რომანი და დეტექტივი

მრუდე სისწორე

№5

ავტორი: ნია დვალი 20:00 09.02

მრუდე სისწორე
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #4 (1204)

***

ელენე წარსულში მოგზაურობამ ისე გაიტაცა, რომ ვერც მიხვდა, დრო როგორ გავიდა. ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა, თუმცა არა მხოლოდ ის – ბექაც.

ელენე შვილს მიუჯდა გვერდით, რომ მას თავი მარტო არ ეგრძნო და ტელეფონსაც უპასუხა:

– თქვენზე ვფიქრობდი ახლა... დიახ, შემიძლია, რა თქმა უნდა, მე და ბექა ვართ ჩემთან სამსახურში, დავასრულებ მალე და... რამე ხომ არ წამოვიღო? კარგი. მოვალთ აუცილებლად, – ელენემ ტელეფონი გათიშა და შვილს მიუბრუნდა:

– ჩემი ძილისგუდა ბიჭი. ლამაზი სიზმრები ნახე? ხომ არ გშია?

– სად უნდა წავიდეთ? – ჰკითხა ბექამ და თვალები მოიფშვნიტა.

– დალი ნათლიასთან, – ბექას სახე გაუბრწყინდა, – ცოტა დავალებები მაქვს, უცებ გავაკეთებ და წავიდეთ.

ელენემ შვილს უარი ვერ უთხრა, თუმცა სამსახურში კიდევ ბევრი რამ ჰქონდა მოსაგვარებელი:

– მე ახლა წავალ, შენ იმეცადინე და რაც მალე იმეცადინებ, მით მალე მივალთ შენს ნათლიასთან.

***

– რად გინდოდა ამდენი რამ? – დალიმ ორივე ხელი გაშალა და დედა-შვილი გულში ჩაიკრა, მერე ჩაიმუხლა და ბექას უთხრა:

– რამხელა გაზრდილა ნათლიას ბიჭი. დედიკოს ხომ არ აბრაზებ? – ბექამ უარის ნიშნად თავი გააქნია, – მაშინ, ნახე, რა დევს მაგიდაზე?

ბექა მისაღებ ოთახში შევარდა და იქიდან აღტაცების წამოძახილებიც გაისმა.

– მაინც უყიდეთ? – ვითომ საყვედურით უთხრა ელენემ დალის.

– როდის გადაეჩვევი ამ თქვენობით მომართვას? დამეწიე უკვე ასაკით, – დალიმ გაიცინა და ელენემ ახლაღა მიაქცია ყურადღება იმ ფაქტს, რომ იმ ასაკის იყო, რამდენისაც დალი, როდესაც გაიცნო.

– უი, მართლა?! რა პატარა ყოფილხარ.

– ახლა მთლად ნუ შეიფერებ, რომ ჩვილი ხარ, – დალი გულიანად იცინოდა და ელენესაც გადაედო მისი სიხალისე. საერთოდაც, დალი ძალიან ხალისიანი ადამიანი იყო. ყველაფერი უხაროდა, მოქუფრული ამინდიც კი. ამ ფენომენს ელენე ვერ ხსნიდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ხედავდა, რომ დალის ყველაფერი უსრულდებოდა, რაც უნდოდა და ეს ხდებოდა ძალდაუტანებლად, თითქოს ცხოვრება ლამობდა დალისთვის ესიამოვნებინა და დალი თქმასაც ვერ ასწრებდა, რომ ყველაფერი ისე ლაგდებოდა, როგორც მას უნდოდა. ერთხელ ელენემ ჰკითხა კიდეც:

– როგორ ახერხებთთ, რომ ყველაფერი გამოგდით?

– არ ვიცი. არაფერს ვახერხებ, არაფერს ვაკეთებ, წარმოდგენა არ მაქვს, – უპასუხა დალიმ და სავსებით გულწრფელი იყო, ვინაიდან დალი, მართლაც, არაფერს აკეთებდა იმას გარდა, რომ არავის ეკამათებოდა, ყველას უღიმოდა და ძალიან ალალად და არა „ჰოლივუდური ღიმილით“ და არავისზე ჭორაობდა. ერთი ისაა, რომ ყველაფერი უხაროდა.

– ისევ დაღლილი სახე გაქვს, – შეათვალიერა დალიმ ელენე.

– არ მგონია, მე მომწონს ჩემი სამსახური. სამსახურადაც ვერ აღვიქვამ, იმდენად მომწონს.

– შენ ძალიან მაგარი გოგო ხარ. შენნაირი არც შემხვედრია და ძალიან მიყვარხარ, – დალიმ ელენეს ლოყაზე ჩამოუსვა ხელი და ელენე ისევ ფისოსავით გაიტრუნა, როგორც ბავშვობაში. დალიმ საუბარი განაგრძო, თან, ელენეს ეფერებოდა:

– დედაშენს არ დაურეკე? – ელენემ თავი გააქნია და მხოლოდ ეს თქვა:

– ფულს ვუგზავნი – და თვალები დახუჭა. დალის ხელი თითქოს ძალას აძლევდა.

– აბა, რატომ ხარ დაღლილი? ისევ ლადოზე ფიქრობ? – ამის გაგონებაზე ელენემ თვალები გაახილა და თანხმობის ნიშნად თავი დააქნია, მერე თვალები ისევ დახუჭა.

– ნუ უბრაზდები, ისეთია, როგორიცაა. მეტი არ შეუძლია. მიდი, წამოწექი. თუ გშია, ჯერ ჭამე, მე კი ბექასთან გავალ. ვნახავ, როგორ აწყობს ახალ კონსტრუქტორს.

– მშია, – უთხრა ელენემ.

– წამოდი, შენი საყვარელი კერძი მოვამზადე, – ელენე მორჩილად გაჰყვა.

არ შიოდა, მაგრამ დალის ნახელავიც მოსწონდა და ისიც, რომ სპეციალურად ელენესთვის ამზადებდა იმას, რაც ელენეს უყვარდა. ამას იმ დროიდან შეეჩვია, როდესაც სკოლის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად დალისთან გადავიდა. დედამისი წინააღმდეგი არ ყოფილა, იმიტომ რომ სარჩენი მოაკლდა, თუმცა თავიდან თავი მაინც დაიფასა და კატეგორიულად მოითხოვა, რომ ელენეს ტექნიკუმი დაემთავრებინა, რომ კერვა ესწავლა. დედამისი იმედოვნებდა, რომ შვილის ხარჯზე იცხოვრებდა და ძაღლივით წოწიალი აღარ მოუწევდა. ელენე, რა თქმა უნდა, დათანხმდა, ოღონდ კი იმ სახლისთვის თავი დაეღწია.

– დარჩით ამაღამ ჩემთან, – შესთავაზა დალიმ.

– არ წამოგვიღია ხვალინდელი სასკოლო ნივთები, მაგრამ აუცილებლად დავრჩებით შაბათს, თუ მიგვიღებ. ცირკში უნდა წავიყვანო ბექა და იქიდან შენთან მოვალთ, – ელენემ ისევე ბუნებრივად მიმართა დალის შენობით, როგორც მანამდე თქვენობით ელაპარაკებოდა.

– ძალიან კარგი. მაშინ ახლა წადით, სანამ მიხვალ, ბავშვს დაბან, მოაწესრიგებ...

***

ელენემ ბექა დააწვინა, ტკბილი ძილი უსურვა, შუქი ჩაუქრო და მისი ოთახიდან გავიდა, თუმცა ოთახის კარი ღია დაუტოვა. ცდილობდა, ბექა დამოუკიდებლობისთვის მიეჩვია, თორემ არაფერი ერჩივნა მის გვერდით ყოფნას და მასთან ერთად დაძინებას. ელენეს ყოველთვის სითბი აკლდა, შეხება და სიყვარული, რომელსაც მეორე ადამიანისგან იგრძნობდა. შეიძლება, ამიტომაც მიეჯაჭვა ლადოს: მარტო აღარ ეძინა. იმიტომ რომ, რაც ელენეს თავი ახსოვდა, თითქმის ყოველთვის მარტო იყო.

ელენე ფანჯარასთან დაჯდა, რაფა-ტახტზე და გვერდით ისევ სურნელოვანი ყავა მოიდგა. თვალი მოავლო თავის ბინას და ცარიელი ეჩვენა. ელენეს ცრემლებიც მოადგა, მაგრამ მაშინვე გადაყლაპა, იმიტომ რომ თავის თავს ჯერ კიდევ მაშინ მისცა პირობა, რომ არასდროს იტირებდა, როდესაც მშობლების სახლს თავი დააღწია.

***

იმ საღამოსაც ასე იჯდა და ლადოს ელოდებოდა, მაგიდაზე ეწყო თეფშები და დანა-ჩანგალი, შუაში ლარნაკი იდო ლამაზი ყვავილებით. ვახშამი ფოლგაში ჰქონდა გახვეული, რომ არ გაეცხელებინა: ელენე დარწმუნებული იყო, რომ გაცხელებული საჭმელი ისე გემრიელი არ იყო. ბექას ეძინა და ელენე თავისი მყუდრო სახლის სიმშვიდით ტკბებოდა, თუმცა გული რაღაცნაირად ავად უთამაშებდა.

ლადო ბოლო ორი თვის განმავლობაში გამოიცვალა: აღარ იყო ძველებურად ყურადღებიანი, უფრო გვიან დაიწყო სახლში დაბრუნება, რასაც ბევრ საქმეს აბრალებდა, თუმცა საქმეებს ძველებურად ისევ ელენე უძღვებოდა, ლადო მხოლოდ ფორმალურად იყო ხელმძღვანელი. ამდენად, წესით, ბევრი საქმე არ უნდა ჰქონოდა, საქმის უმეტეს ნაწილს, ხომ, ელენე აკეთებდა სახლში?!

– შეხვედრებს, მოლაპარაკებებს, კლიენტების მოძიებას დრო სჭირდება, – ელენე ქმარს გამამართლებელს ყოველთვის უძებნიდა, თუმცა ნებისმიერი ქალი ხვდება, როდესაც მისი ქმრისა თუ მეგობარი მამაკაცის ცხოვრებაში სხვა ქალი ჩნდება. ელენეც ხვდებოდა. გრძნობდა, მაგრამ თავს არ უტყდებოდა: მას ლადოს გარდა, ფაქტობრივად, არავინ ჰყავდა. დალიც იყო, ცხადია, მაგრამ მთელი ცხოვრება დალის ხომ არ ჩამოეკიდებოდა?! მან ისედაც ძალიან ბევრი რამ გაუკეთა ელენეს და ლადოს მშობლებთანაც მან გაუჩარხა საქმე. დალი მეტად ცნობილი და პატივცემული ქალი იყო თავის წრეში, ამდენად, მართალია, ლადოს მშობლები თავიდან ცხვირს იბზუებდნენ ელენეზე, მაგრამ დალის გაცნობის შემდეგ დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალეს, როდესაც დაინახეს, რომ დალი ელენეს ლამის დედას უცვლიდა და, რაც მთავარია, ისე აქებდა ელენეს, რომ ლადოს მშობლებს შერცხვათ კიდეც, რომ დალის გაცნობამდე ელენეზე მთლად კარგი წარმოდგენაც არ ჰქონდათ და შვილს ულტიმატუმიც კი წაუყენეს: ვერაფერს ეღირსები, თუ მაგ უთვისტომოს მოიყვან ცოლადო.

ლადოს მშობლები ახლა უკვე ამაყობდნენ ელენეთი, ვინაიდან მათ იცოდნენ, რომ ლადოს წარმატებული ბიზნესმენის იმიჯი ელენეს დამსახურება იყო და ერთგვარად ეშინოდათ კიდეც, ელენეს ლადო არ მიეტოვებინა, ვინაიდან, ვინ, თუ არა მისმა მშობლებმა იციან, როგორი ბედოვლათია მათი შვილი, ოღონდ ამაში საკუთარ თავსაც არ უტყდებიან.

ელენე შფოთავდა ლადოს გაგულგრილების გამო – ბავშვობის ტრავმა, რომ ისევ მარტო დარჩებოდა, მაგრამ გამოსავალსაც ეძებდა და ქმარს არაფერს აგრძნობინებდა, თუმცა მათი ბიზნესის წარმატება სრულად ელენეს დამსახურება იყო, აფხიზლებდა და ელენეც მზად იყო, ყველაფერი მოეთმინა, ოღონდ ლადო მის ცხოვრებაში დარჩენილიყო.

– ასე ხდება ხოლმე, სიყვარული სამ წელს გრძელდებაო, – თავს იმშვიდებდა ელენე, – ახალი შთაბეჭდილებები მოუნდა, დაიღალა, სულ მუშაობს. ცოტას გაერთობა და ისევ ისეთი ლადო იქნება...

ელენე ვერც კი ხვდებოდა, რამდენად დიდ სისულელეს ამბობდა, ვინაიდან დარწმუნებული იყო, რომ მას უფრო სჭირდებოდა ლადო, ვიდრე ლადოს – ის, ობიექტურად კი პირიქით იყო და ეს მათი გაცნობის პირველივე დღეებიდანვე ჩანდა.

***

ელენემ დედისთვის მიცემული სიტყვა შეასრულა და კერვის ტექნიკუმი დაამთავრა, თუმცა შემდეგ დიზაინის სპეციალობას დაეუფლა და სწორედ მაშინ დაინახა დერეფანში ლადო – მაღალი, თხელი, შავთმიანი ახალგაზრდა ვაჟი, რომელიც მეგობრებთან ერთად იდგა და გოგონებს ელაზღანდარებოდა. ელენეს თითქოს საიდანღაც უთხრეს, რომ ეს სწორედ ის ადამიანი იყო, ვისაც აუცილებლად უნდა შეხვედროდა და, თუმცა ლადო მისკენ არც იყურებოდა, თმა შეისწორა და ტანსაცმელზეც დაიხედა. არ მოეწონა საკუთარი ჩაცმულობა, ამიტომ სახლში დაბრუნება გადაწყვიტა, ისე, რომ ლადოს არ დაენახა. ელენე დარწმუნებული იყო, რომ პირველ შთაბეჭდილებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

ელენე დალისთან აღარ ცხოვრობდა, არა იმიტომ, რომ დალი იყო წინააღმდეგი, არამედ უნდოდა, რომ თავისი თავის იმედი გამოემუშავებინა. ელენეს ოქროს ხელები ჰქონდა და ძალიან კარგი გემოვნება. დალის სანაცნობო კი მეტად მრავალრიცხოვანი და შეძლებული იყო, ამიტომ დალი ელენეს კლიენტებით უზრუნველყოფდა და თუმცა ელენეს ერიდებოდა, თავის ნახელავში ადეკვატური საფასურის გამორთმევა, ეს საქმეც დალიმ აიღო თავის თავზე და ყველას არწმუნებდა, რომ ასე იაფად ელენე მათ დალის ხათრით უკერავდა.

მოკლედ, ელენეს თავისუფლად შეეძლო ბინის დაქირავება თავისი შრომით, რაც არც კი ღლიდა, იმიტომ რომ რამის შეკერვა მისთვის ერთი პატარა სამყაროს შექმნა იყო და მხოლოდ იმ დღეს შეამჩნია, რომ თავისთვის ერთი ხეირიანი კაბაც კი არასდროს შეუკერია. ამიტომ, სახლში მივიდა თუ არა, ფული აიღო და ნაჭრების საყიდლად გაიქცა. უამრავი ნაჭერი იყიდა. მერე სარკესთან დადგა, რომ ნაჭრები სახისთვის მიესადაგებინა და აღმოაჩინა, რომ თავისი არც ვარცხნილობა მოსწონდა, არც თმის ხარისხი. ელენე ტელეფონს ეცა.

– დალი, ჩამწერეთ ვინმესთან, ვარცხნილობის შეცვლა მინდა, – ლამის შესტირა ელენემ დალის.

– ოჰ, რამდენი ხანია, ველოდებოდი, როდის მეტყოდი ამას. ცოტა ხანს დამაცადე, მეც წამოგყვები.

დალიმ მაშინვე გაუთიშა. ელენემ კი ნაჭრები მაგიდაზე გაშალა და ცალ-ცალკე დააწყო. თვალით გაზომ–აწონა და კმაყოფილმა ჩაიცინა. ელენე, შეხედავდა თუ არა ქსოვილს. მაშინვე ხედავდა, რაც ამისგან უნდა შეეკერა. თვალები დახუჭა, რომ საკუთარი თავი უფრო ნათლად წარმოედგინა ახალ სამოსში.

არ გაუაზრებია, რამდენ ხანს იდგა თვალდახუჭული, კარზე ზარის ხმამ გამოაფხიზლა. გაუკვირდა, იმიტომ რომ არავის ელოდებოდა. ელენესთვის მოულოდნელად, კართან დალი იდგა.

– აბა, წავედით, დროზე, – დალი ოთახში ქარიშხალივით შემოვარდა და ელენე გაიტაცა, თან, ენას არ აჩერებდა:

– როგორც იქნა, ნაჭრებიც გიყიდია. შენთვის, ხომ?! ოფ, რა გოგო ხარ, რა გოგო?! – ელენემ ვერც კი გაიაზრა, როგორ მოხვდა სტილისტის სავარძელში და შემდეგ, როგორ ათვალიერებდა თავის შეცვლილ გარეგნობას. ელენემ მადლიერი სახით გადახედა დალის და ცრემლები წამოსცვივდა.

– ვერ ვიტან ამ სენტიმანტალობას, ელენე. ცრემლები მამაკაცებისთვის შეინახე... – უთხრა დალიმ და სტილისტს მიუბრუნდა: ხედავ, როგორი ჯადოქარი ხარ?! ტირის ადამიანი! – დალიმ გადაიკისკისა. სტილისტიც კმაყოფილებით აქნევდა თავს თანხმობის ნიშნად.

ელენემაც შეათვალიერა თავისი თავი და ცოტა ეუცხოვა საკუთარი გარეგნობა, უცებ ვერ შეეგუა, ამიტომ ვერც კი აღიქვა, კარგად გამოიყურებოდა თუ ცუდად, მაგრამ დალის რეაქციით მიხვდა, რომ – კარგად და ამოისუნთქა.

დალიმ ელენე მანქანაში ჩაისვა და ტყვიამფრქვევივით მიაყარა:

– აბა, მოყევი, ვისი გულისთვის მოხდა ეს რევოლუციური გარდაქმნა?! არაფერი დამალო, თორემ თმას გაგიჩეჩავ და ნაჭრებს გადაგიყრი, – დალი კისკისებდა და ელენე მიხვდა, რომ დალიმ მოასწრო, შეენიშნა ქსოვილების დიდი გროვა. ელენე გაწითლდა.

– აჰა, ესე იგი, ათიანში მოვარტყი. ვინ არის, რა ჰქვია? – არ ჩერდებოდა დალი.

– არ ვიცი, დერეფანში დავინახე და...

– მშვენიერია, არც აქვს მნიშვნელობა, ის როგორია, თვითონ ფაქტი, რომ შენ თავის გალამაზება მოგინდა, უკვე შესანიშნავი ამბავია, – დალი აშკარად კმაყოფილი იყო, იმდენადაც კი, რომ ამის შემდეგ ამ თემაზე შეკითხვაც კი არ დაუსვამს. მხოლოდ თავისთვის იღიმებოდა.

– ხელს არ შეგიშლი, არ ამოვალ, კერე და კერე და მერე ფოტო გადაიღე და გამომიგზავნე, – დალიმ ელენეს აკოცა და დაემშვიდობა.

ელენეს თითქოს ფრთები გამოესხა და სახლში შეფრინდა. ხელები დაიბანა თუ არა, ერთ–ერთი ნაჭერი ამოარჩია, დანარჩენები დაკეცა და გვერდით გადადო.

მეორე დღეს ელენე ისე გამოწყობილი მივიდა უნივერსიტეტში, რომ ჯგუფელებმა ვერც იცნეს. სხვათა შორის, დალის არც ეს გამორჩენია, მან იცოდა, რომ ელენე დაიმორცხვებდა, ხოლო, როდესაც ადამიანი მორცხვობს და უხერხულადაა, რაოდენ კარგადაც უნდა გამოიყურებოდეს და რაოდენ ძვირფასი ტანსაცმელი უნდა ეცვას, მაინც ვერ მოიხდენს, ამიტომ დალი მოულოდნელად წამოადგა თავს ელენეს, ხელკავი გაუყარა და დერეფანში ერთად დადგნენ.

დალიც საგანგებოდ გამოწყობილიყო, ძალიან თვალში საცემად ეცვა და ელენეს ძალდაუტანებლად ელაპარაკებოდა. დალის გვერდით ელენემაც თავისუფლად იგრძნო თავი და მოდუნდა. როგორც კი მოდუნდა, მისგან თითქოს მანათობელი სხივები გამოიფრქვნენ...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული