რომანი და დეტექტივი

მოცეკვავე კაცუნები

№7

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 25.02

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • არტურ კონან დოილი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #6 (1206)

– ჩემი აზრით, ამნაირ რთულ საქმეს ასეთი უბრალო წამლით ვერ განკურნავთ, – თქვა ჰოლმსმა. – რამდენი ხნით შეგიძლიათ დარჩეთ ლონდონში?

– დღესვე უნდა გავბრუნდე. ღამე არ შემიძლია ცოლის მიტოვება. ძალიან ღელავდა და მთხოვდა, მალე დავბრუნებულიყავი.

– ეს ქაღალდები დამიტოვეთ. მალე ჩამოვალ და იმედი მაქვს, ამ საქმეს ცოტაოდენ შუქს მოვფენ.

შერლოკ ჰოლმსს ჩვეული პროფესიული სიმშვიდით ეჭირა თავი, მაგრამ ძლიერ აღელვებული იყო. როგორც კი ჰილტონ კუბიტის ფართო ზურგი კარს მიეფარა, მაგიდას მივარდა, ქაღალდები გადაშალა, მოცეკვავე კაცუნებს დააკვირდა და გამოთვლა დაიწყო. მთელი ორი საათი ციფრებითა და ასოებით აჭრელებდა ყველაფერს. ამ სამუშაომ ისე გაიტაცა, რომ უოტსონის არსებობა სულაც გადაავიწყდა. როცა კვლევა-ძიების საქმე კარგად მიუდიოდა, სტვენასა და სიმღერას იწყებდა, ხოლო როცა ჩიხში ექცეოდა, დიდხანს იჯდა შუბლშეკრული, თვალებს მოუსვენრად ატრიალებდა და მზერას ერთ საგანზე ვერ აჩერებდა. ბოლოს კმაყოფილებით შეჰყვირა, სკამიდან წამოიჭრა, გრძელი დეპეშა შეადგინა და სადღაც გააგზავნა.

– თუ ისე მიპასუხებენ, როგორც ვვარაუდობთ, უოტსონ, თქვენი წიგნი ახალი სათავგადასავლო ამბის აღწერით გამდიდრდება. ხვალ, ალბათ, ჩვენ ერთად წავალთ ნორფოლკში და საბოლოოდ ამოვხსნით იმ საიდუმლოებას, რამაც მისტერ ჰილტონს ამდენი უსიამოვნება მიაყენა.

ჰოლმსს ახსნა-განმარტების მიცემა მხოლოდ მაშინ უყვარდა, როცა ამას თვითონ მიიჩნევდა საჭიროდ. დეპეშაზე პასუხმა დაიგვიანა. მთელი ორი დღე ჰოლმსი მოუთმენლად აპყრობდა ყურს ზარის ხმას. მეორე დღეს საღამოს ჰილტონ კუბიტის წერილი მოვიდა. ატყობინებდა, სრული სიწყნარეა, მხოლოდ მზის საათის სადგამზე დღეს დილით უაღრესად გრძელი წარწერა გამოჩნდაო. წერილს ამ წარწერის ასეთი ასლი ერთვოდა: ჰოლმსი ამ უჩვეულო ნახატს დააკვირდა, უეცრად ზეზე წამოვარდა, გაოცებულმა გაჯავრებით შეჰყვირა და სახე მოექუფრა.

– მეტისმეტად მივუშვით ეს საქმე. ადრე მოგვიხდება საუზმობა, დილის პირველსავე მატარებელს უნდა გავყვეთ, – თქვა ჰოლმსმა, – ჩვენი იქ ყოფნა აუცილებელია. აჰა! აი დეპეშაც, მე რომ ველოდი. ერთი წუთით მომითმინეთ, მისის ჰადსონ, იქნებ საჭირო გახდეს პასუხის გაგზავნა. არა, ყველაფერი ისეა, როგორც ველოდი. ეს დეპეშა საბოლოოდ ადასტურებს, რომ უფლება აღარა გვაქვს, არ ვაცნობოთ მისტერ ჰილტონ კუბიტს საქმის ვითარება, რადგანაც ჩვენი გულუბრყვილო ნორფოლკელი სკვაირი მეტისმეტად სახიფათო ქსელშია გახვეული. თავდაპირველად მთელი ეს ამბავი სულელური და თავშესაქცევი მეგონა, მაგრამ ახლა....

რამდენიმე დღის შემდეგ რიდლინგ-ტორპ-მენორის მამულზე მთელი ინგლისი ალაპარაკდა. ძლივს მოასწრეს ნორტ-უელშემში გასვლა და იმის თქმა, თუ საით მიემგზავრებოდნენ, რომ მათთან სადგურის უფროსმა მიირბინა:

– თქვენ, ალბათ, ლონდონელი მაძებრები ხართ? – იკითხა მან.

ჰოლმსმა შეშფოთებით გადახედა.

– რატომ გგონიათ?

– იმიტომ, რომ ნორვიჩის ინსპექტორი ეს-ეს არის წავიდა ან, იქნება, ექიმები ხართ? ქალი ჯერ კიდევ ცოცხალია. იქნებ მოასწროთ მისი გადარჩენა... სახრჩობელისათვის.

– ჩვენ რიდლინგ-ტორპ-მენორში მივდივართ, – თქვა მან, – მაგრამ იმის თაობაზე, რაც მოხდა, არაფერი ვიცით.

– საშინელი საქმეა! – შესძახა სადგურის უფროსმა, – მისტერ ჰილტონ კუბიტიცა და მისი ცოლიც ტყვიის წერა შეიქნენ. ქალმა ჯერ ქმარს ესროლა, მერე თვითონ დაიხალა ტყვიაო, ასე ამბობენ მოსამსახურე გოგოები. კაცი მკვდარია, ქალი კი – სულთმობრძავი. ღმერთო, ნორფოლკის უძველესი გვარი აღიგავა პირისაგან მიწისა. მისტერ ჰილტონ კუბიტს ჩვენს მხარეში ყველა ძალიან დიდ პატივს სცემდა.

შვიდიოდე მილი ისე გაიარეს, ჰოლმსს კრინტიც არ დაუძრავს. მთელ გზაზე რაღაც მოუსვერად იყო და ახლა, როცა უეცრად მისი მოლოდინი გამართლდა, თითქოს დარდმა გააქვავაო. იჯდა, თავი უკან გადაეგდო და ნაღვლიან ფიქრებში ჩანთქმულიყო. ამასობაში კი ეტლი ინგლისის ერთ–ერთ ყველაზე საინტერესო მხარეში მიაქროლებდათ. ამ მხარის მთელი თანამედროვე მოსახლეობა შორიშორს მიმოფანტულ პატარა სახლებში ბინადრობს, მაგრამ ამ მწვანე მინდვრის გაყოლებით ყოველ ნაბიჯზე შეგხვდებათ აღმოსავლეთ ინგლისის ძველი დიდებისა და კეთილდღეობის უტყვი მოწმე, ეკლესიების უზარმაზარი ოთხკუთხოვანი კოშკები. დაბოლოს, მწვანე ხრამის მიღმა გამოჩნდა გერმანიის ზღვის ლილისფერი ზოლი. მეეტლემ წნელი გაიშვირა და უჩვენა ორი წვეტიანი სახურავი, ხეების ტალავერიდან რომ იყო ამოშვერილი:

– აი, რიდლინგ-ტორპ-მენორი.

სახლთან რომ მივიდნენ, მის გვერდით შავი ფარდული შეამჩნიეს. რომელიც ჩოგბურთის მოედნის იქით იდგა. ამაღლებულ ადგილზე მზის საათიც მოჩანდა. ულვაშშეღებილი, მკვირცხლი კაცი მარდად გადმოხტა მაღალი, ორთვალა ეტლიდან. ეს იყო ნორფოლკის პოლიციის სამმართველოს ინსპექტორი მარტინი. როცა ჰოლმსის გვარი შეიტყო, ძალიან გაოცდა:

– მომიტევეთ, მისტერ ჰოლმს, დანაშაული ხომ დილის სამ საათზე მოხდა! რანაირად მოახერხეთ ამის გაგება ლონდონში და ჩემთან ერთად ჩამოსვლა?

– წინასწარ ვივარაუდე ის, რაც მოხდა. მოვდიოდი, რომ საფრთხე თავიდან ამეცილებინა.

– მაშასადამე, თქვენ გაქვთ ცნობები, რომელთა შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით, რადგანაც მეზობლებისა და მსახურთა აზრით, ცოლ-ქმარს ძალიან მეგობრულად, უფრო მეტიც, სრული სიამტკბილობით უცხოვრიათ.

– მე მაქვს მხოლოდ ის ცნობები, რომლებიც მოცეკვავე კაცუნებისაგან მივიღე, – თქვა ჰოლმსმა, – ამაზე მერე გიამბობთ. დავაგვიანე – ტრაგედია მოხდა და მისი თავიდან აცილება ვერ მოვახერხე... რა გაეწყობა, ასეთ შემთხვევაში, ჩემი ცნობები მართლმსაჯულებას დაეხმარება. ხომ არ გნებავთ, ძიება ჩემთან ერთად აწარმოოთ? ან იქნებ ამჯობინებთ, რომ მე დამოუკიდებლად ვიმოქმედო?

– ჩემთვის დიდი პატივი იქნება თქვენთან ერთად მუშაობა, მისტერ ჰოლმს, – გულწრფელად უთხრა ინსპექტორმა.

– რაკი ასეა, დაუყოვნებლივ მოვუსმინოთ მოწმეებს და დავათვალიეროთ დანაშაულის ადგილი.

ინსპექტორი მარტინი იმდენად ჭკვიანი აღმოჩნდა, რომ ჰოლმსს ნება დართო, სურვილისამებრ ემოქმედა. თვითონ კი იმით დაკმაყოფილდა, რომ ჰოლმსის კვლევა-ძიებას თვალყურს ადევნებდა. ადგილობრივი ექიმი, თეთრწვერა მოხუცი, მის-ის ჰილტონ კუბიტის ოთახიდან გამოვიდა და გვაუწყა, ქალის მდგომარეობა სერიოზულია, მაგრამ უიმედო არააო. გონს კი, ალბათ, მალე ვერ მოვა, რადგან ტყვია ტვინს შეხებიაო. კითხვაზე, თვითონ დაიხალა ტყვია თუ სხვა ვინმემ ესროლა, რაიმე გარკვეული პასუხის მოცემა ვერ გადაწყვიტა. ის კი ამოღერღა, ტყვია ძალიან ახლო მანძილიდანაა ნასროლიო, ოთახში ერთი რევოლვერი იპოვეს.

ორივე ლულა ცარიელი აღმოჩნდა. მისტერ ჰილტონ კუბიტს ტყვია პირდაპირ გულში მოხვედრია. სრულიად თავისუფლად შეიძლება იმის დაშვება, რომ მან ჯერ ცოლს ესროლა, მერე კი ტყვია თვითონ იკრა. ასევე სავარაუდოა, რომ დამნაშავე ცოლი იყოს, რადგანაც რევოლვერი იატაკზე ორივესგან თანაბარ მანძილზე აგდიაო, – თქვა ეს და დადუმდა.

– მკვდარს ხომ არ შეხებიხართ? – იკითხა ჰოლმსმა.

– არა. ჩვენ მხოლოდ ლედი გადავიყვანეთ საწოლში. დაჭრილს იატაკზე ხომ ვერ დავტოვებდით?

– დიდი ხანია, რაც აქა ხართ, ექიმო?

– დილის ოთხი საათიდან.

– თქვენ გარდა აქ კიდევ იყო ვინმე?

– დიახ, კონსტებლი.

– აქ რაიმეს გადაუნაცვლეს ადგილი?

– არაფერს.

– გონივრულად მოქცეულხართ. ვინ გამოგიძახათ?

– მოახლე სონდერსმა. მან პირველმა ატეხა განგაში? მან და მზარეულმა მისის კინგმა.

– ახლა სად არიან?

– ალბათ, სამზარეულოში.

მუხით მოპირკეთებული, მაღალფანჯრებიანი ძველებური დარბაზი საგამომძიებლო ოთახად იქცა. ჰოლმსი დიდ, ძველებურ სავარძელში ჩაჯდა. გამოხედვა შეუპოვარი ჰქონდა, სახეზე კი სიმკაცრე აღბეჭდოდა. მის თვალებში შეიძლებოდა, ამოგეკითხათ მტკიცე გადაწყვეტილება: თუ საჭირო იქნება, თუნდაც მთელ სიცოცხლეს მივუძღვნი და შურს მაინც ვიძიებ იმ ადამიანისთვის, რომლის გადარჩენა ვერ მოვახერხეო. კრებას ესწრებოდნენ ინსპექტორი მარტინი, მოხუცი, თეთრწვერა ექიმი და სოფლელი ჩლუნგი პოლისმენი. ქალებმა ერთნაირი ჩვენება მისცეს: ორივე სროლის ხმამ გააღვიძა. წუთის შემდეგ მოისმა მეორე გასროლა. მისის კინგი მაშინვე სონდერსისაკენ გაიქცა. კიბეზე ერთად დაეშვნენ. კაბინეტის კარი ღია დახვდათ, მაგიდაზე სანთელი ენთო. მათი ბატონი შუაგულ ოთახში პირქვე ეგდო. იგი უკვე მკვდარი იყო. ფანჯარასთან თავით კედელს მიყრდნობილი მათი ქალბატონი იკრუნჩხებოდა. ჭრილობა საზარელი ჰქონდა – სისხლს სახის ნახევარი დაეფარა. სუნთქავდა, მაგრამ არაფრის თქმა არ შეეძლო. დერეფანსა და ოთახში ბოლი და დენთის სუნი იდგა. ფანჯარა ურდულით შიგნიდან იყო დაკეტილი, ამას ორივე ქალი დაბეჯითებით ამტკიცებდა, მაშინვე უხმეს ექიმსა და პოლიციელს. შემდეგ მეჯინიბისა და საჯინიბოში მომუშავე ყმაწვილის დახმარებით დაჭრილი ქალბატონი ასწიეს და თავის ოთახში გადაიყვანეს. ქალი კაბაში იყო, ქმარს კი ღამის პერანგზე ხალათი გადაეცვა. ცოლ-ქმარს შორის არასოდეს ყოფილა უსიამოვნება. ყველანი შეხმატკბილებულ მეუღლეებად მიიჩნევდნენ. აი, მსახურთა მთავარი ჩვენება. ინსპექტორ მარტინის კითხვებზე ქალებმა უპასუხეს, ყველაფერი შიგნიდან იყო დაკეტილი და სახლიდან გაპარვას ვერავინ მოახერხებდაო. ჰოლმსის კითხვებზე განაცხადეს, როგორც კი ზედა სართულზე ჩვენი ოთახებიდან გამოვედით, დენთის სუნი მაშინვე ვიგრძენითო.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

არგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული