რომანი და დეტექტივი

მოსამართლე და მისი ჯალათი

№27

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 14.07

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • ფრიდრიხ დიურენმატი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #26 (1226)

გვიან შენიშნა, რომ მისგან რამდენიმე ნაბიჯის მოცილებით რაღაც მხეცი იდგა. ასეთი უზარმაზარი არსება ჯერ არასოდეს ენახა. კაცი ცხოველს ზუსტად ვერ არჩევდა, მხოლოდ სილუეტს ხედავდა, მაგრამ მხეცი ისეთი საშინელი შესახედაობისა იყო, ბერლახი ადგილიდან ვეღარ იძვროდა. შენიშნა, მხეცმა ნელა, თითქოს და შემთხვევით როგორ მოაბრუნა თავი და მას მიაშტერდა. ორი მრგვალი თვალი ისე იმზირებოდა, როგორც ორი ნათელი, მაგრამ ცარიელი ღრუ. მოულოდნელმა შეხვედრამ, მხეცის უსაშველო სიდიდემ და იშვიათმა გამოხედვამ ბერლახს დამბლა დასცა. მართალია, გონება არ დაუკარგავს, მაგრამ აუცილებლად რაღაც რომ უნდა ეღონა, ამ დროს ძაღლმა უცებ ისკუპა და უზარმაზარი, ძლიერი და სისხლს მოწყურებული ურჩხული ბერლახს მიაწყდა. როცა გამძვინვარებული მხეცის სიმძიმემ კომისარი მიწაზე დასცა, მან მარცხენა ხელით მხოლოდ ყელი დაიფარა... მაგრამ, ვიდრე ნადირი ხახაში ჩადებული ხელის დაღრღნას მოასწრებდა, ბერლახმა უკვე სროლის ხმა გაიგონა; მასზე დაწოლილი სხეული შეირხა და კომისარმა ხელზე თბილი სისხლი იგრძნო. ძაღლი მკვდარი იყო.

აკანკალებული ბერლახი ძლივსძლივობით წამოდგა და მეჩხერ ბალახზე ხელი გაიწმინდა. ტშანციც გამოჩნდა, ბერლახს უახლოვდებოდა და თან პალტოს ჯიბეში რევოლვერს იდებდა.

- ხომ არაფერი დაგიშავდათ, კომისარო, - ჰკითხა მან.

- სრულიად არაფერი.

ტშანცი დაიხარა.

- კბილები ნამდვილი მტაცებელი მხეცისა აქვს. დაგფლეთდათ, კომისარო. იარაღს არასოდეს ატარებთ თან?

მკვდარი ძაღლი შიშველ, ჭუჭყიან მიწაზე იწვა, ხოლო ბერლახი და ტშანცი ზევიდან დაჰყურებდნენ. როცა კვლავ სახლისაკენ გაიხედეს, სურათი შეცვლილიყო. მუსიკა დადუმებულიყო, განათებული ფანჯრები გაეღოთ და საგარეო ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები გადმომდგარიყვნენ. შუა ფანჯარაში, სხვებისგან განცალკევებით იდგა ერთადერთი კაცი, რომელმაც უცნაური ხმით დაიყვირა, თქვენ მანდ რას აკეთებთო. „პოლიცია“, - წყნარად უპასუხა ბერლახმა და იქვე დაუმატა, ჩვენ აუცილებლად გვსურს ბატონ გასტმანს ველაპარაკოთო. კაცი შეეპასუხა, ბატონ გასტმანს რომ დალაპარაკებოდით, აუცილებლად ძაღლი უნდა მოგეკლათ; გასტმანი ახლა ბახის მოსმენის ხასიათზეა და თქვენთვის არ სცალიაო...

შემდეგ ადამიანები ფანჯრებს მოსცილდნენ, ფანჯრები კი ერთი მეორის მიყოლებით დაიკეტა და სიჩუმემ დაისადგურა. პოლიციელებს უკან დაბრუნების გარდა, სხვა გზა აღარ დარჩენოდათ. წინა მხრიდან, შესასვლელთან, მათ ვიღაცა უცდიდა. ჯიბის ნათურის შუქზე გამოჩნდა მსუქანი, შეშუპებულუპეებიანი კაცი, გამოთაყვანებული სახე ჰქონდა, ელეგანტური საგარეო კოსტუმი ეცვა, ერთ ხელზე ძვირფასი ბეჭედი უბრწყინავდა.

- ეშმაკმა დასწყევლოს, ვინ ხართ? - ბრაზიანად დაიქუხა მან.

- კომისარი ბერლახი. თქვენ ბრძანდებით ბატონი გასტმანი?

- ნაციონალური მრჩეველი, პოლკოვნიკი ფონ შვენდი. რა ღმერთი გაგიწყრათ, რამ მოგაფიქრათ აქ სროლის ატეხვა?

- ძიებას ვაწარმოებთ და გვსურდა, ბატონ გასტმანთან გველაპარაკა.

- მე, როგორც პოლკოვნიკი, ნებას არ გაძლევთ სროლა ატეხოთ მაშინ, როცა მუსიკას უკრავენ.

რადგან ნაციონალური მრჩეველი ნამდვილად დეზორიენტირებული იყო, ბერლახი ეცადა, სწორ გზაზე დაეყენებინა.

- ტშანც, რასაც ბატონი ნაციონალური მრჩეველი ამბობს, ოქმში ნუ შეიტან, - საქმიანად ბრძანა ბერლახმა. ნაციონალური მრჩეველი ერთი დარტყმით მოეგო გონს.

- რა ოქმი, რის ოქმი, ადამიანო?!

- როგორც ბერნის სისხლის სამართლის პოლიციის კომისარი, - აუხსნა ბერლახმა პოლიციის ლეიტენანტს, - შმიდის მკვლელობის ამბავს ვიძიებ. ვალდებული ვარ, ყველაფერი, რასაც განსაზღვრულ საკითხზე პიროვნებები პასუხობენ, ოქმში შევიტანო.

პოლკოვნიკი შეცბუნებული იყო. „თუკი თქვენ პოლიციიდან ხართ“ - წარმოთქვა მან, - „მაშინ სულ სხვაა. მაგრამ კაცმა რომ თქვას, რა გინდათ გასტმანისგან? რა საქმე აქვს გასტმანს პოლიციის მოკლულ ლეიტენანტთან?

- შმიდი უკანასკნელ ოთხშაბათს გასტმანთან იყო სტუმრად, ხოლო უკან რომ ბრუნდებოდა, ტვანის მახლობლად...

- გასტმანი ყველას პატიჟებს და ესეც შენი უბედური შემთხვევა. შემდეგ ის გაჩუმდა, ჩანდა, რაღაცას ფიქრობდა. „მე გასტმანის ადვოკატი ვარ“, - ბოლოს როგორც იქნა ხმა გაიღო პოლკოვნიკმა. „მაინცდამაინც ამ ღამით მოსვლა რამ მოგაფიქრათ? ძაღლს რაღას ერჩოდით?“

- თავს დამესხა და ტშანცი იძულებული გახდა, ესროლა.

- გასტმანს ახლა სალაპარაკოდ ნამდვილად არ სცალია, ზოგჯერ პოლიციამ უნდა მიიღოს მხედველობაში საზოგადოებრივი ტრადიციები. ხვალ დილით მე თვითონვე გეახლებით თქვენს კაბინეტში, გასტმანს მოველაპარაკები. შმიდის სურათი თან გაქვთ?

ბერლახმა საფულიდან ფოტოსურათი ამოიღო და ფონ შვენდის გადასცა. „გმადლობთ“, - თქვა ნაციონალურმა მრჩეველმა. შემდეგ მდაბლად დაუკრა თავი და სახლში შევიდა.

- ნაციონალურ მრჩეველთან ვერაფერს გავხდებით, - თქვა ბერლახმა, - მით უმეტეს, თუ პოლკოვნიკიცაა და ადვოკატიც, მაშინ ეშმაკიც ვერაფერს მოუხერხებს.

ტშანცი დუმდა, ჩანდა, ფიქრობდა. ბოლოს თქვა: „ახლა ცხრა საათია, კომისარო. ყველაზე უკეთესი იქნება, თუ ლამბუენის პოლიციელთან გავემგზავრებით და გასტმანზე რაიმეს გამოვკითხავთ“.

ბერლახი და ტშანცი შარაგზით მანქანასთან დაბრუნდნენ. ტშანცი საჭეს მიუჯდა და რამდენიმე წუთში ლამბუენში მივიდა. ლამბუენელი პოლიციელი ჟან პიერ შარნელი პატარა, მსუქანი და წითური კაცი იყო. ტშანცმა ჰკითხა მას, რაიმე კვალს ხომ არ წაწყდომიხართო.

- კვალს ვერ მივაგენით, ვერაფერი ვიპოვეთ, - შარნელმა განაგრძო, რომ ამ შემოგარენში ეჭვის მიტანა მხოლოდ ერთ ადამიანზე, ბატონ გასტმანზე შეიძლება, რომელმაც როლერის სახლი იყიდა და მასთან ყოველთვის უამრავი სტუმარი დადის. ამ ოთხშაბათსაც დიდი წვეულება ჰქონდათო. მაგრამ შმიდი იქ არ ყოფილა, გასტმანმა ამის შესახებ არაფერი იცოდა, გვარსაც ვერ ცნობდა. ლიგერცის ზევით ერთი მწერალი ცხოვრობს, რომელიც გასტმანს კარგად იცნობს და მასთან ხშირად არის, ოთხშაბათსაც აქ იყო. შმიდის შესახებ მან არაფერი იცის, სახელიც არ გაუგონია და ფიქრობს, არავითარი პოლიციელი გასტმანთან არ ყოფილაო.

ტშანცმა შუბლი შეიჭმუხნა. „მწერლები ყოველთვის საეჭვონი არიან, მაგრამ მოვიცლი როგორმე მაგ ფრიად განათლებულებისთვისაც. ვინ არის ეს გასტმანი, შარნელ? განაგრძო გამოკითხვა ტშანცმა.

- ფული ჩეჩქივით აქვს. სოფელ ლამბუენის მთელ ბეგარას ეგ იხდის. ჩვენთვის ეგეც საკმარისია, რომ გასტმანი მთელ კანტონში ყველაზე სიმპათიურ ადამიანად მივიჩნიოთ.

- საჭიროა, - გადაწყვეტილად თქვა ტშანცმა, - რომ ეს გასტმანი ისევ და ისევ საფუძვლიანად შევისწავლოთ. ხვალვე მასთან გავემგზავრები...

ხეობის დასაწყისში მდებარე რესტორანში მან ბერლახი ვეღარ ნახა. სახლის მეპატრონე ქალმა უთხრა, ბერლახმა ოთახი ნახევარი საათის წინ დატოვა, რათა ტვანში წასულიყო. ერთი არაყი დალია, ხუთი წუთიც არ გაჩერებულა სასტუმროშიო. ტშანცი დაფიქრდა, მოხუც ბერლახს რა უნდა ჰქონოდა განზრახული... ტშანცს მანქანა ჩქარა მიჰყავდა, უცებ ქვევით მოელვარე ტბა დაინახა, რომელიც თეთრ კლდეებს შორის ღამისეულ შავ სარკეს მიაგავდა. ტშანცი მკვლელობის ადგილს უახლოვდებოდა. უცებ კლდეს შავი გამოსახულება გამოეყო და გარკვევით ანიშნა, მანქანა გაეჩერებინა. ტშანცმა მანქანა მისდა უნებურად გააჩერა და მარჯვენა კარი გააღო, თუმცა იმავე წუთში პალტოს ჯიბეში ხელი ჩაიყო და რევოლვერი ჩაბღუჯა: იარაღის სიცივემ დაამშვიდა. გამოსახულება მიუახლოვდა. ტშანცმა უცებ იცნო, რომ ეს ბერლახი იყო, მაგრამ დაძაბულობას არ გაუვლია, პირიქით, იდუმალი საშინელებისგან გაფითრდა. არც ერთი მათგანი კრინტს არ ძრავდა და თვალებიც გაშტერებოდათ. შემდეგ ბერლახი ტშანცს გვერდით მიუჯდა. თერთმეტის შესრულებას აღარაფერი აკლდა, როცა ტშანცმა მანქანა ალტენბერგზე, ბერლახის სახლთან გააჩერა და კომისარი მანქანიდან გადმოვიდა.

- კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას, ტშანც, - მიმართა ბერლახმა და ხელი ჩამოართვა, - მართალია, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს, მაგრამ შენ სიცოცხლე შემინარჩუნე.

მეორე დილით მოხუცი კომისარი ოფიციალურად შავებში გამოწყობილი გამოცხადდა, რადგან ათ საათზე შმიდის დასაფლავება იყო დანიშნული. თავის არიდება არ შეეძლო, არადა ჩვეულებრივ ასეთი რამ ნერვებს უშლიდა. რვა საათს ოდნავ გადაცდა, ფონ შვენდი რომ გამოცხადდა, მაგრამ ბერლახს კი არა, ლუტცს ელაპარაკა, რომელსაც ტშანცმა უკანასკნელი ღამით მომხდარი ამბები ის-ის იყო მოუყვა.

ფონ შვენდი წინ გადაიხარა და ლუტცს დაწითლებული, შეშუპებული თვალებით დააცქერდა.

- ყველაფერი ნათელია, თქვა მან, - შმიდი უცხო ხელისუფლების ჯაშუში იყო.

- რატომ ფიქრობ ასე? - უმწეოდ შეეკითხა ლუტცი.

- მე ვფიქრობ, - წარმოთქვა ნაციონალურმა მრჩეველმა, - რომ პოლიციამ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოიძიოს, რა მიზეზით დადიოდა შმიდი გასტმანთან.

- უპირველეს ყოვლისა, პოლიციას სურს, იცოდეს რაიმე გასტმანის შესახებ, ძვირფასო ოსკარ, - შეეპასუხა ლუტცი.

- მე არ მსურს, რომ შენ, ან პოლიციის ვინმე სხვა წარმომადგენელმა გასტმანს დაუწყოთ კირკიტი. ეს გასტმანისა და ჩემი სურვილიცაა. ის ჩემი კლიენტია და იმიტომ ვარ აქ, რათა ვეცადო, მისი სურვილები შესრულდეს.

ასეთი კადნიერი პასუხით ლუტცი ისე ძლიერ იყო შეძრწუნებული, რომ თავდაპირველად, შეკამათებაც ვერ შეძლო.

- ის ამბავი, რომ შმიდი გასტმანთან იყო, სამწუხაროდ, პოლიციას იძულებულს ხდის, შენი კლიენტით დაინტერესდეს, ძვირფასო ოსკარ.

ფონ შვენდის კალაპოტიდან ამოგდება ძნელი იყო.

- რადგან მე გასტმანის ადვოკატი ვარ, - თქვა მან. - მსურს, არა მარტო გასტმანს ვუშველო, არამედ შენც. საქმე ჩემი კლიენტისთვის უსიამოვნოა, მაგრამ შენთვის ბევრად უხერხულია, რადგან პოლიციამ ამ დრომდე ჯერ კიდევ ვერაფერს მიაკვლია. მე, საერთოდ ეჭვი მეპარება, რომ თქვენ როდისმე ამ საქმეს სინათლეს მოჰფენთ.

- პოლიციამ, - უპასუხა ლუტცმა, - უკლებლივ ყველა მკვლელობა გახსნა. ეს სტატისტიკით არის დამტკიცებული. შმიდის შემთხვევაში, ჩვენ თვითონვე მივადექით გასტმანს და ვიცით, აგრეთვე, მიზეზი, რატომ გამოგგზავნა გასტმანმა ჩვენთან. ის ვალდებულია, შმიდის საქმესთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მოგვცეს. შმიდი დადიოდა მასთან ყალბი სახელითა და გვარით. მოკლულის უცნაური საქციელი, უპირველეს ყოვლისა, გასტმანს სდებს ბრალს.

- კეთილი, - თქვა ფონ შვენდიმ, - ვიყოთ ერთმანეთთან გულახდილნი. შენ დაინახავ, რომ მე კი არ უნდა მოგცე გასტმანის შესახებ ჩვენება, არამედ შენ უნდა ამიხსნა, რას ეძებდა შმიდი ლამბუენში. აქ თქვენა ხართ ბრალდებულები და არა ჩვენ, ძვირფასო ლუტც, - ამ სიტყვებით მან დახვეული, უშველებელი თეთრი ქაღალდი ამოიღო, გაასწორა და გამომძიებლის მაგიდაზე დადო. - ეს არის იმ პირთა გვარები, რომლებსაც ჩემს კეთილ გასტმანთან ურთიერთობა აქვთ, - თქვა მან. - შენ ნახავ სახელებს, რომლებიც ქუხს და რომლებიც შვეიცარიული საზოგადოების საუკეთესო წამომადგენლებად მიმაჩნია. ახლა ისეთ რამეზე უნდა ვილაპარაკო, რომელიც პოლიციისთვის, ჩვეულებრივ, მკაცრ საიდუმლოებას უნდა წარმოადგენდეს. მაგრამ, რადგან ბერნის პოლიცია გასტმანით არის დაინტერესებული და ეს შმიდის საქმეს უკავშირდება, მრეწველებმა საჭიროდ ცნეს, ჩემთვის დაევალებინათ, პოლიციას ზოგიერთი რამ მოვახსენო. უსიამოვნო ისაა, რომ დიდი მნიშვნელობის მქონე ჩვენი პოლიტიკური ამბები უნდა გამოვამზეუროთ. მესამე განყოფილებაში შედის ერთი უცხოური საელჩო, რომლის თანამშრომლებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იმას, რომ არავითარ შემთხვევაში მრეწველობის განსაზღვრულ კლასთან ერთად არ მოიხსენიონ.

- რამდენადაც ვიცი, იმ ხელისუფალთან ახლა ოფიციალური მოლაპარაკება მიმდინარეობს ახალ სავაჭრო შეთანხმებაზე.

- ოფიციალურად მიმდინარეობს, რაღაცა საქმე დიპლომატებსაც ხომ უნდა ჰქონდეთ. მაგრამ, არაოფიციალურად მეტს თათბირობენ და კერძო მოლაპარაკება ლამბუენში მიმდინარეობს. თანამედროვე ინდუსტრიაში არის მოლაპარაკებები, რომელშიც სახელმწიფო არ ერევა, ბატონო გამომძიებელო... და ამ საიდუმლო მოლაპარაკებებს ყალბი გვარითა და სახელით ესწრებოდა ქალაქ ბერნის პოლიციის, სამწუხაროდ, მოკლული ლეიტენანტი, ულრიჰ შმიდი.

ფონ შვენდი მიხვდა, ყველაფერი სწორად გაიანგარიშა. ულრიჰ შმიდის მკვლელობის საქმეში გაუთვალისწინებელმა შემობრუნებამ გამომძიებელი ისე დააბნია, რომ მთლიანად გავლენის ქვეშ მოექცეოდა და ყოველგვარ დათმობაზე წავიდოდა, რომელიც მკვლელობის თაობაზე წარმატებულ ობიექტურ გამოძიებას ეჭვის ქვეშ დააყენებდა.

- ძვირფასო ოსკარ - მიმართა ლუტცმა. - რასაკვირველია, შვეიცარიელ მრეწველებს უფლება აქვთ, მასთან აწარმოონ კერძო მოლაპარაკება, ვისაც ის აინტერესებს. ამ საქმეში პოლიციაც არ ჩაერევა. შმიდი, ვიმეორებ, გასტმანთან პირადი ინიციატივით დადიოდა და ამისათვის ოფიციალურად ბოდიშს ვიხდი; ცხადია, სწორი არ იყო, რომ ის ყალბი სახელითა და გვარით და ასევე, ყალბი პროფესიით აცნობდა საზოგადოებას თავს, თუმცა ზოგჯერ პოლიციელობა ხელშემშლელი გარემოებაა. მაგრამ, ამ შეხვედრებზე ის მარტო ხომ არ იყო, იქ ხელოვანებიც იმყოფებოდნენ, ძვირფასო ნაციონალურო მრჩეველო.

- საჭირო დეკორაციაა. ჩვენ კულტურულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ლუტც და რეკლამას ვსაჭიროებთ. მოლაპარაკებანი საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო, ხოლო საიდუმლოს შენახვა ხელოვან ხალხთანაა შესაძლებელი. ხელოვანებს მხოლოდ ხელოვნება აინტერესებთ, მაგრამ პოლიციელს, რომელიც მათთან ზის, ყველაფრის შეტყობა შეუძლია. შმიდის ამბავი რაღაც საეჭვოა. თუკი პოლიციის დავალებით არ მოსულა, მაშინ სხვისი დავალებით მოვიდა. ჩვენ ყველა საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ის ჯაშუში იყო. შვეიცარიის სახელისათვის უკეთესი იქნება, თუ ჯაშუში გამოდგება, ვიდრე პოლიციის აგენტი.

- მაგრამ ის მკვდარია, - ამოიოხრა გამომძიებელმა; სიამოვნებით დათმობდა ყველაფერს, ოღონდ პირადად შმიდის დაკითხვა შეძლებოდა.

- ეს ჩვენი საქმე არაა, მაგრამ ლამბუენის მოლაპარაკებით შეიძლება მხოლოდ უცხოელი ხელისუფალნი ყოფილიყვნენ დაინტერესებულნი. ჩვენთან ფულზეა ლაპარაკი, მათთან - პარტიის პოლიტიკის პრინციპებზე.

- ჩემთვის ჯერ კიდევ მთლად ნათელი არაა, შენი კლიენტი - გასტმანი ამ მოლაპარაკებაში რა როლს თამაშობს. რატომ სწორედ გასტმანი?

- იმიტომ, რომ ჩემი ღრმად პატივცემული კლიენტი, - ჩაიბუზღუნა პოლკოვნიკმა, - მნიშვნელოვანი პიროვნებაა. წლების განმავლობაში ჩინეთში არგენტინის წარგზავნილმა უცხო ხელისუფალმა ნდობა დაიმსახურა და მრეწველთა შორისაც ნდობით სარგებლობს. შეგიძლია, გასტმანს თავი დაანებო. სრულებით არ ხიბლავს პოლიციასთან ურთიერთობა. შენი ბერნის პოლიციაც არ მოიქცა მთლად ჭკვიანურად, ძაღლს ესვრის მაშინ, როცა ბახს უკრავენ. გასტმანის შეწუხებას, არავითარი აზრი არა აქვს, რადგან მკვლელობის უკან დგას ძალა, რომელსაც არც ჩვენს ყოჩაღ შვეიცარიელ მრეწველებთან და არც გასტმანთან არაფერი ესაქმება.

გამომძიებელი ფანჯრის წინ ბოლთას სცემდა. - ახლა ძიებას ჩვენ განსაკუთრებით შმიდის ცხოვრებისეული ამბების შესწავლისკენ წარვმართავთ, - თქვა მან. - შენს თხოვნას, გასტმანი შევიწყალო, შევასრულებ. სახლის გაჩხრეკაზეც თავს შევიკავებთ. მაგრამ, თუკი მაინცდამაინც საჭირო იქნება გასტმანთან ლაპარაკი, შენ გთხოვთ შემახვედრო და ჩვენს საუბარს დაესწრო.

- ეს ამბავი გადაწყდა, - წარმოთქვა ფონ შვენდიმ, - გასტმანს თავს დაანებებ, ლუტც. ამ საქაღალდეს აქ ვტოვებ, სია ზუსტია და სრული. არ ვიცით, როცა შმიდის ამბავს შეიტყობენ, უცხოეთის საელჩო კიდევ ისურვებს თუ არა მოლაპარაკებას. საქმე მილიონებს ეხება, ჩემო დოქტორო, მილიონებს!..

ლუტცმა ამოიოხრა, ქაღალდი მაგიდაზე დადო და გაიფიქრა - ეს რა ბედშავ საქმეში გავებიო...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა