მოსამსახურის ბუნტი
ავტორი: ნია დვალი 55 წუთის წინ
ლერა ქურასთან იდგა და ოსპის წვნიანს ურევდა. ვატო სამზარეულოში შევიდა და მაგიდზე მოსაწვევი დააგდო.
– თანაკლასელების შეხვედრაა, – უთხრა ცოლს ისე, რომ თვალი არ მოუშორებია ტელეფონის ეკრანისთვის და დაამატა, – შაბათს.
ლერამ მოსაწვევს დახედა და გაიფიქრა: „ღმერთო, ოცდაათი წელი გავიდა სკოლის დამთავრებიდან!“
მოსაწვევი ლამაზი იყო და ოქროსფერი ასოებით გაფორმებული.
– წამოხვალ, ხომ? – ჰკითხა ქმარს და ხელები წინსაფარზე შეიწმინდა.
– რა თქმა უნდა. ოღონდ თავი მოიწესრიგე, თორემ ბებერ მზარეულს ჰგავხარ. არ შეგვირცხვინო ოჯახი, იტყვიან, ქმარი ცუდად უვლისო.
ქმრის ეს სიტყვები ლერას ტყვიასავით მოხვდა გულში. გახევდა. ვატო კი ვერც მიხვდა, რომ ცოლს გული ატკინა. სამზარეულოდან როგორც კი გავიდა, ტყუპები, მაკა და ანა, შემოცვივდნენ და მაშინვე მოსაწვევი აიღეს ხელში.
– დე, ეს რა არის?
– თანაკლასელების შეხვედრაა, – ხმადაბლა უთხრა შვილებს ლერამ.
– მაგარია! ოღონდ ამ ხალათით არ წახვიდე, – უთხრა მაკამ დედას და დებმა ერთხმად გაიცინეს.
– დედას ნუ დასცინით, – საუბარში დედამთილი ჩაერია, რომელიც სამზარეულოში, ჩეულებისამებრ, ისეთი გამომეტყველებით შებრძანდა, თითქოს სამყარო მისი ბრძნული რჩევების მოლოდინში იყო.
და შემდეგ რძალს მიუბრუნდა:
– უბრალოდ, ცოტა უნდა წაიმუშაო საკუთარ თავზე. თმა შეიღებო, წესიერი კაბა იყიდო. ღირსეულად უნდა გამოიყურებოდე.
ლერამ თავი დაუქნია და ქურისკენ მიბრუნდა. გული ძალიან ეტკინა, მაგრამ არ შეიმჩნია. ოცდაექვსი წლის ქორწინებამ წყენის გულში ჩამარხვა ასწავლა.
– ვახშამი მზადაა! – დაუძახა ოჯახის წევრებს და ყველანი სამზარეულოში გამოცხადდნენ.
ოსპის კრემ-სუპი იდეალური იყო, ისევე, როგორც ახალგამომცხვარი პური და ხაჭაპურები.
– გემრიელია, – შეუქო ცოლს ნახელავი ქმარმა.
– როგორც ყოველთვის, – კომპლიმენტი არც დედამთილმა დაიშურა.
ლერამ სუფრა აალაგა და ჭურჭელი გარეცხა. შემდეგ სააბაზანოში შევიდა და სარკეში ჩაიხედა, საიდანაც ნაადრევად შებერებული ორმოცდარვა წლის ქალის დაღლილი სახე უყურებდა, თმა შესაღები ჰქონდა და თმის ძირებში სითეთრე უელავდა, თვალების გარშემო წვრილ-წვრილ ნაოჭები გამრავლებოდა.
– როდის მოვასწარი ასე უღმერთოდ დაბერება? – დანანებით ჰკითხა თავის თავს.
***
შაბათს დილის ხუთ საათზე ადგა. თანაკლასელები წვეულებას ერთ-ერთის აგარაკზე იხდიდნენ და თუმცა კერძებიც შეკვეთილი იყო, მაინც თითოეულს თავისი ნახელავიც უნდა მიეტანა. ლერამ გადაწყვიტა, რომ რამდენიმე თავი კერძი მოემზადებინა. სამზარეულოში ის დედოფალი იყო და ყველაფერი მას ემოჩილებოდა და თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში.
– რამდენი რამ მოგიმზადებია, – გაუკვირდა ვატოს, როდესაც თერთმეტ საათზე სამზარეულოში შევიდა.
– შეხვედრისთვისაა, – მოკლედ უპასუხა ლერამ.
– შენთვის მაინც თუ იყიდე რამე ახალი? – დაინტერესდა ქმარი
ლერამ გონებაში წარმოიდგინა ერთადერთი ხეირიანი კაბა, რომელიც ჰქონდა და რომელიც საძინებელში სკამზე ჰქონდა გადაფენილი.
ორი საათისთვის ყველაფერი მზად ჰქონდა. ლერამ კაბა ჩაიცვა, მაკიაჟი გაიკეთა და სამკაულებიც აისხა, რაც ჰქონდა და მოსწონდა.
– არა უშავს, ნორმალურად გამოიყურები, – მეტ-ნაკლები კმაყოფილებით შეათვალიერა ქმარმა და ჰკითხა, – წავედით?!
ლერამ თავი დაუქნია და ორივენი სახლიდან გავიდნენ. არც თუ ისე დიდი დრო დასჭირდათ, რომ ლერას თანაკლასელის აგარაკამდე მისულიყვნენ, რომელიც შორიდანვე ჭრიდა თვალს მნახველს. კლასის ყველაზე ლამაზი გოგო ბიზნესმენის ცოლი იყო და სტუმრებს თავის აუზიანსა და ჩოგბურთისკორტიან სასახლეში მასპინძლობდა.
– ლერა! – შესძახა ნანამ და ჩაეხუტა, – სულ არ შეცვლილხარ. შენ რა მოგვიტანე?
– რამდენიმე კერძი, – გაუღიმა ლერამ დიასახლისს.
ყველამ იცნო ერთმანეთი და ხალისიანად უყვებოდნენ თავიანთი მიღწევების შესახებ. ლერა თითქოს გარიყულივით იდგა და გარედან უყურებდა და უსმენდა, რას ყვებოდნენ კლასელები თავიანთი წარმატებული ცხოვრების შესახებ.
– ეს საცივი ვინ მოამზადა? – უცებ ხმამაღლა იკითხა ზურამ, – შედევრია!
– ჩვენმა ლერამ, – ეშმაკურად გაუღიმა მას დიასახლისმა.
– ლერ, ხომ გახსოვარ? – მიუახლოვდა ტანდაბალი მამაკაცი ძალიან კეთილი თვალებით.
– გეკადრება, ზურიკო?! – გაუბრაზდა ლერა ღიმილით.
– მართლა შენ მოამზადე? აღფრთოვანებული ვარ! და ეს ხაჭაპურებიც... ამაზე გემრიელი, მგონი, არასდროს არაფერი მიჭამია.
– ნუ აჭარბებ, მაინც მიყვარხარ, – გაიცინა ლერამ.
– რას ვაჭარბებ?! – იუკადრისა ზურამ, – ათი წელია, პრაღაში ვცხოვრობ. იქ ძალიან პოპულარულია ქართული სამზარეულო. მაგრამ ასეთი მაღალი დონის კერძები იქ არ შემხვედრია. პროფესიით მზარეული ხარ?
– არაა, უბრალოდ, დიასახლისი.
– ეს „უბრალოდაა“? – ზურამ აღშფოთებული სახე მიიღო. ისე მოხდა, რომ ყველანი მასზე ლაპარაკობდნენ და ლერამ პირველად იგრძნო თავი მნიშვნელოვან და საჭირო პერსონად. პირველად – ძალიან ბევრი წლის შემდეგ.
მისი ქმარი ამ დროს თავისი სამსახურის პროექტებზე ელაპარაკებოდა ლერას თანაკლასელების ქმრებს და ხანდახან გაკვირვებული გადახედავდა ხოლმე ცოლს, რომლის გარშემოც აღტაცებულსახიანი თანასკლასელები ირეოდნენ.
***
მომდევნო კვირა ჩვეულებრივ დაიყო: ლერა ადრე ადგა და საუზმე მოამზადა. როდესაც ყველა დაანაყრა და სამსახურებში გაუშვა, ხოლო დედამთილი – სასეირნოდ, თავად სახლის დალაგებას შეუდგა. როდესაც ქმრის თეთრ პერანგებს აუთოებდა, მისმა ტელეფონმაც დარეკა.
– ლერა, ზურა ვარ.
– გამარჯობა, – ლერას გაუხარდა მისი ხმის გაგონება.
– მთელი კვირა დღე ვფიქრობდი და, მოკლედ, შენთან საქმიანი წინადადება მაქვს. გცალია, რომ შევხვდეთ დღეს, საღამოს და ვისაუბროთ?
– რაზე? – ლერა დაიბნა მოულოდნელობისგან.
– სამუშაოზე. პრაღაში. მინდა, რომ ქართული რესტორანი გავხსნა. მჭირდება ადამიანი, რომელსაც კარგი გემოვნება აქვს და საუცხოო ხელი, რომელსაც შეუძლია მზარეულების მომზადება, მენიუს შედგენა. ძალიან კარგი ხელფასია და წილსაც დაგიმატებ. გესმის? ალო? ლერა, მისმენ?!
ლერას მოულოდნელობისგან ენა ჩაუვარდა, გული გამალებით უცემდა და როდის-როდის მოახერხა ხმის ამოღება: ზურიკო, არც კი ვიცი, რა ვთქვა.
– არაფერი თქვა. კარგი, მოიფიქრე და ხვალ დამირეკე.
ლერამ ტელეფონი გათიშა და საღამომდე თითქოს ძილბურანში იყო, მთვარეულივით დაბორიალებდა ოთახიდან ოთახში. როდესაც ვახშამზე ოჯახი ერთად შეიკრიბა, ლერამ სცადა, ახალი ამბავი მოეყოლა მათთვის:
– წარმოგიდგენიათ, სამსახური შემომთავაზეს....
– რა სამსახური? – ჩაიცინა ვატომ, – შენ ხომ საჭმლის მომზადების გარდა არაფერი შეგიძლია?!
– ზუსტად ეს შემომთავაზეს. პრაღაში, რესტორანში.
– რა სისულელეა?! – გულგრილად ჩაილაპარაკა ვატომ.
– დედა, რამდენი წლის ხარ? რა დროს პრაღა და რესტორანია?! კარგი, რა?! – ისევ ერთხმად გაიცინეს მაკამ და ანამ.
– და სახლს ვინ მიხედავს, შენ ხომ პრაღაში წახვალ? – მკაცრად უთხრა დედამთილმა.
– ვიღაც გაეხუმრა და ჩვენმა გულუბრყვილო დედიკომ ეს სიმართლედ მიიღო, – გულმოწყალედ გაუღიმა ცოლს ვატომ.
ლერას არაფერი უპასუხია. თავისთვის ფიქრობდა, – იქნებ, მართლები არიან?! რა დროს ჩემი რესტორანია?!
***
მეორე დღეს საუზმე ჩვეულად დაიწყო, თუმცა ვატომ, რატომღაც, გადაწყვიტა, ცოლი გაეკრიტიკებინა:
– წონაში აშკარად მოიმატე, უნდა ივარჯიშო.
ტყუპებმა მაშინვე აუბეს მხარი მამას:
– ხო, დე, შეეცადე გალამაზდე. ყველას დედა გაპრანჭულია, შენ სულ ხალათი გაცვია და წინსაფარი გიკეთია.
შვილსა და შვილიშვილებს დედამთილიც აჰყვა:
– მართალს ამბობენ. საკუთარ თავს უნდა მიხედო. ქალი სიბერემდე ლამაზი უნდა იყოს.
და უცებ ლერა მიხვდა, მხოლოდ ამდენი წლის შემდეგ, რომ ეს მისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები განზრახ ამცირებდნენ მას, რომ მისი მადლიერები კი არ ყოფილიყვნენ, არამედ ლერას ჩათვალა დიდ ბედნიერებად ის, რომ მათი მოვლის საშუალებას აძლევდნენ. არაფერი უთქვამს. უხმოდ ადგა. სამზარეულოდან გავიდა და ზურას ნომერი აკრიფა:
– ლერა ვარ, ვიფიქრე და თანახმა ვარ.
– შენ გენაცვალე! – ვერ დამალა სიხარული ზურამ, – ახლავე გეუბნები, იოლი სამუშაო არ არის. პასუხისმგებლობა დიდია, ბევრი მუშაობა მოგიწევს. მზად ხარ?.
– მზად ვარ! – მტკიცედ უპასუხა ლერამ, – როდის უნდა დავიწყო?
– ერთ თვეში. მანამდე პასპორტი მოამზადე.
ის ერთი თვე შეუმჩნევლად გაფრინდა. ლერა აფორმებდა საბუთებს და ჩეხურ ფრაზებს სწავლობდა. ადგენდა მენიუს მომავალი რესტორნისთვის. ოჯახის წევრები არ იმჩნევდნენ დედის ახალ გატაცებას, იმიტომ რომ დროებით ახირებად მიაჩნდათ, ვერც კი წარმოედგინათ, თუ ლერა მათი სახლის სამზარეულოს გარდა, კიდევ სადმე შეიძლებოდა, მოხვედრილიყო და მათ გარდა, ვინმეს დასჭირვებოდა.
– ერთ–ორ თვეში მიხვდება, რომ სისულელე გააკეთა და სახლში დაბრუნდება, – ეუბნებოდა ვატო დედამისს და ისიც კვერს უკრავდა. ტყუპები კი ვერც იჯერებდნენ, რომ დედა ერთ დღესაც სახლიდან გაქრებოდა, ვინაიდან დედა მათთვის რაღაცნაირად უკვე ინტერიერის ნაწილად ქცეულიყო. გამგზავრების დღეს ლერა ადრე ადგა. მოამზადა კერძები და საყინულეში მოათავსა, იმედოვნებდა, რომ ერთ კვირას მაინც ეყოფოდათ მისი ოჯახის წევრებს და აეროპორტში მარტო წავიდა, იმიტომ რომ მისთვის არავინ მოიცალა. ქმარი შემოსასვლელში დაემშვიდობა და მიაძახა:
– რომ ჩაფრინდები, დარეკე.
აეროპორტში ყვავილებით ხელში გაღიმებული ზურა ელოდა და ლერას უნებურად სიცილი აუტყდა. ზურა გადაეხვია.
– აბა, კეთილი იყოს შენი მობრძანება ახალ ცხოვრებაში!
შემდეგი თვეები თვალის დახამხამებაში გაფრინდა. ლერას საქმე თავზე საყრელად ჰქონდა: არჩევდა პერსონალს, ქმნიდა მენიუს, ახალ კერძებსაც კი და ამასობაში აღმოაჩინა, რომ არა მხოლოდ კერძების მომზადება იყო მისი ძლიერი მხარე, არამედ ხელმძღვანელობაც და პასუხისმგებლობის აღება. პირველი სტუმრები ახალგახსნილ რესტორანში ლერას პრაღაში ჩასვლიდან სამი თვის შემდეგ მოვიდნენ. დარბაზი გადაივსო – ამაზე ზურამ წინდაწინ იზრუნა.
– ოქროსხელება ხარ და, რაც მთავარია, გაქვს ნათელი გონება, – ზურა იმდენად იყო აღფრთოვანებული შედეგით, რომ ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. ლერას, მიუხედავად იმისა, რომ უღმერთოდ იღლებოდა, ძალას ჰმატებდა სტუმრების კმაყოფილი სახეები და მისი მისამართით თქმული საქებარი სიტყვები. თითქოს ხელის ერთი მოსმით გაახალგაზრდავდა და მიზეზს ვერ პოულობდა. სარკიდან ახლა უკვე სრულიად სხვა ადამიანი უყურებდა: ხალისიანი, ახალგაზრდა, ნაოჭებიც კი სადღაც გაიქცნენ და ლერას სახე მიატოვეს. მიზეზი კი მარტივი იყო: მან 48 წლის ასაკში საკუთარი თავი იპოვა და თავიდან დაიწყო ცხოვრება, რომელიც ეგონა, რომ უკვე დაამთავრა. ვატო ხანგამოშვებით ურეკავდა და ეკითხებოდა:
– როდის ბრუნდები სახლში?
ლერა დაზეპირებულივით პასუხობდა:
– ვმუშაობ. ბევრი საქმეა. ჯერ არ ვიცი.
ნახევარი წლის შემდეგ ქმრის ტონი კატეგორიული გახდა:
– ბოლოს და ბოლოს, სახლში როდის ბრუნდები?! იმდენი საქმეა, ძლივს ვუმკლავდებით.
– დაიქირავეთ დამლაგებელი, მზარეული.
– და ფული?! – გაიკვირვა ქმარმა.
– იმ ფულით, რომლითაც მე ვაკეთებდი ყველაფერს 26 წლის განმავლობაში.
– ვერ მივხვდი.
– და რა არის აქ მისახვედრი?! თქვენთვის მე ვიყავი უფასო დამლაგებელი, უფასო მზარეული და უფასო მოსამსახურე.
– ვატო გაჩუმდა, მერე კი ამოიოხრა, – იქნებ ნორმალურად ვისაუბროთ? აი, ამ ბრალდებების გარეშე?!
– ბრალდებებს არ გიყენებთ. მე, უბრალოდ, ვნახე, როგორია, თურმე, ცხოვრება. აქამდე ცხოვრება ის უღიმღამო არსებობა მეგონა, მე რომ მქონდა.
ტყუპებიც ურეკავდნენ და ვერ ცნობდნენ დედას, იმიტომ რომ ყოველთვის უსახური ლერა უცებ გადაიქცა წარმატებულ და დამოუკიდებელ ქალად, რომელმაც ისწავლა არას თქმა;
– დედა, არ გეყო?! ან რატომ მიგვატოვე? – დაუფარავად უყენებდნენ პრეტენზიას?!
– ისწავლეთ დამოუკიდებლად ცხოვრება, პატარები არ ხართ.
***
ერთი წლის შემდეგ ინვესტორიც გამოჩნდა და ზურასა და ლერას რესტორნების ქსელის გახსნა შესთავაზეს. ლერა ხვდებოდა, რომ ზურას მოსწონდა, მაგრამ არ იმჩნევდა, ვინაიდან ქორწინება მასში უსიამოვნო ასოციაციას აღძრავდა.
ერთ დღესაც მისი ქმარი და შვილები რესტორანში გამოეცხადდნენ.
– დედა, როგორ შეცვლილხარ?! გალამაზებულხარ, – ორივემ ერთხმად წამოიძახა.
ლერამ გაიღიმა.
ვატო უხერხულად იშმუშნებოდა.
– არ გამომივიდა ლამაზად. მეც აჭრილი ვიყავი. იქნებ თავიდან დაგვეწყო ყველაფერი.
– მე უკვე სხვა ცხოვრება მაქვს. გვიანია, – გაუღიმა ლერამ და ზურას გახედა. მიხვდა, რომ ცხოვრება მას, როგორც ქალს, კიდევ ერთ შანსს აძლევდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





