რომანი და დეტექტივი

მოცეკვავე კაცუნები

№6

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 18.02

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • არტურ კონან დოილი

შერლოკ ჰოლმსი რამდენიმე საათს ისე იყო გაყურსული, სიტყვა არ დასცდენია. თავდახრილი დასცქეროდა მინის სინჯარას, რომელშიც საოცრად მყრალი რაღაც იხარშებოდა. თავიც იმგვარად გადაეხარა გვერდზე, რომ შავქოჩრიან, შიმშილისგან გალეულ, რუხფრთიან ფრინველს მიაგავდა.

– ძვირფასო უოტსონ... – ჰოლმსმა სინჯარა სადგარზე დაამაგრა და ლექციის კითხვა ისე დაიწყო, თითქოს პროფესორია და აუდიტორიას მიმართავსო, – დასკვნების გაკეთება არც ისე ძნელია, თუ ყოველი მომდევნო დასკვნა სრულიად უბრალოდ გამომდინარეობს წინა დასკვნიდან. თუ ამის შემდეგ ყველა შუათანა რგოლს გამოვტოვებთ და მსმენელამდე მხოლოდ ამბის დასაწყისსა და ბოლო დასკვნას მივიტანთ, შეიძლება, მასზე თავზარდამცემი შთაბეჭდილება მოვახდინოთ. ყოველი ამოხსნილი ამოცანა იოლი გვეჩვენება. მაგრამ აი კიდევ ერთი თავსატეხი, რომელიც ჯერ არაა გადაწყვეტილი. ვნახოთ, ჩემო მეგობარო, როგორ გაართმევთ მას თავს. ქაღალდის ფურცელი მაგიდაზე დააგდო და თვითონ ისევ სინჯარასა და ქიმიურ ანალიზს დაუბრუნდა. ექიმმა გაოცებულმა შეხედა ქაღალდზე გამოხატულ რაღაც უაზრო იეროგლიფებს.

– მომიტევეთ, ჰოლმს, ეს ხომ ბავშვის ნახატია!

– თქვენ ასე ფიქრობთ? – ნორფოლკელ მისტერ ჰილტონ კუბიტსაც სწორედ ეგ აინტერესებს. ეს პატარა რებუსი მან ფოსტით გამოგვიგზავნა. ალბათ, სადაცაა თვითონაც აქ გაჩნდება. გესმით ზარის ხმა, უოტსონ? ნამდვილად ისაა. კიბეზე მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა და წუთის შემდეგ ბინაში მაღალი, ლოყებღაჟღაჟა, სუფთად გაპარსული ჯენტლმენი შემოვიდა. მისი ნათელი გამოხედვა და სახის იერი იმას მეტყველებდა, რომ ეს ადამიანი ნისლიანი ლონდონის მკვიდრი არ იყო. ის იყო ჩამოჯდომას აპირებდა, რომ უეცრად სწორედ იმ უცნაური ნიშნებით აჭრელებულ ფურცელს მოჰკრა თვალი.

– რას ფიქრობთ ამ იეროგლიფებზე, მისტერ ჰოლმს? – წამოიძახა სტუმარმა, – მითხრეს, რომ თქვენ გიტაცებთ საიდუმლოებით მოცული ამბები, უცნაური შემთხვევების ამოცნობა და კვანძების გახსნა. ჩემი აზრით, ამაზე უფრო უცნაურ შემთხვევას ვერსად წააწყდებით. ეს ფურცელი წინდაწინ იმიტომ გამოგიგზავნეთ, რომ ჩემს მოსვლამდე მასზე გამოხატული ნიშნები შეგესწავლათ.

– მართლაც ძალიან საგულისხმო ნახატებია, – თქვა ჰოლმსმა, – ერთი შეხედვით, ადამიანს შეიძლება, ბავშვის ცელქობად მოეჩვენოს. არ ვიცი, რა აზრი უნდა ჰქონდეს ასეთ პაწაწინა მოცეკვავე კაცუნების ხატვას ან თქვენ რატომ აძლევთ რაიმე მნიშვნელობას ასეთ უცნაურ წვრილმანს?

– ჩემი ცოლი რომ არა, ასეთ უცნაურ ნახატს მართლაც არანაირი ყურადღების ღირსად არ მივიჩნევდი, მაგრამ მას შიშისაგან ლამის გული გაუსკდეს. არაფერს მეუბნება, მაგრამ, მის თვალებში ელდამ დაისადგურა. აი, რატომ მივიტანე ეს საქმე ასე ახლოს გულთან.

ჰოლმსმა ქაღალდი სარკმელთან მიიტანა. ეს იყო უბის წიგნიდან ამოხეული ფურცელი. ზედ ფანქრით იყო გამოყვანილი, აი, ასეთი პატარა ფიგურები. ჰოლმსმა ფურცელი ყურადღებით დაათვალიერა და საფულეში ფრთხილად შეინახა.

– ეს საქმე ბევრს საინტერესოსა და უჩვეულოს გვპირდება, – თქვა მან, – ზოგი რამ თქვენი წერილით უკვე მიამბეთ, მისტერ ჰილტონ კუბიტ, მაგრამ ძალიან მადლობელი დაგრჩებით, თუ თავაზიანად დათანხმდებით მის გამეორებაზე, რათა ჩემმა მეგობარმა, ექიმმა უოტსონმაც, საკუთარი ყურით მოგისმინოთ.

– ვერაფერი შვილი მთხრობელი გახლავართ, – თქვა სტუმარმა და თან თავისი დიდი, ღონიერი ხელები ნერვიულად შეკუმშა და გაშალა, – დავიწყებ იქიდან, რომ შარშან ცოლი შევირთე. მდიდარი არა ვარ, მაგრამ ჩვენი გვარი რიდლინგ-ტორპში უკვე ხუთი საუკუნეა, ცხოვრობს და მთელ ნორფოლკის საგრაფოში ყველაზე წარჩინებულად მიიჩნევა. შარშან დღესასწაულებზე ლონდონში ჩამოვედი და რასელსკვერზე მდიდრულად მორთულ ოთახებში გავჩერდი, რადგანაც იქ ჩვენი მრევლის მოძღვარი პარკერი დაბინავდა. იქვე ერთი ახალგაზრდა ამერიკელი ლედი, გვარად პატრიკი, ილსი პატრიკი ცხოვრობდა. მე და ეს ქალიშვილი მალე დავმეგობრდით. ერთი თვეც არ გასულა, რომ მგზნებარედ შემიყვარდა. დავქორწინდით და საცხოვრებლად ჩემს მამულში, ნორფოლკში გადავედით. ალბათ, უცნაურად მოგეჩვენებათ, მისტერ ჰოლმს, რომ წარჩინებული გვარის კაცი თხოულობს ქალს, რომლის წარსულსა და ოჯახზე არაფერი იცის, მაგრამ ილსი რომ გენახათ და გაგეცნოთ, ჩემი საქციელის გაგება არ გაგიჭირდებოდათ. „წარსულში ბევრი არასასიამოვნო ნაცნობი მყავდა, – მითხრა ილსიმ, – მინდა, ყოველივე დავივიწყო. არ მსურს დავუბრუნდე ჩემს განვლილ ცხოვრებას, რადგან წარსულის უბრალო გახსენებაც კი ტკივილს მგვრის. ჰილტონ, თუ მე შემირთავ, შენ დაქორწინდები იმ ქალზე, რომელსაც თვითონ ურიგო არაფერი ჩაუდენია, მაგრამ ჩემს სიტყვას უნდა ერწმუნო და ნება მომცე, გავჩუმდე ყველაფერზე, რაც იყო მანამდე, ვიდრე შენი გავხდებოდი. თუ ეს პირობა ძალიან მძიმედ გეჩვენება, დაბრუნდი ნორფოლკში და ნება მომეცი, ისევ მარტოხელად ვიცხოვრო“. ეს ქორწინებამდე ერთი დღით ადრე მითხრა. მე ვუპასუხე, რომ მზად ვიყავი, დავმორჩილებოდი მის ნებას და ჩემი სიტყვა არც გამიტეხია. უკვე ერთი წლის ცოლ-ქმარი ვართ და ეს წელიწადი ძალიან ბედნიერად გავატარეთ. მაგრამ ამ ერთი თვის წინ, ივნისის მიწურულს, მოახლოებული უბედურების პირველი ნიშნები შევამჩნიე. ჩემმა ცოლმა ამერიკიდან გამოგზავნილი წერილი მიიღო. ეს იმით დავადგინე, რომ კონვერტზე ამერიკული მარკა ეკრა. ილსიმ წერილი წაიკითხა თუ არა, ცეცხლში შეაგდო და სახეზე სიკვდილის ფერმა გადაჰკრა. მას მერე იმ წერილზე ერთხელაც არ დაუძრავს სიტყვა და არც მე მიკითხავს რაიმე, რადგან სიტყვა სიტყვაა. მაგრამ წერილის მიღების შემდეგ ვერ იქნა და ვეღარ დამშვიდდა. სულ შეშინებულია და ყველაფრიდან ჩანს, რომ რაღაც უბედურებას მოელის. ახლა გადავალ ჩემი ამბის ყველაზე უცნაურ ნაწილზე. ამ ერთი კვირის წინ, მგონი, სამშაბათს, ერთ-ერთი ფანჯრის რაფაზე ვნახე ცარცით დახატული მოცეკვავე კაცუნები, სწორედ ისეთები, ამ ქაღალდზე რომ არიან გამოსახულნი. ვიფიქრე, კაცუნები საჯინიბოში მომუშავე ყმაწვილმა დახატა-მეთქი, მაგრამ მან მითხრა და დაიფიცა კიდეც, მაგ ამბისა არაფერი ვიციო. ნახატი ღამით გაჩნდა. რაფა გავრეცხე და ილსთან საუბარში ვითომ შემთხვევით სიტყვა ამ კაცუნებზე ჩამოვაგდე. ჩემდა გასაოცრად, ცოლმა ეს ამბავი გულთან ძალიან ახლოს მიიტანა და მთხოვა, თუ იმნაირ კაცუნებს კიდევ ნახავ, მაჩვენეო. მთელი კვირა ისე გავიდა, მსგავსი არაფერი შემიმჩნევია. გუშინ დილით კი ბაღში, მზის საათზე აი, ეს ფურცელი დავინახე. ილსის ვუჩვენე და მაშინვე გული წაუვიდა. მას შემდეგ სიზმარეულივით დაბორიალებს და თვალებში გამუდმებით შიში აქვს ჩამდგარი. აი, რატომ მოგწერეთ, მისტერ ჰოლმს და რისთვის გამოგიგზავნეთ ეს ფურცელი. პოლიციაში წასვლა არ შემეძლო, რადგან იქ უსათუოდ სასაცილოდ ამიგდებდნენ. თქვენ კი მირჩიეთ, როგორ მოვიქცე, თუ ჩემს ცოლს საფრთხე ემუქრება, მზად ვარ, უკანასკნელი გროში დავხარჯო, ოღონდ იმას არა ევნოს რა.

ჰოლმსმა კაცის მონათხრობი გულისყურით მოისმინა, მერე ჩაფიქრდა და დიდხანს დუმდა.

– ხომ არ გგონიათ, მისტერ კუბიტ, – თქვა ბოლოს მან, – რომ ყველაზე სწორი იქნებოდა, პირდაპირ მიგემართათ თქვენი ცოლისათვის და გეთხოვათ, საიდუმლო თქვენთვის გაემჟღავნებინა?

ჰილტონ კუბიტმა უარის ნიშნად თავი გააქნია:

– დაპირება დაპირებაა, მისტერ ჰოლმს. თუ ილსი მოისურვებს, თვითონვე ყველაფერს მიამბობს. ხოლო თუ არ ინდომებს, ძალით ვერ მოვთხოვ, გული გადამიშალოს.

– მთელი სულითა და გულით დაგეხმარებით. მითხარით, თქვენს მეზობლად ახალი ბინადარი ხომ არავინ გამოჩენილა? რამდენადაც ვიცი, თქვენ ძალიან მიყრუებულ კუთხეში ცხოვრობთ. ახალი კაცის ჩამოსვლა, იმედი მაქვს, შეუმჩნეველი არ დარჩება.

– ახლომახლო ვინმე უცხო რომ გამოჩენილიყო, რა თქმა უნდა, გავიგებდი. მაგრამ ჩვენს მახლობლად არის რამდენიმე ზღვისპირა სოფელი, კარგი პლაჟებით. ფერმერები ჩამოსულ მოაგარაკეებზე აქირავებენ ხოლმე ოთახებს.

– ამ უცნაურ ნახატებში უსათუოდ რაღაც დაფარული აზრი უნდა იყოს. იმ წარწერას, რომელიც თქვენ გამომიგზავნეთ, სიმცირის გამო, ვერაფერი გავუგე, ხოლო ფაქტები, თქვენ რომ მაუწყეთ, ისე გაურკვეველია, რომ მათგან რაიმე დასკვნის გამოტანა ძალზე საძნელო საქმეა. ჩემი აზრით, ისევ ნორფოლკს უნდა მიაშუროთ და რაც გარშემო ხდება, ყველაფერს თვალყური ადევნოთ. როგორც კი ახალ მოცეკვავე კაცუნებს შეამჩნევთ, უაღრესი გულმოდგინებით გადახატეთ. რა სამწუხაროა, რომ არ გადახატეთ ის ფიგურები, ფანჯრის რაფაზე ცარცით რომ იყო გამოსახული. შეკრიბეთ ცნობები ყველა ახლად ჩამოსულზე, რომელთაც არ იცნობთ. როგორც კი რაიმე ახალს შენიშნავთ, მაშინვე ჩემთან გამოეშურეთ. თუ საჭირო გახდება, ყოველთვის მზად ვარ, ჩამოვიდე ნორფოლკში და ვინახულო თქვენი სახლი.

მისტერ ჰილტონ კუბიტთან შეხვედრის შემდეგ შერლოკ ჰოლმსი ხშირად იყო ღრმად ჩაფიქრებული. საფულიდან ფრთხილად ამოიღებდა ხოლმე ფურცელს და ზედ გამოხატულ პაწაწინა მოცეკვავე ფიგურებს დიდხანს დასცქეროდა. ერთ დილით კი ჰილტონ კუბიტისაგან დეპეშა მიიღო: პირველ საათსა და ოც წუთზე ლონდონში ვიქნებიო.

ორფოლკელი სკვაირი, სადგურიდან პირდაპირ ჰოლმსისკენ გამოეშურა. ნაოჭებისგან დაღარული შუბლი და ფიქრიანი, უგუნებო სახე ჰქონდა.

– ეს ამბავი ნერვებს მიშლის, მისტერ ჰოლმს, – თქვა კუბიტმა და სავარძელში მოცელილივით ჩაეშვა, – საზიზღარი მდგომარეობაა, როცა ყოველი მხრიდან გარემოცული ხარ უცხო, უცნობი, უხილავი ადამიანებით, რომლებიც ცდილობენ, რაღაც უფსკრულში ჩაგითრიონ, მაგრამ კიდევ უფრო აუტანელი ამბავია, უყურებდე, როგორ თანდათანობით კლავენ შენს ცოლს! ქალი თვალსა და ხელს შუა დნება. არის წუთები, როცა იმ საცოდავს ძალიან უნდა ყველაფერი მიამბოს, მაგრამ გამბედაობა არ ჰყოფნის. ვცდილობდი დავხმარებოდი, მაგრამ ყველაფერი ისე უხეშად გამომივიდა, რომ მხოლოდ დავაფრთხე. ილსი ხშირად ჩამომიგდებს ხოლმე სიტყვას იმაზე, რა ძველებურ გვარს ვეკუთვნით, როგორ პატივს გვცემენ საგრაფოში, როგორ ვამაყობთ ჩვენი შეუბღალავი სახელით და ყოველ ჯერზე ვგრძნობ, რაღაც უნდა მითხრას, მაგრამ სათქმელს შუაზე წყვეტს და დუმდება.

– თქვენ თვითონ ვერაფერი აღმოაჩინეთ?

– ბევრი რამ აღმოვაჩინე, მისტერ ჰოლმს. გამოსაკვლევად მოგიტანეთ ახალი მოცეკვავე კაცუნების მთელი დასტა. და, რაც მთავარია, ვნახე ის... ვინც ამ კაცუნებს ხატავს? ნება მომეცით, ყველაფერი დაწვრილებითა და თანმიმდევრობით გიამბოთ. თქვენგან რომ დავბრუნდი, მეორე დილითვე ვიპოვე ფარდულის შავი ხის კარზე დახატული ახალი მოცეკვავე კაცუნები. ეს ფარდული ძალიან კარგად ჩანს ჩვენი სახლის ფანჯრიდან. ყველანი გადავიხატე, ნახეთ, – მან ქაღალდის ფურცელი ამოიღო, გაშალა და მაგიდაზე დადო.

– ჩინებულია! – თქვა ჰოლმსმა, – ჩინებულია! განაგრძეთ, გეთაყვა!

– გადავიხატე კაცუნები და მერე კარზე დახატულები წავშალე, მაგრამ ორი დღის შემდეგ იმავე კარზე ახალი წარწერები გაჩნდა. აი, ისიც.

ჰოლმსმა ხელი მოიფშვნიტა და სიხარულით გაიცინა:

– ჩვენი მასალა სწრაფად იზრდება, – თქვა მან.

– სამი დღის შემდეგ მზის საათზე ქაღალდზე დაწერილი მთელი ეპისტოლე აღმოვაჩინე, რომელსაც ქვა ედო. აი, ეს ქვაც. როგორც ხედავთ, ამაზე იგივე ფიგურებია დახატული, რაც წინა წერილში იყო. მაშინ გადავწყვიტე, ამ უცნობ მხატვარს დავდარაჯებოდი. რევოლვერი ავიღე და ჩემს კაბინეტში დავჯექი. ფანჯრიდან კარგად ჩანდა კორდიც და ბაღიც. ღამის ორ საათზე, როცა ფანჯარასთან ვიჯექი და მთვარის შუქით განათებულ ბაღს გავცქეროდი, ჩემს ზურგს უკან ნაბიჯის ხმა გაისმა, შემოვბრუნდი და ხალათმოსხმული ჩემი მეუღლე დავინახე. მან ვედრება დამიწყო, დაწექიო. გულახდილად ვუთხარი, მინდა, შევიტყო, ამ სულელურ ოინებს ვინ სჩადის–მეთქი. მითხრა, ყველაფერი ეს უაზრო ხუმრობაა, რაც შენი ყურადღების ღირსი არ არის და თუ ეს ასე გაღიზიანებს, წავიდეთ სამოგზაუროდ და არავინ აღარ შეგვაწუხებსო. როგორ? ნება მივცე ვიღაც მასხარას საკუთარი ბინიდან გაგვაგდოს? ასე ხომ მთელი საგრაფო ყბად აგვიღებს, – ვთქვი მე. – წადი, დაიძინე და ამაზე დილით ვილაპარაკოთ, – მიპასუხა მან. უეცრად სახე ისე გაუფითრდა, რომ ეს მთვარის შუქზედაც კი შევამჩნიე. ფერმიხდილმა ილსიმ თითები ისე მომიჭირა, ლამის მხარში ჩამასო. ფარდულის ჩრდილში რაღაც მოძრავი სხეული შევამჩნიე. მერე დავინახე, როგორ გამოძვრა კუთხიდან შავი, მოხრილი ფიგურა და კარის წინ ჩაჯდა. რევოლვერზე ხელი ვიტაცე და წინ გავიჭერი, მაგრამ ცოლმა აცახცახებული ხელები ჩამჭიდა და ადგილზევე შემაჩერა. თავის გათავისუფლება ვცადე, მაგრამ ილსი კიდევ უფრო მეტი სასოწარკვეთილებით ჩამაფრინდა მკლავში. ბოლოს, როგორც იქნა, მოვახერხე თავის დაღწევა, მაგრამ ვიდრე კარი გავაღე და ფარდულამდე მივირბინე, ის კაცი უკვე გაქრა, თუმცა კვალი მაინც დატოვა: კარზე რამდენიმე მოცეკვავე კაცუნა მიეხატა. მთელი ბაღი შემოვირბინე, მაგრამ მისი ასავალ-დასავალი ვეღარსად ვიპოვნე. დილით, ფარდულის კარის დათვალიერების დროს, აღმოვაჩინე, რომ იმ წარწერაზე კიდევ რამდენიმე ახალი კაცუნა მიემატებინა.

– გადაიხატეთ?

– დიახ. ძალიან ცოტა რამ იყო გადასახატი. აი, ნახეთ.

– მითხარით, – ჰკითხა ჰოლმსმა, რომელიც ძალიან ღელავდა, – ეს კაცუნები წინა წარწერაზე იყო დამატებული, თუ შემდეგ დახატეს?

– ისინი ქვედა ნაწილზე იყო დახატული.

– ჩინებულია! ეს ჩვენთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. ეს იმედს მინერგავს. გთხოვთ, მისტერ ჰილტონ კუბიტ, თქვენი საინტერესო თხრობა განაგრძოთ.

– დასამატებელი არაფერი მაქვს, მისტერ ჰოლმს, გარდა იმისა, რომ ცოლზე ძალიან გავბრაზდი იმის გამო, რომ იმ არამზადას შეპყრობაში ხელი შემიშალა. მარწმუნებდა, შენზე ვწუხდიო. ჯერ ვშიშობდი, ჩემზე კი არა, იმ უცნობზე წუხს-მეთქი, რადგან ეჭვი აღარ მეპარება იმაში, რომ ჩემმა ცოლმა იცის, ვინც არის უცნობი მხატვარი და რას ნიშნავს მისი უცნაური იეროგლიფები. მაგრამ, მისტერ ჰოლმს, ჩემი მეუღლის ყოვლისშემძლე ხმა და გამოხედვა, მყისვე მიფანტავს ხოლმე ყოველგვარ ეჭვს და ახლა დარწმუნებული ვარ, რომ მართლა ჩემზე წუხდა. აი, ყველაფერი, რაც მოხდა. ახლა კი ველი თქვენს რჩევას, თუ როგორ მოვიქცე მომავალში. გული არ მაძლევს ნებას, თორემ ბუჩქებში დავმალავდი ხუთ-ექვს ჩვენს მარჯვე თანასოფლელს და იმ უცნობს ისე გახდიდნენ, სამუდამოდ მოგვეშვებოდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

არგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული