მოსამართლე და მისი ჯალათი
ავტორი: „თბილისელები“ 20:00 28.07
- იდრიხ დიურენმატი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #26-28 (1228)
პოლიციელები ეზოდან გამოვიდნენ და მანქანაში ჩასხდნენ. ტშენცი საჭეს მიუჯდა და თქვა: მე თქვენთან ლაპარაკი მსურს, კომისარო. გასტმანი უნდა მოვინახულოთ, ეს უფრო ლოგიკურია, სხვა გზა არა გვაქვს. ასე შორს ვერ წავალთ. უპირველეს ყოვლისა, მოსამსახურეები უნდა დავკითხოთ.
- ტშანც, ლუტცს არ სურს, რომ გასტმანს ვესტუმროთ. ეს გასაგებიცაა, რადგან მან ეს შემთხვევა ფედერალურ პროკურორს გადასცა. დაველოდოთ მათ განკარგულებას. ჩვენ ხომ ახლა თავაზიან უცხოელებთან გვაქვს საქმე.
ტშანცი გაცოფდა.
- ლუტცი თავისი პოლიტიკური მრწამსისთვის ჩვენს ძიებას საბოტაჟს უწყობს. ფონ შვენდი მისი მეგობარია და გასტმანის ვექილი, ამიტომ, ის თავის აზრს ასე ადვილად არ შეელევა. მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე, ვინ არის შმიდის მკვლელი! ყოველ ღონეს უნდა მივმართოთ და ისიც გასტმანის წინააღმდეგ. გამოძიება უნაკლოდ უნდა ჩატარდეს... ჩვენ არ შეგვიძლია, გასტმანი ხელიდან გავუშვათ.
- გასტმანი არაა მკვლელი, - მშრალად თქვა ბერლახმა, - შესაძლებელია, მან მოაწყო მკვლელობა. ვერავითარ საფუძველს ვერ ვხედავ, რომ გასტმანს ებრძანებინოს შმიდის მოკვლა.
- მწერალიც კი მიიჩნევს გასტმანს მკვლელად, - წამოიყვირა ტშანცმა. „შენც ასე მიგაჩნია?“ - დაჟინებით ჰკითხა ბერლახმა.
- მწერლის აზრით, გასტმანს უნარი აქვს, ნებისმიერი დანაშაული ჩაიდინოს, ეს კი სხვაა.
- ახლა, - იყვირა ტშანცმა, - როცა ერთხელ მაქვს თავის გამოჩენის შანსი, ეს შესაძლებლობა უაზრო დიპლომატიურ თამაშს უნდა შეეწიროს?! მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, კომისარო, ამის შეცვლა, მოელაპარაკეთ ლუტცს. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მისი დარწმუნება, გასტმანთან მისვლის ნება დამრთოს.
- არა, ტშანც. მე ეს არ შემიძლია. ამ საქმის უკვე აღარაფერი მეკითხება. მე მოხუცი და ავადმყოფი ვარ. მყუდროებას ვსაჭიროებ. შენ თვითონ შეგიძლია, თავს უშველო.
- კეთილი, - თქვა ტშანცმა.
- ავადმყოფობის გამო ერთკვირიანი შვებულება ავიღე. დასასვენებლად ხვალ მთაში, პანსიონში მივემგზავრები.
ტშანცს იმავე წუთს არ უპასუხია. როცა მანქანამ ბილნოინბურგის ქუჩაზე შეუხვია, მხოლოდ მაშინ წარმოთქვა ჩვეული ხმით: „მაღალმთიანი ადგილი ყოველთვის კარგად როდი მოქმედებს, კომისარო“. …
ბერლახი იმავე საღამოს წავიდა ბერენპლატცზე თავის ექიმთან, დოქტორ სამუელ ჰუნგერტობელთან. ბერლახი და ჰუნგერტობელი უკვე დიდი ხანია, ერთმანეთს იცნობდნენ, ისინი გიმნაზიაში ერთად სწავლობდნენ.
- ჩემი ავადმყოფობის შესახებ ხომ არავისთან გილაპარაკია, ჰუნგერტობელ? - შეეკითხა მოხუცი.
- რას ამბობ, ჰანს! - თქვა მეორე მოხუცმა კაცმა, - ეს ხომ ექიმის საიდუმლოებაა.
ქვევით, მოედანზე ლურჯმა „მერსედესმა“ გაიარა და სხვა მანქანებს შორის გაჩერდა. ბერლახი ყურადღებით დააცქერდა. მანქანიდან ტშანცი და თეთრ საწვიმარ ლაბადაში ჩაცმული ქერა, თმებგაშლილი გოგონა გადმოვიდნენ.
- ერთხელ, მგონი, გაგქურდეს, ფრიც? - ჰკითხა კომისარმა.
- ერთხელ მართლაც არეული დამხვდა საწერი მაგიდა, - გამოტყდა ჰუნგერტობელი.
- პოლიციას რატომ არ აცნობე?
ექიმმა თავი მოიფხანა. ,,როგორ გითხრა, ფული არ მაკლდა, მიუხედავად ამისა, მაინც მინდოდა განმეცხადებინა, მაგრამ შემდეგ გადამავიწყდა“.
ბერლახმა თავისთვის გაიფიქრა: „ესე იგი, გასტმანმა აქედან იცის“. მან კვლავ მოედანს გადაჰხედა. ტშანცი გოგოსთან ერთად იტალიურ რესტორანში აპირებდა შესვლას.
- ტკივილები გაქვს?
მოხუცი მოჰყვა, თუ როგორ შეუტია ტკივილებმა.
- ეს ცუდია, ჰანს, - თქვა ჰუნგერტობელმა, - სამი დღის შემდეგ ოპერაცია უნდა გაგიკეთოთ, სხვა გზა არაა. ოთხ დღეში შეტევა კვლავ განმეორდება, მაშინ კი ვეღარ გადაიტან.
- ესე იგი, ორი დღე კიდევ მაქვს დრო, ორი დღე. მესამე დღეს, დილით ოპერაციას გამიკეთებ და ამის შემდეგ, კიდევ ერთ წელიწადს ვიცოცხლებ, ხომ ასეა, ფრიც?
ექიმი წამოხტა და ოთახში გაიარ-გამოიარა. „როგორ მოგივიდა თავში ასეთი სისულელე!“
- ვინც ჩემი ავადმყოფობის ისტორია წაიკითხა.
- შენ ხომ არა ხარ ქურდი? - იყვირა აღელვებულმა ექიმმა. ბერლახმა თავი გააქნია: „არა, მე არა“
ექიმმა თვალები დახარა...
ღამის ორ საათზე ბერლახს უცებ გამოეღვიძა. ის დასაძინებლად ადრე დაწვა, ჰუნგერტობელის რჩევით რაღაც წამალი დალია. პირველად მიიღო ეს წამალი და ამიტომ, უცაბედი გამოღვიძებაც ამ უჩვეულო წამალს მიაწერა. ის ჩვეულებისამებრ საძინებელ ოთახში კი არა, ბიბლიოთეკაში იწვა, რადგან ღამის თევისთვის ემზადებოდა, როგორც ახლა იგონებდა, იფიქრა, რაიმეს წავიკითხავო, მაგრამ ჩანდა, ღრმა ძილს წაერთმია მისთვის თავი. ბერლახმა ყური მიუგდო. იატაკზე რაღაცამ მოადინა ბრაგვანი, ეს წიგნი იყო, რომელსაც კითხულობდა. საძინებელი ოთახის ღია კარიდან სუსტი სინათლე შემოდიოდა. წიგნის თარო და სკამი გაარჩია, აგრეთვე მაგიდის გამოსახულებაც შენიშნა, რომელზეც ჯერ კიდევ იდო რევოლვერი. ეს კი ბერლახმა დიდი გაჭირვებით გაიხსენა. უცებ საიდანღაც ქარმა დაუბერა, საძინებელ ოთახში ფანჯარამ გაიჯახუნა, შემდეგ კარიც ძლიერი ხმაურით მიიხურა. მიხვდა, ვიღაცამ სახლის კარი გააღო და დერეფანში შემოიძურწა, მაგრამ ორპირ ქარს თუ გამოიწვევდა, ეს ვეღარ გაითვალისწინა. ბერლახი წამოდგა და ტორშერი აანთო. მან რევოლვერს ხელი წამოავლო და დამცველი გახსნა...
ბერლახი გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა, როცა უკვე გვიან იყო. მან მკლავისა და ხელის სილუეტი შენიშნა, უცნობი ნათურას წაეტანა, შემდეგ იქაურობა ცისფერმა ალმა გაანათა და ჩამობნელდა: უცნობმა ნათურა გამოგლიჯა და სინათლის მცველი გადაწვა. ბერლახი სრულ სიბნელეში იდგა. მოხუცმა რევოლვერი ჩაბღუჯა და საძინებელი ოთახის კარი ფრთხილად გააღო. ბიბლიოთეკაში ჯიბის ფანრის სუსტი სხივი აციმციმდა, სინათლე ჯერ წიგნის ყდებს დაეცა, შემდეგ იატაკზე გადავიდა, სავარძელზე და ბოლოს საწერ მაგიდაზე. სინათლის სხივი გველის მსგავს დანას დაეცა. ბერლახმა ხელი კვლავ შენიშნა. უცნობს ყავისფერი ტყავის თათმანები ეცვა, მაგიდაზე ხელს აფათურებდა, ეტყობოდა გველისმაგვარი დანის აღება სურდა. ბერლახმა იარაღი ასწია, დაუმიზნა. ამ დროს ჯიბის ფანარი ჩაქრა. რაღას იზამდა, მოხუცმა რევოლვერი დაუშვა, დაელოდა... გაუნძრევლად იდგა და მტერს ელოდა, რომელიც მის მოსაკლავად იყო მოსული... რომელსაც განზრახული ჰქონდა მისი სიცოცხლე მოესრა... სიცოცხლე, რომელსაც ის ახლა იცავდა. აღვსილი იყო ცნობისმოყვარეობით, რომ ეცოცხლა, მხოლოდ და მხოლოდ ეცოცხლა...
უცნობმა ბერლახს მეორეჯერ გაუმტყუნა მოლოდინი, მას შემოვლით საძინებელ ოთახში შეეღწია, შეუმჩნევლად, უხმაუროდ, შეუჩერებლივ, გველის მაგვარი დანით ხელში. ბერლახმა მხოლოდ ერთი რამ იცოდა, პირველი ის უნდა ამოქმედებულიყო - ის, მოხუცი, სასიკვდილოდ დაავადებული კაცი, დაეწყო ბრძოლა სიცოცხლისათვის, რომელიც, თუკი ყველაფერი კარგად წარიმართებოდა და ჰუნგერტობელი ანგარიშში არ შეცდა, კიდევ ერთი წელი გაგრძელდებოდა. რევოლვერი ფანჯრისკენ მიმართა, შემდეგ ერთხელ გაისროლა, მეორეჯერ, მესამეჯერ, სწრაფად და გაბედულად, ნამსხვრევებად ქცეული მინა მდინარის მხარეს ჩაცვივდა, ბერლახი იატაკზე გაწვა. მის თავზე რაღაცამ გაიშხუილა; ეს დანა იყო, რომელიც უცნობმა კედელს ჩაარჭო, მაგრამ მოხუცმა საწადელს მიაღწია; მოპირდაპირე ფანჯარაში სინათლე აინთო, ეს მეზობელი სახლის მცხოვრებლები იყვნენ.
ბერლახი წამოდგა. მეზობელი სახლის სინათლეზე სასადილო ოთახში ბუნდოვნად გაარჩია გამოსახულება, შემდეგ სახლის კარი მიიხურა, ამის შემდეგ ორპირ ქარზე ჯერ ბიბლიოთეკის, შემდეგ სასადილო ოთახის კარი მიეხეთქა, ფანჯარა ბრახუნით დაიკეტა, შემდეგ კი სიჩუმემ დაისადგურა. მეზობელი სახლის მცხოვრებლები ისევ და ისევ სიბნელეს მიშტერებოდნენ. მოხუცი კედელს არ სცილდებოდა, იარაღი კვლავ ხელში ჩაებღუჯა. ნახევარი საათის შემდეგ ბერლახი დერეფანში გავიდა და ჯიბის ფანარი მოძებნა. მან ტშანცს დაურეკა, ჩემთან მოდიო. შემდეგ დამსხვრეული დამცველი ახლით შეცვალა, სინათლე კვლავ ჩაირთო. ბერლახი სავარძელში ჩაჯდა, ღამეს ყური მიუგდო. სახლს მანქანა მოადგა, მკვეთრად დამუხრუჭდა. ტშანცი ოთახში შემოვიდა.
- ვიღაცამ ჩემი მოკვლა განიზრახა, - თქვა კომისარმა. ტშანცი გაფითრებული იყო. მას ქუდი არ ეხურა, აწეწილი თმა შუბლზე ეყარა და ზამთრის პალტოს ქვეშ პიჟამა მოუჩანდა. საძინებელ ოთახში ერთად გავიდნენ. ტშანცმა კედლიდან დანა ამოაძრო, ძალიან გაუჭირდა, რადგან დანა ხეში ღრმად იყო ჩარჭობილი.
- ამით? - ჰკითხა ტშანცმა. ბერლახი ყველაფერს მოუყვა. ტშანცს გველის მსგავსი დანა კვლავ ხელში ეჭირა. მან ჰკითხა: „დამნაშავის ცნობა ვერ შეძელით?“
- ვერა. ძალიან ფრთხილობდა და სწრაფად გამეცალა. მხოლოდ ერთხელ მოვკარი თვალი, ყავისფერი თათმანები ეცვა. მაგრამ ვიცი, ვინ იყო, ვიცი, ვიცი.
წყნარი, უტეხი და ნათელი იყო ბერლახის მზერა. ტშანცმა დანა საწერ მაგიდაზე დადო.
- ხვალ გრინდელვალდში უნდა წახვიდეთ, თქვენ ავად ხართ. ანდა, იქნებ ჯობდეს, არ წახვიდეთ? ადვილი მოსალოდნელია, ახლა მთიანეთი არ მოგიხდეთ. იქ ხომ ჯერ ზამთარია.
- მე წავალ.
- მაშინ ცოტა უნდა დაიძინოთ. თქვენთან დავრჩე?
- არა, წადით, ტშანც, - თქვა კომისარმა.
ტშანცმა სახლის კარი გამოაღო, გარეთ გავიდა და კარი კვლავ მიხურა. ნელა გაიარა რამდენიმე ნაბიჯი ქუჩამდე, ბაღის ღიად დატოვებული კარიც მიხურა. ცოტა ხნის შემდეგ ტშანცი ისევ სახლთან დაბრუნდა. ბაღის კარს წიხლი ჰკრა და მტკიცე გადაწყვეტილებით დაადგა ბაღის გზას, სახლის კარამდე მივიდა. კარის სახელურს ხელი წაატანა და დაბლა დასწია. მაგრამ სახლის კარი ამჯერად დაკეტილი დაუხვდა.
ბერლახი ექვს საათზე ადგა, თუმცა მთელი ღამე არ დაუძინია. მოხუცმა დაიბანა და ახალი ტანსაცმელი გადაიცვა. შემდეგ ტელეფონით ტაქსი გამოიძახა, საჭმლის ჭამა ვაგონ-რესტორანში გადაწყვიტა. ზამთრის თბილი პალტო ჩაიცვა და სახლიდან გამოვიდა.
ტაქსი მოვიდა. გაჩერდა. ეს იყო ერთი დიდი ამერიკული მანქანა. მძღოლს საყელო მაღლა აეწია. ბერლახმა თვალები ძლივს შენიშნა. მძღოლმა კარი გააღო. „სადგურზე“, თქვა ბერლახმა და მანქანაში ჩაჯდა. მანქანა ადგილიდან დაიძრა.
„აბა“, გაისმა ბერლახის გვერდით ხმა, „როგორ ხარ? კარგად გეძინა?“ - ბერლახმა თავი მოაბრუნა. მეორე კუთხეში გასტმანი იჯდა. მას ღია ფერის საწვიმარი ლაბადა ეცვა და ხელები გულზე დაეკრიფა. ყავისფერი თათმანები ეცვა. მძღოლმა სახე ბერლახისკენ შემოაბრუნა და გაუღრიჭა. გასტმანის ერთ-ერთი მოსამსახურეთაგანი იყო. ბერლახი მიხვდა, რომ მახეში გაება. „კიდევ რა გინდა ჩემგან?“ ჰკითხა მოხუცმა.
- შენ ისევ და ისევ იძიებ საქმეს. მწერალთან ყოფილხარ, - თქვა კუთხეში მჯდომმა, ხმაში მუქარა ჟღერდა, - ბერლახ, ვინც კი ჩემით იყო დაინტერესებული, ყველანი დაიხოცნენ. მძღოლმა ვიქტორიას მოედანი გაშმაგებული სიჩქარით გადაჭრა.
- ფრთხილად, - წარმოთქვა გაღიზიანებულმა ბერლახმა.
- უფრო ჩქარა, - გამკივანად იყვირა გასტმანმა და თან, მოხუცს დამცინავად ათვალიერებდა, ელვის სისწრაფით უახლოვდებოდნენ მდინარის ვერცხლისფერ ლენტს და ქალაქს, რომელიც მათ ხელგაშლილი ეგებებოდა. ქუჩები უკაცრიელი იყო. მოხუცი ხეების მუქ კენწეროებს უცქეროდა, რომელთა ახლოსაც ისინი მიქროდნენ. ლანგის წიგნის მაღაზიის წინ ორი პოლიციელის ჩრდილისმაგვარი გამოსახულება დაინახა.
- იმ ღამით თურქეთში შენ იყავი დამნაშავე, რადგან ნაძლევი დადე, გასტმან, ხოლო მე, რადგან ნაძლევი მივიღე. მე ვერ მოვახერხე დანაშაულში დამეჭირე, რომელიც შენ ჩაიდინე, ახლა კი ისეთ დანაშაულზე დაგიჭერ, რომელიც არ ჩაგიდენია.
გასტმანი გამომცდელად შესცქეროდა კომისარს.
- შენ, მგონი, უფრო საშიში ყმაწვილი ბრძანდები, ვიდრე მეგონა, მოხუცო, - დაფიქრებულად წარმოთქვა კუთხეში მჯდომმა გასტმანმა. მანქანა გაჩერდა. ისინი სადგურზე იყვნენ.
- უკანასკნელად ვლაპარაკობ შენთან, ბერლახ. შემდეგ მე შენ მოგკლავ, ცხადია, თუკი ოპერაციას გადაიტან.
- ცდები, უთხრა ბერლახმა, - ვერ მომკლავ. მე ვარ ერთადერთი ადამიანი, რომელიც გიცნობს და იმიტომაც ვარ ერთადერთი, რომ შენი გასამართლება შემიძლია. მე შენ გაგასამართლე, გასტმან, სიკვდილი მოგისაჯე. შენ დღევანდელ დღეს ვეღარ გააღწევ. ჯალათი, რომელიც მე ამოვირჩიე, დღეს შენთან მოვა. ის შენ მოგკლავს, რადგან ეს, ბოლოს და ბოლოს, ღმერთის სახელით უნდა აღსრულდეს.
გასტმანი შეკრთა და მოხუცს გაკვირვებული მიაჩერდა, მოხუცი კი სადგურისკენ მიდიოდა, ხელები პალტოს ჯიბეებში ჩაეწყო, უკან არ იხედებოდა. ბნელ შენობაში შევიდა, რომელიც ნელ-ნელა ხალხით ივსებოდა. „სულელო!“ უცებ მიაყვირა გასტმანმა კომისარს, ისე ხმამაღლა, რომ რამდენიმე გამვლელმა მოიხედა. მაგრამ ბერლახი უკვე აღარ ჩანდა.
დასასრული შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან