რომანი და დეტექტივი

მრუდე სისწორე

№7

ავტორი: ნია დვალი 20:00 23.02

მრუდე სისწორე
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #4-6 (1206)

***

როგორც კი ელენე მაქანიდან გადავიდა, ლადომ სარკეში ჩაიხედა და თავი შეითვალიერა. ელენესადმი იმ მადლიერებას აღარ გრძნობდა, რაც ბორისთან ერთად ყოფნისას გაუჩნდა, რაკი სწორედ ელენემ მოახერხა მისი დაყოლიება. ლადო ახერხებდა, საკუთარი თავისთვისაც კი დაემალა, რომ ელენეს გარეშე არაფერს წარმოადგენდა. მხოლოდ უშუალოდ მოლაპარაკებების დროს ახსენდებოდა ელენეს შეუცვლელობა, ხოლო მანამდე და შემდეგ, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე ითვისებდა ელენეს მიღწევებს.

სახლს გამოსცდა თუ არა, ტელეფონი ამოიღო:

– გაარკვიე რამე, მერაბ? – ჰკითხა დაცვის უფროსს.

– თქვენ მითხარით, რომ არ მომეწერა და ამიტომ დავრეკე...

– ვიცი. მიკარნახე, ვიწერ, – ლადომ ფურცელზე ტელეფონის ნომერი ჩაიწერა.

– ახლა მომიყევი, რა გაიგე, – თქვა ლადომ და სმენად იქცა, თან შიგადაშიგ კმაყოფილებით აქნევდა თავს. როდესაც მერაბი გაჩუმდა, ლადომ უთხრა:

– არავისთან არაფერი წამოგცდეს.

– რა თქმა უნდა.

ლადომ კიდევ ერთხელ შეითვალიერა თავისი თავი სარკეში და მანქანა დაძრა. დაახლოებით, ნახევარი საათის შემდეგ მანქანა გააჩერა და ტელეფონში ნომერი აკრიფა.

– როგორ ბრძანდება მშვენიერი თათია? – ლადოს იმდენად ხავერდოვანი ხმა ჰქონდა და სრულიად განსხვავებული ინტონაციის, რომ, ვფიქრობ, მშობელ დედასაც კი გაუჭირდებოდა იმ წამს მისი ცნობა.

– ვინ ბრძანდებით? – თათიამ ხმაში სიმკაცრე გამოურია.

– რიგითი თაყვანისმცემელი. თუ უხერხული არ იქნება, რაღაც მაქვს გადმოსაცემი.

– თუ არ იტყვი, ვინ ხარ, დაგბლოკავ, – შეუტია თათიამ.

– მაშინ პირდაპირ ამოვალ, – არც ლადომ დაიხია უკან. თათია არც კი შემცბარა:

– პოლიციას გამოვიძახებ.

– გადმოიხედე ფანჯრიდან და, თუ ვერ მიცნობ, გამოიძახე პოლიცია, – ლადომ თავი წინ წასწია და თათიას ფანჯრებს ახედა. სილუეტიც დალანდა.

– თქვენ ხართ? – უცებ დაუნაზდა ხმა თათიას, – ვერ გიცანით.

– აწი იმედია, მიცნობთ ხოლმე, ჩამოხვალთ, რაღაც უნდა გადმოგცეთ.

თათია გაჩუმდა, თითქოს ყოყმანობდა, მაგრამ ცოტა ხანში უთხრა:

– კონსიერჟთან დატოვეთ, რის გადმოცემასაც აპირებთ.

– მშვენიერია. – თათიას გაუკვირდა, ლადო რომ უცებ დათანხმდა.

ლადო მანქანიდან გადმოვიდა, შემდეგ უკანა კარი გააღო და ყვითელი ვარდების უზარმაზარი თაიგული გადმოიტანა. სადარბაზოსკენ რომ დაიძრა, მისმა ტელეფონმა დარეკა – თათია იყო.

– რა დამსახურებისთვის?

– ჩემი თილისმა გახდით. დღეს ძალიან სარფიან გარიგებას მოვაწერე ხელი.

– მსხვილი გარიგებაა? – შეიფერა თათიამ.

– დიახ, ძალიან მსხვილი და ამიტომ ეს ყვავილები მხოლოდ მცირედია მადლიერების გამოსახატავად, – თათია დუმდა და მისი ეს დუმილი კმაყოფილებით იყო გაჟღენთილი, – არ დააჭკნოთ, – უთხრა ლადომ ქალს.

ლადომ ყვავილები კონსიერჟს გადასცა, რომელმაც საფუძვლიანად აათვალიერ–ჩაათვალიერა ახალი სტუმარი და ისევ მანქანისკენ დაიძრა. მისმა ტელეფონმა კიდევ ერთხელ დარეკა. ისევ თათია იყო:

– უხერხულია, რომ ყავაზეც კი არ შემოგიპატიჟეთ.

– არ მინდა, შეგაწუხოთ, – ლადო ზედმიწევნით კარგად ფლობდა ქალების დაინტრიგების ხელოვნებას. შეტევასა და უკანდახევას სწორი სიხშირით უნაცვლებდა ხოლმე ერთმანეთს, რასაც, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, ყოველთვის მოჰქონდა შედეგი.

თან, ლადომ უკვე იცოდა, რომ თათიას ქმარი არ ჰყავდა, მარტო ცხოვრობდა და 29 წლის იყო.

– არ შევწუხდები. თქვენ ხომ შეწუხდით და ასეთ მნიშვნელოვან დღეს გაგახსენდით? – თათია აშკარად ეფლირტავებოდა, მაგრამ ლადოს წაუგებელი თამაში უნდოდა.

– ასე თავსმოხვეულად ვერ ამოვალ. აქ დაგელოდებით. მოემზადეთ და სადმე ვივახშმოთ. უარი არ მიიღება. ბუნებრივია, თქვენ მპატიჟებთ.

– კარგი, – ნასიამოვნები ხმით უპასუხა თათიამ.

ლადო მანქანაში ჩაჯდა. სადარბაზოს ვიტრაჟიდან ადევნებდა თვალს, თუ რას აკეთებდა კონსიერჟი. ვიღაცამ დაურეკა. კონსიერჟმა თაიგული აიღო და ლიფტი გამოიძახა. ლადომ ტელეფონს დახედა:

– ნეტავ, რამდენი ხანი დასჭირდება მოსამზადებლად? – ეს სასხვათაშორისოდ გაიფიქრა, ვინაიდან ჯერჯერობით ყველაფერი მისი გეგმის მიხედვით მიდიოდა.

ლადოს თვალში მოხვდა თავისი საქორწინო ბეჭედი. მოიხსნა და კოსტიუმის შიდა, ღილიან ჯიბეში შეინახა.

***

ელენეს ტახტზე ჩასძინებოდა. ტელეფონი აიღო და საათს დახედა. დილის ოთხი საათი ხდებოდა. ისევ აკრიფა ლადოს ნომერი, მაგრამ უშედეგოდ. ისევ გამორთული იყო. ელენე ფიქრობდა, ვისთვის დაერეკა, იმიტომ რომ ამდენი წლის განმავლობაში ლადო არასდროს გამქრალა ასე მოულოდნელად.

– რამე ხომ არ მოუვიდა? – შფოთავდა ელენე და არ იცოდა, რა გაეკეთებინა. ასეთ დროს ვერავის დაურეკავდა, მაგრამ ისიც ანერვიულებდა, რომ არ რეკავდა. ადგა, ბექას ოთახში შევიდა. ბავშვს მშვიდად ეძინა. ფარდა გაასწორა, რომ მთვარის შუქი სახეზე არ მოხვედროდა.

ელენე სამზარეულოში შევიდა. ადგილს ვერ პოულობდა, ამიტომ ნამცხვრის ცხობა წამოიწყო. ცდილობდა, კარგზე ეფიქრა და გათენებას სულმოუთქმელად ელოდებოდა. შემოათენდა, მაგრამ ლადო არ ჩანდა, ამიტომ ახლა 9 საათის შესრულებას ელოდებოდა, რომ ოფისში დაერეკა დაცვისთვის და ლადო მოეკითხა. მოულოდნელად საკეტის ჩხაკუნის ხმა გაიგონა და ელენე მაშინვე შემოსასვლელისკენ გაიქცა. ლადო მოსულიყო.

– როგორ ვინერვიულე, ხომ კარგად ხარ? – შეშფოთებული ხმით ჰკითხა ელენემ.

– ტელეფონი დამიჯდა, – უთხრა ლადომ, დაღლის ნატამალიც არ ეტყობოდა, არც ალკოჰოლის სუნი ასდიოდა. ელენემ ისევ თავდაჭერილობა ამჯობინა.

– გშია?

– ყავას დავლევ.

– ნამცხვარიც გამოვაცხვე. ახლავე, – და ელენე სამზარეულოსკენ გაემართა.

ლადომ ამოისუნთქა, თავისთვის გაიღიმა და საძინებელში შევიდა. ტელეფონი ჩართო და ამასობაში ელენეც შემოვიდა.

– შხაპს არ მიიღებ? – ჰკითხა ქმარს.

– მე თვითონ მოვიფიქრებ, რას მივიღებ, – ცოტა უხეშად უპასუხა ლადომ. რატომღაც, არ სიამოვნებდა ელენეს დანახვა, თუმცა რას ერჩოდა, ჯერჯერობით თავადაც ვერ გაერკვია. ამიტომ თავისივე უხეშობა გამოასწორა:

– ხომ იცი, დედაჩემმა იცის ბევრი შეკითხვის დასმა და მითითებები და არ მიყვარს, – ლადო ცოლისკენ დაიხარა და ლოყაზე აკოცა. ხელშეკრულება ხელმოწერილი ჯერ არ იყო და ელენეს დროზე ადრე განაწყენება არაფერში სჭირდებოდა. ლადო ფრთხილობდა, ვინაიდან ძალიან ეშინოდა ახალი გარიგების ჩაშლის.

ელენემ ქმარს საპასუხოდ გაუღიმა, მაგრამ ღიმილი მაშინვე სახეზე შეეყინა, იმიტომ რომ უცხო სურნელმა უცებ თავბრუ დაახვია. ლადოს სხვა ქალის სუნი ასდიოდა. ეს იმდენად მკაფიოდ იგრძნო, რომ მოულოდნელად უკან გახტა. ლადოს გაუკვირდა:

– რა მოხდა?

– არაფერი, უცებ თავბრუ დამეხვა, – იცრუა ელენემ და საძინებლიდან სასწრაფოდ გავიდა.

ლადომ მხრები აიჩეჩა და სააბაზანოში ღიღინ-ღიღინით შევიდა.

ელენე სამზარეულოში იჯდა. ხელები უღონოდ ჩამოშვებოდა. არ იცოდა, რა ეფიქრა, რა ეთქვა, როგორ მოქცეულიყო. ნამცხვარი თეფშზე დააწყო. ყავის აპარატი ჩართო, ყავა მოამზადა. თავისთვისაც დაისხა და ჭამა დაიწყო. ცოტა ხანში ლადოც შემოვიდა, საკმაოდ კარგ ხასიათზე იყო და ელენეს ეუცნაურა, რომ არც კი ცდილობდა, თავი ემართლებინა, აეხსნა, სად იყო მთელი ღამე.

– ეს იმიტომ, რომ იცის, არავინ მყავს, – გაიფიქრა ელენემ, რომელსაც მუდმივად ავიწყდებოდა, რომ ამქვეყნად ყველაზე მთავარი ადამიანი ჰყავდა – საკუთარი თავი.

ლადოს გაუკვირდა, რომ ელენე არ დაელოდა, იმ დღემდე ელენე არასდროს იწყებდა ჭამას, ყავასაც კი არ მოსვამდა, სანამ ლადო არ მიუჯდებოდა მაგიდას, მაგრამ არაფერი უთქვამს, ან კი რა უნდა ეთქვა?! თვითონაც დაჯდა და ყავა მოსვა. ელენე ხმას არ იღებდა, ლადო კი, ვითომც არაფერიო, მადიანად ილუკმებოდა.

– ამაღამაც არ მოხვალ ღამით? – უთხრა ელენემ ლადოს ისე, რომ მისკენ არც გაუხედავს.

– ერთადერთხელ არ მოვედი და ასეთი სახით იქნები მთელი დღე? – უკანდახევის ნაცვლად იქით შეუტია ლადომ.

ელენეს ხმა არ გაუცია. ადგა და თავისი ჭიქა და თეფშიც აიღო, – ბექა უნდა გავაღვიძო, სკოლაში დააგვიანდება. ლადო ისევ ილუკმებოდა, შეიძლება, არც კი გაუგონია, რა უთხრა ელენემ.

ბექამ მამამისი დაინახა თუ არა, მისკენ გაიქცა. ლადომ შვილი ხელში აიყვანა და აკოცა.

– დედას დაუჯერე, მე მივდივარ.

– დღეს შენ წაიყვანე ბექა სკოლაში, – მოულოდნელად თქვა ელენემ. ლადოს იმდენად გაუკვირდა, რომ ბავშვი ავტომატურად დასვა.

– შენ არ მიგყავს ხოლმე? მაინც სახლში ხარ...

ელენე გაბრაზდა და პირველად ლადოსთან ურთიერთობის პერიოდში თქვა ის, რასაც მანამდე არათუ არ იტყოდა, არც კი გაიფიქრებდა:

– მოდი, შენ დაჯექი სახლში და მე ვივლი სამსახურში, მაინც მე ვაკეთებ ყველაფერს.

ლადო საუბრის ასეთ შეტრიალებას არ ელოდა და უცებ ვერც მოიფიქრა, რა უნდა ეპასუხა. ელენეც დაცხრა, იმიტომ რომ ბექა გაკვირვებული უყურებდა დედ-მამას. ისიც პირველად შეესწრო მშობლების კამათს და ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა.

– დალის უნდა წავყვე, მთხოვა. ტელეფონი რომ არ დაგჯდომოდა, გეტყოდი, მაგრამ ვერ მოვახერხე. აწი დამტენიც ატარე ხოლმე. შემდეგ ბექას მიუბრუნდა:

– უცებ ისაუზმე, ჩაგაცმევ და მამიკო სკოლაში წაგიყვანს.

ბექამ სიხარულისგან ტაში შემოკრა: მამამისს არასდროს წაუყვანია სკოლაში და ყველასთვის უნდოდა, ეჩვენებინა თავისი მამა. ამიტომ სასწრაფოდ დაჯდა თავის ადგილას და ჩქარ-ჩქარა დაიწყო ჭამა. ლადო შუა სამზარეულოში იდგა და ვერც ის ხვდებოდა, რა უნდა ეთქვა ან რა უნდა გაეკეთებინა. ელენე სამზარეულოდან გავიდა და ბექას ოთახში შევიდა.

სანამ ბექა საუზმობდა, ლადომ აწონ-დაწონა სიტუაცია და გაჩუმება არჩია, ვინაიდან, ბარნოვთან კიდევ მოუწევდათ შეხვედრა და ეჭვი გაუჩნდა, რომ შეიძლება, ელენეს კიდევ რაღაც უცნაურობა ჩაედინა და შეხვედრაზე არ წაჰყოლოდა.

ლადომ, როგორც გამორჩენასა და სხვის ხარჯზე იოლად გამოძრომის უბადლო უნარის მქონემ, დუმილი აირჩია და თითქოს არაფერი მომხდარაო, შვილს მიმართა:

– გაიქეცი, მალე ჩაიცვი და წავიდეთ, – ბექა მეტეორივით გაუჩინარდა სამზარეულოდან და ზუსტად 3 წუთში კართან იდგა მეტად საზეიმო სახით. ელენემ ორივე გააცილა და კარი ჩაკეტა.

– ახლა რა უნდა ვქნა? – ჰკითხა საკუთარ თავს.იფიქრა, დალისთან დავრეკავო, მაგრამ მალევე გადაიფიქრა, ვინაიდან იცოდა, დალი რასაც ეტყოდა. მართალია, ამ თემაზე დალისთან არასდროს უსაუბრია, მაგრამ ხვდებოდა, რომ დალის არ მოსწონდა, ელენე რომ ასე ბრმად ენდობოდა ლადოს და სამსახურში თავის რეალურ როლზე უარი თქვა. ახლაღა იგრძნო, რომ ძალიან დაღლილი იყო და გაახსენდა, რომ მთელი ღამე არ უძინია. ამიტომ საძინებელში შევიდა და მოცელილივით დაეცა ლოგინზე.

***

– თათი, სად დაიკარგე წუხელ? ვერ დაგირეკე, საქმე მქონდა, – უთხრა ნონამ თათიას, რომელმაც ნამძინარევი სახით გაუღო კარი.

– მოვკლავ იმ ბატ ქალს, ხომ ვუთხარი, რომ გაუფრთხილებლად არავინ არ უნდა ამოუშვას?! – გაიფიქრა თათიამ, მაგრამ ხმამაღლა მეგობარს ტკბილი ხმით უთხრა:

– ჩამეძინა და დამჯდარა ტელეფონი.

ნონამ წამში მოავლო თვალი თათიას ბინას და მაშინვე შეამჩნია ყვითელი ვარდებიც:

– აბა, ვინ გამოჩნდა, გამოტყდი. ამას მიმალავდი?! – თათიას დროზე ადრე არ უნდოდა არაფრის თქმა, ცუდად ჰქონდა დაცდილი.

– არავინ, კლიენტმა გამომიგზავნა, მადლიერების ნიშნად. ბებერი ქალია, – დამაჯერებლად უთხრა ნონას.

– დაგიჯერო?! – ნონამ ეშმაკურად მოჭუტა თვალები. ქალი ყვითელ ვარდებს არ გიყიდდა. ეს ვარდები შენი კაბის ფერია, ხომ მითხარი, რომ ვიღაც სიმპათიურმა კაცმა მოგიყვანა სახლში. მე ეგეთ რამეებზე დაგეშილი ვარ. მიდი, მოყევი. ჩემი თვალი არ გეცემა და მეც მაქვს შენთან მოსაყოლი ცხელ-ცხელი ამბები.

თათიამ ყავა დაადგა.

– დალევ?

– რატომაც არა? – არხეინად უთხრა ნონამ და ფართო დივანზე გადაწვა, – კარტი თან მაქვს, გავშალოთ?

– ჯერ არაფერია გასაშლელი. გალანტურია, ზრდილობიანი და წესით, ფულიც უნდა ჰქონდეს. მაგრამ ცოლი ჰყავს და, სავარაუდოდ, შვილიც.

– ცოლი მორიგი ქათამი ეყოლება. – დააკომენტარა ნონამ.

– შეიძლება, მაგრამ არ იმჩნევს, რომ ჰყავს. ბეჭედი აღარ ეკეთა, არადა, სახლში რომ მომიყვანა, ეკეთა და უკანა სავარძელზე ბავშვის სათამაშო ედო. შეფუთული იყო და ვერ გავარკვიე, გოგო ჰყავს თუ ბიჭი.

– იქნებ ორივე? – დააზუსტა ნონამ.

– შეიძლება, ორივეც. მე ეს არ მაინტერესებს. მაგრამ არ ვაპირებ, თავი გამოვაყენებინო.

– სწორია, – დაუდასტურა ნონამ, – მოდი, რა, კარტები დავყაროთ.

თათია ორჭოფობდა.

– მოდი, მოდი, – ახელებდა ნონა.

– ჯანდაბას, დავყაროთ. იქნებ არც ღირს დროის დაკარგვა.

– წუხელ ხომ იყავი მიუწვდომელი, როგორც ყინულის მწვერვალი?! – დაეჭვებით ჰკითხა ნონამ.

– არა, ბიჭო, ამ ძღინკიანი ვარდების გამო ფიანდაზად გავეგებოდი, – თათია იცინოდა და საკმაოდ უსიამოვნო სიცილი ჰქონდა.

– ყოჩაღი ხარ. უფასოდ სახლში ჰყავთ ცოლები, – ნონაც ახარხარდა და, თან, ჩანთიდან კარტის დასტა ამოაძვრინა. აჩეხა და თათიას უთხრა:

– ჩაიფიქრე. – თათიამ მზერა ჭერს მიაპყრო და რაღაც ჩაიბუტბუტა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული