რომანი და დეტექტივი

მოსამართლე და მისი ჯალათი

№28

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 21.07

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • ფრიდრიხ დიურენმატი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #26-27 (1227)

ბლატერს მანქანა წყნარად მიჰყავდა. ისეთი თქეში მოდიოდა, ყველაფერი წვიმის თეთრი კედლის მიღმა იკარგებოდა. ისინი უკვე ხეივანში მიჰქროდნენ. აკლდამებს შორის სასაფლაო გამოჩნდა, გამოჩნდა რუხი ფერის, წვიმისგან ჩამორეცხილი ქვის კედლები. ბლატერმა მანქანა სასაფლაოს ეზოში შეიყვანა და გააჩერა. სველი ბალახის სინესტე ფეხსაცმელებში ატანდა, ხოლო ფეხსაცმელებზე თიხიანი მიწა ეწებებოდა... ერთი საფლავის ირგვლივ ხალხი შეჯგუფულიყო. კუბო საფლავში ჯერ არ ჩაეშვათ, მღვდელი ბიბლიიდან კითხულობდა, მის გვერდით მესაფლავე იდგა; მესაფლავეს ხელში ქოლგა ეჭირა, მღვდელსაც იფარავდა წვიმისგან და თავის თავსაც. ბერლახს ტირილის ხმა შემოესმა. ეს ქალბატონი შიონლერი იყო. მის გვერდით ტშანცი იდგა უქოლგოდ, საწვიმარი ლაბადის საყელო მაღლა აეწია, თავზე შავი, მაგარი შლაპა ეხურა. ტშანცის გვერდით გოგონა იდგა, გაფითრებული, უთავსაბურო ქერა თმები სისველისგან ბღუჯა-ბღუჯა ჩამოშლოდა; ანა იქნება, მისდა უნებურად გაიფიქრა ბერლახმა. ტშანცი მიესალმა, ლუტცმა თავი დაუკრა, კომისარს სახეზე ნაკვთიც არ შერხევია. მან საფლავის ირგვლივ შემომწკრივებულ ხალხს გადახედა, ყველანი პოლიციელები იყვნენ, ყველას სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვა, ყველას ერთნაირი საწვიმარი ლაბადა ემოსა, ერთნაირად შავი... წვიმა სულ უფრო და უფრო მატულობდა. ქარის ღრიალსა და თავსხმა წვიმაში ბოლოს და ბოლოს კუბო გაჭირვებით ჩაუშვეს საფლავში. როცა ბერლახი ლუტცთან ერთად კვლავ მანქანაში ჩაჯდა, დოქტორმა გულზე მოწოლილ ბოღმას, ბოლოს და ბოლოს, გზა მისცა:

- გაუგონარია ეს გასტმანი, - წამოიყვირა მან. შმიდი გასტმანის სახლში პრანტლის სახელით იყო ცნობილი.

- ალბათ, სიფრთხილის გამო, - უპასუხა ბერლახმა, მაგრამ კითხვით კი არაფერი უკითხავს. ბურგერცილეში ლუტცი მანქანიდან გადმოვიდა, ბერლახი მარტო დარჩა.

- შინ მიმიყვანე, ბლატერ.

...მოხუცი იქვე იდგა, უცდიდა, ვიდრე ბლატერი მძიმე მანქანას მოაბრუნებდა, ხოლო როცა მოაბრუნა და წავიდა, ბერლახმა ხელი დაუქნია და სახლში შევიდა. მაგრამ კარის ზღურბლზევე შეჩერდა. საწერ მაგიდასთან ვიღაც კაცი იჯდა და შმიდის საქაღალდეს ფურცლავდა. მარჯვენა ხელით კი ბერლახის თურქულ დანას ათამაშებდა.

- ეს შენა ხარ? - თქვა მოხუცმა.

ბერლახმა კარი მიხურა და საწერი მაგიდის პირდაპირ სელის სავარძელში ჩაჯდა. დუმილით შესცქეროდა უცნობს, რომელიც შმიდის საქაღალდის ფურცვლას წყნარად განაგრძობდა. გლეხური შესახედაობისა იყო, მშვიდი და ჩაკეტილი ჩანდა, ღრმად ჩაცვენილი თვალები, ფართო ყვრიმალის ძვლებით. სახე მრგვალი, თმა კი, მოკლე ჰქონდა.

- შენ ახლა გასტმანს უწოდებ თავს? - როგორც იქნა თქვა მოხუცმა.

უცნობმა ჩიბუხი ამოიღო, დატენა ისე, რომ ბერლახისთვის თვალი არ მოუცილებია, ცეცხლი მოუკიდა, საჩვენებელი თითით შმიდის საქაღალდეზე დააკაკუნა და უპასუხა: - შენ კარგა ხანია ზუსტად იცი, რას ვუწოდებ ჩემს თავს. დამასვი ის ყმაწვილი თავზე, ეს ცნობებიც შენი ნახელავია. შემდეგ მან საქაღალდე კვლავ დახურა. ბერლახმა საწერ მაგიდას დახედა, სადაც რევოლვერი იდო, ტარით მისკენ შებრუნებული, მხოლოდ ხელის გაწევა იყო საჭირო... შემდეგ თქვა: - შენ დევნას თავს არასოდეს დავანებებ. ერთხელაც იქნება, შევძლებ შენი დანაშაულებანი დავამტკიცო.

- უნდა იჩქარო, ბერლახ, - უპასუხა უცნობმა, - დიდი დრო აღარა გაქვს დარჩენილი. ექიმებმა ერთი წლის ვადა მოგცეს, ისიც თუკი ოპერაციის გაკეთებას ახლავე დასთანხმდები.

- მიუხედავად ამისა, ახლა მაინც არ შემიძლია ოპერაციის გაკეთება, დამნაშავე უნდა შევიპყრო. ეს ჩემი უკანასკნელი საქმეა.

- ორმოც წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, - კვლავ დაიწყო უცნობმა, - რაც ჩვენ პირველად, ბოსფორის სანაპიროზე, ერთ რომელიღაცა ებრაელის დაქცეულ სამიკიტნოში შევხვდით ერთმანეთს. ახლაც კარგად მახსოვს. შენ, ბერლახ, მაშინ ახალგაზრდა შვეიცარიელი პოლიციელი იყავი, რაღაც რეფორმების გასატარებლად, თურქეთის სამსახურში მიწვეული, ხოლო მე - როგორც დღეს, მაშინაც მოხეტიალე ავანტიურისტი გახლდი. დახარბებული ვიყავი, ერთხელ მონიჭებული სიცოცხლე და ასევე, ერთადერთი იდუმალებით მოცული პლანეტა შემესწავლა. ჩვენ ერთმანეთი პირველივე შეხედვისთანავე შეგვიყვარდა, როცა ხიფთანიან ებრაელებსა და ჭუჭყიან ბერძნებს შორის პირისპირ ვისხედით. ოო, რარიგ მიყვარს იმ საათებზე ფიქრი, შენი და ჩემი ცხოვრება რომ განსაზღვრა! - მან გაიცინა, - შენ მხოლოდ ერთი წელიღა დაგრჩა სიცოცხლე, ორმოცი წელი პატიოსნად, კვალდაკვალ დამდევდი. ახლა კი ანგარიშსწორების დრო დადგა. ადამიანების ურთიერთობაში არსებული დაბნეულობა შესაძლებლობას იძლევა, დანაშაული ჩაიდინო, რომელიც მოსალოდნელია, არ გამომჟღავნდეს, რომ ამ მიზეზით დანაშაულთა დიდი რიცხვი არათუ გამომჟღავნებულა, არამედ მათზე ეჭვიც ვერ მიუტანიათ.

- ჩვენ მაშინ ნაძლევი დავდეთ, - წყნარად უპასუხა მოხუცმა.

- შენ გგონია, სანაძლეო დამავიწყდებოდა, - სიცილით თქვა უცხომ, - რაკი მეორე დილით დამძიმებული თავებით იმ გაპარტახებულ სამიკიტნოში გამოგვეღვიძა?

- ვერ წარმომედგინა, - უპასუხა ბერლახმა, - თუ იმ ნაძლევის შესრულებას ადამის ძე შეძლებდა.

- ნუ ცდილობ ჩვენს ცდუნებას. შენი პატიოსნება არასოდეს მდგარა ცდუნების საფრთის წინაშე, სამაგიეროდ, მე მაცდუნებდა შენი პატიოსნება. ვაჟკაცური ნაძლევი დაგიდე, შენი თანდასწრებით დანაშაულს ჩავიდენდი ისე, რომ შენ საშუალება არ გექნებოდა, ეს დანაშაული ჩემთვის დაგემტკიცებინა.

- სამი დღის შემდეგ, - წყნარად წარმოთქვა მოგონებებში ჩაფლულმა მოხუცმა, - ჩვენ ერთ გერმანელ ვაჭართან ერთად მაჰმუდის ხიდზე მივდიოდით და ის ვაჭარი ჩემ თვალწინ წყალში გადააგდე.

- როცა იმ კაცის გადარჩენა სცადე, მარცხიც განიცადე, ოქროს რქის ჭუჭყიანი ტალღებიდან ცოცხალმკვდარი ამოგიყვანეს, - აღუშფოთველად უპასუხა უცნობმა, - მკვლელობა მოხდა დღისით-მზისით, როცა ზღვიდან გრილი ნიავი უბერავდა, ხალხმრავალ ხიდზე, ყველას დასანახად, ევროპული კოლონიის შეყვარებულ წყვილთა შორის, მუსლიმებისა და ადგილობრივი მათხოვრების თანდასწრებით, და მიუხედავად ამისა, შენ მაინც ვერაფერი დამიმტკიცე. საათობით დამკითხავდნენ, მაგრამ ამაოდ. სასამართლომ ჩემი ვერსია დაიჯერა, თითქოს ვაჭარმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

- ასე გახდი შენ ბოროტმოქმედი, - უპასუხა კომისარმა.

- მე სულ უფრო და უფრო გამოცდილი ბოროტმოქმედი ვხდებოდი, ხოლო შენ უფრო და უფრო გამოცდილი კრიმინალისტი. მაგრამ ერთხელ, შენზე წინ გადავდგი ნაბიჯი და მას შემდეგ, ვერ იქნა და ვეღარ დამეწიე. სურვილი მკლავდა, შენ ცხვირწინ სულ უფრო არაადამიანური, ღვთის საგმობი დანაშაულები ჩამედინა, ხოლო შენ კი ისევ და ისევ ძალა არ შეგწევდა, ჩემ მიერ ჩადენილი საქმენი დაგემტკიცებინა... ებრძოდი ქურდებსა და ყალბის მკეთებლებს, ბეჩავებს, მათ, რომლებმაც თავის დღეში არ იცოდნენ, რა იყო ნამდვილი ცხოვრება... მაშ ასე, ორივენი ჩვენი ცხოვრების დასასრულს ვუახლოვდებით. შენ ნახევრად შერცხვენილი შენს ბერნს დაუბრუნდები, ამ მძინარა, გულღია ქალაქს, სადაც კაცმა წესიერად არ უწყის, რამდენი მკვდარი და რამდენი ცოცხალია, მე კი ლამბუენში დავბრუნდები. - მან ხელის თითქმის შეუმჩნეველი მოძრაობით დანა ისროლა, ბერლახს ლამის ლოყაში მოხვდა; დანა სავარძლის საზურგეს ჩაერჭო. მოხუცი არ განძრეულა. უცნობს გაეცინა.

- ესე, იგი, შენ ფიქრობ, შმიდი მე მოვკალი?

- ეს ამბავი ჯერ უნდა გამოვიძიო, - უპასუხა კომისარმა. უცნობი წამოდგა და საქაღალდე აიღო. - ამას თან წავიღებ.

- ერთხელაც იქნება, შენს დანაშაულს დავამტკიცებ, - მხოლოდ ეს თქვა ბერლახმა.

- ამ საქაღალდეში არის ერთადერთი, ისიც უნიათო მტკიცება, რომელიც ლამბუენში შმიდმა თქვენთვის შეკრიბა. ამ საქაღალდის გარეშე შენი საქმე წასულია. ასლები და ფოტოპირები შენ არ გექნება, შენი ამბავი ვიცი, გიცნობ.

შემდეგ მან მოხუცს გვერდით ჩაუარა, კარი გაიღო, ისევ დაიკეტა, გარეთ კიდევ გაიღო მეორე კარი. ბერლახი კვლავ სავარძელში იჯდა, უცებ ხელი წამოავლო იარაღს და ნახა, რომ რევოლვერი გადატენილი იყო. ბერლახი წამოხტა, შემოსასვლელში სირბილით გაიჭრა, შემდეგ სახლის კარს მიაწყდა, კი არ გამოაღო, გამოგლიჯა, მუშტში კი რევოლვერი ჩაებღუჯა. ქუჩა ცარიელი იყო. შემდეგ მოვიდა ტკივილი, საშინელი, მძაფრი, მჩხვლეტავი ტკივილი, თითქოს კუჭ-ნაწლავს ცეცხლი მოეკიდა, ძირს დასცა, სიცხემ გათანგა, კბილს კბილზე აცემინებდა. ხელებსა და ფეხებზე დაცემული მოხუცი პირუტყვივით დაბობღავდა, ძირს ეცემოდა, ხალიჩაზე გორაობდა, ბოლოს თავის ოთახში ცივ ოფლში გაწურული, სადღაც სკამებს შორის გაუნძრევლად ჩაწვა…

.. ლუტცმა, ვის პირდაპირაც კაბინეტში ცოტა ხნის შემდეგ ბერლახი იჯდა, ვერაფერი შენიშნა. ლუტცს გადაეწყვიტა, შვენდისთან მოლაპარაკების შესახებ ბერლახისთვის დღესვე, ნაშუადღევს მოეთხრო და საღამომდე არ დაეცადა. უსაზღვროდ გაოცდა, როცა კომისარმა საწინააღმდეგო სიტყვაც არ შეჰბედა, პირიქით, ყველაფერს ვეთანხმებიო და დაუმატა, ბევრად უკეთესი იქნება, ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებას თუ დავუცდით და გამოძიებას ძირითადად შმიდის პირად ცხოვრებაზე გავამახვილებთო.

- გასტმანის შესახებ საქმის კურსში ვარ, თქვა ლუტცმა, - შეუძლებელია მკვლელი იყოს. დაბადებულია პოკაუში, საქსონიაში, ტყავით მოვაჭრე დიდვაჭრის შვილია, ჯერ არგენტინის ქვეშევრდომი იყო და ჩინეთში არგენტინის წარმომადგენელი გახლდათ, როგორც ჩანს, ახალგაზრდობაში სამხრეთ ამერიკაში გადასახლდა - შემდეგ საფრანგეთის ქვეშევრდომობა მიიღო, ძალიან ხშირად ხანგრძლივი დროით მოგზაურობდა. საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერია და ბიოლოგიურ საკითხებზე გამოქვეყნებული შრომებით არის ცნობილი.

- საინტერესო ამბავია, - თქვა ბერლახმა.

- ის მოკლული ძაღლის გულისთვის ბრაზობს. შმიდის ამბავი კი, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვგვრის ბრაზს. სრულიად გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ.

უცებ კომისარმა, რომელიც წასასვლელად ემზადებოდა, თქვა: მინდოდა თქვენთვის, ბატონო დოქტორო, ავადმყოფობის გამო ერთი კვირის შვებულება მეთხოვა

- კეთილი, უპასუხა ლუტცმა, - ორშაბათს შეგიძლიათ, აღარ მობრძანდეთ!

ბერლახის ოთახში ტშანცი იცდიდა. იგი თავს მშვიდად აჩვენებდა, მაგრამ კომისარი გრძნობდა, რომ პოლიციელი ნერვიულობდა.

- გავემგზავროთ, - თქვა ტშანცმა, -სწორედ დროა.

ბერლახი ტშანცის გვერდით დაჯდა, ტშანცმა ვაგზლის მოედნის გავლით ბეთლეემისკენ გასწია. ეზოში პატარა თეთრი ძაღლი ყეფდა, რომელსაც თავი შავი ჰქონდა, სადღაც სახლში ბავშვი ყვიროდა. მწერალი გოთური ფანჯრის წინ იჯდა, საშინაო ტანსაცმელი და ყავისფერი ტყავის ქურთუკი ეცვა. ის შემოსულების მხარეს სკამზევე შემობრუნდა, ისე, რომ ქაღალდებით სავსე საწერი მაგიდა არ მიუტოვებია. მხოლოდ ის იკითხა, პოლიციას ჩემთან რა ესაქმებაო.

„მწერლებს პოლიციელები არასოდეს ჰყვარებიათ“, - მოხუცმა გადაწყვიტა, ფრთხილად ყოფილიყო.

- ჩვენ შმიდის საქმეზე გეახელით, დაიწყო მოხუცმა, - ტვანის ახლოს რომ მოკლეს.

- ვიცი, დოქტორ პრანტლის საქმეზე მოხვედით, რომელიც გასტმანს ასმენდა, - უპასუხა ფანჯარასა და მათ შორის ჩამომჯდარმა მოშავო ფიგურამ, - თქვენ ჩემი ალიბი გსურთ? მკვლელად ხომ არ მიმიჩნევთ? იკითხა ჭეშმარიტად იმედგაცრუებულმა მწერალმა.

- თქვენ არა.

მწერალმა ამოიოხრა: - აი, ხედავთ, შვეიცარიაში მწერლების ფასი კაპიკი იყო და არის.

- მკვლელობის ღამეს, პირველის ნახევარზე, ლამლინგენსა და შერნელცს შორის თქვენ გზის დარაჯი შემოგხვდათ და სახლში მასთან ერთად დაბრუნდით. სახლისაკენ ორივეს ერთი გზა გქონიათ. თქვენ თურმე ძალიან მხიარულ ხასიათზე ბრძანდებოდით, გვითხრა გზის დარაჯმა.

- ესე იგი, თქვენ მაინც მკვლელად დამსახეთ, - ამაყად დაუმატა მწერალმა, - კიდევ რა გსურთ?

- გასტმანთან ხშირად დაიარებით? რატომ?

მწერალმა მხოლოდ გაიცინა, სიგარეტის კვამლი ორივეს სახეში შეაბოლა და წარმოთქვა: ეს გასტმანი საინტერესო ადამიანია, კომისარო, ასეთებს მწერლები, როგორც თაფლს ბუზი, ისე ეტანებიან. იცით თუ არა, რომ ის შესანიშნავად ამზადებს საჭმელებს!

უცებ ოთახში ტშანცის ხმა გაისმა: შმიდი გასტმანმა მოკლა? - კითხვა პრიმიტიული იყო, მოხუცმა თავი გააქნია, ხოლო მათ წინ მჯდომმა ბნელმა გამოსახულებამ წარმოთქვა: პოლიციელი როდის მოკლეს? შუაღამე რომ გადავიდა? ეჭვი ძალიან მეპარება, რადგან პირველის ნახევარზე უკვე გზის დარაჯს შევხვდი, რაც უკვე პოლიციამ თავისი სიბეჯითით დაადგინა, ხოლო ათი წუთით ადრე გამოვემშვიდობე გასტმანს.

- შმიდი სხვებს გამოემშვიდობა?

- დოქტორ პრანტლს ჩვეულებად ჰქონდა, ბოლოდან მეორე წაბრძანებულიყო, - არცთუ ირონიის გარეშე უპასუხა მწერალმა და დააყოლა - გასტმანი ცუდი ადამიანია. დავდივარ მასთან, იმიტომ რომ, ჩემი მოწოდებაა, ადამიანებს თვალს არ ვაცილებდე.

- შესაძლებელია თუ არა, გასტმანზე, როგორც მკვლელზე ვილაპარაკოთ? - ჰკითხა მოხუცმა გამომძიებელმა.

- მე მიმაჩნია, გასტმანს უნარი აქვს, ყოველგვარი დანაშაული ჩაიდინოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შმიდი მას არ მოუკლავს. თუკი მე მას ცუდ ადამიანს ვუწოდებ, მხოლოდ იმიტომ, რომ სიკეთეს, ისე როგორც ცუდს, თავისი ხასიათის, განწყობილების მიხედვით სჩადის, რაც ჩემთვის გასაგებია. მასთან ბოროტება არ არის ფილოსოფიის ანდა ინსტინქტის გამოხატულება, ეს არის თავისუფლების გამოხატულება.

- ასეთი თავისუფლებისთვის გროშსაც არ გავიმეტებდი, - უპასუხა მოხუცმა, - მე საქმე მაქვს ნამდვილ გასტმანთან, რომელიც ტესენბერგის ვაკეზე ლამლინგენთან ცხოვრობს და რომელიც საღამოებს მართავს. ერთ-ერთი ასეთი საღამო პოლიციის ლეიტენანტის სიცოცხლის ფასად დაჯდა. მე მინდა ვიცოდე, ის სურათი, რომელიც თქვენ წარმოიდგინეთ, გასტმანის სურათია, თუ თქვენი ოცნების ნაყოფი?

- არ ვიცი, მსგავს რაიმეზე არასოდეს დავფიქრებულვარ. ბოლოს და ბოლოს, ამ საკითხის გამორკვევა ხომ პოლიციის საქმეა?

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა