რომანი და დეტექტივი

მტაცებელი...

№49

ავტორი: ბაია თაბაგარი 20:34 08.12, 2020 წელი

რომანი
დაკოპირებულია

მიკამ ჯერ ვერ მოიფიქრა, რა ეპასუხა მამისთვის და თავი ჩაღუნა, მერე კი ცოტა ნირწამხდარმა უპასუხა:
– რით ვერ გაიგეთ, რომ ეგენი არცერთი არ მაინტერესებს. მე ახლა ჩემი ოჯახი მაქვს – ახალშერთული ცოლი და მალე შვილიც გაგვიჩნდება. ორსულ ქალს ვერც მივატოვებ და ვერც ვერაფერს მოვაკლებ მაგათ გამო!
– კი მაგრამ, უკვე გაჩენილ შვილებს რომ ყველაფერს აკლებ, ამაზე არ გიფიქრია? – აღშფოთდა მაია.
– დამანებეთ თავი! ამისთვის მომიყვანეთ აქ? წავედი მე, სალომე მელოდება და ეწყინება, რომ დავაგვიანო!
– მე მხოლოდ ერთ რამეს გეტყვი და ამ თემაზე საერთოდ აღარ გაგცემ ხმას: იცოდე, გავა წლები, შენი შვილები გაიზრდებიან და ძალიან მწარედ გადაგიხდიან სამაგიეროს. ყველაფრისთვის მოგთხოვენ პასუხს და თავს ვერაფრით იმართლებ.
– ფეხებსაც ვერ მომჭამენ ძირში! რით ვერ გაიგო ამ შენმა ყოფილმა რძალმა, რომ ჩემი ცხოვრებიდან ერთი წლის წინ ამოვშალე?!
– ასეთ დიდ გულზე იმიტომ ხარ, რომ სესილიმ არც ალიმენტი მოითხოვა და ჩემი ნაჩუქარი ნივთებიც უპრობლემოდ გამოგატანა. ერთი ეს მითხარი, სად არის ახლა ის ნივთები? სალომეს აქვს თუ გაყიდე და მის ნათესავებს მოახმარე?
– წავედი. აღარ დამირეკოთ, მით უმეტეს, მათ გამო.
მიკა დამძიმებული გულით გავიდა მშობლების სახლიდან. ნერვებიც აეშალა. დღეს ისედაც ბევრი საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი და დედ-მამის მორალის წაკითხვამ მთლად გამოულია ენერგია.
ორსულობის გამო სალომეს ექსტერნად უნდა ჩაებარებინა სკოლის გამოცდები, თანაც ორი წლის, ატესტატი რომ აეღო. გამობერილი მუცლით ხომ არ ივლიდა სკოლაში!
მიკამ ექსტერნის გამოცდები კი „ჩაუწყო“, მაგრამ სალომემ შვილი ვერ გააჩინა – ოთხი თვის მუცელი მოეშალა და ძლივს გადაარჩინეს. შემდეგ კიდევ ორჯერ განმეორდა ასე. სალომეს შეეშინდა, ქმარი არ დავკარგოო. დედისგან იცოდა: შვილების პატრონ კაცს უშვილო ქალი დიდხანს ვერ დააკავებდა თავის გვერდით, მით უფრო, რომ ოფიციალურად ჯერ არც კი იყო ქმარი – არც ხელი ჰქონდათ მოწერილი და არც ჯვარი დაწერილი, რადგან მიკასა და სესილის გაყრის პროცესი ძალიან გაჯანჯლდა განცხადების გვიან შეტანის გამო. თანაც, სალომე არასრულწლოვანი იყო და მშობლების თანხმობა და ათასი ფორმალობის მოგვარება გახდა საჭირო. ამიტომ სალომემ გადაწყვიტა, ქმედითი ზომები მიეღო: გაეთამაშა ორსულობა და ცხრა თვის შემდეგ, ვითომ თვითონ გააჩინა შვილი, სხვისი ახალდაბადებული და მიტოვებული ბავშვი გაესაღებინა ქმრისთვის თავიანთ შვილად, ან მოეძებნა სუროგატი დედა, მაგრამ ორივე ვარიანტს ძალიან დიდი თანხა, უამრავი გავლენიანი ნაცნობი, დიდი გარანტიები და რისკი დასჭირდებოდა. ამიტომ აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ბოლოს ისევ პირველი ვარიანტი გადაწყვიტა და ამის შესახებ თავის უახლოეს და ასეთ ამბებში ყველაზე გამოცდილ დაქალს, კესოს უამბო, რომელიც 17 წლის ასაკში უკვე მესამედ თხოვდებოდა.
– აბა, რას იტყვი, გამომივა? – ჰკითხა აღელვებულმა მას შემდეგ, რაც ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა.
– არა მგონია. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ძალიან ძნელი გასაკეთებელია, მით უმეტეს, თუ მარტომ და ჩუმად უნდა იმოქმედო.
– მაშ, რას მირჩევ? შენ იმიტომ გაგანდე, რომ რთული სიტუაციებიდან გამოძრომის ოსტატი ხარ.
 ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ კესოს ეშმაკურად აუციმციმდა თვალები:
– იდეა კი მაქვს, მაგრამ არ ვიცი, დათანხმდები თუ არა.
– მითხარი! – სუნთქვა შეეკრა სალომეს.
– გეტყვი, ოღონდ ჯერ ის მითხარი, რა გითხრა ექიმმა, შვილს ვეღარასოდეს გააჩენო?
– მითხრა, ძალიან სათუოა, რომ გაჩენა შეძლო, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, შენც და შენმა ქმარმაც ანალიზები ჩაიტარეთ. არ არის გამორიცხული, სულ პატარა მიზეზი იყოს და მკურნალობით მოგვარდეს პრობლემაო.
– მერე?
– გავიკეთეთ ანალიზები და მიკას აქვს რაღაც პრობლემები, მაგრამ ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება. რასაც, ზუსტად ვიცი, არასდროს არ დათანხმდება.
– რატომ?
– იმიტომ, რომ თვითონ ჰყავს შვილები და რატომ მოიკლავს თავს მკურნალობით და რატომ დახარჯავს უამრავ ფულს?!
– აკი ბიჭი მიკასი არ არისო?
– ჰო, თვითონ ასე ამბობს, მაგრამ, სინამდვილეში, კაცმა არ იცის. რომც არ იყოს, გოგო ხომ მაინც ჰყავს და რა ძალა ადგას?
– თუ უყვარხარ, უნდა იმკურნალოს.
– ამბობს, მიყვარხარ, მაგრამ არ ვიმკურნალებო. არც შვილად აყვანაზეა თანახმა – ჩემს საკუთარ შვილს არ ვნახულობ და სხვისი რა ჯანდაბად მინდაო.
– რა სასტიკი ყოფილა!
– ჰო, ძალიან შევცდი მასში. თუმცა, სასტიკი კი არა, დაბნეულია ჩემს ხელში, – გაეცინა სალომეს.
– ერთი ეს გამაგებინე, სალომე, ამერიკელი ბაბუაო, მილიონებიო... ეს ყველაფერი მართალი გამოდგა?
– რა მართალი! ბაბუის ძმამ ერთი მოხანხალებული სახლი და პატარა მიწის ნაკვეთი დაუტოვა გურიაში და სულ ეს არის. უბრალოდ, ვიღაც ძმაკაცმა ხუმრობით გაავრცელა ხმა და მართლა ყველამ დაიჯერა.
– ახლა რას აპირებ, გაშორდები? რაში გჭირდება უფულო და უშვილო?
– ახლა, მთლად ღარიბ-ღატაკი არ არის, თანაც, მგონი, შემიყვარდა და, გარდა ამისა, იმ აწოწილ ყანჩას როგორ გავახარებ?!
– გოგო! – იყვირა უცებ კესომ, – გინდა, მე მოგცე კარგი რჩევა?
– მაგიტომ არ დაგიბარე? – გაეცინა სალომეს.
– ჩემი აზრით, ყველასგან მალულად უნდა მოძებნო ვინმე ბიჭი, უმჯობესია, უცოლო, რომელიც ფერებითა და აღნაგობით მიკას მსგავსი იქნება და იმისგან დაორსულდი.
– გაგიჟდი? – შეიცხადა სალომემ.
– რატომ გავგიჟდი, გაქვს სხვა გამოსავალი?
– ჰო, არა მაქვს, მაგრამ ასე უცბად სად ვიპოვო მიკას მსგავსი კაცი? – სალომეს აშკარად ეტყობოდა, რომ უკვე თანახმა იყო დაქალის ვარიანტზე.
ნათქვამია, მონდომებაა მთავარიო და მართალიც ყოფილა: კესოს დახმარებით ეს პრობლემაც მოგვარდა და ზუსტად ორი თვის შემდეგ სალომე დაორსულდა, ქმარს კი უთხრა, ძალიან სერიოზულად ვიმკურნალეო და თან, ცხადია, „მკურნალობის“ ფულებიც კარგა მაგრად გამოსცინცლა.
როგორც კი მიზანს მიაღწია, სალომემ ის ბიჭი უმტკივნეულოდ მოიშორა თავიდან, რადგან მან არაფერი იცოდა გოგოს ორსულობის შესახებ.
***

სალომეს ვაჟი შეეძინა და მას მათე დაარქვეს. მიკა სიხარულისგან დაფრინავდა და თან ჰყვებოდა ბავშვს: ყველგან დაჰყავდა, ათამამებდა, საჩუქრებით ავსებდა, ელენიკოსა და მახარესთვის კი კანფეტიც კი არასდროს უყიდია.
გავიდა 15 წელი, მაგრამ ეს წლები არც სალომესთვის და არც მიკასთვის ბედნიერი არ ყოფილა – მათ აღარც სიყვარული და აღარც ვნება აღარ ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ.
როგორც კი სალომემ გული დაიარხეინა, მიკა ვერასდროს გაიგებს სიმართლესო, მაშინვე გამოაჩინა ბრჭყალები და უკვე იმდენს ითხოვდა ქმრისგან, რომ მიკა ვეღარ აუდიოდა ამხელა ხარჯებს. მერე ისე მოხდა, რომ სამსახურიდანაც გაუშვეს და ისეთ დეპრესიაში ჩავარდა, ძლივს გამოვიდა მდგომარეობიდან. ერთ დღეს კი მეგობარმა აზერბაიჯანში უშოვა სამსახური. გახარებულმა მიკამ ორ დღეში შეაგროვა საჭირო საბუთები და თვითმფრინავის ბილეთიც აიღო.
მირიანი საქართველოში წელიწადში 3-4-ჯერ ჩამოდიოდა, მაგრამ სალომეს მასთან პრეტენზია აღარ ჰქონდა, რადგან ქმარი ფულს რეგულარულად უგზავნიდა და ზოგჯერ იმაზე მეტსაც, რამდენსაც ცოლი ითხოვდა.
***
ერთ დღეს მაიას, მიკას დედას, სესილის მეზობელმა (რომელიც მაიას ნაცნობი აღმოჩნდა) ამბავი მიუტანა, მახარე იყო ჩვენთან და ჩემს ბიჭს უთხრა: დაიცადოს მამაჩემმა, როცა გავიზრდები, ბევრ ფულს ვიშოვი და, როგორც არ უნდა უჭირდეს, წამალსაც კი არ ვუყიდიო.
მაია ისედაც აპირებდა ამის გაკეთებას, მაგრამ მახარეს სიტყვებმა მისი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა დააჩქარა: ერთ მშვენიერ დღეს მან ტკბილეულის სუფრა გააწყო, თავისთან დაიბარა სამივე შვილიშვილი (მათეს ნამდვილი ვინაობის შესახებ მაიამ არაფერი იცოდა) და ერთმანეთს გააცნო. ბავშვებმა დაიმორცხვეს, უხერხულად ისხდნენ და საუბარი ვერ აეწყო. მხოლოდ სალომეს შვილი ეთამაშებოდა ყველას. მერე, დროთა განმავლობაში, და-ძმა მეტ-ნაკლებად გაუშინაურდა ერთმანეთს, მიკა კი უფროსი შვილების მიმართ მამობას იმით ავლენდა, რომ რამდენიმე თვეში ერთხელ ურეკავდა და გულგრილად მოიკითხავდა ხოლმე.
სალომე აღარ იყო მიკაზე კლანჭებით ჩაფრენილი. როცა გაიგო, რომ იქ, სადაც მუშაობდა, მისმა ქმარმა საყვარელი გაიჩინა, რომელიც არანაირ კაცს არ ეუბნებოდა უარს, კესოს უთხრა:
– არა, რა, ქართველი კაცები არ არიან პატიოსანი ცოლების ღირსი, ეგენი ბოზებს უფრო აფასებენ.
კესომ დაქალის მოსაზრება უკომენტაროდ დატოვა, რადგან ყველას თავისი აზრი აქვს ბოზობაზეც და პატიოსნებაზეც.
გავიდა კიდევ ხუთიოდე წელი. ერთხელ კესოს რაღაც მოზრდილი თანხა დასჭირდა და სალომეს სთხოვა, მასესხეო, მაგრამ მან უარი უთხრა – დეპოზიტზე მაქვს და ვერ გამოვიტანო, სინამდვილეში კი სახლში ინახავდა ფულს. კესომ ეს საიდანღაც გაიგო და ძალიან გამწარდა, რადგან თვითონ, თავისი ცხოვრების წესის მიუხედავად, ყოველთვის ერთგულად იცოდა მხარში დადგომა და სალომესთვისაც არაერთხელ გაუწვდია დახმარების ხელი.
განაწყენებულმა კესომ, საპასუხოდ, უსაშინლესი ცოდვა და ბოროტება ჩაიდინა: დაიბარა მათე და უთხრა, მიკას შვილი არ ხარო. ამ ამბავმა ბიჭზე ისე იმოქმედა, თავის მოკვლა სცადა, მაგრამ გადაარჩინეს, რის შემდეგაც მან საქართველოდან სამუდამოდ წასვლა გადაწყვიტა. ეს ამბავი უბანში გავრცელდა. „კეთილ“ ადამიანებს კი რა გამოლევს ამ ჩვენს დალოცვილ ქალაქში. ჰოდა, ვიღაცამ მიკას შეატყობინა, რაც მის ოჯახში ხდებოდა. გულგახეთქილი კაცი მეორე დღესვე ჩამოფრინდა, მათე ცალკე გაიყვანა, წინ დაისვა და ძალიან დიდხანს ილაპარაკეს. მერე კი ოთახიდან მხარზე ხელგადახვეულები გამოვიდნენ.
– მე ცხოვრებაში უამრავი შეცდომა მაქვს დაშვებული, მაგრამ ეს შეცდომა ნამდვილად არ ჩამიდენია – მათე, ისევე, როგორც ელენე და მახარე, ჩემი შვილია და ეს ყველამ უნდა იცოდეს! – გამოუცხადა ყველას საზეიმოდ.
მათემ მადლიერებით შეხედა მირიანს და ისინი ერთმანეთს აცრემლებულები ჩაეხუტნენ, თუმცა ორივემ იცოდა, რომ ეს ასე არ იყო.
მამის მიმართ მუქარის მიუხედავად, მახარე ძალიან კარგი კაცი გაიზარდა, კარგი შვილი თავისი მშობლებისთვის და კარგი ძმა.
ელენე მეორე კურსზე გათხოვდა და ოჯახის პირველი შვილიშვილი მისი პატარა დანიელი იყო.
საბოლოო ჯამში, ისე მოხდა, რომ პრინციპში დაშლილი დიდი ოჯახი კესოს ბოროტი საქციელის წყალობით გაერთიანდა. მაგრამ ამ გაერთიანების მთავარი მიზეზი მაინც ის იყო, რომ მაიამ ძალა, ენერგია და სითბო არ დაიშურა, რათა სალომეს ზეწოლის გამო მიკას მიერ პრაქტიკულად უარყოფილ შვილებს მამის მხარე არ დაეკარგათ და ერთმანეთი ჰყვარებოდათ.
მიკა არ გაჰყრია სალომეს და, ცხადია, არც სესილის შერიგებია, მაგრამ, როცა შვებულებით საქართველოში ჩამოდიოდა, დედ-მამის ბინაში უფრო ერჩივნა ხოლმე ყოფნა, თუმცა, მათეს რომ რამე არ ეფიქრა და გული არ სტკენოდა, თავის ოჯახში ცხოვრობდა.
თითქოს ყველაფერი მოგვარდა, თითქოს ურთიერთობები უფროსებს შორისაც და უმცროსებს შორისაც მოწესრიგდა და აღარც სესილი ამბობდა ახლობლებში: ჯადო რომ არსებობს, სალომემ დამარწმუნა – ჯადო რომ არ გაეკეთებინა, ეგ ქმარს როგორ წამართმევდაო.
მიკას ცოლები ერთმანეთს არ უტალახებენ სახლის კარს, მაგრამ, როცა აუცილებლობა მოითხოვს, ერთმანეთს ჩვეულებრივად ელაპარაკებიან.
ერთი კია: წელიწადში ერთხელ, როცა მთელი ოჯახი დიდიან–პატარიანად ერთად იკრიბება, გარედან ისე ჩანს, თითქოს ეს ამდენი დიდ-პატარა, უკლებლლივ, დუღაბით არის შეკრული, მაგრამ, თუ კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ სესილის ლამაზ თვალებში ჩამდგარ ტკივილსა და ირონიას და ცალკე, განდეგილივით მარტო მჯდარ სალომეს, რომელიც აშკარად განაპირებული ჰყავთ დანარჩენებს, ძირითადად, უფროსებს, თუმცა, არც უმცროსები იკლავენ თავს მასთან ურთიერთობით. მართალია, სალომე ცდილობს, იხტიბარი არ გაიტეხოს და ხან ერთს ჰკითხავს რაღაცას, ხან მეორეს ეტყვის რამეს, მაგრამ, უმრავლეს შემთხვევაში, მისი შეკითხვები უპასუხოდ რჩება, მის ლაპარაკს კი თითქმის არავინ უსმენს, ელენეს პატარა ბიჭუნას გარდა, რომელიც მოწყენილი დეიდას გართობას ცდილობს.
დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი