რომანი და დეტექტივი

მრუდე სისწორე

№6

ავტორი: ნია დვალი 20:00 16.02

მრუდე სისწორე
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #4-5 (1205)

ელენე ლადომაც შეამჩნია და, რა თქმა უნდა, გაეცნო. ელენე იმდენად ბუნებრივი, უბრალო და გულწრფელი ადამიანი იყო, რომ ნებისმიერს უადვილდებოდა მასთან ურთიერთობა. ლადოც მალე შეეჩვია ელენეს. მაგრამ ერთი უსიამოვნება მაინც მოხდა: ლადო ცუდად სწავლობდა, ელენემ გადაწყვიტა, დახმარებოდა, მაგრამ არაფერი გაეგებოდა ბიზნესის მენეჯმენტში, ამიტომ სახელმძღვანელოები გამოართვა. საბოლოოდ, გამოვიდა, რომ ელენე ორ სპეციალობას დაეუფლა, ხოლო ლადომ კი დიპლომი აიღო და არცთუ ურიგო ქულებით.

ლადო ელენეს მიეწებასავით, რადგან, რატომღაც, დარწმუნებული იყო, რომ ელენე იყო მისი წარმატების გასაღები და შეიძლება, ითქვას, რომ მართლაც გულწრფელად შეუყვარდა...

ამ ამბებმა ელენეს კინოკადრებივით გაურბინა თვალწინ და წუხილის ნაცვლად, ეს ყველაფერი რომ გაქრა, ერთგვარი სიხარული იგრძნო: გაახსენდა, როგორ ბედნიერად გრძნობდა მაშინ თავს. ქორწილი ვიწრო წრეში გადაიხადეს და ელენემ და ლადომ ახალი ერთობლივი ცხოვრებაც დაიწყეს. ისე გამოვიდა, რომ ელენემაც დაამთავრა ბიზნესის მენეჯმენტის ფაკულტეტი, ოღონდ დიპლომი არ აუღია. ფაქტობრივად, მისი ალღოსა და ცოდნის წყალობით, სესხი აიღეს და პატარა საწარმო გახსნეს, მერე გააფართოეს. ბექაც შეეძინათ და ელენე სახლში დარჩა, თუმცა სახლიდან უძღვებოდა ფირმის საქმეებს, თანამშრომლებს კი ეგონათ, რომ ლადო იყო ასეთი მოხერხებული. ამიტომ ქალი თანამშრომლები გულში შენატროდნენ, მეც რომ ასეთი ქმარი შემხვედროდაო. ელენე იშვიათად მიდიოდა სამსახურში და ისე იქცეოდა, თითქოს მართლაც ლადო იყო მთავარი და სულისჩამდგმელი: მისთვის სავსებით საკმარისი იყო ლადოს გვერდით ცხოვრება და ბექას სიყვარული.

***

წვიმდა, ლადო სახლში მიდიოდა, ბექას დაჰპირდა, ადრე მოვალო, გზად კი სათამაშოების მაღაზიაშიც შეიარა და დიდი, პულტიანი მანქანა უყიდა, რომელიც უკანა სავარძელზე ედო. შუქნიშანთან იდგა და „მწვანეს“ ელოდებოდა. გვერდითა მზერიდან მის თვალსაწიერში ქალის სილუეტი შემოიხაზა. ლადომ უნებლიეთ მიაბრუნა თავი და ახალგაზრდა ქალი დაინახა, რომელიც გაჩერებაზე იდგა. ქალს წვიმა ასველებდა. სწორედ წვიმის დამსახურებით მისი სველი კაბა მისივე სხეულის ყველა ხვეულს იმეორებდა.

ვერ ვიტყვით, რომ ქალის სხეული ნატიფი ქანდაკებასავით უზადო იყო, მაგრამ აშკარად თვალშისაცემი, შეიძლება, იმიტომ რომ წვიმას გარემო გაენაცრისფერებინა, ყვითელი კაბა კი შემოდგომის პირველი შეყვითლებული ფოთოლივით ფარფატებდა ჰაერში. ლადომ სარკეში გაიხედა და მკვეთრად გაუხვია მარჯვენა, პირველ ხაზში, შემდეგ მანქანა უკან დახია და ყვითელკაბიანი სილუეტის წინ გააჩერა.

ფანჯარა ჩამოსწია და ახალგაზრდა ქალს გაუღიმა: ძალიან დასველდით, მიგიყვანთ.

ქალი თითქოს შეიშმუშნა, შემდეგ ტაბლოს ახედა: ავტობუსი 3 წუთში მოვიდოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამი წუთის განმავლობაში ისევ წვიმის ქვეშ იდგებოდა და უფრო გაილუმპებოდა. ავტობუსში ბევრი ხალხი იქნებოდა, შემდეგ ისევ ფეხით უნდა გაევლო 50-იოდე მეტრი. აი, ლადო კი მანიაკის შთაბჭდილებას ნამდვილად არ ტოვებდა და მანქანაც საკმაოდ ძვირად ღირებული ჰყავდა. სანამ ქალი ამ ყველაფერს ანგარიშობდა გონებაში, ლადომ თხოვნა გაიმეორა და ამჯერად მანქანის კარიც გააღო:

– ვერ დავუშვებ, რომ ასეთი მშვენიერი არსება ასე სველდებოდეს. – და ქალს გაუღიმა.

ქალი გაუბედავად დაიძრა მანქანისკენ.

– ლადო, – ისევ გაუღიმა ლადომ ქალს, – სად მივდივართ?

ქალმა მისამართი უთხრა. შორს ნამდვილად არ იყო, მაგრამ ლადოს მაინც არ მოეწონა, იმიტომ რომ ასეთ მცირე დროში იქნებ ვერ მოეხერხებინა მისთვის ტელეფონის ნომრის გამორთმევა.

– ჩემი მანქანა ხელოსანთანაა, ვერაფრით გაიგო, რა სჭირს. არ იქოქება. ეს წვიმაც მოულოდნელად დაიწყო, ტაქსი ვერ გამოვიძახე, აპლიკაციამ გაჭედა და აი, ასე დავსველდი, – ამჯერად ქალმაც გაიღიმა.

– სახელს არ გამანდობთ? – გაიმეორა ლადომ შეკითხვა.

– არა. მე ქუჩაში არ მიყვარს გაცნობა, – მშვიდად შეხედა ქალმა. და ლადოსაც ეუხერხულა, ვაჭრობასავით გამოდიოდა, – მე შენ სახლში მიგიყვან, შენ მე სახელი მითხარი.

– არც მე, – უთხრა ქალს და წინ გაიხედა.

არც ერთს ხმა არ ამოუღია. დანიშნულების ადგილას რომ მივიდნენ, ქალმა მადლიერებით აღსავსე თვალებით გადახედა ლადოს:

– ძალიან დიდი მადლობა, ლადო. თათია, – ქალმა ხელი გაუწოდა, გაუღიმა და მანქანიდან გადავიდა.

ლადომ ქალს სადამდეც მისწვდა, ანუ სადარბაზომდე, მზერა გააყოლა, უფრო ზუსტად, მის სილუეტს და როდესაც თვალს მიეფარა, თავისი გზა განაგრძო. ამ მოულოდნელმა შეხვედრამ ააფორიაქა, თუმცა არც პატარა ბიჭი იყო და არც გართობაზე გადაყოლილი. გონებაში, რატომღაც, გადათვალა, რამდენი წლის ოჯახი ჰქონდა და თავადაც გაუკვირდა: 7 წელი გამოვიდა.

– ამდენი დრო როდის გავიდა? – გაიფიქრა დაბნეულმა და სცადა, გაეხსენებინა, ბოლოს როდის და სად გაერთო. ვერც გაიხსენა. მისი დღეები ერთმანეთს ჰგავდა, მისი წლები კი მხოლოდ იმით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, რომ ყოველ მომდევნოს უფრო მეტი შემოსავალი მოჰქონდა. მართალია, ლადომ იცოდა, რომ იმ შემოსავლის მთავარი მიმზიდველი ძალა ელენე იყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ ელენეს მიერ შექმნილი მითი ლადომაც დაიჯერა. ახლა ლადო დარწმუნებული იყო, რომ მათი ბიზნესი სწორედ ლადოს ძალისხმევით ვითარდებოდა და შემოსავლებიც ლადოს გონიერების წყალობით იზრდებოდა. ამიტომ გული დასწყდა, როდესაც თავისი ერთფეროვანი ცხოვრება გაიხსენა. ლადოს ტელეფონმა დარეკა, ბექა ურეკავდა:

– მალე მოვალ. რა თქმა უნდა, გიყიდე, – უთხრა შვილს და ტელეფონი გათიშა.

სახლში ყველაფერი ძველებურად დახვდა: სითბო, სიმშვიდე, კომფორტი, სისუფთავე, გემრიელი სადილი და ელენეს მოსიყვარულე თვალები.

– რატომ არ უვლის თავს? – ლადომ ელენე შეათვალიერა. ობიექტურად ელენეს უკეთესი აღნაგობა ჰქონდა, ვიდრე წვიმაში გაცნობილ ქალს და საკმაოდ ლამაზი სახეც, მაგრამ რაღაცნაირად შინაურული იყო ეს ყველაფერი, კარგად ნაცნობი და ყელში ამოსული, რასაც ისევე ეჩვევი, როგორც მაგიდას, რომელიც სამზარეულოში დგას და ერთ დღესაც თვალს ახალი მაგიდა მოუნდება. არ არის აუცილებელი წინაზე უკეთესი, უბრალოდ, წინასგან განსხვავებული.

ბექა მამამისისკენ გაიქცა და საჩუქარი გამოართვა.

– მშიერი იქნები, – ელენემ ქმარს სიყვარულით აღსავსე თვალები მიაპყრო, – ყველაფერი მზადაა.

– შხაპს მივიღებ, თავი ამტკივდა, ცოტას დავისვენებ და გამოვალ.

– კარგი, ყველაფერი თბილად მაქვს შეფუთული, – ელენეს სადილის გაცხელება კატეგორიულად არ უყვარდა.

ლადო სააბაზანოში შევიდა. უბრალოდ, მარტო უნდოდა დარჩენა და დღეს, როგორც იქნა, გამოუტყდა თავის თავს, რომ რუტინა, რომელშიც თავი ამოყო, მობეზრდა, იმდენადაც კი, რომ ერჩივნა ელენეს ისტერიკა მოეწყო, სახლი არეული დაეხვედრებინა, სადილი არ გაეკეთებინა. ყველაფერზე იყო თანახმა, გარდა იმ სიშვიდისა და იდილიისა, რაც მის სახლში სუფევდა.

– სადმე უნდა წავიდე ცოტა ხნით მაინც, – გადაწყვიტა ლადომ და სააბაზანოდან გამოვიდა.

– გინდა, წამოწექი და იქ მოგიტან სადილს? – ჰკითხა ელენემ და ლადომ ძლივს შეიკავა თავი, რომ უხეშად არ ეპასუხა.

– ავადმყოფი ვარ? – მაინც ვერ მოითმინა.

– არა... ვიფიქრე... როგორც გინდა, – ელენე გატრიალდა და სამზარეულოში შევიდა.

ლადო მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა, მაგრამ იხტიბარი მაინც არ გაიტეხა.

– აბა, წაიღო ტვინი. თითქოს პატარა ბავშვი ვიყო, – ლადომ თვითონაც არ იცოდა, რაზე ბრაზდებოდა, თუმცა იმასაც გრძნობდა, რომ ელენეს უსამართლოდ ექცეოდა.

საძინებელში შევიდა, აბაზანის ხალათი გაიხადა, სპორტული ტანსაცმელი ჩაიცვა და წამოწვა. შხაპმა მოადუნა და ჩათვლიმა. ტელეფონის წკრიალმა გამოაღვიძა. თავდაპირველად, ვერც მიხვდა, სად იყო, ავტომატურად უპასუხა ტელეფონს. შემკვეთი ურეკავდა. ლადო მაშინვე გამოფხიზლდა და ჯარისკაცივით გაჭიმულმა უპასუხა.

შემკვეთი იმ ტიპის შეკითხვებს უსვამდა, რომლებზეც მხოლოდ ელენეს შეეძლო, ეპასუხა, ამიტომ ლადომ თავი დაიძვრინა და მეორე დღისთვის შეხვედრაზე შეუთანხმდა. როდესაც საუბარი დაასრულეს, ლადო მაშინვე სამზარეულოში გავიდა ელენეს მოსაძებნად.

– ელე, სად ხარ? ბორისმა დარეკა.

ელენე ბექას ოთახიდან გამოვიდა:

– აღარ გაგაღვიძე, კარგად გეძინა, – გაუღიმა ქმარს, – ძალიან კარგი. ხომ გითხარი, დარეკავს-მეთქი?! ჭკვიანი კაცია და იცის, რომ მოგებიან წინადადებას ვთავაზობთ.

– ხვალ შევუთანხმდი შეხვედრაზე და შენც უნდა წამოხვიდე. – ლადომ არც კი შეიმჩნია, რა მიზნით უნდოდა, რომ ელენეც დასწრებოდა ხვალინდელ შეხვედრას, – ორივენი ვართ დამფუძნებლები და ამიტომ ორივენი უნდა შევხვდეთ.

ელენემ თავი დაუქნია: თუ ასე გინდა, წავიდეთ.

ლადო ისე გახალისდა, რომ თავისი რამდენიმესაათის წინანდელი ფიქრები არც კი ახსოვდა. მაგიდას მიუჯდა და მადიანად დაიწყო ჭამა.

***

– მეც რომ ისეთი ცოლი შემხვედროდა, როგორიც თქვენ, – ბორის ბარნოვი, შუა ხანს გადაცილებული მამაკაცი, ყველას თქვენობით ელაპარაკებოდა, საკუთარ მძღოლსაც კი.

ლადომ საპასუხოდ გაიღიმა, ვინაიდან ბარნოვთან აზრი არ ჰქონდა იმის მტკიცებას, რომ ბიზნესს ლადო უძღვებოდა. ბორისი ყველაფერს შესანიშნავად ხვდებოდა განმარტებების გარეშეც. ელენე კარგად გამოიყურებოდა, თან, საქმე უყვარდა, ერთგვარად აცოცხლებდა და იმ დღეს მართლაც თითქოს ანათებდა. გემოვნება კარგი ჰქონდა, ხელიც და ყოველთვის ძალიან მოხდენილად ეცვა ხოლმე. უბრალოდ, ეს ყოველთვის ძალიან იშვიათად იყო ხოლმე.

ბორისი საკმაოდ ცნობილი და წარმატებული ბიზნესმენი იყო. ჰყავდა ცოლი, შვილი კი, გარდაცვლილი ჰყავდა. ამ ამბავმა ცოტა გააუხეშა და საქმეში ძალიან ხისტი პარტნიორი იყო, მაგრამ ძალიან სანდოც, ამდენად, მასთან საქმის დაჭერა უკვე გამართლებას ნიშნავდა. ამიტომაც ცმუკავდა ლადო და ცოლსაც კი დიდი სიამოვნებით დაუთმობდა, ოღონდ კი ეთანამშრომლათ.

– აღვნიშნოთ საღამოს წარმატებული მოლაპარაკება? – ჰკითხა ელენემ ქმარს, როდესაც მანქანაში ჩასხდნენ. ლადომ კი უცებ მოიწყინა, რომ წარმოიდგინა, ისევ იმ იდილიურ სახლში უნდა დაბრუნებულიყო, ამიტომ მაშინვე გამოიგონა საქმე.

– რაღაც საბუთები მაქვს მოსამზადებელი, სამსახურში უნდა გავიდე. შევეცდები, მალე მოვიდე.

ელენეს არაფერი უპასუხია. შეეგუასავით, რომ ბოლო დროს ლადო შეიცვალა. მას ცუდად არ ექცეოდა, მაგრამ რაღაცნაირად გაფანტული იყო. სახლში ძველებურად აღარ მოიჩქაროდა და სულ უფრო და უფრო ხშირად რჩებოდა სამსახურში. ყოველ შემთხვევაში, ასე ეუბნებოდა ელენეს. მას კი არასდროს უცდია ქმრის გადამოწმება, ვინაიდან ეშინოდა სიმართლის გაგების. ელენე სიკვდილივით უფრთხოდა იმ სიმშვიდის დარღვევას, რაც შეიქმნა და რაც ბავშვობაში არასდროს ჰქონია, ამიტომ ცდილობდა, არაფერი შეემჩნია და მეტი და მეტი ყურადღებით ავსებდა ლადოს და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ეს მისი ყურადღება მის წინააღმდეგვე მუშაობდა.. ამჯერადაც ეწყინა, რომ ლადომ გარიგების აღნიშვნა არ მოინდომა, მაგრამ ჩვეულებისამებრ არ შეიმჩნია.

სახლში მივიდა თუ არა, ძიძა გაუშვა და სადილის მომზადებას შეუდგა.

ელენე კარგი კულინარიც იყო, ცდილობდა, ის ყველაფერი, რაც ბავშვობაში აკლდა, აენაზღაურებინა და შვილს არაფერს აკლებდა, უფრო კი, ალბათ, პატარა ელენეს, რომელიც მასში ცხოვრობდა და რომელსაც ცხოვრებისაც ეშინოდა და მარტო დარჩენისაც. რა თქმა უნდა, დალი ეგულებოდა, ოღონდ მთელი ცხოვრება დალის ხომ ვერ ჩამოეკიდებოდა?! თითქოს დალიმ იგრძნო, რომ ელენეს ფიქრებში გაჩნდა და ელენეს ტელეფონმაც დარეკა:

– როგორ არის ჩემი გოგო? – დალის, როგორც ყოველთვის, ხალისიანი ხმა ჰქონდა.

– კარგად, – უპასუხა ელენემ, – დღეს სარფიანი გარიგება გავაფორმეთ.

– გილოცავთ! ხომ ისევ შენ ხარ ნახევრის მეწილე? – რატომღაც ჰკითხა დალიმ.

– რა თქმა უნდა, – გაკვირვებული ხმით უთხრა ელენემ.

– უცნაური სიზმარი ვნახე და იმიტომ გკითხე, არ მომაქციო ყურადღება, – გადაიკისკისა დალიმ:

– მგონი, დავბერდი და სიზმრებმა გამიტაცა.

ელენესაც გაეცინა დალის სიხალისეზე.

– ლადო სადაა? – არ ცხრებოდა დალი.

– სამსახურში.

– ამდენი მუშაობაც არ შეიძლება, ფუტკრად არ გადაიქცეს, – დალი ისევ კისკისებდა და ღიმილს ვერც ელენე იკავებდა, მიუხედავად იმისა, რომ თავში სულ სხვა აზრები უტრიალებდა.

დალიმ ელენეს რამდენიმე სახალისო ამბავი უამბო, კარგ ხასიათზე დააყენა და დაემშვიდობა. ელენემ სახეზე ღიმილი საუბრის დამთავრების შემდეგაც ვერ მოიშორა სახიდან და ეჭვებიც გაუქრა. ელენე საკუთარ თავსაც არ უტყდებოდა, რომ ლადო მის გარეშე არაფერს წარმოადგენდა, თუმცა გარშემო ყველა იმას უფრო განიხილავდა, თუ როგორ მოიყვანა ლადომ ცოლად ელენე. არადა, ელენე რომ არა, ლადოს დიპლომიც კი არ ექნებოდა. მაგრამ ელენე ამის მადლიერიც კი იყო, ვინაიდან, ლადოს რომ კარგად ესწავლა, ელენეს დახმარება არ დასჭირდებოდა, შესაბამისად, ვერც ელენე ისწავლიდა ბიზნესის მართვას.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული