, შენს ერთ ცრემლად არ ღირს ეგ ბიჭი. ან ასე ძალიან როგორ შეგიყვარდა დანახვისთანავე?
– შეყვარება არაა მთავარი, ბებო! მთავარი ის არის, რომ ჩემი ვერ გავიტანე. ამას არასდროს არ შევარჩენ იმ ჩუმჩუმელა სტერვას. ვმალავდი, მაგრამ მაინც მიხვდა, რომ მიკას წართმევა მინდოდა და მომისრიალა. მაგან კიდევ ბევრი რამე არ იცის!
– რა არ იცის? – შეეშინდა ნანა ბებიას.
– რა და, მე და მიკა, რამდენჯერმე ჩუმად შევხვდით ერთმანეთს!
– მერე? – ხმა ჩაუწყდა ნანას აღელვებისგან.
– მერე ის, რომ კარგად ვიკოცნავეთ და მიკა გამომიტყდა, ვგიჟდები შენნაირ გოგოებზეო.
– კიდევ რამე მოხდა? – ბებიას ხელ-ფეხი გაეყინა.
– ჯერჯერობით არაფერი, მაგრამ, ვნახოთ, ვინ ვის აჯობებს, – დაიქადნა სალომემ.
– სულ გაგიჟდი, შვილო? სხვისი ოჯახი უნდა დაანგრიო? ღმერთო, კიდევ კარგი, კოტიკო უკვე გაფრინდა ინგლისში და სწავლაც დაეწყო, თორემ, აქ რომ იყოს, ალბათ, არ გაპატიებდა. ისე კი, ის შენი მიკა ცუდი ბიჭი ყოფილა. ცოლიანი კაცი პატარა ბავშვს რომ ეღლაბუცება და ტვინს ურევს, არ რცხვენია? ჭკვიანად იყოს, თორემ!..
– კოტიკოს ვინ ჰკითხავს? თავის თავს მიხედოს, ის ურჩევნია! – გაწიწმატდა გოგო, – შენ კი არავინ გეკითხება ჩემს საქმეებში ჩარევას, გაიგე?
– მამაშენთანაც არ წამოგცდეს, იცოდე, თორემ, ხომ იცი, როცა ბრაზდება, როგორი არაადეკვატური ხდება! – სიტყვაზე აღარ გამოეკიდა ბებია შვილიშვილს, – რამე უბედურება არ ჩაიდინოს. ჩვენ თვითონ მოვაგვაროთ საქმე, კაცების ჩარევის გარეშე.
– როგორ მოვაგვაროთ, ბებო? – უცებ ატირდა სალომე. მას, აშკარად, დამარცხების სიბრაზე უფრო ატირებდა, ვიდრე დაკარგული სიყვარული.
– როგორ და, დაივიწყე, რაც მოხდა, მიაფურთხე ყველაფერს. ეგ ბიჭი არც შენი შესაფერისი და არც შენი ღირსი არ იყო, – ბებია ცდილობდა, მისთვის უცნობი მიკა შეეძულებინა შვილიშვილისთვის, რომ მისი გულიდან და გონებიდან ამოეგდო უკვე ცოლიან მამაკაცზე ფიქრი.
– დაივიწყე!.. ეგეთი ადვილია?! იმას კი დავივიწყებ, მაგრამ, დამარცხება როგორ მოვინელო, თანაც, ვიღაც აწოწილი სესილისგან? – ამოისლუკუნა სალომემ, – მაინც არ ვაპატიებ და ჩემსას გავიტან! ათი შვილიც რომ ეყოლოთ, მაინც დავაშორებ ერთმანეთს. მიკას ჩემს თავს შევართვევინებ და, ძალიან რომ შევუყვარდები, მერე მივატოვებ. მივატოვებ და მაგაზე უკეთესს გავყვები ცოლად, ან, სულაც, მის ჯინაზე, მასზე მდიდარ საყვარელს გავიჩენ და გულს გავუხეთქავ. ამ სტერვას კი შურით თვალს დავთხრი!
„ღმერთო ჩემო! სულ არ მცნობებია ჩემი შვილიშვილი! როგორი სასტიკი და ბოღმიანი ყოფილა, ნამდვილი მტაცებელია!“ – გული აუტირდა ბებიას და აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. მერე ისევ მოფერება არჩია:
– არა, გენაცვალოს ბებო! დამიჯერე, რაც შენ არ გეკუთვნის, არ უნდა წაეპოტინო, მაინც არ შეგერგება. ყველაფერი, რაც ხდება, ღმერთის ნებით ხდება. დათმობითა და მოთმინებით მეტს მოიგებ, იცოდე, ჩემი გამოცდილებით გეუბნები!
– რომელი გამოცდილებით, ბებო? შენ და დედაჩემი მთელი ცხოვრება უთმენდით და უთმობდით ქმრებს, მაგრამ, რა მოიგეთ ამით? შენ გგონია, არ ვიცი, რომ არცერთი არ ყოფილხართ ბედნიერი? დედაჩემმა სიბერეში დაიწყო გაპრანჭვა და თავის მოვლა და რისთვის ან ვისთვის? რაღაში სჭირდება? საყვარლის გამჩენი ეგ არ არის, ქმარი კი მაინც ზედ არ უყურებს. რას შემომცქერი გადიდებული თვალებით? ისეთი პატარაც აღარ ვარ, რომ ვერაფერს მივხვდე. გაიგე, არ მინდა, თქვენნაირი ოჯახი მქონდეს! მამაც მიყვარს და ბაბუც, მაგრამ მაგათნაირი ქმარი თუ მეყოლება, მეორე დღესვე გავაგდებ სახლიდან. დიახ, მე კი არ წამოვალ, მას გავაგდებ და ყველაფერს წავართმევ! – სალომე ისე შეიჭრა როლში, რომ ვეღარ ჩერდებოდა, – მე არავის არაფერს დავუთმობ. არავის არაფერს შევარჩენ, იცოდეთ ყველამ. თანაც, იმხელა სახლ-კარსა და ქონებაზე ვიღაც აყლაყუდა სესილის გამო როგორ ვთქვა უარი?
„ეტყობა, მაღალი გოგოა და შეშურდა, – მიუხვდა ნანა, – დღემდე თავის სიდაბლეს განიცდის“.
– რა ქონებაზე? – ჰკითხა შვილიშვილს გაოცებით.
– რა ქონებაზე და, მიკას ბაბუის ძმა ამერიკაში ცხოვრობდა, თვითონ ცოლ-შვილი არ ჰყოლია და მთელი თავისი ქონება – უზარმაზარი სახლი ამერიკაში და უზარმაზარი თანხა, თავისი ძმის შვილიშვილს, თავის სეხნიას, მიკას ანუ მირიანს დაუტოვა ანდერძით. როგორია ამდენი რამის დაკარგვის მონელება?!
– კი მაგრამ, რა გაკლია? ან, რას ჰქვია, დაკარგვა, შენი იყო იმ ქონებიდან რამე? ღვთის წყალობით, ყველაფერი ბევრი გაქვთ შენ და კოტიკოს. შეიძლება, მამაშენი ცუდი ქმარია, მაგრამ წელებზე ფეხს იდგამს და შვილებს არაფერს გაკლებთ. და, კიდევ, ერთი რამ ვერ გავიგე: აკი მიკა მიყვარსო?! მიკა გიყვარს თუ ბაბუამისის ქონება?
– ჰო, ვიცი, რომ მშიერი და ტიტველი არ ვარ და სხვა ბავშვებზე მეტი მაქვს, მაგრამ მე დიდი სიმდიდრე მინდა, მე სულ სხვა ცხოვრებისთვის ვარ გაჩენილი. დედაჩემივით მთელი სიცოცხლე ქვაბების ხეხვას არ ვაპირებ. თანაც, ხომ იცი, ვერ ვიტან, როცა სურვილს ვერ ვისრულებ. ამიტომ, ძალიან გთხოვ, ნუღარ დამიწყებ ჭკუის დარიგებას. მაინც ისე მოვიქცევი, როგორც მე მინდა, მერე კიდეც რომ ვინანო! მე მიზანდასახული გოგო ვარ და აუცილებლად გავიტან ჩემსას. ასე მასწავლიდა მამა პატარაობიდან.
– კარგად დაფიქრდი, შვილო, ვინმეს ცოდვა არ დაიდო კისერზე. მე მეტს აღარაფერს გეტყვი, რადგან აზრი არ აქვს შეგონებებს.
– მართალი ხარ, ჯობია, თავი დამანებო. რაც შეეხება ცოდვის დადებას, სულ ფეხებზე მკიდია, ვის რა დაუშავდება. სხვამ იდარდოს და იფიქროს, რომ ჩემი ცოდვა არ დაიდოს და მე არ დამიშავოს რამე! – სალომეს ბოროტი ნაპერწკალი გაუკრთა თვალებში.
– ღმერთო, დაიფარე ჩემი შვილიშვილი! – ვედრებით წარმოთქვა ნანამ და ირონიულად მომზირალ გოგოს ჯვარი გადასახა.
– არ უნდა მომეყოლა შენთვის არაფერი. მაინც ვერასდროს გამიგებ, რადგან სხვადასხვა ტიპები ვართ. მამაჩემი უფრო გამიგებდა, მაგრამ მეზარება მასთან ყველაფრის თავიდან მოყოლა. წადი, დაიძინე, ბებო და იცოდე, ამ საკითხზე არასდროს აღარ დამელაპარაკო, მაინც იმას გავაკეთებ, რაც ჩავიფიქრე, – თქვა სალომემ, დასაძინებლად დაწვა და შუქი ჩააქრო.
ბებია მიხვდა, რომ, ყველანაირი მცდელობა, გონზე მოეყვანა შვილიშვილი, წყლის ნაყვა იქნებოდა. სიძე არ ჩააყენა საქმის კურსში – შეეშინდა, სულ არ გააფუჭოს საქმე თავისი სიფიცხით და რამე უბედურება არ ჩაიდინოსო, შვილს კი სალომესგან მალულად დაურეკა, მოკლედ უამბო ყველაფერი და კატეგორიულად მოსთხოვა, ბავშვს არ უთხრა, მე რომ დაგირეკე და არც ჭკუის დარიგება დაუწყო, უარესად რომ არ გააღიზიანო. ოთოს კი ჯერჯერობით მაინც ნურაფერს ეტყვი.
– რას ამბობ, დედა, მერე თვითონ რომ შეიტყოს, ან, რამე რომ მოხდეს და გაიგოს, ჩვენ ვიცოდით და დავუმალეთ, ხომ დაგვხოცა ყველა! მე დამაბრალებს ყველაფერს და, ალბათ, ყელს გამომჭრის!
– აბა, რა ვქნათ? ახლა რომ უამბო, არ დაგაბრალებს? ღმერთო ჩემო, კოტიკო მაინც არ იყოს წასული, ის უფრო დაარეგულირებდა სიტუაციას!
– შენ სალომეს არ იცნობ, დედა! მაგან თუ გაიწია, კოტიკო კი არა, ამერიკის ჯარი ვერ დააკავებს. ერთადერთი გამოსავალია, ისიც დროებითი, რომ მეც და შენც შორიდან ვადევნოთ თვალი სალომეს და შეძლებისდაგვარად ვაკონტროლოთ სიტუაცია. ოთოს კი მაინც ვეტყვი, ოღონდ, ცოტა მსუბუქად, რომ არ გადაირიოს. უთქმელობა არაფრით არ შეიძლება. ბოლოს და ბოლოს, მაინც მამაა და უფლება აქვს, იცოდეს.
– შენ უკეთ იცი. ისე, არც მამაშენს ვეტყვი, იმის ნერვები არ მაქვს. მოკლედ, ბავშვს ყურადღება და თანადგომა სჭირდება, არაფერი გამოგვეპაროს და თავი არ დაიღუპოს, – თქვა ნანამ და შვილს მეორე დღემდე დაემშვიდობა.
– „მაინც მამაა!“ – გამოაჯავრა ნანამ შვილს ტელეფონის გათიშვის შემდეგ, – მამა კი არა, ჯანდაბაა! ათას სისულელეს ჩააგონებს შვილებს პატარაობიდან! კიდევ კარგ ჭკუაზეა ბავშვი! კოტიკოზე ვერ მოახდინა გავლენა, გაექცა ბიჭი, თავს უშველა. სალომე კი მსხვერპლია. მამამისის იდიოტური შეგონებების ბრალია, რაც ხდება ბავშვის თავს, თუმცა, ალბათ, მეც და დედამისსაც გამოგვეპარა რაღაც-რაღაცები და აი, მივიღეთ კიდეც ლოგიკური შედეგი! – ნანამ მონოლოგი დაასრულა და შეშფოთებული სახით გავიდა საძინებელში.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი