რომანი და დეტექტივი

მრუდე სისწორე

№8

ავტორი: ნია დვალი 20:00 29.02

მრუდე სისწორე
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #4-7 (1207)

ნონამ კარტების ამოღება დაიწყო და თათიას მრავალმნიშვნელოვნად შეხედა:

– რაღაცითაა ამ თავის ცოლზე დამოკიდებული.

– ბებერი და ფულიანი ცოლი ჰყავს? – გაკვირებულმა იკითხა თათიამ.

– ეგ აქ არ ჩანს, მაგრამ დამოკიდებულია. რით, ვერ ვხედავ. რაც მთავარია, მზადაა სიახლეებისთვის და რაღაცის შეცვლა უნდა. ფულიც აქვს... მოკლედ, მიაწექი, აწრუწუნე კაი ხანს. იცი, როდისაა დაბადებული?

– არა, – იუარა თათიამ.

– ჰოდა, გაიგე, ჰკითხე და ასტროლოგიაც ვნახოთ. ღირს თუ არა დროის დაკარგვა და იცოდე, კარგი საჩუქარი შენზეა, თუ ამ კაცს დაითრევ, – პირობა ჩამოართვა ნონამ.

– აბა, რა, – თავი დაუქნია თათიამ.

– წუხელ რა მოხდა, მოყევი, რას მაწვალებ? – ნონა მოსასმენად გაემზადა.

– არაფერი, ვისეირნეთ, რაღაცებს მიყვებოდა, საინტერესო ტიპი მეჩვენა, მხიარულია, ზრდილობიანი. ბევრი ფული რომ გაქვს, იოლია, იყო ზრდილობიანი და მხიარული, – ამოიოხრა თათიამ.

– მასეც ნუ იტყვი. ბიძაჩემს ყოველთვის ბევრი ფული ჰქონდა, მაგრამ უხეში, უზრდელი და ძუნწი იყო, – არ დაეთანხმა ნონა.

***

ელენე ერთი წლის წინანდელ ამბებს იხსენებდა და ცას უყურებდა. ეს რაფა-დივანი უყვარდა, იმიტომ რომ მასიური ვიტრაჟი სრულად აჩენდა ხოლმე ღამის დიდებულებას და ცის უსაზღვრობას. წარსულზე ასე დიდხანს არასდროს უფიქრია. ის ფურცელი გადაფურცლა და სუფთა ფურცლიდან დაიწყო ცხოვრება. ვერ ხვდებოდა, დღეს რატომ იხსენებდა თითოეულ დეტალს, თითქოს კინოფილმს უყურებსო. ერთ ხანს წამოდგომა და დაძინება გადაწყვიტა, მაგრამ გადაიფიქრა:

– ბარემ ბოლომდე ვუყურებ ამ ფილმს და ფირს გადავაგდებ, – უთხრა თავის თავს და თვალწინ ის, მაშინდელი განცდით, ყველაზე საშინელი საღამო დაუდგა თვალწინ...

ელენემ გადაწყვიტა, რომ არაფერი შეემჩნია და ისე გაეგრძელებინა ცხოვრება, მაგრამ ლადო სულ უფრო და უფრო ხშირად აგვიანებდა ან სახლში საერთოდ არ მოდიოდა. უმეტესწილად დივანზე იძინებდა, მიზეზით – არ მინდა, გაგაღვიძოო. ბექასადმიც კი დაკარგა ინტერესი. სახეზე იდუმალი ღიმილი უთამაშებდა ხოლმე და ყველგან მობილური ტელეფონი დაჰქონდა.

ელენე გულმოდგინედ ელოდებოდა, როდის გაუვლიდა მის ქმარს ეს გატაცება, მაგრამ გატაცება არა და არ გადიოდა. ელენე კი მცდელობას არ აკლებდა, რომ როგორმე ოჯახი შეენარჩუნებინა: თავის მოვლაც დაიწყო, ახალი ტანსაცმელიც იყიდა და სულ უფრო და უფრო ხშირად იძახებდა ძიძას, რომ საკუთარი თავისთვის უფრო მეტი დრო დარჩენოდა.

ერთ დღესაც ლადო ადრე დაბრუნდა სახლში. საქმიანი სახით შემოვიდა და ელენეს თვალებით ანიშნა, სალაპარაკო მაქვსო. ელენემ ძიძას რაღაც გადაუჩურჩულა და ბექა და ძიძა ბექას ოთახში შევიდნენ და კარი მიიხურეს.

ელენე და ლადო კაბინეტში შევიდნენ. ელენე სკამზე დაჯდა. ლადო იდგა და ბოლთას სცემდა. შემდეგ გაჩერდა, ელენეს თვალი გაუსწორა და უთხრა:

– უნდა დავშორდეთ და ჩვენ–ჩვენი გზით წავიდეთ, – ელენე ხმას არ იღებდა, შინაგანად იცოდა, რომ მსგავსი ტიპის საუბარი მათ შორის შეიძლება, გამართულიყო, მაგრამ ასე სწრაფადაც არ ელოდა.

– რატომ? – ჰკითხა მშვიდად.

– იმიტომ რომ სხვა შემიყვარდა და ასე ჯობია სამივესთვის. ბავშვი არ უნდა უყურებდეს დედ-მამას, რომლებსაც ერთმანეთი არ უყვართ.

– მე მიყვარხარ, – ჩუმად თქვა ელენემ.

– სიყვარულისთვის ორი ადამიანია აუცილებელი. მე შენი ძალიან მადლიერი ვარ, მაგრამ მადლიერება ერთია და სიყვარული – მეორე.

ელენეს თვალებიდან ცრემლები წამოსცვივდა.

– ოღონდ ეს სცენები არ გვინდა. გთხოვ. ცივილიზებული ადამიანებივით მოვიქცეთ. ახალგაზრდა ქალი ხარ და მთელი ცხოვრება წინ გაქვს. სამყარო არ დაქცეულა. შენ კიდევ იპოვი შენს... – ელენემ ისეთი გამომეტყველებით შეხედა ლადოს, რომ ის მაშინვე გაჩუმდა.

– რა გეგმა გაქვს? – ჰკითხა ელენემ.

– არანაირი გეგმა არ მაქვს. გავიყრებით. ბექა შენთან დარჩება, რა თქმა უნდა.

– ბიზნესი? – ჰკითხა ელენემ, ეს მისი ბოლო იმედი იყო.

– რა ბიზნესი?! – თითქოს ვერ მიხვდა ლადო.

– ბიზნესს რას ვუშვებით? – დააზუსტა ელენემ.

– ბიზნესი ჩემია, – დარწმუნებით უთხრა ლადომ.

– შენი?! ორივე ვართ მეწილეები.

– არა, მეწილე მხოლოდ მე ვარ. არ გახსოვს, რომ გადმომეცი შენი წილი?

– მე არაფერი გადმომიცია, – ელენე ლადოს გაოგნებული უყურებდა.

– მე მეგონა, ყურადღებით კითხულობდი დოკუმენტაციას.

– შენ რამეზე მომაწერინე ხელი?! – ელენე ყურებს არ უჯერებდა.

– მე არაფრისთვის არ მომიწერინებია ხელი. შენ თვითონ გადმომეცი შენი წილი. სამაგიეროდ, ბინა შენ დაგრჩება. ჩემი შვილისაა და მას დარჩება. – ლადო წარბშეუხრელად ლაპარაკობდა.

– მე მეგონა, გიცნობდი, – ჩუმად ჩაილაპარაკა ელენემ. ლადომ ვითომ ვერ გაიგონა და განაგრძო:

– ბავშვს შენ უთხარი. მე გაყრის ფორმალურ მხარეს მოვაგვარებ. ჩემს ნივთებს ამ დღეებში წავიღებ. სამართლიანი განაწილებაა: ბიზნესი – მე, ბინა – თქვენ, – და ელენე მიხვდა, რომ ლადო მას და ბექას ერთ პაკეტად განიხილავდა, რაც იმას ნიშნავდა, დიდად არც შვილის ბედი ანაღვლებდა, რომელიც მამამისს აღმერთებდა და ისევ ტირილი დაიწყო, ოღონდ ამჯერად ბექას გამო.

– მე ამ სცენების ყურებას არ ვაპირებ. ახლა წავალ და ადვოკატი დაგირეკავს.

ელენეს მაშინ ეგონა, რომ მთელი სამყარო დაემხო თავზე, სამყარო, რომელიც ძლივს შეაკოწიწა და ისევ იმ ნანგრევებში აღმოჩნდა, სადაც ბავშვობაში იყო.

დალის დაურეკა:

– მოხვალთ? – ჰკითხა ცრემლნარევი ხმით.

– რა თქმა უნდა, ჩემო გოგო. – დალის არც უკითხავს, თუ რა მოხდა.

ნახევარ საათში ელენეს დალის მუხლებზე ედო თავი და სლუკუნ–სლუკუნით ყვებოდა ბოლო ორი თვის ამბებს. დალი თავზე ხელს უსვამდა.

– სატირალი რა გაქვს, ეს ვერ გავიგე. ახალგაზრდა ხარ, ლამაზი, განათლებული, ნიჭიერი, სახლი გაქვს, პროფესია...

– ბიზნესი წაიღო, ამაზე გული მტკივა. ბიზნესი კი არ მენანება, ეს როგორ გააკეთა?! როგორ არ რცხვენია?!

– რატომ უნდა რცხვენოდეს? არ შერცხვენია, შენ რომ მის ნაცვლად დაამთავრე, მის ნაცვლად რომ აკეთებდი ყველაფერს. სიმართლეს გეტყვი, ლადო არაფერ შუაშია, ჩემო გოგო. შენ მას ხედავდი ისეთს, როგორიც გინდოდა, დაგენახა, ის კი სხვანაირია. არ შეუძლია, იყოს ისეთი, როგორსაც შენ წარმოიდგენდი. მან კი არ გიღალატა, ეს შენ ენდე ზედმეტად. კაცი რომ ქალს ამოეფარება, ქალის გაკეთებულს თავისად გაასაღებს და არც კი შერცხვება, ის კაცია?! – ელენე მოულოდნელობისგან წამოჯდა.

– ეს არასდროს გითქვამთ ჩემთვის.

– რატომ უნდა მეთქვა?! რომ მეთქვა, დამიჯერებდი?! ყველა თავისით უნდა მივიდეს ამონახსნამდე, რომ გაიზარდოს და ისწავლოს პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრა, იმიტომ რომ ცხოვრებაში მაინც ყველა მარტოა, ვიღაც შეიძლება, შეგეშველოს, მაგრამ კურსს ირჩევ შენ. მე რომ მკითხო, გაგიმართლა, მთელი ცხოვრება რომ არ მოგიწევს იმ ბალასტი კაცის თრევა.

– ბექა? – შესტირა ელენემ.

– რა ბექა?! გადახედე, რამდენი ბავშვია, მამა თვალით არ უნახავს. არაფერი მოუვა ბექას. მშვენიერი კაცი გაიზრდება და იქნებ კარგიცაა, რომ არ გაიზრდება კაცთან, რომელიც ყველაფერია გარდა კაცისა. რას ისწავლის მისგან?! ქალს როგორ წაართვას ყველაფერი და, ზედაც, საკუთარი შვილიც გაძარცვოს?! დაეშვი მიწაზე, ჩემო გოგო. ახლა გტკივა, მაგრამ გაგივლის. ახლა შენი ბიზნესი შენ თვითონ უნდა გააკეთო.

– არ შემიძლია. არაფერი არ შემიძლია.

– ეს ახლა არ შეგიძლია, მაგრამ შეძლებ. დამიჯერე. ახლა კი იტირე, გამოიგლოვე ეს ამბავი და მადლიერი იყავი, რომ ბინა შენ დაგიტოვა. ის ბიზნესი კი მალე გაუკოტრდება. ოღონდ უნდა დამპირდე.

– რას? – ჰკითხა ელენემ.

– რომ არავითარ შემთხვევაში არ დაეხმარები!

– ჩემთან არ მოვა დახმარების სათხოვნელად.

– არ მოვა კი არადა, მოცუნცულდება. იცოდე, შენ თუ მას დაეხმარები, სიცოცხლის ბოლომდე აღარ დაგელაპარაკები. რომ გაეყო ბიზნესი, ამას არ გეტყოდი, მაგრამ იმდენად უმსგავსოდ მოიქცა, რომ ამას უნდა დამპირდე.

– გპირდები, – ამოისლუკუნა ელენემ.

– ჰოდა, ძალიანაც კარგი. ახლა, მიდი, გამოიტირე. – დალი ელენეს თავზე ხელს უსვამდა და მასაც ტირილში ჩაეძინა...

ელენეს ახლაც ცრემლი მოერია, იმ დღის გახსენებაზე. მაგრამ მცირე ხნით. ცას კიდევ ერთხელ ახედა. მთვარეს ძილი ნებისა უსურვა, შუქი ჩააქრო და საძინებელში შევიდა, რომელიც სრულად გადაასხვაფერა. საერთოდაც, სახლში მთლიანად გამოცვალა ყველაფერი, თითქოს კედლებსაც კი ჩამოარეცხა წარსული, ის, რაც იქ ლადოს წასვლამდე ხდებოდა...

***

– კარგი, დღესაც ჩემთან წავიყვან სამსახურში, ხვალ გელოდებით, – ელენემ ტელეფონი გათიშა და ბექას გახედა, რომელიც უკმაყოფილო სახით იჯდა, ვინაიდან სკოლის შემდეგ ისევ დედამისთან, სამსახურში, მოუწევდა ჯდომა. მაგრამ დედას ხათრი არ გაუტეხა და მაინც გაუღიმა, ოღონდ ცოტათი მოწყენილმა.

– ხვალ მოვა შენი ლია ძიძა და მხიარულად იქნები, ერთ დღეს მოითმინე, კარგი? – ბექამ დედამისს თავი დაუქნია და სევდიანი სახით გაჰყვა უკან. ერთადერთი იმით იმხნევებდა თავს, რომ ხვალ ლია ძიძა მოვიდოდა და ძველებურად ითამაშებდნენ ერთად, როდესაც გაკვეთილების მომზადებას დაასრულებდნენ. ამიტომ ბექა სულმოუთქმელად ელოდა, როდის ჩამთავრდებოდა ეს დღე.

იმ დღეს ცურვაც არ ჰქონდა, მწუხარე სახით იჯდა დედამისის კაბინეტში და ქუჩას უყურებდა. დავალებებიც კი არ ჰქონდა მოსამზადებელი, რომ დრო მოეკლა. ამიტომ წამოდგა და კაბინეტის დათვალიერებას შეუდგა. გაახსენდა, რომ დედამისის კაბინეტს მოსასვენებელი ოთახიც ჰქონდა და იქ შევიდა. ოთახი პატარა იყო, მაგრამ ძალიან მყუდრო და კოხტა. ამან ბექას ხასიათი გამოუკეთა და სავარძელში ჩაჯდა. კიდევ ერთხელ მოავლო ოთახს თვალი და აღმოაჩინა, რომ ძნელად შესამჩნევი კარი ჰქონდა. ბექას გაუკვირდა და ახლოს მივიდა, რომ კარგად შეეთვალიერებინა. კარი ისე იყო ჩაშენებული, რომ უცბად ვერც კი მიხვდებოდი, რომ კარი იყო. ბექა მიაწვა და კარი გაიღო. კარის იქით კიბეები ჩადიოდა. ბექას ცნობისმოყვარეობამ სძლია და კიბეებს ჩაუყვა. შემდეგ კიდევ ერთი კარიც დაინახა, დიდი, რკინის კარი. ბექამ ის კარიც გააღო და ქუჩაში აღმოჩნდა.

მზე ტკბილად ანათებდა. თბილოდა. ქუჩაში ხალხი დადიოდა და სასიამოვნო ხმაური იდგა. ყოველ შემთხვევაში, ბექას ეს ხმაურიც კი ესიამოვნა, დედამისის მდუმარე კაბინეტში ჯდომის ფონზე.

– ცოტა რომ გავისეირნო, დედას ძალიან ეწყინება? – ხმამაღლა ჰკითხა თავის თავს.

– არ მგონია, ცოტას გავივლი და ისევ უკან დავბრუნდები, დედა ვერაფერს გაიგებს, მერე კი ვეტყვი, – ბექამ თავის თავს თვითონვე უპასუხა და ქუჩაში გავიდა. გზის გადაღმა საბავშვო მოედანი დაინახა და გულმა იქით გაუწია. არც კი შეუმჩნევია, რომ მანქანების სავალი ნაწილი უნდა გაევლო. ვერ შეამჩნია, იმიტომ რომ იმ მომენტში სამანქანო გზა თავისუფალი იყო. ბექა სათამაშო მოედანს უყურებდა და მისკენ მიიჩქაროდა. ამ დროს ძალიან ახლოს ღრჭიალის ხმა მოესმა და ბექა ასფალტზე დაენარცხა, ოღონდ არაფერი სტკენია.

– ვინ გამოგიშვა მარტო ან ამხელა ბიჭმა არ იცი, რომ გზაზე გადასვლა არ შეიძლება?! – ჩაესმა უცნობი მამაკაცის ხმა, ვისზეც ბექა რბილად იწვა.

ბექას შეეშინდა და ამასობაში მეორე კაციც მოვიდა:

– ხომ არაფერი დაუშავდა? ისე გამოვარდა, ვერც კი დავინახე, თქვენ რომ არა, ბავშვს გავიტანდი, – კაცი ძალიან აღელვებული ჩანდა. ბექას კიდევ უფრო შეეშინდა და ტირილი დაიწყო.

– არაფერი მოსვლია, ნაკაწრიც არ აქვს, – უპასუხა მანქანის მძღოლს პირველმა ხმამ.

– გადამარჩინეთ, მადლობა, – თქვა მანქანის მძღოლმა და თავისი მანქანისკენ წავიდა მძიმე ნაბიჯებით.

ბექა ისევ ტიროდა. უცხო, წვერიანი კაცი, რომელმაც გადაარჩინა, ეჩხუბებოდა:

– ამხელა ბიჭი ხარ და გზაზე ისე გადმორბიხარ, არც კი იყურები;

ბექა კიდევ უფრო და უფრო უმატებდა ტირილს.

– არ არის ტირილი კაცის საქმე. სხვა დროს ყურადღებით იყავი. ახლა პოლიციაში წავიდეთ. რა გქვია და აქ რას აკეთებდი, შენი მშობლები სად არიან?

ბექას კიდევ უფრო შეეშინდა:

– არ მინდა პოლიციაში, დედაჩემი, აი, იქ მუშაობს, გამოვიპარე, – და ბავშვმა ხელი გაიშვირა მოზრდილი შენობისკენ.

– მაშინ დედაშენთან წავიდეთ, – შესთავაზა უცნობმა ბიჭუნას. ბექამ თავი დაუქნია და სთხოვა:

– ოღონდ დედას არ უთხრათ, რაც მომივიდა.

– ტყუილი არ ვარგა, – არ დაეთანხმა უცნობი.

– გთხოვთ და აწი არასდროს მოვიქცევი ასე. – უცნობმა ცოტა ხანს იჭოჭმანა, მაგრამ ბოლოს დათანხმდა.

– თუ პირობას მაძლევ, რომ ასე აღარ მოიქცევი, არაფერს ვიტყვი.

უცნობს უცნაურად ეცვა, დაჭმუჭნული ტანსაცმელი თითქოს ეკიდა მის სხეულს, წვერი სახეს უფარავდა და ამიტომ ვერ მიხვდებოდი, როგორი გამომეტყველება ჰქონდა, მაგრამ ბექას მისი არ ეშინოდა, რადგან ახსოვდა იმ ხელის სიძლიერე, რომელმაც მიწიდან ბუმბულივით აიტაცა. ამიტომ უცნობს ხელი ჩაჰკიდა და ორივენი შენობისკენ დაიძრნენ.

დაცვამ მაშინვე დაინახა ბექა და უცნობი, ერთი მათგანი გარეთ გამოიქცა, მეორემ კი ტელეფონი აიღო. სანამ ცენტრალურ კარს მიუახლოვდნენ, ელენე უკვე იქ იდგა და უცნობს ეჩხუბებოდა:

– ხელი გაუშვით ჩემს შვილს, – ელენე შვილს მივარდა და ჩაეხუტა:

– როგორ შემაშინე. ხომ არაფერი დაგიშავა ამ კაცმა?! – უცნობი უხერხულად იდგა და წასვლა დააპირა, რადგან მიხვდა, რომ იქ მისი ადგილი აღარ იყო.

– შენ სად მიდიხარ? პოლიციას გამოვუძახოთ, ქალბატონო ელენე, როგორ მოხვდა ბავშვი ამ მაწანწალასთან, – დაცვის ერთ–ერთმა წევრმა უცნობს ხელკავი გამოსდო და გაკავება სცადა, მაგრამ უცნობმა წამებში დაანარცხა ძირს, ისე რომ დაცვის წევრმა ხელის განძრევაც ვერ მოასწრო.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული